ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მოითხოვე მიწის უფასოდ აზომვა წინასწარ – როდის იწყება აჭარაში სისტემური რეგისტრაცია

19.04.2023 • 21788
მოითხოვე მიწის უფასოდ აზომვა წინასწარ – როდის იწყება აჭარაში სისტემური რეგისტრაცია

ხულოში, სხალთის თემში და ქობულეთის სოფელ დაგვაში მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის თებერვალში არჩატარების მიზეზად საჯარო რეესტრში „ცუდ კლიმატურ პირობებს“ ასახელებენ.

„ბათუმელებს“ დღეს საჯარო რეესტრში უთხრეს, რომყება სხალთასა და დაგვაში რეგისტრაცია [მიწის აზომვითი სამუშაოები] მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩატარდება.

აღნიშნულ თვეებში მიწის უფასო რეგისტრაცია უნდა დაიწყოს აჭარის სხვა სოფლებშიც. რეესტრში ირწმუნებიან, რომ გეგმა-გრაფიკს მიყვებიან და ამ სოფლებში რეგისტრაციის პროცესი აუცილებლად დაიწყება. ეს სოფლებია:

  • თხილნარი – მაისში
  • ციხისძირი – მაისში
  • წონიარისი –  მაისში
  • ღორჯომი, ფუშრუკაული – მაისში
  • დიოკნისი, დეკანაშვილები, ვაშლოვანი, ხულო, დიდაჭარა – ივნისში

„სხალთას და დაგვას რაც შეეხება, ამ არეალებისთვის თებერვალი-მარტი იყო გათვალისწინებული გრაფიკით, თუმცა იმის გამო, რომ კლიმატური პირობები იყო ცუდი [აჭარა და გურია მთლიანად მოექცა ამ ამბავში; როცა წვიმს ამზომველები ვერ მუშაობენ შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით], ამიტომ ის ჯგუფები, რომლებიც გათვალისწინებული იყო, მაგალითად, სხალთა-დაგვისთვის, გადანაწილდნენ სხვა არეალებზე, რათა რესურსი დაზოგილიყო. ამ არეალებში მუშაობა განახლდება მაის-ივნისში და ამავე პერიოდში მთლიანად დასრულდება“, – გვითხრეს საჯარო რეესტრში.

აქ ნახეთ: რომელ სოფლებში დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში 2023 წელს – განახლებული გრაფიკი

მიწის აზომვის პროცესში მოქალაქეების [მიწის მოსარგებლეების] ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია – აცხადებენ საჯარო რეესტრში.

„ყველა მოქალაქეს რეესტრის ავტომოპასუხე შეატყობინებს, რომ თქვენს არეალში დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია და გამოცხადდით. შემდეგ უკვე ურეკავენ ჩვენი თანამშრომლები და თანხმდებიან რიცხვზე, დროზე. ცალკე მიდის კამპანია – „კარდაკარ“ და აფრთხილებენ.

ამასთან, თუ კონკრეტული მოქალაქეები ფიზიკურად არ არიან არეალში, სადაც აზომვითი სამუშაოები იწყება, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პროცესის მონაწილეები ვერ გახდებიან“, – აცხადებენ საჯარო რეესტრში.

რეესტრის ინფორმაციით, მათ უკვე აქვთ გარკვეული სატელეფონო ნომრების ბაზა, მაგრამ „თუ ვინმე ვერ მოხვდა ამ ბაზაში, ტელეფონი ვერ ვიპოვეთ, არც თვითონ გამოცხადდა და ა.შ. შემდგომში, როცა ასეთი ადამიანების განაცხადები დაფიქსირდება, ჯგუფები კიდევ ჩავლენ, რათა არავინ დარჩეს ამ რეფორმის მიღმა.“

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, გრაფაში „აზომვის მოთხოვნა“ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი თავი [ე.წ. მომლოდინეთა სიაში“], სადაც საკონტაქტო ინფორმაციასაც მიუთითებენ. აქვე წინასწარ მოითხოვონ მიწის ნაკვეთის უფასოდ აზომვა/რეგისტრაცია. რეესტრი ამ მონაცემებითაც ისარგებლებს, მიწის ნაკვეთები კი, წესით, გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ პერიოდში უნდა აზომოს.

მიწის უფასო[სისტემური] რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის გრაფა საჯარო რეესტრის ვებგვერდზე

„თუმცა ვინც აქ არ არის დაფიქსირებული, არ ნიშნავს, რომ მას არ დავურეკავთ [არეალში როცა შევდივართ, მეზობელმა მაინც იცის მეზობლის საკონტაქტო, ვამოწმებთ, რომ ყველა გვყავს თუ არა სიაში, ან არის თუ არა ისეთი, ვინც არ არის იდენტიფიცირებული. მაგალითად, შეიძლება იყოს ემიგრანტი, თუმცა მისი დასწრება არ არის აუცილებელი და შესაძლოა აზომვის პროცესს მისი მინდობილი პირი დაესწროს [ოჯახის წევრი, ახლობელი, ნათესავი, მეზობელი]“, – აცხადებენ რეესტრში.

რეესტრში აცხადებენ, რომ ემიგრანტების შემთხვევაში არ არის აუცილებელი მინდობილობა ნოტარიულად იყოს დამოწმებული: „ემიგრანტთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ვეკონტაქტებით, თუ ვინ იქნება მისი მინდობილი პირი, როგორ მოვახდინოთ მისი იდენტიფიცირება და ა.შ. ეს კარგია ემიგრანტებისთვის, ვინაიდან, ფაქტობრივად, ამ ფორმით ერთვებიან პროცესში. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მიწას არ დაკარგავენ“.

მიწის სისტემური რეგისტრაციის გეგმა-გრაფიკის სანახავად დააწკაპუნეთ აქ

საჯარო რეესტრში ასევე გვითხრეს, რომ აჭარაში „ამზომველთა მცირე ჯგუფები ახლაც არიან, თუმცა არა იმ მასშტაბით, რაც ჩვენ გვინდა. შესაბამისად, სამუშაოები საჭირო ინტენსიურობით არ მიმდინარეობს.

მოსახლეობა კი ამბობს, რომ მათ სოფლებში ამზომველები საერთოდ არ გამოჩენილან და ვერც მუნიციპალურ ორგანოებში არკვევენ, როდის დაიწყება მიწის აზომვა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში.

„ხილვადი ვერ არის, სად 1 მანქანა რომ დადის და სად 10 მანქანა… მართალია, დრომ ცოტათი კი გადაიწია, მაგრამ ეს შედეგს არ ცვლის. ივნისში აღნიშნულ სოფლებში [სხალთა, დაგვა] რეგისტრაცია დასრულებული იქნება“, – ამბობენ რეესტრში.

ამავე თემაზე:

სოფლებში ამბობენ, რომ მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში დაპირების მიუხედავად არ დაიწყო

მთავარი ფოტო: სოფელი ახო, ქედა / ფოტო ევა ართმელაძე/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: