მთავარი,სიახლეები

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ადგილას 8-სართულიან სახლს ააშენებენ – ესკიზი

06.12.2022 • 2899
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ადგილას 8-სართულიან სახლს ააშენებენ – ესკიზი

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 78-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო პირობა ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაოს შესყიდვას გულისხმობს, მათ შორის არის ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #13-ში ჩამონგრეული კორპუსის ადგილას ახალი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა.

არქიტექტურული პროექტის მიხედვით, 26 მაისის ქუჩაზე მერია 8-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. აქ 6-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, მათ შორის, ერთი სართული ბოლო წლებში დაუშენებიათ.

[ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო ერთი წლის წინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია].

პროექტის მიხედვით, ახალ შენობას ექნება სამი შიდა გასასვლელი და სამი ლიფტი. პირველ სართულზე დაგეგმილია კომერციული ფართობები. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კორპუსს უნდა ჰქონდეს ორი კიბის უჯრედი, რომელიც დერეფნიდან გამიჯნული უნდა იყოს ცეცხლგამძლე კარით, რისი საშუალებითაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ევაკუაცია.

ესკიზი – პროექტით ავტოსადგომებისთვის ადგილი გათვალისწინებულია შენობის ორ მხარეს.

ესკიზი – არქიტექტურული პროექტის მიხედვით, მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებული უნდა იყოს ფასადის hpl პანელები, მაღალი ხარისხის ლესვა და შეღებვა, მინის მოაჯირები და ჟალუზები, შავი იზოპროფილის მქონე ვიტრაჟები.
კონსტრუქცია რკინა-ბეტონის კარკასული შენობაა 30 სმ-იანი ბლოკისა და 30 სმ-იანი აგურის შემავსებლით. შენობის საძირკვლად გათვალისწინებულია ფილა ფუნდამენტები, რომლებიც მიწის ზედაპირიდან ჩაღრმავებულია 3 მ-ი თ.

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, მშენებელმა სამუშაო 18 თვეში უნდა დაასრულოს [1 წელი და 6 თვე].

ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 5 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 2023 წლის 4 იანვარს დაიწყება და 9 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 მილიონ 589 607 ლარია.

საერთო ჯამში, გარდა 26 მაისის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობისა, ტენდერი ითვალისწინებს 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ე.წ. „შანხაის დასახლებაში“, ავარიული სახლის დემონტაჟს და ახალი, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას კახაბრის #30-ში. ასევე, ავარიული სახლი დემონტაჟს და ახალი, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას ხიმშიაშვილის 94/96-ში.

ამ პროექტებზე და, ზოგადად, ამ შესყიდვის შესახებ დეტალურად „ბათუმელები“ ვრცელ მასალას  გამოაქვეყნებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: