მთავარი,სიახლეები

რამდენიმე ნიშანი, რომ საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს

23.05.2023 • 1455
რამდენიმე ნიშანი, რომ საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს

„შეიძლება ახლა რუსეთის პასპორტები არ აქვთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მალე მიიღონ“, – ამას საქართველოს მთავრობის პირველ პირებზე ამბობს ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ჩვენ მას ვკითხეთ, ხედავდა თუ არა რაიმე ნიშნებს, რაც მიუთითებდა, რომ საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს.

„თუკი ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, საშინაო პოლიტიკაშიც და საგარეოშიც, ის ჩემთვის არის არაეროვნული ხელისუფლება, პრორუსული ხელისუფლებაა. შეიძლება რუსეთის პასპორტები არ აქვთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მალე მიიღონ.

პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. რა არის პრორუსული პოლიტიკა, ვიღაცამ შეიძლება იკითხოს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ყველაფერზე მაღლა საკუთარი ძალაუფლების დაყენება“, – ასე ასაბუთებს ლევან ცუცქირიძე თავის შეხედულებას.

„EU-ში გაწევრიანება არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი“, – თქვა 17 მაისს, რეიკიავიკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე.

ამ გამოსვლიდან ორი დღის შემდეგ, 19 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთიდან თვითმფრინავი დაეშვა. შესრულდა პირველი პირდაპირი ავიარეისი რუსეთიდან, 4-წლიანი აკრძალვის შემდეგ.

მანამდე რუსეთმა გააუქმა 22 წლის წინ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი. ვარაუდობენ, რომ ეს არის უფრო დიდი ამბების დასაწყისი.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, რუსეთი დაინტერესებულია ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზა გამოიყენოს საქართველოდან ტვირთების ტრანზიტისათვის.

„ბათუმელები“ ოთხ ექსპერტს ესაუბრა და მათთან ერთად სცადა გაერკვია – რა ჰქვია პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში ატარებს და საით მიჰყავს მას ქვეყანა, რომელიც ისტორიულ გზაგასაყარზე დგას.

ლევან ცუცქირიძე, EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყანა რუსულ ორბიტაზე გადაჰყავს.

„ორი ვექტორი შეიძლება გამოვყოთ აქ – საგარეო და საშინაო. გარე ვექტორი არის ის, რომ ქართული საგარეო პოლიტიკა ამ ბოლო დროს არის წინააღმდეგობაში ევროპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ევროკავშირთან და რომელსაც, პრინციპში, ჩვენ აღარ ვასრულებთ. ფრენების აღდგენაზე ნებართვის გაცემა არის ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი.

საშინაო ვექტორში ეს ჩანს იმით, რომ ქვეყანა მიდის ანტიდემოკრატიული მიმართულებით. ანუ ის ინიციატივები, ის სულისკვეთება, რასაც მთავრობის გამოსვლები და პოლიტიკა ატარებს, საქართველოს ექაჩება ავტორიტარიზმისკენ და, შესაბამისად, რუსული ორბიტისკენ.

ამის მაგალითად გამოდგება უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონისთვის ხმის მიცემა პირველ პლენარულ მოსმენაზე.

ახლა „ქართულ ოცნებას“ შემოტანილი აქვს ცესკოს დაკომპლექტების ცვლილებების პროექტი, სადაც ის შეძლებს, რომ ცალმხრივად, ერთპარტიულად დააკომპლექტოს საარჩევნო კომისია და ერთპარტიულ კონტროლს დაუქვემდებაროს საარჩევნო კომისია.

ეს იყო ერთ-ერთი ბოლო დარჩენილი სივრცეებიდან, სადაც რაღაც თანამშრომლობა, კომპრომისი შეიძლებოდა. ამოცანების არშესრულება [აქ უკვე საშინაო და საგარეო ვექტორი იკვეთება] უკავშირდება ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებს ევროკავშირთან და კანდიდატის სტატუსის მიღების პირობებს: ყველა პირობა, რაც 12-პუნქტიან მოთხოვნებშია ჩამოთვლილი, უკავშირდება საშინაო პოლიტიკას – თავისუფალ სასამართლოს, პოლარიზაციის შემცირებას, მართლმსაჯულების პოლიტიზაციის პრობლემების აღმოფხვრას და ა.შ. აქედან არაფერი არ სრულდება,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი

  • 2012 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება და სათავეში მოვიდა კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით. კოალიციაში შედიოდა ოთხი პოლიტიკური პარტია: ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, კახა შარტავას „ეროვნული ფორუმი“ და დავით უსუფაშვილის „რესპუბლიკური პარტია“. კოალიციას მოგვიანებით შეუერთდნენ „კონსერვატორები“ და „მრეწველები“.
  • 2012 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლება სწორედ ამ პარტიებს შორის გადანაწილდა, თუმცა დომინანტი ყოველთვის იყო პარტია „ქართული ოცნება“.
  • 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, გააგრძელა კავშირების გაღრმავება ნატოსთან და აშშ-სთან. 2017 წლის მარტში ქვეყანამ მიიღო უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში.
  • პარალელურად, წლების განმავლობაში ნელ-ნელა „ქართული ოცნება“ დატოვა და ხელისუფლებას ჩამოსცილდა ყველა ის ლიდერი, ვინც პარტიაში პროდასავლური პოლიტიკის გამტარად მიიჩნეოდა.
  • ხელისუფლებაში მოსვლიდან 11 წლის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნება“ აღარ არსებობს. მთავრობის საგარეო კურსი ბუნდოვანია, არც ერთი პროდასავლელი ლიდერი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ 2012 წელს ხმა მისცა, ახლა ქვეყნის მართვაში აღარ მონაწილეობს.
როგორ მივეტმასნეთ მალულად რუსეთს: პოლიტიკური მიტმასნება

„მიტმასნება მალულად“ – ასე ხსნის საქართველოს მთავრობის რუსეთის მიმართ წარმოებულ პოლიტიკას „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია.

„მალულად მიტმასნება“ – არის მდგომარეობა, როდესაც პატარა ქვეყნის მთავრობა ცდილობს დააკმაყოფილოს დიდი ძალის მქონე აგრესორი, ძლიერი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ფონზე.

კორნელი კაკაჩიამ პროფესორ ბიძინა ლებანიძესთან თანაავტორობით მიმდინარე წლის იანვარში ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია, სადაც „ფარულად მიტმასნების“ ნიუანსებს ხსნის.

2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური კურსი ღიად იყო გაცხადებული – „ქართული ოცნება“ იყო ძალა, რომელიც ისწრაფოდა ევროკავშირისაკენ.

თუმცა წლების შემდეგ, როდესაც მკვლევრებმა 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამა მიმოიხილეს, აღმოაჩინეს, რომ საარჩევნო პროგრამაში „ქართული ოცნება“ უკვე ადანაშაულებდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების გამო. თუმცა მაშინ ამ ჩანაწერისთვის დიდი მნიშვნელობა არავის მიუნიჭებია.

  • „ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საფრთხეები და თავისი საგარეო პოლიტიკა რუსეთთან პერმანენტული დაპირისპირების რიტორიკაზე ააგო. როგორც მოსალოდნელი იყო, ამან ვერ განაპირობა დასავლეთის მხრიდან იმ დონის ეფექტიანი დახმარება, რომელიც საქართველოს რუსეთის აგრესიისაგან დაიცავდა. ასეთი პოლიტიკის არარეალისტურობა დაადასტურა 2008 წლის აგვისტოს ომმა, რომლის შედეგადაც რუსეთმა მოახდინა რეგიონების ოკუპაცია და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა,“ – წერია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის მეოცე გვერდზე.

ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, 2013 წლის იანვარში, ბიძინა ივანიშვილმა ,,რადიო თავისუფლების” სომხურ სამსახურს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ საქართველოს პრიორიტეტი იყო ევროპა და ევროატლანტიკური ალიანსი.

  • „მაგრამ პარალელურად ჩნდება კითხვა – შესაძლოა თუ არა შევათავსოთ ურთიერთობების აღდგენა და მეგობრული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ამასთან ერთად კარგი ურთიერთობა გვქონდეს ნატოსთან, ვისწრაფოდეთ ნატოსკენ და კარგი ურთიერთობები გვქონდეს ამერიკასთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან? მე ვფიქრობ, რომ სომხეთი კარგი მაგალითია და სომხეთი კარგ მაგალითს წარმოადგენს ქართველებისთვის, რაც მხოლოდ თეთრი შურით გვშურს“, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ბიძინა ივანიშვილმა.

კორნელი კაკაჩია და ბიძინა ლებანიძე თავიანთ ნაშრომში წერენ, რომ საქართველოს რუსეთისადმი დათმობის პოლიტიკა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2014 წელს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

„შიშის ძალით ამოძრავებული საქართველოს მთავრობა ცდილობდა მაქსიმალურად დაშორებოდა უკრაინას და ჰქონოდა ნეიტრალური ტონი. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არ შეიძლებოდა ამის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შედარება, „რადგან რუსეთი არ იყო დაინტერესებული ამ ტერიტორიების ანექსირებით,“ – ვკითხულობთ ნაშრომში.

ეკონომიკური მიტმასნება

2012 წლის შემდეგ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ციფრებში ეს ნიშნავს მთლიან ექსპორტში რუსული ექსპორტის წილის 2%-დან 14,4%-მდე გაზრდას.

ხოლო რუსული იმპორტის წილის 5.91-დან 10.12%-მდე გაზრდას.

რეალურ ცხოვრებაში კი ეს ნიშნავს, რომ როდესაც საქართველოში მომხმარებელი სუპერმარკეტში შედის, მას თაროებზე ძირითადად რუსული პროდუქცია ხვდება. სუპერმარკეტის თაროებზე დევს რუსული ზეთი, რუსული შოკოლადი, რუსული კეტჩუპი და  დახლებზე დევს პური, რომელიც რუსული ხორბლის ფქვილით არის გამომცხვარი.

  • საქართველო  რუსეთზე დამოკიდებული გახდა ტურიზმის სფეროშიც, რაც, ექსპერტების აზრით, მთლიანად სექტორს დაუცველს ტოვებს კრემლის პოლიტიკური ზეწოლის მიმართ.
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული  კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.
  • ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია.
  • ამასთან, გამჭვირვალობის კვლევის კიდევ ერთი მიგნების თანახმად, 2022 წლის 7 თვეში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც  2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტი იყო. 2022 წლის ნოემბერში საქართველოში სულ 17,000-მდე რუსული კომპანიის რეგისტრაცია ფიქსირდებოდა, უმეტესობა დაფუძნდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
  • ამასთან, 2022 წლის შემდეგ გაზრდილია რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობა, გაზრდილია ნავთობპროდუქტების იმპორტი.

მკვლევართა შეფასებით, მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველოს რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენებენ.

„ამასთან, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია. მოსალოდნელია, რომ მომავალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან და ვაჭრობიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

უახლესი წარსული – პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ ანტიუკრაინული ქმედებები

2022 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია „ქართული ოცნება“ ანტიუკრაინული ქცევებით გამოირჩეოდა.

კერძოდ, ომის დაწყებიდან 4 დღეში საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა უკრაინას თვითმფრინავის მიღებაზე, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა. ამის გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

უკრაინაში შეჭრიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინის საკითხზე. მანამდე ამ სხდომის გამართვისკენ პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მოუწოდა.

უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში დასავლურმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს უმკაცრესი ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთისთვის, რუსი ოლიგარქებისა და კომპანიებისთვის. საქართველო არ შეუერთდა სანქციებს.

რა ჰქვია პოლიტიკას, რომელსაც საქართველო რუსეთის მიმართ ატარებს

„ეს არის თანამშრომლობის პოლიტიკა. ეს არ არის დაშოშმინების პოლიტიკა. რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკამ კრახი განიცადა. რუსეთის დაშოშმინებას ცდილობდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. რუსეთის დაშოშმინება არ გამოვიდა, როდესაც ჩვენ ვცდილობდით პრობლემების მოგვარებას სამხრეთ ოსეთსა  და აფხაზეთში და ამის გამო შევიდა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. რუსეთის დაშოშმინებას ცდილობდა ყველა, 2008 წლის შემდეგ. მანამდეც. რუსეთის დაშოშმინებას ცდილობდა ყველა, სანამ რუსეთი მოახდენდა ყირიმის და დონბასის ტერიტორიების ოკუპაციას.

არცერთ შემთხვევაში ეს არ მოხდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს გამოუვა ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს ან ვინმე სხვას, მე რა ვიცი. მათ დიპლომატიურ უნარებზე დიდი წარმოდგენის არ ვარ. ან სხვა უნარებზე. რუსეთის დაშოშმინება, რომ კრახით სრულდება, ეს მთელმა  მსოფლიომ დაინახა. ამიტომ, თუ ამას გულწრფელად ატარებს „ქართული ოცნება“, ეგ არის უკიდურესი პოლიტიკური უვიცობა, მაგრამ მე რა თქმა უნდა ასეთი მიამიტი ეს ხალხი არ მგონია. მე ამას დავარქმევდი არა დაშოშმინების, არამედ თანამშრომლობის, ოკუპანტთან, მტერთან თანამშრომლობის პოლიტიკას,“ – ასე ხსნის ლევან ცუცქირიძე საქართველოს მთავრობის პოლიტიკას რუსეთის მიმართ.

კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი

„რამდენიც არ უნდა ამტკიცოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ისინი არ არიან პრორუსები და არაფერი აქვთ საერთო რუსეთთან, აი ამ ტენდენციებით, აი, ამ პოლიტიკით, რასაც ისინი ახორციელებენ ბოლო წლების განმავლობაში, რეალურად ეს არის მიტმასნება მალულად რუსეთთან.

რუსეთსაც სწორედ ეს აწყობს – რაც უფრო ავტორიტარული გახდება საქართველო, მით უფრო მეტად დაშორდება დასავლეთს. ბუნებრივია, რუსეთისთვის მისაღებია და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის გადაწყვეტილებები, რაც ფრენებთან დაკავშირებით მიიღეს. კიდევ სხვა გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება საქართველოს და არა ჰუმანიტარული მოსაზრებებით, რომ ქართველი ხალხი ახლა გაახსენდათ.

თავად ივანიშვილსაც, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის რუსი ოლიგარქი, ჰგონია, რომ ის საერთოს მაინც იპოვის რუსებთან. ივანიშვილს ეშინია დასავლეთის, მაგრამ ასევე კიდევ უფრო მეტად ეშინია პუტინის. თუმცა მაინც მიაჩნია, რომ მას აქვს გარკვეული გამოცდილება პუტინთან ურთიერთობის,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი „ბათუმელებთან“.

რაიმე კონკრეტული ფაქტი თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე გადაჰყავს? – ვკითხეთ ბაკურ კვაშილავას, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს.

ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს აშორებს დემოკრატიისგან მიჰყავს ავტომატურად რუსეთისკენ. ამავდროულად, მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვინც თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი ის არის, რომ შეუერთდეს რუსეთს და გახდეს რუსეთის მონა.

არა, რუსები მათთვის არის საშუალება, შეინარჩუნონ შეუზღუდავი ხელისუფლება. თუ ამის საშუალებას მისცემს დასავლეთი, ერთ წამში გახდებიან დასავლეთის მომხრეები.

იმიტომ, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი ოპორტუნისტები. ეს არის ჩემი შეფასება. ამიტომ ის, რომ ისინი ან იდეურად ან თუნდაც მორალური საშუალებით, ან თუნდაც შანტაჟის გამო, არიან რუსეთის ტყვეები, მე ამის არ მჯერა.

ისინი არ არიან შანტაჟის გამო რუსეთის ტყვეები. ისინი იყენებენ რუსეთს იმისთვის, რომ არ შეასრულონ არცერთი ის რეკომენდაცია, რომელიც შეასუსტებს მათ ძალაუფლებას,“-  გვითხრა კითხვის პასუხად ბაკურ კვაშილავამ.

ბაკურ კვაშილავა

კორნელი კაკაჩიას კი იგივე კითხვაზე პასუხად კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.

„ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება რამდენად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ რუსეთზე. გაიზარდა თუ არა იქიდან ინვესტიციები?

არსებობს თუ არა აღქმა, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს რუსეთთან? მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროების დონეზე.

2012 წლის შემდეგ არ გამოვლენილა და დაკავებულა არცერთი რუსეთის ჯაშუში. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ჯაშუშები არ არიან? მთელ მსოფლიოში აძევებენ რუსეთის ჯაშუშებს და საქართველო  დავიჯერო არ აინტერესებს რუსეთს? ეს ხომ წარმოუდგენელი რამეა.

როგორ ხდება ამ რუსული კაპიტალის შემოტანა საქართველოში?

ასიათასობით რუსი შემოვიდა ხომ? საბოლოო სტატისტიკა მაინც არ ვიცით, რამდენი ათასი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს ახლა საქართველოში.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ხალხის შემოსვლის შემდეგ ხელისუფლება მათ იცავს. მათ შორის კობახიძემ რამდენჯერმე განაცხადა – „თუ ვინმეს ბეწვი ჩამოუვარდაო…“ – ხალხს დაემუქრა.

არსებობს  საკმაოდ დიდი რისკი რუსეთმა გამოიყენოს ეს რბილი ძალა. ჩვენთან ვინც გადმოვიდა, ყველა აიტიშნიკი კი არ არის. ზოგიერთი მათგანი ცდილობს უძრავი ქონების ყიდვას, ზოგი ცდილობს მოქალაქეობის მიღებას. მომავალში ეს რას მოგვიტანს, არ ვიცით.

მით უმეტეს საზავო ხელშეკრულებაც კი არ გვაქვს დადებული. ვერცერთ ხელისუფლებას ვერ ექნება გარანტია, რომ ხვალ რუსეთის ხელისუფლება არ დაიპყრობს, თუნდაც ყაზახეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს მით უმეტეს.

აი, ამ ფონზე, რატომ ვიქცევით ასე ალოგიკურად? ამ პოლიტიკით მერე გაუცხოება ხდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების. ეს რას ნიშნავს – შენ ვინც გიცავდა და, სავარაუდოდ, ვინც შეიძლება დაგიცვას, ამ ანტიდასავლური რიტორიკით მათგან გაუცხოება ხდება. მარტო რჩები,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.

გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია კი ფიქრობს, რომ რუსეთისკენ სვლა ჩანს არა ისეთ ფაქტებში, როდესაც საქართველო პირდაპირ დგამს ხაზგასმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს რუსეთის მიმართულებით, არამედ იმაში, რომ ის ასუსტებს ალტერნატიულ მიმართულებას თანმიმდევრულად.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიზანმიმართულად აფუჭებს ურთიერთობას დასავლეთთან – აშშ-სთან და ევროპასთან. ეს არის ძირითადი ნიშანი, რომელიც მჟღავნდება როგორც ქცევებში, მოქმედებებში, ისე განსაკუთრებით რიტორიკაში.

რუსეთის მიმართ კრიტიკა თითქმის არ გვაქვს, მაგრამ დასავლეთის მიმართ კრიტიკა არის ჩვეულებრივი და მძაფრი. ეს ყველაფერი არის არა ვარაუდი, არამედ თვალსაჩინოა. კარგად ჩანს მათ რიტორიკაში.

რაც შეეხება ქცევებს, შეიძლება ითქვას, რომ მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რაც ერთი შეხედვით პროდასავალური ორიენტაციის ინდიკატორია, მაგრამ ამის შემდეგ ხელისუფლების ქცევა, როგორც მინიმუმი არ უწყობს ხელს იმას, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. გარკვეული ნაბიჯები ისეთ  შთაბეჭდილებას ახდენს, რომ მათ არ უნდათ საქართველომ მიიღოს სტატუსი. შეიძლება შეგნებულად ეწეოდნენ საბოტაჟს.

ეკონომიკური დამოკიდებულება შეიძლება არ არის პირდაპირ პოლიტიკური ორიენტაციის ნიშანი ავტომატურად, მაგრამ გარკვეულად ირიბი ნიშანია პოლიტიკური დამოკიდებულებისაც.

ხელისუფლება გასაგებია როგორც ფაქტი, როგორც რეალობა არის ის, რომ  საქართველო დღეს გაცილებით უფრო დამოკიდებულია რუსეთზე ეკონომიკურად ვიდრე იყო 2012 წელს. ეს არ არის სპონტანურად მომხდარი რაღაც. ეს არის შედეგი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის, როდესაც ხელისუფლება ყველანაირად უწყობდა ამას ხელს. შესაბამისად დღეს მივიღეთ ეს შედეგი,“ – ამბობს გია ნოდია.

რა მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“

„დარწმუნებული ვარ, არ მგონია სხვასაც ეჭვი ეპარებოდეს, რომ მათი ამოცანა არის ხელისუფლების მუდმივად შენარჩუნება. ხელისუფლების მუდმივი შენარჩუნების ერთადერთი გზა რა არის? – ეს არის ის, რომ არ არსებობდეს დემოკრატია.

თუ დემოკრატია არსებობს, მაშინ შეიძლება გადაგირჩიონ. თუ არსებობს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს დამოუკიდებელი მედია, შეიძლება ჩატარდეს მეტ-ნაკლებად ნორმალური არჩევნები.

იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნო, უნდა დაამყარო ავტორიტარიზმი.

ამ საქმეში ვინ დაგეხმარება? – ამაში არ დაგეხმარება ვაშინგტონი და ბრიუსელი, პარიზი და ბერლინი, რომი და მადრიდი. ამაში დაგეხმარება მოსკოვი. სხვა ყველა არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც გეუბნება, რომ „შენ წესიერად მინდა იცხოვრო და ამიტომ გეხმარები“.

მუდმივი ძალაუფლების გარანტია არის მხოლოდ ავტორიტარიზმი და რუსეთის ჩრდილ ქვეშ ცხოვრება.

უბრალოდ, „ქართული ოცნების“ პრობლემა და ფუნდამენტური პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ასე არ თვლის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ისინი რეალურად მიდიან საზოგადოების წინააღმდეგ,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

  • სად არის გამოსავალი 

ყველა ექსპერტი გამოსავალზე საუბრისას იხსენებს 7-9 მარტის მოვლენებს და ამბობს, რომ ერთადერთი, რამაც ხელისუფლების დაუოკებელი სვლა რუსეთისკენ შეიძლება შეაჩეროს, არის საქართველოს მოსახლეობა და მათი პერმანენტული პროტესტი.

„ხელისუფლებას რისიც ნამდვილად ეშინია, ეს არის ხალხის ერთიანი, თანმიმდევრული გამოხატულება. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი იმდენად დასუსტებულია, რომ ძალზე იშვიათია 7-9 მარტის მსგავსი მოვლენები და ამ მოვლენების ორგანიზება. უნდობლობა ძალზე მაღალია ოპოზიციური პარტიების მიმართ. ხშირად ობიექტური მიზეზების გამო.

ამიტომაც რამდენიმე გამოსავალია – ერთი, უფრო მსხვილი გაერთიანებების შექმნა ოპოზიციურ სფეროში; მეორე – საგარეო სფეროში ჩვენგან დამოუკიდებლად, უკრაინის დამაჯერებელი გამარჯვება რუსეთზე. რაც გამოიწვევს არა „ოცნების“ ჩამოშლას, როგორც ვიღაცას ჰგონია და საქართველოში სამოთხის დამყარებას, ეს გამოიწვევს იმას, რომ „ოცნება“ უფრო ყურადღებით შეხედავს საგარეო წნეხს და იმ მომავალ რეკომენდაციებს, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემის, საარჩევნო კომისიის რეფორმირებას, სასამართლო რეფორმას, პროკურატურის რეფორმას. ყველა იმ ცვლილებას, რომელიც შეასუსტებს მათ გავლენას ხელისუფლების შტოებზე და, შესაბამისად, შექმნის თანასწორ გარემოს პოლიტიკური კონკურენციისთვის.

აი, ეს არის რამაც შეიძლება შეცვალოს ის მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს,” – ამბობს ბაკურ კვაშილავა.

ლევან ცუცქირიძე კი ფიქრობს, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიწყონ მშვიდობიანი ბრძოლა საკუთარი ევროპული არჩევანის დასაცავად.

„პოლიტიკური ბრძოლა მუნიციპალიტეტებში, პოლიტიკური ბრძოლა სოფლებში, პოლიტიკური ბრძოლა ქალაქებში. არჩევნებზე, რა თქმა  უნდა. ეს არის გამოსავალი. „პოლიტიკაში არ ვერევი“ – ეს ამბავი უნდა დამთავრდეს ნებისმიერი მოქალაქისთვის, თუკი მოქალაქე თვლის, რომ ის არის მოქალაქე და არა მაცხოვრებელი და თუკი თვლის, რომ თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოში უნდა ცხოვრება.

რაც არ უნდა არაკომფორტული იყოს, უნდა დამთავრდეს ეს -„მე არ მაინტერესებს პოლიტიკა, ქუჩაში არ გამოვალ, პარტიას არ დაველაპარაკები, არასამთავრობოში არ გავწევრიანდები. მიტინგებზე მე არ დავდივარ ძმაო“. ესენი უნდა დამთავრდეს, თუ გვინდა ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება.

ამის შემდეგ უნდა მოხდეს მუდმივი სამოქალაქო ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანოს ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული პერსპექტივა. ეს არ გადაწყდება ერთი ჯოხის მოქნევით. ეს არის ხანგრძლივი, მეთოდური, სტრატეგიული სამოქალაქო ბრძოლა თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად საქართველოში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: