ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ახალი ხიდი ჭოროხზე და 7,6 კმ სიგრძის გვირაბი სარფამდე – ავტობანის პროექტი

25.05.2023
ახალი ხიდი ჭოროხზე და 7,6 კმ სიგრძის გვირაბი სარფამდე – ავტობანის პროექტი

მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ახალი გზის პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ხიდის აშენება ჭოროხზე, ასევე, გვირაბის მშენებლობა, რომლის სავარაუდო სიგრძე  7,6 კილომეტრი იქნება.

მდინარე ჭოროხიდან [„გონიოს ხიდიდან“] თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე [სარფის გამშვებ პუნქტამდე] პირდაპირი მანძილი დაახლოებით 9,2 კილომეტრია. გამოდის, რომ ახალი გზა – მდინარე ჭოროხიდან სარფის გამსვლელ პუნქტამდე მონაკვეთში ძირითადად გვირაბში გაივლის.

„დასრულდა E-70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოსავლელი-სარფის მონაკვეთის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები“, – მოგვწერეს 2023 წლის 23 მაისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

თუმცა თითქმის იგივე მოგვწერა დეპარტამენტმა 2021 წელს: „ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს დეტალური პროექტის მომზადების სამუშაოები“.

ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება იქნება. ჭოროხი-სარფის გზის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, მშენებლობის დასრულება კი – 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა დღეს პროექტიც არ არის მზად.

ჭოროხი-სარფის ახალი გზის პროექტირება, ბოლო ინფორმაციით, 2023 წელში უნდა დამთავრდეს.

გზების დეპარტამენტისგან ასევე გვაინტერესებდა, რა ეტაპზეა განსახლებასთან დაკავშირებული საკითხი და რამდენ კერძო საკუთრებას შეეხება ახალი გზის პროექტი.

„ვინაიდან მიმდინარეობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, განსახლების პროცედურების განხორციელება ამ ეტაპზე დაწყებული არ არის“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

მაშინ როცა დროულად ვერც ბათუმის შემოვლითი გზა დასრულდა და ვერც ჭოროხი-სარფის გზის პროექტირება, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის შედგენაზე“ გამოაცხადა ტენდერი.

ვრცლად ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/476669/

მთავარი ფოტო: კვარიათი / გურამ მურვანიძე, „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: