მთავარი,სიახლეები

რა შეიცვალა ბათუმში პარკირების დარღვევის დაჯარიმების წესში 

23.05.2023 • 2368
რა შეიცვალა ბათუმში პარკირების დარღვევის დაჯარიმების წესში 

მუნიციპალური ინსპექცია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საჯარიმო ქვითარს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონულად გამოწერს და სპეციალურ ვებგვერდზე ატვირთავს. როგორც საკრებულოს სხდომაზე ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, ლაშა მამულაძემ განმარტა, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკა უკვე შეისყიდეს.

ვებგვერდზე დაჯარიმების შესახებ ინფორმაციას ასევე, ფოტო/ვიდეომასალის ნახვას თავად დაჯარიმებულიც შეძლებს. სხვა დაინტერესებულ პირს ამის შესაძლებლობა არ ექნება.

„საჯარიმო ქვითრის [ოქმის] ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება ბათუმის საკრებულომ 19 მაისს დაამტკიცა.

ეს დადგენილება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და დაჯარიმების წესს აწესრიგებს.

მუნიციპალურ ინსპექციას მიეცა უფლება, დარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში გამოწეროს საჯარიმო ქვითარი, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით.

ამ წესის მიხედვით, დაჯარიმებულს ექნება საშუალება, ჯარიმა ადგილზე გაასაჩივროს, ვიდრე სასამართლოს მიმართავს. ასევე, მოქალაქეს უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, საჯარიმო ქვითარს ინსპექციის თანამშრომელი შეავსებს ბურთულიანი კალმით ან ელექტრონული ფორმით.

ინსპექციის თანამშრომელი უფლებამოსილია, სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ნებისმიერი სახითა და ფორმით განახორციელოს შემოწმება. ამასთან, თანამშრომელი ვალდებულია შემოწმებისას იქონიოს და საჭიროებისას წარადგინოს სამსახურებრივი მოწმობა.

წესის შესაბამისად, ინსპექციის თანამშრომელი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს [ჯარიმას], მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. სამართალდარღვევის ფაქტზე სამართალდამრღვევის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

ლაშა მამულაძემ ასევე განმარტა, რომ ელექტრონული მართვის პროგრამას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო: „ამ სააგენტოს 2017 წლიდან მინიჭებული აქვს უფლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა უსაფრთხოების მართვის სისტემის დეპონირების.“

ახალი წესის შესახებ დეტალურად ნახეთ აქ.

საკითხის განხილვისას, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი თავდგირიძემ, რომელიც საკრებულოში არჩევამდე თავადაც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი იყო, განმარტა, რომ ვერც ინსპექცია და ვერც საპატრულო პოლიცია ვერ ახდენდა რეაგირებას უნომრო მანქანებზე, რომლებსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ მფლობელები:

„ეს იყო საკანონმდებლო ხარვეზი, რითაც სარგებლობდნენ მოქალაქეები. მაგალითად, აღმაშენებლის ქუჩაზე აჩერებდნენ გასაყიდ მანქანებს დიდი ხნით, ამ მანქანებზე მოხსნილი ჰქონდათ ნომრები. ვიძახებდით საპატრულო პოლიციას, თუმცა ისიც ვერ ახდენდა რეაგირებას“.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინსპექციის იურისტმა, ლაშა მამულაძემ განმარტა, რომ ცვლილების შესაბამისად ინსპექციას უკვე აქვს უფლება, ეს ავტომანქანები გადაიტანოს, ჯარიმას კი ასეთ შემთხვევაში დამრღვევს საჯარიმო სადგურზე გამოუწერენ იდენტიფიცირების შემდეგ.

სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე დაინტერესდა, თუ აღმოიფხვრა სერვერის პრობლემა, რომლის დაზიანების გამოც პარკინგის საფასურის დაფარვა, ასევე პარკირების ჯარიმების გადახდა ვერ ხერხდებოდა.

„ავტოტრანსპორტში“ 2023 წლის 7 აპრილს გვითხრეს, რომ პარკირების პროგრამულ სისტემაში იყო შეფერხება, რაც სერვერის დაზიანებას უკავშირდებოდა; ამასთან, ტექნიკური ხარვეზი იდენტიფიცირებული იყო და სისტემის გამართულად მუშაობისთვის 3 კვირა იყო საჭირო.

ლაშა მამულაძის განმარტებით, პრობლემის მოგვარებაზე ისევ მუშაობენ. მან ვერ დაასახელა დაახლოებით რა თანხის ამოღება იყო შესაძლებელი ამ დროში ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/476977/?fbclid=IwAR3FUCxvxdbar1clh_jQPjJ1hQ7ZoLa8A08SBdeB0yxwedbtt5_-y-AkK8s

გადაბეჭდვის წესი


ასევე: