მთავარი,სიახლეები

მთავრობამ საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ჯილდო, 3 მლნ ლარი გამოყო დიდთოვლობასთან ბრძოლისთვის

01.04.2025
მთავრობამ საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ჯილდო, 3 მლნ ლარი გამოყო დიდთოვლობასთან ბრძოლისთვის

„ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი სახელმწიფო უწყებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები „დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულობისთვის“ ფულადი ჯილდოს სახით ხელფასზე დანამატებს მიიღებენ.

„2025 წლის თებერვალში დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ საქართველოს ზოგიერთ სამინისტროში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში დასაქმებულებზე ფულადი ჯილდოს/დანამატის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 3 161 682 ლარი“ – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელს „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.

აღნიშნული თანხა უწყებებზე და მუნიციპალიტეტებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 892 445 ლარი;
  • ჯანდაცვის სამინისტრო – 697 226 ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო – 585 770 ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 113 563 ლარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 79 409 ლარი;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 253 372 ლარი;
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 96 623 ლარი;
  • ვანის მუნიციპალიტეტი – 95 000 ლარი;
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 77 037 ლარი;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 76 288 ლარი;
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 53 550 ლარი;
  • ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 45 573 ლარი;
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 40 158 ლარი;
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტი – 37 000 ლარი;
  • ხონის მუნიციპალიტეტი – 18 668 ლარი.

განკარგულებიდან არ ჩანს, ამ სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტებში რომელი დასაქმებულები მიიღებენ დანამატს დიდთოვლობის გამო.

ზოგადად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის კიდევ ერთი, 2025 წლის 28 მარტის განკარგულებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 77,6 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. ეს თანხა კი სხვადასხვა პროექტებისთვის იყო გათვლილი.

„სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამიწისტრომ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 77 692 000 ლარისა“ – აღნიშნულია განკარგულებაში.

დიდთოვლობამ წელს პრობლემები განსაკუთრებით გურიაში შექმნა. დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად მოქალაქეებს მოხალისეები ეხმარებოდნენ.

ამ თემაზე: „უთავდებათ საკვები და მივდივართ ამ ოჯახებთან“ – როგორ მუშაობენ მოხალისეები გურიაში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფოს არაეფექტიან რეაგირებაზე წერდა, რომ სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას და შედეგად ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.

ვრცლად:

საია: საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფო არაეფექტიანად რეაგირებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: