„თქვენ ადასტურებთ, რომ დაახლოებით 2 საათი ქალბატონი მზია ოთახში იმყოფებოდა ხელზე ბორკილდადებული?“ – ჰკითხა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, კახა წერეთელმა მოწმე გამომძიებელს, რომელიც გისოსებს მიღმა მყოფი მზია ამაღლობელის პირისპირ იდგა.
„დიახ, იმყოფებოდა,“ – ნიშნის მოგებასავით გამოუვიდა პასუხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელ თამარ კერესელიძეს.
მართალია, 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი სხვა პირმა დააკავა, თუმცა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები სწორედ გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ შეადგინა.
მზია ამაღლობელის საქმის სხდომაზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 31 მარტს გაიმართა, შსს-ს გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ დაადასტურა, რომ დაკავებული მზია ამაღლობელი მას წინააღმდეგობას არ უწევდა, თუმცა მას ბორკილები მაინც დაადო.
მზია ამაღლობელის მიმართ დაკავების შემდეგ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა მოხვდა სახალხო დამცველის ახალ ანგარიშშიც: „ქალი დაკავებული მიუთითებდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და პოლიციის უფროსის მხრიდან შეფურთხებაზე“. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მზია ამაღლობელს მანამდე შეხვდა, ვიდრე იქ სამსაათიანი ლოდინის შემდეგ ადვოკატებს შეუშვებდნენ.
მზია ამაღლობელის თქმით, პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მას არ აძლევდნენ წყლის დალევის უფლებას და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. ეს შემთხვევა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გამოუძიებია.
31 მარტს გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ მოსამართლეს ვერ უთხრა, რომელი სამართლებრივი ნორმით იმოქმედა, როცა მზია ამაღლობელი მინიმუმ 2 საათი ბორკილდადებული დატოვა. ოთახი, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მესამე სართულზეა და ამ ოთახში გამომძიებლის გარდა იყო მართლწესრიგის კიდევ ორი ოფიცერი.
თამარ კერესელიძეს, ვისთვისაც კანონის დაცვა უპირველესი ვალდებულება უნდა იყოს, მოსამართლისთვის არ მორიდებია იმის თქმა, რომ ის ასეთ შემთხვევაში „პრაქტიკას“ მიჰყვება.
„გაგეცინებათ და ისევ პრაქტიკას მივმართავ… ეს რისკები მე შევაფასე ისე, რომ მისთვის ხელბორკილი უნდა გამეკეთებინა,“ – გაღიზიანება დაეტყო ადვოკატების შეკითხვების შემდეგ გამომძიებელს. ადვოკატმა მას ჰკითხა, კონკრეტულად რა სამართლებრივი დასაბუთებით მიიღო მზია ამაღლობელისთვის ხელბორკილის დადების გადაწყვეტილება.
„აჭარის პოლიციის დეპარტამენტი მოქმედებს კანონით, თუ პრაქტიკით?“ – ჰკითხა მას ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
„ვინ მოგცათ ჩემი ჩხრეკის და ხელბორკილის დადების ბრძანება?“ – გისოსებიდან ჰკითხა მოწმე გამომძიებელს მზია ამაღლობელმა.
„ბრძანება ხელბორკილებთან დაკავშირებით არ ხდება და არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ყოფილა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. პოლიცია თავისი დისკრეციიდან გამომდინარე იყენებს ამ შესაძლებლობას… ბადრაგის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაგიკეთათ ხელბორკილი“ – თქვა გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ.
„მე რამე წინააღმდეგობა გაგიწიეთ?“ – ჩაეკითხა მოწმეს მზია ამაღლობელი.
„არა, არანაირ წინააღმდეგობაზე საუბარი არ იყო. მაშინაც განგიმარტეთ, რომ ეს არის პოლიციის სპეციალური საშუალება“, – მიმართა ბრალდებულს თამარ კერესელიძემ.
„ხელბორკილი წინ დამადეთ, თუ უკან?“ – ისევ მიბრუნდა გამომძიებელს ბრალდებული.
„უკან,“ – თქვა მოწმემ.
„ხომ იცით, რომ ტყუით?“ – ბრალდებული გამომძიებელს უყურებდა ისევ.
„არ ვტყუი, ყველა საჭირო შემთხვევაში თქვენ ხელბორკილი მოგხსნეს ხელის მოსაწერად, საპირფარეშოში გასვლის დროს, ან წყლის დალევის დროს,“ – განმარტა მოწმემ.
„სადმე ვიდეო თვალი არსებობს – თქვენს სამუშაო ოთახში, დერეფანში, ან კიბეზე?“ – იკითხა მზია ამაღლობელმა.
„არა,“ – გადაჭრით თქვა გამომძიებელმა.
„მაშინ, ქალბატონო მოსამართლევ, შეუძლია ყველაფერი თქვას და დაიჯეროთ, იმიტომ, რომ ტყუის… მას ბრძანებას აძლევდნენ, რა უნდა გაეკეთებინა,“ – მიმართა მზია ამაღლობელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს.
„პოლიციის დეპარტამენტის შიდა პერიმეტრზე არის სადმე სათვალთვალო კამერები?“ – გამომძიებელს ამჯერად საიას იურისტი და მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე მიუბრუნდა.
„თვითონ შენობაში, სადაც მე ვარ, მესამე სართულზე, კაბინეტში, შესასვლელში და დერეფანთან – არაა. მესამე სართულზე ვიცი, რომ არაა, იქ ვმუშაობ და ვიცი,“ – თქვა გამომძიებელმა.
„რა აუცილებლობა დაინახეთ, რის საფუძველზე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?“ – გამომძიებელს ამჯერად ადვოკატმა კახა წერეთელმა მიმართა.
„ხელბორკილი, როგორც სპეციალური საშუალება, ყველა დაკავებულის მიმართ არის გამოყენებული მიუხედავად… გვაქვს „პოლიციის შესახებ“ კანონის ზოგადი განმარტება ხელბორკილის გამოყენებასთან დაკავშირებით, მე პრაქტიკაზე გეუბნებით, რომელიც მორგებულია ძირითად სამართლებრივ ნორმებთან,“ – ისევ აჭარის პოლიციის პრაქტიკასთან მიბრუნება ამჯობინა სამართალდამცველმა იმის ნაცვლად, რომ სამართლებრივ ნორმაზე ესაუბრა, რომლის საფუძველზეც ვალდებულია, რომ იმოქმედოს.

გამომძიებელ თამარ კერესელიძის დაკითხვა „მზია ამაღლობელის საქმეზე“
„ყველა დაკავებულ პირს, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ მზიას ბრალი არ ედებოდა თუნდაც ტერორიზმის ბრალდებით, პირველ რიგში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება, მე ვახსენე ფანჯარა, შესაძლებელი იყო ფანჯრიდან გადახტომა [საპროცესო მოქმედებები მესამე სართულზე მდებარე კაბინეტში ჩატარდა]…
მისი მხრიდან [მზია ამაღლობელის მხრიდან] არც აგრესია ყოფილა და რაიმე ისეთი ფიზიკური მოქმედება, მაგრამ თქვენ გაგეცინებათ და ისევ პრაქტიკას მივმართავ,“ – აქ გამომძიებელმა ის ამბები მოყვა, თაღლითობის და ფინანსური დანაშაულების მუხლით როგორ დააკავეს ადამიანები და თავის დაზიანება სცადეს.
გამომძიებელმა ასე აღწერა სიტუაცია იმ დღეს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს:
„ჩემს ოთახში წყალი გამოვიღე მაცივრიდან, დაგიდეთ წინ და გითხარით, როცა დაგჭირდებათ, დალიეთ-მეთქი“ – თქვა გამომძიებელმა და ისევ ბრალდებულს გახედა.
„ეს რანაირად? ეს სიცრუეა, ხელბორკილები დავადეო და…“ – წამოიყვირა დარბაზიდან აზა გაბუნიამ, „თავისუფლების მოედნის“ წევრმა. მას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მაშინვე დაატოვებინა დარბაზი.
„დარბაზს კი ვტოვებ, მაგრამ იცოდეთ, რომ პასუხს აგებთ,“ – გამოსძახა აზა გაბუნიამ მოსამართლეს, ვიდრე მანდატურები მას დარბაზის გასასვლელამდე მიაცილებდნენ.
„ხელბორკილი როცა მეკეთა, წყალს ხელით მალევინებდით?“ – ისევ ჰკითხა გამომძიებელს მზია ამაღლობელმა და ამ შეკითხვით გამომძიებლის ვერსიის აბსურდულობას გაუსვა ხაზი.

მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე
„არა, მოგხსენით და დალიეთ. თქვენ კარგად დაინახეთ, რომ მაცივრიდან გამოვიტანე წყალი და ისიც გკითხეთ, ცივი გინდათ, თუ თბილი-მეთქი,“ – არ დაიბნა მოწმე.
„ეს იყო შემადგენელი ნაწილი ნამდვილად არაადამიანური მოპყრობის, რომელიც ქალბატონ მზიას მიმართ განხორციელდა პოლიციის დეპარტამენტში,“ – გვითხრა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საია-ს იურისტმა, ჯუბა ქათამაძემ.
„მან [გამომძიებელმა] არ დამალა, რომ ქალბატონი მზია დაკავების ოქმის შედგენის შემდეგ მთელი ამ დროის განმავლობაში იყო ხელბორკილდადებული. ეს დრო იყო 2 საათი და მეტიც, თუ გავითვალისწინებთ იმ დროს, რაც საპროცესო დოკუმენტებშია მითითებული…
არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ნორმა, რომელიც ავალდებულებს პოლიციის თანამშრომლებს, რომ უნდა დაადონ აუცილებლად ხელბორკილი ბრალდებულ პირს, თუ მისგან რეალური საფრთხე არ მომდინარეობს. ამ ოთახში კი, სადაც მზია ამაღლობელი იყო ხელბორკილით, იყო მართლწესრიგის ორი ოფიცერი და რამდენიმე გამომძიებელი. გამომძიებელმა თავად დაადასტურა, რომ არანაირი საფრთხე არ მომდინარეობდა ქალბატონ მზიასგან.
ეს არის შემთხვევა, როდესაც საპოლიციო ღონისძიება გამოიყენება რეპრესიული მიზნით,“ – გვითხრა ჯუბა ქათამაძემ.
ადვოკატი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელბორკილის დადება მზია ამაღლობელისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არაადამიანური მოპყრობაა.
„ჩვენმა საპოლიციო ჩინოვნიკებმა არც კანონი იციან – არაერთ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი, ასეთი პრაქტიკა გვაქვსო. ჩვენ ვუთხარით, რომ არ გვაინტერესებს, როგორი პრაქტიკა აქვს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს და პოლიციის სხვა დანაყოფებს. ჩვენ გვაინტერესებს კანონში რა წერია და როგორ სრულდება კანონი. ვერ მივიღეთ პასუხი, მათ შორის, ბორკილების შემთხვევაზე. გვითხრეს, რომ მოქმედებს „პოლიციის შესახებ“ კანონით, მაგრამ რომელი ნორმით მოქმედებს, როცა იყენებს ასეთ ღონისძიებას?
ბორკილი არაა იმისთვის, რომ როცა გაგიხარდება და როგორც გაგიხარდება, რა გარემოებაში და რა ხნით გაგიხარდება, ისე დაადო დაკავებულს.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ პროცესზე მივიღე აღიარებითი ჩვენება, რომ მას ჰქონდა ხელები შეკრული, რომ მას ბორკილი ედო ხელების უკან შეკვრით სადღაც 2 საათის განმავლობაში, აი, ასე ტყუილ-უბრალოდ ეჯდათ იმავე საპოლიციო შენობაში, რომელიც აქ არის მხარე და რომლის მოტივაცია და ანგარიშსწორება ზედაპირზე დევს მზია ამაღლობელის მიმართ ამ საქმეში.
მზია ამაღლობელი, რომელიც თავის დაკავების მომენტსაც კი არ აპროტესტებს და რომლის ყველაზე დიდი აგრესია თურმე ის იყო, რომ მანამდე შეკითხვა დასვა, დავუმატოთ ამას სახეში გაწნული სილა, ეს ადამიანი ხელბორკილდადებული მინიმუმ 2 საათი ეჯდათ, მოწმემ კი თქვა წყალსაც სვამდაო, მაგრამ ბორკილდადებული წყალს როგორ სვამდა?!“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.
„ეს არის არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა?“ – ვკითხეთ იურისტს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
„რასაკვირველია,“ – გვიპასუხა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატი მაია მწარიაშვილი
რატომ არ შეუშვეს დაკავებულ მზია ამაღლობელთან ადვოკატები?
კიდევ ერთი კანონდარღვევა, რაზეც გამომძიებელ თამარ კერესელიძის დაკითხვის დროს შეკითხვები დაუსვეს, ეს დაცვის უფლების შეზღუდვაა – 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დაკავებულ მზია ამაღლობელთან ადვოკატები თამარ წულუკიძე და პაატა დიასამიძე დაახლოებით სამსაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს, მას შემდეგ, როცა დაკავების ოქმი, ასევე პირადი ჩხრეკის ოქმი, გამომძიებელ თამარ კერესელიძეს უკვე შედგენილი ჰქონდა.
თამარ კერესელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ის პოლიციის დეპარტამენტში ღამის პირველი საათის შემდეგ მივიდა, როცა მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ შეიტყო და სამსახურში დაიბარეს, დაკავებული ქალია და ჩხრეკა იმავე სქესის წარმომადგენელმა უნდა ჩაატაროსო. როცა თამარ კერესელიძე პოლიციის დეპარტამენტში მიდის, ამ დროს მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენელს ესაუბრება.
„…ამოიყვანეს პირველი სართულიდან მესამე სართულზე, სადაც ჩატარდა პირადი ჩხრეკის პროცესი. ოქმების შედგენა განხორციელდა ამ სივრცეში,“ – თქვა მოწმემ.
რატომ არ დაუშვეს ადვოკატები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს, რაც ბრალდებულისთვის ადვოკატის ყოლა კონსტიტუციით, ასევე ევროკონვენციით გარანტირებული უფლებაა?
გამომძიებლის „არგუმენტი“ კანონის კატეგორიულ მოთხოვნაზე ასეთია – საგამოძიებო ექსპერიმენტს ხომ არ ვატარებდი, ადვოკატები რომ დამსწრებოდნენო.
„რომ ყოფილიყო სხვა საგამოძიებო მოქმედებები, სხვა სახის დანაშაულზე, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი და აღარ დავკონკრეტდები სხვადასხვა საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებები კანონიდან გამომდინარე არის შემთხვევები, როცა გამომძიებლები ადვოკატებს ჩვენ თავად ვთავაზობთ, მიუხედავად იმისა, არის თუ არ სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ამ შემთხვევას არ ჰქონდა სავალდებულო დაცვის ნიშნები“, – აღნიშნა თამარ კერესელიძემ.

საელჩოების წარმომადგენლები მზია ამაღლობელის პროცესზე
იმის მიუხედავად, რომ ადვოკატები: თამარ წულუკიძე და პაატა დიასამიძე მინიმუმ 3 საათის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან ითხოვდნენ დაკავებულ მზია ამაღლობელთან შესვლას, ამის საშუალება მათ შსს-მ არ მისცა.
ადვოკატების პოლიციის დეპარტამენტში შესვლამდე რამდენიმე შეტყობინება შევიდა გენერალურ ინსპექციაში დაცვის უფლების შეზღუდვაზე. ამის მიუხედავად, გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ თქვა, რომ არ იცოდა, ადვოკატები თუ მზია ამაღლობელთან შესვლას ითხოვდნენ და არც მზია ამაღლობელს მოუთხოვია ადვოკატები.
აქ მზია ამაღლობელმა კიდევ ერთხელ მიმართა რეპლიკით გამომძიებელს: „თქვენ ტყუით“.
„იმ მომენტში, როცა ადვოკატების შესახებ ინფორმაცია მომაწოდეს, დასრულებული მქონდა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა,“ – თქვა გამომძიებელმა.
გამომძიებელ თამარ კერესელიძეს ადვოკატებმა შეკითხვა დაუსვეს მზია ამაღლობელის დაკავების ოქმზეც.
მზია ამაღლობელი ბერდია ფერაძემ დააკავა, ამას არც შსს უარყოფს და არც თამარ კერესელიძე, რომელიც შსს-ს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის „პრაქტიკით“ დამკავებელი გამოვიდა.
„დაკავების ოქმი უნდა შეადგინოს დამკავებელმა მოხელემ,“ – აქ ასე წერიაო, შორიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე მიუთითა ხელით სამართალდამცველს ადვოკატმა კახა წერეთელმა.
„პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა ჩვენ მსგავსი შემთხვევების დროს მით უმეტეს როცა ჩხრეკაა ბრალდებულთან ჩასატარებელი, მნიშვნელობა არა აქვს ჩხრეკა ითვალისწინებს პირის გაშიშვლებას, თუ არ ითვალისწინებს გაშიშვლებას, ამოვდივართ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე…“, – დაიწყო მოწმემ.
„მე თქვენ გეკითხებით დაკავების ოქმზე, თქვენ პასუხობთ პირად ჩხრეკაზე. ეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაა,“ – მოწმეს შეაწყვეტინა სიტყვა ადვოკატმა კახა წერეთელმა, – „იქნებ მოძებნოთ ის სამართლებრივი ნორმა, იმიტომ, რომ ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე ასეთი ნორმა. რომელი სამართლებრივი ნორმა გაძლევთ იმ უფლებას, რომ სხვა პირის დაკევბულზე თქვენ ოქმი შეადგინოთ?“ – კითხვის არიდების საშუალება აღარ დაუტოვა გამომძიებელმა ადვოკატს.
„არ არის იმპერატიული მოთხოვნა ასე ვთქვათ, ის, რომ პირმა, რომელმაც ფაქტობრივად დააკავა, მან არ შეადგინოს ეს ოქმი. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი, რომ ამ იმპერატიული მოთხოვნის, ასე ვთქვათ, გადახვევა არ შეიძლება იქედან გამომდინარე, რომ ეს პრაქტიკული, აპრობირებული მეთოდია….“ – ისევ პრაქტიკაზე მიუთითა გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ.

მზია ამაღლობელი
„მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა 2025 წლის 7 აპრილს განახლდება.
_______________________________________
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, სწორედ მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მტკიცებულებების დიდი ნაწილი მზია ამაღლობელის საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა.
„მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.
2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.
საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო. მზია ამაღლობელის ადვოკატებს ჯერ კიდევ არ ჩაბარებიათ მოსამართლე სალიხ შაინიძეს გადაწყვეტილება. ისინი მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებენ.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ მზია ამაღლობელის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართონ.
ამ თემაზე:
რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან