მთავარი,სიახლეები

„ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, სჭირდება მხოლოდ რუსეთს“ – ქართველი ექიმი გერმანიიდან

01.04.2025 •
„ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, სჭირდება მხოლოდ რუსეთს“ – ქართველი ექიმი გერმანიიდან

ექიმი ქრისტინა აფხაზავა გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში ცხოვრობს და მუშაობს. იგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, 150-ზე მეტი კილომეტრი გაიარა და ბერლინში ჩავიდა ხმის მისაცემად, რადგან მოთხოვნის მიუხედავად, დრეზდენში ემიგრანტებს საარჩევნო უბანი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუხსნა.

ქრისტინას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მისი ხმა არ დაიკარგებოდა და ამით დაეხმარებოდა ქვეყანას.

„იმის გამო, რომ დრეზდენში უბანი არ გაგვიხსნეს, ბევრი ჩემი ახლობელი ვერ წავიდა არჩევნებზე. წარმოიდგინეთ, გერმანიაში, 80-მილიონიან ქვეყანაში, მხოლოდ 4 უბანი იყო გახსნილი და ისიც არ იყო ორგანიზებული. მაშინ როცა მოლდოვამ 26 უბანი გახსნა, ჩვენთან შედარებით ექვსჯერ მეტი.

პირველი წინააღმდეგობა მაშინ ვიგრძენი, როცა უბნები არ გახსნეს და მივხვდი, რომ ჩემი ხმა იკარგებოდა. მე შედარებით გამიმართლა, რადგან ბერლინი 150 კილომეტრშია ჩემგან და გადავწყვიტე იქ წავსულიყავი, თუმცა ძალიან ბევრმა ეს ვერ მოახერხა. ბევრი ადამიანი შაბათობითაც მუშაობს და არ შეეძლოთ 500 კილომეტრის გავლა, ისეთი დიდი დაშორებები იყო უბნებს შორის.

ჩემი აზერბაიჯანელი მეგობარი გამომყვა, რომელიც გაოცებული იყო იმით, რომ ამხელა მანძილის გავლა გვიწევდა ხმის მისაცემად. მეკითხებოდა – „გაქვთ იმედი, რომ თქვენი ხმა არ დაიკარგება?“ – არ არსებობს, რომ არ გავიმარჯვოთ, ხალხი ამას არ მოითმენს მეთქი, ვეუბნებოდი. მათთან ფორმალურად ტარდება უკვე არჩევნები და მე რატომღაც მქონდა იმედი, რომ ამ არჩევნებში საქართველოს მომავალი გაიმარჯვებდა“ – ამბობს ქრისტინა აფხაზავა „ბათუმელებთან“.

ქრისტინა უბნის გახსნამდე ჩავიდა ბერლინში. სულ რამდენიმე ადამიანი იყო უბანზე მოსული და უკვე იგრძნობოდა არაორგანიზებულობაო, იხსენებს.

„ქაოსურები და დაბნეულები იყვნენ. არ ვიცი გამიზნულად იყო ასე გაკეთებული თუ გამოცდილება არ ჰქონდათ. დიდი ნაკადი რომ მოვიდა, უკვე გაჭირდა ხმის მიცემა. ბევრი 5 საათი იდგა რიგში და მაინც ვერ შეძლო ხმის მიცემა.

წარმოიდგინეთ, ადამიანებისთვის რა რთული იყო ეს მდგომარეობა, – ვიღაცას დღე აქვს დაგეგმილი, სამსახურში აპირებდა დღის მეორე ნახევარში წასვლას, ვიღაცას დასარჩენი არ ჰქონდა ბერლინში, ამიტომ ძალიან ბევრი შუა რიგიდან გაბრუნდა და ცხადია, მათი ხმები დაიკარგა. ათ საათზე მოსულმა ადამიანმა 19:00 საათზე ძლივს მისცა ხმა“ – გვეუბნება ქრისტინა.

მისი თქმით, ემიგრანტების ძალიან დიდი ნაწილი ცვლილებების მოლოდინში იყო, თუმცა, იმედი გაუცრუვდათ.

„ჯერ ისედაც რთულია, როცა შორიდან აკვირდები პროცესს. მეორე ის, რომ ჩემ გარშემო არავინაა, ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. ტროლ-ბოტებით ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ თითქოს ორად არის გაყოფილი საზოგადოება. რეალურად კი, ეს ასე არ არის.

ცხადია არსებობენ რაღაც ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ თავისუფალი ნება, ფინანსურად ან რაღაცით არიან დამოკიდებული ხელისუფლებაზე და ირჩევენ „ოცნებას“, ამიტომ მჯერა რომ ჩვენი ხმები მოიპარეს.

ჩვენ გვაქვს უნარი არ მოვითმინოთ უსამართლობა და ახლაც ამ განწყობით ვარ, რომ ბოროტს უნდა სძლიოს კეთილმა. შორიდან უფრო რთულია იმის ყურება, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება.

ემიგრანტებმა რამდენჯერმე აქაც გავმართეთ საპროტესტო აქციები, ვცდილობთ რაღაცით მაინც გამოვადგეთ სამშობლოს. იქნებ ის ერთ გამოსვლა ვიღაცისთვის იმედი ყოფილიყო.

ვცდილობ ფინანსურადაც გვერდით დავუდგე იმ ადამიანებს, ვინც იქ იბრძვის და არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადონ 5000-ლარიანი ჯარიმები, რომელიც იმის გამო დააკისრეს, რომ ევროპულ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება და შვილისთვის არ უნდათ რუსეთი.

სულ იმაზე ვფიქრობ, დილით რომ გავიღვიძებ, კიდევ რა ახალი საშინელება დამხვდება. სულ უფრო ღრმა ფსკერისკენ მივდივართ. როცა ვფიქრობ – ამაზე უარესი რა იქნება? მართლაც იმაზე უარესი ხდება, ვიდრე იყო და ეს საშინელი შეგრძნებაა.

მეორე მხრივ, ვუყურებ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან, არ ყრიან ფარ-ხმალს და ვფიქრობ, მე რა სინდისით უნდა დავყარო ფარ-ხმალი.

არ მინდა იმის გააზრება, რომ შეიძლება ბელარუსი გავხდეთ და თუ მაინც დავუშვით ეს და გავხდით რუსეთის გუბერნია, მაშინ ნაწილი წავა ქვეყნიდან, ახალგაზრდები წავლენ ალბათ, როგორც ეს სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში მოხდა.

როცა უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, მეც ვადანაშაულებდი რუსებს, – თქვენ ხელში იყო, რატომ არ გადაირჩიეთ მეთქი, მაგრამ ახლა ჩვენც იგივე დღეში ვართ და ალბათ ჩემი ბრალიცაა ხომ, რაც ჩემ ქვეყანაში ხდება. ვერაფერს ვაკეთებ, ასე გამოდის“ – ამბობს ქრისტინა აფხაზავა.

ქრისტინა აფხაზავა

ქრისტინა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, საქართველოში წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდის. ზოგჯერ უფრო ხშირადაც. ახლა კი დარდობს იმაზე, რომ თუ საქართველოში დემოკრატიამ ვერ გაიმარჯვა და დავკარგეთ ვიზალიბერალიზაციაც, ეს კიდევ უფრო გაართულებს ემიგრანტების ცხოვრებას და იმ ხალხისაც, ვინც ჩაკეტილ ქვეყანაში დარჩება.

„თუ უვიზო მიმოსვლას შეგვიჩერებენ ან სანქციების გამო, სვიფტი გაითიშება, ცხადია, პირველ რიგში ეს ჩემს ოჯახს დააკლდება, ნახევარი საქართველო დგას იმაზე, რომ ვიღაც ემიგრანტი ურიცხავს თანხას, მართლა პენსიით ხომ არ ცხოვრობს ეს ხალხი.

წარმოიდგინეთ, როცა ეს შეუძლებელი იქნება, მე არ ვიცი, ოჯახები როგორ უნდა გადარჩნენ, როგორ უნდა მიიტანონ თვიდან თვემდე თავი, წარმოდგენაც კი არ მინდა და ეს გველოდება, თუ ასე გაგრძელდება.

ახლა, როცა დედაჩემი 72 წლისაა და შემიძლია ვუყიდო იაფად ბილეთი და ჩამოვიყვანო ჩემთან გერმანიაში, მერე მოუწევს ჩადგეს ვიზის რიგში, თან ორჯერ თბილისში უნდა ჩავიდეს და ან დაუმტკიცებენ ვიზას ან – არა. თუ დაუმტკიცეს ვიზა, საშინელ ფასად უნდა იყიდო ბილეთი და იმხელა დაბოლებების გადალახვა მოგვიწევს, ასჯერ დაფიქრდები, ღირს კი ჩამოყვანა და ამხელა სტრესის გავლა.

მე ერთ ოჯახზე ვსაუბრობ ახლა და რამდენი ოჯახია ვისაც შვილი არ უნახავს. ახლა ერთადერთი საშუალება, რომ არ დაშორდნენ ოჯახები ერთმანეთს, ეს არის. ხვალ შეიძლება ახალგაზრდებსაც აღარ მისცენ ვიზა, რადგან დარჩენის საფრთხე დაინახონ ამაში. ეს იქნება კატასტროფა ემიგრანტი ოჯახებისთვის.

ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა, რომელზეც მოგიყევით, თვეობით აგროვებს საბუთებს, რომ დედა ჩამოიყვანოს. ჩვენ კი დღეს ეს სიკეთე გვაქვს და უნდათ, რომ წაგვართვან. ეს მძიმე დანაკარგი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

„ქართული ოცნების“ მიზანია, დაჩაგროს და გააღატაკოს ხალხი, რადგან რაც უფრო გააღარიბებს ხალხს და გააქრობს საშუალო ფენას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო დაიმონებს მოსახლეობას და მეტი ძალაუფლება ექნება. მშიერ ადამიანს თავისუფლების შეგრძნებისთვის არ სცალია. მშიერი ადამიანი უნდა გადარჩეს, ლუკმა-პური უნდა იშოვოს და რაც ნაკლები ექნება ფული, მით ნაკლებად ადარდებს პოლიტიკა.

ამიტომ არ უნდათ, რომ ფული შემოდიოდეს ქვეყანაში, რადგან მათ უნდათ დამონებული მოსახლეობა, რომლისთვისაც ექნებათ 300 ლარი პენსია და ის იტყვის -„ღმერთს მადლობა, რომ ეს მაინც მაქვს“ და ეს 300 ლარი უხარია. ექნება 500 ლარი ხელფასი, იტყვის -„მადლობა მთავრობას, ესეც ხომ შეიძლება არ მქონდეს?!“ და ყოველთვის იქნება შიში უარესის მოსვლის“ – ამბობს ქრისტინა.

მისი აზრით, გამოსავალი ხალხის წინააღმდეგობაშია.

„ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ და ისტორიაც და ზოგადად ჩვენი წარსულიც გვაჩვენებს, არის წინააღმდეგობაში. უნდა გავიაზროთ, რომ მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ჩემ ქვეყანაში დღეს ხდება და მე უნდა შევცვალო ეს.

არ შეიძლება პასუხისმგებლობის გადატანა თუნდაც ოპოზიციაზე და ესეც პროპაგანდის ნაწილია, როცა ლანძღავენ ოპოზიციას. არცერთ ავტორიტარულ ქვეყანაში არ არის კარგი ოპოზიცია.

საიდან უნდა გაჩნდეს ოპოზიცია, როცა ფულიც, ძალაუფლებაც და რესურსებიც აქვს სამთავრობო პარტიას მიტაცებული.

თუ გავერთიანდებით, მაშინ ყველაფერი დაძლევადია. ახლა ისეთი გარდამტეხი მომენტია, რომ აუცილებლად გვჭირდება ერთად დგომა, რადგან თუ ახლა ესენი ვერ გავუშვით, ვერასდროს ვეღარ გავუშვებთ.

ნურც იმის მოლოდინი გვექნება, რომ სადღაც შერბილდებიან და დათმობენ. ავტოკრატიის აზრიც მაგაშია, რომ სულ უფრო და უფრო გაამწვავებენ ყველაფერს. ერთადერთი, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა და არა ვიღაც ათმა კაცმა. ყველა ვხედავთ, რომ ეს არის რუსული რეჟიმია და არც იმის უნდა გვჯეროდეს, რომ არჩევნებით შეიცვლებიან“ – ამბობს ქრისტინა.

მისი თქმით, ახლა ქვეყნისთვის ზურგის შექცევა ყველაზე დიდი დანაშაულია.

„ბევრ გოგოს ვიცნობ, რომლებიც ადგნენ და წამოვიდნენ საქართველოში, რომ აქციაზე მდგარიყვნენ.

ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, სჭირდება მხოლოდ რუსეთს და არავის მეტს. მაოცებს ის სიძულვილი, რასაც „ოცნების“ ხელისუფლებაში ვხედავ, ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.

ამიტომ, თუ ახლა დავკარგეთ ქვეყანა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ საერთოდ ვეღარ ჩამოვიდეთ სამშობლოში. ოთხი წლის შვილი მყავს და არ მინდა მისთვისაც დაიკარგოს დედის მხარე და ენა. თუ ეს კავშირები აღარ გვექნება საქართველოსთან, საერთოდ უცხო იქნება ჩვენი კულტურა მისთვის“ – ამბობს ქრისტინა აფხაზავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: