საფრთხის შემცველი და არაჯანსაღი გარემო, მომეტებული აგრესია და შვილისთვის კარგი განათლების მიცემის სურვილი – ის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები იყო, რის გამოც ნინია კაპანაძემ და მისმა მეუღლემ 5 წლის წინ საქართველო დატოვეს და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ. ნინია გვიყვება, რომ პრობლემები, რომლებიც ახლა ქვეყნის დღის წესრიგში მწვავედ დგას, ხუთი წლის წინაც ხილული იყო მისთვის.
ნინია უკვე ხუთი წელია ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოსთან ყოველდღიური კავშირი აქვს, კარგად იცის რა ხდება დღეს თბილისის ქუჩებში და მთელ ქვეყანაში. იცის, ვის როგორ უჭირს და ვინ რაზე სწუხს, იზიარებს პროევროპული აქციების მონაწილეების მოთხოვნების შინაარსს და ცდილობს დაეხმაროს მათ ისე, როგორც ეს ემიგრაციიდან არის შესაძლებელი.
ნინია თავადაც აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, როცა ემიგრანტები ცდილობენ ქვეყნის ხმა მსოფლიოს გააგონონ.
„წლის განმავლობაში 2 თვეს ვატარებ საქართველოში. როცა ბავშვი გყავს, ყველანაირ პრობლემას აწყდები. ქუჩაში სასეირნოდ გადიხარ – სასეირნო ეტლის გზა არ არის, პარკინგის სისტემა არ არის ნორმალური, სულ მქონდა პრობლემა, სულ ვაპროტესტებდი. გარდა ამისა, ქუჩაში რომ გავდიოდი იმდენი მიუსაფარი ცხოველი იყო…
შემდეგ დავფიქრდი, განათლება სად უნდა მიეღო ბავშვს. ერთ- ერთ პრესტიჟულ სკოლაში მივედით გასაუბრებაზე, საქართველოში ძალიან პრესტიჟულ სკოლაზე ვსაუბრობ, დირექტორი გვეკითხება, საიდან გაიგეთ ამ სკოლის შესახებო. მეუღლემ უპასუხა, რომ მისი მოსწავლეები ამ სკოლაში დადიან, დირექტორმა – მათზე უკეთესი ბავშვებიც გვყავსო. ჩემი მეუღლისთვის ეს იყო ისეთი გასაოცარი… რას ჰქვია „კარგი და ცუდი ბავშვი“?! ეს იყო ძალიან გასაოცარი მისთვის, როგორც პედაგოგისთვის. კულტურული შოკი მივიღეთ, რანაირად შეიძლება არჩევდე ბავშვებს სკოლის დირექტორი, რომელმაც უნდა მისცე მაგალითი, მასწავლებლებს, პედაგოგებს“.
ნინიას მეუღლე სხვადასხვა ქვეყანაში ასწავლიდა ინგლისურ და ესპანურ ენებს, დაოჯახების შემდეგ წყვილი საქართველოში გეგმავდა ცხოვრებას და შვილის გაზრდას, თუმცა იძულებულები გახდნენ გადაწყვეტილება შეეცვალათ:
„მეუღლე ლექტორია, ინგლისური და ესპანური ენის პედაგოგი. ის ამერიკელია. როდესაც ოჯახი შექმენით და ერთად ცხოვრება დავიწყეთ გვინდოდა საქართველოში გაგვეზარდა შვილი, თუმცა სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ.
დღესაც ვერ ვხედავ მზაობას, რომ შემიძლია საქართველოში დავბრუნდე. სანდო და უსაფრთხო გარემო არ არის.
რომ მივდივარ სკვერში, იქაც თავზე ვადგავარ ჩემს შვილს. შუაგულ ცენტრში ვიღაცის უპასუხისმგებლო სამუშაოებმა შეიწირა ბავშვის სიცოცხლე, ბევრი შემთხვევა მოხდა, წყნეთში, ბათუმში…
ყოველდღე, ვიდრე გავხსნი ახალ ამბებს, მეშინია, კიდევ რა ტრაგედია შეიძლება მოვისმინო ჩემი ქვეყნიდან.
არანაირი საევაკუაციო სისტემები სახლებში, როდესაც ხანძარია, არანაირი დაცვა… გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა საქართველო მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, საქართველო პირველი ქვეყანაა და ყველაზე მეტად მიყვარს.
ნინია გვიყვება იმ მოდელზე, რასაც ამერიკული განათლების სისტემა სთავაზობს ბავშვს:
„ყველაზე დიდი პრობლემა მოდის განათლებიდან. სამწუხაროდ იმ პრესტიჟულ სკოლებშიც, ჩემი მასწავლებელი იყო ჩემი მშობლის მასწავლებელი და ახლაც ის პედაგოგები ასწავლიან. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ასაკის გამო, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით ძალიან დაბალ დონეზეა ქართული განათლება დღეს და აქედან მოდის ყველანაირი პრობლემა.
ჩემი შვილი რასაც სწავლობს ახლა სკოლაში, ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც სწავლობენ ბავშვები, მაგალითად, პირველ კლასში. ჩემი შვილი სწავლობს, როგორ მუშაობს სისტემა, ქალაქი როგორ მუშაობს, პოლიცია როგორ მუშაობს, რომ შენი დაცვა ევალება. როგორ მუშაობს დასუფთავების სამსახური, როგორი უნდა იყოს შშმ პირებისთვის ქალაქი. სწავლობს საკუთარი თავის შეცნობას, მის ვალდებულებას და იმასაც, სახელმწიფოს რა ვალდებულება აქვს მის წინაშე. ჩვენთან ეს უკანა პლანზეა გადასული, რაც ძალიან მაწუხებს, როგორც მშობელს“.
ნინია ჩვენთან საუბარში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გარემოს უსაფრთხოებაზე, ის მათ შორისაა, ვინც ყოველდღე ამოწმებს რამდენად სუფთაა ჰაერი:
„რომ ვიღვიძებ, ყოველდღე შევდივარ და ვნახულობ, როგორი ჰაერია, როგორია მაჩვენებელი. საქართველოში ბავშვებს არ დაუტოვეს მწვანე სივრცე, რომ ბავშვობა გაატარონ უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში. არ არის ისეთი პარკი, სადაც შეიძლება ბავშვმა ისიამოვნოს. თუ წვიმიანი ამინდია, ბავშვს არ აქვს სივრცე, სადაც თავს შეაფარებს. არც ბიბლიოთეკებია ბავშვებისთვის, არც ისეთი გასართობი ცენტრები, რომ ყველას მიუწვდებოდეს ხელი და რაც არის, არც ისე ჯანსაღად გამოიყურება. არ აქვს მშობელს არჩევანი, სად უნდა შეიყვანოს ბავშვი, როდესაც ცუდი ამინდია.
არაფერი არ ხდება ბავშვისთვის, არ სუნთქავს ბავშვი სუფთა ჰაერს, არ აქვს განათლება, არ აქვს უსაფრთხო სივრცე და ყველაფერთან ერთად დაძაბული და სტრესული გარემოა ირგვლივ, სადაც ადამიანებს აღარ აქვთ თავის თავში ის რესურსი, რომ მოიძიონ ენერგია და მეორე ადამიანს თბილად გასცენ პასუხი, ღიმილით ისაუბრონ. აგრესიული გარემოა ძალიან“.
ნინია ფიქრობს, რომ სიდუხჭირის გამო ადამიანებმა ემპათიის უნარი დაკარგეს:
„ადამიანებს არ აქვთ ემპათია. დილით წავიკითხე, რომ ვიღაცა ვიღაცას ურტყამს, სხვა ადამიანი ჩემი ახლობლებიდან წერს, დაიმსახურა და იმიტომო. ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ვისი მხარეა. ადამიანს რომ მოგწონს ის, რომ ვიღაცას ურტყამენ, ვიღაცას ჩაგრავენ, ვეღარ ვხდები ამ ადამიანთან რა ურთიერთობა შეიძლება გავაგრძელო. ძალიან ბევრი ადამიანი წავშალე სოციალური ქსელიდან.
ვიღაცას რომ ჩაგრავს სისტემა შენ რა გაბედნიერებს? – რეჟიმი როცა ჩაგრავს, შენც მოგაკითხავს, სხვასაც მიაკითხავს… მე მყავს ბევრი ისეთი მეგობარი, რომლებიც აქტიური მხარდამჭერები იყვნენ ამ რეჟიმის ერთ-ერთის ძმა ციხეში მოხვდა, ერთ-ერთი მეგობრის ოჯახის წევრი ჩაცხრილეს მანქანაში. ვის როდის მიაკითხავს რაჟიმი არავინ იცის“.
ნინიას ბევრ ემიგრანტთან აქვს ურთიერთობა, რომლებმაც ოჯახები დატოვეს იმისთვის, რომ გადაარჩინონ, დღეში 14 საათს მუშაობენ და თანხას საქართველოში აგზავნიან. მათგან უმეტესობა, რომელმაც ემიგრაციიდან ოჯახის გადარჩენის ტვირთი საკუთარ თავზე აიღო, ქალია:
„ქალების სიმამაცეზე დგას ქვეყანა. გაჭირვება როდესაც დადგა, ქალები წავიდნენ ისევ სამუშაოდ. ახლაც ემიგრაციაზეა დაკიდებული მთელი ქვეყანა. გადახედეთ რამდენი ადამიანია ემიგრაციაში და იქედან არჩენს ოჯახს. ძალიან მწყდება გული, რომ ადამიანები იგნორს უკეთებენ აგრესიას, ჩაგვრას და რეალურ ინფორმაციას არ ადევნებენ თვალს“.
ნინია ამბობს, რომ პროპაგანდა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, ემიგრაციამდეც აღწევს:
„პირველი პროპაგანდისტული მანქანა არის ჩვენი ეკლესია. აქ, ემიგრაციაშიც, ადამიანები ლოცულობენ, დილიდან საღამომდე წერენ „უფალო შემიწყალეს“, მაგრამ მეორე ხელით აგრესიას აწერენ ხელს და იძახიან, რომ ეს ასე უნდა იყოს, „ღირსები არიან“.
ეს ჩემთვის მართლა გასაოცარია.
ჩემი 6 წლის შვილი მეუბნება – „თუ არ არის სამართალი არ იქნება მშვიდობა“. სკოლიდან მოვიდა და მოიტანა ეს ფრაზა. ანუ მან იცის, რომ სამართლიანი და თანასწორუფლებიანი უნდა იყოს ცხოვრება“.
ნინიას ვკითხეთ, როგორი იყო ემიგრანტების რეაქცია აშშ-ში, როცა „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ ისინი მოწყვეტილები არიან რეალობას რადგან შორს არიან და „ემიგრანტები საკუთარი თვალით ვერ ხედავენ იმას, რაც ქვეყანაში ხდება“.
„საქართველოს ემიგრაცია, როგორ შეიძლება შორს იყოს ამ რეალობისგან, როცა ყოველი მეორე ემიგრანტი არჩენს ოჯახს, ყოველი მეორე პოსტი იდება, როგორ დავეხმაროთ და გადავარჩინოთ ვიღაცის სიცოცხლე.
სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას შენს ჯანმრთელობაზე, შენს უსაფრთხო და უზრუნველ სიბერეზე. არაფერზე არ იღებს პასუხისმგებლობას და ჩვენ, ემიგრაციამ, უნდა მოვიძიოთ ჩვენი რესურსი.
წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის ადამიანებმა დატოვეს ქვეყანა და ჩვენ გვიმტკიცებს ეს პარტია, რომ თურმე ჩვენ ვართ მოწყევეტილი რეალობას. საზოგადოება ტოვებს ქვეყანას იმიტომ, რომ არ არის ნორმალური პირობები. გამორბიან, იმიტომ, რომ რომ არ უნდათ მათმა შვილებმაც იგივე გზა გაიარონ, რასაც გადიოდნენ ბებიები, შემდეგ დედები და ახლა თვითონ“.
ნინია გვიყვება, როგორ იდგნენ ემიგრანტები საპარლამენტო არჩევნებზე საათობით რიგებში, იმისთვის, რომ რაღაც შეეცვალათ:
„როდესაც არჩევნები იყო, იმდენი ემიგრანტი იდგა დილიდან ცხრა საათამდე, რომ ხმა მიეცა, ვერ წარმოიდგენთ… საიდან არ იყვნენ ჩამოსულები. იმიტომ, რომ დაიღალნენ ეს ადამიანებიც მუდმივ რეჟიმში ფულის გზავნით საქართველოში, დაიღალნენ, თავიანთ ცხოვრებას ვერ ირგებენ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ასე არჩენენ საქართველოში თავიანთი ოჯახის წევრებს, ბიძაშვილებს და მეზობლებსაც კი ეხმარებიან. ვიღაცის ოპერაციის ფულს ისინი იხდიან, ვიღაცის ქირის ფულს იხდიან… წარმოუდგენლად ძნელია, როცა მუდმივ რეჟიმში ვიღაცას არჩენ.
ყველას გვაქვს ცვლილების მოლოდინი, არის შიშებიც, რომ აი, ჩემი შვილი იქ არის, ჩემი ოჯახი და ღიად ამას ვერ ვიტყვი და ასე შემდეგ, მგონი შიში დათესა ამ პოლიციურმა რეჟიმმა, თუმცა როდესაც გაქვს პირადი საუბარი, ყველა მზად არის ცვლილებებისთვის.
მართლა დავიღალეთ, არაფერი არ არის კარგად. როცა ვრეკავ საქართველოში, მინდა ვინმესგან მოვისმინო – „კარგად ვარ, დღეს ეს გავაკეთე დავგეგმე ჩემი ცხოვრება…“ ეს არავისგან არ მესმის და ასეა ყველა ემიგრანტი.
ის მშობელიც კი, რომელიც ამ მთავრობის მხარდამჭერია, ცდილობს მექსიკით გადმოიყვანოს შვილი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში მომავალს ვერ დაგეგმავ – ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, არ გაქვს სათანადო პირობა, რომ იცხოვრო.
პენსიის მატება რომ იყო, იმდენად სამარცხვინო და მცირე ნაწილით მოუმატეს… ის ემიგრანტიც კი. რომელიც პენსიაზე უნდა გავიდეს, ცდილობს აქ მოიგვაროს საპენსიო საქმე და ისე წავიდეს, თუ წასვლაა. ნაკლებად ბრუნდება ადამიანი საქართველოში, იმიტომ, რომ არანაირი რესურსი აღარ აქვთ. მე მყავს მეგობრები, რომლებმაც დატოვეს აქ ყველაფერი და წავიდნენ საქართველოში, 2 წელში უკან დაბრუნდნენ…“
ნინია გვიყვება იმ სერვისებზე, რასაც სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს და განსაკუთრებით კი მათ, ვისაც გადახდის შესაძლებლობა არ აქვს:
„ვერავის ნახავთ ამერიკაში, თუნდაც ამ კაპიტალისტურ წყობაში, ვინც არ მიიღო დახმარება. ყველას აქვს დაზღვევა, უბრალოდ დაზღვევის სხვადასხვა ტიპებია, მაგრამ ერთი მოქალაქეც არ არსებობს, ვისაც არ აქვს დაზღვევა. ვისაც მოქალაქეობა არ აქვთ, მათაც კი აქვთ დაზღვევა.
ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ სადაც არ უნდა წავიდე დასასვენებლად, სულ მხვდებიან დედაჩემის, მამაჩემის თაობის ადამიანები, რომლებიც გავიდნენ პენსიაზე და დაკავებულები არიან სპორტით, მხიარულებით, იმდენად განსხვავებულია ეს და ისეთი ბრაზი მაქვს, რომ ჩემს მშობელს, ჩემს ბებიას, ბაბუას, ვიღაცამ წაართვა ამის უფლება, რომ სიბერე ჰქონოდათ უზრუნველი, თუნდაც ჯანდაცვის მხრივ. ჯანდაცვა უფრო მეტია, ვიდრე ექიმის მომსახურება, მაგალითად ის, რომ სპორტული აქტივობები გქონდეს, ამისთვის ცალკე კადრი ჰყავთ აქ, რომ შენთვის ჯანსაღი ცხოვრების სტილი შეარჩიოს“.
ნინია ამბობს, რომ გული სწყდება ანტიდასავლური პროპაგანდის გამო:
„ის მცირედი პროგრამებიც, რაც არის, დასავლური გრანტებით მუშაობს.ეს გრანტები თუ მოისპობა ქვეყანაში, რამდენი ადამიანი დარჩება ყველანაირი დახმარების გარეშე… ისე მრცხვენია, გელათი როგორ გააპარტახეს… დასავლური გრანტი შემოდის, ეკლესია-მონასტერს გიკეთებს და შენ მაინც ლანძღავ. ეს ძალიან სამარცხვინოა“.
ნინიასთან „ოცნების“ ახალ კანონპროექტებზეც ვისაუბრეთ:
„საქართველოში ადამიანები ყოველდღიური პრობლემებით იმ დონეზე არიან დაკავებულები… როცა იმაზე ნერვიულობ, რომ შვილისთვის საჭმელი და წამალი არ გაქვს, „ფარას“ კანონი იქნება მეორეხარისხოვანი… მასიური სიდუხჭირეა ქვეყანაში და როცა ასეთი გაჭირვება გიდგას, კანონზე ვერ ნერვიულობ“.
შევეხეთ პოლიციის ქცევასაც:
„როცა მუნდირი გაცვია, შენი ვალდებულებაა, რომ იყო ღირსეული და როდესაც ნდობას კარგავ პოლიციელი, ეს ყველაზე დიდი ტრაგედია მგონია მე ქვეყანაში. ჩემთვის ესენი არ არიან პოლიციელები, მე მათი ნდობა აღარ მაქვს. მე ვისთანაც მაქვს ურთიერთობა აქ, სხვა ემიგრანტებიც იმავეს ფიქრობენ“ – გვითხრა ნინიამ.