მთავარი,სიახლეები

თურქეთში სამომხმარებლო ბოიკოტის გამო 11 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი მსახიობი

03.04.2025
თურქეთში სამომხმარებლო ბოიკოტის გამო 11 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი მსახიობი

თურქეთში 11 ადამიანი დააკავეს სოციალურ ქსელში სამომხმარებლო ბოიკოტის მოწოდების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

დაკავებულებს შორისა თურქი მსახიობი ჯემ იიგიტ უზუმოღლუ.

თურქული მედიის ცნობით, კიდევ 16 პირზე დაკავების ორდერია გაცემული.

თურქეთში, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებით გამოწვეულ მასშტაბური პროტესტის ფარგლებში, გუშინ, 2 აპრილს, მომხმარებელთა ერთდღიანი ბოიკოტი გამოცხადდა სლოგანით – „აჩვენე, ვინ არის მთავარი“.

თურქული მედია „ბიანეტი“ წერს, რომ თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელმა ბოიკოტის მხარდაჭერისთვის გაათავისუფლა სამსახურიდან მსახიობი აიბუკე ფუსატი და ეთერიდან ამოიღო სერიალი მისი მონაწილეობით.

„მიუღებელია TRT-ის პროექტებში ჩართული პირები, რომლებიც წარმოადგენს ჩვენს ერს, იყვნენ პოლიტიკური კამპანიის ნაწილი, რომელიც აშკარად არის წამოწყებული პოლიტიკური პარტიის მიერ, სამიზნეში იღებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და იწვევს ერის პოლარიზებას“, – წერია TRT-ს განცხადებაში.

ბოიკოტის კამპანიას ხელმძღვანელობდა მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP). ბოიკოტის მიზანია უარის თქმა მთავრობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კომპანიების მომსახურებასა და ვაჭრობაზე, მათ შორის სურსათზე, საწვავზე, სასადილოებზე, ონლაინშოპინგზე, მედიაზე და ა.შ.

რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) თავმჯდომარემ ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ წამყვანი, სამთავრობო თურქული მედია არ აშუქებდა ექრემ იმამოღლუს მხარდამჭერ დემონსტრაციებს. „დავმარხავთ მათ, ვინც ვერ დაგვინახავს“ – თქვა ოზელმა და მოუწოდა საზოგადოებას კონკრეტული კომპანიების ბოიკოტისკენ.

ამის შემდეგ უკვე სტუდენტების ჯგუფმა მოუწოდა ყველას, არ შეეძინათ პროდუქცია და სერვისები 2 აპრილს.

ოზგურ ოზელმა პლატფორმა X-ზე გამოუცხადა მხარდაჭერა სტუდენტების ბოიკოტს.

ბოიკოტის გადაწყვეტილებას მმართველი პარტიიდან მოჰყვა რეაქცია. სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ბოიკოტის მომწოდებელთა მიმართ გამოძიება დაიწყო.

____________

ფოტოზე: დაკავებული მსახიობი ჯემ იიგიტ უზუმოღლუ და TRT-დან გათავისუფლებული მსახიობი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: