მთავარი,სიახლეები

ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე და სხვა დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

14.01.2025
ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე და სხვა დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დღეს, 14 იანვარს, 12-დღიან პატიმრობაში დატოვა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ახალგაზრდა აქტივისტები – ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე.

აღნიშნული პირები ბათუმში 13 იანვარს დააკავა პოლიციამ ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობდა.

დღეს გაიმართა პარტია „დროას“ აქტივისტის შუშანა მაცაბერიძისა და მოქალაქე გიორგი კაკალაძის სასამართლოც.

ყველა პირი ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული და გამოძიება მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

გიორგი კაკალაძე 10-დღიან პატიმრობაში დატოვა სასამართლომ, შუშანა მაცაბერიძე კი – 12- დღიან პატიმრობაში.

ლუკა ნაცვლიშვილი და შუშანა მაცაბერიძე

8-დღიან პატიმრობაში დატოვეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ლევან ხორავაც.

„ჩვენ ვხედავთ უსამართლო სასამართლო პროცესებს. მოსამართლეებს წინასწარ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, ისინი უბრალოდ რეჟიმის დავალებებს ასრულებენ“ – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი, ლარა ქარცივაძე.

„მონებო“, „რუსებო“ – ისმოდა სასამართლო პროცესებზე, სადაც რეჟიმის მოწმე პოლიციელები იდენტურ ჩვენებებს იძლეოდნენ დაკავებულების წინააღმდეგ, მაშინ, როცა საქმეში არსებული მტკიცებულებები საპირისპიროზე მეტყველებდა.

დღეს სასამართლომ ასევე პატიმრობაში დატოვა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძეც, რომელიც საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს.

11-12 13 იანვარს ბათუმში, საპროტესტო აქციებზე მთლიანობაში 20 პირი დააკავეს.

სასამართლომ ორთვიან, წინასწარ პატიმრობაში დატოვა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: