თურქეთში, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებით გამოწვეული საპროტესტო ტალღა ქვეყნის მასშტაბით გადაიზარდა მომხმარებელთა ერთდღიან ბოიკოტის კამპანიაში. ბოიკოტის კამპანიას ხელმძღვანელობს მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP).
ბოიკოტის მიზანია უარის თქმა მთავრობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კომპანიების მომსახურებასა და ვაჭრობაზე, მათ შორის სურსათზე, საწვავზე, სასადილოებზე, ონლაინშოპინგებზე…
„მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა. აჩვენე, ვინ არის აქ მთავარი“, – წერია ბოიკოტის კამპანიის პოსტერზე.
თურქული გამოცემა „ბიანეტი“ წერს, რომ კამპანია სტუდენტურმა ჯგუფებმა დაიწყეს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების სათავეში იყვნენ.
CHP-ის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა პირველ აპრილს სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მხარს უჭერს ბოიკოტს და საზოგადოებას შეახსენა, რომ 301 ადამიანი, ძირითადად სტუდენტები, საპროტესტო აქციების გამო გისოსებს მიღმა რჩება და ბაირამის დღესასწაულს ციხეში ატარებენ.
„მთელი გულით ვუჭერ მხარს სამომხმარებლო ბოიკოტს, რომელიც დაიწყო ჩვენი ახალგაზრდების – სტუდენტების, დედების, მამებისა და ძმების მიმართ ამ უსამართლობის საპასუხოდ. მოვუწოდებ ყველას, შეუერთდნენ ბოიკოტს და გამოიყენონ ძალაუფლება, რომელსაც ისინი ფლობენ, როგორც მომხმარებლები. სახელმწიფოს ნამდვილი მფლობელი არის ერი“, – წერს ოზელი.
ბოიკოტის კამპანიას მხარი დაუჭირა საპატიმროში მყოფმა სტამბულის მერმა იმამოღლუმ, რომელიც 23 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მისი ადვოკატები დაკავების შემდეგ იმამოღლუს ყოველდღიურ გზავნილებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
„ბიანეტი“ წერს, რომ სტამბულში მცირე ბიზნესის მფლობელებმა მხარი დაუჭირეს ბოიკოტს ქალაქის ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით ქადიქოიში, სადაც ბევრი მაღაზიის მეპატრონემ სოლიდარობის ნიშნად დახურა მაღაზია.
ასევე, თურქეთის ცხრამეტმა გამომცემლობამ გამოუცხადა ბოიკოტს მხარდაჭერა. გამომცემლობებმა განაცხადეს, რომ 2 აპრილს ყველა გაყიდვას შეაჩერებენ.
__________________
ფოტოზე: სტამბოლი, დაკეტილი მაღაზიები ქადიქოიში. ფოტო: „ბიანეტი“






