მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ მთავრობამ უკრაინელებს საქართველოში ყოფნის 3-წლიანი ვადა 1 წლამდე შეუმცირა

03.04.2025
„ოცნების“ მთავრობამ უკრაინელებს საქართველოში ყოფნის 3-წლიანი ვადა 1 წლამდე შეუმცირა

„ოცნების“ მთავრობამ საქართველოში უვიზოდ შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება 1 წლამდე შეუმცირა.

უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ვადის ჯერ 2 წლამდე, შემდეგ კი 3 წლამდე გაზრდის შესახებ თავის დროზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების გამო მიიღო.

„უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება.“

ამასთან, „უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე. ეს პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“ – აღნიშნულია „ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 2 აპრილის დადგენილებაში.

იმ ქვეყნების [მათ შორის რუსეთის ფედერაციის] ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, აქვთ საქართველოში სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. გამონაკლისი ამ დრომდე იყო უკრაინა და ჩინეთი.

ამიერიდან გამონაკლისი იქნება ჩინეთი, რადგან „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება, მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის“.

____________________

ფოტოზე: უკრაინის დროშა ბათუმში, აქციაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამ თემაზე:

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: