ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ [გაფფარ ილმაზი] დღეს, პირველ აპრილს, მეორედ დაიწყო შიმშილობა.
თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება.
ბათუმის აქციების მედროშის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. „ბათუმელები“ ესაუბრა მის ადვოკატს, მარიამ გაბროშვილს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ თემურ ქათამაძემ მას გუშინ, 31 მარტს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
„აპირებს მხოლოდ წყლის მიღებას და სამედიცინო შემოწმების გავლას არ აპირებს“ – გვითხრა მარიამ გაბროშვილმა.
თემურ ქათამაძემ აქამდე 48 დღე იშიმშილა, მან შიმშილობა 4 მარტს შეწყვიტა და ფაქტობრივად ამ დრომდე შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდს გადიოდა. მან შიმშილობისას მკვეთრად დაიკლო წონაში, რაც სასამართლოზე გადაღებულ ფოტოებზეც ჩანს.
ციხიდან გამოგზავნილ წერილში თემურ ქათამაძე წერს, რომ შიმშილობას უძღვნის თურქეთის ეთნიკური ქართველების, „ჩვენებურების“ „ბელადს“, ახმედ მელაშვილს.
„სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, დიდებულად, გამარჯვებამდე.
ანწუხელიძე უკვდავია და მარადიულია.
„არასდროს, არასდროს არ დანებდე!“ – წერს თემურ ქათამაძე.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, იგი 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.
მუჰაჯირი ქართველების შთამომავალი, თურქეთის მოქალაქე თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო.
დაკავების შემდეგ თემურ ქათამაძემ ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება მას ამ სტატუსზეც უარს ეუბნება.
ამჟამად თემურ ქათამაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ეს ბოლო ინსტანციაა, რომლის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზეც თემურ ქათამაძეს საქართველოში დარჩენა შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დეპორტაცია ემუქრება.
_______________
ფოტოზე: თემურ ქათამაძე სასამართლო სხდომაზე 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ.






