მთავარი,სიახლეები

ვინ არის მოსამართლე, რომელმაც „სკინტლის საქმე“ განიხილა – მისი ქმარი და დაც მოსამართლეები არიან

02.04.2025
ვინ არის მოსამართლე, რომელმაც „სკინტლის საქმე“ განიხილა – მისი ქმარი და დაც მოსამართლეები არიან

ლიანა კაჟაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც სკანდალური „სკინტლის საქმე“ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მან „ქართული ოცნების“ ღიად მხარდამჭერი ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც სკინტლს ძროხებს აჭმევდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაახლოებით 5 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.

ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა.

ლაშა პაპაშვილის საწარმო „ყვარლის ბაგაში“ ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდნენ. მის საწარმოში ყიდულობდნენ [შესაძლოა, ახლაც ყიდულობენ] რძეს კომპანიები: „აგროჰაბი“, „სანტე“, „სოფლის ნობათი“.

დავის საგანი ასეთი იყო: ლაშა პაპაშვილის კომპანია „ყვარლის ბაგამ“ სასამართლოში კომპანია „ჩირინას“ უჩივლა: ქათმის სკინტლი რომ  მომყიდე, არ ვარგოდა, საქონელი დამეხოცა და რძეც გამიფუჭდაო.

მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის დეკემბერში კომპანია „ჩირინას“ ზუსტად 4.7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა „ყვარლის ბაგის“ სასარგებლოდ.  „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და მოსამართლე კომპანია „ყვარლის ბაგის“ სასარგებლოდ მიკერძოებული იყო.

ქათმის ნაკელის გამოყენება საქონლის კვებისთვის აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნაკელის ცხოველის საკვებად გამოყენება 2023 წლიდან აკრძალულია საქართველოშიც. თუმცა ბიზნესმენი, რომელიც სკინტლით კვებავდა ძროხებს, არავის დაუსჯია – ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და პირიქით, სასამართლო დავაც მოიგო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ლიანა კაჟაშვილს იურიდიული ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუმთავრებია, თუმცა ამ მოსამართლის მაგისტრატურა ბიზნეს-ინჟინერინგის მიმართულებით აქვს დასრულებული. ლიანა კაჟაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში ჯერ კონსულტანტის პოზიციაზე, შემდეგ კი, ამავე სამსახურში ადვოკატად მუშაობდა 5 წელი. ლიანა კაჟაშვილი 2021 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

ლიანა კაჟაშვილის ქმარი – ამირან ძაბუნიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა 2021 წლიდან უვადოდ არჩეული, ლიანა კაჟაშვილის და – გულიკო კაჟაშვილი კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

გულიკო კაჟაშვილი

ესტონეთმა გულიკო კაჟაშვილი 2025 წელს დაასანქცირა. ამ მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა პროევროპული აქციის მონაწილეების დასჯაში – მაგალითად, ბათუმელ სტუდენტებს ელიზბარ ჩხიკვაძეს და ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 12 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საიას შეფასებით, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: