მთავარი,სიახლეები

„ფიზიკურ პირს შეიძლება მეილების კონტროლიც დაუწესონ“ – საიას თავმჯდომარე ახალ რუსულ კანონზე

03.04.2025 •
„ფიზიკურ პირს შეიძლება მეილების კონტროლიც დაუწესონ“ – საიას თავმჯდომარე ახალ რუსულ კანონზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ პარლამენტის მიერ ახალი რუსული კანონის მიღებას, რომელსაც „ოცნება“ ამერიკული კანონის ანალოგს უწოდებს.

„აი, რა კანონი მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. FARA-ს სახით:

„საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომლებიც უცხოური პრინციპალის აგენტები არიან და ვალდებულნი არიან დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელიც გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის, ანტიკორუფციულ ბიუროს ამ საინფორმაციო მასალის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი 2 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს“.

ანუ დარეგისტრირებულ პირს, მათ შორის, ფიზიკურ პირს, შეიძლება მეილების მიმოწერაზეც კონტროლი დაუწესონ, თუ ადრესატი 2-ზე მეტი პირია. ეს ნიშნავს იმას, რომ მეილის რამდენიმე ადრესატთან გაგზავნამდე, მისი დრაფტი უნდა გაეგზავნოს რაჟდენ კუპრაშვილს 2 ეგზემპლარად“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.

  • რა ხდება?

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 2 აპრილს ხელი მოაწერა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, რომელზეც „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ის არის ამერიკული FARA-ს ანალოგი და კანონი სიტყვასიტყვით ნათარგმნია.

კანონი საკანონმდებლო მაცნეზე პირველ აპრილს გამოქვეყნდა და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

ხსენებული აქტი აშშ-ში მიიღეს გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად — ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ. FARA-ს მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.

ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების განცხადებით, აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, „ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.

არაერთი კვალიფიციური სამართლებრივი შეფასება ამბობს, რომ ქართულ რეალობაში FARA-ს გადმოტანა შეუძლებელია, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამერიკაში ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს, სტანდარტებსა და პრინციპებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: