მთავარი,სიახლეები

ფოტორეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

31.03.2025
ფოტორეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს, 31 მარტს ხმაურისა და შეძახილების ფონზე წარიმართა. პროცესზე 2 პოლიციელი – ბერდია ფერაძე და თამარ კერესელიძე დაკითხეს.

დღეს სხდომაზე მზიას ახლობლების, კოლეგების და მეგობრების გარდა, ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეებიც მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ მზია ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც სხვა დაკავებულები.

სხდომათა დარბაზში მზიას გამოჩენას შეძახილებით შეხვდნენ: „თავისუფლება მზიას“ „ცეცხლი ოლიგარქიას“.

დღესვე მზიას ერთ- ერთმა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მზიას პროცესის პოლიტიკურ კონტექსტსაც გაუსვა ხაზი: „განცხადებებს აკეთებენ, თითქოს მზიამ პოლიციელს მიაკრა სტიკერი. ვიღაცები ამბობენ ბოდიში მოიხადოსო და ასე შემდეგ“, – განაცხადა ადვოკატმა.

აჭარის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, ბერდია ფერაძე დღესაც ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების დღეს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე მომხდარი ფაქტიდან დაახლოებით 20 წუთში ნახა და მას ლოყა ისევ გაწითლებული ჰქონდა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

პროცესზე პოლიციელებს მზიას დაცვის მხარემ აჩვენა ვიდეო კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ სილის გაწვნიდან 40 წამში ირაკლი დგებუაძეს ლოყა გაწითლებული არ აქვს. ამაზე პოლიციელმა ბერდია ფერაძემ თქვა, რომ ვიდეოს ხარისხი უშლის ხელს აღქმაში: „აქ ვერ ვამჩნევ. არ ვიცი რა კადრია. რაც გითხარით ჰქონდა ნამდვილად ყურიც და ლოყაც გაწითლებული“.

მზია ამაღლობელის სასამართლოზე მოწმედ მყოფმა საგამოძიებოს უფროსმა, „ბათუმელების“ ლაივ ვიდეოში ირაკლი დგებუაძეს გაწითლებული ლოყა ვერ დაინახა.

 

პროცესზე მზია ამაღლობელი ბერდია ფერაძის პირისპირ. მას კითხვები მზია ამაღლობელმაც დაუსვა. როდესაც პოლიციელი ამბობდა, რომ მზია შენობაში შეიყვანა, მზიამ რეპლიკის სახით თქვა: „შემაგდო“

დამსწრე საზოგადოება უკვე მერამდენედ აპროტესტებს, რომ სხდომათა დარბაზში მოწმეების ხმა და ხშირად მოსამართლის ხმაც კი არ ისმის. დარბაზში მსხდომთათვის გაუგებარია, რაზე საუბრობენ მოსამართლე, ადვოკატები, მოწმეები ან პროცესის მონაწილე სხვა პირები. ამის პარალელურად სხდომათა დარბაზში აღწევდა შეძახილების ხმა ქუჩიდან. სასამართლოსთან შეკრებილები სკანდირებდნენ: „მზია გამიმარჯვე“,  „ უსამართლო სასამართლო“, „მზია გმირი ხარ“, „მალე მოვა თქვენი დრო“, „ცრუმოწმეობა დანაშაულია“.

ოჯახის წევრები მზიას პორტრეტებით სასამართლო პროცესზე

ჟურნალისტები – ზვიად ქორიძე და ლაშა ტუღუში სასამართლოს სხდომაზე

დღეს მოსამართლემ სხდომაზე დამსწრეებს არაერთხელ უსაყვედურა ხმაურისა და წამოძახილების გამო, რაზეც მას უპასუხეს, რომ სხდომათა დარბაზში მისი ხმა არ ესმით და, შესაბამისად, არც მისი გაფრთხილება. დღეს ნინო სახელაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ორი მოქალაქეები – ციალა ქათამიძე და აზა გაბუნია გააძევა, მოგვიანებით მან მოწმის დაკითხვისას ემოციის გამოხატვის გამო გააძევა ნანა კვაჭაძეც, „ბათუმელების“ ერთ-ერთი რედაქტორი.

ციალა ქათამიძის გაძევება

თამარ კერესელიძის გამოკითხვისას, დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ მზია ამაღლობელის დაკავების დღეს არაადამიანურად მოექცნენ, მან სამი საათი გაატარა ჩაკეტილ სივრცეში პოლიციელ ქალთან ერთად და მთელი ამ დროს განმავლობაში ხელებზე ბორკილები ედო. მას დიდი ხნის განმავლობაში არ მისცეს წყალი დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება. თამარ კერესელიძემ დღეს სხდომაზე ისიც კი თქვა, თითქოს მზიამ განუცხადა, რომ ადვოკატი არ სჭირდებოდა. მზიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ეს ტყუილია.

თამარ კერესელიძის გამოკითხვა

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად ის 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

ევროპის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები მზია ამაღლობელის პროცესზე

მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო.

მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

დღეს, 31 მარტს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრება ყველა მსურველმა დარბაზში ადგილების შევსების გამო ვერ შეძლო. მათ შორის ბევრი ტრანსპარანტებით და მზია ფოტოებით მივიდა.

 

 

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში.

მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

სხდომა 31 მარტი

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. მოსამართლემ დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.

სასამართლოს შესასვლელი – მოქალაქეები სხდომის დაწყების მოლოდინში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: