მთავარი,სიახლეები

პროტესტზე 64 პირია დაკავებული სისხლის სამართლის მუხლით – საია სასამართლო სხდომებს აფასებს

01.04.2025 •
პროტესტზე 64 პირია დაკავებული სისხლის სამართლის მუხლით – საია სასამართლო სხდომებს აფასებს

საქართველოს იურისიტთა ასოციაცია [საია] აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების წინასასამართლო სხდომის ეტაპს აფასებს.

საიას ცნობით, ამ ეტაპისთვის აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა საერთო რაოდენობა, მათ შორის, რუსულ კანონთან დაკავშირებული პროტესტის დროს – 2024 წლის გაზაფხულზე, დაკავებული პირების ჩათვლით 64-ია. მათგან რუსული კანონის პროტესტისას დაკავებული ათივე პირის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია, ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ათიდან რვას ე.წ. საპატიმრო სასჯელი – ვადიანი თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 ამ დროისთვის აქციების კონტექსტში ბრალდებულთა უმრავლესობა, რომელთაც პირველივე ეტაპზე პატიმრობა შეეფარდა, 46 პირიდან 40 პატიმრობაში რჩება. ამ საქმეებმა გაიარა წინასასამართლო სხდომის ეტაპი და ყველა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სასამართლო განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, ასევე, წყვეტს არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის საკითხს. ამასთან, თუ ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ.

  • მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი

საიას ინფორმაციით ზემოთ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლომ სრულად დასაშვებად ცნო პროკურატურის ყველა მტკიცებულება. გამონაკლისი მხოლოდ მზია ამაღლობელის საქმეზე მოხდა, სადაც მოსამართლემ ერთი მოწმე ამორიცხა სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან.

ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის და ინსაფ ალიევის [რვაპირიანი საქმე] და ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯამბურიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის [თერთმეტპირიანი საქმე] საქმეებზე დაცვის მხარის არაერთი წარმომადგენელი შუამდგომლობდა პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ნუსხიდან ვიდეო-ჩანაწერების დაუშვებლობის თაობაზე, რადგან მიაჩნდათ, რომ საჯარო წყაროებში გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა უნდა მომხდარიყო კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების გზით – დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვით.

კერძოდ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

დაცვის მხარის წარმომადგენლების არგუმენტაციით, ვიდეო-მასალები, რომლებიც განთავსებული იყო საჯარო სივრცეში [YouTube პლატფორმაზე, სოციალურ-ქსელებში ანდა გარკვეული მედიასაშუალების გვერდზე] იმ საფუძვლით უნდა ყოფილიყო დაუშვებელი, რომ მათი მოპოვების წესი იყო დარღვეული.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაშინ როდესაც მზია ამაღლობელის საქმეზე ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ პროკურატურას დაუკმაყოფილა და დაუშვებლად სცნო დაცვის მხარის მიერ დათვალიერების გზით მოპოვებული მტკიცებულები.

კერძოდ, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განჩინებაში განმარტავს, რომ „2025 წლის 05 თებერვალს myvideo-ს საიტის, 12 თებერვალს, 23 თებერვალს და 24 თებერვალს youtube-ის დათვალიერებისას მოპოვებული ვიდეოფაილები, გადმოწერილი კომპიუტერში და ჩაწერილი ლაზერულ დისკებზე და შემდეგ თანდართული დათვალიერების ოქმებზე წარმოადგენს კომპიუტერულ სისტემაში არსებულ მონაცემებს, რომლის გამოთხოვის, მოპოვების და არა დათვალიერებით მიღების წესი გათვალისწინებულია სსსკ-ის 136-ე მუხლის დებულებებით.

დაცვის მხარეს ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით ჰქონდა განჩინების მოპოვების შესაძლებლობა, რაც მას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ განუხორციელებია. თუმცა კანონი მხარეს აძლევს უფლებას საქართველოს სსკ-ის 125-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებით მოიპოვოს სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ანუ ჩატარებულ იქნას და დათვალიერებულ იქნას ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რაც მოცემულ შემთხვევაში დათვალიერების ოქმების შედგენისას დაცულია და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაცვის მხარემ კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაატარა, თუმცა იმდენად რამდენადაც, საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომპიუტერულ სისტემაში დაცული იყო კომპიუტერული მონაცემების სახით, ადვოკატების მიერ ლაზერულ დისკზე ჩაწერა და შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე დართვა სცდება დათვალიერების მიზანს და ეწინააღმდეგება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში დათვალიერება გადაიზარდა ინფორმაციის გამოთხოვაში.

„მართალია, რომ სხვადასხვა მოსამართლეს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული სამართლებრივი შეხედულებები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, თუმცა ცალსახაა, რომ აქტივისტების საქმეებზე მოსამართლეების გადაწყვეტილებები ყოველთვის აქტივისტების წინააღმდეგაა მიმართული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ საქმეებში პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივები იკვეთება.

საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოგვიანებით შეცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასაშვებად სცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ზემოთ ხსენებული ვიდეომტკიცებულებები“ – წერს საია.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. თუ ბრალების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას.

არცერთ ბრალდებულთან მიმართებით სასამართლოს არ მიუჩნევია, რომ არსებობდა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი და ყველა საქმე გადასცა არსებითად განსახილველად.

  • პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი

ყველა წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც შეეხებოდა აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს და ბრალდებულები პატიმრობაში იმყოფებოდნენ, მოსამართლეებმა ისინი პატიმრობის გადასინჯვისას კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ქვეშ დატოვეს.

ერთადერთი საქმე, რომელში ბრალდებულების ნაწილსაც მოსამართლემ პატიმრობა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეუცვალა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და სტუდენტების საქმეა.

ოთხი ბრალდებულის მიმართ პირველი წარდგენის სხდომაზე გამოყენებული პატიმრობა სასამართლომ გირაოთი შეცვლა დაზარალებულების განცხადების საფუძველზე, რომელთაც თავად მიმართეს პროკურატურას ბრალდებულთათვის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თაობაზე. 

ყურადსაღებია, რომ სასამართლო არ ითვალისწინებს იმ ახალ გარემოებას, რომ ამ საქმეებზე დასრულდა გამოძიება, მტკიცებულებები სასამართლოშია წარდგენილი და აღარ არსებობს მათი მოპოვებისათვის ხელშეშლის რისკები. ამასთან სასამართლო მხედველობაში არ იღებს ინდივიდუალურ გარემოებებს და ბრალდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს, მათ საქმიანობას, ასაკს, ნაწილი მათგანი არიან სტუდენტები, ოჯახურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, იმას რომ ამ საქმეებზე ბრალდებულ პირთა უმეტესობა გამოირჩევა აბსოლუტურად სუფთა წარსულით, ადმინისტარციულ სახდელდებულნიც კი არ არიან.

სასამართლომ ჯამში 40 ბრალდებულიდან ვერც ერთის მიმართ ვერ დაინახა პატიმრობის გაუქმებისა და მათთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების რისკები. მაშინ, როდესაც დაცვის მხარის არაერთი წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ნებისმიერი დამატებითი ვალდებულების გამოყენებას, იქნებოდა ეს ელექტრონული მონიტორინგი, კონკრეტული ტერიტორიის დაუტოვებლობა თუ სხვა ნებისმიერი ვალდებულება, რასაც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევდა და რომელსაც ძირითად აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად შეეძლო გაენეიტრალებინა ყოველგვარი რისკი.

  • საჯაროობის პრინციპის უგულებელყოფა

თერთმეტპირიან საქმეზე, ბრალდებულების: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯამბურიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის წინასასამართლო სხდომაზე, რომელთაც ბრალდება სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სასამართლო სხდომა 2025 წლის 5 მარტს ნაწილობრივ დახურა.

საია წერს, რომ მართალია, მოსამართლე უფლებამოსილია წესრიგის დაცვის მიზნით, საკუთარი ინიციატივით ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სასამართლო სხდომა, თუმცა მხედველობაში უნდა მიიღოს საჯაროობის პრინციპი და საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესი. მოსამართლემ შემდგომ, 10 მარტის და 13 მარტის სხდომებზეც მხოლოდ მედიის წარმომადგენლები დაუშვა და პროცესზე დასწრება შეუზღუდა საიას წარმომადგენელს, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე მოსამართლის წინაშე დაცვის მხარემაც იშუამდგომლა.

სადამკვირვებლო მისიებთან ერთად პროცესზე მოსამართლემ არ დაუშვა სახალხო დამცველის და საელჩოების წარმომადგენლებიც.

საია წერს, რომ 14 წელია ახორციელებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს და ამ ხნის განმავლობაში არასდროს გამოვლენილა ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევა. მოსამართლის გადაწყვეტილებით უფლებადაცვით ორგანიზაციას დაუსაბუთებლად შეეზღუდა სასამართლო სხდომაზე დაკვირვება. აღნიშნული კი კონკრეტული მოსამართლის მიერ სასამართლოს დისკრეციის თვითნებური და საჯაროობის პრინციპის საწინააღმდეგო გამოყენებაა.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადება ელჩების სასამართლო სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით და მას შემდგომ მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც სასამართლო სხდომებზე მედიის წვდომის შეზღუდვას და სისხლის სამართლის საქმეებზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის ინიციატივაა.

საია საგანგაშოდ აფასებს ყოველგვარ მცდელობას შეიზღუდოს საჯაროობა სისხლის სამართლის სხდომებზე:

„ამასთან, ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ეტაპისთვის ისედაც პრობლემურია ინტერნეტ-მედიების მიერ სასამართლო სხდომების გაშუქება, რაც „საინფორმაციო ქსელების ცენტრს“ საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, სადაც მის ინტერესებს საია წარმოადგენს. კერძოდ, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონი სასამართლო პროცესის გადაღების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. იმ შემთხვევაში თუ, ეს უკანასკნელი არ გამოხატავს ინტერესს, სასამართლო პროცესის გადაღების უფლება ენიჭება საერთო საეთერო მაუწყებელს [ტელევიზია და რადიო, რომელსაც გააჩნია საინფორმაციო პროგრამები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემები].

თუ პროცესის გადაღების სურვილს რამდენიმე საერთო მაუწყებელი გამოთქვამს, მაშინ წილისყრით შეირჩევა ის საერთო საეთერო მაუწყებელი, რომელსაც სასამართლო პროცესის გადაღების უფლება ექნება. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისე საერთო მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, მათ მიერ გადაღებული ვიდეომასალა მიაწოდონ სხვა მედია საშუალებას. არსებული რეგულაციის მიხედვით, კონკრეტული პროცესის გადაღების მიმართ საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო საეთერო მაუწყებლების ინტერესის არარსებობის პირობებშიც, ინტერნეტ და ბეჭდურ მედიას არ აქვს სასამართლო პროცესის გადაღების შესაძლებლობა“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: