მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ხანდაზმულებზე ძალადობა – პრობლემა, რომელზე საუბარსაც თავს არიდებენ

15.06.2021 • 1778
ხანდაზმულებზე ძალადობა – პრობლემა, რომელზე საუბარსაც თავს არიდებენ

დღეს, 15 ივნისს, ხანდაზმულებზე ძალადობის შემეცნების მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს გლობალური სოციალური პრობლემაა, რომელიც მილიონობით ასაკოვანი ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს აქვეითებს.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, მოხუცებზე ძალადობა ხშირად ტაბუდადებული თემაა, თუმცა ცალკეული გახმაურებული შემთხვევები და პოლიციის მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა მოწმობს, რომ მოხუცებზე ძალადობა კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა.

მოხუცებზე ძალადობაში მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ იგულისხმება, ოჯახში ძალადობას შესაძლოა ჰქონდეს ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ხასიათი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში წერს, რომ საქართველოში ხანდაზმულები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და სიღარიბის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. ისინი ხშირად დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებასა და პენსიაზე, ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში.

„სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზით დგინდება, რომ წლების განმავლობაში უცვლელი და სისტემური ხასიათის პრობლემები დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიცაა თავად მსხვერპლთა მხრიდან ძალადობის ფაქტის აღქმა, შესაბამისი უწყებებისადმი ძალადობის მსხვერპლთა დაბალი მიმართვიანობა, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ფსიქოსოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების არარსებობა. სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემურია მათი ხანგრძლივად დაცვა ძალადობისგან და დახმარების სერვისების ამოქმედება” – წერს ჯანმო.

სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში წლებია მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის ერთიან სტატისტიკას აწარმოებს, რაც, ბუნებრივია, ვერ ასახავს უშუალოდ ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ზუსტ მონაცემებს. სიახლეა ის, რომ 2021 წლიდან შსს-მ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ასაკის თვლისას 45-60 და 61 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობას ცალკე ითვლის.

2021 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის სტატისტიკაში 61 წელს გადაცილებული 120 მსხვერპლი დააფიქსირა, მათგან 41 კაცი და 79 ქალია.

შსს-ს მონაცემების მიხედვით მოძალადეთა უმრავლესობა კაცია, კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აპრილში ოჯახში მომხდარი ძალადობის შემთხვევებში მოძალადე 567 შემთხვევაში იყო კაცი და 153 ქალი. რაც შეეხება მოძალადეთა ასაკს, ყველაზე ხშირად ეს 25-დან 44 წლამდე ადამიანები არიან.

შსს-ს მონაცემები

ჯანმო: მიუხედავად იმისა, რომ მოხუცებისადმი ცუდად მოპყრობის მასშტაბები უცნობია, ამ საკითხის სოციალური და მორალური მნიშვნელობა აშკარაა. არსებითად, ეს საკითხი მოითხოვს გლობალურ მრავალწახნაგოვან საპასუხო ზომებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება მოხუცი ადამიანების უფლებების დაცვაზე.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პერსპექტივის მიხედვით, სანამ პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორები არ იქნება კარგად აღჭურვილი ამ პრობლემების ამოსაცნობად და გადასაჭრელად, მოხუცთა ძალადობა კვლავ იქნება ნაკლებად გამოვლენილი და ნაკლებად ფოკუსირებული.

ამავე თემაზე:

მოძალადე შვილისგან გამოქცეული 92 წლის მამის ერთი წელი თავშესაფრის ძიებაში

გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: