მთავარი,სიახლეები

ბავშვების სიღარიბე 6%-ით გაიზარდა, 369 924 ბავშვი საარსებო შემწეობას ითხოვს – ომბუდსმენი

03.04.2025
ბავშვების სიღარიბე 6%-ით გაიზარდა, 369 924 ბავშვი საარსებო შემწეობას ითხოვს – ომბუდსმენი

2024 წელს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6,51%-ით გაიზარდა – ამის შესახებ სახალხო დამცველის ახალ საპარლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ.

სახალხო დამცველი ბავშვთა სიღარიბეზე წერს, რომ ომბუდსმენის აპარატის მიერ ბავშვის შესაძლო უფლებათა დარღვევის შესწავლილი საქმეებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი, 2024 წელსაც, სწორედ ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სიღარიბესა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულია 18 წლამდე ასაკის 369,924 ბავშვი, აქედან საარსებო შემწეობას იღებს – 270,712.

აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, იმ ოჯახების რიცხვი, სადაც ერთი არასრულწლოვანი მაინც ირიცხება, 125,743-ს გაუტოლდა, ხოლო ბაზაში 2024 წლის განმავლობაში პირველად დარეგისტრირდა 34,758 18 წლამდე ასაკის ბავშვი. ასევე, პირველად რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთი ბავშვი მაინც არის, 20,368-ს შეადგენს. ამასთანავე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩაერთო 4161 ოჯახი“ – წერს სახალხო დამცველი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრალური პროგრამების გარდა, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახები მუნიციპალურ დონეზეც ჩართულნი არიან სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში, თუმცა, მიუხედავად ამ დახმარებებისა, სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანაში მოქმედი მიზნობრივი სოციალური დაცვის ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამები სრულფასოვნად ვერ პასუხობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ბავშვების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, განვითარებასა და სიცოცხლეს.

„გარდა ამისა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, გამოწვევად რჩება მშობლებისა და მათზე მზრუნველი პირების უნარ-ჩვევების განვითარება, ოჯახების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მექანიზმების დანერგვა და ეფექტიანი სოციალური მუშაობის წარმართვა“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: