საქართველოში 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის განხორციელების/შესრულების პროცესი, გასული წლების ანალოგიურად, მნიშვნელოვანი შეფერხებებით წარიმართა – ამას საქართველოს სახალხო დამცველის უახლესი ანგარიშიც მოწმობს, რომელიც გასული წლის პერიოდში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას მიმოიხილავს.
„არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები. მიუხედავად კანონმდებლობით მკაფიოდ განსაზღვრული უფლებისა, ნებაყოფლობითი სტატუსის მქონე პაციენტები საკუთარი ნებით სტაციონარს ვერ ტოვებენ.
კვლავ პრობლემურია ფსიქიკური დაწესებულებების გადატვირთულობა და სიმჭიდროვე. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.
წლებია, გადაუჭრელ პრობლემად რჩება დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ეს აქტუალური საკითხია როგორც ფსიქიატრიული დაწესებულებების, ისე შშმ პირთა დაწესებულებების შემთხვევაში.
კერძოდ, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია.
პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ.
აუცილებელია გაიზარდოს სათემო სერვისების რიცხვი და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. სამწუხაროდ, კვლავ არ შემუშავებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები არ არიან სრულად დაცულნი ძალადობისგან.
„სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მყოფი პაციენტის განცხადებით, დაწესებულების დაცვის თანამშრომელმა მას სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, როდესაც ის კარს ხელებს ურტყამდა და სახლში წასვლას ითხოვდა. პაციენტები კვლავ საუბრობდნენ პერსონალის მხრიდან უხეშ და ხმამაღალ მიმართვაზე. ასევე, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს პაციენტების დაშინებას და ინექციებით მუქარას.
მაგალითად, ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში მიღებული ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გამოიძახეს და ადგილზე გამოცხადდა იმ მიზნით, რომ პაციენტი შეეშინებინათ და ინექცია პოლიციის თანამშრომლის შიშით გაეკეთებინა“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, 2022 წელს დამტკიცებული სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების შუალედური შეფასება 2024 წლის მდგომარეობით, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან შესაბამისი ინდიკატორებით გათვალისწინებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევებში არ გროვდება.
სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი ცხადყოფს, რომ საანგარიშო პერიოდში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განვითარება – გეგმის გვერდის ავლით წარიმართა. მათ შორის – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის, მხარდაჭერისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, არ განხორციელებულა სამოქმედო დოკუმენტით გათვალისწინებული არცერთი აქტივობა.
„არ შექმნილა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები და საკონსულტაციო სამსახურები, არ შეფასებულა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა საჭიროებები და არც ზრუნვის სისტემა გაფართოებულა, არ განხორციელებულა ბავშვთა და მოზარდთა ადიქციის პრევენციული პროგრამები, ზოგადი პროფილის საავადმყოფოში არ შექმნილა ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი 3-4 საწოლიანი კრიზისული განყოფილებები“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
ამ ეტაპზე, ტელეფსიქიატრიისა და ტელეკონსულტაციების სისტემა დანერგილი არ არის. კვლავ არ შემუშავებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ნარკოლოგიური პრობლემების მქონე პირთა ინტეგრირების მიზნით და ამოცანა 2024 წლისთვის შეუსრულებელი რჩება.
ანგარიშში არ მოხვდა „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წლის მარტის თვეში დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის, სისხლის სამართლის სასჯელად სავალდებულო მკურნალობის არაეთიკურ პრაქტიკის შემოღებას მოიცავს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აქტივობები პრაქტიკულად არ განხორციელებულა არც ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით – „მათ შორის, არ შემუშავებულა ფსიქიატრიული სფეროს ექთნებისა და მათი თანაშემწეებისთვის ტრენინგის სტანდარტული კურსი, არ მომხდარა კლინიკური ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების პროფესიის რეგულირება…
გარდა ამისა, არ შექმნილა ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მონიტორინგის ჯგუფი; მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი არ გაუმჯობესებულა“.
სახალხო დამცველის ძველ ანგარიშებშიც, სწორედ სისტემური პრობლემებია მიიჩნევა ძირითად მიზეზად, რის გამოც გამო საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა ვერ უმჯობესდება.
გასულ წელს სახალხო დამცველის აპარატი იუწყებოდა, რომ საქართველოში კვლავ მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი. დაწესებულებების დიდ ნაწილში იკვეთება მძიმე თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რაც არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და პაციენტთა ღირსეული მკურნალობის პირობებს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები.
ამავე თემაზე:
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებზე კვლავ ძალადობენ – სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში






