მთავარი,სიახლეები

„უთავდებათ საკვები და მივდივართ ამ ოჯახებთან“ – როგორ მუშაობენ მოხალისეები გურიაში

27.02.2025 •
„უთავდებათ საკვები და მივდივართ ამ ოჯახებთან“ – როგორ მუშაობენ მოხალისეები გურიაში

გურიაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს მეექვსე დღეა ებრძვიან. მოქალაქეებს ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოხალისეები ეხმარებიან.

„ბათუმელები“ რამდენიმე მოხალისეს დაუკავშირდა, რომლებიც დღეს, 27 თებერვალს, გურიაში არიან მოსახლეობის დასახმარებლად ჩასული. მოხალისეების უმრავლესობას აქვს სხვადასხვა სპორტული გამოცდილება.

„მოვახერხეთ და ამოვედით ტრაქტორით. სამწუხაროდ, ყველაფერი ცენტრში დავტოვეთ, იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა არაფრის წამოღებას. ახლა გზა გავიყვანეთ და „ოფროუდის“ [ექსტრემალ ავტომრბოლელთა სპორტული კლუბი] ბიჭები მოაწვდიან ნელ-ნელა ადგილობრივებს“, – უთხრა „ბათუმელებს” ვაკო ხუნდაძემ.

ვაკო ახლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთშია და სოფელ კალაგონის მიმართულებით ცდილობს გზის გაწმენდას სხვა მოხალისეებთან ერთად.

„გუშინ გვიან ღამე ჩამოვედით. ღამის პირველი საათის მერე ვცდილობთ რამდენიმე მიმართულებით გასვლას. ღამის ხუთ საათამდე „ოფროუდის“ ბიჭები ცდილობდნენ ამოსვლას. ვერ ამოვიდა ვერც ერთი დიდი გამავლობის მანქანა.

არის ადგილები, სადაც თოვლის საფარი 2,5-3 მეტრია… ზემოხეთში გუშინდელი ღამიდან ვცდილობთ ასვლას და ძლივს მოვახერხეთ. ავედით ნახევარი გზა ზემოხეთის მიმართულებით და გავწმინდეთ გზა, მაგრამ სამწუხაროდ, მეტს ვეღარ მივდივართ.

კალაგონის მიმართულებით ახლა ვიწყებთ გაწმენდას, შეთანხმებული ვართ მძიმე ტექნიკის ნაწილში და ვნახოთ, იქნებ როგორმე ავიდეთ.

კალაგონში შვიდი მოსახლეა ჩარჩენილი და აუცილებლად უნდა მოვახერხოთ როგორმე ასვლა. სავარაუდოდ ავალთ გვიან, ღამე”- გვეუბნება ვაკო ხუნდაძე.

სოფელი ზემოხეთი. ფოტო: ვაკო ხუნდაძე

იგი ამბობს, რომ ზემოხეთში ცხოვრობს მოსახლე, რომელსაც ინსულტი აქვს გადატანილი და უკვე რამდენიმე თვეა ლოგინადაა. ვაკო ამ ოჯახს პირად იცნობს და მისი თქმით, მოქალაქეს საჭირო წამლებს მალე მიაწვდიან.

მოხალისე ამბობს, რომ სოფელ სერში გასვენებაა და ამიტომ ამ სოფელშიც აუცილებელია გზის გაწმენდა:

„სამწუხაროდ, მოხალისეების რაოდენობა ჩვენთან არ არის საკმარისი, მდგომარეობა კი ნამდვილად კრიტიკულია. ხალხი დახმარებას ითხოვს. არის სოფლები, სადაც შეშა არ აქვს ზოგ ოჯახს. მწვავედ დგას მედიკამენტების პრობლემა.

სოფელ კოხნარის გადმოსასვლელი კატასტროფულ დღეშია, მაღალი გამავლობის მანქანა თუ არ არის, ვერ ამოვა, გამორიცხულია… ბევრი ლოკაციაა, სადაც პრობლემაა, ტრაქტორი ვეღარ ახერხებს მისვლას და ფეხით გადავადგილდებით”, – ამბობს ვაკო.

გურიაში მოქალაქეების დასახმარებლად მოხალისეები ბათუმიდანაც წავიდნენ. ერთ-ერთი მათგანს, გიორგი წეროძეს „ბათუმელები“ დღეს, იმ დროს ესაუბრა, როცა ის სხვა მოხალისეებთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში მიდიოდა:

„აქ არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია, როგორც სოციალური ქსელებიდან ვიცით, კრიტიკული. მივალთ ადგილზე და გადავამოწმებთ რა ხდება.

ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ოჯახი არის ჩარჩენილი, უთავდებათ საკვები და მივდივართ ამ ოჯახებთან. რაღაც ეტაპზე მოგვიწევს ფეხით გადაადგილება, რადგან ვერ მივა მანქანა”, – ამბობს გიორგი.

როგორც მან “ბათუმელებს” უთხრა, პრიორიტეტულია იმ ოჯახებთან მისვლა, ვინც კავშირზე არ იყვნენ ამ დღეების განმავლობაში, რათა გადამოწმდეს, რაიმე ხომ არ უჭირთ.

მოხალისეები გზის გაგრძელებას ცდილობენ გაუვალ ადგილში. ფოტო: გიორგი წეროძე

„ამ დრომდე ვიყავით შრომაში, ჯურუყვეთში, ნინოშვილში, გულიანში, აგარაკში და ჯუმათში. ამ სოფლებში უკვე მაღალი გამავლობის მანქანით მისვლა შესაძლებელია, თუმცა მანქანა შედის შიდა სასოფლო გზაზე და სახლებამდე მისასვლელი გზები უკვე აღარ არის მისავალი. ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ, არ არის ამ რაოდენობის ტექნიკა და მაგიტომ.

შესაბამისად, არის სახლები, რომლებიც არის მოწყვეტილი გარე სამყაროს, რადგან პირობითად, ცხოვრობენ მოხუცი ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ნიჩბებით გაწმინდონ სახლიდან გასასვლელი გზა.

ასეთ ადამიანებთან მივდივართ, მიგვაქვს პროდუქტები, მედიკამენტები, ბავშვები თუ ჰყავთ – ბავშვთა საკვები, ჰიგიენური საშუალებები და ა. შ. ფეხით მივდივართ მოქალაქეებამდე…”, – გვითხრა გიორგი წეროძემ. მისი თქმით, ამ დრომდე ორმოცამდე ოჯახთან მივიდნენ და მიუტანეს საჭირო ნივთები.

„გუშინ შევუერთდით ჩვენ მეგობრებს შრომაში. ძირითადი საჭიროებაა წამლების, რადგან ბევრი ადამიანია ავად. ჩვენიც პრიორიტეტიც ეს არის, წამლების დროზე მიტანა მოსახლეობისთვის. წინასწარ გვაწვდიან ინფორმაციას მოქალაქეები რა წამლები სჭირდებათ და შემდეგ უკვე, რაც საჭიროა, იმ წამლებს ვურიგებთ.

ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას წამლებით. ახლა სოფელ ბაღლეფში ვარ. სოფლის ცენტრი გასუფთავებულია, მაგრამ შიდა გზებია კიდევ, სადაც გაკვალულიც კი არ არის გზა და ბევრად მძიმე სიტუაციაა”, – ამბობს ბექა ბოლქვაძე, კიდევ ერთი მოხალისე ბათუმიდან.

სოფელი ბაღლეფი. ფოტო: ბექა ბოლქვაძე

მისი თქმით, ლანჩხუთიდან ჩოხატაურში გადასასვლელი გზაც გაუწმენდავია:

„ოზურგეთში უნდა შეხვიდე, ოზურგეთიდან გადახვიდე ჩოხატაურში. ამინდი გამოვიდა, ახლა შედარებით უკვე გამარტივდება გზების გაწმენდა და იმედია, ტრანსპორტიც შემოვა.

მოხალისეებს გვიწევს შიშველი ხელებით გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. უნდა დავძლიოთ ყველა სირთულე. ახლა მე და გიორგი მეგრელიძე ვართ მარტო. ჩვენ გვაქვს ზამთრის ლაშქრობის დიდი გამოცდილება და სპეციალური აღჭურვილობა. სპეციალური თხილამურები გვაქვს თოვლის, რითაც გვიმარტივდება გადაადგილება თოვლში მივდივართ ისეთ კრიტიკულ ლოკაციებზე, სადაც მანქანით და ფეხით ვერ მიდიან” – გვიყვება ბექა.

ბექამ და გიორგიმ ახლახან მოინახულეს ქალი სოფელ ბაღლეფში, რომელიც 3 კატასთან და ერთ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. მოხალისეებმა მოქალაქეს საჭირო მედიკამენტები მიუტანეს.

ბექა და გიორგი მოქალაქესთან სოფელ ბეღლეფში

ამავე თემაზე:

ბათუმში გაიხსნა შტაბი გურიასა და აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: