მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებზე კვლავ ძალადობენ – სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში

10.10.2024 •
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებზე კვლავ ძალადობენ – სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში

დღეს, 10 ოქტომბერს, მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი კამპანიის თემაა სტიგმა და დისკრიმინაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ. თუმცა საქართველოში, ამ პრობლემაზე მწვავედ დგას წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემები.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, სწორედ სისტემური პრობლემებია, რაც არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას საქართველოში:

„ამ დრომდე მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი, რაც პირდაპირ კავშირშია საწოლ ფონდის დეფიციტთან და თანამედროვე თემზე დაფუძნებული სერვისების ნაკლებობასთან. 

არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ დაწესებულებების დიდ ნაწილში გამოკვეთილი მძიმე თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რაც არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და პაციენტთა ღირსეული მკურნალობის პირობებს. თემზე დაფუძნებული ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისები გეოგრაფიულად არათანაბრადაა განაწილებული და სრულად ვერ ფარავს შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირს” – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები:

არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები. მიუხედავად კანონმდებლობით მკაფიოდ განსაზღვრული უფლებისა, ნებაყოფლობითი სტატუსის მქონე პაციენტები საკუთარი ნებით სტაციონარს ვერ ტოვებენ. ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს არ
შეესაბამება.

„ბენეფიციარებისთვის დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვები შესაძლოა, არასათანადო მოპყრობას გაუტოლდეს. გამოწვევაა ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენება და გვერდითი ეფექტების მართვა; გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ერთიანი სტატისტიკის წარმოება“, – წერია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშის მიმოხილვაში, რომელიც 2024 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა.

გთავაზობთ სახალხო დამცველის ანგარიშებში გამოყენებულ რამდენიმე ფოტოს, საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი| თბილისი | 2024 წელი:

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი | 2023 წელი:

 


მთავარ ფოტოზე: თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი. 2023 წელი

ამავე თემაზე:

პროგრამაში ჩართული კლინიკებიდან მხოლოდ 6-ს აქვს პროტოკოლები – აუდიტი ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროზე

როგორ მკურნალობენ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებს – „მაღალი ხარისხის წამლები არ შემოდის“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: