საქართველოში ხანდაზმულ ადამიანებში [65+] საკმაოდ მაღალია სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი, ამას სახალხო დამცველის აპარატის უახლესი ანგარიშიც ადასტურებს და ხანდაზმულებს მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიაკუთვნებს.
ანგარიშში განხილულია საქართველოში ხანდაზმული ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და სისტემური ხარვეზები, რომლებიც ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უშლის ხელს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ხანდაზმულთა ზრუნვის დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმებებისა და გავრცელებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა ხანდაზმულთა სადღეღამისო დაწესებულებებში ხანდაზმულთა მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.
აქვე ვკითხულობთ, რომ საქართველოში ხანდაზმულთა სადღეღამისო კერძო დაწესებულებებსა და ე. წ. პალიატიურ ჰოსპისებში (სადაც ძირითადად თვითმოვლის უნარის არმქონე პირები, მათ შორის, ხანდაზმულები იმყოფებიან) არ ხორციელდება სახელმწიფო ზედამხედველობა.
„იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული პანსიონატებისა და სათემო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები ავლენს მრავალ მნიშვნელოვან ხარვეზს მომსახურების ხარისხისა და უფლებების დაცვის კუთხით, კერძო დაწესებულებებში ასეთი მონიტორინგის ჩატარება კიდევ უფრო საჭიროა, რადგან კერძო დაწესებულებებში დადგენილი სტანდარტების დაუცველად ხდება ზრუნვის სერვისის მიწოდება და მინდობილია პერსონალისა და დაწესებულების ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერებაზე, რაც ხანდაზმულთა უფლებების დარღვევის დამატებით რისკებს წარმოშობს“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
სახალხო დამცველის აპარატისთვის გასულ წელს ცნობილი გახდა კერძო დაწესებულებებში ხანდაზმულთა სავარაუდო უფლებების დარღვევის ორი ფაქტის შესახებ. თუმცა სახალხო დამცველის მიმართვაზე, როგორც სსიპ ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, ისე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოკლებულნი არიან შესაძლებლობას განახორციელონ მონიტორინგი იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ არიან დარეგისტრირებულნი მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებად.
სახალხო დამცველის აპარატს ასევე ეცნობა არაერთ პალიატიურ ჰოსპისში შესაძლო უფლებადარღვევების თაობაზე, თუმცა საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ ტიპის დაწესებულებების მონიტორინგს სახელმწიფო არ ატარებს. კერძოდ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო „მოკლებულია შესაძლებლობას კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ზემოაღნიშნული დაწესებულება, ვინაიდან პალიატიური ჰოსპისი არ არის სამედიცინო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულება“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში, 61+ ასაკის 1,158 მსხვერპლია გამოვლენილი, აქედან უმრავლესობა – 860 ქალია [ამასთანავე, 21 მდედრობითი 61+ ასაკის მსხვერპლია გამოვლენილი სქესის ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკით].
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2024 წელს სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების უმრავლესობამ ვერ შეძლო პასიური საარჩევნო უფლების რეალიზება.
შშმ პირთა და ხანდაზმულთა „სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული მომსახურების მიმღები 769 პირიდან 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 76 შშმ პირმა და ხანდაზმულმა. საყურადღებოა, რომ იმ პირთაგან, რომელთაც ვერ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, 172 პირი საერთოდ არ არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რაც მათი პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვაა.
ამავე თემაზე:
ხანდაზმულებზე ძალადობა – პრობლემა, რომელზე საუბარსაც თავს არიდებენ
______________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან