მთავარი,სიახლეები

დემონსტრანტების ცემა სახეში ფეხით, სექსუალური ძალადობის მუქარა და სხვა – რა წერია ახალ ანგარიშში

02.04.2025
დემონსტრანტების ცემა სახეში ფეხით, სექსუალური ძალადობის მუქარა და სხვა – რა წერია ახალ ანგარიშში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, არასათანადო მოპყრობისა და უფლებების დარღვევების საგანგაშო ქცევის მოდელებს განიხილავს.

საიას ცნობით, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციამ (OMCT), წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსთან (IRCT) და დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან (IFEG) ერთად, 2024 წლის 17-24 დეკემბერს თბილისში ჩაატარა ფაქტების დამდგენი მისია.

მისია განხორციელდა Omega Research Foundation-ის და ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების, მათ შორის, საიას, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრისა და ადამიანის უფლებების ცენტრის მხარდაჭერით.

ანგარიში ეყრდნობა აღნიშნული მისიის ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებს და მომზადებულია OMCT-ის, Omega Research Foundation-ის, საიას, GCRT-ისან და PHR-ის მიერ.

ანგარიშში დოკუმენტირებულია საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული ძალადობრივი ტაქტიკები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ბუნების მიუხედავად, საპოლიციო ძალები, ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, რეგულარულად არბევდნენ აქციებს, რისთვისაც ინტენსიურად იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებსა და ნაკლებად ლეტალურ იარაღს, როგორიცაა: წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ქიმიური გამაღიზიანებლები იყო შერეული. 

სპეციალური დანიშნულებს რაზმი, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მხარდაჭერით, იყენებდა უკიდურეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც  მოიცავდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა:

ხანგრძლივი ცემა სახის არეში სპეციალური ხელთათმანით და ფეხით; ე.წ. „ცემის კორიდორებში“ გატარება; სტრესულ პოზიციაში მოთავსება; სამედიცინო დახმარებაზე უარი; მკვლელობისა და სექსუალური ძალადობის მუქარა. აღნიშნული ტიპის ძალადობა გამოიყენებოდა განურჩევლად, მათ შორის ბავშვებისა და შშმ პირების მიმართ. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შესწავლილი მტკიცებულებების მიხედვით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა იყო სისტემატური, ხოლო ძალადობაში მონაწილე პოლიციელები აღნიშნულს ქმედებებს ზემდგომთა დავალებით ახორციელებდნენ.

ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული უსაფუძვლო დაკავების პრაქტიკაზე, თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე, ეფექტიანი გამოძიების არარსებობაზე და რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს და მისი სპეციალური პროცედურების მიმართ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიმართ და ეუთოსა და გაეროს წევრი სახელმწიფოების მიმართ. ანგარიში, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, მოუწოდებს მათ:

  • მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად დაგმონ  წამების და არასათანადო მოპყრობის სისტემატური პრაქტიკა, პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნა და სხვა უკანონო ქმედებები;
  •  გამოიყენონ რეგიონული და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები. მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ აქტიური მონიტორინგი გაუწიოს არსებულ სიტუაციას. ასევე, გამოიყენონ ისეთი საგამოძიებო მექანიზმები, როგორიცაა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი;
  • დაესწრონ აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების პროცესებს, რათა შეაფასონ სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამოხატონ სოლიდარობა და საერთაშორისო ყურადღება მიაპყრონ მათ საქმეებს, რამაც შესაძლოა სახელმწიფოს ხელი ააღებინოს მათი უფლებების დარღვევებზე;
  • მხარი დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც უფლებების დარღვევების დოკუმენტირებაში და ასახვაში, მსხვერპლების რეაბილიტაციაში, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებაში მონაწილეობენ; მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად დაგმონ მათი საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობები, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და რეპრესიული კანონმდებლობა;
  • განიხილონ ტარგეტირებული, ინდივიდუალური სანქციების დაწესება ადამიანის უფლებების დარღვევებში ჩართულ მაღალი თანამდებობის პირებისთვის.

_______________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში, 2024 წლის 3 დეკემბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: