ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 აპრილს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. სტუდენტები ფაკულტეტების თვითმმართველობის ახალ წევრებს აირჩევენ.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია 24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.
არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირება შეეძლო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, გარდა ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტისა.
თვითმმართველობის არჩევნები ორეტაპიანია: პირველ ეტაპზე ბსუ-ში არსებული 7 ფაკულტეტიდან 108 წევრი უნდა აირჩიონ. შემდეგ არჩეული წევრები მოიწვევენ საერთო კრებას, რომელ კრებაზეც საკუთარი რიგებიდან თვითმმართველობის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
იმისათვის, რომ სტუდენტი თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატი გახდეს, მას მხარი თვითმმართველობის წევრთა 1/3-მა უნდა დაუჭიროს, ხოლო თავმჯდომარე ის გახდება, ვისაც წევრთა უმრავლესობა მისცემს ხმას.
ფაკულტეტების მიხედვით თვითმმართველობაში ასარჩევ სტუდენტთა კვოტა ასეთია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 26 სტუდენტი; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კვოტა – 12 სტუდენტი; იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 13 სტუდენტი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი – 23 სტუდენტი; ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი – 17 სტუდენტი; ტურიზმის ფაკულტეტი – 6 სტუდენტი; ტექნოლოგიური ფაკულტეტის კვოტა – 11 სტუდენტი.
ბსუ-დან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი დელეგატობის მსურველმა 159-მა სტუდენტმა შეიტანა.
განაცხადების გადარჩევის შემდეგ კი საბოლოოდ ბსუ-ს 155 სტუდენტი დარეგისტრირდა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის და ფაკულტეტის საბჭოს წევრი გახდება არჩევნებში მონაწილე საუკეთესო კანდიდატი.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა უფლებამოსილების ვადა 2 წლით განისაზღვრება.






