სარფში მებაჟეებმა ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები ამოიღეს

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე  ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის 81 ცალი ვაზნა იპოვეს, რომლებიც სალონში არსებულ სათავსოში ერთ შეკვრად იყო მოთავსებული.

უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

რუსეთი კიევს რაკეტებითა და დრონებით თავს დაესხა

13 ნოემბერს, ღამით და დილის საათებში, რუსეთის ჯარებმა დაიწყეს შეტევა კიევზე, ​ერთდროულად დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იყო ასეთი ტიპის პირველი თავდასხმა ბოლო 73 დღის განმავლობაში.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზე 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. რუსეთმა შეტევა დაიწყო დრონებით, პარალელურად კი  კიევის რეგიონის მიმართულებით შეტევა გაგრძელდა ჯერ ფრთოსანი, შემდეგ კი ბალისტიკური რაკეტებით.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რამდენიმე რაკეტა და ათამდე დრონი.

რუსეთის დარტყმის შედეგად კიევის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში ერთი ადამიანი დაიჭრა, ასევე, ხანძარი გაუჩნდა საწყობს.

რუსული თავდასხმის ფონზე „უკრენერგომ“ ბიზნეს და ინდუსტრიული მომხმარებლებისთვის დროებითი შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა, რომელიც კიევში დღეს, საღამომდე გაგრძელდება.

______________

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური/facebook

 

 

USAID-ის ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის – ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა სტუდენტობისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ადამიანის უფლებები ობიექტივში.

ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს. კონკურსის სამივე გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სასაჩუქრე ვაუჩერები:

I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ იმერეთის, აჭარის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში.

„კონკურსი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

კონკურსის პირობები:

  • ფოტოს გადაღება შესაძლებელია ციფრული ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით [ზომა: მინიმუმ 3 მეგაბაიტი];
  • ფოტოს შინაარსი უნდა  ეხებოდეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს;
  • გადმოცემული ამბავი ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის;
  • კონკურსანტს შეუძლია გამოაგზავნოს რამდენიმე ფოტო, თუმცა სხვადასხვა თემაზე;
  • არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სოციალურ ქსელში და/ან მედიასაშუალებაში;

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ფოტო მოიხსნება კონკურსიდან.

შეფასების კრიტერიუმები:

  • კონკურსის თემასთან და მიზანთან შესაბამისობა;
  • იდეის ორიგინალურობა;
  • კომპოზიციურად სწორი კადრი, ფერების კომბინაცია და შეხამება.

საუკეთესო ფოტოები განთავსდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ვებ და სოციალურ [Facebook, Instagram and Twitter] გვერდებზე.

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ნოემბერი.

დამატებითი დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ავარია ხელვაჩაურში – სამი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს

ავტოავარია მოხდა დღეს, 13 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

აჭარისაღმართის ასახვევთან ავარიაში მოყვა სამი ავტომობილი.

ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფი.

„ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს. ინფორმაცია განახლდება.

___________

ფოტო: „ბათუმელები“

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 714 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 770]
  • ტანკი – 9 300 ერთეული [+24]
  • ჯავშანტექნიკა – 18 896 ერთეული [+49]
  • საარტილერიო სისტემა – 20 408 ერთეული [+56]
  • MLRS – 1 249 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 996 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 798 ერთეული [+61]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 636 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 28 966 ერთეული [+96]
  • სპეცტექნიკა – 3 629 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 648 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 35 622 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 176 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 487 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 17 723 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 182 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი კიევს რაკეტებითა და დრონებით დაესხა თავს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქალების საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც თექის ფაჩუჩებს ამზადებენ

„სკოლის ფანჯრებიდან რომ გახედავ, თვალის გაწვდენაზე ჩანს რუსული საგუშაგოები. ბუნებრივია, აქ ცხოვრება რთულია,“ – ამბობს ნათია ქვრივიშვილი, მცირე მეწარმე, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში სახელოსნო აქვს და ტრადიციული ქართული მეთოდით თექისგან ფაჩუჩებს ამზადებს.

ნათიამ და მისმა დისშვილმა, ელენე ბლიაძემ კომპანია „ფაჩუჩი“ 2022 წელს დააფუძნეს. ისინი ქართული მატყლისგან 100 პროცენტით ნატურალურ ფაჩუჩებს ამზადებენ. მათი წარმოებული პროდუქტები ანტიალერგიული და გამძლეა.

ნათია ქვრივიშვილი და ელენე ბლიაძე
„სახელზე ერთ წელზე მეტი ვიფიქრეთ. უამრავი ვერსია გვქონდა და გადავწყვიტეთ ფაჩუჩი დაგვერქმია. ფაჩუჩი ესაა ოთახის უძირო ფეხსაცმელი. ლოგოც მთლიანად ჩვენი შექმნილია, ვისწავლეთ როგორ უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ფინანსები არ გვქონდა ვინმესთვის გადასახდელად. 

როცა სოციალურ მედიაში გვერდები გავაკეთეთ, თავიდანვე ძალიან კარგი შეფასებები გვქონდა. განსაკუთრებით გვახარებს უკან დაბრუნებული მომხმარებლები, რომლებიც ახალ მოდელებს ყიდულობენ“, – აღნიშნავს ელენე.

თექის ფაჩუჩი

საწარმოს დაფუძნებისას ნათია ქვრივიშვილს თექასთან მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. როგორც ის გვიყვება, 2008 წლის ომის დროს სოფლის დატოვება და თბილისში გადასვლა მოუწია:

„თბილისში ერთ-ერთ სახელოსნოში მოვხვდი, სადაც დევნილი ქალების დახმარების პროგრამა ხორციელდებოდა. იქ ვისწავლე თექაზე მუშაობა და ფაჩუჩების კეთება“ – ამბობს ნათია.

ფაჩუჩის დამზადების პროცესი

დირბში დაბრუნების შემდეგ მას დიდი სურვილი ჰქონდა, თექაზე მუშაობა სხვა ადგილობრივი ქალებისთვისაც ესწავლებინა, თუმცა სახელოსნოს გასაკეთებლად საკმარისი ფინანსური რესურსები არ ჰქონდა. ამ რთულ სიტუაციაში მას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარნენ.

„სოფელში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გავხსენით სახელოსნო. რთული პირობები იყო, მაგრამ სიხარულით ვმუშაობდით. 

თავდაპირველად ფონდმა „ტასომ“ გვიყიდა მასალა, შემდეგ ორგანიზაცია „ქეარი“ დაგვეხმარა. ათამდე ადგილობრივ ქალს და უფროსკლასელ გოგოებს შევასწავლე ეს საქმე და წლების განმავლობაში ვმუშაობდით. 

თუმცა შემდეგ ეს სახლი გაიყიდა და სახელოსნოს გარეშე დავრჩით. ეს გოგონებიც დაიფანტნენ და მე და ჩემი დისშვილი, ელენე დავრჩით. ჩვენს სახლში გავაგრძელეთ საქმიანობა“ – გვიყვება ნათია. 

2022 წელს ელენემ და ნათიამ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში გაიმარჯვეს და ეზოში არსებული ავტოფარეხი გაარემონტეს, სადაც სახელოსნო მოაწყვეს. მოგვიანებით, ელენემ „მერსი ქორფსის“ საგრანტო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და დონორმა მათ საწარმოო საშუალებები უყიდა.

„ჩემმა მეგობარმა იცოდა, რამდენად გვიჭირდა საქმიანობა, როგორ გვიჭირდა სახსრების მოძიება და ინვენტარიზაცია, მირჩია „მერსი ქორფსის“ საგრანტო პროგრამაში ჩართვა. ეს ჩემი დაწერილი პროექტი იყო და არ მეგონა, თუ გავიმარჯვებდი. 

გარდა დაფინანსებისა, პროგრამაში ჩართვა იმ მხრივაც იყო კარგი, რომ უამრავი ახალგაზრდა მეწარმე გავიცანი“, – გვიყვება ელენე ბლიაძე.

ფაჩუჩები

ნახე ვიდეო, როგორ ამზადებენ ფაჩუჩებს თექისგან ტრადიციული ქართული მეთოდით:

YouTube video player

„ფაჩუჩს“ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ორგანიზაცია დაეხმარა. მათ შორისაა „მერსი ქორფსი“, საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებს ეხმარება, შექმნან უსაფრთხო და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქონ ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. ეს ორგანიზაცია საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს.

„მერსი ქორფსის“ პროექტს, რომლის ფარგლებშიც „ფაჩუჩმა“ დაფინანსება მიიღო, „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ჰქვია და მისი მიზანი სოფლად მცხოვრები 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდების გაძლიერებაა. ეს პროექტი ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით ხორციელდება. 

პროექტი 2021 წელს დაიწყო, მისი ბიუჯეტი 1,6 მილიონი ევროა და  შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ხორციელდება. ჯამში, უკვე 60 ახალგაზრდული საწარმოა დაფინანსებული, ხოლო კონკრეტულად საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში – 15. 

როგორც პროექტის დირექტორი, გიგა სარუხანიშვილი გვიყვება, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ ახალგაზრდებმა თავიანთი კუთხე არ დატოვონ და მიგრაცია შემცირდეს:

„ბევრ ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებლობა და ფინანსები, რომ თავიანთი საწარმოები განავითარონ, ამიტომ, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო საზღვრისპირა დასახლებებში და საოკუპაციო ხაზთან.

ეს დაფინანსება მნიშვნელოვანი წყაროა იმისათვის, რომ რეგიონები არ დაიცალოს, ახალგაზრდებმა მეწარმეობა განავითარონ და თავიანთი თანატოლები დაასაქმონ,“ – აღნიშნავს გიგა სარუხანიშვილი.

მისივე თქმით, გარდა ამ დაფინანსებისა, პროგრამა პროექტის ბენეფიციარებს ერთმანეთს აკავშირებს:

„პროექტის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ტრენინგსა და ვორქშოპებში, რაც, მათ შორის, კავშირების შექმნას უწყობს ხელს. ისინი დამატებით ინფორმაციას აწვდიან ერთმანეთს და პროექტის დასრულების შემდეგ, ეს კავშირები შეიძლება გამოიყენონ თუნდაც ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის განსახორციელებლად“ – ამბობს გიგა სარუხანიშვილი.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

თანამედროვე კომპლექსი ზღვისა და მთის ხედით – ბათუმში „მეტროპოლ პარალელის“ გაყიდვები იწყება

  • ცხოვრების ახალი გამოცდილება ქალაქის შუაგულში – პროექტი პარალელი“მეტროპოლის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში
  • გადახდის პირობები სრულად მომხმარებლზეა მორგებული და ისნი ბინის შეძენას სპეციალური შეთავაზებით შეძლებენ

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სიმყუდროვით გამოირჩევა, თუმცა ამავე დროს ურბანულად დატვირთულ ადგილას მდებარეობს, – „მეტროპოლ პარალელი“, – ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს აერთიანებს. A და B ბლოკები აჭარის მთისა და ზღვის ხედებით ერთმანეთის პარალელურად განთავსდება. დეველოპერულმა კომპანიამ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. ბინის შეძენა სასურველი ფართით ამჟამად „პარალელის“ B ბლოკშია შესაძლებელი.

მამუკა იმედაშვილი, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე: ბათუმი მნიშვნელოვანი ქალაქია მეტროპოლისთვის“. მეტროპოლ კუბისა“ და მეტრპოლ ოვალის“ შემდეგ, სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება, ზღვისპირა ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ვიწყებთ. ეს არის მეტროპოლ პარალელი“ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და კომფორტული ცხოვრებისათვის ყველა აუცილებელი პირობით.

მრავალსართულიანი კორპუსები მეტრპოლის“ ხარისხით, ხელსაყრელი მდებარეობით და უნიკალური ხედებით იქნება გამორჩეული. გვაქვს ამბიცია, ჩვენს პოტენციურ მობინადრეებს ქალაქის შუაგულში ცხოვრების ახალი გამოცდილება შევთავაზოთ, რომელიც მათ ჩანაფიქრს მთლიანად დაემთხვევა.

გადახდის პირობები მომხმარებლის ინტერესებს მოვარგეთ და წინასწარი გაყიდვები უკვე დავიწყეთ. მშენებლობა 2027 წელს დასრულდება და მესაკუთრეებს ჩავაბარებთ ბინას, რომელიც ჩაიფიქრეს“.

განახლებული გმირთა ხეივნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსი რამდენიმე წუთის სავალზეა იმ ობიექტებიდან, რომლებიც ქალაქის მცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანია. მათ შორის არის სკოლა და საბავშვო ბაღი, იუსტიციის სახლი, სავაჭრო ცენტრები, საერთაშორისო მოედანი და რა თქმა უნდა, ზღვა.

მსურველებს უკვე შეუძლიათ, შეიძინონ ბინა ამ განსაკუთრებული მდებარეობით. წინასწარი გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით, ნოემბრის ბოლომდე ნებისმიერი ფართის აპარტამენტი 8%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება. მომხმარებელზეა მორგებული გადახდის შემდგომი პირობებიც.

ჯამში, 474 აპარტამენტი „მეტროპოლ პარალელის“ ორ მრავალსართულიან კორპუსში გადანაწილდება. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. მინიმალური ფართი – 32.5 m2, ხოლო მაქსიმალური 184.3 m2-ია.

„მეტროპოლის“ სხვა პროექტების მსგავსად, „პარალელის“ შემთხვევაშიც  კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება. გენერალური გეგმით გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ტენიანობას მაქსიმალურად ამცირებს და ბათუმის კლიმატის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტენიანობის შესამცირებლად საგანგებოდ შეირჩა ადგილმდებარეობაც, „პარალელის“ კორპუსებს მდებარეობა გამოარჩევს, საიდანაც მზის ამოსვლა ჩანს.

ინტერიერში კი თანამედროვე ცხოვრების უმაღლესი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ყველა დეტალი გათვალისწინებულია. ამასთანავე, შენობები აღჭურვილი იქნება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. მობინადრეები კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურებით ისარგებლებენ.

მშენებლობის ვადები სამ წელიწადზეა გაწერილი. 2027 წელს მესაკუთრეები ბინას შავი კარკასის მდგომარეობით მიიღებენ, რომელიც დომოფონიან მთავარ შესასვლელ კარსა და კარ-ფანჯრებს ითვალისწინებს. ასევე ფილებით იქნება მოპირკეთებული აივანი, საიდანაც საფეხბურთო მოედნის, ქალაქის, ზღვისა და აჭარის მთების ულამაზესი ხედები გადაიშლება.

ამჟამად კომპანია „მეტროპოლს“ თბილისსა და ბათუმში ჯამში 6 მიმდინარე პროექტი აქვს.

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“, „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

როდის აღდგება გაზის მიწოდება სრულად ბათუმსა და ხელვაჩაურში

ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის მიწოდება ხვალ, 13 ნოემბერს, 10:00 საათიდან დაიწყება.

„სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება ორივე მუნიციპალიტეტში სრულად აღდგება ხუთშაბათს, 14 ნოემბრის დღის ბოლომდე.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დღეს, 12 ნოემბერს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმსა და ხელვაჩაურს.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ახალ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოებია.

ბათუმში დღეს ოპოზიცია აქციას გამართავს საარჩევნო ოლქის შენობასთან

დღეს, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ბათუმში, ვარდების სკვერთან, ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის შენობასთან, დ. თავდადებულის #27-ში, ორი ოპოზიციური კოალიცია – „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ აქციას აანონსებს.

ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

„ევროპული მომავალი ივანიშვილთან ერთად მოგვპარა გიორგი კალანდარიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სადაც ქართველი ხალხის ნება გადაწერეს და ოლიგარქის სასარგებლო შედეგები „დასვეს“. ამიტომ, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ჩვენი ხმების დასაცავად ვიკრიბებით ბათუმში, ცესკოს შენობასთან და ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის შემოგვიერთდით“ – აღნიშნულია „ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 12 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ორი კოალიცია, რომლებმაც ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახეს, უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. საუბარია „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასა“ და კოალიციაზე – „ცვლილებებისთვის“.

ასევე, კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ პარლამენტში შესვლას არც ისინი აპირებენ. პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას არ აპირებენ არც პარტიაში – „გახარია – საქართველოსთვის“.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მსხვილი ოპოზიციური პარტიები გაყალბებულს უწოდებენ და ხელახალ არჩევნებსა და გამოძიებას ითხოვენ. პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არჩევნები უთანასწორო და ძალადობრივ გარემოში ჩატარდა და დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.

____________

ფოტოზე: ქუთაისის ქუჩებში მოქალაქეებმა „არჩევნები გაყალბდა“ და „ხმის ქურდები“ წარწერები მიანათეს შენობებს – 8 ნოემბერი. ფოტო: ნეტგაზეთი.

რუსეთის თავდასხმა კრივოი როგზე – ნანგრევებში 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს

11 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში თავს დაესხნენ ქალაქ კრივოი როგს.

ბალისტიკური რაკეტა ხუთსართულიან შენობას მოხვდა, თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა და ოთხი დაიღუპა – 1 ქალი და სამი ბავშვი.

მედიის ცნობით, უკრაინელმა მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან სამი ბავშვის ცხედარი გამოიტანეს. თავდასხმის მსხვერპლი გახდა ოჯახი – 32 წლის ქალი და მისი სამი შვილი: 10 და 1 წლის ბიჭები და ორი თვის გოგონა. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

__________

ფოტო: дснс україни/telegram

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ნოემბრის 21 საათიდან 13 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 8– 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 –5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 14 და 15 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე 1 გიგაბაიტი ინტერნეტი საჩუქრად – თიბისი დაზღვევა

მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ.

ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებენ, ხოლო დამატებითი ინტერნეტის შეძენისას, 19%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. საჩუქრის გააქტიურება მარტივად, მობინექსის საიტზე ან აპითაა შესაძლებელი.

სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას, ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების ან სამედიცინო დახმარების საჭიროების გამო, შეიძლება შეიქმნას.

პოლისის შეძენა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, როგორც ვებგვერდიდან, ასევე აპლიკაციიდან, ბიბოტის ან თიბისი მობაილ ბანკის მეშვეობით.

თუ გსურს, იმოგზაურო თავდაჯერებულად, გადადი ბმულზე და შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 712 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 950]
  • ტანკი – 9 276 ერთეული [+23]
  • ჯავშანტექნიკა – 18 847 ერთეული [+81]
  • საარტილერიო სისტემა – 20 352 ერთეული [+38]
  • MLRS – 1 249 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 996 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 737 ერთეული [+61]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 636 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 28 870 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 3 626 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 648 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 35 551 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 167 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 487 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 17 673 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 157 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის თავდასხმა კრივოი როგზე – ნანგრევებში 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ჩვენ ყველანი ვიბრძვით თავისუფალი ევროპისთვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ“ – მიხაელ როთი

„ჩვენ ყველანი ისტორიის ერთ გვერდზე ვართ და ვიბრძვით თავისუფალი ევროპისთვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. თუ თქვენ მოიგებთ, ჩვენ მოვიგებთ, თუ თქვენ გადარჩებით, ჩვენ, ევროკავშირი გადავრჩებით ასევე. სწორედ ამიტომ ვართ აქ.

სოლიდარობამ უნდა გაგვაერთიანოს ჩვენ და არა დაგვყოს,“ – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე გამოსვლის დროს.

დღეს, 11 ნოემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენელი პარლამენტარები რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეებთან მივიდნენ.

„მოხარული ვართ, რომ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. მოგვწონს თქვენი სტუმართმოყვარეობა, მაგრამ ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში არის ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით თქვენი მთავრობა და მმართველი პარტია, რომელიც არაა ბედნიერი ჩვენი ვიზიტით. ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ მეგობრები თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს, რომელიც ფაქტობრივად ევროპის ცენტრია დღეს. ევროპა არის თქვენი ადგილი და თქვენ ამას იმსახურებთ.

ამ შავბნელ დროს მინდა გითხრათ, რომ მისია შესრულებულია, დემოკრატია ცოცხალია, მაგრამ ეს არა თქვენი მმართველი პარტიის გამო, არამედ თქვენ გამო, თქვენი წყალობით.

ლიბერალურ დემოკრატიაში არასდროს ვამბობთ, რომ მისია შესრულებულია. ეს პროცესი არასდროს სრულდება, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისა  და დემოკრატიისთვის.

ამიტომ მინდა გითხრათ, რომ არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ,“ – განაცხადა მიხაელ როთმა.

როცა სამსახური დაკარგე და სახელმწიფო ხელფასს გიხდის – საქართველო უმუშევრობის დაზღვევის გარეშე და იტალიის გამოცდილება

საქართველოში უმუშევრობის დაზღვევა ამ დრომდე არ არსებობს. რამდენიმე წლის წინ დაანონსებულ „სოციალური კოდექსში“ ერთ-ერთი მიმართულება უმუშევრობის დაზღვევის დანერგვის შესაძლებლობას განიხილავდა, 2023 წელს კი, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც განხილულია რა სახით არის საქართველოში შესაძლებელი ამ სისტემის დანერგვა, თუმცა ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ ჩანს.

სტატიაში მიმოვიხილავთ, რა არის უმუშევრობის დაზღვევა, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მოქალაქისთვის და როგორ ფუნქციონირებს ევროკავშირის ქვეყნებში, კონკრეტულად კი, იტალიაში.

უმუშევრობის დაზღვევა

უმუშევრობის დაზღვევა ანაზღაურებაა, რომელსაც უმუშევრად დარჩენილი პირი გარკვეული დროის განმავლობაში იღებს. ის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს და ძირეული კრიტერიუმები საერთოა.

კრიტერიუმები

უმუშევრობის დაზღვევის მისაღებად ევროკავშირის ყველა ქვეყანაში რამდენიმე ძირეული კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო.

დაზღვევის მისაღებად საჭიროა:

  1. უმუშევრობის დახმარების განაცხადის შეტანამდე, სამუშაო პერიოდი უნდა აღემატებოდეს გარკვეულ პერიოდს – 13 კვირას იტალიის შემთხვევაში, 26 კვირას კვიპროსის, 360 დღეს უნგრეთის…
  2. სამსახურიდან დათხოვნა/კონტრაქტის გაწყვეტა მოხდეს დამსაქმებლის მხრიდან (ნებაყოფლობით სამსახურიდან წამოსვლის შემთხვევაში დახმარება არ მოქმედებს).
  3. ქვეყნის მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე პირი იყოს შრომისუნარიანი და ეძებდეს სამსახურს.
  4. პირი იღებდეს მონაწილეობას უმუშევრობის სადაზღვევო სისტემაში (უკანასკნელი ფინეთის და დანიის გარდა, ყველა ევროკავშირის ქვეყანაში სავალდებულოა).

სამსახურის დაკარგვიდან უმუშევრობის დახმარებაზე განაცხადის შეტანის ვადა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში 6 თვიდან – 1 წლამდე მერყეობს.

ასევე განსხვავებულია დახმარების გაცემის პერიოდიც – ყველაზე მოკლევადიანი, 90-დღიანი, უნგრეთს აქვს. ძირითად შემთხვევებში კი, პერიოდი 6 თვიდან ორ წლამდე მერყეობს.

მიზანი

შრომითი დაზღვევის ანდა დახმარების მიზანია:

  1. უმუშევრად დარჩენილ პირს, რომელმაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დაკარგა სამსახური, ხელი შეუწყოს ხელახლა დასაქმებაში.
  2. უზრუნველყოს უმუშევრად დარჩენილი ადამიანის საარსებო მინიმუმის შენარჩუნება და დაიცვას სოციალური სიდუხჭირისგან (ყველა ქვეყანაში განსაზღვრულია საარსებო მინიმუმი, რომელსაც ესადაგება უმუშევრობის დახმარება).
  3. შეუნარჩუნოს დასაქმების მოტივაცია მინიმალური რესურსის მოძიებაზე ფიქრის გარეშე.

იტალია – ემიგრანტების გამოცდილება

„უმუშევრობის დახმარება და მინიმალური საარსებო წყარო რომ გაქვს, იმაზე საფიქრალი აღარ გაქვს – ხვალ პური რით ვიყიდო, ან ექიმთან როგორ წავიდე უმუშევარი დავრჩიო… ადამიანად გრძნობ თავს, ნერვების აშლა რომ გინდოდეს, ვერ აიშლი“, – გვეუბნება ლეილა ბახუტაშვილი.

იგი 6 წელია, რაც იტალიაში ცხოვრობს. ამ პერიოდში, ერთი წლით ისარგებლა უმუშევრობის დახმარებით და აღგვიწერს პროცესს, როგორ ხდება უკანასკნელის მიღება:

„იტალიაში, როცა კონტრაქტით ხარ დასაქმებული (ცხადია გააჩნია, როგორი კონტრაქტი და დატვირთვა გაქვს) როგორც დამსაქმებელი, ისე დასაქმებული ხელფასიდან გამომდინარე იხდით, ასე ვთქვათ, „საგადასახადოს“. მეტ წილს იხდის დამსაქმებელი და ნაკლებს დასაქმებული. ეს ნიშნავს, რომ 3 თვეში ერთხელ დამსაქმებელი იხდის გადასახდელი ხელფასის 75 პროცენტს, ხოლო დასაქმებული 25-ს.

ლეილა ბახუტაშვილი

უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, თუ სრული განაკვეთით მუშაობდი (კვირაში 54 საათი), გენიშნება თვიური დახმარება. როდესაც პირველად სარგებლობ უმუშევრობის დახმარებით, ეს ვადა წელიწად-ნახევარია, მეორედ კი, 2 წელი. თუმცა,  წელიწად-ნახევარი რომ მიიღო დახმარება, 3 წელი მაინც უნდა გქონდეს ნამუშევარი. რამდენიც გაქვს ნამუშევარი, უმუშევრობის დახმარებით იმ დროის ნახევარი შეგიძლია ისარგებლო. უმუშევრობის დახმარებით სარგებლობის მაქსიმალური ვადა კი – 2 წელია.

13 კვირა მაინც უნდა იმუშაო, რათა შეძლო უმუშევრობის დახმარების მიღება. როგორც კი ახალ კონტრაქტზე აწერ ხელს, უმუშევრობის ხელშეკრულება ავტომატურად წყდება.“

ლეილას შემთხვევაში თანხა, რომელსაც დახმარების სახით იღებდა 950 ევრო იყო:

„წარმოიდგინეთ ადამიანისთვის რამხელა დახმარება და შეღავათია 950 ევრო, როცა არაფერს აკეთებ და სახელმწიფო გეხმარება… აბსოლუტურად დაცული ხარ.“

იგი აღგვიწერს ხარჯებს, რომლებიც თვის განმავლობაში შეიძლება გქონდეს და რამდენად შესაძლებელია დაფარო ამ თანხით:

„იმისათვის რომ მიიღო ყველანაირი ვიტამინი, იყიდო სასარგებლო საკვები და ჰიგიენური პროდუქტი, კვირაში 120 ევრო სრულიად საკმარისია, საკმარისზე მეტიცაა ერთი ადამიანისთვის.

ახლა გეკითხებით, 950 ევრო რომ გაქვს თვეში, 460 ევროს დახარჯავ საყიდლებში, დანარჩენით ხომ შეგიძლია გახვიდე კაფეში დაჯდე და ყავაც მიირთვა? ყავა და კრუასანი რომ იყიდო, გინდაც მილანში, დუომოს ძირში, დაახლოებით 3 ევრო დაგიჯდება. ახლა გეკითხებით რა ღირს ყავა და კრუასანით თბილისში?..“

ლეილა ეხმაურება მაღალჩინოსნის განცხადებას, სადაც მან ქართველები იაფ მუშახელად მოიხსენია:

„ძალიან მინდა ერთი რამე ვთქვა – ამას წინათ მოვუსმინე, არ ვიცი გვარი და სახელი, მთავრობის წარმომადგენელი იყო, ინტერვიუს იძლეოდა და ამბობდა – ქართველები იაფი მუშახელი ვართ და ევროპას ამიტომ ვუნდივართ, იცით?! იქ მომვლელის ხელფასი 3000 ევროა და ქართველებს 1000-ს უხდიანო.

ქართველებს, ვინც აქ ვცხოვრობთ და გვაქვს ოფიციალური დოკუმენტები, ხელფასს გვიხდიან პროფკავშირების მიერ შედგენილი დოკუმენტების მიხედვით, რაც ყველა ეროვნების ადამიანისთვის საერთოა, ვერც ვერავინ მოგვიმატებს და ვერც დაგვაკლებს.

ოჯახმა, რომელმაც თანხა დამაკლო და არ გადამიხადა, ახლა ავიღე ადვოკატისგან ის თანხა, რადგან არავის აქვს უფლება რამე დაგაკლოს იმის გამო, რომ უცხოელი ხარ. შენი უფლებები გაქვს, დაგერღვა უფლება? შეგიძლია მიმართო ცენტრებს, რომლებიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, შეგიძლია უთხრა, სად დაირღვა შენი უფლება და აგინაზღაურებენ, როგორც მორალურ, ისე ფინანსურ ზარალს.“

  • „ძალიან დაცულები ვართ, მართლა დაცულები ვართ“

საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს ხათუნა კიკვაძეც, რომელიც 20 წელია, რაც იტალიაში ცხოვრობს. უმუშევრობის დახმარება მიუღია თავადაც და მეუღლესაც:

„ჩემი მეუღლე მუშაობდა კომპანიაში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს გაკოტრდა. სახელმწიფო ეხმარებოდა და 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად უხდიდა დახმარებას. თავიდან დიდი თანხაა, შემდეგ ნელ-ნელა აკლდება. (პირველი გადახდა იყო 2000 ევრო, ბოლო კი 500 ევრომდე). დახმარება აუცილებლად უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე მეტი.“

ხათუნა აღნიშნავს, რომ დახმარების ასაღებად საჭიროა შენი ნებით არ იყო სამსახურიდან წამოსული. იგი მოგვითხრობს უმუშევრობის დახმარებაზე იმ სამუშაოზე, სადაც ქართველები არიან დასაქმებულები:

ხათუნა კიკვაძე

„აქ უმეტესობა მომვლელად მუშაობს, ასეთ სპეციფიკურ სამსახურებში, თუ მოხუცი გარდაიცვალა ან მოხუცებულთა თავშესაფარში წაიყვანეს, სახელმწიფო მინიმუმ წელიწად-ნახევარი ეხმარება მათ. იმის მიხედვით, რამდენი ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომელსაც იხდის დამსაქმებელი.

ბევრი ქართველი, ვისაც ეღუპება მოხუცი, ალაგებს ჩანთას და მოდის საქართველოში, რადგან იციან, რომ მინიმუმ რამდენიმე თვე გარანტირებულად აიღებენ ხელფასს. არა აქვს მნიშვნელობა სად ხარ, ეს ფული ანგარიშზე გიჯდება.“

ხათუნა თავის გამოცდილებასაც გვიზიარებს:

„მქონდა ძალიან დაბალი ხელფასი, წელიწად-ნახევარი მეც მიხდიდნენ დახმარებას. ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენსა და ევროპას შორის.

პირადად, ძალიან დამეხმარა იმიტომ, რომ საშუალება მომცა საქართველოში წამოვსულიყავი, 8 თვე ვიყავი საქართველოში. თუმცა ადგილზეც რომ ვყოფილიყავი, საჭმლის და გადაადგილების პრობლემა არანაირად არ მექნებოდა. ძალიან დაცულები ვართ, მართლა დაცულები ვართ.

20 წელია აქ ვარ და არავის არასოდეს დავუჩაგრივარ, არც ყურადღება გაუმახვილებია ჩემს ეროვნებაზე, ოფიციალურ დაწესებულებებს ვგულისხმობ. მიდიხარ ეუბნები, რომ დაკარგე სამსახური და არავინ არაფერს ზედმეტს არ გეუბნება.“

ხათუნა აღნიშნავს, რომ დახმარებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაზღვევის ფაქტორიც და ამბობს, რომ ადამიანები ხშირად სწორედ ამის გამო რჩებიან იტალიაში:

„ვინც აქ ვართ და საბუთები წესრიგში გვაქვს, ჩვენი სამედიცინო დაზღვევა გვაქვს. თუ ქრონიკული დაავადება გაქვს 100 პროცენტით გიფარავს ხარჯებს, ჩემ შემთხვევაში, როცა ანალიზების ასაღებად მივდივარ საავადმყოფოში, მაქვს „ჯანდაცვის ბილეთი“ (Healthcare Ticket), რომელიც ფაქტობრივად მთლიან ხარჯს მიფარავს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანები ძალიან ხშირად სამედიცინო მომსახურების გამოც რჩებიან აქ.

ასევე ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ აქვს საბუთი და არაკანონიერადაა ამ ტერიტორიაზე, მაგრამ თუ დამტკიცდა, რომ აქვთ სიმსივნური დაავადება, უკეთებენ დოკუმენტებს და ყველაფერს უსასყიდლოდ უკეთებენ, საუბედუროდ ამის მომსწრე ვარ.“

დიალოგი საქართველოზე საუბრით სრულდება, ხათუნა მეუბნება, რომ ოცი წლის განმავლობაში არასოდეს უფიქრია იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე, მაგრამ არჩევნების შემდეგ პირველად დაფიქრდა და დოკუმენტები შეგროვება დაიწყო. მიხვდა, რომ საქართველო ვერ უზრუნველყოფს დაცული სიბერით, მიუხედავად ამისა, იგი იტალიაში ერთ-ერთია მოწინავეა ვინც იბრძვის, ატარებს აქციებს და ცვლილების იმედიც აქვს:

„20 წელია აქ ვარ, არასოდეს ჩემი თავისთვის და ქვეყნისთვის არ მიკადრებია იტალიის მოქალაქეობა მიმეღო. არჩევნების მერე, სერიოზულად გადავწყვიტე შევიტანო დოკუმენტები იტალიის მოქალაქეობის მისაღებად. 56 წლის ვარ და მივხვდი, ჩემი სიბერე საქართველოში არანაირად არ მექნება დაზღვეული. ძალიან ბევრია, ვინც ახლა გადაწყვიტა ამის გაკეთება.

ერთ-ერთი ვარ ამ ქვეყანაში, ვინც იბრძვის და აქციებს ატარებს, იმედი მაქვს, და ძალიან არ მომწონს, რომ ასეთი ნიჰილიზმია საქართველოში. მაინც მგონია, რომ ამ სიტუაციიდან გამოვალთ.“


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).

ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

ხვალ ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზი შეუწყდება – „სოკარი“

კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 12 ნოემბრის 07:00 საათიდან 13 ნოემბრის 10:00 საათამდე ბათუმში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეწყდება.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ახალ გაზსადენზე გადაერთებითი სამუშაოებია.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 13 ნოემბრის 10:00 საათიდან და სრულად აღდგება 14 ნოემბრის დღის ბოლომდე.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე: 16 114.

___________

თავდაპირველად მასალაში „სოკარის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მითითებული იყო, რომ გაზი ბათუმში აბონენტების ნაწილს გაეთიშებოდა, თუმცა კომპანიის განახლებული ინფორმაციის თანახმად, გაზი გაითიშება ბათუმში – სრულად.

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ – ბათუმში 12 ნოემბერს აქცია გაიმართება

სამშაბათს, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აანონსებს ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიასთან, დ. თავდადებულის #27-თან.

„26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ხმებთან ერთად მოგვპარა ევროპული მომავალი. ამიტომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას საკუთარი ხმა და კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ევროპული მისწრაფება.

ამ მიზნის საბოლოო მიღწევამდე, მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არა რუსეთის მსახურ ოლიგარქ ივანიშვილს.

ევროპული მომავალი ივანიშვილთან ერთად მოგვპარა გიორგი კალანდარიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სადაც ქართველი ხალხის ნება გადაწერეს და ოლიგარქის სასარგებლო შედეგები „დასვეს”. ამიტომ, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ჩვენი ხმების დასაცავად ვიკრიბებით ბათუმში, ცესკოს შენობასთან და ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის შემოგვიერთდით“ – აღნიშნულია „ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

______________

ფოტოზე: საარჩევნო ბიულეტენი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან.

„ბავშვს ყველა გაჭირვება ვანახე“ – როგორ ეხმარება მარტოხელა მშობლებს საქართველო და EU-ს ქვეყნები

მალვინა ზაქარაძე 8 წლის შვილს მარტო ზრდის. ქმრის ოჯახიდან ოთხი წლის წინ წამოვიდა და შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. „ვმუშაობ ნახევარფაბრიკატებში, 12 საათი ვდგავარ ფეხზე, დღეში 50 ლარი ხან გამოდის, ხან – არა. თუ გინდათ გადაამოწმეთ, ყოველ დღე ვმუშაობ, კვირაში ერთი დღეა დასვენება. ბავშვს გეფიცები დღეს ქირა მაქვს გადასახდელი – 500 ლარი. არ მაქვს. უფროსს ვთხოვე ავანსის სახით და ქირა მაინც ვერ გადავიხადე, მამაჩემს წამლები ვუყიდე“, – ჰყვება ახალგაზრდა ქალი.

მალვინას მარტოხელა დედის სამართლებრივი სტატუსი არ აქვს და არც სოციალური შემწეობა მისცეს, სახელმწიფოსგან იგი მხოლოდ ბავშვისთვის დანიშნულ 200-ლარიან დახმარებას იღებს: „სოციალურშიც მივედი, მერიაშიც მივედი, ვერ ვუმტკიცებ, რომ მარტოხელა ვარ, ან მკვდარი უნდა იყოსო… ისე ვერ მოგცემთ მარტოხელობის სტატუსსო, მაშინ უნდა გადაახდევინო ალიმენტიო“. ალიმენტი არ გადაიხადა“.

მარტოხელა მშობლების ოჯახები, საზოგადოების ფინანსურად ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორისაა, სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის განსაკუთრებულად მომატებული რისკის ქვეშ არიან მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი, ანუ მშობელზე დამოკიდებული შვილებით, რომლებიც მუშაობას ვერ ახერხებენ და შემოსავლის გარეშე რჩებიან.

მალვინა: „ჩემი ძმა სამჯერ ნაავარიებია, რძალი შშმ პირია, მათაც მე ვეხმარები, დედა მყავს ავადმყოფი. წინა თვეში მამაჩემს ოპერაცია გავუკეთე სიმსივნური გამონაზარდი ჰქონდა. ოპერაცია მთლიანად არ დამიფინანსეს, 700 ლარი გადავიხადე, თანამშრომლებმა ამიკრიბეს ფული და იმით გადავიხადე. ყველა ერთად არ ვცხოვრობთ, მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ ქირაში, მშობლები ხელვაჩაურში ცხოვრობენ, მათი სახლი გაბზარულია. ვითხოვეთ დახმარება, ყურადღება არ მოგვაქციეს. ფაქტობრივად, მე ვზრუნავ ყველაზე“.

საქართველოში დაახლოებით 8000 ადამიანს აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი, მათი სრული უმრავლესობა დედაა, მხოლოდ 168 არის მამა.

მარტოხელა მშობლის სამართლებრივი სტატუსის საკმაოდ შეზღუდული კრიტერიუმების გამო [ბავშვი არის დედის გვარზე, მეორე მშობელი გარდაცვლილია ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად], სტატუსის გარეთ რჩება ყველა ის მშობელი, რომელსაც ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის გვარი უწერია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო [მაგალითად, დაშორება, პარტნიორის პატიმრობა] მარტო ზრდის შვილს. 

საქართველოს მთავრობას მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის ერთიანი სტრატეგია არ გააჩნია. ექნება თუ არა ამ სტატუსის მქონე მშობელს რაიმე სახის მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, თითოეული მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ძირითადად ეს მხარდაჭერა ფულადი შემწეობაა, ისიც ზოგან ერთჯერადი. მაგალითად ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მარტოხელა მშობელზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 400 ლარის ოდენობით.

ბათუმის მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარების პროგრამა 6 წლის წინ ამოქმედდა. მაშინ დახმარების თანხა 60 ლარი იყო. 2015 წლიდან თანხა გაორმაგდა, მას შემდეგ, დღემდე – 120 ლარია.

ხულოს მუნიციპალიტეტში ეს პროგრამა მხოლოდ 2023 წელს ამოქმედდა, სადაც დახმარების თანხა, აჭარის სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტების [ქედა, შუახევი და ქობულეთი] მსგავსად – 100 ლარია; ხელვაჩაურში მარტოხელა მშობლები წელიწადში ერთხელ, დედის დღეზე იღებენ 1000-ლარიან დახმარებას.

სახელმწიფოსგან ერთადერთი საყოველთაო შეღავათი, რაც მარტოხელა მშობლებისთვის არის დაწესებული, საგადასახადო შეღავათია, კერძოდ მათთვის, წელიწადში 3000 ლარამდე [ანუ 300 ლარამდე ხელფასი] მიღებული შემოსავალი არ იბეგრება. 

სხვა სახის შეღავათები და მხარდამჭერი პროგრამები, როგორიცაა მაგალითად შეღავათები კომუნალურებზე [ბათუმში ვრცელდება სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლებზე], ან განვითარებასა და დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამები – საქართველოს მთავრობას არ აქვს.

„როგორც ვიცი, წელიწადში ერთხელ 200-ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერიც მეკუთვნის“, – ამბობს ბელა შანავა, რომლის შეფასებითაც 120-ლარიანი შემწეობა, ბავშვის მინიმალურ საჭიროებებსაც ვერ ფარავს, განსაკუთრებით იმ დედებისთვის, ვისაც მასავით ქირით უწევს ცხოვრება.

„თუ ანგარებაში არ ჩამომერთმევა, მუნიციპალიტეტი უნდა გასცემდეს იმხელა შემწეობას, რამდენსაც სახელმწიფო მეორე მშობელს ალიმენტის სახით დააკისრებდა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით – ქირით ცხოვრობს ეს ადამიანი თუ რა. ალბათ 800 ლარი მაინც უნდა გასცეს სახელმწიფომ, რომ დააკმაყოფილოს ბავშვის საჭიროებები, რომელიც საკვებისა და ტანსაცმლის გარდა ბევრნაირია, მათ შორის სხვადასხვა წრეები, ექსკურსია“, – ამბობს ის.

მალვინა, რომელიც კვირაში 6 დღე, 12 საათიანი გრაფიკით მუშაობს, ამბობს, რომ მისი მოუცლელობის გამო, ზოგჯერ ბავშვი ავადმყოფ ბებიას მიჰყავს სკოლაში. „ხან ცუდად ხდება და იქიდან მე მომყავს“, – ამბობს ის. – „მე რომ ვმუშაობ ის 200 ლარიანი დახმარება, რაც ბავშვს აქვს დანიშნული, გადავანაწილე იმაზე, რომ ბავშვს მასწავლებელი ავუყვანე და ცეკვაში დამყავს, ცეკვაში 30 ლარია გადასახადი, ქართული და მათემატიკა – 70 ლარია ერთ საგანი.

ძალიან კარგი იქნებოდა უფასო რომ იყოს ასეთი რამ, მე რომ ახლა ეს 200 ლარი გადასახდელი არ მქონდეს, რაღაცას მაინც გავაკეთებდი, მამაჩემს წამლებს ვუყიდდი… მაგრამ უნდა გადავუხადო იმიტომ, რომ ბავშვს გაჭირვება გაჭირვებად ხომ ვანახე ეს ოთხი წელი… ყველანაირი გაჭირვება ვანახე. მეტი გზა არ მქონდა…  ახლაც ბიძაშვილს უნდა ვთხოვო ფული, რომ დავამატო და ქირა რამენაირად ავათავო“.

სკოლის შემდგომი [გახანგრძლივებული] და კლასგარეშე აქტივობების ხელმისაწვდომობა ევროკავშირში, მხარდაჭერის მექანიზმად განიხილება მარტოხელა მშობლებისთვის, რომლებიც ცდილობენ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობები, სამუშაოსთან დააბალანსონ.

ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა ნანტის ნორდში, საფრანგეთის ქალაქის რაიონში, სადაც მარტოხელა ოჯახები მოსახლეობის 40 პროცენტია. იქ 2011 წელს შეიქმნა სპეციალური მომსახურების პუნქტი, „Relais Nord“, რათა განეხილა ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებული ყველა განცხადება და გამოევლინა ყველაზე შესაფერისი სერვისი თითოეული ოჯახისთვის.

ამ სერვისის ფარგლებში, ქალაქმა შექმნა ბავშვთა მოვლის მულტიფუნქციური ცენტრები („multi accueils“), რომლებიც გვთავაზობენ მრავალფეროვან სერვისებს, მათ შორის გრძელვადიანი, მოკლევადიანი, მოქნილი, ერთჯერადი და გადაუდებელი ზრუნვის დანიშნულებებით.

აქ მარტოხელა მშობლები სარგებლობენ სოციალური დახმარებით, იღებენ სპეციალური მხარდაჭერას, რათა ხელი მიუწვდებოდეთ დასაქმებაზე. მათთვის ადგილები ბავშვთა მრავალფუნქციურ ცენტრებში, ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილი შინ ზრუნვის სერვისები წინასწარ არის დაჯავშნილი. 

ევროკავშირი სხვადასხვა ინიციატივით ცდილობს გააძლიეროს მარტოხელა მშობლების – განსაკუთრებით დედების – ეკონომიკური დამოუკიდებლობა. წევრი ქვეყნების ეროვნული მთავრობები პასუხისმგებელნი არიან სოციალურ დაცვაზე.

მარტოხელა მშობლებისთვის არსებული საოჯახო შეღავათები მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპის მასშტაბით, ამიტომ ევროკავშირი ცდილობს გააუმჯობესოს ეს მდგომარეობა ევროკავშირის სოციალური დაცვის სისტემების კოორდინაციის წამოწყებით“, – ვკითხულობთ ევროპარლამენტის მიერ შექმნილ საინფორმაციო პორტალზე.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა გარკვეული სახის ფინანსურ დახმარებას უწევს მარტოხელა მშობლებს, თუმცა ეს მხარდაჭერა ყოველთვის მიზნობრივი პოლიტიკის ნაწილი არ არის. ევროკავშირის ანგარიშში მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ წერია, რომ დახმარების სხვადასხვა ფორმა შეიძლება მოიცავდეს როგორც სპეციფიკურ დახმარებას ან შეღავათებს მარტოხელა მშობლებისთვის, ისე ოჯახის შემწეობის უფრო მაღალ მოცულობას, ვიდრე ორ-მშობლიანი ოჯახები.

სპეციფიკური დახმარება ან შეღავათები მარტოხელა მშობელთა ოჯახებს: ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა, უზრუნველყოფს დამატებით შემწეობას ან საგადასახადო შეღავათს მარტოხელა მშობლებისთვის – მაგალითად, ავსტრია და ირლანდია;

ოჯახის შემწეობის უფრო მაღალია მარტოხელა მშობელთა ოჯახებისთვის: ევროკავშირის წევრი ზოგიერთ ქვეყანაში, მარტოხელა მშობლებს შეიძლება არ ჰქონდეთ სპეციფიკური დახმარება, მაგრამ მათი ოჯახის შემწეობა უფრო მაღალია, ვიდრე ორ-მშობლიანი ოჯახების – მაგალითად, იტალიასა და პორტუგალიაში;

საერთო სოციალური დახმარების უფრო მაღალი ოდენობა შემოსავლის მიხედვით: მარტოხელა მშობელთა ოჯახებს შეიძლება ჰქონდეთ უფლება სხვა სახის დახმარებაზე, რომელიც განისაზღვრება მათი შემოსავლის მიხედვით და არა მათი, როგორც მარტოხელა მშობლის სტატუსის მიხედვით – მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში.

ქვეყნებმა შესაძლოა ამ ინსტრუმენტების კომბინაციაც გამოიყენონ. მაგალითად, საფრანგეთში მარტოხელა მშობლები სარგებლობენ როგორც სპეციალური დახმარებით, ისე საგადასახადო შეღავათებით. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში სხვა ტიპის სოციალური დახმარებაც მოქმედებს. მაგალითად, ესპანეთში ახალი სტრატეგია, რომელიც ბავშვებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს, პრიორიტეტს ანიჭებს მრავალშვილიან და მარტოხელა მშობელთა ოჯახებს.

ესპანეთის ზოგიერთი ავტონომიური გაერთიანება აღიარებს მარტოხელა მშობლობას, როგორც ლეგალურ სტატუსს. მარტოხელა მშობლებს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა კატალონია ან ვალენსია, შეუძლიათ მიიღონ მარტოხელა მშობლის ოჯახის სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს ოჯახის ფინანსურად მხოლოდ ერთ ადამიანზე დამოკიდებულის სტატუსს. სერტიფიკატი უზრუნველყოფს გარკვეულ შეღავათებსა და ფასდაკლებებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. კატალონიაში ეს მოიცავს სოციალური საცხოვრებლის შესყიდვაში მხარდაჭერას, სატრანსპორტო ფასდაკლებას, ქონების სუბსიდირებულ გადასახადს და ასევე რეგიონის სასტუმროებში ფასდაკლებას.

მარტოხელა მშობლის მხარდაჭერის მექანიზმია მეორე მშობლისთვის ალიმენტის დაკისრება, თუმცა საქართველოში კონტროლისა და აღსრულების მექანიზმი, რითაც გაკონტროლდება ალიმენტის კეთილსინდისიერად გადახდა – არ არის ეფექტური.

მაგალითად, მზია მეგრელიშვილი, კიდევ ერთი მარტოხელა დედაა, სამართლებრივი სტატუსის გარეშე, რომელიც 8 წელია ქირით ცხოვრობს და მარტო ზრდის 14 წლის შვილს. „ბათუმელებთან“ თავის გამოცდილებაზე საუბრისას ქალი ამბობს, რომ მან, სააღსრულებო ბიუროსაც მიმართა, მაგრამ მისი ყოფილი ქმარი, დღემდე არ იხდის ალიმენტს.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს ასევე  შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ მარტოხელა მშობლებმა მიიღონ ფინანსური დახმარება მეორე მშობლისგან, ან, საჭიროების შემთხვევაში, თავად გასცენ ასეთი დახმარება მეორე მშობლის მაგივრად“, – წერია ევროკავშირის ანგარიშში.

ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში ალიმენტის გადახდა კანონით სავალდებულოა და მისი არგადახდა იწვევს ჯარიმებს, რაც მოიცავს იძულებით გადახდას, ხელფასის შემცირებას ან პატიმრობას. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ავსტრია ან ესტონეთი, როდესაც მეორე მშობელი ვალდებულებას არ ასრულებს, მთავრობა გასცემს ალიმენტს წინასწარ. სხვა ქვეყნები, როგორიცაა ხორვატია ან საფრანგეთი, ბავშვის ალიმენტს გადასცემენ სპეციალური სააგენტოების მეშვეობით. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ფინეთი, ეს დახმარება გაიცემა მაშინაც კი, თუ მამა უცნობია.

მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ ევროკავშირის ანგარიშში მოყვანილია ესტონეთის პრაქტიკა ალიმენტთან დაკავშირებით. მაგალითად, ესტონეთის სასამართლო სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს ესტონელი მარტოხელა მშობლების დაახლოებით მეოთხედმა არ გადაიხადა ბავშვის ალიმენტი. 

2017 წლის იანვარში ამოქმედდა ახალი კანონი საოჯახო შეღავათების შესახებ, რომელიც ერთ მშობელს დახმარებას უწევს იმ შემთხვევაში, თუ მეორე მშობელი ვერ ასრულებს ფინანსური უზრუნველყოფის სამართლებრივ ვალდებულებას. ამ სქემის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ალიმენტის გადახდას და შემდგომში სხვადასხვა ზომით უკან მოითხოვს დანახარჯებს მოვალე მშობლისგან. ამ ზომებში შედის მართვის მოწმობის ჩამორთმევა, მეწარმეობის მხარდაჭერის შეზღუდვა და მოვალეთა სახელების გამოქვეყნება.

მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის კიდევ ერთი პოლიტიკა ევროკავშირში მიზნად ისახავს მარტოხელა მშობლებისთვის შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მარტოხელა მშობლებს ასევე სთავაზობს შვებულების სპეციალურ პირობებს, რათა დაეხმაროს მათ მშობლობისა და შრომითი პასუხისმგებლობების შეთავსებაში.

ზოგიერთი ქვეყანა მარტოხელა მშობლებისთვის შვებულების უფრო მეტ პერიოდს ითვალისწინებს. მაგალითად, სლოვაკეთი მარტოხელა დედებს სთავაზობს დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებულ პერიოდს. საბერძნეთში, მშობლის შვებულების პერიოდი ორმაგია მარტოხელა მშობლებისთვის. ჩეხეთის რესპუბლიკა მარტოხელა ოჯახებს სთავაზობს გრძელვადიან (საბიულეტინო) შვებულებას 10 წლამდე ასაკის ბავშვის მოვლისთვის.

___

ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 710 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 770]
  • ტანკი – 9 253 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 18 766 ერთეული [+40]
  • საარტილერიო სისტემა – 20 314 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 245 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 996 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 676 ერთეული [+57]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 636 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 28 802 ერთეული [+119]
  • სპეცტექნიკა – 3 620 ერთეული [+16]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 648 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 35 551 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 167 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 487 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 17 673 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 157 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„გერმანია გვახსენებს საერთო ისტორიას, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია“ – ინტერვიუ

„მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს….“ – ამ ფრაზით იწყება საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადება, რომელსაც იგი ბერლინის კედლის დაცემის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. ანალოგიური შინაარსის ტექსტს ავრცელებს გერმანიის საელჩო სხვა ქვეყნებშიც.

რა დამოკიდებულება ჩანს ამ განცხადებით: როგორია გერმანიის, როგორც დასავლეთის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს პოზიცია „მშვიდობიანი რევოლუციის“ მიმართ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე პუბლიცისტს, ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა:

  • ბატონო ზაალ, თქვენ კარგად იცნობთ როგორც საქართველოს დღევანდელობას, ისე გერმანიას. თქვენთვის რა გზავნილია ბერლინის კედლის დაცემის დღესთან დაკავშირებით გერმანიის საელჩოს განცხადება, რომელიც ამ ფრაზით იწყება: „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს…“ 

მე გერმანიის განცხადების ინტერპრეტაციას ვერ დავიწყებ, რადგან ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოიტანოს ამ განცხადებიდან. მე შემიძლია ვილაპარაკო კონტექსტზე.

9 ნოემბერი ბერლინის კედლის დაცემის დღეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა გერმანიის ისტორიაში, რადგან ამ დღიდან დაიწყო გერმანიის გაერთიანების ისტორია, დაიწყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დასასრული, რომელიც ისევე, როგორც საბჭოთა კავშირი, იყო უსამართლობაზე დამყარებული.

ეს იყო დიქტატორული სახელმწიფო, რომელსაც სპეცსამსახურების უზარმაზარი აპარატი ჰქონდა. მაშინ მილიონობით ადამიანი არაფორმალურად თანამშრომლობდა ამ დაწესებულებებთან. ეს რეჟიმი 40 წელი არსებობდა და ბერლინის კედელი 1961 წლიდან 1989 წლამდე ყოფდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს, ეს იყო ხილული სიმბოლო ცივი ომის, სიმბოლო გერმანიის განაწილებისაც.

მიუხედავად ყოველივე ამისა, ბერლინის კედელი დაეცა და დაეცა სწორედ, ერთი მხრივ, ამ მშვიდობიანი რევოლუციის წყალობით, გერმანელები გამოვიდნენ ქუჩაში, არ შეუშინდნენ დრაკონულ რეჟიმს, რომლისაც ძალიან ეშინოდათ, მიაღწიეს კედლის გარღვევას და გერმანია ჩამოყალიბდა, როგორც ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფო.

რამდენად არის ეს ამბავი ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ჩვენთვისაც ეს იყო გაკვეთილი, რადგან 1989 წელი ჩვენთვისაც არ არის უცხო წელი – გვახსოვს 9 აპრილი რით დაიწყო და მანამდე ეროვნული მოძრაობის გაღვივება, გაძლიერება. არავის ეგონა, მაგალითად, 1987 წელს, როდესაც პირველი ნიშნები ჩნდებოდა ეროვნული მოძრაობისა, რომ გიგანტური მონსტრი, პოლიციური სახელმწიფო თავისი უძლეველი „კაგებეთი“, ბირთვული არსენალით, შეიძლება ჩამოშლილიყო სულ რამდენიმე წლის შემდეგ.

მაშინ ძალიან დიდი გამბედაობა იყო ადამიანების მცირე ჯგუფისა, რომელიც იზრდებოდა ნელ-ნელა მიტინგებზე… 1989 წლის აპრილში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ აქციებში. ამ სახალხო აღზევების ერთ-ერთი დიდი დამსახურება ის იყო, რომ დაინგრა საბჭოთა კავშირი.

არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა მაინცა და მაინც იმის გამო, რომ საქართველოში მასობრივი აქციები მიმდინარეობდა, მაგრამ არ იყო მარტო საქართველო – მაშინაც გამოჩნდა, რომ საქართველოსა და გერმანიაში მიმდინარე მოვლენები, უნგრეთსა და პოლონეთში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენები, ასევე ბალტიის ქვეყნებში, იყო ერთიანი პროცესი, გათავისუფლების პროცესის დასაწყისი.

ცხადია, ამას ხელი შეუწყო დიდმა საერთაშორისო კონიუნქტურამაც, იმან, რომ საბჭოთა კავშირში იყო მთავრობა, რომელიც წავიდა დათმობაზე, დასავლეთთან დაიწყო „ცივი ომის“ დასარული. ეს იყო გადამწყვეტი ცვლილებები.

ამ სახალხო გამოსვლების, ეროვნული მოძრაობის და დიდი ერთიანობის გარეშე ეს ყველაფერი ნამდვილად არ მოხდებოდა. 1989 წლიდან საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესების არა მხოლოდ ნაწილი, არამედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ჩვენ ავანგარდშიც ვიდექით ამ ცვლილებების. საქართველომ მაშინაც კი დაადასტურა, რომ ის იყო ამ ერთიანი პროცესების ნაწილი.

  • ეს მხოლოდ ისტორიაა, თუ გერმანია, როგორც დასავლეთის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო, დემოკრატიულ შესაძლებლობად დღევანდელობაშიც უშვებს „მშვიდობიან რევოლუციას“? რა პათოსი ჩანს გერმანიის საელჩოს განცხადებაში? 

ეს არის ისტორიის ნაწილი, რომ მშვიდობიან რევოლუციას შეუძლია მოიტანოს ცვლილებები, გერმანიის შემთხვევაში კი, შეიცვალოს ავტორიტარული რეჟიმი დემოკრატიით. ეს საერთო გამოცდილებაა და გერმანია გვახსენებს თავის ისტორიას. ჩვენ როგორ წავიკითხავთ ამ ისტორიას, რა შთაგონებას ვნახავთ მასში, ჩვენი გადასაწყვეტია. გერმანია გვახსენებს ჩვენს საერთო ისტორიას. ისტორია ისეთი რაღაც არის, რომელიც შეიძლება განმეორდეს სხვადასხვა ფორმით.

ქართველი ხალხის ბედი არის ქართველი ხალხის ხელში. ქართველი ხალხის გარდა, არ არსებობს არავინ და არაფერი, ვინც ქართველ ხალხს მოუტანს თავისუფლებას და კეთილდღეობას. მშვიდობიანი რევოლუციის აზრი კი მდგომარეობს იმაში, რომ ის მოხდა არა კანონზე, არამედ უკანონობაზე დამყარებულ სახელმწიფოებში.

მშვიდობიანი რევოლუციები საბჭოთა კავშირში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც მოხდა არა ისეთ ქვეყნებში, სადაც არსებობდა კანონის უზენაესობა, არამედ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც იდგნენ უკანონობაზე. ეს იყო არადემოკრატიული, ავტორიტარული, დიქტატორული, საბჭოთა კავშირის შემთხვევაში კი, ტოტალიტარული რეჟიმები. იქ, სადაც კანონიერი სახელმწიფო არსებობს, იქ რევოლუცია საჭირო არც არის, რადგან ხალხის ნების გამოხატვის კანონიერი ფორმები არსებობს, მაგალითად, არჩევნები.

ისეთ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, რომ თავიანთი ნება გამოხატონ არჩევნების გზით, სადაც მთავრობა არ წარმოადგენს ხალხს, არის უცხო ხალხისთვის, სადაც დიქტატორული რეჟიმებია, ასეთ ქვეყნებში ხდება მშვიდობიანი რევოლუციები. ამას გნებავთ ისტორიის კანონზომიერება დაარქვით, გნებავთ სტრუქტურული აუცილებლობა.

ისეთ ადგილას, სადაც ხალხს არ აქვს გამოხატვის თავისუფლება და თავისი ნების დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს რეჟიმი, ის ოდესღაც ყოველთვის მთავრდება, რადგან, საბოლოო ჯამში, ხალხი უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი რეჟიმი. ეს რეჟიმი შეძლება გაგრძელდეს 10 წელი, 20, ან 30 წელი, 40 წელი ისევე, როგორც ეს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემთხვევაში იყო, მაგრამ მაინც ბოლოს აი, ეს ბერლინის სიმბოლური კედელი ინგრევა.

სტამბის ხელმძღვანელის საქმე, რომელსაც თანამშრომელმა ძალადობის დროს ვიდეო გადაუღო

„ბოლო სასამართლო სხდომა 2023 წლის დეკემბერში ჩატარდა, ძალადობაში ბრალდებული დირექტორი ძველებურად აგრძელებს მუშაობას“, – ამბობს ადვოკატი თამილა გაბაიძე, რომელიც სასამართლოში ძალადობის მსხვერპლი ქალის, გვანცა ქველაძის ინტერესებს იცავს.

გვანცა ქველაძე თბილისში მდებარე ერთ-ერთი სტამბის – „რეზონის“ ყოფილი თანამშრომელია. იგი ამბობს, რომ სტამბის დირექტორი მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა. მან დირექტორს შეურაცხყოფის მიყენების დროს ვიდეო გადაუღო, რაც ფეისბუქში გამოქვეყნდა.

2023 წლის ივნისში, როცა ამ შემთხვევის შესახებ „ნეტგაზეთი“ წერდა, გვანცა ქველაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ გადაღების დროს დირექტორმა, რეზო რაზმაძემ მას ტელეფონი ხელიდან დააგდებინა და თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც ქველაძე დაეცა და დაზიანებები მიიღო. დაზიანდა მობილური ტელეფონიც.

„მე არასდროს მიმიყენებია მისთვის შეურაცხყოფა… ერთადერთი, ტელეფონზე გავღიზიანდი, რომელიც ცხვირზე მომადო და დაიწყო ინტრიგანული ჩაწერა. მაგ დროს კი…“ –  განმარტა მაშინ „ნეტგაზეთთან“ სტამბის დირექტორმა, რეზო რაზმაძემ.

ამ შემთხვევიდან თითქმის წელიწად-ნახევარი გავიდა. რამდენიმე დღის წინ, 2024 წლის 6 ნოემბერს, გვანცა ქველაძემ შრომითი დავა მოუგო ყოფილ დირექტორს. მანამდე შრომითმა ინსპექციამაც დაადგინა შევიწროების ფაქტი, თუმცა ძალადობის მუხლით არსებული საქმე მოსამართლე ლელა შკუბულიანს თითქმის ერთი წელი – გასული წლის დეკემბრის შემდეგ არ განუხილავს.

თანამშრომელზე ძალადობის მუხლით ბრალი რეზო რაზმაძეს 2023 წლის ივნისში – სკანდალური ვიდეოს ფეისბუქში გავრცელებიდან რამდენიმე დღეში წარუდგინეს, თუმცა 2023 წლის 21 ივნისს იგი სასამართლოს 2 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაუთავისუფლებია.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს მაქსიმუმ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. პროკურატურა სტამბის დირექტორს შშმ პირის სტატუსის მქონე პირზე ძალადობას ედავება – მოსარჩელეს აქვს შშმ პირის სტატუსი, რადგან დაიწვა და დამწვრობის კვალი ეტყობა სახესა და ხელებზე.

„სასამართლომ მოძალადე გირაოთი გამოუშვა მაშინ, როცა დირექტორი იყო და შეეძლო მოწმეებზე ზეწოლა, მტკიცებულებების განადგურება… წინასწარი პატიმრობა ასეთ ფაქტებზე რომ არ არის გამოყენებული, ეს ახალისებს მოძალადეს: ის ისევ კომპანიის დირექტორია და ძველებურად აგრძელებს მუშაობას ამ ფაქტის შემსწრე არაერთ თანამშრომელთან ერთად, რაც ნორმალიზებულს ხდის ასეთ ქცევას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი თამილა გაბაიძე.

მსგავსი საქმეების განხილვა, როცა ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ არის, კანონში არსებული დათქმების მიუხედავად, შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს, რადგან სასამართლო კლანის ლიდერებიც ადასტურებენ, რომ სასამართლო გადატვირთულია და უპირატესობას საპატიმრო საქმეებს ანიჭებენ.

ამ საქმეზეც ბრალდებული რომ პატიმრობაში ყოფილიყო, სასამართლოს უკვე განაჩენი ექნებოდა გამოტანილი – საქმეზე, სადაც ბრალდებული პატიმრობაშია, განაჩენი მაქსიმუმ 9 თვეში უნდა დადგეს.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზეც – სამხარაულის ექსპერტიზა 2023 წლის 28 ივნისს ჩატარებულა, დასკვნა კი, 2024 წლის 10 ოქტომბერს მიუღიათ იმაზე, რომ მსხვერპლს „ტანჯვა არ განუცდია“.

„შრომით დავაზე მისცა ჩვენება მისმა თანამშრომელმა და მეგობარმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ძალადობის ფაქტიდან რამდენიმე დღეში პარკში ისხდნენ და ერთი კაცი ზურგით მიამსგავსა რეზო რაზმაძეს – დირექტორს და გაიქცა პარკიდან, შეეშინდაო,“ – დასძენს ადვოკატი თამილა გაბაიძე.

რაც შეეხება შრომით დავას, სასამართლომ გვანცა ქველაძის სარჩელი დააკმაყოფილა. ჯერ უცნობია გაასაჩივრებს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას შპს „რეზონი“.

„2024 წლის 06 ნოემბერს სასამართლომ დააკმაყოფილა გვანცა ქველაძის სარჩელი შრომით დავაზე და დაადგინა სამუშაო ადგილზე დირექტორის მხრიდან გვანცა ქველაძის შევიწროების ფაქტი. შპს „რეზონს“ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით. აგრეთვე, ბათილად ცნო გვანცა ქველაძეზე დაკისრებული დისციპლინური სახდელი და გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

სასამართლომ უკანონო გათავისუფლების გამო შპს „რეზონს“ დააკისრა: იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1074.73 ლარის ოდენობით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სამსახურში აღდგენის ნაცვლად კომპენსაცია 2500 ლარის ოდენობით, ადვოკატის ხარჯი 500 ლარის ოდენობით, საპროცესო ხარჯი 350 ლარის ოდენობით.

ჯარიმისა და ფინანსური პასუხისმგებლობის სიმცირე კი ვერ ასრულებს პრევენციულ დანიშნულებას,“ – მიიჩნევს ადვოკატი თამილა გაბაიძე.

ამ თემაზე:

სტამბა “რეზონის” თანამშრომლის თქმით, უფროსმა მასზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა

რას სთავაზობს სახელმწიფო ღარიბ ადამიანს საქართველოში და რას ბელგიაში

42 წლის შორენა ცეცხლაძე, ორ არასრულწლოვან შვილთან და შშმ დედასთან ერთად რვა წელია ქირით ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მეუღლეს გაშორდა, ორ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა. მისი შვილები, ალიმენტსაც კი ვერ იღებენ მამისგან.

შორენას არც მიწა აქვს და არც სხვა რაიმე უძრავი ქონება, ამიტომ სახელმწიფო დახმარება, რომელიც 600 ლარს შეადგენს, მთლიანად ბინის ქირაში იხარჯება.

როგორი უნდა იყოს სოციალური დახმარების მოდელი იმისთვის, რომ გარკვეული დროის შემდეგ სოციალური შემწეობის მიმღებმა პირმა თავი დააღწიოს სიღარიბეს? – ვკითხეთ შორენა ცეცხლაძეს.

შორენას აზრით, თუ სახელმწიფო არ მოაგვარებს უსახლკარობის პრობლემას, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული ადამიანი თავს ვერასდროს დააღწევს სიღარიბეს.

„მე რომ ბავშვების დახმარებას და სოციალური შემწეობის თანხას ბინის ქირაში არ ვიხდიდე, ალბათ 5-6 წელში შევძლებდი ფეხზე დადგომას. ახლა კი, მთელ დახმარებას ვიხდი ქირაში. შესაბამისად, არ გვრჩება საკვების ფული და იძულებული ვართ, ვისარგებლოთ მუნიციპალური სასადილოთი.

ბავშვებს ხომ სჭირდებათ სწავლა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა? ამისთვის ფული საერთოდ არ გვრჩება. ზოგჯერ სახლებს, სხვადასხვა ობიექტს ვალაგებ და ასე გაგვაქვს თავი.

ჩემ შემთხვევაში სამუშაოზე გასვლა რთულია იმიტომ, რომ მცირეწლოვანი შვილები მყავს. ასევე დედა, რომელსაც ცალი ფეხი არ აქვს, ლოგინადაა ჩავარდნილი და მოვლა სჭირდება.

ამის გამო, არც სოციალური დასაქმების პროგრამაში ჩამრთეს, დედა გყავს მისახედი, ბავშვები და ვერ იმუშავებო“, – ამბობს შორენა ცეცხლაძე.

მისი აზრით, თუ სახელმწიფო სიღარიბეში მყოფ ადამიანებს შესთავაზებს სოციალურ ბინას და მისცემს შესაძლებლობას, რომ ეს ბინა წლების მანძილზე გამოისყიდოს, უსახლკარობის პრობლემას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„ამ თანხას, რომელსაც ქირაში ვიხდი, გადავიხდიდი სოციალურ ბინაში, თუკი სახელმწიფო შემომთავაზებდა და წლების შემდეგ ჩემი საკუთრება გახდება.

დროებითი საცხოვრისი მაინც უნდა მოგვცეს, რომ გავძლიერდეთ. მით უმეტეს დღეს, როცა ფასები კატასტროფულად იზრდება, ბინის ქირა 1000 ლარს აღწევს და ისიც არ ვიცი, ხვალ თუ შევძლებ ამ თანხის გადახდას.

სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია თავი დავაღწიო გაჭირვებას. მით უმეტეს, როცა მცირეწლოვანი ბავშვები მყავს და ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს. ძლივს ვახერხებ ფიზიკურად შრომას“, – ამბობს შორენა.

მისი თქმით, როცა მშობელი უბინაოა, იქ ბავშვიც ვერ აღწევს თავს სიღარიბეს. „სახელმწიფოს ალბათ ჰგონია, რომ ბავშვს ეხმარება 200 ლარით, რეალურად ეს თანხა ქირას ხმარდება და არა ბავშვის საჭიროებებს.

წყარო: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის არის  უფასო წრეებიც, თუმცა ბონის კულტურის სახლში უნდა ატარო, სხვაგან ვერ წაიყვან. ეს ადგილი ტერიტორიულად ძალიან შორსაა ჩვენგან. წვიმიან ამინდში ჩვენი ქუჩა იტბორება და სკოლაშიც კი ძლივს ახერხებენ ბავშვები წასვლას. დასველებული მოდიან სახლში და ასე შორს, წრეზე ვეღარ ვუშვებ, ამიტომ ვცდილობ გადავიხადო თანხა და ისე ვატარო, სადაც მათ სურთ“, – გვეუბნება შორენა.

მისი აზრით, ადამიანებს სიღარიბის დაძლევაში დაეხმარებოდა შემდეგი მოდელიც – „თუ სახელმწიფოს პირობა იქნება, რომ ვთქვათ, ჩვენ სოციალური დახმარების პარალელურად დავსაქმდებოდით და ხელფასის აღება აღარ გახდებოდა სოციალური შემწეობის შეწყვეტის საფუძველი, ამ შემთხვევაში შევძლებდით ფინანსურად გაძლიერებას. შესაძლოა იყოს კონკრეტული ვადა, მაგალითად 5 წელი.

მაგრამ დღეს არსებული მოდელი ამის შესაძლებლობას არ გაძლევს. თუ მე დავსაქმდები, ვთქვათ 700-800-ლარიან სამსახურში, ეს თანხა მაინც არ იქნება საკმარისი ჩემი განვითარებისა და სიღარიბის დაძლევისთვის. მაგრამ თუ ამ თანხას დაემატება სახელმწიფო შემწეობა, შემოსავალი გამეზრდებოდა და მაშინ სადღაც 5-6 წელიწადში მოვახერხებ იმდენს, რომ აღარ დამჭირდეს სახელმწიფო დახმარებით არსებობა.

დღევანდელი მოდელი არც ჯანდაცვის სერვისებში გაძლევს შეღავათებს. ხერხემალი მტკივა, განცხადება დავწერე და დაფინანსება მოვითხოვე, 60 ლარი იყო ექიმის კონსულტაცია, მაგრამ უარი მივიღე, ძვირადღირებული კლინიკა გაქვთ მითითებულიო. არადა ერთი ჩვეულებრივი კლინიკა იყო.

დედაჩემი პენსიონერია და არც მას ჰყოფნის პენსია წამლებში, ამიტომ მაინც ვერ გწვდება სოციალური დახმარება.

ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გადახედოს სისტემას და გახადოს ის ადამიანებზე მორგებული. სხვა შემთხვევაში სიღარიბის დაძლევა შეუძლებელი იქნება“, – მიიჩნევს შორენა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა ევროკავშირის სოციალური სისტემით და ერთი ქვეყნის, ბელგიის მაგალითზე გაჩვენებთ, თუ როგორ ეხმარება იქ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორ მუშაობს სისტემა და რა სერვისებით უზრუნველყოფს მოქალაქეს იმისათვის, რომ დაძლიოს სიღარიბე.

ამ თემაზე ჩვენ ვესაუბრეთ ნატალია პაიჭაძე-ართსის, რომელიც 15 წელია ბელგიაში ცხოვრობს, ამ ქვეყნის მოქალაქეა და კარგად იცნობს ქვეყნის სოციალურ მოდელს.

„ჩემი ოჯახის წევრს მიუღია სოციალური დახმარება. მაგალითად ჩემი გერი, რომელიც შშმ პირია, იღებს დახმარებას, ასევე მყავს ბელგიელი ნათესავები და მათ გამოცდილებაზე დაყრდნობითაც შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა“, – გვეუბნება ის.

ნატალია პაიჭაძე-ართსი

„დავიწყოთ უმუშევრობის დახმარებით. თუ ადამიანმა რაღაც მიზეზით დაკარგა სამსახური, ან შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და ექიმი მისცემს ცნობას, რომ ის შრომის უუნაროა, სამსახური ვალდებულია ერთი თვის ხელფასი აუნაზღაუროს.

შემდეგ კი ამ პროცესში ერთვება სადაზღვევო, რომელიც იხდის ბოლოს დარიცხული ხელფასის 60 პროცენტს. რა დროც არ უნდა დასჭირდეს ადამიანს რეაბილიტაციისთვის, სადაზღვევო ამ თანხას იხდის.

თუ შშმ პირი ხარ და კომისია გიდასტურებს, რომ გაქვს განსაკუთრებული საჭიროება, გენიშნება სახელმწიფო დახმარება. ეს დახმარება განისაზღვრება ქულებით. ქულები დამოკიდებულია იმაზე, როგორია შენი ოჯახური მდგომარეობა. მარტო ცხოვრობ თუ შვილებთან ერთად. თუ მარტო ცხოვრობ, სახელმწიფო გიხდის 1000-1100 ევროს თვეში, ეს არის ყველაზე დაბალი შემწეობა. ზოგს აქვს 1300-1500 ევრო, ეს დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული.

თუ ამ ადამიანზე სხვა ოჯახის წევრებიც არიან დამოკიდებული, სახელმწიფო ცდილობს უფრო მეტი იყოს ფულადი დახმარება.

ბელგიაში ბავშვებს სახელმწიფო ცალკე უნიშნავს დახმარებას. პირველ ბავშვზე 120 ევროა დახმარება, მეორეზე 200, მესამეზე კიდევ უფრო მეტი და ასე შემდეგ. ამ დახმარებას ბავშვი იღებს 25 წლის ასაკამდე.

თუ ქალი მარტოხელა დედაა, ასეთ შემთხვევაში 1300 ევროა ქალის დახმარება. ქალს შეღავათი აქვს კომუნალურ გადასახადებში – დენზე, გაზზე, წყალზე, დასუფთავებაზე განახევრებული ტარიფით იხდის, მეოთხედს იხდის მგზავრობაში, ჯანმრთელობის დაზღვევაში და ასე შემდეგ“, – გვეუბნება ნატალია პაიჭაძე-ართსი.

მისი თქმით, დახმარების თანხიდან, რომელსაც კონკრეტული მოქალაქე იღებს, ჯანმრთელობის დაზღვევაში 130 ევროს იხდის წელიწადში.

„სამედიცინო პაკეტში შედის ყველაფერი, ყველანაირი მომსახურება. თანაც სახელმწიფო ეუბნება, რომ ეს 130 ევრო შეუძლია გადაიხადოს ერთდროულად ან ნაწილ-ნაწილ.

გარდა ამისა, დაზღვევა გთავაზობს ჰოსპიტალურ მომსახურებასაც, რაშიც იხდი 98 ევროს. მთლიანობაში ჯანმრთელობის დაზღვევა გამოდის 228 ევრო წელიწადში“, – ამბობს ნატალია პაიჭაძე-ართსი.

  • როგორია სოციალური ბინის მიღების პირობები და ვადები ბელგიაში?

როგორც ნატალია გვიხსნის, სოციალური სტატუსის მიღების შემდეგ, ბელგიის მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა დადგეს სოციალური ბინის რიგში. ავსებს განაცხადს და ელოდება. ლოდინმა შეიძლება გასტანოს 3 ან 4 წელიც კი, თუმცა, შესაძლოა უფრო მალეც მიიღოს პირმა ბინა.

„როცა სოციალურ ბინას მოგცემენ, წინასწარ უნდა დაუსახელო შენს მუნიციპალიტეტს სამი რეგიონი, სადაც ისურვებდი ცხოვრებას და აქედან რომელიმეში მიიღებ სოციალურ ბინას. ბინის მიღების შემდეგ ვეღარ შეცვლი რეგიონს.

სოციალური ბინა მოქალაქეს არ გადაეცემა საკუთრებაში, თუმცა მას შეუძლია იქ იცხოვროს მთელი ცხოვრება. თუ შვილი გყავთ ან მერე შეგეძინებათ, მათაც შეუძლიათ იცხოვრონ ამ ბინაში თქვენთან ერთად, თუმცა ბინა შვილების საკუთრებაში ვერ გადავა“, – ამბობს ნატალია.

მისი თქმით, სოციალურ ბინაში ბენეფიციარი დაახლოებით 100/200 ევრომდე იხდის, რომელსაც სოციალური შემწეობის თანხიდან ფარავს. თუმცა, თუ ბენეფიციარი იტყვის, რომ მას ურჩევნია ბინა თვითონ იქირაოს, ამის უფლებაც აქვს.

„თუ სოციალური შემწეობა გაქვს 1000 ევრო, მაგრამ შენ იტყვი, რომ 700 ევროდ იქირავებ ბინას, ეს კითხვებს გააჩენს, რადგან 300 ევროდ თავს ვერ ირჩენ. ამიტომ ბინა შესაბამის ფასად უნდა დაიქირაო, რომ არ შემოგედავოს სახელმწიფო.

არის შემთხვევები, როცა ამ მიზერულ თანხასაც არ ახდევინებენ ოჯახებს. გააჩნია ოჯახის მდგომარეობას“, – ამბობს ნატალია.

თუ ადამიანს სურს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სერვისებზე ხელი მიუწვდებოდეს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მისამართი ბელგიაში და უნდა იყოს მოქალაქე, რადგან სოციალურ ინსტიტუციებს ჰქონდეს მასთან წვდომა.

„თუ იტყვი, რომ ნათესავთან ან მეგობართან ცხოვრობ, ასეთ შემთხვევაში სხვა სირთულეები იჩენს თავს. მაგალითად, ბელგიაში ყველა ოჯახი წლის ბოლოს ავსებს  დეკლარაციას და იხდის საშემოსავლო გადასახადს. თუ შემოსავლები დაბალია, წელიწადში ერთხელ, სადაზღვევო გარკვეულ თანხას უკან უბრუნებს ოჯახს.

მაგრამ თუ შენ სამ თვეზე მეტი ხნით დარჩები სხვის ბინაში, შენი სოციალური დახმარების თანხა აისახება ამ ოჯახის შემოსავლებში ან პირიქით, შენზე აისახოს მასპინძელი ოჯახის შემოსავლები და ეს გაუზრდის ამ ოჯახს გადასახადებს და ეს გამოიწვევს გარკვეული შეღავათების მოხსნას ამ ოჯახზე. შესაბამისად, ბელგიაში ვერავის ეტყვი, რომ ჩაგწეროს მის ბინაში.

ამიტომ, ვისაც სოციალური დახმარება ენიშნება, ყველა ცდილობს, რომ თვითონ იქირაოს ბინა“, – ამბობს ნატალია.

ბელგიაში ცალკე არსებობს თავშესაფრები, მაგალითად, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, რომლებსაც შესაძლოა ღამის გასათევი არ ჰქონდეთ და სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ, „ასეთ ადამიანებს აძლევენ დროებით თავშესაფარს“.

ნატალიას თქმით, ცალკე სერვისი არსებობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მისამართი არ აქვს და ეს ადამიანები სხვა პროგრამებში არიან ჩართული.

  • როგორი უნდა იყოს ბინა, რომელსაც ბენეფიციარი ქირაობს?

საქართველოში ძალიან ხშირად, სოციალურად დაუცველ პირებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, რადგან კეთილმოწყობილი ბინის დაქირავების ფასი ძალიან მაღალია. სიღარიბეში მყოფ პირებს ისეთი ბინის აღება უწევთ, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ არის გათვალისწინებული.

ბინების გარკვეული ნაწილი ნესტიანი და ობიანია, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას.

როგორც ნატალია გვიხსნის, ბელგიაში ბინის გაქირავების სტანდარტები არსებობს და თუ პირი ამ სტანდარტით გათვალისწინებულ პირობებს ვერ დააკმაყოფილებს, ბინას ვერ გააქირავებს.

„აქ არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ამ სტანდარტების შესაბამისად ამოწმებს გასაქირავებელ ბინას. ამოწმებს როგორაა გაზი დამონტაჟებული და საფრთხეს ხომ არ შეიცავს ვინმესთვის, როგორია წყლის სისტემა, სოკო ხომ არ აქვს კედლებს, ყველა ეს დეტალი არის გათვლილი. თუ კომისია ვერ გაიარა გამქირავებელმა, ბინას ვერ გააქირავებს.

ასევე, ახალი კანონით გამქირავებლებს დაევალათ, რომ თბორეგულაციაზეც იზრუნონ. თუ მაგალითად ბინა 500 ევროდ ვიქირავე და ამდენივე მარტო გაზის გადასახადი დამიჯდა, რადგან ვერ ვათბობ ბინას, ასეთ ბინას არავინ იქირავებს. ამიტომ გაქირავების დროს, ყველგან არის მითითებული ენერგო კოეფიციენტი.

მეორე, ბინაში აუცილებლად უნდა იყოს პირველადი მოხმარების ტექნიკა – სარეცხი მანქანა, ჭურჭლის მანქანა, სამზარეულოს კარადა, ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზია“, – გვეუბნება ნატალია პაიჭაძე-ართსი.

მისი თქმით, ადამიანზე მორგებული სოციალური პოლიტიკის წარმოების გარდა, ბელგიის ხელისუფლება ყოველ წელს ზრდის ხელფასებს (ფასების ზრდის პარალელურად), „ამიტომ არ არის სოციალური ბუნტი ამ ქვეყანაში“, – ამბობს ნატალია.

2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 682 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

„ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი მარიამ ჯანიაშვილი.

ეს ორგანიზაცია წლებია მუშაობს საქართველოში არსებული სოციალური პოლიტიკის ანალიზზე. ამიტომ მარიამ ჯანიაშვილს ვთხოვეთ შეეფასებინა საქართველოში არსებული სოციალური დახმარების მოდელი და ესაუბრა იმაზე, თუ რა უშლის ხელს ამ ქვეყანაში ადამიანებს სიღარიბის დაძლევაში და რატომ ვერ მუშაობს სახელმწიფო დახმარების მოდელი სათანადოდ.

ჯანიაშვილი მარიამ

„სოციალური დახმარების სისტემა 2006 წლიდან არსებობს ქვეყანაში და მიზანი იყო ის, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები გადაერჩინა. წლები გავიდა, პროგრამა გარკვეულწილად შეიცვალა თუმცა, ძირითადი პრინციპები ფაქტობრივად არ შეცვლილა.

სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა 2020-21 წლებში და ამას ხსნიდნენ პანდემიით, რადგან სოციალური აგენტები ვერ ახერხებენ ოჯახების გადამოწმებასო, თუმცა პანდემია დასრულდა და ეს ადამიანები ისევ არიან სისტემაში.

ბოლო მონაცემებით კი, სოციალურ შემწეობას ქვეყანაში 682 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

  • რა მნიშვნელოვანი ჩავარდნები აქვს სისტემას

„თუკი ადრე სისტემა ეუბნებოდა ადამიანს, რომ მას არ უნდა ჰქონოდა კბილის პასტა, საპონი და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები სახლში იმისათვის, რომ მიეღო სახელმწიფო დახმარება, წლების შემდეგ ეს მიდგომა შეიცვალა, თუმცა დღეს არსებული მოდელიც არ აძალებს ადამიანს უფლებას, რომ განვითარდეს.

მაგალითად, სისტემა ეუბნება ადამიანებს, რომ შენ არ უნდა გათბე ზამთარში, რადგან თუ ბენეფიციარი გადაიხდის მაღალ კომუნალურ გადასახადებს, სისტემა მას სოციალურ დახმარებას შეუჩერებს.

ჩვენთვისაც უთქვამს ბენეფიციარს, რომ ზამთარში არ ვრთავ გათბობას, როცა გადამოწმების პერიოდი მოდის, მაღალი გადასახადი რომ არ მომივიდესო. სისტემა არ ინტერესდება იმით, ისესხა ამ ადამიანმა გაზის გადასახადისთვის თანხა თუ სხვამ დაუფარა. იქნებ საკვებზე, ტანსაცმელზე, წამალზე მოიკლო ადამიანმა და ისე გადაიხადა, ამას არავინ კითხულობს.

ეს სისტემა რეალურად ლახავს ადამიანის ღირსებას, ართმევს იმის შესაძლებლობას, რომ მინიმალური საჭიროებები დაიკმაყოფილოს.

ასევე, თუ სახლში გაქვს პარკეტი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლისაა, ან გაქვს მიწა, კომპიუტერი ამ მონაცემებს ფუფუნებაში გითვლის და ესეც ხდება სოციალური შემწეობის შეჩერების მიზეზი. არავინ კითხულობს იმ მიწის დამუშავება შეუძლია თუ არა ადამიანს ან რა მდგომარეობაშია ის მიწა“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

მისი თქმით, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მოთხოვნები აქვს და თუ ერთი მუნიციპალიტეტი ვთქვათ რაღაც ქულაზე გასცემს კონკრეტულ სერვისს, მეორე მუნიციპალიტეტი არ გასცემს იგივე ქულაზე სერვისს.

მუნიციპალიტეტები, როგორც ჯანიაშვილი გვეუბნება, არც კი ინტერესდებიან იმით, რომ შეისწავლონ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და ისე ჩართონ ისინი სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებში.

„მაშინ როცა მუნიციპალიტეტები უნდა იყვნენ პროაქტიულები, შეხვდნენ მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ცენტრიდან მოშორებით ცხოვრობს და აქვს მრავალნაირი გამოწვევა, ან ტრანსპორტი არ არის სოფელში ან უკიდურესად ღარიბია და ვერ აღწევს მერიამდე, საერთოდ არ ინტერესდება ხალხის ყოფით.

იუნისეფის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანების დაახლოებით მესამედი, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, საერთოდ არ მიმართავენ სახელმწიფოს იმისთვის, რომ შეაფასონ და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ, რადგან არ აქვთ სისტემის ნდობა.

ნაწილი მიმართავს, მაგრამ მეთოდოლოგიური ხარვეზების გამო და უსამართლობის გამო, ამ სისტემაში საერთოდ ვერ ხვდება და რჩება გარიყული ამ სისტემიდან“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

  • დღეს არსებული სისტემა აძლიერებს ბენეფიციარს და ეხმარება თუ არა სიღარიბის დაძლევაში?

პასუხი არის „არა“ და „ვერა“ – ამაზე მიუთითებს შემწეობის მიმღებთა მზარდი რიცხვები და ისიც, რომ ეს ადამიანები 10-14 და მეტი წელი არიან ამ სისტემაში ჩართული და თავს ვერ აღწევენ.

სისტემა კი არ აღმოფხვრის სიღარიბეს, უბრალოდ ადამიანის ფიზიკურ გადარჩენაზეა ორიენტირებული და სხვა არაფერი შეუძლია, რადგან სახელმწიფო დახმარება 30-60 ლარია თვეში ერთ ადამიანზე და ამ თანხით უბრალოდ შეუძლებელია დაძლიო სიღარიბე.

ბავშვების დახმარების თანხა ბოლო წლებში შედარებით გაიზარდა და ახლა 200 ლარია ერთ ბავშვზე, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ ეს დახმარება არა ბავშვს, არამედ ოჯახის საჭიროებებს, მათ შორის ბინის ქირას ხმარდება“, – ამბობს მარიამი.

მისი თქმით, როცა ვსაუბრობთ გამართულ სოციალურ სისტემაზე, ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს საცხოვრისზე, რადგან ადამიანები, რომლებიც არიან სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში, ვერ გაძლიერდებიან საცხოვრისის გარეშე.

წყარო: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

„მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ვსაუბრობთ წლებია და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ დაითვალოს, განსაზღვროს უსახლკარობის რა მასშტაბია ქვეყანაში, სახელმწიფო ყოველთვის თავს არიდებს ამ საკითხს, რადგან იცის, რომ ეს რიცხვები სავარაუდოდ იქნება ძალიან მაღალი.

უსახლკარო ადამიანების აქცია ბათუმის მერიასთან/ფოტო: „ბათუმელები“/2024

საცხოვრისზე დახარჯულმა თანხამ არ უნდა წაართვას ოჯახს სახელმწიფოსგან მიღებული შემწეობა და დატოვოს ისე, რომ ვეღარ დაიკმაყოფილოს მინიმალური საარსებო სტანდარტი.

ამას მოჰყვება შემდეგ ის პროცესები, რაც გვაქვს „ოცნების ქალაქში“, ეგრეთ წოდებულ „აფრიკის დასახლებაში“ თბილისში, როცა ადამიანები თვითდახმარების მიზნით დასახლდნენ გარკვეულ ტერიტორიაზე, შემდეგ კი მიდის სახელმწიფო და უნგრევს ამ საცხოვრისსაც.

სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ ვხედავთ სიღარიბის ინსტრუმენტალიზებასაც, როცა ხელისუფლება, განსაკუთრებით კი მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ იყენებს ამ ხალხის სოციალურ მოწყვლადობას.

ზოგს ემუქრებიან, რომ შეუწყდება სოციალური შემწეობა, თუ მმართველ პარტიას არ მისცემენ ხმას, ზოგს უკანონოდ დაკავებულ ფართებს უკანონებენ ხმის სანაცვლოდ, ან არჩევნების წინ გადასცემენ ხოლმე ბინებს.

სოციალური დახმარების თემა მაინც გადაქცეულია იმად, რომ თითქოს ეს ყველაფერი არის კონკრეტული პარტიის კეთილი ნება და არა სახელმწიფოს ვალდებულება.

ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თუ შენ ხარ სიღარიბეში, თუ არ გაქვს საცხოვრებელი, ეს არის შენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და არა ის, რომ მე, როგორც სახელმწიფო ჩავფლავდი და ვერ დაგიცავი სიღარიბისგან.

მოქალაქეც, თუკი მიიღებს მინიმალურ დახმარებას, მადლიერად და დავალებულად გრძნობს თავს სახელმწიფოს წინაშე, თითქოს ვიღაც პირადი ჯიბიდან იღებდეს ამ შემწეობას და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც ხალხის გადასახადებით ივსება.

ხელისუფლების მხრიდან სიღარიბე გახდა მოქალაქეებზე ზემოქმედების იარაღი და არა მათი სიღარიბიდან ამოყვანის საშუალება.

ამის მაგალითია ფიქციური დასაქმების პროგრამაც.

წლების წინ, მთავრობა ლაპარაკობდა იმაზე, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები ზარმაცები იყვნენ და ამიტომ მათი გააქტიურება იყო საჭირო. შექმნეს დასაქმების პროგრამაც, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ სახელმწიფომ პროფესიული უნარების კუთხით კი არ გააძლიერა ბენეფიციარი, არამედ პარტიული კონტროლი დააწესა ამ ხალხზე და აქცია საარჩევნოდ ხმების მიღების ინსტრუმენტად. საერთოდ არ გაითვალისწინა მაგალითად შშმ პირები და მარტოხელა ქალები, ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

უსახლკარო ადამიანები/ფოტო: „ბათუმელები“

მისი შეფასებით, სანამ არ შეიქმნება ადამიანებზე მორგებული სისტემა, არ იქნება უზრუნველყოფილი ღარიბი ადამიანები სოციალური საცხოვრისით, არ იქნება უმუშევრობის დაზღვევა, რომელსაც საერთოდ არ ითვალისწინებს საქართველოს სოციალური პოლიტიკის მოდელი, ადამიანები ვერ დააღწევენ თავს გაჭირვებას.

„პრობლემაა ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში, ქუჩაში მცხოვრებ ადამიანს არ აქვს საარსებო შემწეობის მიღების უფლება, რადგან არ აქვს მისამართი. ეს საკითხი ჩვენ გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლომ 2018 წელს დაასრულა არსებითი განხილვა, თუმცა ამის შემდეგ ამაზე არაფერი გვსმენია.

საჭიროა სისტემის მოდიფიცირება, რომ ყველა ის კომპონენტი იყოს გათვალისწინებული სოციალური დაცვის სისტემაში, რაც ადამიანს სიღარიბეს დააძლევინებს და არ ჩააყენებს ღირსების შემლახავს მდგომარეობაში“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).

ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

უსახლკაროები უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში შეიჭრნენ – „გამოგვიყვანეს, არ დავტოვებთ აქაურობას“

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში შეჭრილი უსახლკაროების თქმით, დაცვის პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

„ძალით გამოგვიყვანეს, ხელები გადაგვიგრიხეს… მაინც არ დავტოვეთ აქაურობა, მთელი ღამე აქ დავრჩით, შესასვლელთან,“ – ამბობენ უსახლკაროები.

15-მდე უსახლკარო აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში ჩაქვში ღამით შეიჭრა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის დაკავებამდე, უსახლკაროების ნაწილი ბათუმსა და ქობულეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 4 მიტოვებულ შენობაში შეიჭრა. ეს შენობები სახელმწიფოს ეკუთვნის. გაუსაძლის პირობებში უსახლკაროები დღემდე რჩებიან და საცხოვრისით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის გარდა, ბოლო პერიოდში სახელმწიფო შენობებში შეჭრილები ძალით გამოყენებით არ გამოუყვანიათ.

უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობასთან გაუთენებია ღამე წუხელ მაგული ფუტკარაძესაც. ის მარტოხელა დედაა, რომლის შვილიც შშმ პირია. მაგული ფუტკარაძე 4 ნოემბერს მთელი დღე ბათუმის მერიის მისაღებში იჯდა, მაგრამ მას არავინ შეხვდა.

„ავად გახდა, მაღალი წნევა ჰქონდა და კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფომ,“ – გვითხრა ნაილი ბეჟანიძემ. ის საკუთარი სახლიდან ბანკის დავალიანების გამო გამოსახლებას ელოდება და უსახლკაროების აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

უსახლკაროები ბათუმში აქციებს ბათუმის მერიასთან პერიოდულად, ბოლო ორი წელია მართავენ, თუმცა ხელისუფლება ასობით ადამიანს არ იმჩნევს. დღემდე არ არსებობს პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები ისარგებლებენ.

უსახლკაროების ნაწილი ღამეს პერიოდულად ღია ცის ქვეშ, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ათენებს. უსახლკაროები შეხვედრას თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ითხოვენ.

„უსახლკაროების პროტესტი უკვე საკმაო ძალას იკრებს, სანამ ეს გადაიქცევა დიდ ტალღად, რომელსაც ვერავინ ვერ შეაჩერებს, ვფიქრობ, საჭიროა ხელისუფლება წავიდეს დიალოგზე,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე, ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი. უსახლკაროების აქციაზე ჩაქვში ისიც იყო.

ამ თემაზე:

უსახლკარო დედებს შვილებთან შეხვედრის უფლება პოლიციამ არ მისცა – ქალები შიმშილობას იწყებენ

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ნოემბრის 21 საათიდან 11 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 12 და 13 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 708 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350]
  • ტანკი – 9 249 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 18 726 ერთეული [+29]
  • საარტილერიო სისტემა – 20 280 ერთეული [+31]
  • MLRS – 1 245 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 996 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 619 ერთეული [+44]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 634 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 28 683 ერთეული [+122]
  • სპეცტექნიკა – 3 604 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 648 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 35 512 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 159 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 487 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 17 568 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 135 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„სასამართლოს ტერიტორიაზე კაცმა ყოფილ ცოლს ფეხი ჩაარტყა“ – რა თქვა მოსამართლემ

მოსამართლეებმა გაამართლეს კაცი, რომელმაც პროკურატურის ვერსიით ყოფილ ცოლს სასამართლოს ტერიტორიაზე სცემა, იმ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ძალადობის საქმე განიხილებოდა. ამ შემთხვევაზე უზენაესმა სასამართლომაც იმსჯელა.

ბოლო პერიოდში საქართველოს სასამართლო სისტემაში გამამართლებელი განაჩენების გაზრდის მაჩვენებელი მეტწილად ოჯახში ძალადობაზე მოდის. მოსამართლეები განმარტავენ, რომ დაზარალებული ქალი დუმილს არჩევს და საქმეში საკმარისი მტკიცებულება აღარ რჩება.

თუმცა ამ საქმეზე ქალს სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია. ლიას [სახელები შეცვლილია] უთქვამს, რომ ყოფილმა მეუღლემ მერაბ დ.-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ტერიტორიაზე, პროცესის დასრულების შემდეგ ხელი სახეში დაარტყა, ფეხი – ზურგის არეში.

„2019 წლის ზაფხულში, დღის საათებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე [გრ.რობაქიძის ქუჩაზე], სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მ. დ-მა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს ლ. ჩ-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში და ფეხი დაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც ლ. ჩ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – ეწერა ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

პროკურატურის ვერსიით, კაცი ცოლზე მანამდე სისტემატურად ძალადობდა, ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის სექტემბერში მიღებული განაჩენით, მერაბ დ. უდანაშაულოდ მიიჩნია. იგი გამართლდა, როგორც ოჯახში ძალადობის მუხლით, ასევე ოჯახის წევრის მუქარით წარდგენილ ბრალდებაში.

2024 წლის მარტში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სადაც პროკურატურის მტკიცებით, კაცმა ყოფილ ცოლს სცემა, ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნიეს. პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილს საკასაციო საჩივრით უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს.

„საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ მ. დ-მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულები. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას, რომლის თანახმად, წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით ბრალდების მხარის მიერ საქმეში ზოგ ეპიზოდში წარმოდგენილია არასაკმარისი მტკიცებულებები, ნაწილში კი დაზარალებულის ჩვენებას, მოწმეთა ჩვენებებსა და წერილობით დოკუმენტებში არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც გავლენას ახდენს მათ სანდოობასა და უტყუარობაზე,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ვნახოთ, რა არგუმენტებით გაამართლეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მერაბ დ.

„უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება 2019 წლის ზაფხულში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მ. დ-ს მიერ ყოფილი მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების აღნიშნული ეპიზოდის ირგვლივ ჩვენებას იძლევა დაზარალებული ლ. ჩ., თუმცა ამ ჩვენების შეფასებისას მნიშვნელოვანია, როგორც მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გაკეთებული განმარტება, ასევე საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, ლ. ჩ.  სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიის კონკრეტულ ადგილებზე უთითებს არა როგორც ძალადობის, არამედ, როგორც მუქარის ჩადენის ადგილს.

სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ მოწმეები – ლ. ჩ., მ. ფ, და ნ. ო., რომლებმაც აჩვენეს, რომ სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მ.დ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, რასთან დაკავშირებითაც მ. დ-ს ბრალდება არ აქვს წარდგენილი.

წინააღმდეგობრივია დრო დანაშაულის თარიღთან მიმართებითაც: პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. დ-მა ლ. ჩ-ზე ფიზიკურად იძალადა 2019 წლის ზაფხულში, ლ. ჩ.-ს განმარტებით ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2019 წლის ოქტომბერში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება… სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია 2019 წლის 21 ნოემბერს. შესაბამისად, აღნიშნულ ეპიზოდში, დაზარალებულის ჩვენების გარდა, არ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომ მ. დ-მა ფიზიკურად იძალადა ლ. ჩ-ზე, ასევე თავად დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებით არ დასტურდება ბრალდების მიერ დადგენილი 2019 წლის ზაფხული,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ამავე განჩინების მიხედვით, მოსამართლეებისთვის დაზარალებულად მიჩნეული ქალის ჩვენება არ არის სარწმუნო იმიტომაც, რომ ის ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის იძალადა მასზე ყოფილმა ქმარმა. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მერაბი ლიაზე განქორწინების შემდეგ, 7 წლის განმავლობაში ძალადობდა.

„აღნიშნულის დასადასტურებლად დაიკითხა დაზარალებული ლ. ჩ-ე, რომლის განმარტებითაც, ,,მ. დ-ი მასზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აიძულებდა მიეღო ნარკოტიკული საშუალებები, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა ქალებთან, აკრძალული ჰქონდა ბრალდებულის მიერ შეძენილი საკვების და წყლის მიღება“. დაზარალებულის ჩვენებით დაუდგენელია თარიღები, როდის ჰქონდა ასეთ ფაქტებს ადგილი და რამდენად რელევანტურია ეს ფაქტები წარდგენილი ბრალდებით დადგენილად მიჩნეულ პერიოდთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისტემატური შეურაცხყოფა [ფსიქოლოგიური ძალადობა] უკავშირდება ძალადობის ჩადენას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობის მინიმუმ სამი ფაქტი და ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ არაერთხელ განიცდის დაზარალებული. იმ მოცემულობაში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დგინდება, თუ როდის და რა პერიოდულობით ჩაიდინა მ. დ-მა ლ. ჩ-ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტები.

სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ფსიქოლოგიურ ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იყო თუ არა იმდენად მოკლე, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ იყო გამქრალი და კვლავ არაერთხელ განიცადა დაზარალებულმა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ამ საქმეშია ექსპერტიზის დასკვნაც – ექსპერტიზის მიხედვით, დაზარალებული ქალი ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა:

„მართალია აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, მ. დ-ს ქმედებების შედეგად ლ. ჩ-მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, თუმცა ექსპერტის დასკვნა – ტანჯვის განცდის შეფასებისას ეყრდნობა ლ. ჩ-სა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში არსებულ ინფორმაციას, ასევე ლ. ჩ-ს მიერ კვლევის დროს განმარტებას, რომელშიც დაზარალებული ძირითადად ხაზს უსვამს თანაცხოვრების ანუ 2014 წლამდე პერიოდს. აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში არაა მითითებული გამოძიებისათვის არსებითად მნიშვნელოვანი დროის პერიოდი – 2014 წლიდან 2021 წლის 15 ივნისამდე, რა დროშიც უნდა დაედგინა ექსპერტიზას ფსიქიკური ტანჯვის არსებობის ფაქტი.

…ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და გაამართლეს მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა ლევან თევზაძემ, შალვა თადუმაძემ და მერაბ გაბინაშვილმა მიიღეს.

ამ საქმეზე:

კაცმა ორსულ ცოლს იმის გამო სცემა, რომ სახლს კარგად ვერ ალაგებდა – 3 საქმე სასამართლოდან

 

 

 

ავარიის შედეგად ქობულეთში 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა – ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ავარიას ქობულეთში 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაშავებული 40 წლის კაცი კი, კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 9 ნოემბერს მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა 20 წლამდე ბიჭი მალევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ხაჭაპური 8%-ით გაძვირდა – რომელი პროდუქტების ფასი გაიზარდა

ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 2024 წლის ოქტომბერში 6.62 ლარამდე გაიზარდა. ეს 8%-იანი ზრდაა 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით.

ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.

კვლევის მიხედვით, წლიურ ჭრილში, ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასმა განიცადა ინფლაცია კვერცხის გარდა, რომლის ფასიც 1.5 %-ით შემცირდა.

„საფუარის ფასმა ყველაზე დიდი წლიური ზრდა [21.8%] აჩვენა, შემდეგ მოდის კარაქი 16.4%-ით, რძე 13.2%-ით, ყველი 8.6%-ით და ფქვილი 4.6%-ით. ინგრედიენტების უმეტესობისთვის ფასები თვიურ ჭრილშიც გაიზარდა, ამ შემთხვევაში გამონაკლისს რძე წარმოადგენს, რომლის ფასიც 1.9%-ით შემცირდა.

რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, მოსალოდნელია ყველისა და რძის – ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების – ფასების შემდგომი ზრდა მომდევნო თვეებში,“ – აღნიშნულია ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსის განახლებულ მონაცემებში.

რაც შეეხება ფასებს რეგიონებში – 2024 წლის ოქტომბერში ხაჭაპური ყველაზე ძვირი თელავში ღირდა – ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.17 ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 8.4 %-ით აღემატება. ანალიტიკოსების აზრით, ეს მაჩვენებელი უკავშირდება კახეთის საშემოდგომო სეზონს, რთველის პერიოდს.

2024 წლის სექტემბერში კი, ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი ბათუმში იყო.

ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსის“ მიხედვით, ხაჭაპური წინა თვესთან – სექტემბერთან შედარებით 2 %-ით გაძვირდა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 707 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 660]
  • ტანკი – 9 238 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 18 697 ერთეული [+36]
  • საარტილერიო სისტემა – 20 249 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 245 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 996 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 575 ერთეული [+49]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 634 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 28 561 ერთეული [+66]
  • სპეცტექნიკა – 3 604 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 648 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 35 476 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 151 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 486 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 17 501 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 116 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ ცვლის მზისგან მიღებული დენი აჭარის სოფლებს და რა იცვლება მოხმარების წესში

„თვეში საშუალოდ 45-50 ლარის ელექტროენერგიას მოვიხმარდი, თუმცა მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ, მაგალითად, გასულ თვეში 37 ლარის დენი მოვიხმარე, საიდანაც მხოლოდ 4 ლარი და 92 თეთრი გადავუხადე „ენერგო-პრო ჯორჯიას“. დანარჩენი – მზის პანელებით გამომუშავებული და ჩემს მიერ მოხმარებული კილოვატსაათები გაიქვითა“, – გვეუბნება ბექა ქობულაძე, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ცხოვრობს. ბექა ქობულაძეს მზის ელექტროსადგური „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში აქვს ჩართული.

  • ზედა ჩხუტუნეთში 200 ერთეული მზის წყლის გამაცხელებელი და 75 ერთეული მზის ელექტროსადგური იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 260 ოჯახს გადაეცა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამამ განახორციელა და მოსახლეობის თანადაფინანსება მხოლოდ 10 პროცენტი იყო. ბექა ქობულაძე გვეუბნება, რომ მან მხოლოდ 739 ლარი გადაიხადა 10 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურში და დამატებით 400 ლარი – „ჭკვიან“ მრიცხველში.
მზის პანელები და წყლის გამათბობელი ბექა ქობულაძის სახლზე სოფელ ზედა ჩხუტუნეთში

ბექა ქობულაძის თქმით, მზის დანადგარი უკვე 7 თვეა მუშაობს: „ზამთარში ალბათ ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს, ვინაიდან გეოგრაფიულად, სადაც ვცხოვრობ, მზე ზენიტს დაახლოებით 3 საათისთვის გადადის, მაგრამ როგორც დავაკვირდი ზაფხულში იმდენს გამოიმუშავებს ზედმეტობა მექნება, რაც შესაძლებელია შემდეგ გაიქვითოს“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, „თუ ფლობთ მზის, ქარის, ჰიდრო ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში ჩაერთოთ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოთ გამანაწილებელ კომპანიას.

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად [რევერსულად] აღრიცხვის პროცესი კი, არის ე.წ. ნეტო აღრიცხვა, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.“

მაგალითად, თუ მზის ელექტროსადგურით გამომუშავებული დენი იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ მოიხმარეთ, ჭარბი დენი [კილოვატები], რაც ქსელში გავიდა, გერიცხებათ დეპოზიტზე. თუ მომდევნო თვეში დავუშვათ მოიხმარეთ მეტი დენი, ვიდრე მზის დანადგარით გამოიმუშავეთ, მაშინ არსებული ტარიფის მიხედვით მხოლოდ სხვაობას [აქ გათვალისწინებული იქნება დეპოზიტზე არსებული კილოვატებიც] უნაზღაურებთ მიმწოდებელ კომპანიას [„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ან „თელასს“, რომლის არეალშიც ხართ].

ანუ, თუ ერთ თვეში 100 კილოვატი გამოიმუშავეთ და მოიხმარეთ 80 კილოვატი, 20 კილოვატი გრჩებათ დეპოზიტზე და მიმწოდებელ კომპანიას, ბუნებრივია, არაფერს უხდით. მაგრამ, თუ მომდევნო თვეში გამოიმუშავებთ ვთქვათ 80 კილოვატს, მაგრამ მოიხმართ 120 კილოვატს, ამ შემთხვევაში კომპანიას მხოლოდ 20 კილოვატის საფასურს გადაუხდით [120(მოხმარებული)-80(გამომუშავებული)-20(დეპოზიტიდან)=20].

თუ გსურთ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოთ გამანაწილებელ კომპანიას. მიკროელექტროსადგურის სტატუსი, მისი გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ვადები, საფასური და აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესები კი სემეკმა 2021 წელს დაამტკიცა.

  • საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით აიღო „მესამე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციის“ ვალდებულება, რომელიც მოიცავდა ევროდირექტივებს სწორედ განახლებადი ენერგიების [მათ შორის წყალი, მზე, ქარი] ხელშეწყობის, ასევე ელექტროენერგიის შიდა ბაზრის რეგულირების და სხვა საკითხების შესახებ.

„ეს დირექტივები ძირითადად ასახულია ჩვენს კანონმდებლობაში. ამჯერად შევეხები იმ რეგულაციას, რამაც საშუალება მისცა მომხმარებელს გამოეყენებინა განახლებადი ენერგიის წყარო – 500 კილოვატამდე, ანუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები. ამ ენერგიის ათვისების ლიმიტი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არეალში ფაქტობრივად ამოწურულია, სადაც 95 პროცენტი მოდის მზის ენერგიაზე და ძალიან ცოტაა ქარის და ჰიდრო სადგურები.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში დღეს მზის 1 400 სხვადასხვა სიმძლავრის მიკროელექტროსადგურია ჩართული, რომლებიც მომხმარებლების საკუთრებაშია და მათსავე ტერიტორიაზეა განთავსებული. ჩვენ გვქონდა დადგენილი ლიმიტი და ეს ლიმიტი ფაქტობრივად უკვე შესრულებულია „ენერგო-პროს“ არეალში. „თელასის“ არეალში ჯერჯერობით შეუსრულებელია. ახლა კომისია იხილავს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არეალში ლიმიტის გაზრდის საკითხს“, – გვითხრა სემეკის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

მზის პანელები სოფელ ზედა ჩხუტუნეთში / ფოტო: UNDP/გიორგი ცეცხლაძე

ნუგზარ ბერიძის თქმით, ეს რეგულაცია „მომხმარებელს აძლევს საშუალებას თავად გამოიმუშაოს საჭირო ელექტროენერგია, ჭარბი კი გაიქვითება და ესეც სარგებელია. ამას ჰქვია თვითმოხმარება, მომხმარებელს კი – თვითმომხმარებელი, იგივე პროსიუმერი“.

განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებელი/პროსიუმერი არის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც მის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობაში აწარმოებს განახლებად ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და რომელსაც შეუძლია შეინახოს ან გაყიდოს წარმოებული განახლებადი ელექტროენერგია.

„დღეს, სურვილის შემთხვევაში, თუ გაქვს ტერიტორია ან შესაძლებელია სახურავზე პანელების დამონტაჟება – მიმართავთ ქსელის ოპერატორ კომპანიას შემდგომში მიკროსადგურის ქსელში ჩართვაზე. უშუალოდ სადგურს კი თავად შეიძენთ, რომელშიც გადახდილ თანხას, ანუ კაპიტალდაბანდებას, 5-7 წელში ამოიღებთ. მზის პანელების მომწოდებელი ბევრი კომპანიაა დღეს ბაზარზე და 1 კილოვატის ფასი დაახლოებით 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთი სახლისთვის კი 3-კილოვატიანი სადგურიც საკმარისია, რომლის შეძენა/მონტაჟი 1500-2000 დოლარი ჯდება, იმის მიხედვით, თუ რა კონსტრუქციით და როგორ დაამონტაჟებთ“, – ამბობს ნუგზარ ბერიძე.

შესაძლებელია ასევე მზის [ან ჰიდრო, ასევე ქარის] მიკროელექტროსადგური გქონდეთ სულ სხვა ადგილზე და დენს სხვაგან მოიხმარდეთ ნეტო აღრიცხვით, თუ, რა თქმა უნდა, ეს მიკროელექტროსადგური ჩართული იქნება საერთო ქსელში.

ამასთან, კანონმდებლობა იძლევა საშუალებას მოაწყოთ მიკროელექტროსადგური თქვენი მოხმარებისთვის, მაგრამ ის არ ჩართოთ საერთო ქსელში.

ზედა ჩხუტუნეთელი ბექა ქობულაძე „ბათუმელებთან“ იმასაც ამბობს, რომ მზის ელექტროსადგურით იმდენად კმაყოფილია, გადაწყვეტილი აქვს მისი შეძენა საკუთარი საწარმოსთვის:

„ახლა კალკულაცია გავაკეთე, ასეთი სადგური ბათუმში საწარმოსთვის მინდა. იქ არსებული დაზგა-დანადგარებისთვის საჭირო ენერგიას მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული დენი სრულად გადაფარავს. ბუნებრივია, ეს იქნება უფრო მძლავრი სადგური, რომლის შეძენა-მონტაჟისთვის ახლანდელი გათვლებით 98 ათასი ლარი დამჭირდება“.

ბექა ქობულაძე ამ პროექტის განხორციელებას ბანკის დახმარებით – მწვანე დაფინანსების ფარგლებში გეგმავს.

  • არის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების სხვადასხვა პროგრამა, რომლებშიც ჩართული არიან კომერციული ბანკები, ასევე დონორი ორგანიზაციები. მაგალითად, ცალკე მიმდინარე პროგრამა აქვს ასევე USAID-ს, სადაც კონკურსში განაცხადების მიღება 12 ნოემბერს სრულდება.

რა იცვლება მცირე ელექტროსადგურების მფლობელებისთვის, ანუ პროსიუმერებისთვის

სიახლე ენერგეტიკის სფეროში ამჯერად ისაა, რომ დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც, როგორც სემეკში გვითხრეს, ნიშნავს უკვე „მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციას“ ჩვენს კანონმდებლობაში.

„ეს „სუფთა ენერგიის პაკეტია“, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს განახლებადი ენერგიების, განსაკუთრებით მომხმარებელთა საკუთრებაში არსებული წყაროების განვითარებას. ჩვენ შემთხვევაში წამყვანი რესურსი ძირითადად ჰიდროა, თუმცა ეს ეხება მზის და ქარის ენერგორესურსებსაც.

თუმცა მომავალში იქნება ტრანსფორმაციაც, როცა ნეტო აღრიცხვა შეიცვლება ნეტო ბილინგით, ანუ ნეტო დარიცხვით. ამ შემთხვევაში მომხმარებელი [პროსიუმერი] იღებს გაცემული ენერგიის ფასს და ამ ფასით იქვითავს შემდეგ მოხმარებას. ანუ, უკვე კილოვატ/საათი კილოვატ/საათში კი არ გაიქვითება, არამედ გაცემული კილოვატსაათების ღირებულებით ანაზღაურდება შემდგომში მოხმარებული კილოვატსაათები“, – ამბობს ნუგზარ ბერიძე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ნეტო აღრიცხვა იცვლება ნეტო დარიცხვით, ანუ ჭარბ ენერგიას დეპოზიტზე ვეღარ შეინახავთ და ვერც ერთი-ერთში გაცვლით საჭიროების შემთხვევაში. ნეტო დარიცხვის დროს ჭარბ ენერგიას კომპანია თქვენგან შეიძენს იმ ფასად, რასაც დაადგენს სემეკი, ხოლო შემდეგ, თუ თქვენ დახარჯავთ დენს ქსელიდან, გადაიხდით იმ ფასის მიხედვით, როგორც კომპანია ყიდის დენს მომხმარებლებზე, ანუ იმ დროისთვის არსებული სამომხმარებლო ტარიფის შესაბამისად.

„რაც შეეხება კომპანიის მიერ თქვენგან ამ ჭარბი ენერგიის შესყიდვის ფასის ოდენობას, ეს სამსჯელო საკითხია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სემეკი ჯერ არ ვიცით“, – ამბობს ნუგზარ ბერიძე.

უცნობია, ზუსტად როდის ამოქმედდება ნეტო დარიცხვის სისტემაც, თუმცა, ნუგზარ ბერიძის თქმით, „მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის“ იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ნეტო დარიცხვის სისტემა 2027 წლის პირველ იანვრამდე ამოქმედდეს.

ამ სისტემაზე გადასვლისას კი, მთავრობამ ახალი ევრორეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.

მზის პანელები სახლის სახურავზე / ქედა, სოფელი მერისი

სემეკის ინფორმაციით, „ენერგეტიკულმა გაერთიანებამ [Energy Community] ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებლების საბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს რეკომენდაციები გაუწია თვითმომხმარებლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ნეტო-აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლას.“

The Energy Community არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროკავშირს და მის მეზობლებს, რათა შექმნან ინტეგრირებული პან-ევროპული ენერგეტიკული ბაზარი. საქართველო ამ ორგანიზაციაში 2017 წლიდანაა გაწევრიანებული.

სემეკმა ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციების დოკუმენტი 6 ნოემბერს გამოაქვეყნა.

დოკუმენტში, რომელიც თვითმომხმარებლის ანუ პროსიუმერებისა და ენერგეტიკული თემებისთვის კომპლექსური მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვას შეეხება, აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გადავა ნეტ მეტერინგ-იდან ნეტ ბილლინგ-ზე [ნეტო დარიცხვაზე], ხელისუფლებამ უნდა განიხილოს დამატებითი პოლიტიკის დანერგვა, რომელიც წაახალისებს თვითწარმოებას.“

რეკომენდაციები მთავრობას

  • „განახლებადი ენერგიის წყაროების აუქციონის სქემები: წაახალისოს პროსიუმერები, რომ ძირითადად მოიხმარონ მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგია, ხოლო ამავდროულად შექმნას აუქციონის სქემები, რომლებიც კონკრეტულად გათვლილია პროსიუმერებზე ან განსაზღვროს კვოტები პროსიუმერებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ მსხვილმასშტაბიან განახლებადი ენერგიის წყაროების აუქციონებში, რაც პროსიუმერებს საშუალებას მისცემს უზრუნველყონ მათი ჭარბი ენერგიის წარმოების სტაბილური და სამართლიანი ფასები;
  • საგადასახადო შეღავათები: გააუქმოს დღგ მიკროელექტროსადგურებზე, რათა შეამციროს პირველადი ინვესტიციის ხარჯები. ეს ზომა უფრო ფინანსურად სიცოცხლისუნარიანს გახდის განახლებადი ენერგიის პროექტებს, განსაკუთრებით საცხოვრებელი და მცირე კომერციული დანადგარებისთვის;
  • დაბალპროცენტიანი სესხები: გააფართოოს დაბალპროცენტიანი სესხების ხელმისაწვდომობა, რომლებიც გათვლილია პროსიუმერებზე. ამ სესხებმა შეიძლება შეამსუბუქოს დანადგარის დაყენების ფინანსური ტვირთი და ხელი შეუწყოს მიკროელექტროსადგურების ფართო დანერგვას;
  • პირდაპირი მხარდაჭერის სქემები: დააწესოს პირდაპირი მხარდაჭერის სქემები მიკროელექტროსადგურებისთვის, რომლებიც შეესაბამება სახელმწიფო დახმარების რეგულაციებს. ეს შეიძლება მოიცავდეს გრანტებს, ფასჩამოკლებებს, ფიქსირებულ ტარიფებს, ფიქსირებულ პრემიებს ან სხვა ფინანსურ დახმარებას, რათა უშუალოდ შეამცირონ ხარჯები;
  • განსაკუთრებული მხარდაჭერა მოწყვლადი და ღარიბი მომხმარებლებისთვის: შეიმუშაოს განსაკუთრებული მხარდაჭერის სქემები, რომლებიც მიმართული იქნება მოწყვლად მომხმარებლებსა და ენერგეტიკული სიღარიბის მქონე პირებზე. სუბსიდირებული სადგურის დანახარჯების ან შემცირებული ტარიფების შეთავაზებით ეს სქემები უზრუნველყოფს ყველა სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფისთვის სამართლიან წვდომას;
  • აკუმულატორული სისტემების სუბსიდიები: შესთავაზოს სუბსიდიები აკუმულატორული სისტემებისთვის, რომლებიც პროსიუმერებს დამატებით ენერგიას უტოვებენ შემდგომი გამოყენებისთვის, ზრდის მათ მონაწილეობას გაწონასწორებაში, ამცირებს დამოკიდებულებას ქსელზე პიკის საათებში;
  • ენერგომმართველი სისტემების სუბსიდიები: უზრუნველყოს სუბსიდიები მაღალი დონის ენერგომმართველი სისტემებისთვის, რომლებიც ოპტიმიზირებას უწევენ ენერგოგამოყენებას, ზრდიან ეფექტურობას და ეხმარებიან პროსიუმერებს ბაზრის სიგნალებზე რეაგირებაში;
  • მხარდაჭერა ენერგეტიკის თემებისთვის: განახორციელოს კონკრეტული ზომები ენერგეტიკული თემების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების მხარდასაჭერად. ეს მოიცავს პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას და გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს, მათ შორის ერთი ფანჯრის კონცეფციას. ენერგეტიკული თემები უზრუნველყოფენ განახლებადი ენერგიის პროექტების კოლექტიურ მფლობელობასა და მართვას, რასაც შეუძლია გაზარდოს მომხმარებლების წვდომა, განსაკუთრებით მოწყვლად და ენერგეტიკულ-ღარიბ მოსახლეობაში.
  • თანამშრომლობითი ვაჭრობა: ექსპლიციტურად[არაორაზროვნად] გაითვალისწინოს კანონმდებლობით პირდაპირი ვაჭრობის ნებართვა, რაც შეუწყობს ხელს დეცენტრალიზებული და მდგრადი ენერგეტიკული ქსელის განვითარებას. შექმნას ხელშემწყობი ჩარჩო, რათა წაახალისოს ინოვაციები შენახვის, ვაჭრობისა და მოთხოვნის მართვის სფეროში.“
ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციების დოკუმენტიდან / წყარო: სემეკი

„ამ მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვით საქართველო გააძლიერებს პროსიუმერებსა და ენერგეტიკულ თემებს ფინანსური და მარეგულირებელი ჩარჩოებით, რათა ეფექტურად შეუწყონ ხელი სუფთა, დეცენტრალიზებული ენერგეტიკული მომავლის ჩამოყალიბებას. ეს მიდგომა შეესაბამება სუფთა ენერგეტიკის პაკეტის პრინციპებსა და მიზნებს, რაც უზრუნველყოფს მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების სამართლიან წვდომას“, – აღნიშნულია რეკომენდაციების დოკუმენტში.

  • სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხებზე საჯარო განხილვებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კლიმატის ცვლილების საკითხებს. აქედან გამომდინარე – სუფთა ენერგიის წილის გაზრდას. ევროპის მწვანე შეთანხმების მიხედვით, რომელიც ევროკომისიის პოლიტიკის ინიციატივების ერთობლიობას წარმოადგენს, მთავარი მიზანია ევროკავშირი გახადოს კლიმატ ნეიტრალური 2050 წლისთვის.

ევროკავშირის მიზანია 2030 წლისთვის მინიმუმ 55 პროცენტით შეამციროს სათბურის გაზების გაფრქვევები, ხოლო სათბურის გაზების ნეტო გაფრქვევების ნულოვან დონეს, ანუ კლიმატ ნეიტრალურობას 2050 წლისთვის მიაღწიოს.

ამ მიზნის მიღწევა საჭიროებს შესაბამის ქმედებებს ეკონომიკის ყველა სექტორის მხრიდან, მათ შორის არის:

  • ინვესტირება ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებში
  • ინდუსტრიის მხარდაჭერა ინოვაციების წახალისების მიზნით
  • კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო სუფთა, იაფი და ჯანსაღი ფორმების დანერგვა
  • ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაცია [ნახშირბადის აირების, განსაკუთრებით ნახშირორჟანგის, ატმოსფეროში გამოყოფის შეჩერება ან შემცირება]
  • შენობების მეტი ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა
  • საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით და სხვა.

კლიმატის თემებზე მომუშავე ორგანიზაცია Ember-ის კვლევის მიხედვით, „ევროკავშირმა 2023 წელს მიაღწია მნიშვნელოვან ეტაპს და პირველად გამოიმუშავა მეტი ელექტროენერგია ქარიდან, ვიდრე გაზით. წიაღისეული საწვავით ელექტროენერგიის გამომუშავება 2023 წელს რეკორდულად 19%-ით შემცირდა, ხოლო სუფთა გამომუშავება ევროკავშირის ელექტროენერგიის ორ მესამედზე მეტს შეადგენდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ დააჩქარა წიაღისეულის საწვავზე დამოკიდებულების არსებითად შემცირების გეგმები. მზის დანადგარების და სუფთა ტექნოლოგიების გავრცელების ბუმი აჩვენებს, რომ სუფთა ენერგიაზე სწრაფი გადასვლა საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს.“

ამის საპირისპიროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში თბოელექტროსადგურების მიერ გაზით გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა იზრდება.

საქართველოს თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 2017 წელთან შედარებით 2023 წელს 54,3 პროცენტით იყო გაზრდილი.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის [სეს] მონაცემებით, 2017 წელს თბოსადგურებმა 2 233 მილიონი კილოვატ საათი, ხოლო 2023 წელს 3 446,5 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს.

მზისა და ქარის ენერგია კი, რომლის საკმაო პოტენციალიც გააჩნია ქვეყანას, ფაქტობრივად აუთვისებელია.

დღეისათვის საქართველოში ქარის ელექტროსადგურები მხოლოდ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურს“ გააჩნია [გორში]. სეს-ის მონაცემებით, 2017 წელს ქარით გამომუშავებული ენერგია 87,8 მილიონი კილოვატ საათი იყო, ხოლო 2023 წელს – 86,12 მილიონი კილოვატ საათი [ანუ 1,9 პროცენტით ნაკლები].

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 6 ოქტომბერს შევიდა. პროექტი საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის“ შვილობილმა კომპანიამ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. პროექტის სრული ღირებულება 34 მლნ აშშ დოლარი იყო, საიდანაც 24 მლნ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხია, ხოლო 10 მლნ დოლარი — საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წილი. რეესტრის ბოლო ამონაწერით, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 100 პროცენტი წილის მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები“.

სემეკის ინფორმაციით, „არსებული კვლევების საფუძველზე, საქართველოში ქარის რესურსების ჯამური სავარაუდო პოტენციალი 1 450 მეგავატია, ხოლო მათი საშუალო წლიური გამომუშავება – 4 160 მლნ.კვტ.სთ.

მთავრობის გათვლებით, „ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებელი“ 35 პროცენტი უნდა იყოს 2030 წლისთვის.

ნუგზარ ბერიძის ინფორმაციით, „ჯამში 2 000 მეგავატამდე ქარის და 2 000 მეგავატამდე მზის ელექტროსადგურები უნდა შევიდეს 2030-31 წლამდე ექსპლუატაციაში. ეს არის კერძო ინვესტიციები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მშენებლობის და რომლებთანაც სახელმწიფოს აქვს გარკვეული ხელშეკრულებები, მათ შორის გარანტირებულ შესყიდვაზე. ამ კომპანიებს საკუთარი ტერიტორიები აქვთ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთავრობასთან“.

მთავრობის 2030 წლამდე გაწერილ გეგმას აფასებს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე, რომელიც „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ქვეყნის განახლებადი ენერგორესურების პოტენციალის  გათვალისწინებით, აღნიშნული გეგმის მიღწევა შესაძლებელია, თუ დარგს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება; ასევე, 2030 წლისთვის იგეგმება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაშვებაც მოქმედებაში და ეს განსაკუთრებული შანსი იქნება ჩვენთვის, რადგან ევროპის მოთხოვნა მწვანე ენერგიაზე იზრდება. ამ კაბელით კი თბოელექტროსადგურების მიერ გენერირებული ელექტროენერგიის გატანა არ შეიძლება.

მისივე თქმით, საქართველოში გენერაციის 100 პროცენტიდან 75 პროცენტი მოდის ჰიდროზე, დანარჩენი თბოზე და ძალიან ცოტაა ქარზე – სადღაც 1,2 პროცენტი.

რაც შეეხება მზეს, მართალია 100 მეგავატია, მაგრამ ეს არის ნეტო აღრიცხვაში ჩართული მიკროელექტროსადგურები და ჩვენ არ გვაქვს ცალკე ერთი მზის ელექტროსადგურიც კი. არადა წელიწადში 260 დღე გვაქვს მზიანი და საკმაოდ მაღალია რადიაციის მაჩვენებელიც, რომელიც აგენერირებს ელექტროენერგიას.

მაია მელიქიძე დარწმუნებულია, რომ მალე გვექნება მზის ელექტროსადგური და იმის შესაძლებლობა, რომ ქსელშიც ჩავრთოთ. რაც შეეხება ქარს, აქტიური არის ზამთრის პერიოდში და ჩვენ შეგვიძლია ქარის ნაწილი იმპორტირებული ელექტროენერგიის [რომელიც ზამთარში შემოგვაქვს] დამხმარედ გამოვიყენოთ.

„ქარი და მზე ჰიდროს ვერასდროს ჩაანაცვლებენ,  მაგრამ დაგვეხმარება პიკურ პერიოდში. ჩვენ გვესაჭიროება ასევე აუცილებლად ელექტროენერგიის დამაგროვებლები და სახელმწიფო ელექტროსისტემა [სსე] არის ის პირველი უწყება, რომელიც აზიის განვითარების ბანკთან ერთად მუშაობს დამაგროვებლის პროექტზე. ასეთი ელექტროენერგიის შემნახველი ამ დრომდე არ გვქონია და როცა აშენდება მოგვცემს საშუალებას, რომ აი, ვთქვათ ზაფხულში მზის ელექტროსადგურებით დაგენერირებული ელექტროენერგია დავასაწყობოთ და შემდეგ გამოვიყენოთ. ასევე ქარით გამომუშავებული ენერგიაც.“ – ამბობს მაია მელიქიძე.

მისივე თქმით, ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთვის კრიტიკულია, ელექტროენერგიის მოხმარება ძალიან იზრდება, თუმცა იზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალიც.

„ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენგან პირველად გაიტანა ელექტროენერგია სომხეთმა. აქამდე მსგავსი არ ყოფილა. ამიტომ ძალიან საყურადღებოა ის მოცემულობა, რომ ეს პოტენციალი, რომელიც ქვეყანას აქვს მაქსიმალურად იქნას  ათვისებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ვერ მოხდება, მაშინ ჩვენ მოგვიწევს იმპორტის განხორციელება რუსეთიდან და აქვე აღვნიშნავ, რომ რუსეთი ელექტროენერგიის საკმაოდ სახარბიელო [დაბალ] ფასს სთავაზობს საქართველოს.

თბოსადგურების მიერ გამომუშავებული დენის გაზრდასთან დაკავშირებით მაია მელიქიძე ამბობს, რომ მოცემულობა გვაქვს ასეთი: „დღევანდელ რეალობაში ვერ ხდება რა განახლებადი ენერგოწყაროებიდან ელექტროენერგიის გენერაციის აქტიური ხელშეწყობა, საიდანღაც უნდა მოხდეს ამისი დაკომპენსირება – იმიტომ, რომ მოხმარება იზრდება და მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილო… ამ შემთხვევაში თბოელექტროსადგურები მუშაობენ გაზზე, რომელიც შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან. იძულებული ვართ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება ან მოვახდინოთ პირდაპირ ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან.“

„თუ გენერაციის ობიექტებს არ გავამრავალფეროვნებთ და არ ავაშენებთ, ჩვენ სხვა შანსი არ გვექნება და გვრჩება 2 გზა – ან უნდა გადახვიდე გრაფიკზე ან იმპორტზე. მესამე გზა არის მოახდინო გაზის იმპორტი აზერბაიჯანიდან და თბოელექტროსადგურებით აგენერირო ელექტროენერგია. თუმცა ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია.“

  • საქართველო დღეს 13-14 ათას მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს წლიურად. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 1 374,6 მილიონი კილოვატსაათით გაიზარდა და 13 717,2 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა [ჯამური დანაკარგებით].
მზის პანელები სოფელ ზედა ჩხუტუნეთში / ფოტო: UNDP/გიორგი ცეცხლაძე

ქვეყანაში მზის და ქარის ენერგიის ათვისებასთან დაკავშირებულ საკითხზე „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვით ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა ჯერ პასუხები არ მიგვიღია.

საქართველოს მთავრობამ ამ დღეებში გამოაქვეყნა რამდენიმე განკარგულება, რომლებიც ქარის და მზის ელექტროსადგურების პროექტებს ეხება.

ამ განკარგულებებით მთავრობა იწონებს კონკრეტული კომპანიების ინიციატივებს და კონცეფციებს სამომავლოდ ასეთი ელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ.

მთავრობა ავალებს ეკონომიკის სამინისტროს, რომ მოსთხოვოს შესაბამის ინიციატორ კომპანიებს „პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების [კვლევების მომზადების] განხორციელების უზრუნველყოფა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად“.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).

ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

 

პატიმარების რაოდენობით საქართველო ევროპაში მე-2 ადგილზეა – როგორ ეხმარებიან ყოფილ პატიმრებს 

„მეც ემიგრაციაში წავიდოდი, პირობითი რომ არ მქონდეს,“ – გვიყვება ყოფილი პატიმარი ლევანი [სახელი შეცვლილია]. ყოფილ პატიმარს ვკითხეთ, როგორ დაეხმარა მას სახელმწიფო ციხის დატოვების შემდეგ? რა შესთავაზეს ყოფილ პატიმარს რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის კუთხით?

  • რატომ ფიქრობენ ყოფილი პატიმრებიც ემიგრაციაზე, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ პატიმრების რესოციალიზაციის და მხარდაჭერის ბევრი პროგრამა აქვს? საქართველოში ციხიდან გამოსული ადამიანს დასაქმება უჭირს, ევროპის ქვეყნებში კი, სასჯელის მოხდის პერიოდშიც მუშაობენ?

„ნახეთ სტატისტიკა როგორია: ევროპის ქვეყნებში, სადაც კარგი ცხოვრებაა და ციხეებიც სასტუმროებივითაა მოწყობილი, ნაკლები პატიმარი ჰყავთ, ჩვენ კი, პატიმრების სიმრავლით ლიდერი ვართ ევროპაში,“ – იმაზე გვიყვება ყოფილი პატიმარი, თუ რატომ ვერ დებს სარეაბილიტაციო პროგრამები საქართველოში შედეგს. – „არასაპატიმრო სასჯელების დანიშვნის უფლება ჩვენთან თითქმის წართმეული აქვს მოსამართლეს. ჩვენთან კანონი ისეა, რომ თუ პირობითი გინდა, პროკურორს უნდა გაურიგდე, არადა შესაძლოა ვერ შეთანხმდე პროკურორებთან…

მოსამართლეს უნდა შეეძლოს ადამიანის და მის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასება. თავის დროზე სააკაშვილმა წაართვა მოსამართლეს ეს უფლება, ამათ იგივე დატოვეს…

მერე, შესაძლოა ვიღაც მილიონებს შოულობდეს უკანონოდ და არ ისჯებოდეს, შენ კი ერთი ტომარა პურის ფქვილი მოიპარო და 6 წელი მოგისაჯონ. ამისთვის რომ ციხეში მოხვდები, ყველაზე და ყველაფერზე ბრაზობ. ხვდები, რომ სამართალი არ არის და ასეთ ქვეყანაში არც იქნება. ასეთ დროს რომელმა რესოციალიზაციამ და რეაბილიტაციამ უნდა იმუშაოს?

როცა ქვეყანაში გარეთ არ მუშაობს არაფერი ეფექტურად, ციხეში როგორ იმუშავებს კარგად?“ – კითხულობს ყოფილი პატიმარი.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლევანი ტაქსის მძღოლად მუშაობს. ის ამჯერად პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

ციხეში ყოფნის დროს რა პროგრამებში იყავით ჩართული? რით სცადა სახელმწიფომ თქვენი გაძლიერება? – ვეკითხებით ყოფილ პატიმარს.

„მე არ მისარგებლია არცერთი პროგრამით, მხოლოდ ფსიქოლოგს ვესაუბრებოდი, არა იმიტომ, რომ ამით რაღაც იცვლებოდა, უბრალოდ მასთან საუბარი მომწონდა…

ჩამოივლიდნენ ასე პერიოდულად და შეგვთავაზებდნენ, პროგრამაში მონაწილეობა ვის სურსო, 7 თუ 8 პროგრამა იყო სულ ბათუმის ციხეში. ნდობა უნდა გქონდეს სისტემის მიმართ, რომ ჩაერთო, გინდოდეს… ციხეში მოხვედრილი ადამიანი კი ფიქრობს, თუ რამე შემეძლო და სწავლა მინდოდა, გარეთ უნდა მექნაო. მე ისედაც ორი უმაღლესი განათლება მაქვს. მეუბნებოდა ადმინისტრაცია, უნდა ისწავლო, თუ გინდა, რისკები გადაფასდესო. ვუთხარი, რომ მხოლოდ მაგისტრატურის გავლა მინდოდა. მაგისტრატურის პროგრამები არ გვაქვსო.

რეალური იქნებოდა დასაქმება, როგორც ეს ევროპის ციხეებშია შესაძლებელი, მაგრამ ჩვენთან ციხეში ისეთი პირობებია, ციხიდან რომ კაცი სამუშაოზე გავიდეს, უკან დამბრუნებელი მე, მაგალითად, აღარ ვიქნებოდი…

ჩვენთან არ იყო, მაგრამ სხვა დაწესებულებებში იყო, ციხის ტერიტორიაზე ნაკეთობებს ამზადებდნენ, ყიდდნენ და ფული ერიცხებათო, სარეკლამო მასალებს ვნახულობდი, როგორც თქვენ, მაგრამ ეს არაა დასაქმება, რეკლამაა უფრო. ვიღაცის კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყო დამოკიდებული, სისტემა უნდა არსებობდეს…

აჯობებდა პაემნები დაეფინანსებინათ, მაგალითად, პატიმრებისთვის. ეს სამოქალაქო ორგანიზაციებსაც ეხება – იმათ პროექტებშიც ნაკლებად ვერთვებოდით პატიმრები, ან ყოფილი პატიმრები. ვგულისხმობ იმას, რომ პაემნით რომ ისარგებლო, 60 თუ 80 ლარია გადასახდელი. სასტუმროსავითაა მოწყობილი ორი ოთახი და ამისთვის გჭირდება ფული, ან სოცდაუცველი უნდა იყო, იქ რომ შეგიშვან.

ასე რომ, ფული თუ არ გაქვს, არც ციხეში გექნება პაემანი.

თუ ქვეყანა არ შეიცვალა და დემოკრატია არ გაძლიერდა, ციხე ვერ შეიცვლება ცალკე. ნახეთ, ევროპის ქვეყნებში, სადაც ნაკლები პატიმარია, კანონიც არაა მკაცრი. მთავარი სტიმულია, მოტივაცია, რაც ადამიანს უნდა გაუჩნდეს…

ამ სტიმულს კიდევ ციხეში რა გაგიჩენს, სასჯელის მოხდის დროს რომ დაიწყო სწავლა? გარეთ აქვთ მოტივაცია ადამიანებს დაკარგული.

დასაქმება ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩემთვის არ ყოფილა პრობლემა, მაგრამ რა გრჩება 1500, ან 2000 ლარიც რომ გამოგდიოდეს ხელფასი? ევროპაში წასვლა კი საშუალებას გაძლევს, ელემენტარული მაინც გამოიმუშაო, წინ გაიხედო,“ – გვითხრა ლევანმა.

  • „თავად ვნახე, როგორ მიდიოდნენ პატიმრები დილით სამსახურში, საღამოს უკან ბრუნდებოდნენ“ – უფლებადამცველები ევროპულ პრაქტიკაზე

როგორ ეხმარება სახელმწიფო პატიმარს ციხიდან გამოსვლის შემდეგ? – ამ თემაზე საუბრის დროს უფლებადამცველებს, პირველ რიგში, ევროპის ქვეყნებში მიღებული საკუთარი შთაბეჭდილება ახსენდებათ: დილით პატიმრები სამსახურში გადიან და საღამოს უკან ბრუნდებიანო.

უფლებადამცველები ხაზს უსვამენ ევროპულ მიდგომას: პატიმრის გაძლიერება ციხიდან იწყება, სადაც პატიმარი ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის გარდა, დასაქმებულია.

„მაგალითად, ჰოლანდიაში იქაური პრობაციის სამსახური აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტებთან, ასევე კერძო სექტორთან, ბიზნესთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სერვისის მიწოდება პატიმრისთვის. პრობაციის სამსახური ეფექტურად ასრულებს შუამავლის როლს,“ – გვიყვება ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული კოორდინატორი. – „ჰოლანდიაშიც სახელმწიფოს არ აქვს ყველა სერვისი, მაგრამ თვალსაჩინოა კოორდინაცია.

რაც მთავარია, ამ საკითხებზე მუშაობა იწყება გათავისუფლებამდე და არა პატიმრის გათავისუფლების შემდეგ,“ – გვითხრა ცირა ჭანტურიამ.

ცირა ჭანტურია

„თავად ვნახე, როგორ მიდიოდნენ პატიმრები დილით სამსახურში, საღამოს – უკან ბრუნდებოდნენ, ეს იყო ჩეხეთში,“ – ამბობს უჩა ნანუაშვილი, „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ დირექტორი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი. ის განმარტავს, რომ მსჯავრდებულები, რისკების შეფასების შესაბამისად, ელექტრონული სამაჯურებით ტოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს, მუშაობენ სხვადასხვა ადგილზე და საღამოს უკან ბრუნდებიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალური ინტერნეტგვერდის მონაცემებით, საქართველოში დაწესებულების ტერიტორიაზე საქმდებიან მსჯავრდებულები და ხელფასს იღებენ:

„საქმდებიან კი, მაგრამ  ერთეული შემთხვევებია, მთლიანად სისტემაზე ვერ ვიტყვით ამას, რომ რაიმე სურათს ცვლიდეს. თანხა შესაძლოა მსჯავრდებულს ამ დროს არ მისცენ, მაგრამ უგროვდება ხელფასი ანგარიშზე,ა,“ – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ევროპის ქვეყნებში პატიმრებთან მუშაობის სტრატეგია ეყრდნობა ძირითადად თემატურ მიდგომას.

„მაგალითად, რეციდივისტების შემთხვევაზე ცალკე სამუშაოა, სქესობრივ დანაშაულში მსჯავრდებული პირები ცალკე გადიოდნენ პროგრამას, მათთვის ცალკე, უზარმაზარი პროგრამა იყო ჩეხეთში. ევროპის ქვეყნებში კონკრეტულ დანაშაულებზე გათვლილი პროგრამები აქვთ ცალ-ცალკე, ჩვენთან კი ეს სეპარაცია არ მომხდარა,“ – თქვა უჩა ნანუაშვილმა.

  • რას სთავაზობს სახელმწიფო პატიმრებს საქართველოში? 

მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სამმართველო დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში არსებობს. რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამები 5 მიმართულებადაა დაყოფილი: ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, დამოკიდებულებების დაძლევა, პრო-სოციალური პროგრამა, განათლების ხელშეწყობა და დასაქმების ხელშეწყობა.

პრობაციის სააგენტოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ვიპოვეთ ჩამონათვალიც, თუ რით ეხმარება სახელმწიფო ამ პროგრამით მოსარგებლეებს:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ID ბარათი) უფასოდ დამზადება, პროგრამის ბენეფიციარებისთვის.
  • უფასო სამგზავრო ბარათი მუნიციპალურ ტრანსპორტში, რაც ხელს უწყობს ბენეფიციარს დაუბრკოლებლივ მიიღოს ცენტრის მიერ შეთავაზებული მომსახურებები.
  • ფსიქო-კონსულტირება – ბენეფიციარის პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე საქმის მართვაში შესაძლებელია ჩაერთოს ფსიქოლოგი, რომელიც ბენეფიციარს უწევს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში ამისამართებს შესაბამის დაწესებულებაში და უწევს თანხლებას.
  • იურიდიული კონსულტაცია – ყოფილ პატიმრებს, მათი  საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხში ცენტრის იურისტი ეხმარება. ზოგიერთ შემთხვევაში, ხდება მათი გადამისამართება სააგენტოს პარტნიორ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებში.
  • ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება – ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობაზე ძირითადად სახელმწიფო პროგრამებით ზრუნავენ. სოციალური მუშაკი ეხმარება ყოფილ მსჯავრდებულს როგორც საყოველთაო (ან სხვა ტიპის) დაზღვევით, ასევე რეფერალური მომსახურებით სხვადასხვა სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილებაში. მოქმედებს, ასევე, რეფერირების ქსელი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა სამედიცინო  ჩარევას.
  • პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა – სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებსა და გადამზადების ცენტრებში.
  • არაფორმალური განათლება / თემატური ტრენინგები.
  • უცხო ენისა და სხვადასხვა საგნის შემსწავლელი კურსები.
  • სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

პრობაციის სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფო რამდენიმე მიმართულებით ეხმარება მსჯავრდებულებს და ყოფილ პატიმრებს, თუმცა, მაგალითად, ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ერთ კონკრეტულ ფაქტს იხსენებს, რაც იმას აჩვენებს, თუ რეალურად რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს პროგრამები:

„როცა სახალხო დამცველი ვიყავი, მახსოვს ერთი ზარი შემოვიდა, ადამიანი გამოვიდა რუსთავის ციხიდან და თბილისში ჩამოსასვლელად გზის ფული არ ჰქონდა…,“ – გვითხრა უჩა ნანუაშვილმა.

„განსაკუთრებით პრობლემურია ქალი ყოფილი პატიმრის შემთხვევა – მათ მიმართ სტიგმა კიდევ უფრო ძლიერია. ზოგჯერ მათ არათუ არავინ ხვდება, როცა ციხიდან გამოდიან, არამედ ოჯახი საერთოდ არ იღებს. ამ დროს ქალს წასასვლელი არსად აქვს, ჩვეულებრივ თავშესაფარში ვერ მიდის, რადგან ნასამართლობა აქვს…“ – კიდევ უფრო რთულ შემთხვევაზე გვიყვება ცირა ჭანტურია ორგანიზაციიდან „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, რომელსაც პატიმრების პრობლემებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

რატომ რჩება დაუცველი ყოფილი პატიმარი? რატომ ვერ ახერხებენ ისინი დასაქმებას და ხშირად ქვეყნის დატოვება უწევთ? რა არის მთავარი ფაქტორები, რის გამოც, მაგალითად, პრობაციის სააგენტოს ოფიციალურ საიტზე ჩამოწერილი პუნქტები რეალობაში ეფექტურად არ მუშაობს? – ექსპერტები „ბათუმელებთან“რამდენიმე გარემოებას გამოყოფენ.

  • „კრიმინალური სუბკულტურის გავლენის მქონე ციხეში სარეაბილიტაციო პროგრამებში პატიმარი ნაკლებად ერთვება“ – ყოფილი ომბუდსმენი   

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამები ქართულ ციხეებში ეფექტურად ვერ მუშაობს, ექსპერტების აზრით, სახელმწიფოსგან წახალისებული კრიმინალური სუბკულტურაა – გარემო, სადაც ადამიანებს რესოციალიზაციის სურვილიც კი უქრებათ.

„რეალურად კრიმინალური სუბკულტურის წინააღმდეგ სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია. პირიქით, ეს სისტემა იმდენად ჩაიკეტა და დაიხურა, რომ ბოლო პერიოდში სახალხო დამცველსაც კი ჰქონდა თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა შეზღუდული,“ – გვიყვება უჩა ნანუაშვილი, „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ როცა ხელისუფლება პატიმრების უფლებებს არ იცავს და კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ არის, ხელისუფლება კრიმინალურ სუბკულტურას წამხალისებლის როლში გამოდის.

უჩა ნანუაშვილის მკაფიო პოზიციაა, რომ სახელმწიფოსთვის ამ დრომდე პატიმარზე ზრუნვა და მისი გაძლიერება, შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებები პრიორიტეტი ვერ გახდა:

„როცა დაცულია პატიმრების უფლებები, როცა მათი ყველა საჩივარი განიხილება და გრძნობენ კანონის წინაშე თანასწორობას, მათ არ აქვთ სურვილი, სხვა მეთოდებით მოაგვარონ პრობლემები…

დღეს სახელმწიფოსთვის მთავარია უსაფრთხოება და პატიმრის დასჯა, მისი კონტროლი, ის ამაში ხარჯავს უზარმაზარ რესურსებს, პრევენციისთვის და რესოციალიზაციისთვის კი, რაც კეთდება, ძირითადად, დონორი ორგანიზაციების ხარჯზეა,“ – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ყოფილი ომბუდსმენი შენიშნავს კიდევ ერთ აქცენტს: ციხეში ერთად, ერთ სივრცეში არიან „ქურდული სამყაროს“ მენტალიტეტის მქონე პატიმრები და, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევისთვის მსჯავრდებული პირი.

პირდაპირ ვერ უთქვამთ, თუმცა პატიმრებთან გასაუბრების დროს მინიშნება ყოფილა „ქურდულ სამყაროზე“ – შეხვედრის დეტალებს ცირა ჭანტურია იხსენებს, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონულ დირექტორი.

„2 წლის წინ მონიტორინგის ჯგუფის წევრი ვიყავი და როცა გამოვკითხეთ პატიმრები, გვითხრეს, რომ სისტემის შიგნით არ ისურვებდნენ დასაქმებას, ისე კი გვინდა მუშაობაო. ასეთი იყო პასუხები იმის მიუხედავად, რომ ეს პატიმრები ოჯახებისგან სათანადო დახმარებას ვერ იღებდნენ. რეალურად ამ ადამიანებს ციხეში არსებული კრიმინალური სუბკულტურის წინააღმდეგ წასვლა არ სურთ. ეს არ უთქვამთ პირდაპირ პატიმრებს, მაგრამ, მიგვანიშნეს, ზოგიერთ შემთხვევაში ახსენეს მენტალობა…

ჩემი აზრით, სუბკულტურის მომძლავრება პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს. ვიცით, რომ სუბკულტურა საბჭოთა გადმონაშთია და არის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ძლიერია რუსული გავლენები, ან ცდილობს რუსეთი, რომ ჰქონდეს ეს გავლენა.

ასეა, მაგალითად, მოლდოვაში, მეზობელ სომხეთში. პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში კი, სადაც უსაფრთხოების ევროპული სისტემები დანერგეს, მაგალითად, ესტონეთში, მინიმუმამდეა უკვე სუბკულტურის გავლენა შემცირებული.

იქ, სადაც მძლავრადაა კრიმინალური სუბკულტურა, შიდა არაფორმალური წესების მიხედვით, მაინცდამაინც კარგ ტონად არ ითვლება სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა,“ – აღნიშნა ცირა ჭანტურიამ „ბათუმელებთან“.

  • საქართველო ლიდერია ევროპაში – პატიმრების სიმრავლით 

„დიდ დაწესებულებებში ისევ გადატვირთულობაა, მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, 10 500-მდე მსჯავრდებული გვყავს,“ – ამბობს ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორი. მისი აზრით, პატიმართა სიმრავლე კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც რეაბილიტაციის და რესოციალიზციის პროგრამები ეფექტური არ არის.

„რადგან რესურსები შეზღუდული ყველგან, მაგალითად, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების რაოდენობა, პერსონალის რაოდენობა შეზღუდულია, პატიმართა რაოდენობა – დიდი, ეს თანაფარდობა დარღვეულია,“ – გვიყვება ცირა ჭანტურია.

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც ამახვილებს ამ პრობლემაზე ყურადღებას – პატიმართა სიმრავლის გარდა, იგი ციხის მართვის „საბჭოურ წესებზე“ საუბრობს:

„წლებია ლაპარაკი იმაზე, რომ გადასვლა უნდა მომხდარიყო მცირე ზომის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებზე, იგივე უზარმაზარი დაწესებულებებია 1000 და 2 000-პატიმრიანი, საბჭოთა ციხეებია კვლავ მართვის კუთხითაც….

ამ მოცემულობაში ინდივიდუალური მიდგომები ნაკლებია, სერვისები რაც არის, არასაკმარისია, არის პროფესიონალების პრობლემაც, მაგალითად, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ამ დრომდე პრობლემაა, პირიქით, კადრების გადინება ხდება, არავის უნდა მიზერულ ხელფასზე მუშაობა. შესაძლოა, სტატისტიკაში ჩანს, რომ ბევრს აქვს იგივე რეაბილიტაციის პროგრამებზე წვდომა, მაგრამ მთავარია ხარისხი: რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის სერვისი ინდივიდუალურ საჭიროებებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ უჩა ნანუაშვილმა.

საქართველო ლიდერია პატიმართა სიმრავლით. ევროსაბჭოს კვლევის მიხედვით, საქართველოში 2023 წელს ყოველ 100 000 მოსახლეზე 256 პატიმარი მოდის [ჯამურად საქართველოში კვლევის ჩატარების დროს, 2023 წელს, 9 568 პატიმარი იყო].

ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს თურქეთის შემდეგ. თურქეთში ყოველ 100 ათას კაცზე 408 პატიმარი მოდის. პატიმართა სიმრავლით ლიდერი ქვეყნების ჩამონათვალი საქართველოს შემდეგ ასე გრძელდება: აზერბაიჯანი [243], მოლდოვა [241], უნგრეთი [208].

ევროპის საშუალო მაჩვენებელი კი, 100 ათას კაცზე 123 პატიმარია.

ევროსაბჭოს კვლევის ჩამონათვალში 2022 წლამდე რუსეთი ლიდერობდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის შემდეგ, სიაში რუსეთის მაჩვენებელს ვეღარ ნახავთ. პირველ-მეორე ადგილებს თურქეთი და საქართველო ინაწილებენ.

იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა და ციხეებში მდგომარეობის გამოსწორება იყო, პატიმართა სიმრავლით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის ლიდერობს, სამართლიანობა კი, „ოცნების“ ხელისუფლებაში 12-წლიანი ყოფნის მიუხედავად, არ აღუდგენია. „ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმის“ განხილვა 10 წლის თავზე ხელახლა დაიწყება. ყოფილმა პატიმრებმა სასამართლოს ხელახლა უნდა მისცენ ჩვენება. რამდენიმე ყოფილი პატიმარი გარდაიცვალა კიდეც.

  • „პრობლემურია ყოფილი პატიმრების თავშესაფრის საკითხიც“ – ცირა ჭანტურია 

უფლებადამცველების შეფასებით, პატიმრების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის დღეს არსებული პროგრამები მინიმალურია, ასევე არსებული სერვისების დიდი ნაწილი დონორების მხარდაჭერით ხორციელდება. ამ პროექტების გაგრძელება, ექსპერტების თქმით, „ქართული ოცნების“ პრორუსული კურსის და რუსული კანონის მიღების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„ყოფილ მსჯავრდებულებს თავშესაფრები არ იღებენ ნასამართლობის გამო, განსაკუთრებით პრობლემურია ქალი მსჯავრდებულების შემთხვევა,“ – გვიყვება ცირა ჭანტურია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორი, – „არსებობს ორგანიზაცია „ქალი და ბიზნესი“, რომელმაც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მოაწყო თავშესაფარი ქალებისთვის. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერანაირად ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სახელმწიფომ აიღოს თავზე ამ თავშესაფრის უზრუნველყოფა, დონორებთან დაფინანსების მოპოვება გართულდა, არადა ამ თავშესაფარს მუდმივად ჰყავს ბინადრები, უცხოელები, მათ შორის, რომლებსაც პრობაცია აქვთ შეფარდებული და საკუთარ ქვეყნებშიც ვერ ბრუნდებიან,“- გვითხრა ცირა ჭანტურიამ.

ევროპის ქვეყნებში დადგენილია სტანდარტი, თუ როგორ შეიძლება დატოვოს ციხე უკვე ყოფილმა მსჯავრდებულმა. მას უნდა ჰქონდეს ფული მინიმალური საჭიროებებისთვის, ასევე სოციალური მუშაკების საკონტაქტო, სადაც შეიძლება ადამიანი მივიდეს და გაიგოს, ვინ რით შეიძლება დაეხმაროს.

„საქართველოში პირიქით: ვინც ციხიდან გამოდის, შეიძლება კიდევ უფრო მეტად აგრესიული იყოს, იმდენად მოუმზადებელი გამოდის გარეთ. რეალურად ციხეში რეაბილიტაციის დროს პატიმრის პოზიტიური ცვლილებები უნდა ხდებოდეს. სახელმწიფო პრაქტიკულად პატიმარს ბევრს არაფერს სთავაზობს. ყოფილი პატიმარი ისევ ოჯახის და ახლობლების ამარა გამოდის გარეთ“, – მიიჩნევს უჩა ნანუაშვილი.

ცირა ჭანტურიას დაკვირვებით კი, ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის შესაბამისად, დასავლეთმა იმ პროექტების ნაწილი შეაჩერა, რაც ამ პატიმრების გაძლიერებისკენ იყო მიმართული:

„წლების წინ ევროკავშირი დაფინანსებული პროექტებით ძალიან გვეხმარებოდნენ სერვისების შექმნაში, როცა თეა წულუკიანი გახდა მინისტრი, მას უკვე ისეთი არაკეთილგანწყობილი რიტორიკა ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ეს აისახა პროექტებზეც.

სამწუხაროდ, ძალიან ჩაიკეტა პენიტენციური სისტემა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. რეაბილიტაციის დეპარტამენტი არსებობს, მაგრამ უკვე ორი წელია ჩვენ აღარ გვქონია პროექტი ამ სისტემაში…

არსებობს რეაბილიტაციის პროგრამები, რაშიც, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, დაახლოებით 2500 მსჯავრდებული იყო ჩართული ამ წლის სექტემბრის მდგომარეობით. ეს კარგი მაჩვენებელია, თუმცა რამდენად ეფექტურია, ეს სხვა საკითხია.

პროგრამები, რაც დანერგა სახელმწიფომ, არის დაფუძნებული ევროპის პოზიტიურ პრაქტიკაზე, ამერიკელი ექსპერტებიც ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული. საგრძნობია პროგრესიც – წლების წინ, როცა ამ აქტივობებს ვიწყებდით, სიტყვა „რეაბილიტაციაც“ კი არ იცოდა ბევრმა, დასავლეთის მხარდაჭერით არსებობს ის, რაც არსებობს დღემდე. ახლა ეს პროგრამები შეჩერებულია მავნებლური კანონების მიღებით და იმ რიტორიკით, რაც ხელისუფლებას აქვს. ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირს რა პროექტებიც ჰქონდა რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის მიმართულებით, ყველა გაჩერებულია,“ – გვითხრა ცირა ჭანტურიამ, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონულმა დირექტორმა.

რამდენად ეფექტურია ის პროგრამები, რაც პრობაციის სააგენტოს აქვს პატიმრების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის მიმართულებით? – ამ თემაზე პრობაციის სააგენტოში არავინ დაგველაპარაკა. ამ საკითხზე სალაპარაკოდ ვერც საქართველოს სახალხო დამცველმა მოიცალა. სახალხო დამცველი წესით ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობასაც უნდა ამოწმებდეს. 

___

ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

როგორ ახალისებენ შობადობას ფინეთში და რა ხდება საქართველოში

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2023 წელს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ამის უტყუარი მტკიცებულებაა.

რას აკეთებს სახელმწიფო დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად და რატომ შემცირდა შობადობა საქართველოში?

„ბათუმელები“ დედებს ესაუბრა, რომლებმაც შვილები ახლახან გააჩინეს. ყველა მათგანი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვის გაჩენა, გაზრდა და განათლების მიცემა ძვირია.

სახელმწიფო არცერთ ეტაპზე დედებს და ახალბედა ოჯახებს არ ეხმარება. კვების, ტანსაცმლის, ჯანდაცვის სერვისების და ხარისხიანი განათლების სიძვირე, ხდება მთავარი ფაქტორი, რის გამოც ახალგაზრდა ოჯახები ერთი ან ორზე მეტი შვილის გაჩენისგან თავს იკავებენ. შესაბამისად, ეს ყველაფერი გენოფონდზე აისახება.

  • რა ღირს ბავშვის გაჩენა და გაზრდა საქართველოში

გვანცა თოთაძე სამი თვის წინ გახდა დედა. სამშობიაროში ორი ჩანთით წავიდა. ერთში მისი პირადი ნივთები ჰქონდა, მეორეში ახალშობილის ტანსაცმელი.

„ბავშვის ჩანთაში რაც მეწყო – ტანსაცმელი, საფენები, პირველადი საჭიროების ნივთები, დამიჯდა დაახლოებით 200 ლარი. წინასწარ ვიფიქრე იმაზე, რით გამომეყვანა, კალათით თუ „ქარსითით“. რადგან კალათს სამი-ოთხი კვირის მერე ვეღარ გამოვიყენებდი, თანხა დავზოგე. პირდაპირ „ქარსითი“ ვიყიდე, 500 ლარი გადავიხადე. ამას დამატებული სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯი. უხეშად რომ დავთვალო, მარტო სამშობიაროში წასვლა და გამოსვლა დედას დაახლოებით 900-1000 ლარი უჯდება, ისიც იმ შემთხვევაში თუკი ძალიან ეკონომიურად მიუდგება ხარჯებს,“ – გვიხსნის გვანცა.

ფეხმძიმობის პერიოდში გვანცამ ისარგებლა ყველა იმ უფასო სერვისით, რასაც სახელმწიფო სთავაზობდა, თუმცა ამბობს, რომ რიგი ანალიზები და ექოსკოპიები არ დაუფინანსდა. შესაბამისად, ამისთვის საჭირო თანხების მოძიება თავად დასჭირდა.

გვანცა ამბობს, რომ აუცილებელი ხარჯების მეორე ეტაპი სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ იწყება. ბავშვს სჭირდება საკვები, პამპერსი, ტანსაცმელი, საწოლი და სასეირნო ეტლი.

„ყველაფერს მივუდექი ეკონომიურად. თავს ვერ მივეცი იმის საშუალება მეყიდა ყველა ის ნივთი, რისი ყიდვის სურვილიც მქონდა. ძალიან ძვირია სათითაოდ რომ მიჰყვე და თვეების მიხედვით იყიდო – საწოლი, მანეჟი, ეტლი. აქციის ფარგლებში ვიყიდე საწოლ-მანეჟი და დამიჯდა 500 ლარი. კალათა ვიყიდე შუადღის ძილისთვის 250 ლარად. ტანსაცმელებში – ბოდეები, წინდები, რომპერები – 400 ლარამდე გადავიხადე.

კვირაში 1 შეკვრა პამპერსი სჭირდება. ყველაზე იაფი პამპერსი ფასდაკლებით შეგიძლია იყიდო 41 ლარად. მე გამიმართლა, ძუძუთი ვკვებავ, მაგრამ ორ თვეში აუცილებლად დასჭირდება დამატებითი საკვები. უძვირესია. ყველაზე იაფიანი საჭმელი, რომელიც ბავშვს 1 კვირა შეიძლება ეყოს მხოლოდ, 35 ლარი ღირს,“ – ამბობს გვანცა.

გვანცა დასაქმებულია. გადასახადებს იხდის და კუთვნილი დეკრეტული ანაზღაურებაც მიიღო – 2000 ლარი. თუმცა ამბობს, რომ ეს თანხა პირველი თვის საჭიროებებსაც კი არ ეყო. ამასთან, თანხა მშობიარობიდან სამი კვირის შემდეგ ჩაერიცხა. მაშინ, როცა ყველა აუცილებელი ხარჯი გაწეული ჰქონდა.

განსხვავებით დასაქმებული ქალებისგან, რთულ დღეში არიან შინ შრომაში ჩართული ქალები: ისინი ოფიციალურად არსად მუშაობენ და არც სოციალურ შემწეობის მიმღებთა ბაზაში არიან რეგისტრირებულები.

ასეთ დედებს სახელმწიფო უბრალოდ ვერ ხედავს. შესაბამისად, ყველა აუცილებელი ხარჯის გაწევა, რომელიც ბავშვის გაჩენას მოჰყვება, მათ თავად უწევთ.

„ახლა რომ მკითხო რა მინდა სახელმწიფოსგან, ერთ რამეს ვისურვებდი, რომ ბავშვის საკვები და ჰიგიენის ნივთები ცოტა იაფი ღირდეს,“ – გვეუბნება გვანცა თოთაძე.

გვანცას თქმით, არსად, არცერთ კომპონენტში არ ჩანს, რომ სახელმწიფოს რეალურად აინტერესებს დემოგრაფიული სურათის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვის გაზრდისა და გამოკვებისთვის საჭირო ნივთები, თუ სურსათი ასეთი ძვირი არ იქნებოდა.

„ძვირია“ – ამას ვამბობ იმ ფონზე, რომ ჩემი შემოსავალი 4 ნიშნაა. ის ოჯახები, რომელთა შემოსავალიც სამ ნიშნა რიცხვით გამოისახება, როგორ ახერხებენ თან საკვების ყიდვას, თან ბავშვის გაზრდას და თან ათას საჭიროებასთან გამკლავებას თვიდან თვემდე, მართლა არ ვიცი,“ – ამბობს გვანცა.

  • რას სთავაზობს სახელმწიფო ოჯახებს

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა უარესდება. კერძოდ იკლებს შობადობა და იმატებს სიკვდილიანობა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. სხვაობა შობადობასა და გარდაცვალებას შორის 2 542 ადამიანია.

2023 წელს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ასევე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიულად ბერდება.

2023 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად ფინანსდება. დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანას, გაუტკივარების საფასურს, მედიკამენტების, კვების და პალატის ხარჯებს.

სახელმწიფო არ აფინანსებს იმ შემთხვევებს, როცა პაციენტს საკეისრო კვეთის გაკეთება სამედიცინო ჩვენების გარეშე სურს, ასევე თუ უნდა ე.წ. VIP პალატის სერვისით სარგებლობა.

ქალები, რომლებიც დასაქმებულები არიან, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებას იღებენ. ეს კანონით განსაზღვრულია და ჯამურად 2000 ლარია.

იმ შემთხვევაში, თუკი ფეხმძიმე ქალი არც დასაქმებულია და არც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, ვერანაირ დახმარებას ვერ იღებს და ყველა აუცილებელი ხარჯის გაწევა თავად მას ან მის ოჯახს უწევს.

თუ ოჯახი სოციალური დახმარების მიმღებია მაშინ ოჯახის თითოეულ წევრს, მათ შორის ახალშობილსაც ეძლევა სოციალური დახმარება თითო წევრზე 20 ლარიდან 60 ლარამდე. თანხა დამოკიდებულია ოჯახისთვის მინიჭებული ქულების ოდენობაზე.

  • როგორ ახალისებენ ევროკავშირის ქვეყნებში შობადობას

მეოცე საუკუნის დასაწყისში ფინეთში, იმ დროისთვის ღარიბ ქვეყანაში, ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იყო – ყოველი 1000 ახალშობილიდან 65 კვდებოდა.

სწორედ ახალშობილთა სიკვდილიანობის შესამცირებლად მოიფიქრა ფინეთის მთავრობამ ე.წ. საბავშვო ყუთი, რომელშიც ყველა ის პირველადი ნივთი ჩადო, რომელიც ჩვილებს სჭირდებოდათ.

საბავშვო ყუთების გაცემა ფინეთის მთავრობამ 1938 წელს დაიწყო და მას თავდაპირველად მხოლოდ ის დაბალშემოსავლიანი ოჯახები იღებდნენ, სადაც ბავშვი იბადებოდა.

ასე ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომელმაც არაერთ ოჯახს მისცა საშუალება, მისი სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, საბაზისო პირობები შეექმნა ახალშობილისათვის.

საბავშვო ყუთში მოთავსებული იყო ახალშობილისთვის აუცილებელი ყველა ნივთი, ასევე ყუთის გამოყენება შეიძლებოდა საწოლად, რადგან ღარიბ მოსახლეობას ყოველთვის არ ჰქონდა სახლში სუფთა ადგილი ბავშვის დასაძინებლად.

1949 წლიდან შეიცვალა ყუთის გაცემის წესი და მას იღებს ყველა მომავალი დედა, რომლებიც ორსულობის პირველ ოთხ თვეში გაივლიან კონსულტაციას და დადგებიან აღრიცხვაზე ექიმთან ან სამშობიარო კლინიკაში.

წლების განმავლობაში ფინეთში ცხოვრების დონე იზრდებოდა, ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდა, თუმცა ფინეთის მთავრობას ტრადიციაზე უარი არ უთქვამს.

წლების განმავლობაში იცვლებოდა საბავშვო ყუთის შიგთავსი. მაგალითად, თავდაპირველად ყუთში ნაჭრებს ათავსებდნენ, რომლითაც მშობლებს თავად შეეძლოთ ახალშობილისთვის ტანსაცმლის შეკერვა. თუმცა მოგვიანებით ნაჭრები მზა ტანსაცმლით ჩანაცვლდა.

დღეისათვის ყუთში დედებს ხვდებათ ზამთრისა და ზაფხულის ტანსაცმელი, ზამთრის ქუდი, წინდები, მრავალჯერადი გამოყენების საფენები, ნახატებიანი წიგნი და სათამაშოები, პატარა ლეიბი, თერმომეტრი და სხვა ისეთი ნივთები, რომელიც ბავშვს პირველი ერთი წელი სჭირდება. ძირს დასაგები ლეიბის საშუალებით, მუყაოს ყუთი ხდება ბავშვის პირველი საწოლი. ყუთს იღებს ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალი.

ეს ყუთი არის ერთგვარი თანასწორობის სიმბოლოც. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ღარიბ ან მდიდარ ოჯახში იბადება ბავშვი, სახელმწიფო ყველა ახალშობილს უზრუნველყოფს პირველადი საჭიროებებით.

გვანცა თოთაძემ იცის ფინეთის პრაქტიკის შესახებ, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო ოჯახებზე და ახალშობილზე. გვანცას თქმით, ქვეყანა, რომელსაც დემოგრაფიის რეალური პრობლემა აქვს და ეს პრობლემა სტატისტიკურად არის დადასტურებული, უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ოჯახებმა მოინდომოს ბავშვის გაჩენა.

გვანცას თქმით, მხოლოდ მრავალშვილიან ოჯახებზე თუ იქნება გათვლილი სახელმწიფო დახმარება, ეს დიდად ვერ შეცვლის სურათს, რადგან პირველი შვილის გაჩენის/გაზრდის პროცესში არსებული გამოწვევების გამო იწყებენ ოჯახები ფიქრს, რომ მეტ შვილს აღარ გააჩენენ.

საქართველოში მრავალშვილიან ოჯახად განსაზღვრულია ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი.

„ჩემ თაობაში არათუ ოთხი, სამი შვილიც კი არ ჰყავს არავის. იმდენად ძვირი ჯდება ბავშვის გაჩენა, მოვლა, ორსულობა, მშობიარობის შემდგომ პროცესი, აღზრდა. უმეტესობას ჰყავს ორი შვილი, რადგან პირველ ბავშვზე რა დანახარჯებიც გაქვს, ის გიმცირდება მეორეზე – საწოლის, ტანსაცმლის და რიგი საჭირო ნივთების ყიდვა აღარ გიწევს. ვფიქრობ, ბევრი ოჯახი თავს შეიკავებს ან იკავებს მესამე და მეტ ბავშვზე. მაგალითად, მე მინდა, რომ სამი შვილი მყავდეს, მაგრამ იმდენად ძვირი ჯდება ეს ყველაფერი, რომ თავი უნდა შევიკავო.

თუ სახელმწიფო ზრუნვაზეა საუბარი, ვფიქრობ ის პირველივე ბავშვზე უნდა ვლინდებოდეს. იდეალურია ის მიდგომა, რაც ფინეთს აქვს. სახელმწიფო ახალშობილს პიროვნებასავით ექცევა, რომ თანასწორუფლებიანი საზოგადოების ნაწილად იქცეს. ყველას, მდიდარს და ღარიბს თანაბარი სასტარტო მხარდაჭერა აღმოუჩინოს და კავშირს ამყარებს უკვე მოქალაქესთან. ბავშვს აღიქვამენ ადამიანად და მას სახელმწიფო ეგებება უხვად – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სამყაროში“, – ასე აღვიქვამ ამ ჟესტს სახელმწიფოს მხრიდან ახალშობილისადმი.

რაც მთავარია, ამ გზით უდიდეს მხარდაჭერას უცხადებს ახალბედა მშობლების ემოციურ, მორალურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას,“ – ამბობს გვანცა თოთაძე.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).

ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გადარჩება ლარი გაუფასურებას? – ეროვნულმა ბანკმა 1 თვეში 627,5 მილიონი დოლარი გაყიდა | ინტერვიუ

7 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ე.წ. რეზერვების სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 627,5 მილიონი დოლარი გაყიდა. საქართველოს ოფიციალური სავალუტო რეზერვები 4.08 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას სხვადასხვა გზით ყიდის. აუქციონის გზით გაყიდული უცხოური ვალუტის ოდენობა საჯაროა და მას ყოველდღიურ რეჟიმში შეუძლია დაინტერესებულმა პირმა მიადევნოს თვალი. ბლუმბერგის პლატფორმა Bmatch-ზე გაყიდული ვალუტის ოდენობა კი მხოლოდ 55 დღეში ერთხელ ხდება ცნობილი.

რა ზიანი მიადგა საქართველოს სავალუტო რეზერვებს დიდი ოდენობით დოლარის გაყიდვის გამო და რას შეიძლება ველოდეთ უახლოეს მომავალში – „ბათუმელების“ კითხვებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე პასუხობს:

 „დღეს 4 მილიარდი დოლარის რეზერვის ქონა ნიშნავს, რომ რეზერვები დაბრუნდა 2020 წლის დონეზე. 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, 3 მილიარდი დოლარი იყო ქვეყნის სავალუტო რეზერვი. ეს ნიშნავს, რომ 12 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი მილიარდი არის განსხვავება.

ენმ-ის მმართველობის 9-წლიან პერიოდში, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ რეზერვები ორმაგდებოდა. 3 მილიარდი გადმოაბარა ამ ხელისუფლებას. 12 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები არ გაორმაგებულა.

„ქართული ოცნების“ ორთვიანმა დანაშაულებრივმა, პრორუსულმა, მოღალატურმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე დიდი ზიანი მიაყენა ლარს, ვიდრე პანდემიამ. ამ რეზერვების აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება.

  • მოდით მარტივად ავხსნათ, რა არის სავალუტო რეზერვები და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის?

მარტივად ავხსნი რაში გვჭირდება უცხოური ვალუტის რეზერვები. ქვეყანას აქვს გადასახდელი საგარეო ვალი და ამ ვალის გადახდას სჭირდება უცხოური ვალუტა – დოლარი ან ევრო. თუ რეზერვები არ გაქვს, ბუნებრივია, ამ ვალს ვერ მოემსახურები. მთავრობა ეროვნული ბანკიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტას, რომ ვალი გაისტუმროს.

დოლარი ასევე სჭირდება ბიზნესს იმისათვის, რომ უცხოეთში იყიდოს საქონელი და შემოიტანოს საქართველოში.

რაც უფრო მეტი საქონელი შემოდის იმპორტით, მაგალითად იქნება ეს ტკბილეული, კომპიუტერული ტექნიკა, ავეჯი, სამშენებლო მასალები თუ სხვა, მით მეტი დოლარი გადის ქვეყნიდან და, შესაბამისად, ლარი სუსტდება. ბაზარზე რაც უფრო მეტი დოლარის გადარიცხვა დაგჭირდება, ესე იგი უფრო მეტი ლარი გადის და ამ შემთხვევაში ლარი სუსტდება.

თუ უცხოეთიდან ნაკლები დოლარი შემოდის, ან ქვეყნიდან გადის დიდი ოდენობით, ამ შემთხვევაში ლარი უფასურდება. ეროვნული ბანკი ლარის მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ყიდის რეზერვებს. მაგალითად, რეზერვები რომ არ გაეყიდა პანდემიის დროს, ლარი ჩამოინგრეოდა.

პანდემიის დროს, რადგან საკმარისი რეზერვები არ გვქონდა, სავალუტო ფონდმა მომენტალურად გვასესხა 800 მილიონი დოლარი. შემდეგ კი დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა და აშშ-მა. ლარი ამით გადარჩა. ანუ რეზერვები კრიტიკულ ვითარებაში ფინანსური კრიზისების დროს დამხმარე როლს თამაშობს.

თუ რეზერვები არ გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ინტერვენციას განახორციელებ და ვერც ლარის სტაბილურობას შეუწყობ ხელს.

  • როგორ უნდა მივხვდეთ რეზერვები არის თუ არა ადეკვატური ოდენობის?

უნდა ვიცოდეთ რა ოდენობის ვალი გვაქვს ყოველწლიურად გადასახდელი. უნდა იცოდე ასევე მთავრობა საგარეო სექტორში რას ხარჯავს – მაგალითად, საელჩოების დაფინანსება იქნება თუ სხვა. ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ ბიზნესი რამდენს ხარჯავს საქონლის იმპორტისათვის. ანუ საგარეო ხარჯებთან მიმართებით რა რაოდენობის რეზერვები გვაქვს დადგენილია ნორმატივი.

ეს უნდა იყოს სულ მცირე იმპორტის სამი თვის მოცულობის, ან მთლიანად ერთობლივი საგარეო გადახდებთან მიმართებაში, ან მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.

ჩვენი რეზერვები უკვე ფიტჩის დასკვნით კრიტიკულ ზღვარს ჩამოცდა. რაიმე პატარა კრიზისი რომ იყოს ან საგარეო შოკი ეროვნულ ბანკს არ შეეძლება ლარის კურსის შენარჩუნება. ფაქტობრივად, ვართ რისკის ზღვარზე.

თუმცა აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ ეს ანალიზი დადო მაშინ და საგანგაშო უწოდა, როცა 4.7 მილიარდი დოლარი იყო რეზერვები. დღეისათვის უკვე 4.1 მილიარდია. კიდევ უფრო შემცირდა. „ფიტჩს“ დღეს რომ დაეწერა მსგავსი დასკვნა, კიდევ უფრო საგანგაშოდ აღწერდა შექმნილ ვითარებას.

  • გამოსავალს რაში ხედავთ?

გამოსავალი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლაა, მაგრამ როგორ შემოვა, როდესაც იზოლაციაში ვართ მოქცეულები. ევროკავშირმა და ამერიკამ შეგვიწყვიტა დახმარებები. მათ შორის გრანტები.

ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს ინვესტიციები, მაგრამ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობაა, როდესაც გყავს რუსეთის და ივანიშვილის ინტერესების მსახური ხელისუფლება, ინვესტიციების შემოსვლის ნაცვლად პირიქით – იქით გავა კაპიტალი.

ამიტომ დღეს უკვე ეკონომიკურ სფეროში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გასაღები არის პოლიტიკურ სფეროში. ამ ხელისუფლების მმართველობის შენარჩუნების პირობებში, ძალიან მძიმე დღეები გველის.

ეროვნული ბანკის იტერვენციები და რეზერვები

2012-2024 წლებში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების სახით 344 მილიონი დოლარით მეტი იყიდა, ვიდრე გაყიდა, ხოლო 2014-2024 წლებში 56 მილიონი დოლარით უფრო მეტი გაყიდა, ვიდრე იყიდა. თუმცა ამ პერიოდში რეზერვების მოცულობა იზრდებოდა საგარეო ვალების ხარჯზე.

ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია 2023 წლის აგვისტოს თვეში და შეადგინა 5,43 მილიარდი დოლარი.

წელიწადსა და ორ თვეში იგი 1,4 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურად ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო ინსტიტუციის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსა და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე. ასევე ისაუბრა ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე,  საბოლოო ეტაპის დასკვნაზე და მიგნებებზე.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს და ცდილობს აღნიშნული რეკომენდაციები საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებისას გაითვალისწინოს.

თავის მხრივ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გიორგი კალანდარიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის არჩევნებს  წინასაარჩევნო პერიოდიდანვე აკვირდებოდა, შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა არჩევნების წინასწარ ანგარიშზე, არსებული მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ვრცლად ისაუბრეს.

გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის და თავიანთი მიგნებების გაზიარებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეკომენდაციებზე და მათი შესაძლო გათვალისწინების გზებზე უწყების კომპეტენციის ფარგლებში.

ცესკოში გამართულ შეხვედრას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დენიელ კერეკესი, მაია მილიკიჩი და ელენე ასაშვილი ესწრებოდნენ.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ნოემბრის 21 საათიდან 9 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 10 და 11 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელიც კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდს უკავშირდება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ასევე ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე, საბოლოო ეტაპის დასკვნაზე და მიგნებებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩევნების წინასწარი ანგარიში, რომელშიც ადმინისტრაციის საქმიანობა და კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიური ინტერვენცია დადებითად არის შეფასებული.

“საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ, როგორც საერთაშორისო ისე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რადგან მათ ჰქონდეთ ვერიფიცირებული ინფორმაცია ადმინისტრაციის საქმიანობისა და ყველა მიმდინარე საკითხის შესახებ. ადმინისტრაცია ყველა არჩევნების შემდეგ ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზება და მათი შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება დადებითად აისახება საარჩევნო გარემოზე. დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის არჩევნების წინასწარი ანგარიში განვიხილეთ და დეტალურად ვისაუბრეთ მათ რეკომენდაციებსა და მიგნებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია დადებითად აფასებს რიგ აქტივობებს, რომლებიც ადმინისტრაციამ არჩევნების დღეს განახორციელა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა. თავის მხრივ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საარჩევნო ადმინისტრაციას პროაქტიული თანამშრომლობისთვის.

შეხვედრა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ნატაშა როთჩაილდი, რიში დატა და რობერტ ბისტრიცკი ესწრებოდნენ.

Exit mobile version