მთავარი,სიახლეები

„უკრაინას უპირატესობა აქვს იარაღის ხარისხში, მომზადებასა და დაზვერვაში“ – ინტერვიუ გენერალთან

04.04.2025
„უკრაინას უპირატესობა აქვს იარაღის ხარისხში, მომზადებასა და დაზვერვაში“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთი ვერანაირად ვერ ახორციელებს წარმატებულ შეტევას. რამდენით წაიწია წინ რუსეთმა 2025 წლის დასაწყისიდან, მეტრებს თუ არ ჩავთვლით?!“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთი ძირითადად პოლიტიკური არგუმენტით აგრძელებს ომს უკრაინაში – თუ ომის შეწყდება, პუტინი ვეღარ მოატყუებს ხალხს, სამშობლოსთვის ვიბრძვით და ამიტომაც გვიჭირსო.

გადამდგარი გენერლის აზრით, უკრაინელებმა დრონების ტექნიკაც დახვეწეს: უკვე გამოცადეს დრონი, რომელსაც შეუძლია 3 ათას კილომეტრზე ფრენაო, – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

რა ვადაში შეიძლება შეძლოს უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლა? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ეტაპზეა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაწყებული მოლაპარაკება?

ეს რთული სათქმელია, ბუნდოვანი ფინალი აქვს ჯერ-ჯერობით ამ მოლაპარაკებას.

თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება და მცირე ნაბიჯებით ხდება წინსვლა. არაა გამორიცხული, გაიწელოს ეს პროცესი.

ეს ხდება ძირითადად პუტინის მიზეზით:ხან თანხმდება, ხან არ თანხმდება, ხანაც ცვლის და ამძიმებს მოთხოვნებს. ტრამპი შეეცადა ცეცხლის შეწყვეტა მიეღწია ჯერ უკრაინის გარეშე, შემდეგ რუსეთის გარეშე, შემდეგ ევროპის გარეშე. აღმოჩნდა, რომ ამ მოთამაშეების გარეშე აღნიშნული შეუძლებელი ხდება.

  • ცნობილია, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ითხოვს „სვიფტის“ გლობალური გადახდის სისტემაში დაბრუნებას, ასევე სხვა სანქციების მოხსნას. რამდენად შესაძლებელია რუსეთს დასავლეთმა ეს სანქციები მოუხსნას?

რა თქმა უნდა, რუსეთი ვაჭრობს. ტრამპის დღევანდელი პოზიციაც არ არის მდგრადი. არაა გამორიცხული, პოზიცია მან ისევ შეიცვალოს. რუსეთი ამ შესაძლებლობას იყენებს. მთავარია, უკრაინა რას მიიღებს სანაცვლოდ.

მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ტრამპის ინტერესიცაა, რადგან ეს ტრამპის პრესტიჟის საკითხია. ერთი ექსპერტის გამოთქმისა არ იყოს, ტრამპი აღმოჩნდა ჩემპიონი სასურველისგან სრულიად საპირისპირო შედეგის მიღებაში.

ჯერ-ჯერობით ნამდვილად ასეა: თუ გავიხსენებთ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებს, საპირისპირო შედეგები გვაქვს სახეზე. მაგალითად, ამერიკის სიდიადის შესახებ დაპირება: ამერიკა დიადია, როდესაც არის ევროპასთან და მოკავშირეებთან ერთად. იზოლაციონიზმის მიმართულებით სვლა ამერიკის შეერთებულ შტატებს დიადს ნამდვილად ვერ გახდის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკის დომინანტ გეოპოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება სწორედ მსოფლიო ომებში სწორი პოზიციის დაკავების შედეგად მოხდა.

  • შეიცვალა კონკრეტულად აშშ-ის უკრაინისთვის დახმარება? განსაკუთრებით საინტერესოა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უკრაინის მომარაგება. როგორც ცნობილია, მის ჩანაცვლებას ამ ეტაპზე უკრაინა ვერ შეძლებს.

სრულად ჩანაცვლებას ვერ შეძლებს, თუმცა ნაწილობრივი ჩანაცვლება შესაძლებელია. არის სისტემები, რომელიც შესაძლოა ისეთი ეფექტიანი არ არის, როგორია „პატრიოტია“, მაგრამ ევროპას გააჩნია სისტემები, რომლითაც საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გარკვეულწილად ორგანიზება შესაძლებელია.

ნუ დაგვავიწყდება ის, რომ რაც ომი დაიწყო, ყველაზე დიდი მოგება ამერიკამ ნახა იარაღის უკრაინაზე გადაცემით. ეს იარაღის მიწოდება მუქთად ნამდვილად არ ხდებოდა. წარსულსაც თუ გადავხედავთ, ყველა დიდი ომიდან აშშ მოგებული გამოვიდა იმიტომ, რომ იგი სწორი მოკავშირეების მხარეს დადგა. იგივეა დღესაც: აშშ-ს თუ უნდა, რომ გარკვეული მოგება, თუნდაც იარაღის სისტემების გაყიდვაში ჰქონდეს, რა თქმა უნდა, მან უნდა განაგრძოს უკრაინის დახმარება.

უკვე გამოჩნდა ნიშნები, რომ ევროპა ცდილობს, ჩაანაცვლოს იარაღის აშშ-ში შესყიდვა, ევროპა თავის ბაზარს ეძებს და იგი თავის შესაძლებლობებს გადახედავს. ამ ვითარებაზე უკვე ამერიკის სამხედრო ინდუსტრიის წრეებში გამოთქვამენ შეშფოთებას, ეს კი ნამდვილად არ წაადგება აშშ-ს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის დახმარებას და ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური გადაწყვეტილება, რასაც ტრამპი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს… ძალიან დიდი როლი აქვს ტრამპის პოლიტიკაში ელექტორალურ იმიჯს. ტრამპი აშკარად ხედავს, რომ უკრაინასთან დაპირისპირება არ წაადგა მის იმიჯს, როგორც პოლიტიკოსს. ამ გარემოების ასახვა იყო ნატოში ამერიკის წარმომადგენლის განცხადება, რომ აშშ რჩება ნატოში აქტიურ წევრად. მან ასევე განმარტა, რომ ტრამპი გულისხმობდა მხოლოდ იმას, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მეტი ძალისხმევა უნდა გაიღონ ნატოს გაძლიერებისთვის.

უკვე აღარაა საუბარი იმაზე, რომ აშშ ნატოდან გავა და ასე შემდეგ. აშშ-ში კარგად მიხვდნენ იმას, რომ ეს არ იქნება დადებითი, პირველ რიგში, აშშ-ის გეოპოლიტიკური ადგილისთვის.

  • რას ცვლის ამასობაში ევროპა, სადაც აქტიურად საუბრობენ დამოუკიდებელი თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნაზე? 

ძალიან მომეწონა პოლონელი პოლიტიკოსის, საგარეო საქმეთა მინისტრის, სიკორსკის ნათქვამი: სირცხვილია, როცა 500-მილიონიანი ევროპა დახმარებას სთხოვს 300-მილიონიან ამერიკას, დაიცვას 145-მილიონიანი რუსეთისგანო. ევროპას ნამდვილად შეუძლია გახდეს რუსეთისთვის შემაკავებელი ძალა. ევროპას შეუძლია კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს.

წარმოიდგინეთ, კოვიდპანდემიის დროს, ევროკავშირმა დაახლოებით 500 მილიარდი ევრო გამოყო საკუთარი ბიზნესის მხარდასაჭერად. ამ თანხის ნაწილი გახარჯული ახლაც არ არის. ამ დროს უკრაინისთვის მხოლოდ 68 მილიარდი არის გამოყოფილი. საჭიროების შემთხვევაში, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ევროპას, მათ შორის, იმისთვის, რომ უკრაინას დაეხმაროს.

გაითვალისწინეთ, რომ F-16 არცერთი არ მიუღია უკრაინას აშშ-დან, ეს მას ევროპული ქვეყნებიდან მიაწოდეს. სკანდინავიის ქვეყნებიც აქტიურად ჩართული არიან უკრაინის გადაიარაღებაში. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ თავიანთი შეიარაღების განახლებას, ჯავშანსაბრძოლო მანქანების და ტანკების ახალი ნიმუშების წარმოებას.

გარდა ამისა, უკრაინას შვედებმა პირველად გადასცეს ორი მზვერავი თვითმფრინავი – შორეული დაზვერვის ე.წ. ჰორიზონტს მიღმა დაზვერვის თვითმფრინავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ასევე, ჰოლანდია იყო პირველი, რომელმაც F-16 და „პატრიოტები“ გადასცა უკრაინას. დანია და ნორვეგია ძალიან დიდ თანხას დებენ უკრაინის სამხედრო მრეწველობის განვითარებაში. ასე რომ, ეს ჩამონათვალი დიდია – რას აკეთებს ევროპა უკრაინისთვის და ეს მოსაზრება, რომ ამერიკის გარეშე ევროპა ვერ შეძლებს უკრაინის დახმარებას, სიმართლეს არ შეესაბამება.

  • „უკრაინელები ახლა ძალიან ძლიერ თავდაცვით პოზიციებზე არიან და ნელ-ნელა აუმჯობესებენ პოზიციების გაძლიერების უნარს“ – ამბობს ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლი. ამით რას გაუსვა ხაზი ამერიკელმა გენერალმა? 

სავარაუდოდ საუბარია თავდაცვითი უნარების აღდგენაზე. ეს სურათი ნათლად ჩანს: რამდენით წაიწია წინ რუსეთმა 2025 წლის დასაწყისიდან, მეტრებს თუ არ ჩავთვლით? რუსეთი ვერანაირად ვერ ახორციელებს წარმატებულ შეტევას.

მოდით, რიცხვებით ვისაუბროთ: ამ წლის იანვარში რუსებმა შეძლეს 321 კვ.კმ დაეკავებინათ, თებერვალში – 189 კვ.კმ, ხოლო მარტში – მხოლოდ 130 კვ.კმ და ეს – 2000 კმ-მდე გადაჭიმულ ფრონტზე.

მალე მორჩება წვიმიანი სეზონი, „რასპუტიცა“ და გაშრება მიწა, უფრო მეტად შეიქმნება ხელსაყრელი პირობები მეტი მოქმედებებისთვის, მაგრამ არა მგონია, გარღვევისთვის რუსებს საკმარისი ძალა ჰქონდეთ. გარღვევას სჭირდება ჯერ ძალა, რომელიც გაარღვევს უკრაინის თავდაცვას და შემდგომ რეზერვები, რომელიც გარღვევაში უნდა შევიდეს და განავითაროს შეტევა. ამის რესურსი რუსეთს არ აქვს.

  • რატომ აწყობს, თქვენი დაკვირვებით, რუსეთს ამ პირობებში ომის გაგრძელება? 

ომის გაგრძელება აწყობთ მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის, შიდა აუდიტორიისთვის, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთში დაიწყება სოციალური პრობლემები, ვერავის მიყიდიან იმას, რომ სამშობლოსთვის ვიბრძვით და ამიტომ გვიჭირსო. ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ზარალი აქვს მიღებული რუსებს. ამაზე ეკონომისტები უკეთ ისაუბრებენ.

ფაქტია, რომ რუსეთს უჭირს სამხედრო წარმატების მიღწევა. უკრაინას უპირატესობა აქვს იარაღის ხარისხში, კარგ მომზადებასა და უმაღლესი დონის დაზვერვაში, რომლითაც ნამდვილად ჯობიან რუსებს.

რაც შეეხება რუსების მიერ 160-ათასიანი მობილიზაციის გამოცხადებას, ზოგიერთი ექსპერტი დასავლეთში ამას განსაკუთრებით უსვამს ხაზს, ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. როგორც წესი, ჩვეულებრივი გაწვევის დროს 130-150 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს ისედაც იწვევენ.

ისინი ძირითადად მოემსახურებიან ბაზების დაცვას რუსეთის ტერიტორიაზე. რაღაც ნაწილი განაგრძობს კონტრაქტს კიდეც, მაგრამ ეს ის ძალა არ არის, რომელიც მნიშვნელოვანი გარდატეხის შემტანი იქნება.

  • რა ხდება კურსკში? უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციას ზელენსკიმ უკრაინის “ერთ-ერთი მთავარი მიღწევა” უწოდა. მისივე თქმით, ეს ოპერაცია უკრაინას სუმის რეგიონის გავლით რუსეთის შეჭრისგან იცავს.

კურსკის ეპოპეა დასასრულს უახლოვდება – უკრაინელები გამოდიან, თუმცა გარკვეულ ზღუდეზე არიან გამაგრებული საზღვართან ახლოს. უკრაინელები წარმატებით ახორციელებენ ლოკალურ შეტევებს ბელგოროდის რაიონში. ამით ისინი არ აძლევენ რუსებს იმის საშუალებას, რომ ძალების გადაჯგუფება მოახდინონ. უკრაინელები ბელგოროდის რაიონში შესულები არიან 3-დან 7 კილომეტრამდე სიღრმემდე.

ამ შემთხვევაში უკრაინელებმა გამოიყენეს დასავლეთში ე.წ. „მედ მაქსის“ სახელით ცნობილი ტაქტიკა, რაც გულისხმობს ჯავშანტექნიკის მობილური ჯგუფებით სწრაფად შეჭრას ლოკალურ ტერიტორიაზე, ლოკალური ამოცანითა და მიზნით.

როგორც წესი, ეს ჯავშან-ჯგუფები შედგება 2-3-საინჟინრო გამნაღმველი ჯ/მანქანისგან და ნაღმებისგან დაცული დასავლეთის ტექნიკისგან. ამ შემთხვევაში ძირითადად ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ გამოიყენებოდა. საინჟინრო მანქანები წმენდენ გასასვლელებს საინჟინრო წინაღობებში, სადაც სწრაფად შედის ჯავშანტექნიკა ქვეითებთან ერთად. აფეთქების შემთხვევაში, ქვეითები სწრაფად ტოვებენ დაზიანებულ ტექნიკას, ან სხვა მანქანებზე ნაწილდებიან, ან ქვეითად აგრძელებენ მოქმედებას დაყოვნების გარეშე.

აქ მნიშვნელოვანია დასავლური ტექნიკის მაღალი ხარისხი, რაც იცავს ქვეითებს ნაღმზე აფეთქების ან დრონის დარტყმის შემთხვევაშიც კი, ანუ ხდება ტექნიკის გაწირვა მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად. აღნიშნული ტაქტიკის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია ასევე კარგი დაზვერვა, რაც საშუალებას იძლევა გამოვლენილ იქნას ნაკლებ დაცული მონაკვეთები.

მოულოდნელობის ეფექტით უკრაინელებმა მიაღწიეს წარმატებას ერთ სოფელში და მეორე სოფლის მისადგომებთან არიან. ასეთი მცირე-მცირე დარტყმებით უკრაინელები აიძულებენ რუსებს, გარკვეული ძალები ჰყავდათ ამ მიმართულებაზე და ვერ შეძლონ იგივე პოკროვსკის, ან ტორეცკის მიმართულებაზე გადაჯგუფება.

  • რა ხდება ფრონტის ხაზზე? ჩანს, რომ ორივე მხარე ყველაზე აქტიურად დრონებით უტევს ერთმანეთს: მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში დაზიანებულია რამდენიმე სახლი, ასევე, დრონებით შეტევა იყო უკრაინაზე. დანგრეული და დაზიანებულია სახლები. ქალაქ ხარკოვში დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი და 35 დაიჭრა…

დრონები, როგორც იცით, ამ ომში მუდმივად გამოიყენება. უკრაინელების მხრიდან დრონების ტექნიკა იხვეწება – მაგალითად, უკვე გამოცადეს დრონი, რომელსაც შეუძლია 3 ათას კილომეტრზე ფრენა.

რუსებმა კი „შაჰედების“ ტაქტიკა განავითარეს. მაგალითად, სხვადასხვა მიმართულებით მფრინავი „შაჰედები“ თავს იყრიან ერთ კონკრეტულ რაიონში და ერთ კონკრეტულ ობიექტზე ახორციელებენ დარტყმას. ტაქტიკის სახეა ისიც, როცა „შაჰედი“ ადის მაღალ სიმაღლეზე და ვერტიკალურად პიკირებს სამიზნეზე, რაც ართულებს მის აღმოჩენას და დაზიანებას. რუსეთი ტექნოლოგიურად ნაკლებად ავითარებს „დრონების“ შესაძლებლობას, მაგრამ გამოყენების ტაქტიკა დახვეწეს.

ასევე, უკრაინელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მობილური და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების აქტიურ გამოყენებას „შაჰედების“ წინააღმდეგ, ვინაიდან მათ, ცხადია, ძვირადღირებული რაკეტების გამოყენება არ სურთ. უკრაინელები აქტიურად იყენებენ ჰაერსაწინააღმდეგო ტყვიამფრქვევების და საზენიტო არტილერიის სისტემებს, რაც ნაწილობრივ გადააკეთეს. უკრაინელებმა საბჭოთა და დასავლური წინა თაობის ტექნიკის ინტეგრირება მოახდინეს ხელოვნური ინტელექტის მართვის სისტემებზე.

  • უკრაინამ თუ ამ ტემპით მიიღო იარაღი დასავლეთიდან და შესრულდება უკრაინის მიმართ გაცემული ყველა დაპირება, რა ვადაში შეიძლება შეძლოს უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება? 

უახლოეს მომავალში შეიარაღების აი, ამ ტემპებით, რაც ახლა გვაქვს, უკრაინა შეძლებს თავისი თავდაცვითი ძალების გაძლიერებას, ტერიტორიების დაბრუნებაზე კი უახლოეს მომავალში თავს შევიკავებდი საუბარს ამ შესაძლებლობებით.

არ გამოვრიცხავ, რომ თუკი ეს შესაძლებლობები გაიზრდება, თუ უკრაინა შეძლებს თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ამუშავებას ისე, რომ თავისი მოთხოვნის 50%-ს უზრუნველყოფს, მაშინ შესაძლებელია ფიქრი იმაზე, რომ უკრაინამ შეძლოს რაღაც გარკვეული ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე ფიქრი.

ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა სრულად შეძლებს უახლოეს მომავალში სახელმწიფო საზღვრებზე გასვლას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: