მთავარი,სიახლეები

„მადლობა ივანიშვილს“ – აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ მთავრობა დაამტკიცა

31.12.2024 •
„მადლობა ივანიშვილს“ – აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ მთავრობა დაამტკიცა

დღეს 31 დეკემბერს, აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ, აჭარის არალეგიტიმური მთავრობა დაამტკიცა.

რიგგარეშე სხდომაზე, დღეს მხოლოდ ერთი საკითხი იყო გამოტანილი, – აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.

ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ისევ თორნიკე რიჟვაძე დაამტკიცა.

თორნიკე რიჟვაძემ თავის გამოსვლაში მადლობები უხადა ჯერ არალეგიტიმურ პრეზიდენტს, შემდეგ არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს და „ქართულ ოცნებას“.

რიჟვაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ივანიშვილს, რომელიც აშშ-მა საქართველოში, რუსეთის სასარგებლოდ დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა.

„მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში მომცა შესაძლებლობა პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები გადამედგა“-ამბობს რიჟვაძე, რომელიც დასძენს, რომ სანქციებით, „ოცნების“ მიერ არჩეულ გზას ვერავინ გადაახვევინებთ.

„სწორედ ბიძინა გახლავთ ამის მაგალითი,“- თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

მან გამოსვლის ბოლოში ასევე ახსენა ფრაზა – „ერთიანი, ძლიერი და ევროპული საქართველო“, თუმცა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 28 ნოემბერს სწორედ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ შეაჩერა.

მან ასევე ახსენა სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 2025-2028 წლის სამთავრობო პროგრამას, რომლის მთავარი პოსტულატი, როგორც რიჟვაძე ამბობს, არის „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ“.

არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ დღეს მინისტრებიც დაამტკიცა.

განათლების და კულტურის მინისტრად ისევ მაია ხაჯიშვილი დაამტკიცეს, სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე.

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. არჩევნები არც საერთაშორისო თანამეგობრობას უღიარებია. 28 ნოემბრის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. თბილისსა და ბათუმში თითქმის ყოველდღე ათასობით ადამიანი იკრიბება და მოითხოვს ახალ არჩევნებს.

საპროტესტო აქციები „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ სასტიკად დაარბია. დააკავეს და მძიმედ დაშავდა 400-მდე ადამიანი.  აქედან 80-მდე პირი საავადმყოფოში მოხვდა. ამ დროისთვის პატიმრობა იმყოფება 50-ზე მეტი პირი.

საპროტესტო აქციების დასაშლელად „ოცნება“ იყენებდა ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავს და წიწაკის სპრეის. აქციის მონაწილეებს შავნიღბიანი პირები დაკავების შემდეგ სასტიკად უსწორდებოდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: