დავით ათაბეგაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე, ბელარუსში პოლიციის ატაშედ დანიშნეს.
ინფორმაცია „ბათუმელებს“ შსს-ს პრესცენტრში დაუდასტურეს.
დავით ათაბეგაშვილი ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ასევე დაუფარავად აცხადებდა, რომ “ევროპას რუსეთი ურჩევნია”.
2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მზია ამაღლობელისთვის პოლიციის შენობაში 2 საათის განმავლობაში ზურგზე ხელების გაკვრის უკანონო ბრძანება, „ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით ათაბეგაშვილმა გასცა. ის სწორედ მზია ამაღლობელის საქმეზე დაასანქცირეს.
მზია ამაღლობელს უკანონოდ დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ბადრაგირებამდე რომ დაახლოებით 2 საათი ხელბორკილი ჰქონდა, ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა თამარ კერესელიძემ დაადასტურა.
გამომძიებელს სასამართლოში არ უარუყვია, რომ მზია ამაღლობელი სამართალდამცველებს წინააღმდეგობას არ უწევდა, თუმცა მას ხელბორკილები მაინც დაადო.
სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა თამარ კერესელიძემ ვერ თქვა, რა სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა, როცა მან მზია ამაღლობელს ხელებზე ბორკილები დაადო. იურისტების შეფასებით, ეს არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში არაადამიანური მოპყრობის შესახებ დაკავების დღიდან აცხადებს, მათ შორის, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან სახეში შეფურთხებაზე და იმაზე, რომ მას წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალება არ მიეცა.
პოლიციელ თამარ კერესელიძის თქმით, მზია ამაღლობელს ხელბორკილს ხსნიდნენ, რომ მას წყალი დაელია. სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელს უთხრა, რომ ეს სიცრუეა.
პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მზია ამაღლობელის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო, თუმცა ამ უწყების პრესცენტრში ვერ გვითხრეს, რა ეტაპზეა გამოძიება. ბათუმის პოლიციის უფროსი ისევ ირაკლი დგებუაძეა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერეს გამოძიების დასრულებამდე. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების [და არა არაადამიანური მოპყრობის] მუხლით დაწყებული გამოძიების შესახებ ამბის გასაგებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.
„მზია ამაღლობელის საქმეზე“ მორიგი სასამართლო სხდომა 7 აპრილს გაიმართება.
ამ თემაზე:
მზია ამაღლობელს 2 საათი ხელბორკილი ედო – რა გავიგეთ პოლიციელ კერესელიძის „აღიარებითი ჩვენებით“