„პუტინის ბუნკერიდან გამოსვლა ამას მიანიშნებს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„პირველად გამოჩნდა პუტინი ფრონტის ხაზზე სამხედრო ფორმით, აქამდე ბუნკერიდან არ გამოდიოდა. ეს იმას მიანიშნებს, რომ საომარი მოქმედებები არც ისე ინტენსიურია,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე რუსეთი აუცილებლად მივა, მანამდე კი კრემლს იმის წარმოჩენა სურს, რომ ეს უკრაინის სურვილია და არა რუსეთის.

გადამდგარი გენერალი განმარტავს, რომ რუსებს არც კურსში აქვთ მნიშვნელოვანი წარმატება, როგორც ამის ჩვენებას რუსული პროპაგანდა ცდილობს. რუსები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ორმაგი ალყის შეკვრას, ხოლო გაზის მილებით სამხედროების მტრის ზურგში გადასხმა სრულიად წარუმატებელი ოპერაცია აღმოჩნდებაო, ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ის ოპერაცია, რაც განახორციელეს რუსებმა და გაზით მილით გადაისროლეს მებრძოლები მტრის ზურგში, ჩავარდა: ნაწილი მოიწამლა, დანარჩენი მოხვდა უკრაინელების დარტყმის ქვეშ და ეს დანაყოფი ფაქტობრივად განადგურდა. რამდენიმე მებრძოლია გაფანტული და სადღაც თავშეფარებული ადგილობრივ ნანგრევებს. ეს ოპერაცია მთლიანად ჩაუვარდათ რუსებს,“ – გვითხრა ვახტანგ კაპანაძემ.

სამხედრო ანალიტიკოსის თქმით, ყველაზე მთავარი ახლა ევროპის მობილიზებაა, რამაც უკრაინა ისე უნდა გააძლიეროს, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს სურვილი, უკრაინას თავს დაესხას ისევ.

გაჩნდა ამის პირობა? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე: „ის, ფაქტობრივად, უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ იმის თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება და უკრაინელების ხოცვა სურს”, – ამბობს ზელენსკი. თქვენი დაკვირვებით, რამდენად არიან მხარეები მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის?

მე თავიდანვე არ მეგონა, რომ თითის ერთი დაქნევით ყველაფერი დამთავრებოდა, თუმცა იმედი მქონდა, რომ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა სააღდგომოდ მაინც მოხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე წარმომედგინა, რომ უფრო ადვილად მოხდებოდა ეს შეთანხმება. როგორც ჩანს, პუტინს ჯერ იმის ჩვენება სურს, რომ დიდი ბიჭია და ტრამპის ერთი ხელის დაქნევაზე გადაწყვეტილებებს არ იღებს.

მეორეს მხრივ, აშშ-ს წარმომადგენელი ჩავიდა რუსეთში და ამას შედეგი არ მოჰყოლია. ასეთ დროს გარკვეული შეთანხმებები წინასწარ არსებობს ხოლმე.

  • რა გამოჩნდა თქვენთვის ამ პროცესში, შესაძლოა რაღაც არ ჟღერდება? 

შესაძლოა, მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ კიდეც რაღაც კონკრეტულ დეტალებზე, მაგრამ არ აჟღერებენ ამას. დადებითი ისაა, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. უკრაინას თავისი პოზიტიური პოზიცია უკვე გაჟღერებული აქვს, ამასთან რუსეთსაც ნეგატიური ნაბიჯები გადადგმული აქვს. შესაბამისად, გრძელდება სანქციები რუსეთის საბანკო სექტორსა და ნავთობის წარმოების სექტორზე.

  • თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა აშშ-ს სანქციების ახალი ეტაპი რუსეთის მიმართ? 

ეს იმის ჩვენებაა, რომ აშშ-ს ზემოქმედების ბევრი ბერკეტი კიდევ აქვს ხელში.

მეორეს მხრივ, არც ისეთი გარღვევები აქვს რუსეთს ფრონტის ხაზზე, რომ უკრაინას მანევრის საშუალება არ ჰქონდეს და იძულებული იყოს, ყველაფერს ხელი მოაწეროს. მართალია, რუსებს გარკვეული ტაქტიკური ინიციატივა და წარმატება აქვს კურსკში, ესაა და ეს. სხვა მნიშვნელოვანი, ვიმეორებ – მნიშვნელოვანი გარღვევა რუსებს ფრონტის ხაზზე, სამხედრო თვალსაზრისით, არ გააჩნიათ.

  • ამ მოცემულობაში შედგება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე? 

დიდი ალბათობით მაინც მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და რუსები გარკვეული კეკლუცობის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არა მგონია, რუსებმა ამერიკასთან მიმართებით ყველაფერზე უარი თქვან. რუსეთი ვაჭრობს და აჩვენებს ყველას, რომ მას რაღაც კოზირები აქვს სახელოში. ჩვენ ახლა ამის მოწმენი ვართ.

რუსეთს სურს იმის წარმოჩენა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება უკრაინის აუცილებლობაა და არა რუსეთის.

  • რეალურად ამერიკის დახმარების გარეშე რამდენად შეძლებს უკრაინა განაგრძოს ბრძოლა? 

ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის საქართველოში, ცდილობს აპოკალიფსური სურათი დახატოს, რომ უკრაინა ძალიან მძიმე დღეშია და ასე შემდეგ. არ მინდა, მათ რიგში აღმოვჩნდე. რა თქმა, ამერიკული დახმარების შეწყვეტა უკრაინისთვის ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ, პირველ რიგში, რატომ უნდა შეუწყვიტოს ამერიკამ უკრაინას დახმარება რუსების პოზიციის ფონზე? ვფიქრობ, ამ პირობებში პირიქით, უკრაინის გაძლიერება მოხდება.

მეორე საკითხია ევროპაში უკვე მიღებული გადაწყვეტილება გადაიარაღების შესახებ. გეგმა როცა ცხადდება, დამერწმუნეთ, გათვლები და ძირითადი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ევროპა აძლიერებს სამხედრო კომპლექსებს, სამხედრო ინდუსტრიას, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. არის მოსაზრება, რომ აი, ევროპა დიდი ხნის შემდეგ შეძლებს გაძლიერებას, მაგრამ ევროპას დღეს ნამდვილად გააჩნია იმის ძალა, რომ სრულად განაგრძოს უკრაინის დახმარება აღნიშნულ ტემპში.

შორს რომ არ წავიდეთ, ვიკიპედიაშიც რომ შეადაროს დაინტერესებულმა პირმა მონაცემები, ნახავს, რომ ნატოს შეიარაღება და რესურსები ბევრად ძლიერია, ვიდრე რუსეთის. ყველაზე კრიტიკული არის ის, რომ უკრაინას რუსული სარაკეტო დარტყმებისგან იცავს ალბათ მსოფლიოში საუკეთესო ამერიკული სისტემები, რომელიც ასევე შეუძლია იყიდოს ევროპამ ამერიკისგან და თავად მიაწოდოს უკრაინას. ამაზე რატომ უნდა თქვას უარი ამერიკელმა მწარმოებელმა, გაუგებარია.

ასევე, თუ აღარ იქნება „პატრიოტები“ ამერიკული დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში, მას ჩაანაცვლებს სხვა, მსგავსი ევროპული სისტემები. შესაძლოა, ეს სისტემები ისეთი ეფექტური არ არის, როგორიც „პატრიოტია“, მაგრამ არც ძალიან ჩამოუვარდება. გასათვალისწინებელია, რომ სამხედრო ტექნიკა, რასაც უკრაინა იღებს დასავლეთიდან, უკვე მოძველებულია და არ არის ბოლო თაობის შეიარაღება.

ევროპამ თუ დაიწყო უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება, ეს უკრაინელებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს საომარ მოქმედებებს.

  • მიდის აქეთკენ პროცესი? 

რა თქმა უნდა, აქეთკენ მიდის. ევროპელები ტყუილად ხომ არ იკრიბებიან უკრაინის საკითხზე და ამხელა თანხის მობილიზებას აანონსებენ? ეს ხომ საქართველო არაა, თქვან რაღაც და მერე პასუხი არავინ მოსთხოვოს?!

იქ იტალია, ესპანეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი ფეხს ითრევენ, მაგრამ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ასევე პოლონეთს და სკანდინავიის ქვეყნებს ეყოფათ ძალა, რომ დაეხმარონ უკრაინას.

  • დღევანდელი კონტექსტი რას აჩვენებს: რუსეთ-უკრაინის ომი მიდის კონფლიქტის გაყინვისკენ თუ ევროპა მოახერხებს ძალების მობილიზებას და უკრაინის ისე მხარდაჭერას, რომ ის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს? 

ალბათ გაიყინება. ეს იქნება გაყინული კონფლიქტი, კორეიზაციის ვარიანტი მოხდება, თუმცა ევროპელები დაეხმარებიან უკრაინას გაძლიერებაში, ისე გაძლიერებაში, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს სურვილი უკრაინაზე შემოდგომის თავდასხმის და აგრესიის.

ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ ჩანს, თუმცა არასდროს უნდა თქვა „არასდროს“, როცა ეს პოლიტიკას ეხება.

არავინ იცის, როგორ შეიცვლება სამყარო, ან რა მოხდება რუსეთში. ამ ეტაპზე უკრაინასაც ურჩევია ძალისხმევა მოახმაროს გადაიარაღებას და მოდერნიზებას, ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან, ეკონომიკურ განვითარებას, დანარჩენს მომავალი აჩვენებს. როგორც ერთხელ უკვე გითხარით: აზერბაიჯანი 30 წელი ელოდა თავის მომენტს.

90-იან წლებამდე ვერც დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის შეერთებას წარმოიდგენდა ვინმე.

  • როგორ იცვლება რეგიონში რუსეთის პოზიციები? ბოლო დღეებში სირიაში შეიარაღებულ ძალებს შორის კონფლიქტს 1000 ადამიანი ემსხვერპლა… 

რუსეთის პოზიციები სუსტდება ყველა მიმართულებით. ერთადერთი, ვისაც რუსეთმა შეუძლია უკარნახოს თავისი ნება, ეს პოსტსაბჭოთა სივრცეა, ისიც ბალტიისპირეთის ქვეყნების გარეშე. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც უკვე ჩამოყალიბდა მულტიპოლარული სისტემა.

ბიპოლარული იყო სისტემა „ცივი ომის“ პერიოდში, შემდეგ 90-იანებში იყო უნიპოლარული სისტემა და აშშ დომინირებდა სრულად, ახლა კი არის მულტიპოლარული, სადაც რამდენიმე პოლუსია: აშშ, ჩინეთი, ევროპა გამოდის ასპარეზზე, რუსეთი ცდილობს, რომ იყოს პოლუსი რეგიონულ დონეზე მაინც, ახლო აღმოსავლეთშიც ვითარება მნიშვნელოვნად იცვლება, რეგიონული მოთამაშის პოზიციის დაკავებას თურქეთიც ცდილობს და ასე შემდეგ.

ცუდი ისაა, რომ მულტიპოლარულობა უფრო მეტი საფრთხის მატარებელია, ვიდრე, მაგალითად, უნიპოლარული, ან ბიპოლარული მსოფლიო. მულტიპოლარული იყო მსოფლიო, როდესაც პირველი და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ამ დროს არ არსებობს ორი ერთმანეთის დამრეგულირებელი, დომირებადი ძალა. შესაბამისად, საფრთხის შესაძლებლობა დიდია.

ამ დროს რეგიონული დაპირისპირების შესაძლებლობაც იზრდება. ხვალ და ზეგ ეს კავკასია იქნება, თუ ცენტრალური აზია, არ ვიცი, მაგრამ ეს გამოწვევები ნამდვილად არსებობს.

  • უკრაინის ფრონტის ხაზზე რა ხდება ბოლო დღეებში? 

პირველად გამოჩნდა პუტინი ფრონტის ხაზზე სამხედრო ფორმით, აქამდე იგი ბუნკერიდან არ გამოდიოდა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საომარი მოქმედებები არც თუ ისე ინტენსიურია.

კურსკში რუსებს აქვთ წარმატება, მაგრამ რის ხარჯზე? სამხრეთ მიმართულებით, ანუ ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით, არაფერი ხდება, აღმოსავლეთ მიმართულებით კი, რუსების დიდი მცდელობის მიუხედავად შეტევის კურსი ვერ განავითარეს. დაახლოებით ერთი თვის წინ თქვეს რუსებმა, რომ ტორეცკი აიღეს, მაგრამ ბრძოლები ისევ მიდის.

უკრაინელებს პოკროვსკის მიმართულებაზე ჰქონდათ კონტრშეტევა და მცირე ტაქტიკური წარმატება გააჩნდათ. ერთადერთი კურსკის საოპერაციო რაიონში გააჩნიათ რუსებს ნაწილობრივი წარმატება და უკრაინული დაჯგუფებისთვის ალყის საფრთხის შექმნა.

სამხედრო გეომეტრიის მიხედვით, სრულ ალყას სჭირდება ორი სარტყელი: შიდა და გარე, რათა თავდაპირველი ალყის შემქმნელი თავად არ მოხვდეს ორმაგი დარტყმის ქვეშ. ჯერ-ჯერობით რუსებს არ აქვთ ეს ორი სარტყელი და არც გაუფართოებიათ სივრცე, რომლითაც უკრაინელებს სრულად მოწყვეტენ კურსკის ოლქს. ასე რომ, უკრაინელებისთვის ნამდვილად მძიმე ვითარებაა, მაგრამ არა უიმედო.

ის ოპერაცია, რაც განახორციელეს რუსებმა და გაჩერებული ურენგოი – სამარა – უჟგოროდი გაზით მილით 12 კმ-ზე გადაისროლეს მებრძოლები მტრის ზურგში, ჩავარდა: ნაწილი ჯერ კიდევ გზაში მოიწამლა შესაბამისი დამატებითი ვენტილაციის არ ქონის გამო, დანარჩენი მოხვდა უკრაინელების დარტყმის ქვეშ და ეს დანაყოფი ფაქტობრივად განადგურდა. რამდენიმე მებრძოლია გაფანტული და სადღაც თავშეფარებული ადგილობრივ ნანგრევებს. ეს ოპერაცია მთლიანად ჩაუვარდათ რუსებს.

  • პუტინის გამოჩენა რატომ დასჭირდათ რუსებს? 

გამოაჩინეს პუტინი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი. ეტყობა, პიარმა უთხრა, რომ მოლაპარაკებების პერიოდში შენც გამოჩნდი ფრონტის ხაზზეო. პუტინს უნდა გამოჩნდეს, როგორც დევგმირი, რომელიც თითქოს თავად ხელმძღვანელობს ამ ოპერაციას. რატომ არ გამოჩნდა პოკროვსკის მიმართულებით და კურსკში გამოჩნდა? იმიტომ, რომ მასთან იყოს ასოცირებული წარმატება.

  • მასობაში, ყირიმის მიმართულებით გააქტიურდნენ უკრაინელები, რას მიაღწიეს? 

გუშინ დაარტყეს ისევ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელს და ნავთობგადამანაწილებელს. მუდმივად ხდება ეს დარტყმები და ჯერ კიდევ ცდილობენ ჩააქრონ ხანძარი 1000 კვადრატულ მეტრზე.

4 დღის წინ ბრიანსკის ოლქში ფსბ-ს შენობას დაარტყეს უპილოტოებით, მათმა დრონმა პირველად მიაღწია ჩუვაშეთს და მოხვდა ნავთობკომბინატ „ბურევესტნიკის“ რეზერვუარებს.

მოსკოვის გარეუბნებსაც დაარტყეს უკრაინელებმა, გუშინ კრემლიდან 4 კმ-ში ჩამოვარდა დრონი, იგივე მოხდა სადოვოე კალცოზე. ასე რომ, არც რუსები არ არიან დალხენილ მდგომარეობაში.

ნუ დაგვავიწყდება, რომ დასავლეთი აქტიურადაა ჩართული უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაში, განსაკუთრებით აქტიურობენ ამ მიმართულებით ფრანგები და სკანდინავიელები. ფრანგები აწვდიან უპილოტოებს უკრაინელებს, ასევე, უკრაინა თავად იწყებს თავისი შეიარაღების გარეწარმოებას. გათვლაა, რომ 50%-მდე უნდა ავიდეს ამ წარმოების მაჩვენებელი, რაც უკრაინას სჭირდება. დღეს ეს მაჩვენებელი უკვე 30%-ს აღემატება.

ექსპერტების გათვლებით, ბაიდენის მართველობის ბოლო პერიოდის აქტიურობის ხარჯზე, უკრაინელებს უკვე ჯერ კიდევ აქვთ მარაგები, თუნდაც ამერიკული შეიარაღების, რაც 4-დან 6 თვემდე ეყოფათ, სრულად იზოლაციის პირობებშიც კი.

  • რა გახდა ახლა უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? 

ამერიკულ დახმარებას უკრაინის პრიორიტეტებში გადავიტანდი მეორე ადგილზე. პირველ ადგილზეა ევროპის მობილიზაცია.

რა თქმა უნდა, ამერიკის დახმარება რჩება პრიორიტეტებში. ამერიკამ მნიშვნელოვანი ზეწოლა უნდა განახორციელოს რუსეთს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

თუ აშშ ზეწოლას ვერ განახორციელებს რუსეთზე, ომი გაგრძელდება. ეს არ იქნება რუსეთისთვის წარმატებული ომი, მაგრამ იქნება გაჭიანურებული ომი – უფრო მეტი გადამწვარი ტერიტორიები და დახოცილი ხალხი.

სოზარ სუბარის ტყუილი მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლომაც დაადასტურა

13 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორ მოიტყუა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას.

სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი Live“-ის ეთერში თქვა, თითქოს მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს იმის გამო, რომ ის სტიკერებს აკრავდა პოლიციელს ზურგზე.

„…ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც მან გააკრა სტიკერი პოლიციელს ზურგზე, არ მგონია ეს ნორმალური საქციელი, რა გითხრათ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და იქვე გაუშვეს“, – თქვა სოზარ სუბარმა 6 თებერვალს, „იმედის“ ეთერში.

სუბარი ერთადერთი არ არის „ოცნების“ ლიდერებიდან, რომელიც ცდილობდა დეზინფორმაციის გავრცელებას მზია ამაღლობელის პირველ დაკავებასთან დაკავშირებით. 29 იანვარს „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ასევე „იმედი Live“-ის ეთერში თქვა, რომ თითქოს მზია ამაღლობელი „სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს“.

„რაც შეეხება ფაქტებს, ფაქტი იყო ასეთი – ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როცა სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი“, – თქვა კობახიძემ.

სინამდვილეში, 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე მზია ამაღლობელმა სტიკერი, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“ – გააკრა პოლიციის შესასვლელთან, დამხმარე ნაგებობაზე გააკრა და ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც არსებობს, რის შესახებაც მზია ამაღლობელის დაკავების პირველსავე დღეს იყო ცნობილი და არც ერთ პირს, გარდა „ოცნების“ ლიდერებისა, არ უთქვამს, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციელს მიაკრა სტიკერი.

  • ნახეთ ვიდეო: 

დამხმარე ნაგებობაზე პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელი

ეს ფაქტი 13 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვიდეომტკიცებულების საფუძველზე დაადასტურა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

„ჩვენ დღევანდელ სხდომაზე გამოვიკვლიეთ ვიდეომტკიცებულებები და მე ვაფიქსირებ სასამართლო სხდომის ოქმში, რომ ვიდეომტკიცებულებების გამოქვეყნების შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია – პირველი შემთხვევა არის სტიკერის მიკვრის, ბესელიამ თუ დგებუაძემ, ბესელიამ მგონი ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას, შეჰყვა მას პოლიციას ეზოში. შენობაში მეორე ჩანაწერია ასევე, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს – „150-ე მუხლით დავაკავეთ“, ეს ორი ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია“, – განაცხადა მოსამართლემ.

  • რა ხდება

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.

სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

დღეს, 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.

ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ორი საქმე მიმდინარეობს – ადმინისტრაციული [ სტიკერის გაკვრაზე, გაყალბებული ოქმით] და სისხლის სამართლის – პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ 18 მარტს უნდა გამოაცხადოს. ამავე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება პროცესი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე.

ვინ არის სინდისის პატიმარი ონისე ცხადაძე – იუმორისტი ბრალდებულის სკამზე

„ვისაც გსურთ ამ რეალობასთან შეგუება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ არ ვეგუებით. რამდენი ხანიც არ უნდა მომიწიოს აქ ყოფნა, ვიცი, რომ თავისუფალ საქართველოში შევხვდებით”.

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთაგან, რომლებიც, სინამდვილეში ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ, ერთ-ერთია 28 წლის იუმორისტი ონისე ცხადაძე.

დანარჩენი 10 ბრალდებულის მსგავსად, ონისემაც სხვები სასამართლო დარბაზში ნახა პირველად.

„არ მაინტერესებს, თუ დამტოვებთ პატიმრობაში. ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ და მეც არ მინდა, რომ ნაკლები გავაკეთო ვინმეზე“, – თქვა ონისე ცხადაძემ 2025 წლის 10 იანვარს გამართულ პროცესზე.

საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ერთ მხარეს სპეციალური დანიშნულების რაზმი დგას, მეორე მხარეს – აქციის მონაწილეები და, სავარაუდოდ, მათ შორისაა ონისეც. ერთ ვიდეოში პირბადით მყოფი ონისე ცხადაძე ორჯერ დაიხრება და გზაზე დაგდებულ პატარა საგანს აიღებს. ონისე ხსნის, რომ ეს იყო ე.წ. ფერადი კვამლის გასაშვები კაფსული, შემდეგ კი წყლის ბოთლს და ხის ფიცარს ისვრის სპეცრაზმელებისკენ. პარალელურად, ვიდეოებში განუწყვეტლივ ისმის სპეცრაზმელების მუქარა, გინება და სხვა სიტყვიერი შეურაცხყოფა აქციის მონაწილეების მიმართ.

თუმცა არ ჩანს, სად ვარდება ონისეს ნასროლი საგნები, ან ხვდება თუ არა რომელიმე სპეცრაზმელს. საქმეში არც სხვა რაიმე მტკიცებულება მოიპოვება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ონისეს ქმედება სპეცრაზმელს აზარალებს.

ონისე ცხადაძე

ბრალდებულის ადვოკატები, ასევე, სხვა იურისტები აცხადებენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს არც საქმის ჯგუფურობას და არც მონაწილეობას რაიმე ტიპის ძალადობაში.

„არც ერთ მათგანს არა აქვს არავითარი კავშირი და არც ჰქონია არავითარი კომუნიკაცია არც ერთ სხვა ბრალდებულთან. მათ ერთმანეთი გაიცნეს სასამართლო დარბაზში, ამიტომ რაიმე ტიპის ჯგუფურობაზე აპელირება წმინდა წყლის სამართლებრივი აბსურდია, როგორც დოქტრინულად, ისე – ლოგიკურად”, – ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

„ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსით გულისხმობს ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას, რაც იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, ონისე ცხადაძის ბრალდების საქმეში კი არათუ მტკიცებულება არამედ, საერთოდ არ არის დაზარალებული პირი”, – ვკითხულობთ ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივა” (GDI)-ს დოკუმენტში, რომელიც ონისეს საქმის შესწავლის შემდეგ გამოქვეყნდა.

ონისე ცხადაძემ საქმის აბსურდულობაზე 10 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მან მოსამართლეს ასე მიმართა:

„…ჩანს ბოთლის სროლა, და ასევე … ე.წ. კვამლს რომ უშვებს – მხოლოდ ფერს, მაგ პატარა კაფსულის სროლა და ისე ცუდად ვისვრი, ლამის ფეხში გავირტყი და ძალიან გთხოვთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ.

რაც შეეხება სასჯელს – 4-დან 6 წლამდე. ანუ, ამ ბრალდებაზე რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში. ანუ, თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე…

თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს „სპიჩკის” კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ”, – ამბობს ონისე და ასანთის კოლოფს ისვრის.

  • დაკავება

ონისე ცხადაძემ ბავშვობა ძმასთან სანდრო ცხადაძესთან ერთად თერჯოლაში გაატარა. თბილისში სტუდენტობის პერიოდში ჩავიდა, როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის მიმართულებით ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს სფერო განსაკუთრებით არ აინტერესებდა.

ძმასთან ერთად 2017 წელს მონაწილეობდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბში. შემდეგ ერთი წელი გერმანიაში გაატარა, მაგრამ უცხო ქვეყანაში ცხოვრება გაუჭირდა და დაბრუნდა. მალე „ახალი შაბათი შოუს” გუნდში მოხვდა იუმორისტად და დღემდე ამ სფეროშია. კითხულობს იუმორისტულ სთენდაფებს იუთუბგადაცემაშიც.

ონისე დაკავებამდე ძმასთან ერთად თბილისში, ერთ-ერთი ავტოფარეხის თავზე მოწყობილ ბინაში ცხოვრობდა. ძმასთან ერთად მონაწილეობდა პროევროპულ საპროტესტო აქციებშიც.

30 ნოემბერს, აქციის დარბევისას, ონისე და სანდრო ერთად იყვნენ აქციაზე. ორივენი სცემეს. არეულობაში ერთმანეთი დაკარგეს. ონისეს ძმამ, სანდრომ ამიტომ მოგვიანებით გაიგო, რომ ონისე ცემისას ერთმა სპეცრაზმელმა იცნო და გამოუშვა: შენ ის არ ხარ, სკეტჩებს რომ აკეთებსო.

მეორე დღეს ონისე თერჯოლაში ძმის მანქანით წავიდა. „ნეკნი ჰქონდა დაზიანებული, თან ფიქრობდა, რომ ცოტათი იქაურობასაც გამოაცოცხლებდა”, – ამბობს სანდრო ერთ-ერთ ინტერვიუში. და მართლაც, ონისე ცდილობდა საპროტესტო აქციების და მარშების ჩატარებას. 3 დეკემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ შედის ონისე რუპორით ჯვარის საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს მიმართავს.

ვიდეოს, ძირითადად, ავრცელებდნენ პროსამთავრობო ტელეარხები ტექსტით: „რადიკალი აქტივისტი ონისე ცხადაძე სკოლაში შეიჭრა და ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ძალადობს”.

4 დეკემბერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ონისემ დაწერა: „დაფინანსებულია „იმედის” მიერ მოჭრილი ჩემი ვიდეოები და სიმართლე არსად ჩანს. ძაან გთხოვთ, ჩამრთეთ ვინმემ, ხო შეიძლება”.

ონისე ცხადაძე მეორე დღეს თერჯოლაში, ოჯახის კუთვნილ სახლში დააკავეს.

სანდრო იხსენებს, რომ ონისეს ორსართულიანი კერძო სახლის პირველ სართულზე ეძინა. იქვე იყო ბებია. მეორე სართულზე კი ონისეს მამა იმყოფებოდა. ოჯახის წევრების აღწერით, დიდი ოდენობით პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და „ყველა კარიდან შევიდნენ სახლში, თითქოს ტერორისტი აჰყავდათ”, – ამბობს სანდრო.

ონისესთან ოჯახი პირადი შეხვედრების შესაძლებლობას იყენებს, საუბრობენ ტელეფონით. თუმცა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება ონისესთვის წერილებია.

„სიცოცხლის ფასადაც კი მიღირს იმ რეალობასთან ბრძოლა, სადაც გოგა ხაინდრავა მოღალატეებს გვეძახის „იმედის” ეთერში და, მომდევნო დღეს, იგივე ეთერში, იმავეს იმეორებს ზვიად გამსახურდიას შვილი (ზვიადი, ალბათ, ამ დროში, საკუთარ შვილს დაუძახებდა KGB-ს აგენტს, ცოცხალი რომ იყოს).

საკანში ყოფნა მირჩევნია იმ რეალობასთან შეგუებას, სადაც შალვა რამიშვილი უზნეოებს გვეძახის, ამ დროს კი საკუთარ შვილსაც არ უყვარს.

და განათლებას გვიწუნებს სოკრატე სულთანიშვილი და არისტოტელე ოდიშარია.

ვისაც გსურთ ამ რეალობასთან შეგუება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ არ ვეგუებით. რამდენი ხანიც არ უნდა მომიწიოს აქ ყოფნა, ვიცი რომ თავისუფალ საქართველოში შევხვდებით.

ავისრულებ ჩემს ოცნებას და მსოფლიო გამიცნობს.

ხო და, კიდევ, ყველაზე მთავარია მზია ამაღლობელი!” – 30 იანვარი, ონისე ცხადაძე.

ონისე ცხადაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ონისე ცხადაძის წერილი, 10 თებერვალი

___________________

სტატია გამოქვეყნდა „ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალურ გამოცემაში – „სინდისის პატიმრები“. გაზეთში დაბეჭდილ სტატიებზე მუშაობდნენ სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტები.

შსს-ს დისკები და მეხსიერების ბარათები აღარ ჰყოფნის – ადმინისტრაციული საქმეები

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მტკიცებულებების წარდგენის მიზნით“ 300 ცალი ფლეშ მეხსიერების ბარათის შესყიდვას 3 210 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე გეგმავს.

სამინისტროს ცალკე ტენდერიც აქვს გამოცხადებული ფლეშ მეხსიერების ბარათების, DVD-R, CD-R დისკების და მეხსიერების ბართების შესყიდვის მიზნით. ამ ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა სახის  ჯამში 16 670 ცალ დისკს და მეხსიერების ბარათს სამინისტროს კომპანია „სითიტექი“ 27 230 ლარად სთავაზობს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შეთავაზებული პროდუქცია ჩინური და ტაივანური წარმოებისაა:

წყარო: შესყიდვების პორტალი

ტენდერი შსს-ს 38 020 ლარით აქვს გამოცხადებული და ის შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. [სამინისტრომ ეს ტენდერი 2025 წლის 24 თებერვალს გამოაცხადა და წინადადებების მიღება 7 მარტს დასრულდა].

შსს-ს განაცხადის მიხედვით, „სატენდერო პროცედურების დასრულებას დასჭირდება გარკვეული ვადა [სავარაუდოდ 25-30 დღე]. შესაბამისად, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს, ხელი არ შეეშალოთ დიდი მოცულობის მტკიცებულებების წარდგენის პროცესში [რაც უარყოფითად აისახება როგორც სამინისტროს იმიჯზე, ასევე შსს სტრუქტურული დანაყოფების გამართულ ფუნქციონირებაზე]“, ამ ეტაპზე საჭიროა 300 ცალი ფლეშ მეხსიერების შესყიდვა.

ამავე განაცხადში შესყიდვების სააგენტოს შს სამინისტრო წერს, რომ წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, იქნებოდა დიდი მოცულობის მტკიცებულებები“.

ტენდერის დასრულებამდე საჭირო რაოდენობის ფლეშმეხსიერების გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები „ვერ უზრუნველყოფენ დიდი მოცულობის მტკიცებულებების წარდგენას, რაც უარყოფითად აისახება როგორც სამინისტროს იმიჯზე, ასევე შსს სტრუქტურული დანაყოფების გამართულ ფუნქციონირებაზე,“ – წერს შსს.

როგორ ზრუნავს შსს უწყების „იმიჯზე“ და რაში იყენებს დისკებს, ეს იმ ადმინისტრაციული საქმეებითაც ჩანს, რომლებსაც სამინისტრო საგულდაგულოდ აყალბებს.

მაგალითად, შსს-ს მიერ გაყალბებული ოქმის საფუძველზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, სასამართლომ უკანონო პატიმრობა მიუსაჯა მზია ამაღლობელს.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო“, თუმცა დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

ამის მტკიცებულებად კი, შსს-მ სასამართლოში დისკით წარადგინა ვიდეო, რომელიც გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ. ანუ შს სამინისტრომ წარმოადგინა ვიდეო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან.

„ვიდეოჩანაწერში ვერ დავინახე მზიას მხრიდან პოლიციელებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი,“ – ეს თავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ განაცხადა სასამართლო პროცესზე.

ამ თემაზე ვრცლად: მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეში არსებული სიყალბე ნაწილობრივ დაადასტურა – ვიდეო

—–

მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე იმ დროს დააკავეს, როცა ის იქ სხვა პირების დაკავების შემდეგ მივიდა. პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში 109 დღეა ყოველდღიურად, უწყვეტად იმართება.

მოქალაქეების პროტესტის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რითაც იურისტების შეფასებით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა.

პროევროპული აქციების მონაწილეებს ხშირად აჯარიმებენ გზის გადაკეტვის ბრალდებით. ჯარიმის ოდენობა ამ ეტაპზე 5000 ლარია. მთავარი მტკიცებულება ამ შემთხვევაში მომიტინგეების წინააღმდეგ სახის ამომცნობი კამერების მიერ გადაღებული კადრებია.

ვრცლად: შსს სახის ამომცნობ კამერებს მოქალაქეთა დასაშინებლად და სამომავლო კონტროლისთვის იყენებს – საია

ამ თემაზე:

გზამკვლევი იურისტისგან: რა უნდა ვქნა, თუ პოლიციამ 5000-ლარით დამაჯარიმა გზის გადაკეტვის მუხლით

ვთხოვთ დაჯარიმებულებს, ჩვენი თანადგომის პარალელურად, გაასაჩივრონ ჯარიმები ყველა ინსტანციაში – ფონდები

  • რა ხდება

ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი 109-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.

პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 500-ზე მეტი ადამიანი, აქედან სისხლის სამართლის კოდექსით 50-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის უკანონოდაა დაკავებული ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე 18 მარტს არის ჩანიშნული .

სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება

 

შსს-ს ქალი თანამშრომელი მზია ამაღლობელის დასჯას „მსუსხავი ეფექტით“ ითხოვს – საქმეში ყალბი ოქმია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, რომ ამას „მსუსხავი ეფექტი“ ჰქონდეს სხვა პოტენციურ დამნაშავეებზე.

შესაბამისი მოთხოვნით შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესზე, 13 მარტს მიმართა მოსამართლეს.

„საქმეში იკვეთება დამამძიმებელი გარემოება. მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახდელი, რომელსაც ექნება მსუსხავი ეფექტი, რათა ქალბატონმა მზიამ და შემდგომ სხვა პოტენციურმა სამართალდამრღვევებმა მსგავსი ფაქტი აღარ გაიმეორონ. რომ ეს იყოს მაგალითი, რომ პოლიციას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო,“ – თქვა შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას.

დამამძიმებელი გარემოება რაში გამოიხატება? – ჰკითხა მოსამართლე სალიხ შაინიძემ შსს-ს წარმომადგენელს.

„მოწმემ [გულისხმობს ცრუმოწმე პოლიციელებს – რედაქცია] განმარტა და რასაც ვიდეოკადრებიც ადასტურებს, იყო არაერთი მოწოდება, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიეყენებინა, შეეწყვიტა ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც ქალბატონი მზია ახორციელებდა პოლიციის მიმართ.

ამის შემდეგ იყო წინააღმდეგობა. მხარე ამბობს, რომ ეს წინააღმდეგობა არის დაკავების შემდეგ. მით უფრო ცუდი პატივცემულო მოსამართლევ, რომ ადამიანი, ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, პოლიციის შეურაცხყოფაზე და წინააღმდეგობაზე. გამოდის და იგივე ქმედებას ჩადის. აი, აქ უფრო მძიმდება,“ – ასე დაასაბუთა შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ „დამამძიმებელი გარემოება“, რომელიც მისი აზრით მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეშია.

"მის მიმართ უნდა გამოიყენონ ისეთი სახდელი, რომელსაც ექნება მსუსხავი ეფექტი" - შსს მზია ამაღლობელზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ, სასამართლო პროცესზე განუმარტა მოსამართლეს, რომ „მსუსხავი ეფექტი“ არის ტერმინი, რომელიც სრულიად აცდენილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პერსპექტივებთან, უფლებებთან და სტანდარტებთან.

„არავითარი სანდოობა არ არსებობს არც იმ პოლიციელი მოწმეების მიმართ ვისაც დღეს მოვუსმინეთ. არც საერთოდ ამათ მიერ შედგენილი დოკუმენტის მიმართ. იმიტომ, რომ მათ აქვთ არა სანდოობის ხარისხი, არამედ პირიქით, ისინი მოწადინებული არიან, რომ მზია დაისაჯოს იმიტომ, რომ მათი ხელმძღვანელები არ დაისაჯონ.

ჩვენ მათ ხელმძღვანელებზე გვაქვს შეტანილი გამოძიების დაწყების მოთხოვნით და ერთ-ერთ ეპიზოდში გამოძიება დაწყებულიც არის.

განცხადებები, რომ მათ მზია თვითნებურად დააკავეს, შემდეგ არასათანადოდ მოეპყრნენ და ამ საჩივრებს ისევ ის ხელმძღვანელები იხილავენ, რაც ჩვენ წარვადგინეთ, და, თანაც, ისინი არიან პირდაპირ დაინტერესებულები, იმიტომ, რომ ამ საქმეში თუ მათი „სიმართლე“ არ დადასტურდა, ზოგიერთ პოლიციელს შეიძლება ამის გამო დისციპლინური დაემუქროს. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის რისკის ფასად უღირთ ეს საქმე. ამიტომ ისინი ვერ იქნებიან ობიექტურად მიუკერძოებლები ამ საქმეში.

ისინი არიან დაინტერესებული მზია ამაღლობელის სასტიკი დასჯით და ეს ფრაზა – ქალბატონმა თეამ აქ ესეც თქვა, რომ „მზია ამაღლობელი ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ მას ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი. „მსუსხავი ეფექტი“ არის ის ტერმინი, რომლითაც სტრასბურგის სასამართლო სახელმწიფოს ადანაშაულებს ხოლმე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში.

„მსუსხავი ეფექტი“ არის ცუდი ტერმინი. „მსუსხავ ეფექტს“ როგორ იყენებთ როგორც პოზიტიურს, ამის წარმოჩენა თითქოს ეს კარგია, რომ მოდი სხვები დავსაჯოთ „მსუსხავი ეფექტის“ სტანდარტითო. პირიქით, ეს უნდა სთხოვოთ, რომ არ გამოიყენოს. ამას როგორ ასაღებთ, როგორც რაღაცა პოზიტიურს, რომელიც ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გააკეთოს. ეს არის სრულიად აცდენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პერსპექტივებთან, უფლებებთან, სტანდარტებთან.

ასევე, რა უშლიდა პოლიციას ხელს [გადაეღო კადრები], ჩვენ კადრებში ვნახეთ, რომ ადგილზე იყო არაერთი პოლიციელი.

კარგი, გასაგებია, რომ შეიძლება ხელმძღვანელებს არ აქვთ სამხრე კამერა, მაგრამ მათ თავიანთი ტელეფონები აქვთ და ბესელია სხვა კადრებს რომ იღებდა, რატომ არ გადაიღო მაშინ მზია ამაღლობელი ვინმეს რომ აგინებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ღორებს ეძახდა?

სად არის ასეთი რომელიმე მტკიცებულება, სადაც ეს ჩანს?

მინდა შეგახსენოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება საქმეში გიორგი ქებურია საქართველოს წინააღმდეგ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ამ ტექნოლოგიური საშუალებების მარტივად ხელმისაწვდომობის პირობებში, როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა საკუთარი ქმედების სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს.

არ შეიძლება თქვენ ენდოთ პოლიციელს, რომელიც ამბობს, რომ რაღაც დაინახა, როდესაც მას ჰქონდა შესაძლებლობა ეს გადაეღო, არ გადაიღო და არც სხვა მტკიცებულება არ მოიპოვა. ეს სტანდარტი თქვენ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ამ საქმეში“, – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13 მარტს გაიმართა.

მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან, დისტანციურად ერთვებოდა. მან განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციული დაკავების საქმე გაყალბებულია.

მოსამართლე სალიხ შაინიძე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.

სწორედ 18 მარტს არის ჩანიშნული მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე.

ბათუმში 15 მარტს აქცია გაიმართება – „მივაწვდინოთ ხმა დევნის სამიზნედ ქცეულ აქტივისტებს“

შაბათს, 15 მარტს, საღამოს 19:00 საათზე, ბათუმში სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.

აქციის ანონსის თანახმად, „ეს შეკრება წინააღმდეგობის მორიგი მაგალითია ყველა ჩაგრული, უფლებაშელახული მოქალაქისთვის სოლიდარობის გამოსახატად“.

აქციის მონაწილეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან [ბულვარის მხარეს] შეიკრიბებიან.

„მივაწვდინოთ ხმა თეატრალური უნივერსიტეტის რეპრესირებულ სტუდენტებს, უკანონოდ დაჯარიმებულებს, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, დევნის სამიზნედ ქცეულ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს.

ჩვენ 106 დღეა  ვდგავართ ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. „ქართულმა ოცნებამ“ ამ წინააღმდეგობას საპოლიციო ძალა, რეპრესიული კანონები და სამართლიანობისგან დაცლილი სასამართლო სისტემა დაუპირისპირა.

ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრის, კორუფციის დაძლევის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ სდევნის თავისუფალ სიტყვას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ყოველდღიურად ლახავს.

15 მარტის შეკრება არის ჩვენი წინააღმდეგობის მორიგი მაგალითი ყველა ჩაგრული, უფლებაშელახული მოქალაქისთვის სოლიდარობის გამოსახატად.

თავისუფლება მზია ამაღლობელს!
თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს!
თავისუფლება თემურ ქათამაძეს!
თავისუფლება ანრი კაკაბაძეს!
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!”, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში ფეისბუქზე.

რა საფრთხეს შეიცავს ჯანმრთელობისთვის პესტიციდების ჭარბი გამოყენება სოფლის მეურნეობაში

მსოფლიოში და მასთან ერთად საქართველოშიც, სოფლის მეურნეობაში პესტიციდისა და აგროქიმიკატების გამოყენება იზრდება. საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ქიმიკატებით სამ მილიონ ჰექტარზე მეტი, მათ შორის სატყეო და სხვა ტიპის საწარმოო ზონების ტერიტორია მუშავდება.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს 2022 წლის მონაცემებით, საქართველო ერთ ჰექტარზე საშუალოდ 6.12 კილოგრამ პესტიციდს იყენებს. ამავე წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ევროკავშირის რეგიონის ქვეყნებში 2.89 კილოგრამია, 2021 წელს კი 3.2 კგ იყო. 

ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და ამ მხრივ უსწრებს სომხეთს [1.77], აზერბაიჯანსა [0.23] და თურქეთს [2.22].

სოფლის მეურნეობაში ქიმიკატები გამოიყენება აგრარული პროდუქტიულობის ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

პესტიციდები და ქიმიური საშუალებები ძირითადი სასოფლო-სამეურნეო მასალაა, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებისთვის, თესლისა და მოსავლის დასაცავად არასასურველი მცენარეებისგან, მწერებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოებისგან და მღრღნელებისგან, თუმცა მათ არასწორ ან ჭარბ გამოყენებას შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს გარემოსა და ჯანმრთელობაზე.

აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის, მირანდა გორგილაძის განმარტებით, საქართველოში სოფლის მეურნეობაში ქიმიკატების გაუფრთხილებელი გამოყენება მნიშვნელოვანი გამოწვევაა:

„მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ამ პრაქტიკის გავრცელების შესახებ შეზღუდულია, არსებული კვლევები და ანგარიშები მიუთითებს, რომ ფერმერების ნაწილი არ იცავს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების რეკომენდებულ ნორმებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს“ – ამბობს მირანდა გორგილაძე.

FAO-ს ცნობით, მსოფლიო სოფლის მეურნეობაში, ბოლო ათწლეულებში სასუქების და პესტიციდების მოხმარების ზრდა, გლობალური მოსახლეობის ზრდასა და სასურსათო მოთხოვნის მატებას უკავშირდება.

რა ზიანის მომტანია ჯანმრთელობისთვის პესტიციდების ჭარბი გამოყენება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, პესტიციდები პოტენციურად ტოქსიკურია ადამიანებისთვის და შეიძლება ჰქონდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, რაც დამოკიდებულია პესტიციდების რაოდენობასა და ზემოქმედების გზებზე.

ამავდროულად, ჯანმო განმარტავს, რომ ადამიანები, რომლებსაც პესტიციდების ზემოქმედებით ჯანმრთელობის ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრებათ, პირველ რიგში არიან ისინი, ვინც მათთან კონტაქტშია სამუშაოების შესრულებისას. 

აშშ-ს [EPA] გარემოს დაცვის სააგენტო ასევე წერს, რომ პესტიციდების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას:

„პესტიციდების ჯანმრთელობაზე გავლენა დამოკიდებულია პესტიციდის ტიპზე. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა ორგანოფოსფატები და კარბამატები, გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. სხვებმა შეიძლება გააღიზიანოს კანი ან თვალები. ზოგიერთი პესტიციდი შეიძლება იყოს კანცეროგენი. სხვებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ორგანიზმში არსებულ ჰორმონებზე ან ენდოკრინულ სისტემაზე” – წერს EPA.

აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი მირანდა გორგილაძე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში ქიმიკატების გაუფრთხილებელი გამოყენება ძირითადად განათლების – სპეციალური ცოდნის, რეგულაციების და აგროტექნოლოგიური პრაქტიკის ხარვეზებითაა განპირობებული, მაგალითად:

„მიზეზია ცოდნისა და ცნობიერების ნაკლებობა, რაც ნიშნავს, რომ ფერმერების ნაწილს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ქიმიკატების სწორი გამოყენების, დოზირების და უსაფრთხოების ზომების შესახებ;

არსებობს ეკონომიკური ფაქტორები – ზოგიერთი ფერმერი იყენებს იაფფასიან, მაგრამ ნაკლებად ხარისხიან ან არალეგალურ ქიმიკატებს, რაც ზრდის გაუფრთხილებელი გამოყენების რისკს;
პრობლემაა ისიც, რომ მიუხედავად არსებული რეგულაციებისა, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზარზე განთავსების და გამოყენების კონტროლი არ არის საკმარისად ეფექტური. მონიტორინგისა და აღსრულების სუსტი სისტემა არ აჩერებს ქიმიკატების გადაჭარბებულ მოხმარებას; 

შესაბამისად, ამ პრობლემის პრევენცია შესაძლებელია ფერმერთა ინფორმირების, მონიტორინგის სისტემების გაძლიერებისა და უსაფრთხო აგროტექნოლოგიების დანერგვის გზით“ – ამბობს მირანდა გორგილაძე. 

საქართველოში პესტიციდების ხარისხი, მათი რეგისტრაცია, ასევე სურსათში მათი შემცველობის შემოწმება სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობაა.

2023 წელს სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 522 ობიექტი შეამოწმა, რის შედეგადაც 37 ობიექტი დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, დარღვევების უმრავლესობა მოიცავდა მარკირების, დაფასოებისა და შეფუთვის წესების დარღვევას, ასევე რეგისტრაციისა და აღიარების მოპოვების გარეშე მუშაობას, რისთვისაც 500-1000 ლარიანი ჯარიმები იყო გათვალისწინებული; ხოლო უხარისხო პრეპარატის რეალიზაციისთვის სულ სამი ობიექტი დაჯარიმდა 4000-4000 ლარით. კიდევ ერთი – ხარისხთან დაკავშირებული დარღვევაა ვადაგასული პრეპარატით ვაჭრობა, რომელიც გასულ წლებში დაფიქსირებულა.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ 2021 წელს პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა, რომელიც განსაზღვრავს პესტიციდების მდგრადი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს – ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათი გამოყენებით გამოწვეული რისკებისა და უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვისა და ისეთი ალტერნატიული მეთოდების გამოყენების გზით, როგორიცაა პესტიციდების არაქიმიური ალტერნატივები. დადგენილება 2024 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში.

ამ დადგენილებით გათვალისწინებულია, რომ პესტიციდის პროფესიონალ მომხმარებელს, დისტრიბუტორსა და კონსულტანტს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი ტრენინგი; პესტიციდების რეალიზაციის მოთხოვნები, მაგალითად ის რომ დისტრიბუტორებს ჰყავდეთ სერტიფიცირებული პერსონალი, ასევე პესტიციდების შემტანი მოწყობილობის შემოწმების ვადები და სხვა ტექნიკური საკითხები.

მირანდა გორგილაძე განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობაში ქიმიკატების (პესტიციდები, ჰერბიციდები, ინსექტიციდები, სასუქები) გადაჭარბებული გამოყენება აგრიკულტურების ხარისხობრივ მახასიათებლებზეც აისახება, რაც შეიძლება გამოვლინდეს კვებითი ღირებულების შემცირებაში, ორგანოლეპტიკური თვისებების (გემო, არომატი, ტექსტურა) ცვლილებაში, შენახვის ვადის შემცირებაში, მაგალითად:

  • ანალიზები აჩვენებს, რომ პესტიციდებით ინტენსიურად დამუშავებული პროდუქტი ზოგჯერ შეიცავს დაბალ კონცენტრაციაში არსებულ ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს (მაგ. ასკორბინის მჟავა, პოლიფენოლები);
  • აზოტოვანი სასუქების ჭარბი რაოდენობით გამოყენება ხშირად იწვევს მცენარის უჯრედული სტრუქტურის ზედმეტ ზრდას, რასაც შედეგად მოსდევს საკვები ნივთიერებების განზავება;
  • პროდუქტის გემოსა და არომატის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს მცენარის ნივთიერებათა ცვლა, რაც შეიძლება დათრგუნოს გარკვეული ქიმიკატების გავლენით;
  • პესტიციდებით დამუშავებული ხილი და ბოსტნეული ზოგჯერ უკეთეს ვიზუალურ მახასიათებლებს ინარჩუნებს, მაგრამ ნაკლებად ინტენსიური არომატი და ბუნებრივი სიტკბო აქვს (მაგალითად, პომიდორი ან მარწყვი);
  • აზოტოვანი სასუქებით გაჯერებული პროდუქტი ხშირად წყლიანია და აქვს განზავებული გემო, რაც გამოწვეულია უჯრედშორისი წყლის არაბუნებრივად მაღალი შემცველობით.
ჯანმო: მომხმარებლებს შეუძლიათ შეამცირონ სურსათიდან პესტიციდების ნარჩენების მიღება ხილისა და ბოსტნეულის გაფრცქვნით ან მათი სათანადოდ გარეცხვით, რაც ასევე ამცირებს მავნე ბაქტერიების რაოდენობასაც. 

მირანდა გორგილაძე განმარტავს, რომ საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს უფრო ეფექტური დაცვისთვის, მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. ის პესტიციდებით დაბინძურებული პროდუქციის კონტროლისა და პრევენციის საუკეთესო პრაქტიკად ევროპული გამოცდილებას მიიჩნევს: 

„ევროპულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად და ქიმიკატების ჭარბი გამოყენებისგან მოსახლეობის დასაცავად გამოიყენება კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს კანონმდებლობას, მონიტორინგს, განათლებას და ალტერნატიული მეთოდების ხელშეწყობას. 

საქართველოში პესტიციდებით დაბინძურებული პროდუქტების შემცირების ეფექტური გზა ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომების ადაპტირებას მოითხოვს. მაგალითად, ეს არის კანონმდებლობის გამკაცრება – პესტიციდების მაქსიმალური ზღვრული ნორმების (MRL) მკაცრი კონტროლი; ლაბორატორიული ანალიზების ხელმისაწვდომობის ზრდა – სახელმწიფო დაფინანსებული მონიტორინგის პროგრამების გაძლიერება; ორგანული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ბიოპროდუქტების სუბსიდირებისა და პოპულარიზაციის გზით; მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდა – ეტიკეტირების მკაცრი რეგულაციითა და სურსათის უვნებლობის საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნით; ასევე, ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში – სიზუსტის აგრონომიის (Precision Farming) განვითარება“.

ყოველდღიური მოხმარების ხილ-ბოსტნეულიდან ყველაზე მაღალი ალბათობით ქიმიკატებით ჭარბად დამუშავებულ პროდუქტებად მიიჩნევენ იმ კულტურებს, რომლებიც: ხშირად ზიანდება მავნებლებისა და დაავადებების გამო, დიდ რაოდენობით სჭირდება სასუქი ან პესტიციდური დამუშავება, მოთხოვნადია ბაზარზე და საჭიროებს ვიზუალურად მიმზიდველი გარეგნობის შენარჩუნებას. 

მირანდა გორგილაძის თქმით, ესაა ჩამონათვალი იმ ხილ-ბოსტნეულის, რომელიც ხშირად ექვემდებარება ქიმიკატებით დამუშავებას:

ხილი: 

  • ვაშლი – ერთ-ერთი ყველაზე მეტჯერ დამუშავებული ხილია, რადგან მგრძნობიარეა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების მიმართ.
  • მარწყვი – მცირე ზომის და ნაზი სტრუქტურის გამო ხშირად მუშავდება სოკოს საწინააღმდეგო და ინსექტიციდური პრეპარატებით.
  • ყურძენი – ხშირად გამოიყენება ფუნგიციდები, განსაკუთრებით ტენიან რეგიონებში.
  • ატამი, ნექტარინი (ვაშლატამი) – მგრძნობიარეა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების მიმართ, რის გამოც საჭიროებს ხშირ ქიმიურ დამუშავებას.
  • ატამი, ქლიავი, ალუბალი – ჭარბად მუშავდება პესტიციდებით მწერებისა და დაავადებების კონტროლისთვის.
  • ციტრუსები (ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი) – შესაძლებელია ცვილითა და კონსერვანტებით დაფარვა შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად.

ბოსტნეული:

  • პომიდორი – ხშირად ექვემდებარება პესტიციდურ და ჰერბიციდურ დამუშავებას.
  • წიწაკა (ბულგარული, ცხარე) – მაღალი რისკის პროდუქტია, რადგან მავნებლები ხშირად აზიანებენ მას.
  • კიტრი – მუშავდება პესტიციდებით, რადგან მგრძნობიარეა ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიმართ.
  • ისპანახი, სალათის ფოთოლი, კომბოსტო – ფართოდ გამოიყენება ინსექტიციდები მწერებისა და პარაზიტების წინააღმდეგ.
  • სტაფილო – ნიადაგში არსებული დაავადებების პრევენციის მიზნით ხშირად მუშავდება ქიმიკატებით.
  • კარტოფილი – ფართოდ გამოიყენება ჰერბიციდები სარეველების კონტროლისთვის და ინსექტიციდები მავნებლების წინააღმდეგ.

ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო


სტატია მომზადებული პროექტის „რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების ინიციატივა“-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“. პროექტს ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი. პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალების შინაარსზე პასუხისმგებელია დემოკრატიის ინსტიტუტი და შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.

„ეს 2 ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია“ – რა თქვა მოსამართლემ მზია ამაღლობელის პროცესზე

13 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე განიხილა.

საქმე ეხება 11 იანვრის ღამეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაკავებას სტიკერის გაკვრისთვის.

მზია ამაღლობელი სტიკერის პოლიციის დამხმარე შენობაზე გაკვრისთვის 11 იანვარს დააკავა აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ და ამის ამსახველი ვიდეოკადრები საქმეშია წარმოდგენილი. ამავე ვიდეოკადრებში ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის განმარტება, რომ მზია ამაღლობელი დაკავებულია 150-ე მუხლით, თუმცა შსს-მ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააყალბა და გაყალბებულ ოქმში ჩაწერა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და იგი დააკავა არა ბესელიამ, არამედ ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოჩა ვანაძემ.

რა მოტივით თქვა უარი სალიხ შაინიძემ დგებუაძის და ბესელიას დაკითხვაზე

დაცვის მხარე ამ საქმეში გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის დაკითხვას ითხოვდა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა განაცხადა, რომ სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მზია ამაღლობელი დაკავების ამსახველ ვიდეოში ჩანსs, ასევე ის ვიდეო, სადაც ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელი დაკავებულია ასკ-ის 150-ე მუხლით.

„ჩვენ დღევანდელ სხდომაზე გამოვიკვლიეთ ვიდეომტკიცებულებები და მე ვაფიქსირებ სასამართლო სხდომის ოქმში, რომ ვიდეომტკიცებულებების გამოქვეყნების შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია – პირველი შემთხვევა არის სტიკერის მიკვრის, ბესელიამ თუ დგებუაძემ, ბესელიამ მგონი ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას, შეჰყვა მას პოლიციას ეზოში. შენობაში მეორე ჩანაწერია ასევე, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს – „150-ე მუხლით დავაკავეთ“, ეს ორი ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია.

აქედან გამომდინარე სასამართლო უარს გეუბნებათ მათ დაკითხვაზე.

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ვიდეოჩანაწერი. ისინი ამას დაადასტურებენ, თუ უარყოფენ ეს სხვა საკითხია. მე დადასტურებულად მიმაჩნია“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან, დისტანციურად ერთვებოდა. მან განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციული დაკავების საქმე გაყალბებულია.

მოსამართლე სალიხ შაინიძე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.

სწორედ 18 მარტს არის ჩანიშნული მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე.

ამავე თემაზე: 

სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება

 

ბათუმში წყალი შეწყდა ათზე მეტ ქუჩასა და ქალაქის უბნებში – „ბათუმის წყალი“

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ი. მესხის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალურ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, 15 მარტის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ:

ბენზეში, ბარცხანაში, გოროდოკის დასახლებაში, წინსვლაში, ორთაბათუმში, მაიაკოვსკზე, ფრ. ხალვაშზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ზღვისპირა ზოლზე, ანგისაზე, ადლიაში, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, აღმაშენებლის, ტაბიძის, რურუას, ლეონიძის, ქეთევან წამებულის, გ. ა. აბაშიძის, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.

„დაზიანების მასშტაბურობიდან გამომდინარე, წყალმომარაგება შესაძლოა შეიზღუდოს ქალაქის სხვა ქუჩებზეც და ასევე, მაღალ სართულებზე აბონენტებს წყალი მიეწოდოთ დაბალი წნევით“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მარტის 21 საათიდან 15 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 16 და 17 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

14 მარტის დილის მდგომარეობით ბათუმში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი ჰაერში არის „ცუდი“ და „ძალიან ცუდი“.

წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი

„9 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის პორტალზე.

ამავე თემაზე:

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

საპატრულო პოლიცია 849 ათასი ლარის სამკერდე კამერებს ყიდულობს – ზრდის პირად შემადგენლობას

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი პატრულ-ინსპექტორის 350 ცალ სამკერდე კამერას და 200 ცალისთვის პროგრამულ ლიცენზიას ტენდერის გარეშე იყიდის. შესყიდვის საერთო ღირებულება 849 ათას 500 ლარია.

დეპარტამენტის განაცხადით, ასევე ირკვევა, რომ უწყებაში ბოლო პერიოდში გაიზარდა პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობაც.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა“, – წერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს.

ამავე განაცხადით, დეპარტამენტი სააგენტოს სთხოვს თანხმობას, „რათა შესაბამისმა სამსახურმა გააფორმოს ხელშეკრულება შპს „ენ ჯი თი ჯგუფი“-სთან ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე და შეძენილი იქნას 350 კომპლექტი ოფიცრის სამკერდე კამერა და 200 ერთეული კამერის მუდმივმოქმედი ლიცენზია [150 ერთეული კამერა გათვლილია დაზიანებული ტექნიკის ჩასანაცვლებლად, რომელთათვისაც უკვე ნაყიდია ლიცენზია და აღარ საჭიროებს განმეორებით შესყიდვას], ხელშეკრულების საერთო ღირებულებით 849 500 ლარი“.

ამ განაცხადის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობა მინიმუმ 200 თანამშრომლით არის გაზრდილი.

„გამომდინარე იქიდან, რომ საპატრულო პოლიციის მიერ 2018 წლიდან გამოიყენება და დღეის მდგომარეობით გვაქვს 2 907 ერთეული კომპანია „AXON“-ის წარმოებული „BODY 2“ მოდელის სამკერდე კამერა, ამავე კომპანიის წარმოებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ლიცენზია და პროგრამული უზრუნველყოფა, შეუძლებელია ამ სისტემაში სხვა წარმოების კამერების ჩართვა, შესაბამისად არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად“, – წერს დეპარტამენტი სააგენტოს.

საპატრულო პოლიცია, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების გამო, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

„მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე საპროტესტო აქციების მშვიდობიან რეჟიმში ჩატარების უზრუნველყოფის, სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს უხდებათ განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა…“ – აღნიშნულია დეპარტამენტის ერთ-ერთ განაცხადში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ „პატრულ-ინსპექტორები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესის სწორად წარმართვისათვის, კერძოდ სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტის დაფიქსირებისა და შესაბამისი სამსახურების წარდგენის, მტკიცებულებად გამოყენების მიზნით, აღჭურვილნი არიან ოფიცრის სამკერდე კამერებით“.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების საქმეებში მოწმეები არიან პოლიციელები, რომლებიც სასამართლოში იდენტური ტექსტებით სდებენ ბრალს დაკავებულებს – ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

ამ თემაზე:

პოლიციელი ცრუმოწმე

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 891 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410]
  • ტანკი – 10 313 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 21 443 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 24 455 ერთეული [+46]
  • MLRS – 1 314 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 103 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 29 136 ერთეული [+153]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 40 469 ერთეული [+114]
  • სპეცტექნიკა – 3 777 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 657 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 46 606 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 274 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 570 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 32 874 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეტ შეზღუდვებს აწესებს რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე რუსეთის მიერ აშშ-ის გადახდის სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვით, — იტყობინება CBS ოთხ წყაროზე დაყრდნობით:

CBS: ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის მიმართ სანქციები გაამკაცრა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეში არსებული სიყალბე ნაწილობრივ დაადასტურა – ვიდეო

„საქმე, რომელსაც განიხილავთ და ის, რასაც ახლა მოვუსმინე, გაყალბებულია… პოლიციელებისთვის არ მიმიყენებია არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიმართლე არის ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი“, – მიმართა სასამართლო სხდომის დასაწყისშივე მზია ამაღლობელმა მოსამართლე სალიხ შაინიძეს.

საქმის დასასრულს კი მოსამართლემ ეს თქვა: „ბესელიამ ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას და შეყვა მას პოლიციის ეზოში. მეორე ჩანაწერი არის, სადაც ირაკლი დგებოაძე ამბობს, რომ 150-ე მუხლით დავაკავე… ვიდეოჩანაწერში ვერ დავინახე მზიას მხრიდან პოლიციელებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი“.

დღეს, 13 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე განიხილა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი დღევანდელ სხდომასაც პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ჩაერთო.

ადმინისტრაციულ საქმეზე გაყალბებული ოქმის საფუძველზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, უკანონო პატიმრობაში მზია ამაღლობელი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დატოვა.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”, თუმცა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.

არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მზია ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს სულ სხვა მუხლით.

ასევე, მზია ამაღლობელს უშუალოდ აკავებს გრიგოლ ბესელია – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და ესეც ჩანს კადრში, ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელის დამკავებელი გოჩა ვანაძეა.

ამ საქმეზე მზია ამაღლობელის ადვოკატები აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების: ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას დაკითხვასაც ითხოვენ.
„არ არიან შემხებლობაში დავის საგანთან,“ – განაცხადა სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. შსს-ს წარმომადგენლების კატეგორიული პოზიციაა, გაყალბებული ოქმის საფუძველზე დაკავებული მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები: გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე არ დაიკითხონ.

დღევანდელ პროცესზე არაერთ მომენტში გამოჩნდა არამხოლოდ ის, რომ მზია ამაღლობელი უსაფუძვლოდ, უკანონოდ და თვითნებურად დააკავეს, არამედ პირიქით გამოჩნდა შსს-ს მხრიდან ჩადენილი სიყალბე.

„…მზიამ გამოართვა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სტიკერი და გააკრა კედელზე, სტიკერის გაკვრას მოჰყვა მისი დაკავება… გრიგოლ ბესელიამ მოჰკიდა მას ხელი, შეუზღუდა თავისუფლება და შეიყვანა პოლიციის ეზოში“, – განაცხადა საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელს საერთოდ არ აქვს მოქალაქის დაკავების უფლება.

მზია ამაღლობელის ინტერესებს საია, ადვოკატები – თამარ კორძაია და გიორგი ხიმშიაშვილი იცავენ.

ვიდეო მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, შსს-ს ვერსიით, მზია ამაღლობელი გრიგოლ ბესელიას არ დაუკავებია.

გოჩა ვანაძის ცრუჩვენება

ნონა ქურდოვანიძემ მოსამართლეს მოუწოდა, საერთოდ შეეწყვიტა ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რადგან შსს-ს სიყალბე ვიდეო ჩანაწერებით მარტივად დასტურდება, ხოლო ის ვიდეოები, რომელიც შსს-მ წარმოადგინა სასამართლოში, გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ, როცა იგი ხელწერილით გაათავისუფლეს.

„აქ პირველად თქვა ახლა შსს-ს წარმომადგენელმა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს შენობაში, ეს სიცრუეა“, – დასძინა ნონა ქურდოვანიძემ.

საინტერესოა, რომ მოწმე პოლიციელებსაც არ უთქვამთ, რომ მზია ამაღლობელი შენობაში დააკავეს. შსს-ს მოწმე პოლიციელმა გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი შესასვლელთან დააკავა.

ადვოკატმა თამარ კორძაიამ ყურადღება გაამახვილა ასკ-ის 150-ე მუხლის ჩანაწერის ამ მონაკვეთზე: „იერსახის დამახინჯება“.

„ეს ხომ შემთხვევით არ წერია?“ – იკითხა ადვოკატმა, რომელიც მზია ამაღლობელთან ერთად ჩაერთო დღევანდელ პროცესს.

თამარ კორძაიამ მოსამართლეს ისიც უთხრა, რომ ადმინისტრაციულ საქმეში განსაკუთრებით ჩანს მტკიცებულებების სიყალბე და ამიტომაც მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ საქმეზე სიმართლის დადგენა.

ადმინისტრაციული საქმეზე მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილი გაყალბებული ოქმი მისი უკანონო პატიმრობის საფუძველი გახდა.

„იცნობთ ამ ადამიანს?“ – ნონა ქურდოვანიძემ ის ვიდეოკადრი აჩვენა მოწმე პოლიციელს, გოჩა ვანაძეს, როცა გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელს აკავებს.

გოჩა ვანაძე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილეა. მან დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ თავად დააკავა მზია ამაღლობელი „პრევენციის და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით“ – თუმცა, კადრში სხვა რამ ჩანს.

გოჩა ვანაძემ ვერ უარყო, რომ თვითონ არ არის ის პირი, ვინც მზია ამაღლობელის დაკავების კადრში ჩანს.

„თქვენ ცრუ ჩვენებას აძლევთ სასამართლოს… რა გამოდის, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება და სხვა დაგეხმარათ აღსრულებაში?“ – ირონიულად ბესელიაზე მიანიშნა პოლიციის ჩინოვნიკს ნონა ქურდოვანიძემ.

„კითხვები ეხება დაკავებას, დაკავების კანონიერებას კი სასამართლო არ განიხილავს“, – პროტესტი დააფიქსირა შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პროტესტი არ გაიზიარა, შსს-ს მეორე წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ იკითხა: „შერჩევითი სამართალია?“

შსს-ს წარმომადგენლის ამ შეკითხვაზე დარბაზში გაეცინათ.

„დამშვიდდით“, – დარბაზს გადახედა მოსამართლემ.

სასამართლოს ჩვენება მისცა პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმაც.

„ვინ შემოიყვანა შენობაში მზია ამაღლობელი?“ – ჰკითხა ამ პოლიციელს საიას ხელმძღვანელმა.

„არ მახსოვს“, – უხერხულობა დაეტყო პოლიციელს – ვიდეო კადრში მკაფიოდ ჩანს, მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აკავებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პოლიციელის თქმით, ის გოჩა ვანაძის მონათხრობს დაეყრდნო და ის პირველწყარო არ არის.

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის სიტყვა

კიდევ ერთ პოლიციელს, კახაბერ მალაყმაძეს კი ნონა ქურდოვანიძემ ჰკითხა, რატომ შეაგროვეს მზია ამაღლობელის საქმეზე პირდაპირი ჩართვის ის ჩანაწერები, რაც მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგაა გადაღებული?

„ჩანს, რომ ეს ქალბატონი უწევს პოლიციელებს წინააღმდეგობას“, – თქვა კახაბერ მალაყმაძემ. მისი პასუხი დარბაზში სრულად არ ისმოდა, რადგან სასამართლო დიდ დარბაზში ისევ ვერ ახერხებს იმას, რომ ხმის გამაძლიერებელი მუშაობდეს, სასამართლოს ფასადზე კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება და სხდომათა დარბაზში ეს ხმებიც შემოდის.

„რატომ არ არის ამ საქმეში წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები, ხომ არ გაგირკვევიათ?“-  მიუბრუნდა პოლიციელს ნონა ქურდოვანიძე.

„რატომ არ ჩართეს სამხრე კამერები, ან ჰქონდათ თუ არა საერთოდ, ამას მე ვერ გავარკვევ“,- თქვა მოწმე პოლიციელმა, რომელმაც ამ საქმეზე ვიდეო მტკიცებულებები შეაგროვა და ხელმძღვანელობას წარუდგინა.

მოწმემ ვერ თქვა, რა პერიოდს ასახავს ის ვიდეოჩანაწერები, რაც მან „მზია ამაღლობელის საქმეზე“ შეაგროვა, ან რატომ არ წარმოადგინა შსს-მ სასამართლოში ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ რა ხდებოდა აქციაზე მზია ამაღლობელის დაკავებამდე?

ჟურნალისტმა, ონლაინგამოცემა “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის 11 იანვრის აქციაზე მივიდა იმ დროს, როცა მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკვე დაკავებული იყო.

ამის მიუხედავად სულხან მესხიძის პირდაპირი ჩართვის – ფეისბუკლაივის ჩანაწერი შსს-მ წარმოადგინა, როგორც მტკიცებულება.

„ისე დაურთო შსს-მ ეს კადრები საქმეს, მედიაორგანიზაციისთვის საერთოდ არ მოუმართავთ“, – დასძინა სულხან მესხიძემ.

„მსგავსი რამ არ მომისმენია არასოდეს“ – უთხრა მოსამართლეს ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა მოსამართლეს, როცა მას საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ ჰკითხა: ხომ არ მოუსმენია პირდაპირ ეთერში მომუშავე ჟურნალისტს მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელის მიმართ ნათქვამი შეურაცხმყოფელი სიტყვები?

მანანა ქველიაშვილი „ბათუმელების“ ჟურნალისტია და 11 იანვრის საპროტესტო აქციას „ბათუმელების“ ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ჩართვით აშუქებდა.

მანანა ქველიაშვილმა გადაიღო ის ვიდეოც, თუ როგორ დააკავა მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ.

ჟურნალისტს ასევე ჰკითხეს, დაინახა თუ არა აქციაზე ირაკლი დგებუაძის მოადგილე – გოჩა ვანაძე, რომელიც ამბობს, რომ მზია ამაღლობელი დააკავა.

მანანა ქველიაშვილის თქმითაც, მზია ამაღლობელი გრიგოლ ბესელიამ დააკავა, ვისთან ახლოსაც იდგა გოჩა ვანაძე, თუმცა მას ამაღლობელის დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია:

„ტელეფონი ეჭირა ხელში, ჭიშკართან დარჩა“, – დასძინა ჟურნალისტმა.

გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელს აკავებს უკანონოდ

მოწმის სახით სასამართლოში დაკითხულმა „ბათუმელების“ კიდევ ორმა თანამშრომელმა – გურამ მურვანიძემ და არჩილ კახაძემ თქვეს, რომ შემთხვევის ადგილზე იყვნენ და მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მოწმეებმა ასევე აღწერეს, რომ შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრის შემდეგ მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დააკავა.

კიდევ ერთმა მოწმემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა, აკაკი გვიანიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ისიც შეესწრო, როგორ დააკავა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი.

„თქვენ უკვე 4 საქმეში იყავით მოწმე, ყველას დაკავებას როგორ შეესწარით, ზებუნებრივი ნიჭით ხართ დაჯილდოებული?“ – დაცინვა სცადა შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

„თქვენ უნდა იცოდეთ რამხელაა სივრცე შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან“, – მოსამართლეს უპასუხა აკაკი გვიანიძემ და განმარტა, რომ პატარა სივრცეში რამდენიმე ადამიანის ზედიზედ დაკავების შემჩნევას „ზებუნებრივი ნიჭი“ არ სჭირდება.

მოსამართლეს აჩვენეს მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეო მასალები. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის ირაკლი დგებუაძის ხმაც, რომ ჟურნალისტი ადმინისტრაციულ შენობაზე სტიკერის მიკვრისთვის დააკავეს.

„უშუალოდ არ დასტურდება, რომ ირაკლი დგებუაძემ გააკეთა ეს განმარტება“, – აღნიშნა შსს-ს იურისტმა, მარიამ კერესელიძემ.

„თუ ეჭვი გეპარებათ, ამიტომ მოვითხოვეთ ჩვენ ირაკლი დგებუაძის დაკითხვა. ასევე შეიძლება ჩატარდეს ხმის ექსპერტიზა, არის თუ არა ეს ხმა ნამდვილად ირაკლი დგებუაძის“, – შსს-ს წარმომადგენელს უპასუხა ნონა ქურდოვანიძეს, რასაც რეპლიკა აღარ მოჰყოლია.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ ნახა ის ვიდეოც, სადაც ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის წესით დაკავებით ემუქრება და აგინებს.

რაც შეეხება ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას დაკითხვას – საბოლოოდ მოსამართლემ ამაზე უარი თქვა იმ არგუმენტით, რომ მისთვის სადავო არაა ფაქტი, რომ ბესელიას შეჰყავს მზია ამაღლობელი პოლიციის დეპარტამენტის ეზოში, ასევე ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, როცა პოლიციელი აქციის მონაწილეს განუმარტავს, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის დავაკავეთო.

შსს-ს მტკიცებულებად ერთი ვიდეო ფაილი დარჩა, რომელიც შსს-ს მტკიცებით მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობას გამოხატავს, თუმცა სულხან მესხიძის თქმით, ვიდეო, რაზეც შსს საუბრობს, ადმინისტრაციული დაკავების შემდეგაა გადაღებული.

ნონა ქურდოვანიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ გოჩა ვანაძის ჩვენების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია გრიგოლ ბესელიას ნაწილი ამ საქმეში: ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს ბესელია აკავებს.

ნონა ქურდოვანიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შსს-ს მიკერძოებულობას აჩვენებს კიდევ ერთი გარემოება: დაკავება გაყალბებული ოქმით მზია ამაღლობელის ადვოკატებმა შსს-ში გაასაჩივრეს, შსს-მ კი, საჩივრის განხილვა ისევ გრიგოლ ბესელიას დააწერა.

შსს-ს ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ახლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა უნდა დაადგინოს, ხომ არ გააყალბა მზია ამაღლობელის საქმე და ხომ არ ჩაიდინა დანაშაული?

ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი მოსამართლეს ესაუბრა ცდომილებაზე სამართალდარღვევის და დაკავების ოქმებს შორის.

კიდევ ერთი ცრუ მოწმე პოლიციელი

„როცა მიხვდნენ, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდათ, დაკავების ოქმისგან განსხვავებით, სამართალდარღვევის ოქმში შემოიტანეს ეს გარემოება, თითქოს მზია ამაღლობელი სხვა პირების დაკავებაში უშლიდა მათ ხელს.

გოჩა ვანაძემ კი, ჩვენ ვერ დაგვისახელა კონკრეტული შემთხვევა, თუ სად და ვისი დაკავების დროს შეუშალა ხელი პოლიციელებს მზია ამაღლობელმა“, – აღნიშნა გიორგი ხიმშიაშვილმა.

გაყალბებული დაკავების ოქმში პოლიციელებმა ჩაწერეს, რომ თითქოს მზია ამაღლობელი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ნონა ქურდოვანიძემ შსს-ს წარმომადგენლებს შეახსენა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთ საქმეზე, რომლის მიხედვითაც პოლიციელი ვალდებულია მოიპოვოს ნეიტრალური მტკიცებულება, მაგალითად, ტელეფონით გადაიღოს ვიდეო, როცა ამის საშუალება არსებობს.

____

მთავარი ფოტო: გოჩა ვანაძე, რომელმაც ყალბი ჩვენება მისცა სასამართლოს – მან მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით თავადა დააკავა. სინამდვილეში, რაც ვიდეოში ჩანს და მოსამართლემაც დაადასტურა, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით გრიგოლ ბესელიამ დააკავა.

___

ამ თემაზე:

სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ პროცესს საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან – დაკავება ყალბი ოქმით

დღეს, 13 მარტს, 11 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო. დღევანდელ სასამართლო სხდომას ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.

თავად მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომას ვერ ესწრება, მას პროცესზე ვიდეოზარით ჩართავენ.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. მან დღევანდელ სხდომაზე უნდა თქვას, დაკითხავს თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გრიგოლ ბესელიას. მათი დაკითხვა წინა სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოითხოვეს.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე ბათუმში თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”, თუმცა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თითქოს ის პოლიციელებს ეძახდა – „ძაღლებო, ღორებო, რუსებო“.

სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.

მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ გაყალბებულ ოქმს ირაკლი დგებუაძის მოადგილე, გოჩა ვანაძე აწერს ხელს.

სინამდვილეში, მზია ამაღლობელი დააკავა არა გოჩა ვანაძემ, არამედ გრიგოლ ბესელიამ – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა და ესეც ჩანს ვიდეოკადრშიც.

არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც ეს ყველაფერ, ანუ ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება დასტურდება. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მზია ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს 173-ე მუხლით.

მზია ამაღლობელის ინტერესებს დღეს სასამართლოში საიას იურისტები – ნონა ქურდოვანიძე, თამარ წულუკიძე და ასევე ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი იცავენ

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 890 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
  • ტანკი – 10 307 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 21 432 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 24 409 ერთეული [+19]
  • MLRS – 1 314 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 103 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 28 983 ერთეული [+71]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 40 355 ერთეული [+81]
  • სპეცტექნიკა – 3 777 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 657 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 46 508 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 144 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 521 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 32 745 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კრემლის ცნობით, პუტინი კურსკის ჯგუფის საკონტროლო პუნქტს ეწვია

„დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები“ – რაზე შეთანხმდნენ ერმაკი და რუბიო საუდის არაბეთში

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა საფრთხეები არსებობს მთიან აჭარაში დიდთოვლობის შემდეგ – ინტერვიუ გეოლოგთან

მაღალმთიან აჭარაში წელს უხვი ნალექი მოვიდა. 2016 წლის შემდეგ პირველად ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრს გასცდა.

რა საფრთხეებს ქმნის უხვი ნალექი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებსა თუ სხვა გართულებებს მომზადებული შეხვდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა.

გეოლოგმა ინტერვიუს დასაწყისშივე მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და დასძინა, რომ აჭარა ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია მეწყრული მდგომარეობით.

  • ბატონო ტარიელ, თქვენი აზრით, რა საფრთხეებს შექმნის წლევანდელი ზამთარი და უხვნალექიანობა მთიან აჭარაში?

მოგეხსენებათ, რომ ყველგან შეცვლილია კლიმატური პირობები დათბობასთან დაკავშირებით – წელს, დეკემბერ-იანვარში ნალექის მცირე რაოდენობა მოვიდა, თებერვალსა და მარტში კი, ხედავთ, რაც მოხდა.

სახეზე გვაქვს შეცვლილი კლიმატური პირობები და ეს გასაკვირი აღარ არის. მაღალმთიან აჭარაში ყოველთვის გვქონდა მეწყრული კერების დიდი რაოდენობა. საქართველოში ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია თავისი მეწყრული მდგომარეობის გამო და [წლევანდელი უხვი ნალექი] რა თქმა უნდა, შედეგს იქონიებს. განსაკუთრებით საშიშია ის ადგილები, სადაც მეწყრული კერები გვქონდა განვითარებული. ამ კერების გააქტიურება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია.

ახლა მთავარია, რომ ძალიან სწრაფი დათბობა არ უნდა მოხდეს და წვიმა არ უნდა მოვიდეს იმ რაოდენობით, რომ ეს მეწყრული პროცესები, თოვლის დნობა დააჩქაროს და ეს გაგიჟებული ნიადაგი უფრო და უფრო გააქტიუროს. ბევრი კლიმატური ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, რომ საშიშროება შეიქმნას მაღალმთიან აჭარაში.

თოვლის დნობა ჯერჯერობით მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა ძალიან მაღალია. მაღალმთიან აჭარაში შენარჩუნებულია ნალექის სისქე. როცა კიდევ უფრო დათბება, ეს საგრძნობლად იმოქმედებს პროცესზე.

ყველაზე მთავარი მეწყრული და სტიქიური მოვლენების განვითარებისთვის არის თოვლის უცბად დნობა, რასაც იწვევს მაღალი ტემპერატურა და ნალექი წვიმის სახით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საშიშროება ჯერჯერობით დიდია.

  • ფიქრობთ, რომ მეწყრულმა პროცესებმა თოვლის დნობასთან ერთად შეიძლება კრიტიკული მდგომარეობა შექმნას?

ვერ გეტყვით. საშიშროება ყოველთვის არის. თოვლის რაოდენობა დიდია, დნობა აქტიურია. გამომდინარე აქედან, ამის საშიშროება გვაქვს, მაგრამ სად, როგორ და რანაირად გააქტიურდება, ამის პროგნოზი რთულია.

ყოველ შემთხვევაში, კრიტიკული ზონები გამოყოფილი და მითითებულია გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს რუკაზე. იმ ზონებში, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა ვიყოთ და მაქსიმალური დაკვირვება უნდა დავაკვირდეთ თოვლის დნობას.

  • თქვენი ინფორმაციით, ყველაზე საფრთხის შემცველი ზონები სად არის აჭარის რეგიონში?

ამის თქმა ცოტა რთულია იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი უბანია, სადაც გვაქვს მეწყრული კერები. შუახევი, ხულო, თითქმის ერთნაირი განლაგებისაა. ფერდები ძალიან ციცაბო დახრილობისაა. მაგალითად ხულოში, ბეშუმში და კიდევ უფრო მაღლა 4 მეტრამდე თოვლი მოვიდა, რაც ჯერ გამდნარი არ არის. მარტი-აპრილში დაჩქარდება დნობა და მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროებაც შეიქმნება.

იქ ახლა მოსახლეობა და მთავრობამ ეს იცის. ის უბნები, სადაც არის საშიშროება, სადაც განვითარებული იყო მეწყერი შარშან და შარშან წინ [ეს ერთი და ორი წლის შედეგი არ არის], ამ უბნებზე მოსახლეობას მიუთითებენ ალბათ, რომ გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას, სანამ თოვლის დნობა დასრულდება და საშიშროება არ გამოირიცხება.

  • რა პრევენციული ზონების მიღებაა აუცილებელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად? მოსახლეობამ რა უნდა ქნას, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა არის საგანგაშო, რაც მიუთითებს საფრთხეზე?

დაკვირვება.

ვინც ამ საშიშ ზონებში ცხოვრობს, უნდა დააკვირდეს თოვლი როგორ დნება, ნიადაგის გადაადგილება ხომ არ ხდება. იცით, რომ მეწყერი არის მიწის მასის, ნიადაგის გადაადგილება. გაწყლიანების და სიმტკიცის დაკარგვის შედეგად იღვრება ეს მიწის მასა.

ხეებს უნდა დააკვირდნენ. თუ ხე რაღაცნაირად გადმოიწევა და ფერდის მიმართულებით დაეშვება, აუცილებლად უნდა გადაიყვანონ მოქალაქეები ამ ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილებში.

მეტყევეები და გეოლოგები ძირითადად აკვირდებიან ფერდობებს. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უმნიშვნელო ცვლილებებზე, [მიწის] უმნიშვნელო გადაადგილებაზეც კი დაცალოს ტერიტორია. შეატყობინონ მუნიციპალიტეტს, რომ აი, ამ ტერიტორიაზე განვითარდა ესა თუ ის პროცესები: ხე წამოვიდა, წაიქცა, წყაროს წყალი აიმღვრა, სახლის კედლებზე ბზარები გაჩნდა, ბზარები გაჩნდა მიწაზე და ა.შ.

  • რა არის საჭირო იმისთვის, რომ სახელმწიფო მომზადებული შეხვდეს მოსალოდნელ საფრთხეებს?

ტექნიკა უნდა ჰყავდეს მომზადებული – ტრაქტორები, საწვავი. ტერიტორია გაიწმინდოს.

არის სპეციალური ტექნიკა, რომელიც მეწყრული პროცესების და ფერდების გააქტიურების პროცესში უნდა იყოს მომზადებული. უნდა აცხადებდნენ სტიქიური უბნებს, სადაც 112-ის თანამშრომლები უნდა იყვნენ მობილიზებული და მომზადებულები მეწყრული პროცესებისთვის.

  • თუ გაქვთ კომუნიკაცია მერიებთან, თუ გადასცემთ ინფორმაციას, შეტყობინების სისტემა როგორ მუშაობს?

რა თქმა უნდა, გარემოს ეროვნულ სააგენტოში იკრიბება ინფორმაცია, უფრო სწორად, ვინც საშიშ ზონაშია ის წერს განცხადებას, მერიას, გარემოს ეროვნულ სააგენტოს აყენებს საქმის კურსში. ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის მზად არიან, რომ ავიდნენ ადგილზე და შეაფასონ გეოლოგიური სიტუაცია.

ჯაჭვია – ადგილობრივი თუ ამჩნევს ცვლილებებს, მერიაში რეკავს. მერია გარემოს ეროვნულ სააგენტოში. შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გადიან ადგილზე და თუ დროზე მოხდა სიტუაციის შეფასება-გადაფასება, შესაბამისად რეაგირებენ: ტერიტორიის დაცლას, მოქალაქეების სხვა ადგილზე გადაყვანას. ითხრება არხები, რახან დნობის, გრუნტის წყლები მოშორდეს ნიადაგს, რათა არ გააქტიურდეს მეწყრული კერები.

  • შემოსულია შეტყობინებები უკვე კონკრეტულ სოფლებთან დაკავშირებით?

კი, კი. ყოველდღიური ინფორმაცია არის, რომ განვითარდა რაღაც პროცესები და აქედან გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობას აფასებს გარემოს ეროვნული სააგენტო. შეტყობინება გვაქვს ხულოდან, შუახევიდან, ხელვაჩაურიდან, ქობულეთის მაღალი სოფლებიდან. მეწყრული გადაადგილებებია, გზა ჩაიხერგა… რეაგირება უცებ ხდება შემოსულ განცხადებებზე.

13 მარტს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე პროცესი გაიმართება – დაკავება გაყალბებული ოქმით

13 მარტს, 11 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა გაიმართება.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. ამ მოსამართლემ ხვალინდელ სხდომაზე უნდა თქვას, დაკითხავს თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გრიგოლ ბესელიას. მათი დაკითხვა წინა სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოითხოვეს.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე ბათუმში თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”, თუმცა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.

არსებობს ვიდეოჩანაწერები, რითაც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მზია ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს სულ სხვა მუხლით.

ასევე, მზია ამაღლობელი დააკავა გრიგოლ ბესელიამ – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა და ესეც ჩანს ვიდეოკადრშიც, ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი გოჩა ვანაძემ დააკავა, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილემ.

ამ თემაზე:

სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება

ბათუმში სასამართლომ 23 ადამიანი 115 ათასი ლარით დააჯარიმა – „ზებრაზე გადასვლის საქმე“

11-12 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებმა: ალექსანდრე გოგუაძემ, ჯუმბერ ბეჟანიძემ და მარიანა ფომაევამ ჯამში 23 პირი, აქციის მონაწილეები, დააჯარიმეს 5-5 ათასი ლარით ზებრა გადასასვლელზე მსვლელობის გამო.

საუბარია ბათუმში 31 იანვრის აქციაზე – იმ დღეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ „საკმარისი რაოდენობით“ არ არიან და ქუჩის სავალი ნაწილო უნდა გაათავისუფლონ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ზებრაზე მოძრაობა დაიწყეს, რაც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

შს სამინისტრო კი ირწმუნება, რომ 31 იანვარს, ღამით, გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში, სადაც აქცია მიმდინარეობდა, მოძრაობა შეფერხდა.

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან საღამოს 7 საათის შემდეგ დაიწყო, როცა სასამართლო აღარ მუშაობდა. აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც აქციის მონაწილეები ზებრაზე გადაადგილდებოდნენ, საღამოს საათებში დატვირთული არ არის – აქ, მახლობლად, ადმინისტრაციული შენობები მდებარეობს, საკონსტიტუციო სასამართლო და აჭარის მთავრობა, ორივე უწყების სამუშაო საათები აქციის დროს დასრულებული იყო და აქციის მონაწილეების გადაადგილება მათ მუშაობას ხელს ვერ შეუშლიდა.

აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ედავებოდნენ – „სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით“.

_________________

ფოტოზე: 31 იანვრის აქცია ბათუმში, მოქალაქეები ზებრა გადასასვლელზე. ფოტო: ედო მჟავანაძე

 

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და მიმდებარე ჩიხებში წყალი შეწყდა

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 13 მარტის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის განმარტებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია.

„ბათუმის წყალი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – წერს კომპანია ფეისბუქზე.

ბათუმის სასამართლომ ელენე ხოშტარია 5 ათასი ლარით დააჯარიმა – მოწმე ამ საქმეშიც პოლიციელია

დღეს, 12 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ 5 ათასი ლარით დააჯარიმა ელენე ხოშტარია, პარტია „დროას“ ლიდერი.

ელენე ხოშტარია ბათუმში 12 იანვრის საპროტესტო აქციაზემ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ დააკავეს. ის ხელწერილით იმავე დღეს გაათავისუფლეს.

ბათუმში 11 და 12 იანვარს სულ 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავეს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება.

ელენე ხოშტარიას შსს პოლიციელების შეურაცხყოფას ედავებოდა – ასკ-ის 173-ე მუხლი, ასევე, შეკრების წესის დარღვევას ადმინისტრაციული შენობის წინ.

„ცდილობდა ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას,“- უთხრა მოსამართლეს ერთადერთი მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულმა პოლიციელმა.

სასამართლო სხდომას არ დასწრებია ელენე ხოშტარია და არც მისი რომელიმე ადვოკატი.

შსს-ს წარმომადგენელი მარიამ კერესელიძე ამ საქმეზე ელენე ხოშტარიას დაპატიმრებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ ელენე ხოშტარიას სამართალდარღვევის ჩადენა სხვა საქმეებზეც დაუდასტურდა.

ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე მოსამართლემ უარი თქვა – ციალა ქათამიძის საქმე სასამართლოში

დღეს, 12 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ „ციალა ქათამიძის საქმის“ მოწმეებს მოუსმინა.

მოსამართლემ უარი თქვა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე.

ციალა ქათამიძე 2025 წლის 11 იანვარს, ირაკლი დგებუაძემ, ბათუმის პოლიციის უფროსმა დააკავა. აქტივისტის დაკავების ოქმი, მზია ამაღლობელის ოქმის მსგავსად, პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს. კერძოდ, ციალა ქათამიძის დაკავების ოქმში, წერია, რომ თითქოს აქტივისტი ირაკლი დგებუაძეს არ დაუკავებია. ეს მაშინ, როცა ვიდეო მტკიცებულებაში ჩანს, როგორ აკავებს ციალა ქათამიძეს ირაკლი დგებუაძე.

ციალა ქათამიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელია. იგი იანვარს დააკავეს საჯარო სივრცეში, ასფალტზე სტიკერის გაკვრისთვის – „იფიცება საქართველო“. თუმცა, გაყალბებული ადმინისტრაციული ოქმის მიხედვით, ციალა ქათამიძე 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, ის თითქოს პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, მაშინ, როცა ციალა ქათამიძის დაკავების ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ქათამიძე შეურაცხყოფას არ აყენებს პოლიციელებს და არც წინააღმდეგობას უწევს დაკავებისას.

ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ ციალა ქათამიძეს ირაკლი დგებუაძე სახელით მიმართავს, ეუბნება, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევაა და აკავებს. ცნობისთვის – 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციელს არ აქვს.

მთავარი მოწმეები ამ საქმეში პოლიციელები არიან.

„პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოხდა მისი დაკავება,“- უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა, ირაკლი სურმანიძემ.

პოლიციელების მტკიცებით, ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძემ კი არ დააკავა, არამედ განარიდა, თუმცა არ იციან, განრიდებაზე შესაბამისი დოკუმენტი არსებობს თუ არა.

„შენობაში როგორ მოხვდა?“- პოლიციელს მიუბრუნდა მოსამართლე.

„სტიკერი გააკრა და უთხრეს, რომ არ უნდა გაეკრა… შენობაში შეიყვანა, როგორც ვიცი, ირაკლი დგებუაძემ,“- თქვა მოწმე პოლიციელმა, ირაკლი სურმანიძემ. მისი ვერსიით, სტიკერის გაკვრამდე ციალა ქათამიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, მაგრამ მაშინ არ დააკავეს, რადგან აქციაზე დაძაბული სიტუაცია იყო, განრიდების დროს კი, პოლიციელებმა ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული წესით დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.

პოლიციელი ირაკლი სურმანიძე

„რა მიზნით დააკავეთ? დაკავების მიზანი უნდა იყოს სამართალდარღვევის აღკვეთა, ეს თუ იცით?”- პოლიციელს ამჯერად საიას იურისტმა, ირმა აბაშიძემ დაუსვა შეკითხვა. საია სასამართლოში ციალა ქათამიძის ინტერესებს იცავს.

„აღარ იყო საფრთხე დაპირისპირების…“- პოლიციელს უხერხულობა დაეტყო, თითქოს მე რა შუაში ვარო. მან ისევ სცადა იმის ახსნა, რომ ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძეს არ დაუკავებია.

„რომელ ოთახში დამაკავეთ?“- ჰკითხა პოლიციელს თავად ციალა ქათამიძემ.

„მეორე ოთახში,“- პაუზის შემდეგ თქვა მოწმემ. ციალა ქათამიძის იგივე შეკითხვაზე მეორე მოწმე პოლიციელს – ირაკლი მესხიძეს ანალოგიური პასუხი არ გაუცია: „შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს,“- თქვა მოწმემ.

„იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები: რეჟიმის მონებო, მილიციონერებო, რუსების მონებო… არაერთხელ მოვუწოდე მე პირადად ციალა ქათამიძეს შეეწყვიტა პოლიციელების ლანძღვა-გინება,“- უთხრა მოსამართლეს კიდევ ერთმა მოწმე პოლიციელმა, ირაკლი მესხიძემ.

პოლიციელი ირაკლი მესხიძე

„ეს სიტყვები არათუ პოლიციელებისთვის, საერთოდ არავისთვის მითქვამს ცხოვრებაში,“- გაცხარდა ციალა ქათამიძე.

„ერთი ვიდეო კადრი მაჩვენეთ, სადაც მე ან აქციის რომელიმე მონაწილე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელს, ერთი კადრი წარმოგედგინათ“ – შსს-ს წარმომადგენლებს გადახედა აქტივისტმა.

დაცვის მხარე ამ საქმეში შსს-გან ითხოვდა პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერების წარმოდგენას, თუმცა ეს ჩანაწერი, ან ვიდეომტკიცებულება, რაც ციალა ქათამიძის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა, შსს-ს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

„სტიკერის დაკვრა ქვაფენილზე არის სამართალდარღვევა? შსს ოლიგარქის დავალებას ასრულებს და ამიტომაც დავდექით მოქალაქეები აქციაზე… სამართალი ურმით დადისო, ჩვენმა წინაპრებმა თქვეს და სამართლის დრო აუცილებლად დადგება“ – მოსამართლეს მიმართა ციალა ქათამიძემ და გაიხსენა დაკავების შემდეგ პოლიციელებს როგორ ჰკითხა – რომელიმეს შეურაცხყოფა მოგაყენეთო?

„გოჩა ვანაძემ [ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე] მიპასუხა, შაბლონი გვაქვს ასეთიო… ამიტომაც არ მინდა ასეთი ქვეყანა, სადაც პოლიციელები შაბლონით მოქმედებენ და არა კანონის მიხედვით,“- დასძინა ციალა ქათამიძემ.

მოწმე პოლიციელებს გაუჭირდათ დროს დასახელება კითხვაზე – რა დრო გავიდა მას შემდეგ, როცა ციალა ქათამაძემ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ სტიკერი გააკრა?

„დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა, ხან ერთ ადგილას ვიყავი, ხან მეორე ადგილას,“- თქვა პოლიციელმა ირაკლი მესხიძემ.

„რომ იცოდეთ, დამნაშავე მეგობარი მე არ მყავს,“- დარბაზიდან მიმართა მოწმე პოლიციელს მოქალაქე თედო ზოიძემ, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა. მასთან მანდატურები მივიდნენ.

„გაძევებული ხართ, აღარ დაგიშვებთ“, – უთხრა მოქალაქეს მოსამართლემ.

„ოჰ, აი, დარდი“- მოსამართლისთვის რეპლიკის მიძახება მოასწრო თედო ზოიძემ, ვიდრე მას სასამართლო სხდომის დარბაზს დაატოვებინებდნენ.

მოსამართლის ხმას დღევანდელ პროცესზე ხშირად ფარავდა სასამართლოს შენობის ფასადის რეაბილიტაციის ხმაური. მოსამართლეს დარბაზიდან სთხოვეს მიკროფონთან ახლოს ესაუბრა.

„შევეცდები უფრო ხმამაღლა ვისაუბრო“- გამოსავალი იპოვა მოსამართლემ მას შემდეგ, როცა მანდატურებმა დარბაზს ანიშნეს, მიკროფონით მხოლოდ ხმა იწერება, ხმის გამაძლიერებლები კი არ მუშაობსო.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა დაცვის მხარის მოწმეს, აკაკი გვიანიძესაც, ასევე ნახეს ვიდეო ჩანაწერები, სადაც მკაფიოდ ჩანს: ციალა ქათამიძეს ასფალტის საფარზე სტიკერის გაკვრისთვის ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი აკავებს.

სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში, სადაც ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული საქმეები განიხილება, სასამართლო ამ დრომდე ვერ ახერხებს იმას, რომ მინიმუმ მოსამართლის ხმა ყველას ესმოდეს.

შემდეგ სხდომაზე, რომელიც 27 მარტსაა ჩანიშნული, მოსამართლე ციალა ქათამიძის ოქმის შემდგენ პოლიციელს მოუსმენს, ასევე სამართალდამცველს, რომელმაც პატაკი შეადგინა.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ უკვე თქვა, რომ შემდეგ სხდომაზე ამ საქმეზე გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს.

_________________

მთავარ ფოტოზე: ციალა ქათამიძე საიას ადვოკატებთან: თამარ წულუკიძესთან და ირმა აბაშიძესთან ერთად – 12 მარტი, ბათუმის საქალაქო სასამართლო. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

ნახეთ ამ თემაზე: 

ციალა ქათამიძის საქმე ბათუმის სასამართლოში „სტიკერის გაკვრაზე“  #batumelebi #თავისუფლებამზიას

მოსამართლეს დაჯარიმებულმა ბორში მიუტანა – „ზებრაზე გადასვლის საქმე“ ბათუმის სასამართლოში

დღეს, 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა: ალექსანდრე გოგუაძემ და ჯუმბერ ბეჟანიძემ 5 მოქალაქე დააჯარიმეს 5-5 ათასი ლარით, 31 იანვრის ღამეს ზებრა-გადასასვლელზე გადასვლის გამო.

„ეს ბორში – თქვენ. უხორცო ბორშია, 80 პროცენტი უხორცო ბორშს ჭამს,“- სასამართლო სხდომის დასაწყისში ასე დაიწყო საუბარი პროევროპული აქციის მონაწილემ, მალხაზ ირემაძემ მანამდე, ვიდრე ზებრაზე მოძრაობის გამო მასაც დააჯარიმებდა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე 5 ათასი ლარით.

ერთი და იგივე ტექსტი დღეს, 12 მარტს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ოთხჯერ ჩაიკითხა. მალხაზ ირემაძემდე ზებრაზე მოძრაობის გამო მოსამართლემ  ასევე 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა: ანასტასია გოგოლიშვილი, მარი ცეცხლაძე, ნიკო მირცხულავა.   ბორშით ნახევრად სავსე მინის ქილა მალხაზ ირემაძეს მანდატურებმა ჩამოართვეს.

„სახლში მიირთვით“- გაღიზიანება დაეტყო მოსამართლეს.

ამ საქმის განხილვაზე რამდენიმე დღის წინ მალხაზ ირემაძე პროცესზე ზებრის ფორმით მივიდა.

დღეს, 12 მარტს, ასევე „ზებრაზე მოძრაობის საქმეზე“ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ  5 ათასი ლარით გუბაზ ლამპარაძე დააჯარიმა. გუშინ, 11 მარტს კი, მოსამართლე მარიანა ფომაევამ ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადა ცარიელ დარბაზში 5-5 ათას ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებები პროევროპული აქციის 18 მონაწილის მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლო – „ზებრაზე გადასვლის საქმე“. 12 მარტი, 2025 წელი
ბათუმის საქალაქო სასამართლო – „ზებრაზე გადასვლის საქმე“. 12 მარტი, 2025 წელი

საუბარია ბათუმში 31 იანვრის აქციაზე: პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ „საკმარისი რაოდენობით“ არ არიან და ქუჩის სავალი ნაწილო უნდა გაათავისუფლონ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ზებრაზე მოძრაობა დაიწყეს, რაც, საიას შეფასებით, სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

პოლიციელი 24 წლის კაცს ავტომანქანით შეეჯახა, რომელიც კომაშია – ავარია ზუგდიდში

11 მარტის საღამოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, პოლიციელი 24 წლის კაცს ავტომანქანით დაეჯახა. დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„ბათუმელები“ დაშავებულის ნათესავს მაია კალანდიას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელი კობა კვინტაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს.

„შემთხვევა მოხდა წუხელ, დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში და როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შსს დარჩელის საუბნო პოლიციის თანამშრომელი კობა კვინტაძე, სხვა ავტომანქანასთან  შეჯახების თავიდან აცილების მიზნით  გადავიდა ტროტუარზე და დაეჯახა 24 წლის მურმან კალანდიას, რომელიც გადააგდო დიდ მანძილზე.

თვითმხილველებმა გვითხრეს, რომ კობა კვინტაძე იყო მთვრალი, რაც დამიდასტურეს სხვა მაღალჩინოსანმა პოლიციელებმაც.

მურმან კალანდიას ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული  ოპერაცია. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი და აქვს მეოთხე ხარისხის კომა.

მურმანს ჰყავს ორსული ცოლი და მძიმე შრომით ირჩენდნენ თავს“, – ამბობს მაია კალანდია.

მისი თქმით, კობა კვინტაძე ერთ-ერთი პოლიციელია, რომელიც ზუგდიდის საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაჯარიმებული პირების სასამართლო პროცესებზე ცრუ ჩვენებს აძლევს პროტესტის მონაწილე პირების წინააღმდეგ.

პოლიციელების ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე საუბრობს აქტივისტი მარიამ სიჭინავაც, რომელიც ამ ფაქტს გამოეხმაურა ფეისბუქში.

„ეს პოლიციელი ჩემი დამკავებელიც იყო და ცრუ ჩვენებაც მისცა ჩემ სასამართლოზე. პოლიციელების სიმთვრალეს აქვს სისტემური ხასიათი, ისინი სარგებლობენ იმ ძალაუფლებით, რომელიც მუნდირის ტარებით მიიღეს და მართავენ მანქანებსაც. ზუგდიდში აქციებზე არაერთხელ გვინახავს პოლიციელი, რომელიც ნასვამია და ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას“, – ამბობს მარიამი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გენერალურ პროკურატურას, სადაც განაცხადეს, რომ ავტოავარიის მონაწილე პოლიციელი დაკავებულია.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

„მზია ჩემთან ერთად არის წელს გაეროში” – ბაია პატარაია ნიუ იორკიდან

საფარის დირექტორი, ბაია პატარაია, ნიუ იორკში გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიის შეხვედრას მზია ამაღლობელის გამოსახულებიანი მაისურით ესწრება.

„მზია ჩემთან ერთად არის წელს გაეროში და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენობ, რომ სინდისის პატიმრებზე ვისაუბრო – თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს,“ – წერს ბაია პატარაია.

გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიის შეხვედრა წელს 69-ედ იმართება და მას ლიდერი ქალები მთელი მსოფლიოდან ესწრებიან.

———————–

ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.

გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.

მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.

4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ აღნიშნულ სხდომაზე (მოსამართლე – ვიქტორ მეტრეველი) იმსჯელა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისა და საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.

მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.

როგორც მზია ამაღლობელის უფლებადამცველები აცხადებენ, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.

დააკავეს პატრული, რომელიც ცოლზე შვილის თანდასწრებით ძალადობდა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავეს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა.

2024 წლის 14 იანვარს, ქ. თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულმა, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა, ძლიერად მოუჭირა ხელი ნიკაპზე, ხოლო შემდეგ ძლიერად მოქაჩა თმაზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სამართალდამცავი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე, გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები: გამოიკითხა დაზარალებული და მოწმეები, მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერი.

მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა პატრულ-ინსპექტორი. სამართალდამცავს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება“ – წერს საგამოძიებო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (პრიმა) მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 (პრიმა) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დისკუსიების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გაიმართება

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას დაეთმობა.

“ხუთშაბათის შეხვედრების” ახალ სეზონს ამჯერად, მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები  –  შალვა ახრახაძე,“ფინანსური ლაბორატორიის” მმართველი პარტნიორი; თიკო გობეჯიშვილი , “ლუკა პოლარეს” გენერალური დირექტორი და ჯემალ ცეცხლაძე, კოოპერატივ “მოცვნარის” დირექტორი გაუძღვებიან.

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერები იმ გამოწვევებზე  ისაუბრებენ, რომელსაც ბიზნესის დამფუძნებლები თუ მენეჯერები  კომპანიის ზრდის პროცესში აწყდებიან- რა არის ხშირად დაშვებული შეცდომები, როგორ უმკლავდებიან ამ პროცესს თავად და რა არის ამ გამოწვევებთან გამკლავების მიღებული პრაქტიკები. სტუმრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამსწრე აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხებენ.

„ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია, წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.

13 მარტის შეხვედრაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/ETsJE8cqoSUDNU5H9

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 889 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430]
  • ტანკი – 10 306 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 21 430 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 24 390 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 314 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 103 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 28 912 ერთეული [+111]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 40 274 ერთეული [+69]
  • სპეცტექნიკა – 3 777 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 657 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 46 270 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 119 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 425 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 32 696 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, უკრაინა დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აქვე ნათქვამია, რომ აშშ იღებს ვალდებულებას, განიხილოს ეს წინადადება რუსეთის მხარესთან. უკრაინის პირობაა, რომ შეთანხმება უნდა იყოს ორმხრივი.

სანაცვლოდ, აშშ გააგრძელებს სადაზვერვო ინფორმაციის უკრაინისთვის გაზიარებას და აღადგენს სამხედრო დახმარებას.

ვრცლად: „დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები“ – რაზე შეთანხმდნენ ერმაკი და რუბიო საუდის არაბეთში

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში სრულად

ბათუმში გაზის მიწოდება ეტაპობრივად მიმდინარეობს და 13 მარტს დღის ბოლომდე დასრულდება – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“.

გაზის მიწოდება გუშინ, 11 მარტს შეწყდა.

„გაზის მიწოდება გუშინ საღამოს დავიწყეთ და ეტაპობრივად გრძელდება. ვვარაუდობთ, რომ ხვალ, დღის ბოლომდე გაზის მიწოდება ყველა აბონენტს სრულად აღუდგება. რაც შეეხება დაზიანებას – აღმოფხვრილია“ – განაცხადეს დღეს, 12 მარტს „სოკარში“.

„სოკარის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კონკრეტული გრაფიკი, თუ რომელ უბანში როდის ჩაირთვება გაზი, არ აქვთ, თუმცა „აბონენტებს მიღებული აქვთ ტექსტური შეტყობინებები და დამატებით, გაზის ჩართვის შესახებ მოსახლეობას მობილური ჯგუფები გააგებინებს – გამოაცხადებენ, რომ იწყება გაზის მიწოდება და ყურადღება მიაქციონ გაზის დანადგარებს“.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, 11 მარტს გაზის მიწოდება, ქობულეთის ტერიტორიაზე „აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოების“ გამო შეწყდა:

ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

„მეტი ბერკეტი მოსამართლეების გაკონტროლებისთვის“ – იურისტი მორიგ კანონპროექტზე

„ეს იქნება მეტი ბერკეტი  მოსამართლეების გაკონტროლებისთვის“, – მიიჩნევს იურისტი, უფლებადამცველი გურო იმნაძე „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთვის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს: მოსამართლის პედაგოგიურ საქმიანობაზე თანხმობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასცემს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისედაც დაუბალანსებლად ჭარბი ძალაუფლების მქონე ინსტიტუტია და მისი კომპეტენცია კიდევ უფრო იზრდება. ცხადია, ეს საფრთხის შემცველია, მით უმეტეს დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით: უმაღლესი საბჭო დახურული და ჩაკეტილი ორგანოა, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი, დასაბუთების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მათში ხშირად ლოგიკის ამოკითხვა რთულია – ერთადერთი ლოგიკა, რომლითაც იღებენ იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებებს, ეს არის მოსამართლეების კონტროლის გაძლიერება და ძალის დემონსტრირება.

ეს შექმნის პრობლემას აკადემიური თავისუფლების კუთხითაც – აქამდე ფორმალურად იყო თავისუფალი მოსამართლე, რომ შეუზღუდავად განეხორციელებინა აკადემიური საქმიანობა. ეს არის დამატებითი ბერკეტი მოსამართლეების კონტროლისთვის,“ – გვითხრა გურო იმნაძემ.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე რამდენიმე მოქმედ მოსამართლეს დაუკავშირდა, ვინც ამავდროულად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სამართალში ლექციებს კითხულობს. მოსამართლეების ნაწილმა გვითხრა, რომ კანონპროექტს სათანადოდ არ იცნობენ, ნაწილმა კი კომენტარზე გვითხრა უარი, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტის ჩანაწერი ბუნდოვანია, რადგან მოსამართლის პედაგოგიური საქმიანობის უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „უფლებამოსილება“ კი, მოსამართლისთვის ვალდებულება ვერ გახდება.

მოსამართლემ, რომელმაც ახალი კანონპროექტის ბუნდოვანებაზე გაამახვილა ყურადღება, თქვა ისიც, რომ „ოცნების“ განმარტებითი ბარათი ააშკარავებს, რაც არის მიზანი: მოსამართლეების ტოტალური კონტროლი, მათ შორის, აუდიტორიებში!

„პირიქით, ყველაზე სახიფათო ინტერპრეტაციებს უნდა ველოდეთ… ნორმალურ პირობებში შეიძლება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმირებაზე ყოფილიყო საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში ცხადია, რომ პირდაპირ ნებართვის მიღებაზეა საუბარი.

ეს იქნება საბჭოსგან ნებართვის მიღების, დადასტურების საკითხი. სამართლებრივი ნორმების არასწორად ინტერპრეტირებას ხშირად ახდენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს უწყება მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებას იყენებს სელექციურად არა მართლმსაჯულების და საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, არამედ ვიწრო ძალაუფლების ინტერესისთვის.

ეს მომავალ პროფესიაზეც მოახდენს გავლენას, სამართლის სტუდენტებზე, რომლებსაც ხარისხიან განათლებაზე აღარ მიუწვდებათ ხელი, თუმცა პირველადი მიზანი მოსამართლეების უკეთესად გაკონტროლებაა,“ – უთხრა გურო იმნაძემ „ბათუმელებს“.

ბათუმის მერია ტროტუარზე ფილების შეცვლას გეგმავს იქ, სადაც 104 დღეა აქცია იმართება

ბათუმში ქალაქის მერია ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლას გეგმავს იმ ადგილზე, სადაც უკვე 104 დღეა უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 30 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია ტენდერის შედეგზე, რომელიც 319 ათას 887 ლარით არის გამოცხადებული.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025

ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება, სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა დაასრულოს.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში უნდა შესრულდეს შემდეგი სამუშაოები:

  • „დემეტრე თავდადებულის N10-ის მიმდებარედ ტროტუარის მოწყობა;
  • ნონეშვილის ქ.N1-დან N6-მდე ტროტუარის მოწყობა;
  • მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა ნიკოლოზ ბარათაშვილის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე“.

საპროექტო ტერიტორია მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც 104 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. სწორედ ეს ტერიტორიაა აქციის მონაწილეების შეკრების მთავარი ადგილი.

სარეაბილიტაციო ტროტუარი [მონიშნულია წითელი ფერით] მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებზე ბათუმში / ფოტო პროექტიდან.
ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025

„საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა [ნიკოლოზ ბარათაშვილის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე] და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩზე ტროტუარის კეთილმოწყობა ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე.

ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ტროტუარი დაზიანებულია და საჭიროებს გამოცვლას ტროტუარი მოწყობილია ბაზალტის ფილისგან, ხეები გამოყოფილია ბორდიურით“ – აღნიშნულია პროექტში.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025

ამავე პროექტის მიხედვით, „გათვალისწინებულია არსებული ფილების დემონტაჟი ხელით 60%-ის ადგილზე დასაწყობება შემდგომი გამოყენებისთვის ხოლო დაზიანებული 40%-ის დემონტაჟი, დატვირთვა და გატანა ნაყარში.

ასევე არსებული ბაზალტის ბორდიურების დემონტაჟი ხელით დატვირთვა და გატანა დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილას.

საპროექტო უბანზე ტროტუარის სამოსის კონსტრუქცია მიღებულია შემდეგი სახით: საფარი – ბაზალტის ფილა. ქვიშა-ცემენტის ნარევი 0-50 მმ.; საფუძველი – ღორღი ფრაქციით 0-40 მმ, სისქით 10-სმ“.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025

მერიის სამმართველოს პირობებში აღნიშნულია, რომ „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს (საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია ან/და დასასვენებელი პარკების/სკვერების ან/და გასართობი პარკების მშენებლობა-რეაბილიტაციის ან/და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა ) სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 700 000 ლარის ოდენობით“.

უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს დედაქალაქშიც, რუსთაველის გამზირზე. აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიას აქვს დაგეგმილი:

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ალბათ, მაისში დავიწყებთ – კალაძე

  • რა ხდება

ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი 104-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.

პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 500-ზე მეტი ადამიანი, აქედან სისხლის სამართლის კოდექსით 50-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის უკანონოდაა დაკავებული ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025

„მსახიობებს პოლიტიკური ნიშნით არ ვდევნით“ – ბათუმის დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს

ბათუმის დრამატული თეატრის დირექცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და ირწმუნება, რომ მსახიობებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნიან.

თეატრის დირექცია „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ბათუმის   დრამატულ თეატრში დაიწყო რეპრესიები და დევნა (იგულისხმება პოლიტიკური ნიშნით)“.

„ჩვენ ყოველთვის ვერიდებით შიდა პრობლემების საჯაროდ გამოტანას, მაგრამ ამჯერად ვალდებული ვართ, საზოგადოებას ვაცნობოთ:

მსახიობის უპირველესი მოვალეობაა სპექტაკლების თამაში, რასაც წინ უძღვის დაძაბული და ხანგრძლივი რეპეტიციები.

ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა მსახიობი მძიმე ავადმყოფობის ან სულიერი მდგომარეობის მიუხედავად მოდის თეატრში და თამაშობს სპექტაკლს, რათა არ გააწბილოს მაყურებელი. ეს ერთგვარი თავგანწირვა ამ პროფესიის თანმდევი ნაწილია, ამიტომაც იწვევს განსაკუთრებულ პატივისცემას. ასეთი მაგალითი ბევრია, როგორც ჩვენს თეატრში, ასევე სხვა თეატრებშიც. მაგრამ, როდესაც მსახიობი ორი კვირით ადრე შემოთვლის, რომ სიცხე აქვს და ორი კვირის შემდეგაც ავად იქნება, ამიტომ ვერ ჩამოდის სპექტაკლის სათამაშოდ, თან ამ დროის განმავლობაში მას შენიშნავენ სხვა ორგანიზაციის პიარ ღონისძიებაზე, ხოლო ის შემდგომ არ გამოცხადდება სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად, თან ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა და ამასთანავე მას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო საბუთი, თეატრის ხელმძღვანელობა ვალდებულია გამოიყენოს მის მიმართ შინაგანაწესით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუხლი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების გაწყვეტას უვადო ან გარკვეული ვადით.

ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და არანაირი პოლიტიკური ნიშნით დევნას აქ ადგილი არ აქვს.

ჩვენი თეატრის ნებისმიერ თანამშრომელს უფლება აქვს გამოხატოს თავისი აზრი თუ ქმედება ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესზე თეატრის გარეთ და ამის გამო მას არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ჩვენი თეატრის სპექტაკლების განრიგი ორი თვით ადრე ქვეყნდება. ყველა მსახიობმა იცის როდის აქვს სპექტაკლი, ისიც იცის, რომ მისი მოხსნა არის თეატრისთვის მძიმე მორალური და ფინანსური ზიანის მომტანი. ამიტომ შემდეგაც თუ მსგავს მიზანმიმართულ თუ დაუდევრობის შედეგად დისციპლინურ გადაცდენებს ექნება ადგილი, თეატრის ხელმძღვანელობა იძულებული გახდება მიიღოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები, თუ მსახიობი არ წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომ მის ჯანმრთელობას სპექტაკლის თამაშით საფრთხე ექმნება და გამოიწვევს შემდგომ გართულებებს,“ – ნათქვამია ბათუმის დრამატული თეატრის დირექციის განცხადებაში.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ამ პოსტს კომენტარების ფუნქცია შეზღუდული აქვს.

გუშინ, 10 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ბათუმის დრამატული თეატრიდან გაათავისუფლეს მსახიობი თორნიკე ბარამიძე.

დღეს, 11 მარტს, ბათუმის დრამატული თეატრის ერთ-ერთმა წამყვანმა მსახიობმა, მეგი კობალაძემ დაწერა, რომ მისი ბიულეტენზე ყოფნის მიუხედავად, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჩვენებიდან არ მოხსნა სპექტაკლი.

მეგი კობალაძე ეჭვობს, რომ ამ ფორმით ბათუმის დრამატული თეატრის დირექცია მსახიობის თეატრიდან დათხოვნის მიზეზს ქმნის.

__________________

ფოტოზე: ნუკრი ქანთარია, ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

ამავე თემაზე: 

„ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები, სხვა მსახიობების რიგია“ – ბიულეტენზე მყოფ მსახიობი გაათავისუფლეს

პირადობისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება

საქართველოში იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 4 ივნისიდან იცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები/ფორმები.

ამასთან, უკვე გაცემული და დღეს მოქმედი „შესაბამისი მოწმობები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

ახალი ბრძანებით, მოწმობა უნდა შეიცავდეს:

სახელს; გვარს; სქესს [ამ გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად];

მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს;

პირად ნომერს; ფოტოსურათს;

პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას;

ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს [დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე ამ ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით];

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს [დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე ამ ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით];

მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number);

QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია.

პირადობის ელექტრონული მოწმობის არსებული და ახალი ფორმები [ფოტოები ბრძანებებიდან]:

არსებული მოწმობა
ახალი მოწმობა

ახალი ბრძანებითაც, „მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია 00AA00001, რომლიდანაც პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების ნებისმიერ ცვლად კომბინაციას, გარდა კომბინაციებისა PR, TR, RT და TI, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა 666XX, X666X, XX666.“

ახალი ფორმის მოწმობების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა.

 

მსახიობი მეგი კობალაძე ამბობს, რომ შესაძლოა, ის თეატრიდან გაათავისუფლონ

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე მის წინააღმდეგ დაგეგმილ რეპრესიებზე საუბრობს.

მეგი კობალაძის თქმით, მას ბიულეტენი აქვს გახსნილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ამის შესახებ სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუკრი ქანთარიასაც აცნობა, თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელმა დღეს, 11 მარტს, დაგეგმილი სპექტაკლი – „როცა გადაუღებლად წვიმს“, რომელშიც მეგი კობალაძე მთავარ როლს ასრულებს, ჩვენებიდან არ მოხსნა და არც მეგი კობალაძე ჩაანაცვლა სხვა მსახიობით.

„მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, გავხსენი ბიულეტენი და ასევე გავაფრთხილე ხელმძღვანელობა რამდენიმე დღით ადრე – ან მოეხსნათ [სპექტაკლი], ან შევეცვალე სხვა მსახიობით, ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელი ჯიუტად არ ხსნის სპექტაკლს და არც ჩემი ჩანაცვლება არ მოხდა.

ზემოთ ხსენებული პრობლემის გამო, სამწუხაროდ, ვერ ვითამაშებ 11 მარტს სპექტაკლს, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი ნუკრი ქანთარიას გამო მაყურებელს, რომელიც ჯერ არაა საქმის კურსში ჩაყენებული.

დღევანდელი მისი საქციელი [გაუშვა მსახიობი თეატრიდან იმავე მიზეზის გამო], მაფიქრებინებს, რომ მეც მალე გავიზიარებ ჩემი კოლეგის, თორნიკე ბარამიძის ბედს და განთავისუფლებული ვიქნები სამსახურიდან. თავს ვიზღვევ და ვიყენებ ასევე ერთდღიანი გაფიცვის უფლებას ხვალ.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ალექსანდრე ქანთარიას ჰგონია ეს ჩემი ქმედება მისკენ არის მიმართული და ამ საქციელით მას ვებრძვი.

იმედი უნდა გაგიცრუოთ, სამწუხაროდ, ქვეყანაში ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებია აქტუალური და ამ ყველაფერს არ დავიყვან და არ გავაუბრალოებ თქვენთან ბრძოლით. ამ ეტაპზე მე ვიყენებ ერთდღიანი გაფიცვის უფლებას, რაც კანონიერად მეკუთვნის,“ – წერს მსახიობი მეგი კობალაძე.

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი თორნიკე ბარამიძე თეატრიდან გუშინ, 10 მარტს გაუშვეს. ბათუმის დრამატულ თეატრში მსახიობები ფიქრობენ, რომ ყველას გაუშვებენ, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება აქვს.

ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრიდან მსახიობების გაშვებაზე კომენტარი მხოლოდ აჭარის ტელევიზიასთან გააკეთა.

„არავითარ შემთხვევაში ეს არ ხდება პოლიტიკური ნიშნით. მით უმეტეს თეატრში. რომელიც არ გამოცხადდება რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე, ამ დროს სხვაგან მოკრავ მას თვალს. ბუნებრივია ის მოვალეობას არ ასრულებს და ეს უკვე იწვევს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ძალიან რთულია ნებისმიერი ადამიანის გაშვება. მით უმეტეს, რომ ყველაზე ამაგი მაქვს. სხვანაირად შეუძლებელია თეატრში, სადაც კოლექტიური შემოქმედებაა,“  – თქვა ნუკრი ქანთარიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში 10 მარტს.

_____________

ფოტოზე: მსახიობი მეგი კობალაძე სპექტაკლის აფიშაზე.

ამავე თემაზე: 

„ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები, სხვა მსახიობების რიგია“ – ბიულეტენზე მყოფ მსახიობი გაათავისუფლეს

არანაირი საკომისიო – უმარტივესად გადაიხადეთ ამანათის ტრანსპორტირების თანხა თიბისის მობაილბანკიდან

12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა.

ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზიდის საიტიდან ან მობაილბანკიდან იხდით. თუ გადამზიდის საიტზე ბარათის მონაცემების ხელით შეყვანა გიწევთ, თიბისი ამ პროცესს უმარტივეს საქმედ გიქცევთ.

როგორია გადახდის პროცესი თიბისის მობაილბანკში:

  • კომუნალურების გვერდიდან ირჩევთ ამანათებს და ფოსტას;
  • მონიშნავთ სასურველ გადამზიდს;
  • შეიყვანთ აბონენტის ნომერს და დაამატებთ შაბლონში, რომ მომავალში მარტივად შეძლოთ გადახდა;
  • გადახედავთ დეტალებს და დაადასტურებთ გადარიცხვას.

ამ სიახლის პარალელურად, 12 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, ამანათის ტრანსპორტირების თანხის გადახდას ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეძლებთ.

5-5 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმში „ზებრა მოძრაობის“ მონაწილეები

მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა პროევროპული აქციის მონაწილეები.

მათ შს სამინისტრო ზებრა გადასასვლელზე ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდა.

მოსამართლე მარიანა ფომაევამ დღეს, 11 მარტს, “ზებრა გადასასვლელის საქმეზე” ზედიზედ 18 პირი დააჯარიმა.

აქციის კიდევ 7 მონაწილის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.

5-5 ათასი ლარით უკვე დაჯარიმდნენ: დიანა ბოლქვაძე, თამარ სურმანიძე, ბადრი კოჩალიძე, არჩილ ბერიძე, ნათია ლეთოდიანი, დავით რობაქიძე, მანუჩარ ხოზრევანიძე, ქეთი პაქსაძე, მარიამ საგინაძე, ნუგზარ თაფლაძე, თათია აბულაძე, ლინდა ცინცაძე, არჩილ შოთაძე, გიორგი ჩხაიძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, გოჩა სურგულაძე და ანა ვაჩეიშვილი.

მოსამართლეს გადაწყვეტილებას თავიდან მსმენელი ჰყავდა, მაგალითად, სტუდენტებმა არჩილ ბერიძემ და ლინდა ცინცაძემ უშუალოდ მოისმინეს, რომ მას მოსამართლე 5 ათასი ლარით აჯარიმებს.

შემდეგ კი, მოსამართლე უკვე ისე აცხადებდა ჯარიმას ჯარიმაზე, რომ ამას არც აქციის მონაწილე ესწრებოდა, არც შსს-ს წარმომადგენელი.

 

მოსამართლემ ზებრაზე გადასვლის საქმის მონაწილეები 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა
მოსამართლემ ზებრაზე გადასვლის საქმის მონაწილეები 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა

მოსამართლეს არ განუმარტავს, რატომ გადაწყვიტა აქციის მონაწილეების დაჯარიმება.

საუბარია 2025 წლის 31 იანვრის აქციაზე, როცა აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა უთხრეს, რომ არ არიან „საკმარისი რაოდენობით“ და ქუჩის სავალი ნაწილი უნდა გაათავისუფლონ. აქციის მონაწილეების ინტერესებს საია იცავდა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ზებრაზე გადაადგილება სრულიად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში.

ამ მომენტისთვის არც სამუშაო საათები იყო.

ზებრაზე მოძრაობა ბათუმში – 31 დეკემბერი

აჭარასა და გურიაში გაზის შეწყვეტაზე „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

ქობულეთის ტერიტორიაზე „აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებთან“ დაკავშირებით „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოების გამო 2025 წლის 11 მარტის „11:00 საათიდან 16:00 საათამდე საჭიროა დაიკეტოს ამავე განშტოების 45,6 კილომეტრზე და აჭარის გამზომ კვანძზე [67,3 კმ-ზე] არსებული ონკანები.

აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდება ლაითურის, ურეკის, ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს და აჭარის გამზომ კვანძს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ცეცხლაური, აჭი და ოჩხამური.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ნატანები, წვერმაღალა, შეკვეთილი, კაპროვანი,,ურეკი, ხრიალეთი, მოცვნარი, შრომა, ვაკე, ზემო ორმეთი, ლიხაური, გოგორეთი, დაბა ლაითური, დაბა ნარუჯა, თხინვალი, კონჭკათი, მერია, ნაღობილევი, ჭანიეთი, ხვარბეთი და ზედუბანი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გრიგოლეთი, სუფსა, ხიდმაღალა, ტაბანათი, ჩქუნი, ახალსოფელი, ღრმაღელე, ორმეთი, ომფარეთი, წყალწმინდა და ოხოჯური.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.“ – აცხადებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“.

„ბათუმელებს“ დღეს კომპანია „სოკარში“ უთხრეს, რომ გაზის მიწოდება აჭარის სოფლებსა და ბათუმში, სავარაუდოდ,  12 მარტის დილიდან დაიწყება. „სოკარის“ ინფორმაციით, 12 მარტის დილიდან არის დაგეგმილი გაზის მიწოდების აღდგენა გურიის სოფლებშიც.

ამ თემაზე:

ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

 

Exit mobile version