პროსამთავრობო მედია რიჟვაძის დაწერილი წერილის ფოტოს კი არ აქვეყნებს, არამედ ტექსტს -კომენტარი

იურისტი გურო იმნაძე ფეისბუქზე ეხმიანება პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელიც, ამ მედიების მტკიცებით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაწერა თვითმკვლელობის მცდელობის წინ.

„მოკლედ, იმედი და პოს-ტვ იმას ამტკიცებენ, რომ სტუმრად მყოფმა რიჟვაძემ უცებ, მოულოდნელად მიაგნო მასპინძლის იარაღს და იქიდან გასროლით სცადა თვითმკვლელობა. ოღონდ, სანამ ამ სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამდე წერილიც დაწერა, სადაც იარაღის პატრონს მადლობას უხდის, ხოლო ივანიშვილს და კობახიძეს შველას სთხოვს, რომ ვიღაცები ბარიგების მფარველობას და კორუფციას აბრალებენ (ეს ვიღაცები ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ გეკა გელაძე და სანდრო დარახველიძეა).

მერე ამ წერილს პოულობს მედდა, რომელიც ამის თაობაზე საგამოძიებო უწყებას კი არ აფრთხილებს, რომელიღაცა „ჭ“ კლასის პროპაგანდისტულ მედიას აწვდის ინფორმაციას (ჩვენთან მედდებმა ხომ ზეპირად იციან ყველა ჟურნალისტის და პროდიუსერის ნომერი).

ოღონდ, ეს მედია დაწერილი წერილის ფოტოს კი არ აქვეყნებს, არამედ მხოლოდ ტექსტს.

როგორც ჩანს, მედდამ, რომელსაც უამრავი საქმე უნდა ჰქონდეს წესით, წერილისთვის ფოტოს გადაღების ნაცვლად, ასო-ასო და წერტილ-მძიმე აკრიფა რიჟვაძის წერილი.

„არაფერია ნამდვილი და ყველაფერია შესაძლებელი“ – წერს გურო იმნაძე.

შს სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პროსახელისუფლებო მედია – „პრაიმ ტაიმი“ და „იმედი“ ირწმუნება, რომ ექიმებმა თორნიკე რიჟვაძის წერილი იპოვეს და ჟურნალისტებს გადასცეს.

სანდო წყაროებმა „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.

საგარეჯოს კლინიკას, სადაც რიჟვაძე შეიყვანეს, ამ საკითხზე, ჯერჯერობით, განმარტება არ გაუკეთებია.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით იმყოფება, უარყოფენ, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას. პაციენტის შესახებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება კანონმდებლობით აკრძალულია.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„სისხლიანი გარჩევები ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის“ – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ფეისბუქზე „სისხლიან გარჩევას“ უწოდებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გახარია, სავარაუდოდ, გულისხმობს დღეს, 7 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.

„უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას.

სისხლიანი გარჩევები – ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის.

მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს“ – წერს გიორგი გახარია.

შს სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პროპაგანდისტული მედიის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა. ამავე დროს, წერილის შესახებ შს სამინისტროს არაფერი განუცხადებია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 027 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 10 995 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 22 963 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 29 993 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 432 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 192 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 44 058 ერთეული [+233]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 439 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 54 370 ერთეული [+118]
  • სპეცტექნიკა – 3 927 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 68 049 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 614 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 156 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 576 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 079 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 760 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„პროგრესი არ არის“ – ტრამპი პუტინთან დიალოგის შემდეგ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პირი, რომელიც დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, სწორედ ალექსი ახვლედიანია.

დღეს, 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დაჭრილია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ის საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის დედის სახლში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისში დანიშნეს.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

„თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“ – წერია შსს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თორნიკე რიჟვაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა, როცა თვითმკვლელობა სცადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თავად ალექსანდრე ახვლედიანი დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი რამიშვილი (ზარალა) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს

შს სამინისტრომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის (ზარალა) დაკავებაზე განცხადება გაავრცელა.

შსს-ს განცხადებით, გიორგი რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.

სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა“-აცხადებს შსს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

_______________

ამ თემაზე:

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა) დააკავეს

საკონსტიტუციოს თავმჯდომარის ხელფასი 14 600 ლარი იქნება, დანამატის გარეშე

„ოცნების პარლამენტის“ მიერ მიღებული ცვლილებით გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. კანონი 2025 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში.

თუ აქამდე, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 000 ლარი იყო [დანამატის გარეშე], ეს გაიზარდა და იქნება 14 600 ლარი [ასევე დანამატის გარეშე].

აღსანიშნავია, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ცალკე ყოველთვიურად დანამატებსაც იღებენ. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას კი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს.

მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას 2024 წელს, დეკლარაციის მიხედვით მიღებული აქვს ჯამში 149 785 ლარი [თვეში 12 482 ლარი], ანუ ყოველთვიურად 5 482 ლარს დანამატს იღებდა.

თუ ამ დანამატის ოდენობას ავიღებთ, მოქმედი თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ახალი ცვლილებით უკვე თვეში 20 082 ლარს მიიღებს [14 600 ლარი თანამდებობრივი სარგო + 5 482 ლარი დანამატი].

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ოდენობები იყო:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 7 000 ლარი;
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისა – 6 300 ლარი;
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა – 6 000 ლარი.

კანონში შეტანილი ცვლილებით კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით შემდეგ სახელფასო კოეფიციენტზე:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 10.00-ზე;
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისა – 9.00-ზე;
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისა [რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული თანამდებობები] – 8.50-ზე.“.

ვინაიდან 2025 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში საბაზო თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 1 460 ლარით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად [დანამატის გარეშე] იქნება:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის: 10 * 1460 = 14 600 ლარი [ნაცვლად 7 000 ლარისა]
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისა: 9 * 1460 = 13 140 ლარი [ნაცვლად 6 300 ლარისა]
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის [რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული თანამდებობა]: 8.5 * 1460 = 12 410 [ნაცვლად 6 000 ლარისა]

„ოცნებამ“ ხელფასები საერთო სასამართლოების მოსამართლეებსაც გაუზარდა.

მთავარი ფოტო: რევაზ ნადარაია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

ამ თემაზე ვრცლად:

რას ცვლის „ოცნება“ დაჩქარებული წესით სასამართლოების შესახებ კანონში

ბათუმი-თბილისის მატარებელი ავტომანქანას შეეჯახა

სუფსაში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი. დაზიანებულია ავტომობილი.

მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს.

პოლიციის ინფორმაციის, ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“ და ჰკითხა, აღდგა თუ არა მატარებლის მოძრაობა. რკინიგზა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა) დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (იგივე „ზარალა“).

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი რამიშვილი სსკ-ის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გიორგი რამიშვილი „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელია.

რამიშვილი ევრონიუსი-საქართველოს დამფუძნებელი კომპანიის – „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.

გარკვეულ პერიოდში გიორგი რამიშვილი ბათუმის კონცხზე ბიძინა ივანიშვილის ფონდთან თანამშრომლობით აპირებდა ბათუმში 6 ცათამბჯენის მშენებლობას.

გიორგი რამიშვილის სახელს  წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ბიზნესპროექტი უკავშირდება, მათ შორის, ყველაზე ცნობილი ტრამპ თაუერის მშენებლობა, ასევე, 16 სასტუმროს მშენებლობა აჭარის სანაპირო ზოლში.

მისი სახელი 2018 წელს სპორტის მაშინდელი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სკანდალის შემდეგაც გამოჩნდა. მაშინ ითქვა, რომ ისინი კონფლიქტის შემდეგ გიორგი რამიშვილმა შეარიგა, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა.

„გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებას“ – სტუდენტური მოძრაობის განცხადება

„გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებას“- ასე ეხმიანება სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“, ცალკეული ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე.

„გასულ არჩევნებზე ჩვენი სტუდენტური მოძრაობა მკაფიოდ, კამპანიურად და თანაბრად უჭერდა მხარს ოთხივე მსხვილ, ბარიერგადალახულ ოპოზიციურ კოალიციას. ამ მიზნით არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში ჩავატარეთ უწყვეტი კამპანია, ფეხდაფეხ შემოვიარეთ ყველა რეგიონი და ვეცადეთ დაგვერწმუნებინა ჩვენი თანამოქალაქეები, არჩევანი სწორედ მათ სასარგებლოდ გაეკეთებინათ.

ამავე მიზნით, 26 ოქტომბერს ჩვენი წევრების უმრავლესობა გადანაწილებული იყო ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უბანზე, კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების სტატუსით, რათა ყველაფერი გაგვეკეთებინა ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავად და მის გასაფორმებლად.

ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა ქართველი ამომრჩევლის ნება ხისტად უგულებელეყო და არჩევნები ფაქტობრივად გაუქმებულად გამოაცხადა.

ამ მიზეზით მხარს ვუჭერდით ოპოზიციის ერთიან სტრატეგიას, რეჟიმთან სრული ართანამშრომლობისა და მკვეთრი საპროტესტო/წინააღმდეგობის მოძრაობის საშუალებით, პრინციპული და თანმიმდევრული ბრძოლით, ერთად გაგვევლო გზა დიქტატორული რეჟიმის დასრულებამდე.

ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო ჩვენი თანამებრძოლი და ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტიების ნაწილის, „ლელო – ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” მხრიდან ივანიშვილის ფარსში ასპარეზობაზე საუბარი. მონაწილეობას ვიღებდით ყველა სადისკუსიო ფორმატში და მათ შორის პირადი კომუნიკაციის გზითაც ვცდილობდით მათ გადარწმუნებას, მათგან ადეკვატურობის, თანმიმდევრულობისა და პრინციპულობის ჩარჩოებში დაბრუნების იმედით.

ბოლო მომენტამდე გვჯეროდა, რომ ჩვენი საერთო ბრძოლის გაგრძელება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო და რომ არ გადადგამდნენ იმგვარ ნაბიჯს, რომელიც საბოლოოდ მოკლავდა ერთიანი და კიდევ უფრო მკვეთრი ბრძოლით ივანიშვილის ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან დაპირისპირების პოტენციალს. დღევანდელი განცხადებით ეს იმედი საბოლოოდ გაქრა.

ამის გამო გვიწევს მკაფიოდ განვაცხადოთ:

სრულად ვემიჯნებით ზემოთ ხსენებული ორი ოპოზიციური პარტიის კოლაბორაციონისტურ სტრატეგიას და რეჟიმის სისტემურ ოპოზიციად ჩამოყალიბების გზას. კატეგორიულად გაუმართლებლად მიგვაჩნია ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ მომენტში საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედება. ამის გამო, დღეიდან ვწყვეტთ მათთან თანამშრომლობას.

ჩვენ ერთგული ვართ საკუთარი პრინციპების და ვერასდროს ავხსნით, როგორ არის შესაძლებელი იმ პროცესში მონაწილეობა, რომელიც რეალურად არ არსებობს – ივანიშვილმა არჩევნები, როგორც ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების მთავარი ინსტრუმენტი, საბოლოოდ მოკლა.

მკაფიოდ გვჯეროდა და დღესაც გვწამს, რომ ქვეყანაში დამყარებული ანტიდემოკრატიული, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმის დამარცხების გზა მხოლოდ თანმიმდევრულ და პრინციპულ ბრძოლაზე გადის, რომელიც თავისთავად გამორიცხავს ივანიშვილის რაიმე სახის ცირკში მონაწილეობასა და მისი “დემოკრატიულობის” ფასადის შესანარჩუნებლად ანტურაჟის როლის შესრულებას.

მყარად ვრჩებით ბრძოლაში იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც ერთგულება გამოავლინეს ჩვენი საერთო ღირებულებების მიმართ და ვემზადებით გადამწყვეტი წინააღმდეგობის გასაწევად ივანიშვილის დიქტატურის დასასრულებლად“-ნათქვამია სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში, რომელიც დღეს, 6 ივლისს გამოქვეყნდა ფეისბუქზე.

პოლიციელმა 18 წლის ცოლზე იძალადა, სასამართლომ მას გირაო შეუფარდა – პროკურატურა

პოლიციელი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ფაქტს გვიდასტურებს პროკურატურა.

მათივე ინფორმაციით, პოლიციელმა 18 წლის მეუღლეზე იძალადა.

როგორც პროკურატურაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, პროკურატურა ითხოვდა ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის პატიმრობას, თუმცა გუშინ, 6 ივლისს აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ მას 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ამბობს, რომ აპირებენ გასაჩივრებას.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ივლისის 21 საათიდან 7 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 8 და 9 ივლისს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 026 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
  • ტანკი – 10 992 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 956 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 29 960 ერთეული [+39]
  • MLRS – 1 430 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 192 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 43 825 ერთეული [+216]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 439 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 54 252 ერთეული [+104]
  • სპეცტექნიკა – 3 925 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 67 349 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 137 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 575 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 993 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 677 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„პროგრესი არ არის“ – ტრამპი პუტინთან დიალოგის შემდეგ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ“ გააკეთა – „დაფიონი“ თვითმმართველობის არჩევნებზე

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ პარტია „ლელოს“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ეხმაურება.

„დაფიონი“ ფეისბუქზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში თვითმმართველობის არცევნებში მონაწილეობა ღალატია.

„ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ” გააკეთა. ეს ღალატია, პირდაპირი მნიშვნელობით.

ბრძოლა იმართება ციხის კედლებს მიღმა, ქუჩებში, სასამართლოებზე და ხმაში, რომელიც არ გაჩუმებულა და არც გაჩუმდება!

ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ მათ, ვინც მართლა იბრძვის!

ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს!

არ წახვიდე არჩევნებზე, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს სამართლიანობის.

როცა ბრძოლის დროს ხალხს ღალატობ, შენ უკვე აღარ ხარ ოპოზიცია, შენ ხარ პოზიცია, თან სამარცხვინო პოზიცია.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“-წერს დაფიონი.

დღეს 5 ივლისს, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველომ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადება გაკეთებული აქვს გიორგი გახარიასაც.

ამ დროისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პატიმრობაში იმყოფება ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერი, გარდა გახარიასი.

პროტესტში მყოფი საზოგადოების დიდი ნაწილი არ არის მომხრე არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პარტიის მხრიდან მიტაცებული ხელისუფლების პირობებში, ვერ ჩატარდება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები.

რუსეთი მარიონეტულ რეჟიმებს არ უყვავებს, ეს მინდა აღმოაჩინოს „ქართულმა ოცნებამ“ – ინტერვიუ

ეუთომ პორტოს დეკლარაცია მიიღო, რომლის მთავარი საკითხები საქართველოსთან მიმართებაში იყო ის, რომ სირიამ უკან წაიღოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჩაატაროს ახალი და სამართლიანი არჩევნები.

ასევე დეკლარაციაში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნიკოლოზ სამხარაძე, მაია ბითაძე და ლევან მახაშვილი.

4 ივლისს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერია.

რას ნიშნავს არ დაუჭირო რეზოლუციას მხარი, სადაც სირიას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას სთხოვენ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კონფლიქტოლოგ გიორგი კობერიძეს ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, რას აცხადებს „ქართული ოცნება“ ამით, როცა ამბობს, რომ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს?

იმას, რომ მათთვის ქვეყნის ეროვნული ინტერესები და საგარეო ინტერესები არ არის წინა პლანზე, რომ მათთვის წინა პლანზეა პარტიული ინტერესები და სწორედ ვიწრო, პარტიული ინტერესებიდან უყურებენ ამ მდგომარეობას.

უნდათ, რომ მათ მარტოობას, ლეგიტიმაციის მხრივ არავითარი კითხვის ნიშანი არ ჰქონდეს. ეს ერთი და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა.

სირიაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არის შანსი, რომ ახლა უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან ქვეყანას არაღიარების საკითხი ჰქონდეს განხორციელებული, რაც კრიტიკულად შეამცირებდა იმ ქვეყნების წონასა და რაოდენობას, რომლებსაც აღირებული აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა.

  • თუ სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დააყენეს პარტიული ინტერესები, როგორც თქვენ ამბობთ, ასეთი პოლიტიკური ძალის არსებობა ხელისუფლებაში რამდენად საშიშია?

მე ვფიქრობ, რომ ეს არახალია თუნდაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის და ახლა არ უნდა აღმოეჩინათ ეს, რომ დიდი ხანია „ოცნებას“ აქვს მსგავსი პოლიტიკური კურსი, რომ ყველაფერი კარგია, თუ ის მის პარტიულ ინტერესებს არ შეეწინააღმდეგება და შესაბამისად, ეს პარტიული ინტერესები ზუსტად იმას გულისხმობდა, რომ რუსეთია ახლა მათი საგარეო პოტენციური საყრდენი. შესაძლოა, ჯერჯერობით ყველა საყრდენი მასზე არ აქვთ ბოლომდე ჩამოკიდებული და რუსეთსაც არ აქვს მათზე მთელი ფსონი დადებული, მაგრამ ეს, როგორც თავმომწონე მოკავშირე ანახებს, რომ მე შენ არ გაღიზიანებ.

უფრო მეტიც, „ქართული ოცნება“ უფრო ცდილობს კარგი ურთიერთობის დაჭერას რუსეთთან, ვიდრე რუსეთი „ქართულ ოცნებასთან“.

იმიტომ, რომ რამდენი განცხადებაც არ გაკეთდა, რამდენი საუბარიც არ იყო იმაზე, რომ აი, თითქოს ტერიტორიებს ვიბრუნებთ, რუსეთთან მოლაპარაკებები გვჭირდება და ასე შემდეგ, რუსეთის მხრიდან არანაირი შემხვედრი ნაბიჯი არ ყოფილა. პირიქით, როგორც თავის მარიონეტულ რეჟიმს ამცირებს და არანაირ შემხვედრ და ხელშემწყობ ნაბიჯს არ დგამს განცხადების დონეზეც კი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თქვას, ხომ ხედავთ, რაღაც პროგრესს მივაღწიეთ.

  • რუსულ საქმეს აკეთებინებენ და განცხადების დონეზეც არ გამოხატავენ თანადგომას?

ასე გამოდის.

ზოგადად რუსეთი მარიონეტულ რეჟიმებს არ უყვავებს. ეს მინდა აღმოაჩინოს „ქართულმა ოცნებამ“.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთი პოლიტიკური გაგებით „ოქროს ურდოსეული“ შთამომავალია. როდესაც ოქროს ურდოს უცხადებდი მორჩილებას, ის ორ ვარიანტს აკეთებდა – ან გაჯილდოებდა, სანამ საქმის გაკეთება შეგეძლო, მაგრამ როცა შენი წონა მცირდებოდა, ოქროს ურდოში გიბარებდნენ და თავს გკვეთდნენ.

ამიტომ, როცა შენ „ქართული ოცნება“ ხარ და ფიქრობ, რომ რუსეთს თავს მოაწონებ, ამას შეძლებ მანამ, სანამ ჯერ კიდევ გაქვს რაღაც ლეგიტიმაცია, მოწონების საშუალება, ხალხში რეიტინგი, რაღაც გავლენები, მაგრამ „ოცნება“ უკვე იმ კონდიციამდე მიდის, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ლეგიტიმაცია ძალიან დაბალი აქვს და მხოლოდ იმიტომ შეგინარჩუნონ, რომ მაქსიმალურად ბევრს თმობ სახელმწიფო ინტერსებს მტრის სასარგებლოდ, ამაზეც კმაყოფილი იქნებიან. თუმცა ეს არ იქნება ისეთი დამაჯილდოებელი, რომ ხელი შეგიწყონ და განგავითარონ.

თუკი დაინახავენ, რომ შენში დასაყრდენი არაფერი აღარ არის, მერე მარტივად ექნებათ ამ რუსული ძალის ჩანაცვლების სურვილი.

ეს არის ძალიან საინტერესო დეტალი, – ოქროს ურდოსეული მიდგომა. ამიტომ იმაზე გათვლა, რომ რუსეთი იქნება რაღაც დონეზე „ოცნების“, ჩვენი მოკავშირე, ან საქართველოს ხელს შეუწყობს რამეზე ამის გამო, ან მათ პარტიულ ინტერსებს ხელს შეუწყობს გრძელვადიანად, ეს არის ძალიან მიამიტური. რუსებს ერთადერთი აინტერესებთ – კავკასიაში დომინაცია და არა ის, რომ რომელიმე რეჟიმი ჰყავდეთ უბრალოდ მოკავშირე.

  • მეორე საკითხი იყო ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. როგორ ფიქრობთ, ეს ორი საკითხი რომ არ ყოფილიყო იმ რეზოლუციაში, მაშინ თუ დაუჭერდნენ მხარს, თუ მაინც გადადებდა ამ თემას „ოცნება“?

ვფიქრობ, ეს საკითხი იყო ძირითადი მამოტივირებელი, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებთან ერთად. მაგრამ ეს საკითხები რომც არ ყოფილიყო, ვფიქრობ, მაინც ძალიან ფრთხილი იქნებოდა „ოცნება“ ამ დეკლარაციის მხარდაჭერასთან მიმართებით. შეიძლება ამ შემთხვევაში ნაკლები ჰქონოდათ საკუთარი თავის გამამართლებელი და იძულებული ყოფილიყვნენ დაეჭირათ მხარი, მაგრამ ზოგადად, მოტივაცია არის ორნაირი – საშინაო პოლიტიკური და პარტიული და ასევე საგარეო პოლიტიკური და პარტიული.

პარტიას აწყობს, რომ მისი ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით არ ბადებდეს კითხვებს და ასევე, ქვეყნის გარეთ მისი პრორუსული ორიენტაცია არ იყოს გამაღიზიანებელი, ყოველ შემთხვევაში ხალხისათვის.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე მათი პოზიცია მარტივია – მე ვინც არ მაღიარებს, იმას მხარს არ დავუჭერ და საგარეო პოლიტიკურ ნაწილს რატომ მისვამთ საშინაო პოლიტიკურ ნაწილთან? – ამით იმართლებს თავს.

სხვათა შორის, მისი გამართლების პოზიცია ხშირად მუშაობს, რადგან „ოცნება“ ამბობს, მეც მინდოდა დამეჭირა ქვეყნის საგარეო საკითხისადმი მხარი, მაგრამ არ მომეცით ამის საშუალება, რადგან ამით ჩემს შიდა ლეგიტიმაციას ხომ არ დავუსვამდი კითხვის ნიშანს.

და თუ თქვენ კითხვას დამისვამთ, ქვეყნის შიდა ინტერესები აღემატება თუ არა ქვეყნის გარე ინტერესებს, მათთვის ნამდვილად აღემატება, კი. ნაციონალურ ინტერესებზე მაღლა დგას მათთვის ქვეყნის შიგნით ლეგიტამაციაზე კითხვის დაუსმელობა.

არაპატრიოტულ ძალაზე გვაქვს ჩვენ საუბარი და ესეც უნდა განვმარტოთ და ხაზი გავუსვათ იმას, რომ „ქართული  ოცნება“ ამას ძალიან მარტივად გაიმეორებს და გადალახავს, რომ თუკი შენ მე არ მაღიარებ, მაშინ რატომ მთხოვ ხელახალი არჩევნების დადებას ან რატომ დებ იმ მუხლებს რეზოლუციაში, რომლებიც ჩემი ქვეყნის საგარეო ინტერესებს მოემსახურება.

ზოგადად, „ქართული ოცნების“ მხრიდან ამის შეფუთვა და ისე წარდგენა, ძალიან რთული არ იქნება საზოგადოებისთვის.

  • შესაძლოა ამ განმარტებამ პროპაგანდის ქვეშ მყოფ ხალხზე იმუშაოს, მაგრამ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ხომ არ მიიღებს ასეთ პასუხებს?

არც აჯერებენ. ღიად ამბობენ ამას, რომ ჩვენი პარტიის მიერ არჩეულ კურსს ვინც უხვევს, ის სახელმწიფო ინტერსებს ღალატობს. ეს არის მათი შეფუთვა, ეს არის მათი ხედვა, რომ თუ ამას ღიად გავაკეთებთ და რუსეთს დავუპირისპირდებით, ომი დაიწყება. ეს პროპაგანდისტული მესიჯები ერთმანეთზეა მიბმულია. სულ ამ პარტიულ ხაზს იმეორებენ.

  • თქვენ თქვით, რომ „ქართული ოცნება“ უფრო ცდილობს რუსეთთან დაახლოებას, ვიდრე კრემლი. სადმე გამოიკვეთა, რომ რუსეთი, ვთქვათ, ომით დაემუქრა მათ ღიად, გამოჩნდა ეს მათ ბოლოდროინდელ განცხადებებეში? უკრაინის ომის შემდგომ პერიოდს ვგულისხმობ.

რუსეთს საგარეო ასპარეზზე ახლა ისე უჭირს, უკრაინასთან ომში ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და  მეორე, მესამე და მეოთხე ომის წარმოების საშუალება არ აქვს ამ ეტაპზე.

თუკი უკრაინაში რუსეთმა გაიმარჯვა ან ამოსუნთქვის საშუალება მიეცა, მაშინ სხვა საკითხია. მაგრამ ამ ეტაპზე ის ემუქრება სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც, ბალტიის ქვეყნებსაც, მაგრამ საქართველოზე ასე ღია მუქარა არ ყოფილა. თუმცა „ქართული ოცნება“ ამას იმით ამართლებს რომ მე ვარ აგერ ხელისუფლებაში და მაგიტომ არ არის მუქარაო.

მაგრამ შეგახსენებთ, რომ მედმედევმა 2022 წლის აგვისტოში ღიად განაცხადა, რომ ყაზახეთი და საქართველო ისტორიულად ჩვენი გავლენის სფეროები უნდა იყოსო და პრინციპში, ღიადაც დაიმუქრა ამ საკითხთან მიმართებით.

  • რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ ამ ლოგიკით მაშინ სომხეთსაც უნდა დაესხას თავს პროევროპული მისწრაფებების გამო, მოლდოვასაც, თუმცა ეს ასე არ არის.

რუსები რეალურად ასე უყურებენ საკითხს, რომ თუკი მათ რომელიმე ქვეყანაში გავლენა აქვთ და მარიონეტული რეჟიმი ჰყავთ დასმული, რასაც საქართველოში ვხედავთ ამ ეტაპზე, მარიონეტულ რეჟიმებზე რაიმეს განხორციელებას არც განიხილავენ, მაგრამ ისეც რომ მოხდეს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და კურსი შეიცვალოს, ამ შემთხვევაშიც კი რუსეთს არც თავი აქვს და არც საშუალება რომ საქართველოსკენ გამოიწიოს.

თუმცა, რაც უფრო სუსტი იქნება ქვეყანა, მით უფრო მეტი მოტივაცია ექნება რუსეთს, საქართველოზე განახორციელოს აგრესია.

  • წულუკიანის კომისიას ჩორჩანას თემა აქვს დახვეული და მათ ყოფილ პრემიერსაც კი ემუქრებიან იმის გამო, რომ „ტერიტორიები დაკარგეო“. მაგრამ როცა საქმე მიდგება ამ ტერიტორიების დაცვაზე და დეოკუპაციის საკითხებზე, ჩანს, რომ რეალურად შორს იჭერებენ თავს ამ საკითხებისგან და ამის მაგალითია, ვთქვათ, იგივე ეუთოს დეკლარაციაც. ამაზე რას ფიქრობთ?

თუკი გახარიამ მართლა დაკარგა ეს ტერიტორიები, მაშინ ესენიც დამნაშავეები ყოფილან, რადგან გახარიას გუნდში იყვნენ და იმ პერიოდში აკეთებდნენ ამ ყველაფერს. შესაბამისად, თუკი ვინმემ რამე დაკარგა, წნელისი იქნება თუ მისი მიდამოები, მაშინ გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისეთივე პასუხისმგებელია ამაზე, როგორც კონკრეტული პრემიერი.

რაც შეეხება ტერიტორიების დაკარგვა-დაბრუნებას, ჯერჯერობით რაც ვნახეთ, „ქართულ ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ეს ერთი და მეორე, მოსახლეობა ძალიან დაუცველად გრძნობს თავს, ბორდერიზაციას როგორც უნდა ისე ახორციელებს რუსეთი, ვისაც უნდა იმას კლავს, ვისაც უნდა იმას იტაცებს და დაუსჯელი არავინაა. როგორ შეიძლება ასე.

შიშის ქვეშ უნდა ცხოვრობდეს საოკუპაციო რეჟიმი, რომ დანარჩენი საქართველოს მხრიდან რაიმე სადამსჯელო ქცევა არ იყოს და ამის ნაცვლად, პირიქითაა, შიშით ცხოვრობს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

სახელმწიფო თუ ვართ, როგორც სახელმწიფო, ისე უნდა ვმოქმედებდეთ, რადგან სახელმწიფოს მოვალეობაა მისი ყველა მოქალაქის დაცვა და დამნაშავეების დასჯა. ჯერჯერობით, მსგავს ვერაფერს ვხედავთ.

ნაცვლად იმისა, რომ მოკავშირეებს ვეძებდეთ, სამხედრო ძალები კიდევ უფრო ძლიერი გვყავდეს და ნატოსთან ურთიერთობას კი არ უნდა ვაფუჭებდეთ, ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ არის საქართველოს მარტოდ დარჩენა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან აგრესიული აქტების გაორმაგება.

შეგახსენებთ, რომ არც ცხინვალის რეგიონს და არც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს არ უთქვამს უარი საკუთარ ტერიტორიულ გაფართოებაზე. ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე და გულზე მჯიღს ირტყამენ, თავს რომ ვესხმით ქართულ სოფლებს რატომ ვჩერდებით, მოდით, ქართული სოფლებიც შემოვიერთოთ, ისტორიულად ჩვენი იყოო – ასე ამბობენ.

აფხაზეთში იმასაც წერენ, ქუთაისი ჩვენი დედაქალაქი იყოო. იმიტომ, რომ თუ შენ არაფერს გააკეთებ და საკუთარი ტერიტორიების დამცველი არ ხარ და იქეთ არ ედავები, მხოლოდ მოტივაციას უჩენ, რომ აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე.

პირიქით, მაქსიმალურად იმას აკეთებენ, რომ როგორმე მუქარები განახორციელონ და სტატიებს სტატიებზე წერენ თავიანთ „აკადემიურ“ ჟურნალებშსა და გაზეთებში, რამხელა იყო თითქოს აფხაზთა და ალანთა სამეფო. და არა ის, რომ აფხაზეთიც და ალანიაც საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო.

  • ამის საბაბს იძლევა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა?

რაც უფრო მეტად იქნები თავდახრილი, მით უფრო მეტად გააგრესიულდებიან შენდამი. ეს არის ძალიან მარტივი აქსიომა. მით უმეტეს, კავკასიის რეგიონი ისეთი სპეციფიკურია, ოდნავ სისუსტეს თუ გამოაჩენ, შეგჭამენ ჩვეულებრივად.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 7 და 8 ივლისს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

კლინიკიდან გამოყვანის შემდეგ მიქაცაძე და ლოლაძე შიმშილობას ისევ აგრძელებენ – მაღაროელების პროტესტი

პროტესტის ნიშნად მოშიმშილე მაღაროელები ტარიელ მიქაცაძე და მირზა ლოლაძე, კლინიკიდან ისევ ჭიათურაში დაბრუნდნენ.

ისინი ბოლო რამდენიმე დღეა მშრალ შიმშილობაზე იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც მაღაროელი ირაკლი ჯიქიძე „ბათუმელებს“ ეუბნება, 4 ივლისს, ტარიელის და მირზას მდგომარეობა კრიტიკული იყო, რის გამოც საჭირო გახდა მათი კლინიკაში გადაყვანა.

„გუშინ ტარიელი კომუნიკაციაზე აღარ იყო უკვე და მირზას მდგომარეობაც დამძიმდა. გამოვიძახეთ სასწრაფო და ფაქტობრივად ორივე უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს.

ახლა შედარებით სტაბილურად არიან, კლინიკაში მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ, რინგერი გადაუსხეს. თუმცა ტარიელიც და მირზაც სხვა მაღაროელებთან ერთად ისევ აგრძელებენ შიმშილობას.

ასევე, კრიტიკულია მერაბ სარალიძის მდგომარეობაც, რომელიც საპატიმროში შიმშილობს. მაღაროელების პროტესტის და მათი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, არანაირი რეაგირება არ არის არავის მხრიდან“-ამბობს ირაკლი ჯიქიძე.

ტარიელ მიქაცაძესთან და მირზა ლოლაძესთან ერთად შიმშილობენ შავლეგ გოგსაძე, გოგა მოდებაძე, სიმონ მიქაცაძე და ჯანიკო ლაბაძე.

დაპატიმრებული მერაბ სარალიძე კი ციხეში შიმშილობს პროტესტის ნიშნად.

შავლეგ გოგსაძეს, გოგა მოდებაძეს და მირზა ლოლაძეს პირი აქვთ ამოკერილი.

ჭიათურელი მაღაროელები 4 თვეა პროტესტში არიან, ისინი არ ეთანხმებიან „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის ( CMC ) ე.წ რეორგანიზაციის პირობებს, რომელიც მათ შრომით უფლებებს არღვევს.

როცა კომპანიამ გარკვეული დროით შეაჩერა მაღაროებში მუშაობა, მაღაროელებს არც დაპირებული კომპენსაცია გადაუხადეს ბოლომდე.

მოშიმშილე მაღაროელები პატიმრობაში მყოფი სამი მაღაროელის გათავისუფლებას და კომპანიას შრომითი პირობების გადახედავს სთხოვენ.

ამ დროისთვის კომპანიამ 2 ათასზე მეტი მაღაროელი დატოვა უმუშევრად.

____________

ამ თემაზე:

ჭიათურაში 6 მაღაროელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს – ერთის მდგომარეობა მძიმეა

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 025 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
  • ტანკი – 10 990 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 953 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 29 921 ერთეული [+56]
  • MLRS – 1 428 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 191 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 420 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 43 609 ერთეული [+306]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 439 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 54 148 ერთეული [+149]
  • სპეცტექნიკა – 3 925 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 67 349 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 137 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 575 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 993 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 677 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„პროგრესი არ არის“ – ტრამპი პუტინთან დიალოგის შემდეგ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„უდანაშაულობის პრეზუმფციის კიდევ ერთი დარღვევა“ – სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე

„შეიძლება მოსაბეზრებელია, მაგრამ კიდევ უნდა გავუსვა ხაზი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათქვამს. დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის კიდევ ერთი დარღვევა. მან ეუთოს ასამბლეაზე თქვა, რომ ჩვენ ბრალდებულები, რომლებსაც მოიხსენიებენ დასავლეთში პოლიტპატიმრებად, თურმე წვავდნენ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებით. ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. ამას ვამბობ ოქმში დასაფიქსირებლად“- განაცხადა პოლიტპატიმარმა ანდრო ჭიჭინაძემ დღეს, 4 ივნისს სასამართლო სხდომაზე.

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გასული წლის 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მის საქმეს განიხილავენ იგივე ბრალდებით დაკავებულ კიდევ 10 ადამიანთან ერთად. ანდრო ჭიჭინაძე დაკავებამდე არავის იცნობდა მათ შორის, ვისთან ერთადაც ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავებიან.

ანდრო ჭიჭინაძემ დღეს, 4 ივნისს სხდომაზე 1944-1945 წლების ამბავი გაიხსენა ნაცისტური გერმანიის ისტორიიდან:

„რაც შეეხება პროკურორებს, მახსენდება ასეთი ფაქტი. 1944-45 წელს, ნაცისტურ გერმანიაში არსებობდა კანონი, რომ არ შეიძლებოდა ფიურერის გაკრიტიკება. ცოლ-ქმარი იწვნენ ლოგინში და ქმარმა ცოლს გაუზიარა კრიტიკული აზრი ფიურერის შესახებ. თვეების მერე, როცა იჩხუბეს, ცოლმა დააბეზღა და ქმარი დაიჭირეს. პროკურატურა ამ კაცს ედავებოდა ფიურერის საჯარო კრიტიკას. ხომ აბსურდია? ამ კაცს პროკურატურა ედავებოდა იმას, რომ შესაძლოა, ეს იდეა ამ კაცთან მისულიყო ისეთი სივრციდან, სადაც მრავალი ადამიანი ლაპარაკობდა ფიურერზე კრიტიკულად. მერე ამ კაცმა ეს აზრი რომ გაუზიარა ცოლს. მასაც შეიძლება მერე გაეზიარებინა სხვებისთვის და ამიტომ იყო საჯარო. მგონი ხედავთ საერთო ნიშნებს. ამ კაცს სიკვდილით დასჯა შეუფარდეს.

მაგრამ ამ ამბავს აქვს კარგი დასასრული. ომი დამთავრდა და ნაცისტებმა ვერ მოასწრეს მისი სიკვდილით დასჯა.

ბევრ საერთოს ვხედავ. არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ მაშინ, რასაც აბრალებდნენ ამ კაცს და ახლაც არ გაქვთ საფუძველი”, – თქვა ანდრო ჭიჭინაძემ დღევანდელ პროცესზე.

„გულზე არაფერი სჭირდა მამაჩემს. მის გულზე ხელი დავინახე იმ დღეს, როცა მაკავებდნენ“ – ონისე ცხადაძე

„ჩემთვის მკვლელები ხართ. არ ვაპირებ, რომ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად… მოვა დრო ამ ქვეყანაში, უმაღლესი თანამდებობის პირებიდან დაწყებული, აი, იმ გამხდარი ბიჭით დამთავრებული [მანდატური], იქ რომ ზის და ჰგონია არაფერს აშავებს, ყველა პასუხს აგებთ. იმიტომ კი არა, რომ შურისძიება მინდა…

თუ გინდათ, მოგიყვებით, როგორ მოგიკვდათ მამაჩემი. ჭიშკართან იპოვეს მკვდარი.

ბავშვობაში რომ რამე დამიშავებია, იმასაც კი ვნანობ. ასეთი გრძნობა თქვენ არ გაგაჩნიათ? – ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო. მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანაგრძნობა“ – მიმართა სინდისის პატიმარმა ონისე ცხადაძემ პროკურორებს სასამართლო სხდომაზე დღეს, 4 ივლისს.

სინდისის პატიმარს, ონისე ცხადაძეს ცოტა ხნის წინ მამა გარდაეცვალა.

„გულწრფელად გისამძიმრებთ“ – უთხრა მას პროკურორმა ვაჟა თოდუამ,

„ვის რა ჯანდაბად სჭირდება, მაგრამ მადლობა. გულზე არაფერი არ სჭირდა მამაჩემს. პირველად მამაჩემის გულზე ხელი დავინახე იმ დღეს, როცა მაკავებდნენ. ეს დღეები სულ ვფიქრობ, სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ. სასამართლო არის ერთი სერიული მკვლელის. გამოდიოდნენ მის მიერ დახოცილი ადამიანების ოჯახის წევრები და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდნენ. ერთი მოკლულის მშობელი გამოვიდა მერე, სასულიერო პირი და იმან უთხრა, გპატიობო, იქ დამთავრდა ყველაფერი.“

მესმის, მაგრამ კორექტულადო, შენიშვნა მისცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ონისე ცხადაძეს.

„არ გესმით. მამათქვენი როგორ არის, ცოცხალი გყავთ? – ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება ისე როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ ეს ქვეყანა მეცოდება, რომელიც ამოსათრევი გვეყოლება. მე სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და ახლა კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ არ მეშინოდეს. ჩემზე ნუ იდარდებთ. ქვეყანას მივხედოთ, ეს თხოვნა მაქვს თქვენთვის მხოლოდ. ეს მინდოდა, რომ მეთქვა“ – უპასუხა მან მოსამართლეს.

ონისე ცხადაძე ერთ-ერთია საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთაგან, რომლებიც, ერთმანეთს აქამდე არ იცნობდნენ, დანარჩენი 10 ბრალდებულის მსგავსად, ონისემაც სხვები სასამართლო დარბაზში ნახა პირველად.

___________

ფოტოზე: ონისე ცხადაძე. ფოტო: კადრი „ფორმულას“ ვიდეომასალიდან

ამავე თემაზე: 

ვინ არის სინდისის პატიმარი ონისე ცხადაძე – იუმორისტი ბრალდებულის სკამზე

 

რა ხდებოდა მზია ამაღლობელის პროცესზე, სადაც ჩვენება ეთერ თურაძემ მისცა – რეპორტაჟი

„მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ”- უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, დღეს, 4 ივლისს.

დღეს ეთერ თურაძემ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მიცა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა მზია ამაღლობელის პროცესზე მომზადებულ სტატიაში მოწმეების მონათხრობის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ვერ ნახავთ. ვერც ფოტოს ნახავთ –  „ოცნების“ პარლამენტმა სასამართლოში ჟურნალისტებს ხმის ჩაწერაც კი აუკრძალა. ანტიკონსტიტუციური პარლამენტის გადაწყვეტილებით, სასამართლოში გადაღება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

„ბათუმელებმა“ 2025 წლის პირველ ივლისს წერილობით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. იუსტიციის საბჭოში სატელეფონო ზარსაც კი არ უპასუხეს.

„დიქტატურა!“- გაისმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და ყოფილი პოლიტპატიმრის, აფგან სადიგოვის  ხმა, ვიდრე მოსამართლე შემოვიდოდა სხდომათა დარბაზში და მანდატურები საგულდაგულოდ გადაამოწმებდნენ, ვინმე შემთხვევით რამე გადასაღები მოწყობილობით ხომ არ შედიოდა სასამართლოში.

„რუსული არავინ არ იცის აქ, ტყუილად ლაპარაკობს,“-  სცადა ერთ-ერთმა მანდატურმა ხუმრობა.

დარბაზში შემოსვლა ისევ ვერ მოახერხა ყველამ. ბრალდებულის შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე მხარეს გაჩერდა მზია ამაღლობელის ძმა, ფეხზე დადგა და მზიას გამოჩენას დაელოდა.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“- ერთდროული და ხმამაღალი შეძახილებით დახვდა დარბაზი მზია ამაღლობელს.

„თავისუფლება მზიას!“, „ნინო, გამოფხიზლდი!“- ფანჯრების დახურვის მიუხედავად სასამართლო დარბაზში პერიოდულად აღწევდა შეძახილების ხმა ქუჩიდან.

მზია ამაღლობელი დარბაზში შემოსვლისთანავე რამდენიმე წამით შეჩერდა, თავი დაუკრა დარბაზს  და გამოხედა ჩვეული შემართებით.

დარბაზში შემოვიდა მოსამართლეც.

ვიდრე მოწმეების დაკითხვა დაიწყებოდა, ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა არგუმენტები წარმოადგინა, რატომ არის დაუსაბუთებელი პროკურორების პოზიცია, რომელიც მათ წინა პროცესზე გააჟღერეს – ექსპერტის სახით, დაცვის მიერ წარმოდგენილი მოწმე, ნათია ხარატი არ უნდა დაიკითხოს.

ნათია ხარატი ექიმი-ნევროლოგია და ის სასამართლოში დაცვის მხარემ მოიწვია. დავის საგანი ამ ნაწილშიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ლოყაა – განიცადა თუ არა ტკივილი სილის გაწვნის შედეგად პოლიციის უფროსმა.

სასამართლოს ამ კუთხით წინა სხდომებზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა უთხრა, რომ ტკივილის კვლევა არ არის მისი კომპეტენცია, „მაგრამ მას არ უთქვამს ის, რომ ეს არ შეიძლება იყოს ექსპერტიზის საგანი“,- პროკურორებს გადახედა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და დასძინა:

„დარწმუნებული ვართ, რომ ირაკლი დგებუაძეს არც არაფერი ეტკინა და ის სიმულაციას მიმართავს“.

მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ დაცვის მხარის მოწმეს, ნათია ხარატს მოუსმენს. ის შემდეგ სხდომაზე დაიკითხება. ნათია ხარატმა უნდა გაუზიაროს თავისი დასკვნა სასამართლოს: შეიძლება თუ არა ტკივილის შეფასება ობიექტური კრიტერიუმებით, თუ ეს მხოლოდ სუბიექტური შეფასებაა? ხომ არ სიმულანტობს ირაკლი დგებუაძე?

მზია ამაღლობელის ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა არალეგიტიმური პარლამენტის წევრს, ნინო წილოსანს ეხება – ირაკლი კობახიძის და „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების შემდეგ,  ამჯერად ნინო წილოსანმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია მზია ამაღლობელის მიმართ. ანტიკონსტიტუციური პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის თქმით, მზია ამაღლობელი „ფულის გადახდით,  დაქირავებით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში მოქმედებდა“.

მსგავსი ვერსია პროკურატურას მზია ამაღლობელის საქმეში არ აქვს წარმოდგენილი.

„ვინაიდან პროკურატურა არ ინტერესდება ამ ფაქტობრივი გარემოებებით, მოგვეცით საშუალება გავიგოთ, რა იცის ნინო წილოსანმა, რა ინფორმაცია აქვს მას?“- მოსამართლეს მიმართა საიას იურისტმა, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ. ადვოკატებმა ნინო წილოსანის ვიდეოკომენტარის დართვა მოითხოვეს და მიმართვის, რომლითაც ნინო წილოსანს ახსნა-განმარტების წარმოდგენა მოსთხოვეს.

„როგორც უშიშროების ყოფილ ოფიცერს, მაქვს უფლება ვიცოდე, ჟურნალისტს ვიცავ თუ დაქირავებულ ტერორისტს,“- ირონია შეურია კომენტარს ადვოკატმა კახა წერეთელმა.

დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლეს ასევე წარუდგინეს ირაკლი დგებუაძის მოადგილის, გოჩა ვანაძის ცრუ ჩვენება: ადმინისტრაციულ საქმეზე გოჩა ვანაძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელი თავად დააკავა – აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეო კადრებში კი, მკაფიოდ ჩანს, რომ მზია ამაღლობელი გრიგოლ ბესელიამ დააკავა – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა.

მოსამართლეს ადვოკატებმა ის ვიდეოც აჩვენეს, სადაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, დავით ათაბეგაშვილი ამბობს, პოლიციელის შეურაცხყოფის გამო დააკავეს მზია ამაღლობელიო. უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების მკაფიო შეფასებით, სილის გაწვნა შეიძლება იყოს შეურაცხყოფა, თუმცა შეურაცხყოფა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და არცერთი სამართლებრივი ლოგიკით თავდასხმა არ არის.

დარბაზი გაირინდა, როცა დარბაზში „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე შემოვიდა და ხელის აწევით მიესალმა მზია ამაღლობელს. მზია ამაღლობელიც გისოსებიანი სივრცის მინის კედელს მოუახლოვდა.

„აბაშიძის დროსაც ამ დარბაზში მივეცი ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ“, – დაიწყო ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა.

მოსამართლემ, რომელსაც ასლან აბაშიძის რეჟიმი გაახსენეს და დღევანდელობასთან პარალელი გაავლეს, მოწმის შეჩერება სცადა.

„ამავე დარბაზში მივეცი ჩვენება სააკაშვილის დროს, კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ… დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ,“ – მაინც თქვა სათქმელი ეთერ თურაძემ.

მოწმეს თავდაპირველად შეკითხვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დაუსვა – მოგვიყევით მზია ამაღლობელის შესახებო.

„24 წლის წინ დავაფუძნეთ და შევქმენით ისეთი გამოცემა, რომელიც სავარაუდოდ, თქვენც უნდა იცოდეთ, პროკურორებმა, დარწმუნებული ვარ, იციან,“ – მოსამართლეს გახედა ეთერ თურაძემ და შემდეგ მოკლედ აღწერა, როგორ იქცა „ბათუმელები“ სხვადასხვა ხელისუფლების მოდარაჯედ და „პოლიციური სისტემის მეთვალყურედ“, მზია ამაღლობელის საქმიანობამ კი, არაერთი ქალის, მიუსაფარი ადამიანის, დაუცველი ბავშვის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ, მათ შორის, იმ კუთხით, რომ წიგნი მათთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

„მზია ამაღლობელი იყო გარანტი, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩარეულიყო ვინმე…ეს ძალიან დიდი კომფორტია ჟურნალისტისთვის,“ – აღნიშნა ეთერ თურაძემ და შემდეგ მოსამართლეს ისიც შეახსენა, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამის მიუხედავად მზია ამაღლობელი თითქმის 6 თვეა უკანონო პატიმრობაში რჩება.

რაც შეეხება 11 იანვრის აქციას, ეთერ თურაძის თქმით, ის და მზია ამაღლობელიც აქციის მონაწილეები არ იყვნენ და აქციაზე მისვლის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა იქ სტიკერის საჯარო სივრცეში გაკვრის გამო აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავეს.

„სტიკერის გაკვრა არის გამოხატვის თავისუფლება,“ – კატეგორიული ტონით მიმართა პროკურორებს ეთერ თურაძემ.

ეთერ თურაძის თქმით, მისთვის შემაშფოთებელი იყო აქციის კიდევ ერთი მონაწილის – გოდერძი ფრანგიშვილის დაკავება, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამის შესახებ იცოდა, რადგან იგი მისი თანამშრომლის ძმაა, ხოლო იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ექცევიან პოლიციელები დაკავებულებს, ეთერ თურაძემ განსაკუთრებული საფრთხე იგრძნო.

„ვიცოდი, ეს რას გამოიწვევდა. მზიას ოჯახში დაეღუპათ 23 წლის თეო [მზია ამაღლობელის ძმისშვილი], რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა, ეს ტრაგედია იყო…ბოდიშს გიხდი, მზია,“ – ეთერ თურაძის ამ სიტყვების შემდეგ მზია ამაღლობელმა ზურგშექცევით დადგომა ამჯობინა.

დარბაზი დატოვა მზია ამაღლობელის ძმამ, რომელსაც თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.

„აქციაზე როცა მივედი, სხვა მონაწილეებმა მითხრეს, პოლიციელები გავაფრთხილეთ უკვე, მუცელში არ უნდა ჩაერტყათო [დაკავებული გოდერძი ფრანგიშვილისთვის] … უკვე ასე ვართ, ვარჩევთ, სად აჯობებს, დაგვარტყან,“ – ისევ პროკურორებს გამოხედა ეთერ თურაძემ და მოწმეებისთვის განკუთვნილ ტრიბუნას მიუბრუნდა და 11 იანვრის მოვლენების აღწერა განაგრძო.

11 იანვრის აქციაზე მისული ეთერ თურაძე მოვლენების გაშუქებას იწყებს „ბათუმელების“ იუთუბ არხზე – მანამდე აქციას იუთუბ და ფეისბუქგვერდებზე ერთდროულად, ორი ტელეფონით ხელში ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი აშუქებდა.

ეთერ თურაძემ მოსამართლეს უამბო, რომ აქციაზე მას „მოგუდული პროტესტი“ დახვდა, აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ელოდებოდნენ და აპროტესტებდნენ სტიკერის გაკვრისთვის ადამიანების დაკავებას – ეს რა გვჭირს, რა ქვეყანა ვხდებითო. მოწმის თქმით, აქციის მონაწილეები პოლიციელებს არ აგინებდნენ, არც შეურაცხყოფას აყენებდნენ და პოლიციაც აგრესიული არ იყო.

„შსს-ს ღობეზე სტიკერი მიკვრა არაა დანაშაული, მზიას ეს ჟესტი იყო გამოხატვის თავისუფლების განაცხადი,“ – ბრაზი დაეტყო ეთერ თურაძეს, შემდეგ კი აღნიშნა, ადმინისტრაციული წესით როცა მზია ამაღლობელი დააკავეს, მივხვდი, რომ „ხელში ჟურნალისტი ჩაიგდეს“ და მის გათავისუფლებას აღარ ველოდიო:

„ასლან აბაშიძის დროსაც დაგვაკავეს ერთხელ, მაგრამ შემდეგ თქვეს, არა, ინტერვიუზე იყვნენ მოსულებიო. მაშინ რაღაც მაინც არსებობდა, არსებობდა მეგობარი ქვეყანა… ახლა კი ჟურნალისტი პირდაპირი სამიზნეა, მეტი ვცემოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ, რომ მერე ჩვენ შავ-ბნელი საქმეები ვაკეთოთ,“ – ისევ აბაშიძის რეჟიმი გაახსენა მოსამართლეს ეთერ თურაძემ.

მოწმის თქმით, დაშლისკენ წასულ აქციაზე მოულოდნელად საპოლიციო ჭყლეტა დაიწყო – ამ დროს აქციაზე ძმები გაბაიძეები დააკავეს. ისინი ეთერ თურაძის დისშვილები არიან. დაკავებულ გიორგი გაბაიძეს რომ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში არაადამიანურად მოექცნენ და ფიზიკურად იძალადეს, ეს წინასწარი დაკავების იზოლატორის მიერ გაცემული ცნობითაც დასტურდება.

„მას ჰქონდა სისხლნაჟღენთები, მრავლობითი დაზიანება სახის არეში, ნაჭდევები… მეორე გაბაიძე კი ისე სცემეს, ხერხემლების მალები ჰქონდა ჩამტვრეული. ერთი თვე წოლითი რეჟიმი ჰქონდა.

აქ არ მიეცით საშუალება, თორემ თავად მოჰყვებოდნენ, რა გაუკეთა მათ პოლიციურმა რეჟიმმა, შემდეგ როგორ გაიტაცეს და ვერც ვპოულობდით,“ – მოსამართლეს მიმართა ეთერ თურაძემ და იზოლატორში გაცემული ჯანმრთელობის ცნობაც დაიჭირა ხელში, ამას თავად წაიკითხავდით, რომ არ ამოგეღოთ თავის დროზე მტკიცებულებებიდანო.

ეთერ თურაძის თქმით, ქციაზე მოულოდნელად დაწყებულ საპოლიციო ჭყლეტაში მაშინვე მიხვდა, რომ გიორგი გაბაიძეს აკავებდნენ – პოლიციის უფროსებმა სხვა აქციაზე ამოიღეს იგი მიზანშიო. იმ აქციაზე, 11 იანვრამდე რამდენიმე დღით ადრე, დავით ათაბეგაშვილმა [აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე] პროევროპული აქციის მონაწილეებს უთხრა, წადით თქვენს საყვარელ ევროპაშიო.

„ძლიერი წვიმა იყო იმ საღამოს და ადამიანები ძლივს გავიდნენ აქციაზე, გამოჩნდა ბესელია [გრიგოლ ბესელია – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი] და ხალხს ეუბნება, დაიშალეთ, თორემ დაგაკავებთო. მაშინ მივედი და ბესელიას ვუთხარი, როგორც ბანდიტი, ისე რატომ იქცევით-მეთქი? იმ აქციაზე ზურგიდან მომეპარა გრიგოლ ბესელია და გადამდგა, მერე დამემუქრა, დაგიჭერო.

იმ დღეებში ჩასვეს მაგნიტსკის სიაში ვახტანგ გომელაური. თქვენც გინდათ, ამ სიაში მოხვედრა-მეთქი? ირაკლი დგებუაძეს ვუთხარი, პროტესტი რომ გაანადგუროთ, ამიტომ ხართ აქ-მეთქი.

გიორგი და ლაშა როცა დააკავეს, ვსვამდი კითხვებს – რატომ დააკავეთ? გრიგოლ ბესელიამ მითხრა, შევალ და გამოვიყვანო, მაგრამ მომატყუა… გრიგოლ ბესელია როცა გამოვიდა, ვითომ ვეღარ დამინახა, გვერდით ჩამიარა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენო, ტყუილს მეუბნება ბესელია. გიორგი არც მთვრალი იყო, არც აგინებდა – ეს იყო ძალადობის თავხედური დემონსტრირება, რომ აი, პოლიციის უფროსი ვარ და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ.

ამ დროს იყო სილის გაწნა… არ დამინახავს მზია, მაგრამ დავინახე მისი ხელი“ – აღნიშნა ეთერ თურაძემ.

რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა „ბათუმელების“ წინააღმდეგ პოლიციის უფროსებს? – იკითხა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

„ჩვენ, როგორც ჟურნალისტები, ყოველ ჯერზე ვცდილობდით პოლიცია ყოფილიყო ჩვენი მონიტორინგის ქვეშ – მიდრეკილია ეს ინსტიტუცია დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობით,“ – თქვა ეთერ თურაძემ და რამდენიმე მაგალითი გაიხსენა, როცა ირაკლი დგებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროსი „ბათუმელების“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური მასალით არაადამიანურ მოპყრობაში ამხილეს – ერთ-ერთია გენრი დოლიძის შემთხვევა, რომელსაც ბათუმში რუსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებისას ირაკლი დგებუაძემ სახეში ჩაარტყა ფეხი.

გენრი დოლიძის, მზია ამაღლობელის, თუ სხვა პირების მიმართ სავარაუდოდ ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ არაადამიანური მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ გამოუძიებათ.

„ამ აქციაზე მოგაყენეს პოლიციელებმა რაიმე ფორმით შეურაცხყოფა?“ – მოწმე ეთერ თურაძეს ამჯერად კითხვებით პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა მიმართა.

„როცა გაგტაცებენ ადამიანს, მერე გატყუებენ და გეუბნებიან მთვრალი იყოო… დიახ, დავით ათაბეგაშვილი მაგინებდა… ირაკლი დგებუაძე ღრიალებდა და იგინებოდა, მზიას აგინებდა, რომელიც წამში გაიტაცეს. 40 კუნთმაგარი დაესია ერთ ქალს, ამ დროს მესმოდა დგებუაძის ღრიალი, მივხვდი, იქვე, პოლიციის ეზოში იწევდა მზიაზე საცემად,“ – აღნიშნა ეთერ თურაძემ.

„ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა ყოფილა ირაკლი დგებუაძის, ან სხვა პოლიციელის მხრიდან?“ – ისევ იკითხა პროკურორმა.

„ირაკლი დგებუაძე მე ვერ დამირეკავდა, ის ვერ შემიშლიდა ხელს… მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალმა შეაგინა და დაემუქრა მისი ბარის მეზობლად მცხოვრებ ქალს, ეს ქალი შუაღამისას შეაწუხა ბარიდან გამოსულმა ხმაურმა და პოლიციას მიმართა. პოლიციელებს როცა არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ, ვიდეო გადაუღო.

ეს არის ირიბი ზეწოლა, პირადად ჩემთან ვერ გამოდის ირაკლი დგებუაძე კონტაქტზე, ეს თუ გაინტერესებთ,“ – უპასუხა პროკურორს ეთერ თურაძემ.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ჩვენება პროევროპული აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ეკა დავითაძემ მისცა. ისიც სილის გაწვნის ეპიზოდს შეესწრო:

„ეთერ თურაძე სვამდა კითხვებს, რატომ დააკავეთ? მზია ამაღლობელი კი არაფერს ამბობდა. მქონდა განცდა, რომ ის წინა დაკავების ეიფორიიდან არ იყო გამოსული. მზია იდგა ჩუმად, ძალიან დაღლილი სახით, მორალურად დაღლილი ადამიანი იდგა იქ…“-  უთხრა მოსამართლეს ეკა დავითაძემ.

ამ მოწმის თქმითაც, აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეურაცხყოფას არ აყენებდნენ, პირიქით, ნიღბიანი პოლიციელები აქციის ქალ მონაწილეებს აქეთ აგინებდნენ პოლიციის ჭიშკრის შიდა მხრიდან.

მზია ამაღლობელის საქმეზე შემდეგი პროცესი 14 ივლისს გაიმართება

  • რას ედავებიან მზია ამაღლობელს? 

მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

„მზია ამაღლობელის საქმეზე“ პროკურატურამ უკვე დაასრულა მოწმეების წარმოდგენა. პროკურატურა მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 მოწმის წარმოდგენას აპირებდა სასამართლოში, თუმცა პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. პროკურატურის მიერ ჩახსნილ მოწმეებს შორის იყო, მაგალითად, პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, რომ მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი“. მის დაკითხვაზეც პროკურატურამ უარი თქვა.

მანამდე კი, სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს. მაგალითად, დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს, მეორე მოადგილემ გიორგი ბჟალავამ კი თქვა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე 8 მაისს დაკითხეს. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის. „სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი დაუდგენია – ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი, სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.

მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მეორედ გაასამართლა. გაყალბებული ოქმის და საქმის მასალების მიუხედავად, მზია ამაღლობელს ჯერ მოსამართლე სალიხ შაინიძემ შეუფარდა 2 000 ლარი ჯარიმის გადახდა, შემდეგ კი, მოსამართლე მარიანა ფომაევამ დააჯარიმა 1000 ლარით.

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც მოსამართლე სალიხ შაინიძე დაეყრდნო. ამ ვიდეო ჩანაწერში არსად ჩანს მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს ვიდეო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგაა გადაღებული.

მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე შოთა სირაძემ.

მზია ამაღლობელის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 ივლისს, დღის პირველ საათზე განახლდება.

მთავარი ფოტო: 4 ივლისი, მზია ამაღლობელის პროცესი. ანა ჯანელიძის ილუსტრაცია

ამ თემაზე:

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

ახალი ფუნქციონალები ბიზნეს ინტერნეტბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა:

  • სიახლეების კატეგორია – ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას, სიახლეების კატეგორიაში დაწკაპუნებით, შესაძლებელია ციფრული ბანკის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება.
  • ამონაწერი რამდენიმე ანგარიშიდან -ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ექსელის ფაილით, 5 ანგარიშიდან ამონაწერი ერთდროულად, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით ჩამოტვირთონ.
  • ნაშთების ისტორიის შემოწმების ფუნქციონალი – ახლა უკვე ერთ სივრცეში შესაძლებელია ნებისმიერ თარიღში, ანგარიშის ნახვა ნებისმიერ ვალუტაში. ასევე, ნაშთების გაფილტვრა ანგარიშის და დასახელებების მიხედვით.
  • სახელფასო პროექტში ჩართვა – ბიზნეს ინტერნეტბანკიდან უკვე შესაძლებელია თანამშრომლების სახელფასო პროექტში ჩართვა და მათთვის სახელფასო ბარათების დამზადება. ამისათვის, შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და მონაცემების შევსება საკმარისია, რის შემდეგაც მომხმარებელს თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება.

თიბისიში, ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, სიახლეები მუდმივად ინერგება. უახლოეს მომავალში, ბიზნეს ინტერნეტბანკს კიდევ არაერთი განახლებულ ფუნქციონალი  დაემატება.

„მზიას პროექტებით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ“ – ეთერ თურაძე

დღეს, 4 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაცვის მოწმის სახით იკითხება „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე.

„რატომ უნდა იყოს მზია ამაღლობელი საპყრობილეში, ვერ ვხვდები.

მზია არის ადამიანი, რომლის განხორციელებული პროექტებით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ, არაერთი ობოლი და მიუსაფარი ბავშვის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ, თავისი ძალისხმევის შემდეგად მან შეძლო აჭარის არაერთ სოფელში შეეტანა ათასობით ლარის ღირებულების ლიტერატურა და ბავშვებისთვის, რომლებიც არასათანადო, არათანასწორ პირობებში ცხოვრობენ, ხელმისაწვდომი გახადა თანამედროვე ლიტერატურა.

მზია ამაღლობელი არის ადამიანი, რომელმაც შექმნა სივრცე კრიტიკული გამოხატვისთვის, განვითარებისთვის, მაშინ როცა ასეთი სივრცეები დიდი დეფიციტი იყო ქვეყანაში. ამ სივრცეებში მაშინ დადიოდნენ ადამიანები, რომლებიც ახლა მაღალჩინოსნები არიან, სისტემას წარმოადგენენ და არა მხოლოდ ამ სივრცეებში, არამედ ჩვენი რედაქციის ოფისშიც დადიოდნენ. როგორც ჩანს, ღირებულებები არ ყოფილა მათთვის მნიშვნელოვანი.

…ეს ყველაფერი ათწლეულების განმავლობაში შექმნა მზია ამაღლობელმა და თუ გაინტერესებთ, იმის დასადგენად, თუ რამდენად კრიმინალია ეს ქალი, შეგიძლიათ ნახოთ ადამიანები, ესაუბროთ, ჰკითხოთ, რა შეცვალა მან ამ ადამიანებისთვის.

მზია ამაღლობელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ყოველთვის, ახლა მისი მხედველობა არის კრიტიკულად მძიმე, მაგრამ ამ სასამართლოში ითხოვენ, რომ ის დარჩეს პატიმრობაში, იმიტომ, რომ ის არის თურმე საფრთხისშემცველი და შეიძლება განმეორებითი დანაშაული ჩაიდინოს“ – განაცხადა ეთერ თურაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ჩვენების მიცემისას.

სასამართლო სხდომა მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმში ამ წუთებშიც [17:20სთ, 4 ივლისი, 2025 წელი] გრძელდება.

  • რა ხდება? – მოკლედ

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

________________

ფოტოზე: მზია ამაღლობელი ხულოში, სოფელ დიდაჭარაში, პროექტ – „მოგზაური ბიბლიოთეკის“ განხორციელებისას, 2021 წელი.

მზია ამაღლობელი არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი და განმახორციელებელია. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო „მოგზაური ბიბლიოთეკა“ აჭარის მაღალმთიანი სოფლების სასკოლო ბიბლიოთეკების დასახმარებლად, რომელიც მზია ამაღლობელმა იაპონიის საელჩოსა და ქართული გამომცემლობების მხარდაჭერით განახორციელა.

2021 წელს „მოგზაურმა ბიბლიოთეკამ“ აჭარის 29 მაღალმთიან სოფელში 70 ათასი ლარის ღირებულების წიგნები მიუტანა სკოლის მოსწავლეებს, განახლდა 17 სასოფლო და 12 სასკოლო ბიბლიოთეკა, იმართებოდა თანამედროვე ქართველი მწერლების შეხვედრები და დისკუსიები ადგილობრივ ახალგაზრდებთან. „მოგზაური ბიბლიოთეკა“ ასევე აქტიურად იყო ჩართული კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაში.

თვალი ადევნეთ განახლებად ინფორმაციას მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან:

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი | Live განახლებადი ინფორმაცია

„მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას დგებუაძის და ბესელიას წინააღმდეგ“ – ეთერ თურაძე

დღეს, 4 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე.

დღეს დაცვის მოწმის სახით იკითხება „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე.

„ამ დარბაზში მივეცი ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ. ამ დარბაზში მივეცი ჩვენება სააკაშვილის კონტრდაზვერვის უფროსის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ“, – ასე დაიწყო მზია ამაღლობელის სასამართლოზე ჩვენების მიცემა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ.

თვალი ადევნეთ განახლებად ინფორმაციას მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომიდან:

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი | Live განახლებადი ინფორმაცია

მზია ამაღლობელის ადვოკატები ნინო წილოსანის გამოკითხვას ითხოვენ

„იმედი მაქვს, ეყოფა კეთილსინდისიერება და დათანხმდება გამოკითხვას, სხვა შემთხვევაში მივმართავთ სასამართლოს ცილისწამებისათვის,“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი ჯუბა ქათამაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანისგან მისსავე განცხადებებზე განმარტებებს ითხოვს.

საქმე ეხება ნინო წილოსანის მიერ 26 ივნისს ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას, როცა ნინო წილოსანმა მზია ამაღლობელს ბრალი დასდო.

„კაცის და ქალის ანტისტანდარტია, როდესაც მეორე ადამიანს ურტყამ სახეში. განსაკუთრებით, როდესაც მეორე ადამიანი შეიძლება იყოს პოლიციელი, რომელმაც ზუსტად იმ მოქალაქის უფლებები და მისი უსაფრთხოება უნდა დაიცვას და როდესაც ეს სახეში გარტყმა ხდება დაკვეთით, ფულის გადახდით, დაქირავებით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში“, – თქვა ნინო წილოსანმა.

დღეს, 4 ივლისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს მიმართა, მზია ამაღლობელის საქმეს დაურთოს ნინო წილოსანის ვიდეოკომენტარი და ადვოკატის მიმართვები ნინო წილოსანის გამოკითხვასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი და დააკმაყოფილებს თუ არა ადვოკატის შუამდგომლობას ნინო წილოსანის გამოკითხვასთან დაკავშირებით.

სხდომის დაწყებამდე ჯუბა ქათამაძემ ახსნა სასამართლოსთვის მიმართვის მიზეზი:

„ნინო წილოსანმა მზია ამაღლობელზე საუბრისას თქვა, თითქოს მზიამ სილა პოლიციის უფროსს „ფულის გადახდით, დაქირავებით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში“ გააწნა. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნინო წილოსანი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რადგან წილოსანმა მზია ამაღლობელს წაუყენა ბრალდება და ამაზე საჯარო კომენტირებისას მტკიცებით ფორმაში ისაუბრა.

ამიტომ, მე, როგორც მხარე, ბუნებრივია დავინტერესდი, მივმართე ნინო წილოსანს და შევთავაზე გამოკითხვა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მისთვის ცნობილია და რაზეც უკვე ისაუბრა.

ვიმედოვნებ, ქალბატონ ნინოს ექნება იმდენი კეთილსინდისიერება, რომ მოგვცეს განმარტება, თუ რა არის მის მიერ საჯარო სივრცეში გაჟღერებული ფაქტების წყარო.

ნინო წილოსანმა ჩემი მიმართვა სახლში ჯერჯერობით არ ჩაიბარა, თუმცა ჩაბარდა პარლამენტის აპარატს. ველოდებით მის პასუხს“, – თქვა ჯუბა ქათამაძემ, მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა.

ადვოკატის განმარტებით, ნინო წილოსანის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას, რადგან წილოსანი მტკიცებით ფორმაში საუბრობს ქმედების მოტივზე.

ამიტომ, თუკი ის, რასაც წილოსანი ამბობს, ცილისწამება არ არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მიმართ, მაშინ ნინო წილოსანი უნდა დასთანხმდეს გამოკითხვას.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი | Live განახლებადი ინფორმაცია

თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში. 

13:39 –  ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 4 ივლისს, მცირე დაგვიანებით დაიწყო მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. პირველ ეტაპზე დაცვის მხარე წარადგენს დასაბუთებას, თუ რატომ უნდა დაურთონ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიციური სამედიცინო ექსპერტის დასკვნა და რატომ უნდა დაკითხონ ექსპერტი სასამართლო სხდომაზე.

14:06 – პროკურორი იწყებს დასაბუთებას, თუ რატომ არ უნდა დაუშვან მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი ექსპერტის დაკითხვა.

14:14 – მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის ადვოკატების მოთხოვნა და სისხლის სამართლის საქმეს დაურთო სამედიცინო ექსპერტის დასკვნა. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს ექსპერტის დაკითხვის საშუალება ექნება.

14:18 მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს მიმართა, მზია ამაღლობელის საქმეს დაურთოს „ოცნების“ პარლამენტარის, ნინო წილოსანის ვიდეო-კომენტარი მზია ამაღლობელის შესახებ და ადვოკატის მიმართვები ნინო წილოსანის გამოკითხვასთან დაკავშირებით.

14:33 – მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ წარადგინა ცრუ მოწმე პოლიციელის, გოჩა ვანაძის სასამართლოზე მიცემული ჩვენება. გოჩა ვანაძე ამტკიცებდა, რომ მან დააკავა მზია ამაღლობელი. რეალურად კი მზია ამაღლობელი დააკავა გრიგოლ ბესელიამ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, რაც დასტურდება ვიდეომასალითაც.

14:48 სასამართლო სხდომაზე იკვლევენ ვიდეომტკიცებულებებს. ვიდეოკადრზე ჩანს, რომ პოლიციელი გოჩა ვანაძე, რომელიც ირწმუნება, რომ თითქოს მან დააკავა მზია ამაღლობელი 11 იანვარს სტიკერის გაკვრისათვის, შესასვლელ ჭიშკართან რჩება, ხოლო მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელებს შეჰყავთ პოლიციის შენობაში.

 15:17 – მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. შესვენების შემდეგ სხდომა მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.

15:50 – ბათუმის საქალაქო სასამართლოში განახლდა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა. მოწმის სახით დღევანდელ სხდომაზე იკითხება „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე.

15:55 – „აბაშიძის დროს ამ დარბაზში მივეცი ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ. ამ დარბაზში მივეცი ჩვენება სააკაშვილის დროს კუდის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ“ – ასე დაიწყო მზია ამაღლობელის სასამართლოზე ჩვენების მოცემა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ.

17:00 – ეთერ თურაძემ ჩვენების მიცემა დაასრულა. ჩვენებას აძლევს დაცვის მხარის მოწმე, ეკატერინე დავითაძე.

17:50 – სასამართლო სხდომა დასრულდა. ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა და პირველი კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ – https://www.facebook.com/batumelebi/videos/1113989823886175

ნახეთ ვიდეო, როგორ შეჰყავთ მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

________________________________

„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცა სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილება მედიას ეხება. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, „ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების გადაღებას, ფაქტობრივად, კრძალავს.

შესაბამისად, მედია ვეღარ შეძლებს სასამართლო სხდომების ფოტო, ვიდეო და აუდიომასალით გაშუქებას.

სულხან თამაზაშვილმა მიწა მიითვისა და სახლი უკანონოდ აიშენა – „გამჭვირვალობის“კვლევა და თამაზაშვილის პრესსამსახურის პასუხი

„აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2 887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს, 4 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სულხან თამაზაშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა. ის მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო იგი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასანქცირა.

სულხან თამაზაშვილს 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 248 კვ.მ შენობა ქონებრივ დეკლარაციებშიც დაუმალავს:

„სულხან თამაზაშვილმა სოფელ ქვედა სამებაში მდებარე ერთი – 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 248 კვ.მ შენობა-ნაგებობა თანასაკუთრებაში 2017 წლის 12 ოქტომბერს დაირეგისტრირა, თუმცა ამის შესახებ 2017, 2018, 2019, 2020, 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ მიუთითა. როგორც Google Earth-ის ორთოფოტოდან  ჩანს, ამ ნაკვეთზე მდგარი ძველი სახლი, სავარაუდოდ, 2020 წლის შემდეგ დაანგრიეს.

თამაზაშვილების სახლი არარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე – ფოტო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევიდან

თამაზაშვილმა 2020 და 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასევე არ ასახა 2019 წლის 7 მაისს მის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ქვედა სამებაში მდებარე მეორე – 2 498 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

სულხან თამაზაშვილმა მიწის ეს ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ 2022, 2023, და 2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახა, მაგრამ 25%-იანი წილის ნაცვლად შეცდომით მიუთითა 50%. სწორედ ამ ორი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 2 887 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც თამაზაშვილმა აწარმოა უკანონო მშენებლობა“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევას აჭარის მთავრობის პრესსამსახური წერილობითი კომენტარით ეხმაურება, სადაც წერენ, რომ სულხან თამაზაშვილის ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცხოვრობს რამდენიმე ათეული წელია:

„ თამაზაშვილების ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცხოვრობდა და ცხოვრობს უკვე დაახლოებით ხუთი თაობის განმავლობაში.ოჯახი მრავალი წელია დასახლებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე და ეს ფაქტი ადგილობრივი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი. საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 1990-იან წლებში აშენდა და მამის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო სამ შვილს საკუთრებაში 25-25%-იანი წილები აქვთ.“

მთავრობაში ასევე ირწმუნებიან, რომ სახლი არარეგისტრირებულ მიწაზე არ მდებარეობს და მიწა სრულად არის დარეგისტრირებული სახელმწიფო სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში.

„პროგრესი არ არის“ – ტრამპი პუტინთან დიალოგის შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესი არ მოჰყოლია.

ტრამპმა ვაშინგტონში, საჰაერო ძალების ბაზაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა ომი უკრაინაში და ირანში არსებული სიტუაცია.

„მე ვერ მივაღწიე მასთან ვერანაირ პროგრესს“ – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ შეერთებული შტატები კიევისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს და „ცდილობენ უკრაინის დახმარებას“.

„ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საკმარისი რაოდენობით გვაქვს [იარაღი]“, – აღნიშნა ტრამპმა.

კრემლის ცნობით, პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 3 ივლისს თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.

ბრიტანული გამოცემის, „ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, ტრამპი დღეს, 4 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

__________

დონალდ ტრამპი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YURI GRIPAS

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 024 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
  • ტანკი – 10 988 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 946 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 29 865 ერთეული [+50]
  • MLRS – 1 428 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 191 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 420 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 43 303 ერთეული [+205]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 436 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 53 999 ერთეული [+112]
  • სპეცტექნიკა – 3 925 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 66 978 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 124 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 573 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 910 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 637 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„რუსეთს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„ამდენი ხანია ერთი ნაბიჯი ვერ გადადგა რუსეთმა, არანაირი წინსვლა არ აქვს – თავდაცვაზეა გადასული ამხელა ქვეყანა,“ – ამბობს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. მისი დაკვირვებით, რუსეთ-უკრაინის ომის ბედი ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთ-უკრაინას შორის ვინ გამოიფიტება პირველი.

ამჯერად უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებების ნაწილს აშშ აღარ აწვდის. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ტრამპის პოლიტიკა გაუგებარია და ამერიკული აღჭურვილობის ჩანაცვლება რთული, მაგრამ „უკრაინის დამარცხება არ გამოვა“.

პოლკოვნიკი ამბობს,  რომ ომის დასრულებას შესაძლოა 2-3 წელი დასჭირდეს, მაგრამ ამ ომიდან გამოსული უკრაინა განსაკუთრებულად გაძლიერდება.

„რუსეთი ცდილობს, რამენაირად დაიყოლიოს უკრაინა და მისი მეკავშირეები – ტერიტორიები, რაც ოკუპირებული აქვს, დაუკანონონ. ვფიქრობ, ეს შეუძლებელია. ყველა ინდიკატორი, რასაც ვაკვირდებით, აჩვენებს, რომ რუსეთი მიდის გამოფიტვის გზაზე,“ – მიიჩნევს  პოლკოვნიკი.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილეა.

  • ბატონო ლაშა, რა ხდება ამჯერად ფრონტის ხაზზე? რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს ოდესაზე, იყო სარაკეტო თავდასხმებიც… 

ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, ძირითადად დარტყმებია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე ზურგში. რუსები  ცდილობენ დაარტყან სუსტ ადგილებში უკრაინას. ამით წარმატებას ვერ აღწევენ, მაგრამ ზიანს აყენებენ.

რუსები ამჯერად ცდილობენ ცოცხალი ძალის მობილიზებას ძირითადად ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთიდან, აფრიკის ქვეყნებიდან რეკრუტირებული ხალხის ხარჯზე.

  • რა გათვლა აქვს ამით რუსეთს? ცოცხალი ძალის პრობლემა მას აქამდეც არ ჰქონდა.

არ არის ასე, ცოცხალი ძალის პრობლემაც აქვს რუსეთს.

რუსეთი ცდილობს, რამენაირად დაიყოლიოს უკრაინა და მისი მეკავშირეები – ტერიტორიები, რაც ოკუპირებული აქვს, დაუკანონონ. ვფიქრობ, ეს შეუძლებელია.

რუსეთს ასევე უნდა, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. რუსეთის პირობები კაბალურია და არარეალისტური.

  • ტრამპმა უკრაინას რამდენიმე სახეობის იარაღის მიწოდება შეუჩერა. როგორ აისახება ეს რუსეთ-უკრაინის ომზე? 

ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია. ეს გარკვეულ გავლენას იქონიებს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქამდე უკრაინამ მოახერხა დიპლომატიური გზებით ამერიკის დახმარების შემცირების დაბალანსება ევროპელების ხარჯზე. ახლა ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება დაბალანსება.

  • ტრამპის მოტივაცია რა არის, თქვენი აზრით? 

არ ვიცი. ძალიან გაუგებარია ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა. ერთი მხრივ, ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით, რომ უკრაინის დამარცხება არ გამოვა, მეორე მხრივ კი, ცდილობენ პუტინს აამონ და კუთხეში არ მიამწყვდიონ – ცდილობენ, რომ არ დამარცხდეს რუსეთი.

არ იკვეთება ტრამპის ადმინისტრაციის ნათელი სტრატეგია: ზუსტად რა უნდა და რის მიღწევას ცდილობს აშშ.

  • ამის შედეგია, რომ ასე გააქტიურდა სარაკეტო შეტევები უკრაინაზე რუსების მხრიდან? 

კონკრეტულ გააქტიურებას ამას ვერ დავუკავშირებთ, მაგრამ საჰაერო თავდაცვის შემცირების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძირითადი დაზიანება ბრძოლის ველზე კი არ ხდება, არამედ სამოქალაქო მოსახლეობა ზიანდება – სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგები იზრდება.

აშშ-მ ამ ეტაპზე ჯერჯერობით შეუჩერა უკრაინას გარკვეული სახის საბრძოლო მასალების მიწოდება, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. არის ვერსია, რომ აშშ-ს ფიზიკურად გამოელია.

ამ ვერსიის არ მჯერა, თუმცა ამას დრო გვიჩვენებს.

ჩემი აზრით, ტექნიკურად ცდილობენ ამერიკელები, რომ უკრაინამ არ მიიღოს იმდენი დახმარება, რომ გადავიდეს შეტევით, ან აგრესიულ მოქმედებებზე.

რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ომი გრძელდება ნელი ტემპით.

  • რატომ შეიძლება ეს აწყობდეს ამერიკას? ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება რუსეთ-უკრაინის ომის რამდენიმე დღეში დასრულება იყო…

გაუგებარია, რა სურს ტრამპს, ძალიან ძნელია, ამის გაგება. ფაქტია, რომ ძალიან არათანმიმდევრულია ამერიკის პოლიტიკა უკრაინასთან და ევროპასთან მიმართებით.

აშშ-მ, ერთი მხრივ, თავის შედეგს მიაღწია, როცა ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის დაფინანსება გაზარდეს 5%-მდე, თუმცა მეორე მხრივ, ვერაფერს მიაღწიეს რუსეთთან – ნულია პროგრესი და მოლაპარაკების რესურსი. რა ვარიანტიც არ მოსინჯა ამერიკამ, დახვდა ყრუ კედელი – პუტინს მხოლოდ კაბალური პირობები აქვს, რომელსაც უკრაინა და ევროპელი მეკავშირები, არც აშშ არ დაეთანხმება.

ასე რომ, გრძელ ომთან გვაქვს საქმე. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კიდევ ბევრი დრამატული გადახრა იქნება.

  • უშვებთ, რომ აშშ შესაძლოა რუსეთის მოკავშირე გახდეს? 

არა, არანაირად და ვერანაირად ეს არ მოხდება.

  • ნატოს ბოლო სამიტზე რა გამოჩნდა? ტრამპმა ხაზი გაუსვა მსხვერპლის რაოდენობას და თქვა, რომ დაელაპარაკება პუტინს.

რა შეიცვლება? ცეცხლის შეწყვეტის რესურსი არ არსებობს. არსებობდა ამის შესაძლებლობა, ცეცხლი შეეწყვიტათ გარკვეული წინაპირობების გარეშე, მაგრამ ამაზე პუტინმა უარი თქვა. მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზეა შესაძლებელი მოლაპარაკება, როგორიცაა, მაგალითად, ტყვეების გაცვლა.

  • როგორც წინა ინტერვიუში გვითხარით, თქვენ ისევ ელოდებით გამოფიტვას – რომელი გამოიფიტება პირველი?

დიახ, ასეა. გამოფიტვის პროცესს ვუყურებთ ჩვენ ახლა. ყველა ინდიკატორი, რასაც ვაკვირდებით, აჩვენებს, რომ რუსეთი მიდის გამოფიტვის გზაზე. ამ პროცესს ალბათ დასჭირდება 2-3 წელი, შეიძლება მეტიც.

  • რაში ატყობთ რუსეთის გამოფიტვას? 

ამდენი ხანია ერთი ნაბიჯი ვერ გადადგა რუსეთმა, არანაირი წინსვლა არ აქვს – თავდაცვაზეა გადასული ამხელა ქვეყანა. ტერიტორიის შიგნით ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, თავდასხმებიც ხდება, ეკონომიკურად კი, ნელ-ნელა უწევთ გარკვეული სეკვესტრი იმის მაგიერ, რომ რაღაც გაზარდონ. ვერ უძლებს ეკონომიკა ამხელა დაწოლას – რუსეთს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს მალე.

  • პუტინის თქმით, რუსეთი თავდაცვის ხარჯების შემცირებას გეგმავს, რუსი ბანკირები და ფინანსისტები კი გაუარესებულ ეკონომიკურ ვითარებასა და ქვეყანაში ფინანსური კრიზისის გაზრდილ რისკებზე საუბრობენ. რაზე მიუთითებს პუტინის ეს განაცხადი?

დიახ, ეს ასახავს რეალობას, ამდენი წელი ქვეყანაში ომია.

რუსეთში უზარმაზარი მოსახლეობაა უზარმაზარი პრობლემებით, ამ დროს კი, მთელი ფული ფაქტობრივად მიდის ომში. აქამდე უძლებდა ამას რუსეთის ეკონომიკა: დიდი რეზერვებია, შავი ფული ტრიალებს, მაგრამ უკვე ნათლად ჩანს, რომ ვეღარ უძლებს. ვნახოთ, სადამდე წავლენ.

  • როგორია ნატოს მომავალი – რა გამოჩნდა ნატოს მორიგი სამიტიდან? ტრამპმა ჰააგის სამიტზე რეპორტიორებს განუცხადა, რომ იგი მხარს უჭერს NATO-ს მე-5 მუხლს კოლექტიური თავდაცვის შესახებ და დაამატა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების დასაცავადაც მზად არის. 

მე-5 მუხლი არც ყოფილა სადავო. ეს მხოლოდ ტრამპის პოლიტიკური განაცხადი იყო, რომელიც ახლა 180 გრადუსით შემოატრიალა, როცა დაინახა, რომ თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწია: ევროპელებმა ვალდებულება აიღეს 5%-მდე გაზარდონ თავდაცვის დაფინანსება.

რეალობა ისაა, რომ შესაძლოა სერიოზულ ევროპულ ძალასთან გვექნება საქმე, თუმცა სტრატეგიული სამხედრო მრეწველობა ძირითადად მაინც ამერიკის სამხედრო მრეწველობაზეა დამოკიდებული. სტრატეგიული კომუნიკაცია, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ბევრი სხვა სისტემა ფუნდამენტურად ამერიკული წარმოებისაა, შესაბამისად, ევროპელებს მოუწევთ მისი შესყიდვა, ან სხვა სახით მოლაპარაკება, რომ ეს სისტემები მიიღონ და ჰქონდეთ საკუთარი თავდაცვა.

ამერიკული ხარისხი ამ კუთხით გამორჩეულია და ევროპელებს დიდი დრო დასჭირდებათ ჩანაცვლებისთვის. შესაბამისად, ეს ამერიკის ეკონომიკაზე აისახება დადებითად და ეს კარგად იცის ტრამპმა.

არ ვვარაუდობ, რომ ნატო დაიშლება, მაგრამ შეიქმნება ალტერნატიული, ევროპული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მარტო ნატოზე არ იქნება დამოკიდებული. თუ ტრამპიზმი გაგრძელდება აშშ-ში, ეს გარდაუვალი პროცესი იქნება ევროპაში.

  • რამდენად ახერხებს ამ ვითარებაში უკრაინა თავად განავითაროს სამხედრო მრეწველობა? 

უკრაინა აქტიურად ავითარებს საკუთარ სამხედრო მრეწველობას – ბევრი რაღაც უკვე უკრაინაში იწარმოება და ეფექტურად იყენებენ კიდეც, მათ შორის, უკრაინული წარმოების რაკეტებს, ასევე საჰაერო თავდაცვის საშუალებებს. უკრაინელებს ბევრი ნოუ ჰაუ აქვთ –  ახალი გამოგონება.

რუსეთ-უკრაინის ომი ფუნდამენტურად ცვლის უკრაინას და ფუნდამენტურად შეცვლის ევროპულ კონტინენტს. ამ ომის შემდეგ უკრაინა იქნება ძალიან ძლიერი, შესაბამისად, ანგარიშგასაწევი ქვეყანა ძლიერი ჯარით და ძლიერი სამხედრო მრეწველობით.

  • ძლიერდება უკრაინა ისე, რომ უახლოეს პერსპექტივაში შეიძლება მან შეძლოს გარდატეხის შეტანა ამ ომში?

არა. ამ ომში გარდატეხას ვერაფერი ვერ შეიტანს მნიშვნელოვნად. არანაირი შეიარაღება არ არსებობს დედამიწაზე, რომელიც სწრაფ გარდატეხას შეიტანს ამ ომში.

ამ ომში  გარდატეხას შეიტანს ის, რომ რუსეთი დაიღლება და აღარ შეეძლება მასიური ოპერაციების გაგრძელება და ნელ-ნელა მოუწევს ტერიტორიების დათმობა. ეს მას მოუწევს ნელ-ნელა თუ სწრაფად ჩამოიშლება – ტაქტიკური საკითხია, გამიჭირდება ამის წინასწარმეტყველება, მაგრამ რუსეთი რომ ამ ომში დამარცხდება და უკან დაიხევს, ეს გარდაუვალია.

  • რა გათვლა აქვს პუტინს, თქვენი დაკვირვებით? 

არ ვიცი, რაციონალური აზროვნება რუსეთის  მოქმედებაში არ აისახება. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთს დააშანტაჟებდა, დაათმობინებდა, მაგრამ ამ დათმობას ვერ ვხედავთ.

შს მინისტრის მამამ 18 წლის ბიჭს ესროლა და საპროცესოთი გაუშვეს – სილის გაწვნის გამო ამაღლობელს 7 წლამდე სჯიან?

შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის პოლიციელმა მამამ 18 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პროკურატურამ დავით გელაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და პირობითი მსჯავრი დააკისრა.

სამაგიეროდ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ჟურნალისტს და მედიამენეჯერს – მზია ამაღლობელს სილის გაწვნისთვის.

ორი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის უსამართლობას:

  1. შს მინისტრის მამა, როცა მან ეს დანაშაული ჩაიდინა, კრიმინალური პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი იყო და დანაშაულის ჩადენის შემდეგ – ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 18 წლის ბიჭის დაჭრა – შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით გელაძე სასამართლომ 15 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, მზია ამაღლობელი კი, უკვე 6 თვე უკანონო პატიმრობაშია.

2.  შს მინისტრის მამა – დავით გელაძე სსკ-ი ს 117-ე მუხლით გასამართლდა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას – ზუსტად იმდენს, რამდენსაც ითვალისწინებს პოლიციელზე თავდასხმის მუხლი. მზია ამაღლობელისგან განსხვავებით, დავით გელაძე ციხეში არ გაუშვიათ – მას საპროცესო გაუფორმეს და 3 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდეს 15- ათასლარიან ჯარიმასთან ერთად.

  • რა მოხდა? 

საუბარია 2013 წლის 26 მაისს თბილისში მომხდარ შემთხვევაზე: კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანმა – დავით გელაძემ ქუჩაში 18 წლის გიგი სვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დაჭრა. პოლიციის მაღალჩინოსანი მიიმალა.

დაკავებული დავით გელაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 14 ივნისს გაათავისუფლა გირაოს საფუძველზე. რა ეწერა ამ დღეს სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში?

„…დაახლოებით ღამის 22:30 წუთზე, გიგი ს. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რა დროსაც მათ, ნელი სვლით, სამსახურებრივი ავტომანქანით გვერდით ჩაუარა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ. ამ უკანასკნელმა უკმაყოფილება გამოთქვა გიგი ს. და მისი მეგობრების მიმართ ავტომანქანის გაღებული კარის გამო, რომელიც ხელს უშლიდა გადაადგილებაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ.

გიგი ს. ფეხით დაედევნა გელაძის მანქანას და გაჩერება მოსთხოვა. დავით გელაძემ ავტომანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ცეცხლსასროლი იარაღით  გიგი ს.-ს მიმართულებით მოახდინა ერთი გასროლა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მარჯვენა მხრის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ გელაძე, მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან,“ – აღნიშნავდა სასამართლო.

აქვე სასამართლო მიუთითებდა, რომ ბრალდებულის დაკავება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, „რაც წარმოადგეს დაკავებულის დაუყონებლივ გათავისუფლების საფუძველს“.

„პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, წარსულში არ არის ნასამართლევი და წლების განმავლობაში მუშაობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე,“ – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ხედავთ, ხაზგასმულია დღეს მოქმედი შს მინისტრის მამის თანამდებობა, თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი იყო 18 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული და ეს პოლიციის მაღალჩინოსანი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა.

დავით გელაძე სასამართლომ ჯერ გირაოთი გაათავისუფლა, შემდეგ კი, მასთან პროკურატურამ 2014 წელს საპროცესო შეთანხმება გააფორმა. დავით გელაძეს 3 წლით პირობითი მსჯავრი დაედო და 15 ათასი ლარი ჯარიმა. ის ციხეში არ გაუშვიათ.

  • რას იხსენებენ ამ საქმის მონაწილეები დღეს? 

„დამჭრა და წავიდა, კი“, – უთხრა გიგი სვანმა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, რომელმაც 2013 წელს მომხდარ შემთხვევაზე  – შს მინისტრის მამის მიერ ჩადენილ კრიმინალზე, რომელსაც მხოლოდ პირობითი მისცეს – ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა.

დაზარალებული მოქალაქის, გიგი სვანის თქმით, იგი დაჭრის შემდეგ კლინიკაში მეგობრებმა გადაიყვანეს. მას ორი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი – გელა გელაძე, ასევე მისი მამა – დავით გელაძე და პროკურატურა დღეს აღარ პასუხობენ შეკითხვას: როგორ მოხერხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ასეთ მძიმე შემთხვევაზე – როცა პოლიციის მაღალჩინოსანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 18 წლის ბიჭს ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა?

„ნახეთ, დღეს დავითი ნასამართლეობის არმქონეა. რაც შეეხება 2013 წლის მაგ სამწუხაროდ ფაქტს, ოჯახურ ტრაგედიასთან იყო დაკავშირებული და კანონის სრული უზრუნველყოფით წარიმართა პროცესები,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ.

„წერია იქ ყველაფერი და გაეცანით,“ – მხოლოდ ეს უპასუხა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს თავად დავით გელაძემ.

ის დღეს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს.

„ნოდარ მელაძის შაბათმა“ მოახერხა გიგი სვანის ბებიასთან გასაუბრებაც: მანანა ბურჭულაძის თქმით, პოლიციის მაღალჩინოსანმა დაჭრამდე მისი შვილიშვილი ლამის ავტომანქანით გაიტანა.

„რაა ბიძია, მკლავო? დაუძახია. გადმომხტარა მთვრალი მანქანიდან, შიზოიდია ეს კაცი და როგორ არის თანამდებობაზე ძალიან მიკვირს და ესროლა,“ – უყვება ჟურნალისტს გიგი სვანის ბებია.

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და 2013 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამ შემთხვევას საზარელ დანაშაულს“ უწოდებდა.

„ის საზარელი დანაშაული, რაც მომხდარია მოქალაქე სვანის წინააღმდეგ, ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და შეძრა საზოგადოება,“ – ამბობდა 2013 წელს თეა წულუკიანი.

ამ „საზარელი დანაშაულის“ ჩამდენ პოლიციის მაღალჩინოსანს პროკურატურამ მხოლოდ პირობითი მსჯავრი და ჯარიმის გადახდა დააკისრა. იგივე პროკურატურა კი, სილის გაწვნის ფაქტზე დაკავებულ მზია ამაღლობელისთვის თავისუფლების აღკვეთით დასჯას ითხოვს 4-დან 7 წლამდე.

  • რას ედავებიან მზია ამაღლობელს? 

მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

„მზია ამაღლობელის საქმეზე“ პროკურატურამ უკვე დაასრულა მოწმეების წარმოდგენა. პროკურატურა მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 მოწმის წარმოდგენას აპირებდა სასამართლოში, თუმცა პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. პროკურატურის მიერ ჩახსნილ მოწმეებს შორის იყო, მაგალითად, პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, რომ მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი“. მის დაკითხვაზეც პროკურატურამ უარი თქვა.

მანამდე კი, სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს. მაგალითად, დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს, მეორე მოადგილემ გიორგი ბჟალავამ კი თქვა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე 8 მაისს დაკითხეს. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის. „სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი დაუდგენია – ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი, სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.

მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მეორედ გაასამართლა. გაყალბებული ოქმის და საქმის მასალების მიუხედავად, მზია ამაღლობელს ჯერ მოსამართლე სალიხ შაინიძემ შეუფარდა 2 000 ლარი ჯარიმის გადახდა, შემდეგ კი, მოსამართლე მარიანა ფომაევამ დააჯარიმა 1000 ლარით.

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც მოსამართლე სალიხ შაინიძე დაეყრდნო. ამ ვიდეო ჩანაწერში არსად ჩანს მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს ვიდეო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგაა გადაღებული.

მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე შოთა სირაძემ.

მზია ამაღლობელის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 ივლისს, დღის პირველ საათზე განახლდება.

ამ თემაზე:

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

 

აუცილებელია ოპოზიციამ და საზოგადოებამ ილაპარაკოს ერთი ხმით – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ამ ეტაპზე ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში ვართ, როცა რეჟიმი ცდილობს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს არამხოლოდ მედიასაშუალებები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციური სპექტრი“ – ასე აფასებს გერმანიაში მცხოვრები პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე დღევანდელი საქართველოს რეალობას.

პოლიტოლოგის შეფასებით, „მხოლოდ პროტესტში მყოფი საზოგადოების და ოპოზიციის ენერგიების გაერთიანების საშუალებით შეიძლება ბრძოლა, რომ ერთ დღეს რეჟიმმა ამ ზეწოლას ვეღარ გაუძლოს, როგორც ქვეყნის შიგნიდან ასევე ქვეყნის გარედან“. 

„ბათუმელები“ პოლიტოლოგს საქართველოში არსებულ პროტესტსა და პოლიტიკურ კრიზისზე ესაუბრა.

  • ბატონო მიხეილ, „ოცნება“ კიდევ უფრო ამკაცრებს კანონებს, ეს ნიშნავს კიდევ მეტ ჯარიმას, მეტ პატიმრობას, ცვლის ნარკოპოლიტიკას, რვა ოპოზიციონერი, მათ შორის ლიდერები დაიჭირეს, გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, მათ შორის არის ჟურნალისტი, მასწავლებელი, მსახიობი… რა რეალობა დადგა დღეს საქართველოში, პირდაპირ სახელი რომ დავარქვათ?

ეს რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ საქართველოში, თუნდაც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები, არის ქვეყნის გარდაქმნა დემოკრატიიდან ავტოკრატიად. დემოკრატიის უკუსვლა უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს, ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურობაში. პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება იმ ე.წ. კომისიის თუ სხვა მეთოდების მეშვეობით, რეალურად არის იმ ფაზების გავლა, რომელსაც მაგალითად დემოკრატიული ქვეყანა გადის, სანამ გარდაიქმნება საბოლოოდ ავტოკრატიულ მმართველობად.

თუ ამას თეორიულ დონეზე შევხედავთ, რამდენიმე ფაზა არსებობს. პირველად ყველაფერი იწყება დემოკრატიული უკუსვლით, ძირითადი უფლებების შეზღუდვით, რასაც განვიცდით მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, ეს ომი იყო კატალიზატორი, რათა საბოლოოდ გამოეაშკარავებინა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება დემოკრატიული პრინციპებისა და საქართველოს მიმართ.

ამ ეტაპზე ვართ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში, როცა რეჟიმი ცდილობს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს არამხოლოდ მედიასაშუალებები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციური სპექტრი. რეალურად ხდება შიდა პოლიტიკური ველის გაწმენდა, რასაც ახორციელებს ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მეშვეობით. ამ ყველაფრის მიზანია, დაანახოს მსოფლიოს, რომ რეალურად „ქართული ოცნება“, მის მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტია ერთადერთია, რომელთან ურთიერთობასაც სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. სწორედ ეს წარმოადგენს ივანიშვილის მთავარ მიზანს და ამიტომ ჩვენ დემოკრატიული უკუსვლიდან უკვე გადავედით კონსოლიდაციის ფაზაში.

რეჟიმის კონსოლიდაცია ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე იქნება ბოლოსწინა ფაზა, სტაბილიზიაციამდე. რეჟიმის სტაბილიზაციის ფაზაში მივიღებთ მდგომარეობას, როცა რეალურად რეჟიმის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად აღარ იარსებებენ, ან თუ იარსებებენ – იატაკქვეშეთში ან საზღვარგარეთ. რეალურად, საქართველოში ივანიშვილს ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგე აღარ ეყოლება.

ეს არის მიზანი გაასუფთაოს პოლიტიკური ველი მოწინააღმდეგეებისგან და როგორც ავტორიტარულ ქვეყნებშია ის იყოს ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივა.

  • მიუხედავად ამ ვითარებისა, ისევ რისკებზე ვსაუბრობთ, თუ უფრო მკაფიოდ ვარქმევთ უკვე სახელს? 

რისკებზე საუბარი უკვე ზედმეტია.

ადამიანების, პოლიტიკური ლიდერების იქნება თუ რამდენიმე ათეული აქტივისტის ფიზიკური არსებობაა სასწორზე. უკვე ფიზიკური არსებობის რისკებზე ვსაუბრობთ.

აქ არ არის მხოლოდ საქართველოს ავტოკრატიად გარდაქმნის რისკი, რადგან ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და კონსოლიდაციის ფაზაშია, რეალური მიზანია, რომ საქართველო გრძელვადიან პერსპექტივაში გახდეს საერთაშორისო ავტორიტარული ალიანსის ნაწილი და ამ ყველაფერს შეუძლია ხელი შეუშალოს რეალურად გაერთიანებულმა ბრძოლამ ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოში „ქართული ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის რუსეთის თუ სხვა აქტორების დავალებით.

  • გაერთიანებულ ბრძოლაში რას გულისხმობთ, უფრო ზუსტად რომ გვითხრათ, რადგან ამ საკითხზეც არის დისკუსია საზოგადოებაში.

პირველ რიგში ვგულისხმობ თანხვედრას ოპოზიციურ ფლანგს და ქართულ საზოგადოებას შორის.

თუკი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, მხარს უჭერს დემოკრატიას, იგივე იდეას უჭერს მხარს ქართული ოპოზიციური ფლანგის დიდი ნაწილი. ჩემთვის მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის, რომ თანხვედრას ვერ ხედავს საზოგადოება ოპოზიციასთან და არ მიიჩნევს მას საკუთარი ინტერესების წარმომადგენლად.

ჩემი გადმოსახედიდან, ამ ყველაფერს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი გააჩნია. ეს არის პირველ რიგში ის, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებას, მწირი ინფორმაცია გვაქვს, თუ რატომ ვერ ახერხებს ქართული ოპოზიცია ერთიანი ხმით საუბარს, გაუგებარია, თუ რატომ ვერ ახერხებს ქართული ოპოზიცია 24-საათიან განუწყვეტლივ რეჟიმში მუშაობას, საინფორმაციო კამპანიის წარმოებას და კავშირების გაძლიერებას საზოგადოებასთან.

პირველ რიგში, რაც გვჭირდება საზოგადოებას, ეს არის ოპოზიციის გეგმა ქვეყნის აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირებით. თუმცა ეს გეგმა ბუნებაში არ არსებობს, როგორც ვხედავთ, რადგან ოპოზიცია რეალურად არ არის გაერთიანებული, მათ შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა თუნდაც არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

  • ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ მიუხედავად უწყვეტი პროტესტისა, გვესმის შეფასებებიც, თითქოს ეს პროტესტი საკმარისად მძლავრი არ არის?

ჩემი აზრით, რომ არ არსებობდეს ეს უწყვეტი პროტესტი ძალიან გაუჭირდებოდა იგივე დასავლეთს, არ აღიარების პოლიტიკა არ შეეცვალა, რადგან ზუსტად ეს პროტესტი, თუნდაც არ იყოს დიდი რაოდენობის ადამიანების შეკრება, ჩვენს პარტნიორებს ზუსტად ანახებს, რომ საზოგადოებაში არსებობს ქართული ოცნების ავტოკრატიული რეჟიმის მიმართ პროტესტის მუხტი და ადამიანები არ ეგუებიან იმ უსამართლო რეალობას, რომელსაც ქმნის „ქართული ოცნება“.

ჩვენ ამავდროულად ვხედავთ, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ აპროტესტებენ „ოცნების“ ქმედებებს და ოპოზიციას შორის არ არსებობს რაღაც ბუნებრივი შეთანხმება, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს საპროტესტო ტალღა, რადგან მხოლოდ ამ ენერგიების გაერთიანების საშუალებით შეიძლება ბრძოლა და წინ წასვლა, რომ ერთ დღეს რეჟიმმა ზეწოლას ვეღარ გაუძლოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – ქვეყნის გარედან.

თუ რეჟიმი შეძლებს, რომ ადამიანებმა აღარ გააპროტესტონ ავტოკრატიული პოლიტიკა, ოპოზიციამ აღარ იარსებოს ქვეყანაში, მაშინ რეალურად კიდევ უფრო გაჭირდება სამომავლოდ ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება.

სწორედ ამ ავტორიტარიზმის ფაზაში, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში თუ მან შეძლო სტაბილიზაცია, კიდევ უფრო გაჭირდება, რადგან ჩვენ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გვყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც მათ შორის ქუჩაში თუ სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით აპროტესტებენ ავტოკრატიას. ჯერ კიდევ არსებობს ასე თუ ისე თავისუფალი მედიასაშუალებები და შემდეგ ფაზაში ეს ყველაფერი უკვე აღარ იარსებებს.

  • და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ კიდევ იმისთვის, რომ „ოცნება“ ამ შემდეგ ფაზაში ვერ გადავიდეს, ან რა უშლის ხელს ამ თანხვედრას?

ამას ხელს უშლის ქართულ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და უნდობლობა ზოგადად პოლიტიკის მიმართ, რადგან ადამიანები არ ენდობიან პოლიტიკოსებს, მათ შორის იმ სახეებს, რომლებსაც დიდი ხანია ტელეეკრანებზე ხედავენ. პირველ რიგში, ეს არის უნდობლობა პოლიტიკის მიმართ.

საზოგადოების ნაწილს ალბათ მაინც ურჩევნია შეეგუოს ამ ეტაპზე იმ ე.წ. მოჩვენებით სტაბილურობას, რაც არსებობს ქვეყანაში, თუმცა მათ დიდ ნაწილს არ სურს რეალურად თვალი გაუსწოროს რეალობას, თუ რა ელოდებათ მომავალში სწორედ რეჟიმის ამჟამინდელ მხარდამჭერებს, რომლებიც ეხმარებიან რეჟიმს ამ კონსოლიდაციის პროცესში, მათ შეექმნებათ პრობლემები, მათ ოჯახის წევრებს, მათ შვილებს, რადგან ისინი ვეღარ შეძლებენ უცხოეთში სწავლას, ვეღარ შეძლებენ თავისუფლად საკუთარი აზრის გამოხატვას, კარიერულ წინსვლას და განათლების მიღებას თავისუფალ გარემოში, რადგან ამისთვის არსებული წინაპირობები არ იარსებებს.

უნდობლობის შემდეგ, მეორე რიგის პრობლემაა უკუკავშირი ოპოზიციასა და მოსახლეობას შორის. საქართველოს რეგიონებში მე ვერ ვხედავ და ვერც არჩევნებამდე ვხედავდი, რომ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებდა ქართული ოპოზიცია იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც იყო არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ.

ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ოპოზიციური ფლანგი მცდელობის მიუხედავად ვერ ერთიანდება,მათი პირდაპირი მოვალეობაა პირადი ინტერესები გვერდზე გადადონ და დაანახონ საზოგადოებას, რომ იაზრებენ მდგომარეობის სიმძიმეს.

ამასობაში ოპოზიციის ლიდერები უკვე დაპატიმრებულები არიან, მაგრამ პარტიები განაგრძობენ არსებობას და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, შეეცადონ მაინც, ერთიანი ფრონტით, ღია საკომუნიკაციო არხებით და მოსახლეობასთან მაქსიმალურად აქტიური კავშირით გაგრძელონ წინააღმდეგობრივი მოძრაობა.

სხვა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ შეძლებს მიაღწიოს საკუთარ მიზანს.

  • რამდენიმე მიმდინარე საკითხიც რომ განვიხილოთ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიდიან ადამიანები, ესენი არიან ის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ევროინტეგრაციის საკითხებზე. ასევე, ელჩებთან დაპირისპირებასაც არ ერიდებიან „ოცნების“ დეპუტატები…

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტრო, ერთ-ერთი მაგალითია, რომ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში ვართ. ანუ ხდება სისტემის გაწმენდა დემოკრატებისგან საჯარო სექტორში, რომლებიც არ ეგუებიან და თვალს არ ხუჭავენ ავტოკრატიის დამყარებაზე ქვეყანაში.

ეს ადამიანები არიან, ძირითადად, მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას და არა პარტიას და „ოცნების“ მიზანია, რომ ჰყავდეს მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან პარტიას და არა ქვეყანას, რაც რეალურად არ არის დიპლომატების ფუნქცია. ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყანას.

დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ე.წ. რეორგანიზაციით მოიშორეს ის ადამიანები თავიდან, რომლებმაც გასული წლის შემოდგომაზე საკუთარი მოქალაქეობრივი და ამავდროულად სახელმწიფოებრივად ერთადერთი სწორი პოზიცია დააფიქსირეს, როცა მთავრობამ შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირთან.

მაგალითად, გერმანიაში, საქართველოსთვის მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სახელმწიფოში, საქართველოს ელჩი არ ჰყავს და ამ დროს გერმანიის ელჩს საქართველოდან გაძევებით ემუქრებიან.

  • წულუკიანის კომისია მუშაობას აგრძელებს. თუ ხვალ უფრო მძიმე ვითარება გვექნება, იმის გათვალისწინებითაც, რომ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები გრძელდება, მედია სასამართლოში კადრების გადაღებას ვეღარ შეძლებს და ასე შემდეგ … „ოცნება“ საერთოდ არ განიხილავს, რომ ერთ მშვენიერ დღის ხალხი გაბრაზდება და უფრო მეტ წინააღმდეგობას გაწევს? ამ რისკს საერთოდ არ ხედავს?

ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, წინასაარჩევნოდ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ ძირითადი გზავნილი იყო – „ომი თუ მშვიდობა“. მან საკუთარი პროპაგანდის მეშვეობით თავი წარმოაჩინა, როგორც მშვიდობის გარანტორმა, მაშინ როცა სრულებით არ არის მასზე დამოკიდებული რუსეთი შემოიჭრება თუ არა ქვეყანაში. სწორედ ამ მოჩვენებითი სტაბილურობის გარანტორად სჭირდება „ოცნებას“ ადამიანებში შიშის გაღვივება, რომ ადამიანების თავებში გზავნილის – „თუ ქართული ოცნება არ იქნება ომი დაიწყება“ – ჩანერგვას ხელი შეუწყოს.

მეორე, რაც მიმართულია ქვეყანაში შიშის დათესვისკენ, არის ის, რომ თავიდან მოიშოროს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები რაღაც მოგონილი კომისიის მეშვეობით და ამ ყველაფრის ტრანსლირება მოახდინოს მედიასაშუალებით, ადამიანებს დაანახოს, რომ ძალიან მარტივად არის შესაძლებელი საქართველოში ადამიანების დაკავება და დაპატიმრება.

ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ნებისმიერ ადამიანს ქვეყანაში აღარ ჰქონდეს სტაბილურობის და იმის განცდა, რომ უსამართლოდ მოპყრობის შემთხვევაში მაგალითად სასამართლოს მეშვეობით ის შეძლებს თავი დააღწიოს სახელმწიფოს კლანჭებს.

შესაბამისად, ეს კომისია და ზოგადად რეპრესიული პოლიტიკა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციის პროცესი დასრულდეს, რეჟიმი საბოლოოდ გამყარდეს, რეპრესიების მეშვეობით თავიდან მოიშოროს არასასურველი ელემენტები და გადავიდეს სტაბილიზაციის ეტაპზე.

რაც შეეხება მოსახლეობის გაბრაზებას, ჩვენ კარგად გვახსოვს საქართველოში საზოგადოების გაბრაზება ქვეყნის ბოლო 35 წლის მანძილზე. მე მგონია, რომ საზოგადოება როდესღაც აღარ შეეგუება ამდენ უსამართლობას და ეს პროტესტი მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს, თუმცა სად არის ეს კრიტიკული ზღვარი, ეს ჯერ არ ვიცით. მსგავსი მომენტი უშუალოდ ოქტომბრის არჩევნების შემდგომ იყო, თუმცა ჩვენ გვახსოვს დაბნეული ოპოზიცია, რომელმაც საპროტესტო მუხტს მიმართულება ვერ მისცა.

მიღწევა კრიტიკულ ზღვრამდე და მისი გადალახვა ეს არის მთავარი გამოწვევა ჩემი აზრით და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ოპოზიციამ და საზოგადოებამ გაძლოს, სხვა შემთხვევაში რეჟიმის ჩამოშლას ჩვენ ვერ შევძლებთ და რეჟიმი გადავა უკვე იმ სტაბილურობის ფაზაში, როცა კიდევ უფრო გაჭირდება მის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან  ქვეყანაში რეალურად მოწინააღმდეგეები აღარ იარსებებენ.

  • ჩვენ ვიცით, რომ „ოცნების“ წევრები თავადაც ევროპას ირჩევენ შვილების განათლებისთვის, იქ ყიდულობენ სახლებს, მოგზაურობენ. ასევე, ვიცით რომ დეპუტატების ოჯახის წევრები არალეგალურ გზასაც კი მიმართავენ ამერიკაში ჩასასვლელად. თუ არც ისინი ირჩევენ რუსეთს, მაშინ რატომ არ იწვევს „ოცნების“ პოლიტიკა უკმაყოფილებას მათ შორის, რატომ არ უწყობს ეს ხელს შიდა რღვევას?

არ იწვევს შიდა რღვევას, რადგან მას ხელს უშლის პირველ რიგში შიში, რომელიც დანერგა „ქართულმა ოცნებამ“. „თუ ჩვენ არ ვიქნებით, იქნება ომი“ – ამ შიშს არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რადგან რეალურად „ქართული ოცნება“ კრემლში არსებულ გეგმებზე ზეგავლენას ვერ ახდენს და მეორე, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის უნდობლობა პოლიტიკის მიმართ, რადგან ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ ალტერნატივა იმისთვის, რომ შეცვალონ არსებული რეალობა.

როგორც ვხედავთ, საზოგადოების დიდი ნაწილი, თუ გავითვალისწინებთ ამჟამად მხარდაჭერის ხარისხს ოპოზიციის მიმართ, ამ ეტაპზე ვერ ხედავს ოპოზიციაში ალტერნატივას.

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ოპოზიციამ ილაპარაკოს ერთი ხმით და მაქსიმალურად მოახდინოს კომუნიკაცია და კოორდინაცია მოსახლეობასთან არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში.

მხოლოდ ამ მჭიდრო კავშირის ფონზე იქნება შესაძლებელი თანხვედრა საზოგადოებასთან და ერთობლივი ბრძოლა ცვლილებისთვის. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

ჭიათურაში 6 მაღაროელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს – ერთის მდგომარეობა მძიმეა

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მე-15 დღეა შიმშილობს, ბოლო ორი დღე კი წყალსაც აღარ იღებს. ის დღეს, 3 ივლისს ცუდად გახდა, თუმცა როგორც სხვა მაღაროელები გვეუბნებიან, ტარიელი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზეც.

შიმშილობის შედეგად მას სისხლში შაქრის დონე მკვეთრად დაუვარდა. მაღაროელები შიშობენ, რომ არსებობს კომაში ჩავარდნის საფრთხე, თუმცა როგორც ერთ-ერთი მაღაროელი, ირაკლი ჯიქაძე გვეუბნება, ტარიელი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს ყველანაირ სამედიცინო დახმარებაზე.

მასთან ერთად შიმშილობენ სხვა მაღაროელებიც.

შავლეგ გოგსაძეს, გოგა მოდებაძეს, მირზა ლოლაძეს პირი აქვს ამოკერილი. მირზა ამავდროულად მშრალად შიმშილობს.

სიმონ მიქაცაძე და ჯანიკო ლაბაძე მხოლოდ წყალს იღებენ, ტარიელ მიქაცაძე კი მშრალ შიმშილობაზეა.

„მოვიდა სასწრაფო, პოლიციაც, მაგრამ კანონი ითვალისწინებს, რომ როცა ადამიანი უარს ამბობს რაიმე სამედიცინო ჩარევაზე, სამედიცინო პერსონალს უფლება არ აქვს იძულებით მიაღებინოს რაიმე მედიკამენტი ან გაუწიოს სხვა ტიპის დახმარება.

და ველოდებით ასე, ყველა ერთად მდგომარეობის გაუარესებას. ეს ყოფილა მაგათი კანონი“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი ჯიქიძე.

ტარიელ მიქაცაძე 39 წლისაა. ის 15 წელია რაც მაღაროში მუშაობს და არის სამხედრო რეზერვშიც. ტარიელს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მასთან ერთად მისი ძმაც შიმშილობს.

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ – 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა, თუმცა კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდის და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებს.

მაღაროელების პროტესტი 4 თვეზე მეტია გრძელდება. ისინი პერიოდულად ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოდიან და ითხოვენ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, აწყობენ აქციებს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან, თუმცა – უშედეგოდ.

პროტესტის ლიდერთა ნაწილი – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. სარალიძესა და ნეფარიძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – მასში მონაწილეობას.

მაღაროელების თქმით, პატიმრობაში შიმშილობს მერაბ სარალიძეც.

პროტესტში მყოფ მაღაროელებს „ჯორჯიან მანგანეზი“ მმართველი კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის მის პირობებზე დათანხმება.

„ტყიბულში „დაალაგეს“ ყველაფერი ხალხი დაიმონეს და სოლიდარობასაც კი აღარ გამოხატავდნენ ჭიათურის პროტესტის მიმართ. შემდეგ აქაც გამოჩნდა ეს კაცი, პაატა მოდელაძე, ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელის, რუსი ბიზნესმენის, მიხეილ სოცკის მარჯვენა ხელი და გვითხრა, თუ გინდათ მუშაობა, უნდა დაგვემონოთ ჩვენო. არავინ არ არის, არც პრემიერი, არც ხელისუფლება არც პარლამენტი ეგენი თქვენ ვერ გიშველიან და ჩვენი პირობები უნდა მიიღოთო. ამის შემდეგ წამოვიდა ის 7-პუნქტიანი ფურცელი, რომელიც რეორგანიზაციას ითვალისწინებდა.

ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ პირობებს, თუმცა 3 ათას ხელმოწერას მიაღწიეს, ზოგი დაშინებით, ზოგი შანტაჟით, ხალხი შეცდომაში შეიყვანეს და მოაწერინეს, მაგრამ ახლა ისინიც ნანობენ.

მაღაროები ახლაც მუშაობს, მაგრამ ხალხის მცირე რაოდენობით მუშაობენ. გეგმა იგივე აქვთ და კიდევ დაუმატეს ახლა. დღემდე არ აქვთ დასაქმებულებს გეგმა-გრაფიკი, რა უნდა გამოიმუშაონ და რის მიხედვით აიღებენ ხელფასს.

300 მაღაროელი ვართ, ვინც რეორგანიზაციას ხელი არ მოვუწერეთ, მაგრამ ჩვენს გარდა კიდევ 2 ათასი ადამიანი დატოვეს უმუშევარი.

ამდენი უსამართლობის წინაშე რომ დავდექით, ისევ განვაახლეთ პროტესტი“ – ამბობს ირაკლი ჯიქიძე.

მისი თქმით, მაღაროელების პროტესტით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით „ოცნების“ მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ დაინტერესებულა.

„არც ადგილობრივი თვითმმართველობიდან მოსულა ვინმე. მხოლოდ მაღაროელების ნათესავები, ახლობლები, სასწრაფო და პოლიცია და კომპანიის უსაფრთხოების წარმომადგენელი იყო კიდევ მოსული“-გვეუბნება ირაკლი ჯიქიძე.

მისი თქმით, გარკვეული პერიოდი მათ შიმშილობა და პროტესტიც შეაჩერეს და ელოდნენ დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას, თუმცა ისინი პატიმრობაში დატოვეს.

„უდანაშაულო ხალხი ისევ დატოვეს პატიმრობაში. ამიტომ არც ჩვენ ვაპირებთ არაფრის ფასად უკან დახევას, რადგან სიმართლის გზაზე ვდგავართ. ჩვენ ვითხოვთ, პირველი რაც არის და უკომპრომისო – დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას, რადგან 4 მშრომელი ადამიანი დაიჭირეს.

მეორეა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ უკანონო რეორგანიზაციას და მაღაროელების მასობრივ დათხოვნას და სოცკიმ და მისმა დამქაშებმა საერთოდ უნდა დატოვონ ქალაქი, რადგან ჩვენ ღირსეულად გავაგრძელოთ შრომა-საქმიანობა“ – ამბობს ირაკლი ჯიქიძე.

__________________

მთავარ ფოტოზე: მოშიმშილე მაღაროელები ჭიათურაში

 

 

„ურემი ნელა დადის, მაგრამ ისეთი სამართალი დააქვს, ყველას კარებთან მივა“ – გიორგი მინდაძის დედა

„ურემი ნელა დადის, მაგრამ ისეთი სამართალი დააქვს, ყველას კარებთან მივა“, – ამბობს ნანი წულაია, 21 წლის სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს, დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი მინდაძეს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. პროკურატურის თქმით, გიორგი მინდაძემ 29 ნოემბერს პარლამენტთან პიროტექნიკა ისროლა, რამაც პოლიციელი დააზიანა.

განაჩენის გამოცხადებამდე ნანი წულაიამ სასამართლოსთან მიიტანა მისი შვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი და ნახატი.

გიორგის ნახატზე სასამართლო სხდომაა ასახული, ცენტრში მოსამართლის მანტიამოსხმული ადამიანი ზის ეშმაკის სახით. გვერდით თვალებახვეული თემიდაა, რომელსაც ერთ ხელში სასწორის პინები, მეორე ხელში კი დოლარის გამოსახულებიანი სიმბოლო უჭირავს.

„გიორგიმ ასე განაცხადა ამ ფოტოზე, ვინც სასამართლოში ერთხელ მაინც შემოსულა, ყველამ იცის რა არის ამ ფოტოზე აღნიშნული, განსაკუთრებით მედია მიხვდება ყველაფერს. გიორგიმ – ამ რვა თვის განმავლობაში იმხელა სიყვარული ვიპოვე, რომელიც იქ ვერ გადმოგეცითო სათითაოდ, ახლა გიხდით მადლობას და მე ვიცი, გარეთ ბევრი ნათესავი მელოდებაო“.

გიორგი მინდაძის ნახატი

ნანი წულაიას დღეს დაბადების დღე აქვს. შვილის განაჩენის, 5-წლიანი პატიმრობის გამოცხადების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ეს დღე არასოდეს დაავიწყდება:

„მე ახლა ცრემლს ვიშრობ. აწი სულ უნდა ვიცინო და თვითონ აწი დაიწყებენ ტირილს.

არაჩვეულებრივ განწყობაზე ვარ, სრულიად განსხვავებული დაბადების დღე მაქვს. ეს დღე ცხოვრებაში არ დამავიწყდება ალბათ. გიორგიმ კი განიცადა დღევანდელი საჩუქარი, მაგრამ გალუსტაშვილს [მოსამართლე] ეტყობა სურვილი ჰქონდა ეს ბრწყინვალე საჩუქარი გაეკეთებინა ჩემთვის, ეგ ვერასდროს ვერ მიხვდება გიოს და ჩემს დედა-შვილობას. ამას ვერავინ ვერ აუხსნის. მე არ ვიტირებ“.

მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც იტოვებენ ადამიანებს – საგარეოს ყოფილი თანამშრომლები

„ბუნებრივია, ცდილობენ სისტემაში დატოვონ ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას საერთოდ არ წევენ, ან „ქართული ოცნებისადმი“ ძალიან ლოიალურები არიან.

მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ამ სამინისტროში რჩებიან“, – ამბობს ქეთი ფრუიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან 28 ივნისს, შაბათ დღეს გაათავისუფლეს.

რა მიზანს ემსახურება საგარეოდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა. ასევე, ნატოსა და ევროკავშირთან ინტერგაციის სამსახურების გაუქმება?  – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქეთი ფრუიძის გარდა ამავე სამინისტროს კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელს, მეგი ბენიასაც ესაუბრა, რომელიც ნატოსა და უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით მუშაობდა.

მეგი ბენიამ 17 ივნისს დაწერა განცხადება და წამოვიდა სამინისტროდან.

მეგიც და ქეთიც ორივე იმ პეტიციის ხელმომწერები არიან, რომლითაც საჯარო მოხელეებმა გააპროტესტეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერება, რაც ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს დააანონსა.

„მე ჩემით დავწერე განცხადება და წამოვედი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ გამათავისუფლებდნენ, რადგან ნატოსთან ინტეგრაციის ჩემი დეპარტამენტი გაუქმებულია. მე არც მათ ე.წ. კონკურსებში ვაპირებდი მონაწილეობას, ამიტომ ვეძებდი სამსახურს და როცა ვიპოვე, წამოვედი. ცოტათი დავასწარი მათ“, – ამბობს მეგი ბენია.

მეგის ვკითხეთ, თუ რა გახდა მისი დეპარტამენტის გაუქმების მიზეზი. ის ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ფაქტობრივად ყველა სამსახური და დეპარტამენტი გააუქმეს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე მუშაობდა.

„იცით, რომ საქართველოს აქვს ორი ინტეგრაციული მექანიზმი ნატოში, არსებობდა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) სამმართველო და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც არის უმნიშვნელოვანესი.

ორივე დეპარტამენტი გაუქმდა და ჩამოყალიბდა ახალი დეპარტამენტი, რომლის მიზნებიც გაურკვეველია.

რაც შეეხება მიზეზებს, მე ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაშიც ვთქვი კიდეც, თუ რა იწვევს ეჭვის საფუძველს და გვაძლევს ჩვენეული დასკვნების გაკეთების საშუალებას, რომ ამ სამსახურების გაუქმებამდე არანაირი კომუნიკაცია არ მომხდარა თანამშრომლებთან, თუ რატომ იყო ეს რეორგანიზაცია საჭირო.

ერთადერთი, რაც გვაცნობეს, თითქოს ძირეული რეფორმაა, რაც სინამდვილეში ასე არ არის, რადგან როცა უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტი გაუქმდა და შეიქმნა უსაფრთხოების სამმართველო, რა ფუნქციებს შეასრულებს ეს სამმართველო, რა იქნება მისი სამუშაო მიზნები, ეს არ არსებობს.

ამ პირობებში გამოაცხადეს ე.წ. კონკურსები, რომელშიც მე არ ვაპირებდი მონაწილეობას და არც სამართლებრივ დავას სხვათა შორის, რადგან კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა არ არის დასაქმებულზე ორიენტირებული, ამიტომ აბსოლუტურად უარი ვთქვი ყველაფერზე“, – გვეუბნება მეგი ბენია.

შეიცვალა თუ არა მათ მიმართ ხელმძღვანელობის დამოკიდებულება მას შემდეგ, როცა ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერეს ხელი და იყო თუ არა საყვედური ამის გამო მათ მიმართ, – ვკითხეთ ქეთის და მეგის.

ქეთი ფრუიძის თქმით, მათზე პირდაპირი ზეწოლის ფაქტები ნაკლებად იყო, „რადგან მაინც დიპლომატიური უწყებაა და ასეთი საკითხებიც მეტ-ნაკლებად დიპლომატიური უნარ-ჩვევების ფარგლებში ტარდება“.

„თუმცა ის ტონი, რაც ჩვენ მიმართ იყო, აბსოლუტურად განსხვავებული იყო პეტიციის ხელმოწერის შემდეგ.

მაღალი ხელმძღვანელობიდან წამოვიდა ბრალდებები, რომ ჩვენ თანამშრომლების ნაწილი დავაბულინგეთ, რომ მოეწერა ხელი პეტიციაზე. ეს წარმოუდგენელია, რადგან მე ხუთწლიანი სტაჟი მაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში და იქ არიან ადამიანები, რომლებიც 20-25 წელია მუშაობენ. მე როგორ უნდა დამებულინგებინა ამხელა სტაჟის მქონე დიპლომატები?

ჩვენ ერთი სიტყვაც არ გვითვამს ხელმოწერაზე ვინმესთვის, მიუხედავად იმისა, რომ მე და მეგი ვიყავით ერთ-ერთი წამომწყებები ამ პეტიციის და შემდეგ შემოგვიერთდნენ სხვებიც.

ეს ერთიანობა სამინისტროში მოხდა იმის ნიადაგზე, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდით, რადგან აღმაშფოთებელი იყო კობახიძის ის განცხადება: შეურაცხყოფილად ვიგრძენით ყველამ თავი – საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა და ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლიც გვეუბნება, რომ ჩვენ, საჯარო მოხელეებმა, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ  ამისთვის“, – ამბობს ქეთი ფრუიძე.

მეგის თქმით, მას აქვს შსს-ში მუშაობის გამოცდილებაც და კარგად იცნობს ძალოვან სტრუქტურებს, სადაც საგარეოსგან განსხვავებით ბევრად ხისტია მიდგომა.

„როცა ხელი მოვაწერეთ პეტიციაზე, მეორე დღეს საგარეომ დადო განცხადება, სადაც გვიწოდა „საბოტაჟნიკები“ და სხვადასხვა რამ, მაგრამ საგარეო უწყება არ არის პოლიციური რეჟიმის სისტემა, სადაც სულ სხვანაირია დაშინება ან გამოძახების ფორმატი. ეს აქ უნდა გააკეთონ შენი უშუალო ხელმძღვანელის დავალებით. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი და ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამას არ იზამდა არავითარ შემთხვევაში. მათი საშუალებით ამას ვერ გააკეთებდნენ. მე არ მახსოვს ჩემ გარშემო და არც ჩემ მიმართ მსგავსი რამ. იყო ფაქტები, მაგალითად, სასწავლო შვებულებას როცა ვითხოვდი არ მომცეს და მომიწია პირადი შვებულების აღება. თუმცა, ის, რაც მესმის სხვა საჯარო სტრუქტურებში, ბევრად მძიმეა.

იმდენად რთულ ვითარებაში ვართ დღეს ქვეყანაში, რომ ყველაფერი უკვე შედარებითია“, – ამბობს მეგი.

ქეთის თქმით, ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ, ღია პროტესტით წავიდა ელჩების ნაწილი. „ამ დღეებში კი 40-მდე თანამშრომელს მიუვიდა გათავისუფლების შესახებ წერილები.

„ეს არის ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც ექნება მსუსხავი ეფექტი სხვა საჯარო მოხელეებისთვის, რომ ასეთი წინააღმდეგობა აღარ გაბედონ. თუმცა ამ პროცესში რამდენიმე ისეთი თანამშრომელიც მოჰყვა, რომელიც არ იყო პეტიციაზე ხელმომწერი და ალბათ ისინიც მიაყოლეს, ვინც არ იყო მათთვის სასურველი. გამოიყენეს ეს მომენტი.

ბუნებრივია, ცდილობენ სისტემაში დატოვონ ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას საერთოდ არ წევენ, ან „ქართული ოცნებისადმი“ ძალიან ლოალურები არიან.

მორჩილება არის ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც სამინისტროში რჩებიან ადამიანები. ალბათ პროევროპული განწყობის ადამიანებიც რჩებიან, მაგრამ ესენი ხმამაღლა არ საუბრობენ და მზად არიან ამ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა“, – გვეუბნება ქეთი ფრუიძე.

მიზეზებზე საუბრობს მეგიც.

„40-მდე ადამიანი გაათავისუფლეს ცენტრალური აპარატიდან, საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საზღვარგარეთ, 1-ელი აგვისტოდან გაათავისუფლებენ დაახლოებით 20-მდე ადამიანს. ამას ემატება ევროკავშირის და ნატოს საინფორმაციო ცენტრის გაუქმება და ამის შემდეგ, ვის, სად გადაანაწილებენ და ვინ დარჩება, რთული სათქმელია. ძალიან მასშტაბური წმენდაა და რაც მთავარია ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც ახლა ამ ეტაპზე არის გათავისუფლებული, ყველა პეტიციაზე ხელმომწერია“, – გვეუბნება მეგი.

როგორ ფიქრობთ, ისინი ვინც რჩებიან სამინისტროში, რის სანაცვლოდ ტოვებენ მათ? – ვკითხეთ ქეთის და მეგის.

„ალბათ საკუთარ ღირებულებებზე უარის თქმის სანაცვლოდ“ – ამბობს ქეთი ფრუიძე.

მეგიც დაახლოებით იგივეს გვეუბნება – „პირადი კომფორტის სანაცვლოდ“.

„სავარაუდოდ, კარგად გრძნობს ეს ხალხი იქ თავს, თავისი პირადი კომფორტის სანაცვლოდ. მეტი პასუხი აქ არ არის. თუმცა ჩემი, ქეთის და იმ ადამიანების პირადი პოზიციაა, რომლებიც ბოლომდე დადგნენ ამ ღირებულებებზე, რომ ამ გათავისუფლებებზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, თუ რომელ სამსახურებს აუქმებენ და რა შტატებს ტოვებენ.

მაგალითად, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი, სადაც ქეთი მუშაობდა, არ არის გაუქმებული, არც სამმართველოა გაუქმებული და არც შტატი. მიზანი იყო ქეთის მოშორება. ამ ფაქტორებს – ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით კიდევ ემატება ის, რომ მათთვის ეს მიმართულებებიც არაპრიორიტეტული ხდება.

საერთოდ არ არის პრიორიტეტში და სამინისტროს სტრუქტურა ისეთი ფორმით არის ჩამოყალიბებული, რომ ამ ქვეყანამ ალბათ იზოლაციონისტური პოლიტიკა უნდა გაატაროს, რადგან რადიკალურად შემცირებულია შტატების რაოდენობა იმ მიმართულებებზე, რომლებიც ევროინტეგრაციაზე მუშაობდნენ. ეს მიმართულებები უკვე ან დაკნინებულია ან საერთოდ გაუქმებული. მათ შორის ჩემი სამსახური, რომელიც ნატოში ინტეგრაციაზე მუშაობდა“, – ამბობს მეგი ბენია.

ქეთი ფრუიძეც მიიჩნევს, რომ საგარეოში დაწყებული საკადრო წმენდა ბევრ კითხვას აჩენს.

„ცხადია, იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკაა ეს და სტრატეგიულად არამომგებიანი საქართველოსთვის. სად მივდივართ და როგორ, ჩემთვის ამ პროგნოზების გაკეთება ახლა რთულია“, – ამბობს ქეთიც.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით დონდუა წერდა, რომ სამინისტროში წამოწყებული ცვლილებები ინსტიტუციური მეხსიერების წყალში გადაყრაა. ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ სამინისტროდან უშვებენ მათ, ვინც პროფესიული პრინციპების და სამშობლოს ინტერესების ერთგული დარჩა.

ეთანხმებით მის შეფასებას? – ვკითხეთ მეგი ბენიას და ქეთი ფრუიძეს.

ქეთის აზრით, შეაფასო იმ ადამიანების მოტივაცია, ვინც დარჩა სისტემაში, საკმაოდ დელიკატური საკითხია, რადგან სისტემაში დარჩენის სხვადასხვა მოტივაცია არსებობს.

„ვინც იქ დარჩა, არის რაღაც ნაწილი იმ ადამიანების, რომლებსაც მე არ ვთვლი მაგალითად სამშობლოს ინტერესების მოღალატეებად. შესაძლოა მათ სხვა გზა არ აქვთ. ან შესაძლოა ამ საკითხის სერიოზულად გაცნობიერების მასშტაბი არ არის  ისეთი, როგორც უნდა იყოს. არ ვიცი ზუსტად, ვის რა მოტივაცია აქვს. ვფიქრობ, ამის განსჯა ჩემი მხრიდან არასწორია“, – მიიჩნევს ქეთი.

მეგი კი სისტემაში მყოფ სამი კატეგორიის ადამიანებზე საუბრობს.

„ერთი, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, მეორე, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არაფერი და მესამეა, რომელიც ფიქრობს, რომ ალბათ რუსეთთან სჯობს. ოპორტუნისტები არიან.

და არიან ერთეულები, რომლებიც არ მინდა მოიხარშონ ამათთან ერთად – ისინი ნებისმიერ დროს მზად არიან დატოვონ სისტემა, მაგრამ ხომ გესმით, ქვეყანაში როგორი სოციალურ-ეკონომიკური ფონია. მე გამიმართლა და ვიშოვე სამსახური, რომელიც საერთოდ არანაირ შეხებაში არ არის ჩემ სფეროსთან. იძულებული ვიყავი, რომ დავთანხმებულიყავი. თან ყველაფერი დაიხურა – კვლევითი ცენტრები იქნება, არასამთავრობოები თუ სხვა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხალხი. ეს ადამიანები ვერ მისცემენ თავს უფლებას, რომ ერთი დღე შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მთელ სამინისტროში შეიძლება 5 ადამიანი იყოს ასეთი, ვისზეც მე ახლა ვსაუბრობ და როგორც კი სამსახურს იშოვიან, იმ დღესვე დატოვებენ იქაურობას, რადგან გულწრფელად გული ერევათ იმაზე, რაც იქ ხდება.

დანარჩენებზე რა მოგახსენოთ, მათ სინდისზე თავად არიან პასუხისმგებელი“, – ამბობს მეგი.

მეცხრე თვეა ქვეყანაში პროტესტია. ხალხი ითხოვენ „ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას. თქვენ როგორ ხედავთ ამ ქვეყნის ევროპის გზაზე დაბრუნების შესაძლებლობას? – ორივე მიიჩნევს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ელოდებიან უფრო ქმედით ნაბიჯებს ევროპისგან.

„ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის აზრია, რომ პროტესტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს. ის კანონები, რასაც წამდაუწუმ იღებს ავტორიტარული ხელისუფლება, ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ გაგვაჩუმონ და დაგვაშინონ. მაქსიმალურად ცდილობენ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, მაგრამ რამდენად მოახერხებენ, შიდა თუ გარე ფაქტორების გამო, ამაზე პროგნოზის გაკეთება მიჭირს.

ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა საგარეო სისტემაში. მე, მაგალითად, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზეც ვიდექი და კინაღამ მოვიწამლე იმ ნივთიერებებით, რასაც  მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ისროდნენ. სისტემის შიგნით ბრძოლა ორი წლის წინ დავიწყე, რასაც მოჰყვა ის, რომ აღარ მომცეს არანაირი წინსვლის შესაძლებლობა.

ცალსახად ვამბობდი, რომ რუსული კანონი შემაფერხებელი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა უკვე იმდენად გაუარესდა ყველაფერი, იგივე დემოკრატიული ინსტიტუციების, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თუ პოლიტიკური რიტორიკის თვალსაზრისით, ბრძოლის სხვა მეთოდს ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ ვიდგე აქციებზე, ვილაპარაკო ხმამაღლა და ვაკრიტიკო ისინი ამ ყველაფრის გამო.

გარდამტეხი, ძირეული ცვლილებები როდის მოხდება, ან რა ფაქტორები იქონიებს ამაზე გავლენას, არ ვიცი. ერთადერთი, რის გამოც საქართელო ჯერ კიდევ რჩება საერთაშორისო რადარში, არის ზუსტად ეს უწყვეტი პროტესტი“, – ამბობს ქეთი ფრუიძე.

მის პოზიციას იზიარებს მეგიც.

„რაც დაგვრჩენია არის ის, რომ აქციებზე ვიაროთ აქტიურად. იმ დღეს როცა ვერ მივდივარ, გულისფანცქალით ვხსნი ხოლმე ტელეფონს, გავიგო რუსთაველი გადაიკეტა თუ არა. მგონია, რომ როცა რუსთაველი არ გადაიკეტება, დასრულებულია ყველაფერი. თუმცა, მხოლოდ რუსთაველზე დგომით ძალიან რთულია ბრძოლის მოგება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო წნეხი და უფრო ქმებითი ნაბიჯების გადადგმა.

ის, რაც ახლა შეუძლია ოპოზიციას, მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მკაფიო და მჭიდრო ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან. იმის ჩვენება და დემონსტრირება, თუ რას ნიშნავს მათთვის, მათი ინტერესებისთვის საქართველოს დაკარგვა. ვისურვებდი, ეს იყოს წინა პლანზე.

________________

მთავარ ფოტოზე: ქეთი ფრუიძე და მეგი ბენია

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე 1500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა ძლიერი ხანძრის გამო

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს.

დღეს, 3 ივლისს, კრეტის სამხრეთ სანაპიროზე გაჩენილი ხანძრის გამო სასტუმროებიდან ტურისტებისა და მოსახლეობის, 1500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანძრის ჩაქრობას ართულებს ძლიერი ქარი, რის გამოც ცეცხლი მთის ფერდობებზე ტყეებს მოედო.

ბერძნულ მედიაში ინფორმაცია არ ვრცელდება მსხვერპლის შესახებ, თუმცა არის შემთხვევები, როცა რამდენიმე ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო კვამლის შესუნთქვის გამო.

ხანძარს კრეტაზე ასობით მეხანძრე აქრობს.

 

Exit mobile version