საქართველოს პროკურატურა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანისადმი წარდგენილ ბრალდებაში წერს თავის ვერსიაზე, თუ როგორ სცადა, სავარაუდოდ თვითმკვლელობა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
პროკურატურა წერს, რომ გამოძიების თანახმად, თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს, საღამოს საათებიდან სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსის ახვლედიანის სახლში.
პროკურატურის ვერსიით, თორნიკე რიჟვაძემ, 7 ივლისს, შუაღამის შემდეგ, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, „შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის სცადა, 7 ივლისს გაავრცელა შსს-მ.
თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული. ბოლო მონაცემებით თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძემ ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა.






