ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თუ ავტოკრატიული რეჟიმები დიქტატურად გადაიქცევიან, მაშინ ევროკავშირის წევრობის შანსი არ არის“.
ლენა შილინგი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მზია ამაღლობელის პატიმრობას და თქვა, რომ ეს ამბავი უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვისაც, „რადგან ეს არის ჩვენი ღირებულებების დაცვა იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის შიგნით გვინდა, რომ გვყავდეს.
„დემოკრატიებში ჩვენი მიზანია გვქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ჩვენი ქვაკუთხედია. ქართველებს უნდა ჰქონდეთ შანსი აჩვენონ, რა უნდათ მათ რეალურად. იმ ხრიკებით, რომელიც ჩვენ გასულ არჩევნებზე ვნახეთ, რასაც „ქართული ოცნება“ სჩადიოდა და ახლაც სჩადის, აშკარაა, რომ ის არის ავტოკრატიული ძალა.
ამიტომ ჩვენ არ ვცნობთ ასეთ მთავრობას, რომელიც არ აძლევს ხალხს ხმის მიცემის უფლებას. ეს არადემოკრატიულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები.
ჩვენ ვხედავთ უამრავი ადამიანის პროტესტს, რომლებიც იბრძვიან ქუჩაში. რატომ გრძელდება რეპრესიები, რატომ აპატიმრებენ ჟურნალისტებს? ვფიქრობ, ეს მკაფიო ნიშანია იმისა, თუ როგორ ეშინია ამ მთავრობას სამოქალაქო საზოგადოების.
ისინი არ არიან დარწმუნებულნი, რომ არჩევნების მოგების ძალა შესწევთ. ასე რომ იყოს, ამ ხრიკებს ისინი არ გამოიყენებდნენ. მათ ეშინიათ დემოკრატიის – დემოკრატიაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იმარჯვებს და მათ ეს არ სურთ.
თუ ავტოკრატიული რეჟიმები დიქტატურად გადაიქცევიან, მაშინ ევროკავშირის წევრობის შანსი არ არის.
ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსია გაქვთ, მაგრამ პოლიტიკოსებმა გარედან არ უნდა გითხრათ, რა უნდა გააკეთონ სხვა პარტიებმა, ეს სწორი არ არის.
ვერასდროს გეტყვით, რა უნდა გააკეთოს ან არ გააკეთოს ოპოზიციურმა პარტიამ ასეთ რთულ სიტუაციაში“, – ამბობს ლენა შილინგი.
მისი თქმით, წევრი სახელმწიფოები უნდა მიხვდნენ, რომ საქართველო ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და არ დაუშვან საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომელიც საქართველოში, ავტოკრატიის შემდეგ, ახლა უკვე დიქტატურის დამყარების ზღვარზეა.
„ჩვენ ვეცდებით, ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, პოლიტიკური პატიმრების ყოლის გამო, საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა დავაკისროთ. ჩვენ ვითხოვთ მათ გათავისუფლებას.
ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო მკაცრი ზომები ორმხრივად, სწორედ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ.
ჩვენ, ევროპარლამენტარებს გვაქვს ძალაც და შესაძლებლობაც ვთქვათ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ რეზოლუციის დამტკიცებით, ჩვენ ნიშანი მივეცით წევრ სახელმწიფოებს, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ.
ზოგიერთმა სახელმწიფომ ეს უკვე გააკეთა, ზოგი მათგანი მათ მიჰყვება. ჩვენ საქართველოს მარტო არ დავტოვებთ, არც სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა უნდათ და იმავე ღირებულებებს იზიარებენ, რასაც ჩვენ. ისინი ამ რეჟიმის პირობებში იტანჯებიან.
საქართველოში ყოფნის დროს მზია ამაღლობელის პროცესს დავესწარი და გავიაზრე, რომ ეს ჩვენთვისაც დიდი ქეისი უნდა გახდეს, რადგან ეს არის ჩვენი ღირებულებების დაცვა იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის შიგნით გვინდა, რომ გვყავდეს. „ქართული ოცნება“ კი მიზანმიმართულად, თავად ბლოკავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“, – ამბობს ლენა შილინგი.
თარგმანი – „ტვ პირველი“.






