4 ივლისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა გამოცემა „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე.
ამავე თემაზე: „მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას დგებუაძის და ბესელიას წინააღმდეგ“ – ეთერ თურაძე
12 იანვრის ღამეს, როცა მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან, ეთერ თურაძე აქციაზე იმყოფებოდა მზია ამაღლობელის გვერდით. მან სასამართლოს უამბო იმ გარემოებებზე, რაც უსწრებდა წინ მზია ამაღლობელის დაკავებას.
ამავე თემაზე: „მზიას პროექტებით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ“
„ჩემი გადაწყვეტილება, მივსულიყავი აქციაზე, გამოიწვია ორი ადამიანის დაკავებამ. ერთი იყო ციალა ქათამიძე. ეს იყო წარმოუდგენელი, როგორ შეიძლებოდა ციალა ქათამიძე დაეკავებინათ. ვიცნობ ციალას დიდი ხანია და მას რა უნდა დაერღვია, რომ დაეკავებინათ, მაგრამ მეორე იყო კიდევ უფრო შემაშფოთებელი ჩემთვის.
იმ დღეს აქციაზე დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი, ჩემი თანამშრომლის ძმა. გოდერძის აქვს სერიოზული ოპერაცია გაკეთებული და მისი და, ჩემი თანამშრომელი, ჩვენ თვალწინ, წლების განმავლობაში ზრუნავდა იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული და როდესაც წარმოვიდგინე, რომ ამ ჭყლეტაში, რასაც ვხედავდი [„ბათუმელების“ live ჩართვაში, რომელიც 11-12 იანვრის ღამეს უწყვეტად მიმდინარეობდა], გოდერძი შეიძლება მოყოლილიყო, შეიძლება ფიზიკურად რაღაც მომხდარიყო ისეთი, რომ მის ჯანმრთელობას შემქმნოდა საფრთხე, მით უფრო, რომ ია, მისი და, არ იყო ბათუმში. ძალიან შემაშფოთა ინფორმაციამ, მაშინვე ავდექი და წავედი.
ერთი ისტორია მინდა მოვყვე. მზიას და მის ოჯახსაც ბოდიშს ვუხდი, აქ რასაც მოვყვები, მაგრამ…
მზიას ოჯახში რამდენიმე წლის წინ მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, მათ დაეღუპათ 23 წლის გოგო, თეო [მზია ამაღლობელის ძმისშვილი]. თეოსაც გადაუნერგეს თირკმელი, მამამ გადაუნერგა, მზიას ძმამ. თეო დაიღუპა ერთი წლის შემდეგ და მზიასთვის ეს იყო…. მზია, ბოდიშს ვიხდი, ამაზე რომ ვლაპარაკობ… მზიასთვის ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, დიდი უბედურება. ეს ოჯახი ამ ტრაგედიას მუდმივად ებრძვის, მზიასთვის ეს იყო ძალიან სერიოზული გამოცდა და როცა სამსახურიდან ერთ გზაზე მივდიოდით, ძალიან ხშირად ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ ია, ჩვენ თანამშრომელი, რა ყოჩაღია, რომ გოდერძის როგორ მოუარა და ჩვენ თეოს ვერ მოვუარეთ…
გოდერძის დაკავება რას გამოიწვევდა, მე ვიცოდი. ჩემზეც ძალიან იმოქმედა ემოციურად და დარწმუნებული ვიყავი, მზიაზე უფრო მეტად იმოქმედებდა ეს ამბავი, ამიტომ ისე, როგორც ვიყავი, გავვარდი აქციაზე, ქურთუკი ჩავიცვი და წავედი. აქციაზე იმას ვარკვევდი, რომ გოდერძის არ დაარტყან, მუცელში არ დაარტყან… დამაწყნარეს ია ფრანგიშვილის მეგობრებმა, რომ კი, ვუთხარით [პოლიციას], რომ არ დაარტყან მუცელში…
აი, ასეთი ამბავი გვაქვს, სამწუხაროდ. ვარჩევთ, სად შეიძლება დაარტყან და სად – არ დაარტყან…“
თავის ჩვენებაზე ეთერ თურაძემ ისაუბრა, რა უძღოდა წინ მზია ამაღლობელის მიერ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას. მან დეტალურად აღწერა სიტუაცია, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე როგორ დააკავეს მისი [ეთერ თურაძის] დისშვილები, გიორგი და ლაშა გაბაიძეები.
„მზია ადმინისტრაციული დაკავებიდან გაათავისუფლეს 00:20 წუთზე. გიორგი და ლაშა დააკავეს მზიას გათავისუფლებიდან 17 წუთში და მზია დააკავეს მათი დაკავებიდან 8 წუთში.
…საპოლიციო ჭყლეტა იყო დაწყებული. უამრავი პოლიციელი, ნიღბიანი, ფორმიანი… ალბათ 60-70 პოლიციელი იყო იმ ტერიტორიაზე და ეს იყო წარმოუდგენელი ჭყლეტა. როცა შემოვტრიალდი, დავინახე სადაც ხდებოდა ეს ამბავი და მივხვდი, რომ გიორგის აკავებდნენ.
მანამდე გიორგი ცხოვრობდა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში და იქ ლეგალურად საქმიანობდა. როდესაც იყო ეს ე.წ. „ევროკავშირთან შევაჩერეთ ურთიერთობა“ – კობახიძის განცხადება და დაიწყო პროტესტი, ჩამოვიდა. ჯერ თბილისის აქციებში იღებდა მონაწილეობას, მერე ბათუმის აქციებზე დადიოდა რეგულარულად, თითქმის ყოველ დღე.
აქამდე მე მქონდა პერსონალური გამოცდილება დგებუაძე-ბესელიასთან. 2024 წლის ზამთარში, დეკემბერი იყო, აქცია იმართებოდა, ძალიან ძლიერი წვიმა იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აქციაზე იქნებოდა 50 ადამიანი. ძალიან ბევრი პოლიციელის მობილიზაცია იყო. ბესელია [გრიგოლ ბესელია, აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი] გამოვარდა და ამ ხალხს ეუბნება – „გაიწიეთ, დაგიჭერთ, დაგაჯარიმებთ“…
ამ დღეს ირაკლი დგებუაძე [ბათუმის პოლიციის უფროსი, დაზარალებულად ცნობილი მზია ამაღლობელის საქმეში] მიუხტა ჯაბა ანანიძეს, „ბათუმელების“ ჟურნალისტს ლაივში და ეუბნებოდა – „პირუტყვს ესმის და თქვენ არ გესმით…“ აგრესიულად ელაპარაკებოდა, ამიტომ ავდექი და წავედი.
ჩემი ოფისი საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდითაა, 5 წუთის გზაზეა და გავედი. აქტიურად, დაჟინებით ჩხუბობდნენ პოლიციელები, დგებუაძე-ბესელიაზეა ლაპარაკი და კიდევ იქ ერთი ჰყავდათ, მაშინ სახელი არ ვიცოდი, ათაბეგაშვილი [დავით ათაბეგაშვილი, აჭარის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე].
მივედი და ვკითხე ბესელიას, რა გჭირთ, რატომ იქცევით ასე აგრესიულად-მეთქი. წინა დღით გამოცხადდა, რომ შს მინისტრი, უკვე ყოფილი, გომელაური დაასანქცირეს და ვუთხარი, თქვენც გინდათ, რომ მაგნიცკის სიაში მოხვდეთ, თუ რატომ იქცევით ასე აგრესიულად-მეთქი. ეს იყო ჩვენი მოკლე კომუნიკაცია. ძალიან არ ესიამოვნა, გაღიზიანდა. მე დავდექი ზურგით და უცებ ვიღაც დამეჯახა და გადამდგა. რომ შემოვბრუნდი, ბესელია მიდიოდა უკვე და შემრჩა დგებუაძე.
…მე ქოლგა მეჭირა და ამ ჩემს ქოლგაში შემოვარდა [დგებუაძე] და დაიწყო ყვირილი. რას ყვირით, მოიქეცი ისე, როგორც ქართველ პოლიციელს შეეფერება, როგორც ბანდიტი, ისე რატომ იქცევი-მეთქი. აი, ეს სიტყვა გამოვიყენე. ის მიყვიროდა, მეც არ დამიკლია – მოდი, ასე ვთქვათ…“
ეთერ თურაძემ დააზუსტა, რომ სწორედ ამ დღეს, 2024 წლის დეკემბერში, ამ პოლიციასა და აქციის მონაწილეების კამათში მონაწილეობდა მისი დისშვილი, გიორგი გაბაიძე და მას გაუჩნდა განცდა, რომ პოლიციელებმა გიორგი გაბაიძე „მოინიშნეს“.
„…ათაბეგაშვილი [აჭარის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე] შემოვიდა პოლემიკაში. თქვენ რა გინდათ, ბოლოს და ბოლოს წადით ამ თქვენს საყვარელ ევროპაში, პოლიცია რას გიზამთ იქ, ევროპაში, ასე რომ მოიქცეთ, თქვენ არ იცით – დაგამტვრევთ ძვლებსო და გიორგი ეუბნებოდა – არაფერიც, დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ, ეს არის პროპაგანდა, რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ, რომ ვიცხოვრე მე ევროპაში და ვიცი, როგორ იქცევა პოლიციაო… ეს პოლემიკა იყო.
დგებუაძე ჩაერთო მერე გიორგის წინააღმდეგ – „ბიჭო შენ ესე, ბიჭო შენ ესე“ და ხმამაღლა გამოუვიდათ ლაპარაკი, მაგრამ გიორგი პასუხობდა იმავე ტონით. არ ეჩხუბებოდა, მაგრამ არ შეეპუა და ყველაფერზე უპასუხა. მე მივხვდი, რომ ის მოინიშნეს, როგორც სამიზნე.
ეს ისტორია რატომ გითხარით – რომ დავუბრუნდეთ 12 იანვარს, როცა დავინახე, რომ იმ ტერიტორიაზე ხდებოდა დაკავება, სადაც გიორგი და ჩემი და მზიას ოჯახის წევრები იდგნენ [რომლებიც აქციაზე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ მივიდნენ], მივხვდი, რომ იქიდან სწორედ გიორგი მიჰყავდათ.
…ვცდილობდი, რომ შევსულიყავი ხალხის ტალღაში და შევეფეთე ბესელიას. რატომ დააკავეთ-მეთქი. გამოვუშვებო. მეთქი – რას გამოუშვებ, რატომ დააკავეთ… ბესელია უკუსვლით მიდიოდა ბევრ პოლიციელში და მე მივყვებოდი მას. პოლიციელები ბესელიას გზას უთმობდნენ, იწეოდნენ იქეთ-აქეთ და ადვილად მიდიოდა კარებისკენ, მე მას მივყვებოდი და ვუმეორებდი – რატომ დააკავე, მითხარი, რატომ დააკავე, სად წაიყვანე… იმიტომ, რომ ვიცოდი, თუ დგებუაძემ ის დააკავა, ე.ი. მის მიმართ იქნებოდა განსაკუთრებით სასტიკი. კარებთან ბესელიამ მითხრა, რომ იცი რა, ახლა აქ შენ დამიცადე, მე შევალ და გამოვიყვანო. ეს მითხრა, მომატყუა.
რაღაც პერიოდი არ გამოსულა… ვდგავართ ისევ ამ ჭიშკართან და გამოვიდა. ვითომ ვერ დამინახა, ჩამიარა დემონსტრაციულად და მივხვდი, რომ არ აპირებდა არაფრის თქმას, მით უფრო არ გამოიყვანა, მომატყუა.
მაშინ ბესელიას რომ გამოჰყვა ეს მეორე [დგებუაძე] გადავუდექი წინ და რატომ დააკავეთ-მეთქი, ვეუბნებოდი. ის მეუბნებოდა – მზია, დაწყნარდი.. მე მზია არა ვარ-მეთქი. ვინც გინდა, რა მნიშვნელობა აქვს მაგასო… ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ რომ იყო, ის ხომო…[გიორგი გაბაიძეზე] ანუ ტყუილს მეუბნება უტიფრად… გიორგი არც მთვრალი იყო, არც აგინებდა.
[დგებუაძის მხრიდან] ეს ყველაფერი იყო იმის ძალადობრივი, თავხედური დემონსტრირება, რომ კანონიც მე ვარ, სამართალიც მე ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. არათუ გამოხატვის თავისუფლება, ადამიანს ისე გაგტაცებ, ისე წავიყვან, გამოგტაცებ ხელიდან, რომ საერთოდ დანაშაული რომ არ ჰქონდეს ჩადენილი, პრობლემა არა მაქვს, რასაც მინდა იმას გაგიკეთებ – ეს იყო მისი განაცხადი და ამასობაში უკვე იყო ის მზიას ეპიზოდი, როდესაც მზიამ სილა გააწნა.
…მე მზიასკენ არ მქონდა მიმართული ყურადღება, მაგრამ ხელმა გაიელვა. ხელი ამის [დგებუაძის] სახეზე დავინახე, იმიტომ, რომ მე მას ვუყურებდი და არა მზიას.
…როცა აღმოვაჩინე, რომ მზია ჩემს გვერდით იდგა, მივხვდი, რომ ჩემს გამო მოვიდა, იმიტომ, რომ მზია აპირებდა წასვლას. ბოლო ეპიზოდში როცა ვთქვით, დავიშალოთო და მე დამინახა ხალხის ტალღაში, როცა ამ ბევრ პოლიციელში შევედი და მაგდებდნენ უკან, მაგრამ მაინც შევდიოდი, ამის გამო შემოვიდა მზია ჩემთან ერთად.
მე ასე დაჟინებით იმიტომ მივდიოდი, რომ ვიცოდი, რას გაუკეთებდნენ გიორგის და რა გაუკეთეს, მაგასაც გეტყვით.
…მე რომ ვეკითხებოდი ბესელიას, რატომ დააკავეთ ჩემი დისშვილი-მეთქი, არ უკითხია, ვისზე მეკითხებიო. 12 კაცი ჰყავდათ დაკავებული იმ დღეს. იცოდნენ, კი [ჩემი დისშვილი რომ იყო]. მინიმუმ იმ ღამეს [2024 წლის დეკემბერში] იცოდნენ და სხვათა შორის, გიორგის იმ ღამის მერე ვუთხარი, ძალიან გთხოვ, გვიან არ დარჩე, ფეხით არ წახვიდე, იმიტომ, რომ მოგნიშნეს შენ და რაღაც ცუდს გაგიკეთებენ-მეთქი. ნარკოტიკის ჩადება, უამრავი რაღაც შეიძლება მოხდეს და ამიტომ მე ვუთხარი, არ იცნობ შენ მაგათ, მაგრამ მე ვიცნობ და რადგანაც ერთად დაგვინახეს, შენ იქნები სამიზნე-მეთქი“.
ეთერ თურაძემ სასამართლოს აჩვენა იზოლატორში შესახლებამდე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი გაბაიძე 12 იანვრის ღამეს იზოლატორში სახის და წელის არეში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, ასევე ლაშა გაბაიძეც – ორივე მათგანს ბათუმის პოლიციაში დგებუაძის მითითებით და მონაწილეობით სასტიკად სცემეს.
„ესაა იზოლატორში შესახლების დოკუმენტი. ამ ფურცელზე წერია, რა მდგომარეობაში შეიყვანეს.
გიორგი გაბაიძე იმდენად ცუდად იყო იქ, წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ ზედამხედველებიც იყვნენ შეწუხებულები, რა სჭირს, რით მივეხმაროთ ამ ბიჭსო. ვერ ახერხებდა ფეხზე ადგომას და როცა მოიყვანეს აქ, სასამართლოში, 48 საათის მერე, მაშინაც ემჩნეოდა სისხლჩაქცევები.
მეტსაც გეტყვით, [ჩემს დისშვილებს] ვეძებდი მთელი ღამის განმავლობაში. ვიცოდი, რა ვერაგი ჯგუფის ხელში იყო და ვცდილობდი გამეგო, სად იყვნენ. მთელი ღამის განმავლობაში არ მითხრეს. სახალხო დამცველი ჩავრთე. არც სახალხო დამცველს არ უთხრეს, არც ადვოკატი, არავინ. გაიტაცა და წაიყვანა. ეს იყო ადამიანის გატაცების ოპერაცია. მეორე დილითაც ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. მე არ ვიცი, ვის აქვს ამის უფლება, რომელ სამართალდამცავს აქვს და რანაირად შეიძლება იყოს ის სამართალდამცავი, როცა ამას აკეთებს…
ამ სასამართლომ ლაშაც და გიორგიც დაზარალებულად კი არ ცნო, ადმინისტრაციული წესით პატიმრობა შეუფარდეს. აი, ეს არის. ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა ამ ფურცლებით. ეს არის ფაქტი და თქვენ რომ არ ამოგერიცხათ გიორგი გაბაიძე მოწმეთა ჩვენებიდან, ის პირადად გეტყოდათ, რა გაუკეთა დგებუაძემ, მაგრამ თქვენ ეს არ გააკეთეთ“.
გიორგი გაბაიძე მზია ამაღლობელის საქმეში მოწმედ იყო დაბარებული, თუმცა პროკურორ თორნიკე გოგეშვილის მოთხოვნით, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ის მოწმეთა სიიდან ამოიღო.
მზია ამაღლობელის შემდეგი სასამართლო პროცესი 14 ივლისს, 13 საათზე გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მზია ამაღლობელს პროკურატურა სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლით ედავება – პოლიციელზე თავდასხმა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.
_________________
ფოტოზე: ეთერ თურაძის ჩვენება სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე. ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია.
ამავე თემაზე:
რა ხდებოდა მზია ამაღლობელის პროცესზე, სადაც ჩვენება ეთერ თურაძემ მისცა – რეპორტაჟი






