მთავარი,სიახლეები

19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლემ

10.07.2025
19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლემ

დღეს, 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის პატიმარს, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

„მეგობრებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის. მოტივაციაა ეს და იმის შეხსენება, რომ მარტო არ ვართ.

მეგობრებო, ცოტა მარტივი ნათქვამია. უკვე დიდი ხანია, ერთ ოჯახად ვიქეცით, ერთი მიზნის ირგვლივ. ეს მიზანი კი რუსული რეჟიმის თავიდან მოშორებაა, რისთვისაც შეუპოვრად ვიბრძვით.

ჩვენთვის, ოთხ კედელში გამომწყვდეულებისთვის, რთულია იმის ყურება, თუ როგორ ცდილობენ, იძალადონ თქვენზე ყველანაირი მეთოდით, როგორ ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი აზრი. მაგრამ ვხედავთ იმასაც, როგორ იცავთ ერთმანეთს, ვხედავთ უფრო მეტ თავისუფალ აზრს, რაც გვაძლევს იმედს, რომ რაღაც იქნება.

პროცესებზეც იმიტომ დავდივართ, 5-6 საათს ვიცდით მოსაცდელ საკანში, რომ ვიცით, აქ გველოდებით და ჩვენც გაჩვენოთ, რომ არ შეგვშინებია, არ გავმტყდარვართ.

თუმცა მაინც მაქვს შინაგანი შიში. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გაგვკიცხონ. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, რომ ბავშვები უსამართლო ქვეყანაში და დიქტატურაში გაიზარდოს. ამიტომ რითაც შევძლებ, სადამდეც შევძლებ, ვიბრძოლებ ბოლომდე. შეიძლება 18 წლის ბიჭისგან ამის მოსმენა უცნაურია, მაგრამ ეს ასეა, ჩემო მეგობრებო. მე არ დავნებდები.

დიდად არ მახარებს ის ფაქტი, რომ 4-დან 7 წლამდე ციხეში აბსურდული ბრალდებით მიწევს წასვლა და ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას თავისი დადებით რაღაცების მოჰყვა. დიდი ოჯახი შევიძინე, მაგარი ბიჭები გავიცანი, გავიგე თავისუფლების ფასი, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ყველაზე მაგარი რაცაა, შვილიშვილებისთვის ძაან მაგარი ისტორიები მექნება მოსაყოლი. მოყოლა კი არ შემრცხვება, რადგან ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ“ – თქვა საბა ჯიქიამ დასკვნით სიტყვაში.

19 წლის საბა ჯიქია დეკემბერში დააკავეს. მას პირველ დეკემბერს ნაშუაღამევს აქციაზე გდდ-ს თანამშრომელ, სპეცრაზმელ ბექა გოტიაშვილზე წიხლის ჩარტყმას ედავებიან. ბექა გოტიაშვილის ჩვენების მიხედვით, ის წაიქცა და წიხლი მიაყოლეს. თვითონვე ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.

თავად ამბობს, რომ „გააჩნია, რას ნიშნავს დარბევა”, მაგრამ „მისი შეხედულებით“, აქციის მონაწილეები არასდროს დაურბევია.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი პარალელურად უძღვება სხვა სინდისის პატიმრების საქმეებსაც: 8 პირის საქმეს, ნიკუშა კაციას საქმეს, თედო აბრამოვის საქმეს.

საბა ჯიქიას 19 წელი პატიმრობაში შეუსრულდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: