სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“ მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა და ობიექტს შესაბამისი სამსახურები ამოწმებენ.
„დღეს, 13 ივლისს, შემოვიდა სავარაუდოდ ცრუ შეტყობინება და ჩავთვალეთ საჭიროდ ობიექტის დაცლა. დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ „ბათუმი მოლი“ გაიხსნება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სავაჭრო ცენტრში.
განახლება: მოგვიანებით დაგვიკავშირდა სავაჭრო ცენტრის მენეჯერი, რომელმაც გვითხრა, რომ „მოხდა სასწავლო ევაკუაცია და სწავლების ფარგლებში ხორციელდება შენობა-ნაგებობის დათვალიერება“.
მენეჯერის ინფორმაციით სავაჭრო ცენტრი ჩვეულებრივ გაიხსნება დაახლოებით საღამოს 6 საათზე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს [სუს], სადაც დაგვიდასტურეს, რომ „ბათუმი მოლში“ მხოლოდ პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება ტარდება.
„საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ „ბათუმი მოლში“ მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიება“ – გვითხრეს სუს-ის პრესსამსახურში.






