მთავარი,სიახლეები

„ამ ტემპით რუსეთს 90 წელი დასჭირდება უკრაინის ოკუპაციისთვის“ – ინტერვიუ გენერალთან

12.07.2025 •
„ამ ტემპით რუსეთს 90 წელი დასჭირდება უკრაინის ოკუპაციისთვის“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსების მოტოციკლეტებსა და სკუტერებზე გადაჯდომა არაფერს შველის – პირიქით ასე უფრო კარგი სამიზნე ხდები: უკრაინელები უფრო დიდი სიამოვნებით ააფეთქებენ მოტოციკლეტიან ჯარისკაცს,“ – გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, მორიგი ინტერვიუს დროს რუსეთის არმიის ახალ მიდგომაზე ვკითხეთ – მოტოციკლეტები ჯავშანტექნიკის ნაცვლად.

ვახტანგ კაპანაძის აზრით, ეს რუსების მხრიდან ინოვაციას კი არა, სისუსტეს აჩვენებს და იმასაც, რომ რუსებს ჯავშანტექნიკის განადგურებას ე.წ. „ხორცის შტურმი“ ურჩევნიათ.

რა იცვლება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

„რუსები გაჭედილი არიან მდინარე სეიმთან. ამ მდინარეზე ყველა ხიდი აფეთქებულია, საპონტოვნე ხიდების გადების საშუალებას კი რუსებს უკრაინელების ჰაიმარსები არ აძლევენ. რუსებს თუ ბლოკირებიდან გასვლა სურთ, მდინარე უნდა გადაცურონ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რუსეთმა საჰაერო თავდასხმის ტემპი გაზარდა. რას უკავშირდება ეს გააქტიურება – გაძლიერდა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, თუ უკრაინას გაუჭირდა თავის დაცვა? 

რუსეთის ამ მოქმედებებს გარკვეული ციკლურობა ახასიათებს: რუსეთი აგროვებს აღჭურვილობის გარკვეულ რაოდენობას და შემდეგ იყენებს მასობრივად, ფოკუსირებულად, ვინაიდან ცალ-ცალკე გამოყენებით მიზანს ვერ აღწევს. გარდა ამისა, ცალ-ცალკე გამოყენებით იოლად ხდება რაკეტები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მიზანი.

შესაბამისად, მასობრივი და კომბინირებული დარტყმა ჰქონდათ კიევზე, მანამდე იყო კონცენტრირებული დარტყმა ლუცკის ოლქში. ამავე დროს, გუშინ აბსოლუტური სიწყნარე იყო კიევში.

ამას დავუმატებდი ერთგვარ პაუზას, რომელიც იყო უკრაინის შეიარაღებით მომარაგებაში. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში უკრაინა ისევ მიიღებს შესაბამის თავდაცვით აღჭურვილობას.

ვთვლი, რომ ეს უფრო გამწარებული, გაბრაზებული რუსეთის აქტია – ახასიათებთ საქმისადმი სუბიექტური მიდგომა.

უკრაინელებიც ურტყამენ რუსებს, მაგრამ ეს დარტყმები გეგმურია, მაგალითად, ამ დღეებში დრონებით დაარტყეს მურმანსკთან არსებულ აეროდრომ „ალენაიას“, განადგურებულ იქნა ვოლგოგრადის ოლქში აეროდრომი „მარინოვკა“, როსტოვში უკვე მე-5 დღეა ნავთობბაზა იწვის და ა.შ.

რუსები კი ახორციელებენ დამსჯელ დარტყმებს. ვერ ვიტყოდი, რომ რუსები გაძლიერდნენ, ან რაღაც გარდატეხა შეაქვთ ამ დაპირისპირებაში. რუსები ცდილობენ ამგვარი დარტყმებით ოპერატიულ-სტრატეგიული ინიციატივის მეტი ეფექტი შექმნან დასავლეთისთვის და ეს მეტად მტკივნეული იყოს უკრაინის მოსახლეობისთვის.

  • რუსეთს ისევ აქვს მოლოდინი, რომ სარაკეტო დარტყმების გზით დაითანხმებს უკრაინას, თავის მოთხოვნებს დათანხმდეს? გაეროს უახლესი მონაცემების თანახმად, 2025 წლის ივნისში უკრაინაში 232 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1343 დაშავდა. ერთი თვის განმავლობაში, ეს მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლიდან – რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე.

რა თქმა უნდა, მათ ეს მიზანი აქვთ.

ფაქტია, რომ რუსეთს ომის დასრულება არ აწყობს. არ სურს, რადგან ეს მასა, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა, მოტრიალდება და სარჩენი გახდება.

წარმოიდგინეთ, ციხიდან გამოშვებული ამდენი ადამიანი მიუბრუნდება რუსეთს. ისინი ხელფასს ფრონტის ხაზზე ყოფნისთვის იღებენ, ხოლო დემობილიზაციის შემთხვევაში კვლავ დიდი რაოდენობის უფულო და უსახლკარო მასა მიაწყდება რუსეთის ქალაქებს. ეს ძალიან დიდი სოციალური პრობლემა იქნება.

რუსეთს ურჩევნია ცეცხლის შეწყვეტას მაინც მიაღწიოს საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით. ასეთ შემთხვევაში ჯარები დარჩებიან დისლოკაციის ადგილებზე, რუსეთი კი ეცდება ეკონომიკის გამოსწორებას და შეიარაღების მომარაგების შევსებას.

ეს დარტყმები უკრაინაზე არის მოსახლეობის მორალისკენ მიმართული დარტყმები. ამით რუსეთი ასევე აჩვენებს მსოფლიოს, რომ მის ხელშია ინიციატივა და მსოფლიომ უნდა გაითვალისწინოს პუტინის მოთხოვნები.

  • არის თუ არა კონკრეტულად ცნობილი, რა იარაღს მიაწვდის აშშ უკრაინას? „ჩვენ ნატოს ვუგზავნით იარაღს, ნატო კი 100%-ით იხდის ამ იარაღისთვის. ამიტომ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ გამავალი იარაღი ნატოში მიდის, შემდეგ ნატო ამ იარაღს [უკრაინას] მისცემს და ნატო ამ იარაღის საფასურს იხდის“, — განაცხადა ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ NBC-თან ინტერვიუში.

არ არის ცნობილი, რას მიაწვდიან უკრაინას და რა რაოდენობით. ეს არც უნდა იყოს ცნობილი. გერმანიის კანცლერს ჰქონდა სწორი პოზიცია, რაც ამერიკელებმაც გაიზიარეს, რუსები არ უნდა გააფრთხილო, რა იარაღი ექნება უკრაინას.

რაც არის ღია წყაროებიდან ცნობილი, უკრაინას აწვდიან 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, მათ შორის, საავიაციო ბომბებს. ამასთან დიდი ბრიტანეთი 500 თალესის სისტემის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს.

  • პუტინთან მე-6 სატელეფონო ზარის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია და მასთან ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია. თქვენი დაკვირვებით, რამდენად გახდა ნათელი, რას აპირებს ტრამპი?

ფაქტია, რომ პროგრესს ვერ მიაღწია, ამას ისედაც ვხედავთ.

ვნახოთ, ეს განცხადებები რამდენად გადავა რეალურ ქმედებებში. ჩანს, რომ ტრამპი თითქოს მოტრიალდა უკრაინისკენ, რომ მშვიდობა იქნეს მიღწეული, მაგრამ ძნელია ისაუბრო კონკრეტულ გეგმებზე: ტრამპი და გეგმები სხვადასხვა განზომილებაში არიან.

არაა გამორიცხული, იგივე მოხდეს, რაც ირანთან – 2 კვირა მისცა ვადა და 2 დღეში დაიწყო დარტყმის განხორციელება. იგივე შეიძლება მოხდეს აქაც, რომ რაღაც მოულოდნელი ნაბიჯი გადადგას.

  • რა ხდება უშუალოდ ფრონტის ხაზზე, სადაც რუსეთი ვერ აღწევს მიზანს – გავიდეს მინიმუმ დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე? ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ უკრაინული დრონების ინოვაციების პარალელურად, რუსებიც ცდილობენ გააქტიურებას – მძიმე ჯავშანტექნიკიდან სწრაფად მოძრავ მოტოციკლეტებით აღჭურვილ ქვედანაყოფებზე გადავიდნენო.

მოტოციკლეტებით გადაადგილება რას აჩვენებს, რომ რუსეთის შეიარაღების მოდერნიზაცია მიმდინარეობს?! რეალურად ეს აჩვენებს რუსეთის სისუსტეს. ვერავის ვერ დაარწმუნებენ, რომ სწრაფი მანქანით გადაადგილება ბრძოლის ველზე უფრო წამგებიანია, ვიდრე მოპედით თუ სკუტერით.

ასე კარებმოხნილი ჟიგულებითაც გადაადგილდებოდნენ და არავინ არ თვლის ამას „რევოლუციად სამხედრო საქმეში“.

ფრონტის ხაზს რომ გადავხედოთ: კურსკში უკრაინელები წინ მიიწევენ… აქ ერთი სოფელი კრასნოოქტრობრინსკი აიღეს და ამით დაასრულეს ფაქტობრივად რუსების 3-ათასიანი დაჯგუფების ალყაში მოხვედრა – რუსები გაჭედილი არიან მდინარე სეიმთან. ამ მდინარეზე ყველა ხიდი აფეთქებულია, საპონტოვნე ხიდების გადების საშუალებას კი უკრაინელების ჰაიმარსები არ აძლევენ. რუსებს თუ ბლოკირებიდან გასვლა სურთ, მდინარე უნდა გადაცურონ.

ასე რომ, არ არის საქმე ისე, რომ რუსები მიიწევდნენ წინ.

  • რა სახის წარმატება აქვთ მხარეებს? 

მნიშვნელოვანი წარმატება არ აქვს არცერთ მხარეს, მხოლოდ ტაქტიკური დონის გადაადგილებებია.

რუსების გაზაფხული-ზაფხულის გაპიარებული ოპერატიული შეტევა, ფაქტია, რომ სულს ღაფავს. მოგებულია მხოლოდ მეტრები, დაკარგულია ათასობით სამხედრო და ტექნიკა.

„ეკონომისტის“ მონაცემებით, რუსეთმა 31 ათასი კაცი დაკარგა მხოლოდ მაისის თვიდან. ამიტომაც, მოტოციკლსა და სკუტერზე გადაჯდომა არაფერს შველის – პირიქით ასე უფრო კარგი სამიზნე ხდები. უკრაინელები უფრო დიდი სიამოვნებით ააფეთქებენ მოტოციკლეტიან ჯარისკაცს.

  • რა სამხედრო გათვლით იყენებენ რუსები მოტოციკლს?

ერთადერთი არის სისწრაფე – მეტი არაფერი.

საერთოდ ყველაზე დიდი დანაკარგი ბრძოლის ველზე ერთ მხარეს და მეორე მხარესაც აქვთ მაშინ, როცა დანაყოფი შედის პოზიციაზე და როცა დანაყოფი გამოდის პოზიციიდან. რუსები ჯავშანტექნიკის ეკონომიის ხარჯზე ახორციელებენ ამ ე.წ. ხორცის შტურმს.

  • ანუ იმეტებენ ადამიანებს?

დიახ. სამ ან ხუთკაციანი ჯგუფს შეაგზავნიან პოზიციაზე, რომელიც იქ უნდა გამაგრდეს, შემდეგ მათი ჩანაცვლებაა საჭირო და ასე შემდეგ.

გარღვევას ვერ განახორციელებ ასე ნამცეც-ნამცეც, სამ-სამი კაცის შეგზავნით ფრონტზე. დარტყმა უნდა იყოს მასიური, რომ გარღვევა შეძლო. შედეგი იქნება ასეთი „აიწონა-დაიწონა“ ტაქტიკურ დონეზე.

გამოთვლილია, რომ 2025 წელს ყოველ 0.038 კვადრატულ კილომეტრზე რუსეთს ერთი ჯარისკაცი ეღუპება. ამ ტემპით რუსეთს უკრაინის ოკუპაციისთვის 90 წელიწადი დასჭირდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არაფერს გააკეთებს, დანაკარგებს თუ არ ჩავთვლით.

დღეში დაახლოებით 40-50 შეტევაა სხვადასხვა პოზიციაზე. აქ ითვლიან როგორც საარტილერიო დარტყმას, ისე სამკაციანი ჯგუფის მცდელობას, სადღაც შევიდეს და რომელიღაც ნანგრევები თუ ორმო დაიკავოს. ძირითადად ეს მოქმედებებია ფრონტის ხაზზე.

საინტერესოა ის, რომ უკრაინელების მესამე მოიერიშე ბრიგადამ პირველად ისტორიაში საჰაერო და სახმელეთო რობოტებით დაიკავა კონკრეტული პოზიცია – ჯერ დაბომბეს, შემდეგ კი, წერილები ჩამოყარეს, დაგვნებდითო. მათ ასევე ტყვედ ჩაიგდეს რუსები, რომლებიც გამოჰყვნენ მიმართულების მაჩვენებელ დრონებს.

  • მოგვიყევით ამ რობოტების შესახებ, როგორ მუშაობს?

ეს არის ბრიტანელების და უკრაინელების მიერ შემუშავებული სახმელეთო რობოტები, რომელთაც შეუძლიათ დისტანციური მართვით გადაადგილება, ის ხედავს ვითარებას მის წინ და შეუძლია ცეცხლის გახსნა. უკრაინელი სამხედრო არ იღუპება ამ პირობებში.

რობოტი იგივე დრონია, რომელიც ხმელეთზე მოძრაობს,უფრო ფარულია, ცეცხლსაც აწარმოებს და იმართება პულტიდან დისტანციურად.

  • რამდენად ახერხებს ამასობაში ევროპა სამხედრო კუთხით გაძლიერებას, რომ მან უკრაინის მხარდაჭერა შეძლოს? გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია იღებს პასუხისმგებლობას ლიდერობაზე ევროკავშირსა და ნატოში, რასაც მისგან ევროპა ელოდება. მაგალითად, გერმანიის თავდაცვის ხარჯები 2025 წელს მშპ-ს 2,4%-ს მიაღწევს და შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება, რათა 2029 წელს მიაღწიონ ნატოს კვოტას – 3,5%-ს.

გერმანიამ განაცხადა, რომ მას ეყოლება ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები ევროპაში. ეს მას ხელეწიფება კიდეც. ამიტომაც ის მშპ-ს 5%-მდე ზრდის თავდაცვის ხარჯებს.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინას არ მიატოვებს, არ დათმობს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებთან ერთად იბრძოლებენ. უკრაინელებთან ერთად იბრძვის საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები.

აქამდე გერმანია თავს იკავებდა, გაეზარდა თავდაცვის ბიუჯეტი. მაგალითად, მერკელი ამბობდა, მსოფლიო დაგვაბარალებს მილიტარიზებასო. ეს შიში ჰქონდათ რეალურად გერმანელებს, ახლა ეს შიში მოხსნილია. ასე რომ, გერმანიას ძლიერი არმიის, სამხედრო მანქანის შექმნის მდიდარი გამოცდილებაც აქვს და შესაძლებლობაც. ეს პროცესი დაწყებულია უკვე.

სამხედრო აღჭურვილობის წარმოების კუთხითაც ევროპელები აქტიურად ეხმარებიან უკრაინას. უკრაინა ესაუბრება აშშ-ს, რომ უკრაინაში წარმოებული „პატრიოტის“ რაკეტების ლიცენზია მისცეს. ურსულა ფონ დენ ლაინმა კი მოუწოდა მსოფლიოს, უკრაინისგან შეიძინოს უკრაინაში გამოცდილი სისტემები, რაც ფინანსურად მნიშვნელოვნად წაადგება ევროპას.

გარდა ამისა, იტალიაში ჩატარდა კონფერენცია უკრაინის აღდგენის შესახებ. მიიღეს გადაწყვეტილებები, რომ პარიზში ჩამოყალიბდეს შტაბ-ბინა იმ ორგანიზაციის, რომელიც გაუწევს კოორდინაციას უკრაინის აღდგენას. მომავალ წელს ეს შტაბ-ბინა გადაინაცვლებს დიდ ბრიტანეთში, მისი ფილიალი კი გაიხსნება უკრაინაში და მას უხელმძღვანელებს ბრიტანელი ოფიცერი. ეს შტაბი იღებს პასუხისმგებლობას უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და განვითარებაზე, ამავე დროს პასუხს აგებს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში ევროპული სახელმწიფოების ავიაციის მონაწილეობაზე.

ეს შტაბი ასევე გაუწევს კოორდინაციას შავ ზღვაში განაღმვის პროცესს. ამ პროცესში აქტიურად ჩართული იქნება: რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი. სამწუხაროდ, საქართველო აღარ მოიხსენიება ქვეყნად შავ ზღვაში. ამ პროცესის მიზანია საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოება სრულად აღდგეს.

  • რატომ არ ჩაერთო ამ პროცესში საქართველო? 

რით მოიხსენიონ საქართველო: საზღვაო ძალები გვყავს, შესაძლებლობები გვაქვს, თუ სურვილი, რომ აქ რამე განახორციელონ? სადმე გაიგონეთ, რომ საქართველომ ეს მოითხოვა?!

გაწმენდენ საზღვაო მიმოსვლის გზებს. ძირითადი მაინც არის ოდესის აკვატორია და სამხრეთ მიმართულება. ჩვენმა ქვეყანამ სურვილიც კი არ გამოხატა, რომ ჩართულიყო ამ პროცესში და ძალით ხომ არ შემოვარდება აქ თურქეთი და დაიწყებს წმენდას?!

  • ირანზეც გვითხარით: ტრამპმა განაცხადა, რომ, თუკი ირანი განაახლებს ურანის მაღალი ხარისხით გამდიდრებას, ის მორიგი დაბომბვის ბრძანებას გასცემს. აშშ და ირანი მზად არიან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად. რა პერსპექტივა არსებობს მოლაპარაკებისთვის?

ფაქტია, რომ ირანი არ შეწყვეტს ურანის გამდიდრებაზე ფიქრს და მუშაობას, თუმცა საკმაოდ გადაიწია ეს ვადა. სავარაუდოა, რომ ირანი შესაბამის დარტყმებს მიიღებს ისევ. ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

  • ისრაელმა აშშ-ს დახმარებით ვერ შეძლო ირანში სრულად ბირთვული სამიზნეების განადგურება? 

მთლიანად ირანს ხომ ვერ გაანადგურებდნენ? იქ რჩებიან მეცნიერები და გარკვეული პოტენციალი – ატომური ელექტროსადგურები, რომელთაც სამშვიდობო ამოცანები აქვთ. ირანს საბადოებიც აქვს და მეცნიერებიც ჰყავს – ფიზიკოსები. თუ არ ჰყავს, გაზრდის კიდევ ერთხელ მეცნიერებს.

მაგალითად, სურვილის შემთხვევაში უკრაინელებსაც შეუძლიათ ბირთვულ იარაღზე მუშაობა – პოტენციალიც გააჩნიათ და ინსტიტუციური მეხსიერებაც.

ირანში სრულად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და მან სამხრეთ აფრიკის მსგავსად არაბირთვულ სახელმწიფოდ უნდა გამოაცხადოს თავი.

  • რუსეთი კარგავს დომინანტურ როლს სამხრეთ კავკასიაში. რამდენად ცვლის ეს მოცემულობას უკრაინის ფრონტზე?

არა მგონია, რუსები იმდენად სულელები იყვნენ, მეორე ფრონტი გახსნან აზერბაიჯანის წინააღმდეგ – უკვე იგულისხმება არა აზერბაიჯანი, არამედ თურქეთი, თუმცა ეს არ გამორიცხავს გარკვეულ პროვოკაციებს რეგიონში სომხეთის, ან აზერბაიჯანის მიმართულებაზე, იგივე აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში სეპარატიზმის გააქტიურებაზე. ეს სჩვევიათ რუსებს.

ამ ეტაპზე არა მგონია რუსებს ძალა შესწევდეთ მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია განახორციელონ ამ მიმართულებაზე, ვიდრე არ შეწყდება საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში.

ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთი გავლენას კარგავს და თურქეთის გავლენა იზრდება. ამას აჩვენებს სომხეთ-თურქეთის მოლაპარაკებები. სომხეთმა თუ თურქეთთან დაალაგა ურთიერთობები, მაშინ საქართველოს როლი კიდევ უფრო შემცირდება ამ რეგიონში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: