მთავარი,სიახლეები

„გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს“ – ინტერვიუ

09.07.2025 •
„გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს“ – ინტერვიუ

„ეს გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ვესაუბრეთ. რაზე მიუთითებს „ოცნების“ ლიდერების მოქმედებები და განცხადებები მას შემდეგ, როცა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაჭრილი კლინიკაში მოათავსეს?

„თორნიკე რიჟვაძე დაიბარეს მოსაკლავად იმ ტიპის „რაზბორკაზე“, რომელიც სიკვდილით მთავრდება, ამიტომაც მან ეს წერილი დაწერა, ან თორნიკე რიჟვაძე მართლაც მეგობართან ჩავიდა და, შესაბამისად, მას ეს წერილი არ დაუწერია,“ – თინა ხიდაშელი განმარტავს, როგორ ეწინააღმდეგება გამოძიების ვერსიას ის წერილი, რომელიც სამთავრობო მედიის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ დაწერა.

„ბათუმელები“ თორნიკე რიჟვაძის საქმეზე თინა ხიდაშელს ესაუბრა. იგი „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

  • ქალბატონო თინა, დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. რას აჩვენებს თქვენთვის თორნიკე რიჟვაძის საქმე და „ოცნების“ მაღალჩინოსნების ქცევა? ირაკლი კობახიძე აცხადებს, სტრესულია პოლიტიკოსების ცხოვრება, უამრავ ტყუილს და ცილისწამებას ავრცელებენ ჟურნალისტებიო… 

ძალიან ბევრი კუთხიდან შეიძლება შევხედოთ ამ საქმეს. პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ თორნიკე რიჟვაძე გამოჯანმრთელდება და მის ჯანმრთელობას არ მიადგება მძიმე შედეგის მქონე ზიანი. გარემოში, სადაც ასეთი რამ ხდება, მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ რომელ ბანაკშია, ან აქამდე რას ფიქრობდი მასზე.

ამ საქმეს ბევრი მახასიათებელი აქვს. თავისთავად ამბავს, რასაც მოგვიყვნენ, აქვს ძალიან ბევრი მიზეზი, მივიჩნიოთ არადამაჯერებლად. ძალიან ცოტა ადამიანს თუ სჯერა ამ ვერსიის გამართულობის და სიმართლის, მათ შორის, იმის, რომ მართლაც თვითმკვლელობის მცდელობასთან გვაქვს საქმე. ადამიანები უფრო ფიქრობენ, რომ მას ესროლეს და გადარჩა, ან აშინებდნენ, დასცინოდნენ, როგორც ეს ხდება „რაზბორკების“ დროს და იარაღი გაუვარდათ.

რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს სიმართლე, ყველა ერთმანეთზე უარესია. აბსოლუტურად არავითარი განსხვავება ამ სამ ვერსიას შორის სინამდვილეში ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არ არის: ესროლეს, მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, თუ გვერდზე დაუდეს პისტოლეტი, როგორც კაგებეს შესახებ გადაღებულ ძველ ფილმებშია და მიუთითეს, რაც უნდა გაეკეთებინა.

ნებისმიერ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ჩვეულებრივი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდის მოქმედება, რომელიც ზუსტად მაფიოზური, კაგებეშნიკური პრინციპებით უსწორდება ადამიანებს, ვისთანაც ივანიშვილს რაღაც გასარჩევი აქვს: გნებავთ, ეს საკითხი იყოს ფინანსური, პოლიტიკური და ასე შემდეგ.

ამ საქმემ გამოაჩინა, ამოატივტივა „ქართული ოცნების“ ყველაზე უფრო მახინჯი სახე – ჰყავთ სადამსჯელო ბრიგადა, რომელსაც ჰყავს თავისი მეთაური – ბატონი ფარცხალაძე ჩანაცვლებულია, როგორც ჩანს, ის იბარებს ადამიანებს, გაივლი 400 კილომეტრს, ჩახვალ და შემდეგ გაგისწორდებიან.

  • პროსახელისუფლებო მედიამ ამ შემთხვევიდან მალევე წერილი გამოაქვეყნა, თორნიკე რიჟვაძეს ტანსაცმელში ვუპოვეთო… რა დროს გამოაქვეყნა „ოცნებამ“ ეს წერილი და რაზე მიუთითებდა მისი შინაარსი თქვენთვის? 

აქ შემოდის პროპაგანდისტული მედიის როლი – მაშინვე დაიწყეს ვერსიის შექმნა, მისი ფორმირება, მასზე მუშაობა.

ძალიან საინტერესოა ეს წერილი. ჩემი აზრით, ძალიან ჭკვიანი კაცის დაწერილია, იმიტომ, რომ თავდაპირველად ემოცია გიჩნდება, რომ ეს წერილი თორნიკე რიჟვაძეს არ დაუწერია, რადგან ასე არ ხდება: მიდიხარ მეგობართან სახლში, იარაღი თან არ მიგაქვს და მერე იქ სადღაც, გვერდით მიგდებული იარაღი გხვდება და თავის მოკვლას ცდილობ, ეს წერილი კი, წინასწარ გაქვს დაწერილი?

ამიტომაც, ეს აბსურდია, მაგრამ ამასობაში ამავე წერილში გვხდება ფრაზები, რომელიც გაფიქრებინებს, რომ რიჟვაძემ თუ ეს არ დაწერა, ამათ ეს ფრაზები რატომ ჩაუწერეს? ვგულისხმობ ფრაზებს, რაც ერთგვარად მთელი სისტემის მაინკრიმინირებელია, მაგალითად, როცა წერს, რომ დაიღალა ამ ზეწოლით და ძალადობით.

პრინციპში ამ სისტემის მხილებისკენაა წერილის ეს ნაწილი მიმართული.

ეს შეგნებულად და გამიზნულად ჩაწერეს, რომ ყველამ იცოდეს – იმ ადამიანებმა, რომლებიც გუშინ ან დღეს არიან „ოცნების“ ხელისუფლების მსახურებაში: მერები, გამგებლები, მინისტრები თუ მათი მოადგილეები, რომლებსაც ხელი წაუცდათ კორუფციაზე, ფავორიტიზმზე, ათას უბედურებაზე, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნა გაკეთებინებს ადამიანს, თუ ამის უფლება მიეცი შენს თავს.

ამათთვისაა ეს გზავნილი, რომ მარტო რიჟვაძეს არ ეხება ეს. ვიღაც კორუფციაშია ჩართული, ვიღაც ბარიგებთანაა გარიგებული, ან ნათესავების უკანონო საქმიანობას უწყობს ხელს… აქ იგულისხმება ყველა ტიპის მორჩილება, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ მანამდე ცნობილი გახდა ის, რომ ფულის მიტანას სთხოვდნენ.

  • დამაჯერებელია თქვენთვის ეს ვერსია, რომ თორნიკე რიჟვაძეს ბიძინა ივანიშვილი 300 მილიონ დოლარს სთხოვდა? 

აბსოლუტურად. ამ წერილმა დაადასტურა ეს, ვისი დაწერილიც არ უნდა იყოს ეს წერილი.

ამ წერილის მიზანი იყოს ის, რომ ყველას სცოდნოდა – ვისთანაც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ამ ტიპის პრეტენზია ჰქონდეს – აუცილებლად მიატანინებენ, ან ისე დაასრულებს, როგორც თორნიკე რიჟვაძემ დაასრულა.

ეს უბედური შემთხვევა რომ არ მომხდარიყო, ჩვენ ვერც გავიგებდით ამ ამბავს.

ვფიქრობ, ამ წერილის თემა დამოუკიდებლად ცალკე მნიშვნელოვანი ამბავია. მიმაჩნია, რომ ეს წერილი დაიწერა ყველა დანარჩენისთვის, მათ გასაგონად, ვისაც შეიძლება ეს ეხებოდეს, ვისთანაც არჩევენ შიდა საქმეებს, შიდა მოპარულ ფულს, მფარველობის თემებს და ასე შემდეგ.

  • ეს წერილი ნივთმტკიცებაა სისხლის სამართლის საქმეში, თქვენი აზრით, „ოცნებაში“ მისი გასაჯაროება ამ ფორმით რატომ გადაწყვიტეს – მედიკოსებმა იპოვესო. ასევე, საინტერესოა კვალიფიკაცია – გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

მნიშვნელოვანია ის, რომ წერილი გამოიყენეს პროპაგანდისთვის და არა სისხლის სამართლის საქმისთვის. ჩვენ არ ვიცით, რა გზა გაიარა ამ წერილმა „აღმოჩენის“ მომენტიდან იქამდე, როდესაც ის სამართალდამცველებს ჩაჰბარდათ. ეს არის ადვოკატების სანახავი თემა, მაგრამ გასაგებია, რომ თორნიკე რიჟვაძე და მისი ოჯახი ვერ გაბედავს „ოცნებასთან“ დაპირისპირებას.

მარტო ის რად ღირს, რომ წერილის პირველ ვერსიაში ცოლი გამორჩათ და მეორე ვერსიაში ცოლი ჩამაატეს. რაზე ვლაპარაკობთ ამის მერე? ეს არის ზღაპარი. როგორც ჩანს, ამ წერილის რამდენიმე ვერსია არსებობდა, ვიღაც წერდა, მაგრამ არ მოეწონათ და შემდეგ შეცვალეს.

რა თქმა უნდა, ამ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას თუ ასე ხელიდან ხელში გადასცემდნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ არ ჩანს, რომ ვინმე ამას აპირებს. ყველა სიტყვა, რომელიც ამ წერილშია, გამოძიების ინტერესის საგანი უნდა გახდეს, თუმცა კონკრეტული მუხლითაა მხოლოდ გამოძიება დაწყებული და სხვა არაფერს არ იძიებენ.

  • გამოძიებამ ახვლედიანის ბრალდებაში წარმოადგინა ვერსია, ფანჩატურში ჰქონდა ბრალდებულს დატოვებული იარაღიო. როგორ განვითარდა „ოცნების“ ვერსია, თუ წერილი მართლაც თორნიკე რიჟვაძეს არ დაუწერია? 

ეგ ვერსია და წერილი ერთმანეთს ვერ ეთანხმება – ორივე ვერ იქნება სიმართლე. თორნიკე რიჟვაძემ ან იცოდა, რომ მოსაკლავად დაიბარეს და დაწერა წინასწარ წერილი, მაგრამ თუ იქ უცებ და მოულოდნელად, შემთხვევით დატოვებული იარაღი იპოვა, მაშინ წერილი რატომ დაწერა?

ასე რომ, თორნიკე რიჟვაძე დაიბარეს მოსაკლავად იმ ტიპის „რაზბორკაზე“, რომელიც სიკვდილით მთავრდება, ამიტომაც მან ეს წერილი დაწერა, ან თორნიკე რიჟვაძე მართლაც მეგობართან ჩავიდა და, შესაბამისად, მას ეს წერილიც არ დაუწერია.

  • რა მნიშვნელობა შეიძინა ამ საქმემ ივანიშვილის რეჟიმისთვის? ივანიშვილის დაჯგუფებაში არის მზაობა, რეჟიმის სამიზნე თავად აღმოჩნდნენ?  

კი, რაც სჭირდება ივანიშვილს, ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდ „ოცნების“ ლიდერების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, სინამდვილეში რა სჭირდება ივანიშვილს, რა დავალებებს იძლევა ივანიშვილი. მათ ესაუბრება ირაკლი კობახიძე. აქ მაღალია იმის ალბათობა, რომ ვიღაცები მოქმედებდნენ ირაკლი კობახიძის დავალებით კონკრეტულად კობახიძის თავში მოხარშული ბინძური იდეებით და სქემების განსახორციელებლად… რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი.

ვიტყოდი, რომ ისევე, როგორც გიორგი რამიშვილის [„ზარალა“] საქმემ, თორნიკე რიჟვაძის საქმემ ეს რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიერა – კიდევ უფრო გაამყარა შიგნით. გარედან, ჩვენთვის კი, არაფერი იცვლება: პირიქით, კიდევ უფრო ნათელი ხდება ამ რეჟიმის სისასტიკის მასშტაბი, რეჟიმის სახე.

იმ ხალხისთვის, რომელიც არ არის მზად, აღიაროს სიმართლე, მაგრამ ხვალ შემდეგი ხელისუფლების ნავში გადაბარგდება, მათთვისაც არაფერი იცვლება იმის გარდა, რომ რეჟიმი კიდევ უფრო გამყარდა. კიდევ უფრო გაძლიერდება შიშის განცდა.

  • მაგრამ კითხვები გაჩნდა, რომ „ოცნებაში“ ლიდერებიც ვერ იცავენ თავს. არ ფიქრობთ, რომ ეს საქმე გახდეს მნიშვნელოვანი ბიძგი ცვლილებებისთვის, რაღაც გარდატეხა შეიტანოს პროცესში? 

კითხვები ჩვენ გვიჩნდება და არა ქოცებს. ჩვენ ეს თემები გვაწუხებს დიდი ხანია… მნიშვნელოვანია ეს საქმე, ცხადია, მაგრამ გარდამტეხი არ არის. ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, მნიშვნელოვანი მხოლოდ ისღა დარჩა, რაც ჩამოშლის ამ სისტემას. ეს საქმე კი, არ ჩამოშლის.

  • თუმცა, სავარაუდოდ, ეს გასროლა არ აწყობდა ივანიშვილს? 

ეს გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს.

  • თუმცა ის თურქეთში გაუშვეს.

იმის შემდეგ, როცა უკვე გადარჩა ადამიანი, მოქმედების არეალი შეიზღუდა, სხვაგვარად აღარ გამოდიოდა…

ამიტომაც, მე იმ ვერსიისკენ მივდივარ, რომ მის დაშინებას და დაცინვას ცდილობდნენ, ამ დროს გაუვარდათ იარაღი.

  • იმიტომ გჯერათ ამ ვერსიის, რომ რუსეთში უმეტესად ასე ხდება? 

კი, იარაღსაც ატრიალებენ, რომ ეფექტი შექმნან: ბიჭო, შენ ვის ელაპარაკები?!

  • რა ფორმით შეიძლება გაგრძელდეს ლოგიკურად თორნიკე რიჟვაძის საქმე? 

ამ საქმეს აუცილებლად ექნება გაგრძელება, ოღონდ თორნიკე რიჟვაძესთან მიმართებით არა. ეს გაგრძელდება ძველი თაობის ქოცებთან, ანუ ღარიბაშვილის დროინდელ ქოცებთან მიმართებით.

კონტროლი არსებობს, მაგრამ როდესაც რეჟიმი უკვე არის ფსიქოლოგიურად ისეთ მდგომარეობაში, როგორც ესენი არიან, შეუძლებელია სხვანაირად მოხდეს: იქ უკვე შეცდომებსაც უშვებენ და გაუთვალისწინებელი ბევრი რამ ხდება, რაც საზოგადოების ყურამდე აღწევს.

  • რას ცვლის ინტერესი და გამოხმაურება თორნიკე რიჟვაძის საქმის გარშემო? 

ნორმალური ადამიანისთვის ეს მორიგი მტკიცებულებაა „ქართული ოცნების“ ძალადობის მასშტაბსა და ხარისხთან, ყველაფრის კადრებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ვინც დღემდე დაშინებული იყო და ხმას არ იღებდა, ეს ამბავი შიშის გაზრდის საფუძველი გახდება.

იმ კატეგორიას კი, რომელსაც ყველაფრის სჯერა, რასაც ჩასძახებენ, დარწმუნებული ვარ, არც გაუჩნდება კითხვები. არ მაქვს მოლოდინი, რომ მართლმორწმუნე ქოცებს რამე კითხვა გაუჩნდებათ. ვგულისხმობ „ოცნების“ მრევლის იმ ნაწილს, რომელიც ბიძინაზე ლოცულობს.

  • მათ ირაკლი კობახიძემ უთხრა, ჟურნალისტების გამო სტრესულია პოლიტიკოსების ცხოვრებაო. ეს კრიტიკული მედიის გაქრობაზე ორიენტირებული არალეგიტიმური პრემიერის მორიგი თავდასხმაა? 

დიახ, ირაკლი კობახიძე როცა ტელევიზორში ლაპარაკობს, ის მე და თქვენ არ გველაპარაკება – ელაპარაკება თავის მრევლს, მისი გულის მოსაფხანად ამბობს ამას, რომ ისინი დააშოშმინოს და დაამშვიდოს. ამ მიზანს ის აღწევს კიდეც.

ძალიან კონკრეტული ადრესატი ჰყავს ყველა მსგავს განცხადებას და გარკვეული ჯგუფის გონებაში ეს ამბავიც დაილექება ასე  – „მედიის ბრალია“, კაცი რა დღეში ჩააგდეს ამ ჟურნალისტებმა, მიკროფონებით დასდევენ და როდის უნდა დამთავრდეს ეს?!“

ხვალ და ზეგ რომელიმე ტელევიზიას თუ მიადგებიან დასახურად, ადამიანების რაღაც ნაწილს გაახსენდება, რომ ჟურნალისტები ხომ ცუდი ხალხია, ადამიანი თვითმკვლელობამდე მიჰყავთ? შესაბამისად, ისინი მედიის დასაცავად არ გამოვლენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: