„ახლა ზუსტად ის დროა, რომ უნდა გაძლიერდეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სამხრეთ კავკასიაში,“ – მიიჩნევს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი. მას სამხრეთ კავკასიის ახალ რეალობაზე ვესაუბრეთ: როცა სომხეთი და აზერბაიჯანი აშკარად რუსეთის ორბიტიდან დაშორებას ცდილობენ, საით მიდის საქართველო?
„რუსეთის გავლენები მცირდება ასე ვთქვათ გლობალურად და რეგიონულადაც. სამხრეთ კავკასიაში ეს გამოიხატება განსაკუთრებით იმაში, რომ სერიოზული კრიზისია რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში… გამოდის, რომ ამ კონტექსტში ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოა, მაგრამ ობიექტურად ჩვენ სხვაზე მეტად ვართ დაინტერესებული იმაში, რომ სამხრეთ კავკასიური ერთობა შედგეს – ეს ერთობა ჩვენ მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს,“ – გვიყვება ვალერი ჩეჩელაშვილი.
„ბათუმელებმა“ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში, ასევე „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ მმართველობის წევრი.
- ბატონო ვალერი, რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში? ფაშინიანი ერდოღანს ხვდება და რუსული ტელეარხების აკრძალვაზე საუბრობს, აზერბაიჯანი კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს რუსულ ორბიტასთან დაშორებას – აქ მოსკოვში დაგეგმილ საპარლამენტო სხდომასაც ბოიკოტი გამოუცხადეს.
რუსეთის გავლენები მცირდება გლობალურად და რეგიონულადაც. სამხრეთ კავკასიაში ეს გამოიხატება განსაკუთრებით იმაში, რომ სერიოზული კრიზისია რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში.
ბოლო პერიოდამდე, ვიდრე ჩამოაგდებდნენ რუსები აზერბაიჯანის თვითმფრინავს, თითქოსდა აზერბაიჯანი იყო რუსეთის ყველაზე სანდო პარტნიორი. ეს იმის მიუხედავად, რომ ფორმალურად სომხეთი რჩებოდა კუხოს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] და ევრაზიული კავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩანდა, რომ აზერბაიჯანს თითქოს უფრო კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან.
ამჯერად სომხეთიც ჩაება რთულ დიპლომატიურ თამაშში – მიუხედავად მისი რუსეთზე სერიოზული ეკონომიკური დამოკიდებულებისა, დაიწყო მოძრაობა ევროკავშირის და აშშ-ს მიმართულებით.
- ეს გააქტიურდა ყარაბაღის შემდეგ, როცა სომხეთმა დაინახა, რომ რუსეთი არაფერში დაეხმარა?
დიახ, როდესაც ვერ, თუ არ დაეხმარა რუსეთი სომხეთს, ეს ამ პროცესის დასაწყისი იყო. შემდეგ იყო სირია, მას მოჰყვა ირანი. ირანის შემთხვევაში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რა შეუძლია რუსეთს: რუსეთის მიერ ირანისთვის მიწოდებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები S-300 და S-400 ერთი დარტყმით გაანადგურა ისრაელმა, რუსეთი იქ ცოცხალი ძალით ვერ შეიჭრებოდა – არც იყო მიწაზე საბრძოლო მოქმედებები. ამიტომაც, რუსეთმა დაიკავა ნეიტრალური პოზიცია, რამაც ძალიან გააღიზიანა ირანი.
აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, სიმართლე გითხრათ, რუსეთს ჰქონდა იმპერიული პოზიციების გამოვლენა: არასდროს არ თვლიდა სრულფასოვან პარტნიორებად თავის მეზობლებს. ეს ეხება ყველას, ყაზახეთის და ბელარუსის ჩათვლით.
2008 წელს, როდესაც ჩვენ, ქართველი დიპლომატები, რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, პარტნიორებთან ვცდილობდით იმის დამტკიცებას, რომ ეს არ იყო გამონაკლისი რუსეთის პოლიტიკაში და ჩვეულებრივია რუსეთის პოლიტიკისთვის ექსტრემალური გამოვლინება, მაინცდამაინც არ გვიჯერებდნენ. შემდეგმა წლებმა, მათ შორის, 2013-2014 წლებმა, შემდეგ 2022 წელმა და ბოლო მოვლენებმა ნათლად დაადასტურა, რომ ესაა რუსული პოლიტიკა.
ახლა ზუსტად ის დროა, რომ უნდა გაძლიერდეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სამხრეთ კავკასიაში. სულაც არაა გადაულახავი დაბრკოლება ის, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არაა ხელმოწერილი ხელშეკრულება სამშვიდობო და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ.
დაახლოებით 2 თვის წინ ჩვენ ვიხილეთ თბილისში ძალიან წარმატებული სამმხრივი შეხვედრა: სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, რომლის შემდეგაც გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება, ძალიან კარგი იდეებით დატვირთული. სამივე ქვეყანა დაეთანხმა იმას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი და გააძლიერებს ინტეგრაციას, ხელს შეუწყობს სამივე ქვეყნის პოტენციალის გამოვლინებას და მშვიდობის დასადგურებას. ნათქვამი იყო ასევე, რომ შემდგომი შეხვედრები გაიმართება უფრო მაღალ დონეზე.
- ჩნდება შანსი, რომ სამხრეთ კავკასიის დატოვება მართლაც მოუწიოს რუსულ ჯარს, თუ ეს სამი ქვეყანა შეთანხმებულად იმოქმედებს?
ამ სამმხრივი ფორმატის მეშვეობით ვერ მოვახერხებთ რუსეთის ჯარების გაყვანას გიუმრიდან [სომხეთი], სადაც ის ლეგალურადაა და ვერც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, სადაც არალეგალურადაა, თუმცა სამი ქვეყნის კონსოლიდაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავხდებით გაცილებით ძლიერი. შესაბამისად, თუ ვიქნებით ძლიერი – ამ დროს ჩვენი პარტნიორები გაცილებით მეტ პატივს გვცემენ, ასევე ჩვენი ოპონენტები და მტრებიც გაცილებით დიდ ანგარიშს გვიწევენ.
ამ თვალსაზრისით არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ნეგატიური გამოცდილება 1918-21 წლებში: ბოლშევიკურმა რუსეთმა ცალ-ცალკე დაიპყრო სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა: ჯერ აზერბაიჯანი, შემდეგ სომხეთი და ბოლოს საქართველო.
ახლა არის ზუსტად კონსოლიდაციის დრო. თუ ვინმე ამაზე ფიქრობს, იმედია ფიქრობს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ახლა არის გასააქტიურებელი ეს ფორმატი. აზერბაიჯანი და სომხეთიც დღეს ამისთვის უფრო მზად არიან იმის გათვალისწინებით, რაც თქვენ ახსენეთ: აზერბაიჯანი უკვე შევიდა რუსეთთან ურთიერთობების ახალ ფაზაში, ხოლო სომხეთი აგრძელებს ტრადიციულ დრეიფს დასავლეთის მიმართულებით.
გამოდის, რომ ამ კონტექსტში ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოა, მაგრამ ობიექტურად ჩვენ სხვაზე მეტად ვართ დაინტერესებული იმაში, რომ სამხრეთ კავკასიური ერთობა შედგეს – ეს ერთობა ჩვენ მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს.
- როგორ პოზიციონირებს ამ პროცესში საქართველო, რა გამოჩნდა იგივე სამმხრივი მოლაპარაკების ეტაპზე?
სხვათა შორის, ჟურნალისტები არ დაინტერესებულან ამ შეხვედრით. კარგი იქნებოდა, თუ ჟურნალისტები დაუსვამდით შეკითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ ლაშა დარსალიას. მე ცალსახად მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ერთობლივ განცხადებაში ჩაწერილი ტექსტი ძალიან ჯანსაღი და კარგი იყო.
ამ შეხვედრას ჯერ არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია, თუმცა შეიძლება სამინისტროებს შორის კონსულტაცია მიმდინარეობს.
სხვათა შორის, ურთიერთობის გართულებამ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის კიდევ უფრო გაზარდა ამ სამმხრივი ფორმატის პერსპექტიულობა.
„ქართული ოცნება“ ვერ უარყოფს, რომ საქართველოს 20 % ოკუპირებულია, ასევე ჩვენი სანაპირო ზოლის 50 % – 300-დან 150 კილომეტრი ოკუპირებულია. საერთოდ, რუსეთს გართულება აქვს შავ ზღვაზე, უნდა, რომ სანაპიროზე უპირობო კონტროლი მოიპოვოს, რადგან აქედან შეუძლია შეტევა ყირიმზე, აზოვის სანაპიროზე და ასე შემდეგ.
რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეუბნება: მე ვარ აქ ბატონ-პატრონი და თქვენ უნდა დამექვემდებაროთ. ამ მიდგომამ სამივე ქვეყანას უნდა უბიძგოს, რომ ჩვენ შევიკრათ ერთად, ჩამოვაყალიბოთ საერთო, საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი. თუ ეს მოხერხდა, გვეყოლება პარტნიორები – მინიმუმ თურქეთი, ევროკავშირი და აშშ. მათ აინტერესებთ სამხრეთ კავკასია, როგორც ერთიანი რეგიონი. ერთიანი რეგიონის მიმართ გაცილებით დიდი დაინტერესებაა, ვიდრე ცალკეული ქვეყნების მიმართ.
- როცა ერთი-ერთში ემთხვევა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა კრემლის გზავნილებს და მიტაცებული ძალაუფლების პირობებში ივანიშვილის მთავარი მოკავშირე რუსეთია, ელოდებით თამამ ნაბიჯებს საქართველოს მხრიდან, თუ საქართველოს ისევ რუსეთის მთავარი დასაყრდენი ხდება?
დიახ, მართლაც საქართველოდან დაიწყო რუსეთმა თავის დროზე სამხრეთ კავკასიის დაპყრობა.
დღეს ვხედავთ, რა ურთიერთობაშიცაა „ოცნება“ რუსეთთან, მაგრამ რეალურად მოხდა ის შეხვედრაც, რაზეც გესაუბრეთ. ასე რომ, პირველი ნაბიჯი ყოველთვის ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანია: რატომ არ შეიძლება ისევ გადაიდგას ეს ნაბიჯები?
რუსეთის ნარატივია, რომ სადაც რუსეთი შედის და რუსი ჯარისკაცი ფეხს დგამს, იქიდან აღარ გამოდის, მაგრამ ძალიან კარგადაც გამოდის: მაგალითად, აზერბაიჯანში, ლაჩინის დერეფანში 2 ათასი მშვიდობის მყოფელი იყო. სად მშვიდობა და სად – რუსეთი? რუსები უკრაინაში ქალებს, მოხუცებს და ბავშვებს კლავენ და აზერბაიჯანში მშვიდობის მყოფელად იმოსებიან?
როცა აზერბაიჯანმა 2023 წელს 24 საათში დაამთავრა ყარაბაღის გათავისუფლება, რამდენიმე დღეში ეს 2 ათასი ჯარისკაციც გავიდა აზერბაიჯანიდან. მათი მანდატი 2025 წელს იწურებოდა. ახლა არსებობს ისევ შანსი, რომ აზერბაიჯანში რუსის ჯარი შევიდეს? – ამის არავითარი შანსი არ არსებობს.
- ამას ძირითადად თურქეთთან აზერბაიჯანის მოკავშირეობის გამო გამორიცხავთ?
თურქეთის ფაქტორიც ძლიერია, პაკისტანთან თანამშრომლობის ფაქტორიც ძლიერია. ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ძალიან მედგრად და პრინციპულად ახორციელებს საკუთარ ინტერესებს, აზერბაიჯანმა მიუთითა რუსეთს, რომ არსებობს პრინციპები, რომელსაც ის არ გადაუხვევს, როგორც რუსეთთან ურთიერთობაში, ისე გლობალურ კონტექსტში. მაგალითად, პრეზიდენტი ალიევი იმეორებს პრინციპულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყირიმის ჩათვლით.
ის, რაც ეკატერინბურგში მოხდა, ეს იყო პრაქტიკულად რუსეთის ძალოვნების ფაშისტური გამოხტომა აზერბაიჯანელი მოსახლეობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამ დროს თანადგომა გამოუცხადა აზერბაიჯანს, პრეზიდენტი ზელენსკი იყო.
დღეს აზერბაიჯანს არაფერში არ სჭირდება რუსეთი: არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით. პირიქით, რუსეთს სჭირდება აზერბაიჯანი, თუნდაც სანქციების კონტექსტში, რომელიც ტრანსპორტზეც ვრცელდება: რუსეთისთვის შეიძლება ერთ-ერთი ფანჯარა ყოფილიყო ჩრდილო-სამხრეთის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანზე გადის ირანის მიმართულებით – ირანის პორტებზე. აზერბაიჯანის სატრანსპორტო კომუნიკაციის პოტენციალის რეალიზდება ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძის გასწვრივ და არა ჩრდილოეთ-სამხრეთის გასწვრივ, რაც რუსეთს სჭირდება.
ამიტომაც, რუსეთმა დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომა, როცა გაამწვავა ურთიერთობა აზერბაიჯანთან. როგორც ჩანს, რუსეთი ვერ მოერია საკუთარ იმპერიულ კომპლექსებს. თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგაც ხომ გახსოვთ, პრეზიდენტმა პუტინმა დაურეკა პრეზიდენტ ალიევს და მიკიბ-მოკიბვით უთხრა, რომ სინანულს გამოვხატავ, რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა ეს ინციდენტიო.
აზერბაიჯანში ამის შემდეგ თქვეს: კი ბატონო, მაგრამ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და კომპენსაცია გაეცით. რუსეთში ესეც გაუკვირდათ, როგორ, ჩვენმა ბელადმა დაურეკა ალიევს და ნუთუ ეს საკმარისი არ არის, ამის შემდეგ კიდევ მოთხოვნებიო? რუსები ტყვეები არიან საკუთარი იმპერიული კომპლექსების, რაც მათ აშვებინებს ძალიან მძიმე შეცდომებს.
- რუსეთი ამჯერად ცდილობს შემოირიგოს აზერბაიჯანი? ბაქოში „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ 7 წარმომადგენლის დაკავების შემდეგ პუტინის პრესმდივანმა, პესკოვმა აღნიშნა, რომ „გადაჭარბებული ემოციური რეაქცია შეიცვლება პირდაპირი კონტაქტებით“.
ვვარაუდობ, რომ პუტინი ისევ დაურეკავს ალიევს. აბა, ალიევი არ დაურეკავს – არ არის ეს მის მიერ დაწყებული კონფლიქტი, რუსების დაწყებულია, მაგრამ თავად ეგოს როგორ გადააბიჯებს პუტინი?
ან რომ დაურეკავს, ამას ხომ უნდა ჰქონდეს შესაბამისი შედეგი?
- ამასობაში, აზერბაიჯანი ურთიერთობას აგვარებს სომხეთთანაც – სომხეთი რა გათვლებით მოქმედებს?
ფაშინიანი რთულ დიპლომატიურ თამაშს მიჰყვება. მთავარი დაბრკოლება არის არა სამხედრო ბაზა გიუმრიში, რომელსაც სამხედრო მნიშვნელობა არა აქვს, არამედ სომხეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. ამ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი შესაძლებლობა არის ის, რომ სომხეთმა დაამყაროს შესაბამისი დიპლომატიური ურთიერთობა აზერბაიჯანსა და თურქეთთან. ასე გაიხსნება რეალური პერსპექტივა ფაშინიანის სომხეთის გზაჯვარედინის იდეის განხორციელებაზე, ანუ სომხეთი სრულფასოვნად ჩაერთვება საერთაშორისო და რეგიონულ თანამშრომლობაში.
ჩვენ ამის მომსწრე ვართ და ვხედავთ: როგორ ცდილობს ფაშინიანი ამ სიძნელეების დაძლევას და საკუთარი ქვეყნის ინტერესების განმტკიცებას.
- რამდენად შეიძლებოდა თურქეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის ფაქტორი აქტიურად გამოეყენებინა საქართველოს?
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა.
„ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ინარჩუნებს რიტორიკას, რომ ჩვენი პრიორიტეტი რჩება ევროკავშირში გაწევრიანება, იმასაც კი ამბობს ირაკლი კობახიძე, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველაზე მეტად მომზადებული კანდიდატი ქვეყანა, რომ ევროკავშირის წვერი გავხდეთ. რა თქმა უნდა, ეს განცხადებები ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.
ჩემი აზრით, ძალიან რთულია იმ 10 კანდიდატიდან ნებისმიერი გახდეს 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შეიძლება შანსი ჰქონდეს მონტენეგროს და ნაწილობრივ ალბანეთს, ასევე, თუ რადიკალური გეოპოლიტიკური ცვლილებების მომსწრე გავხდით, შეიძლება თურქეთსაც. დანარჩენ ქვეყნებს კი, ეს ძალიან გაუჭირდება. საქართველო რომც იყოს სრულიად პროევროპული და ჰყავდეს პროფესიონალი, კომპეტენტური მთავრობა, იმასაც კი, გაუჭირდებოდა 5 წელიწადში ყველა წინაპირობის დაძლევა, რაც საჭიროა.
ეს რიტორიკა მაინც აქვს შენარჩუნებული ირაკლი კობახიძეს, ნატოში გაწევრიანებაზე კი, დიდი ხანია არაფერი გვესმის. ნატოშიც აღარ ლაპარაკობენ საქართველოზე – საერთოდ დავავიწყდით.
ამ კონტექსტში თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ყოველთვის მომხრეა ჩვენი გაწევრიანების. ეს თურქეთის ინტერესშიცაა, მაგრამ თურქეთის ფაქტორის გამოყენება გაცილებით ეფექტურად შეიძლებოდა – იმის გათვალისწინებით, რომ ერდოღანს საკმაოდ კონსტრუქციული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა პრეზიდენტ ტრამპთან.
- რა შემთხვევაში უშვებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოინდომოს რუსულ ორბიტასთან დაშორება?
ეს საგარეო პოლიტიკური საკითხი ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულია საშინაო პოლიტიკასთან, რომ ჩვენ დავაღწიოთ რუსეთს, უზრუნველვყოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან. ამისთვის აუცილებელი პირობაა აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხი ჩვენს ძირითადად მეკავშირეებთან: ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-თან.
ვიდრე ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ვერაფერს მივაღწევთ.
კარგად ხედავს ყველა, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ გზავნილებისა რუსეთის მიმართ, რომ აი, ბოდიში უნდა მოვიხადოთ, ან ომი ჩვენ დავიწყეთ, ლავროვმა მკვახედ გვიპასუხა, 2008 წლის ომის შედეგები არ გადაიხედება და წერტილიო.
პრაქტიკულად კარასინი-აბაშიძის ფორმატიც მოკვდა, ამჯერად ლაშა ქაჯაიაა წარმოდგენილი, მაგრამ არანაირი კომენტარი არ გვინახავს. არც შეხვედრა გამართულა. უფრო მეტიც: რომ მივაღწიოთ რამეს რუსეთთან, რუსეთთან ხელშეკრულებას ვერ ენდობი. რუსები ხშირად იმეორებენ, ელცინის ხელმოწერილზე პუტინი ვერ იქნება პასუხისმგებელიო, მაგრამ არაერთი ფაქტი ადასტურებს, როგორ არ ასრულებს პუტინი თავისივე სიტყვას, როგორ არ ასრულებს პუტინი თავისივე ხელმოწერილ ხელშეკრულებებს: მაგალითად, 2003 წელს პუტინი ჩავიდა კიევში და პრეზიდენტ კუჩმასთან ერთად მოაწერა ხელი რუსეთ-უკრაინის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციას, რაც შემდეგ იქნა რატიფიცირებული.
როდესაც 2014 წელს პუტინმა ყირიმის დაპყრობა გადაწყვიტა, მას საერთოდ აღარ უფიქრია მისივე ხელმოწერილ დოკუმენტზე.
2008 წლის ხელშეკრულება გავიხსენოთ, რომელიც ცნობილია, როგორც სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის ხელშეკრულება. აქ ნათლად იყო ჩაწერილი ვალდებულება, რომ მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან გაეყვანათ რუსეთის ჯარები. ხელმოწერიდან ერთი კვირის შემდეგ მედვედევმა აღიარა ე.წ. ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, შემოუტრიალდა ევროკავშირს და ხელები გაშალა: იცით რა, ახალი რეალობა შეიქმნა რეგიონში, ვალდებულებები მაქვს ახალ სახელმწიფოებთან, ამიტომაც ჩემ ჯარებს ვერ გავიყვანო.
30 წელი ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან სხვადასხვა პოზიციიდან, მათ შორის, როგორც ელჩი. ვიცი, რომ არ შეიძლება რუსეთის ნდობა და ეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. შესაბამისად, ფართო კონტექსტში უნდა მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.
პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი დაბრუნება სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში ბრიუსელსა და ვაშინგტონთან, რომელიც დაეყრდნობა ევროკავშირის დახმარების პროგრამებს, მათ შორის, პროგრამებს სამხრეთ კავკასიისთვის.
- საქართველოს გარეშე რამდენად შეიძლება სომხეთს და აზერბაიჯანს ჰქონდეთ წარმატებული სვლები?
შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ ეს პროცესი საქართველოს გარეშე იქნება გაცილებით ხანგრძლივი და რთული. ცალ-ცალკე ამ ქვეყნებს გაუჭირდება ისევე, როგორც ცალკე გაგვიჭირდება ჩვენ.
ამიტომაც, ვუსვამ ხაზს სამმხრივი თანამშრომლობის ძალიან დიდ მნიშვნელობას ზოგადად და განსაკუთრებით დღევანდელ დროს.