მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა დღეს, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ვიქტორ მეტრეველს მიმართა და სთხოვა, ამაღლობელის საქმეს დაურთოს მისი ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.
კერძოდ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ამაღლობელის საქმეში წარდგენილია დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი.
ვლადიმერ ჩიტაია 15 თებერვლით დათარიღებულ პატაკში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს სწერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს“.
სწორედ ამ პატაკით ითხოვს პროკურატურა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას.
მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი კი ამბობს, რომ რეალურად პატაკი ფორმალობაა და არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, თუ როდის და რა პირობებში გახსნა სინამდვილეში პროკურატურამ ტელეფონი.
„ამ პატაკის საფუძველზე არ შეიძლება არანაირი საპროცესო მოქმედების ჩატარება, არათუ განჩინების აღება,“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ასე აფასებს პროკურატურის მოთხოვნას, საქმის მასალებში მოხვდეს მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.
„დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია ცამოწმენდილზე წერს, რომ „სიზმარში ვნახე“, რომ თითქოს [მზია ამაღლობელმა] მიიღო დავალება. ამიტომ უნდა დავათვალიეროთ მთელი ტელეფონი, თუკი რაიმე ინფორმაცია – პირადი თუ პროფესიული აქვს მზიას ამ ტელეფონში. გამოძიება უნდა დაჯდეს თურმე და ქექოს მისი პირადი და პროფესიული ცხოვრება. ეს ყველაფერი დეტექტივის პატაკის საფუძველზე. ამ პატაკის და ყველა შემდგომი დოკუმენტის დაუშვებლობა ვიშუამდგომლეთ ჩვენ დღეს სასამართლოში“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.
მაია მწარიაშვილის თქმით, პროკურატურა „სამართლებრივად ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ეს ტელეფონი გახსნას და შიგ მიმოწერები ნახოს“.
ეს აჩვენებს ზუსტად, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობის და მისი უკანონო მსჯავრდების საქმის უკან სხვა ინტერესები დგას. ეს სხვა ინტერესები უკავშირდება სწორედ მის პირად და პროფესიულ საქმიანობას. იქ ქექვა აინტერესებთ.
ჩვენ ვითხოვდით ტელეფონის დაბრუნებას იმიტომ, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან. რომ არ დაებრუნებინათ ეს ტელეფონი და გამოძიებას ექექა კარგად, ამიტომ გააჩინეს ეს პატაკი საქმეში. ყოველთვის მოიძებნება პოლიციელი, ვინც დაწერს ასეთ პატაკს – ჩემს ტელეფონზე, თქვენს ტელეფონზე, ვიღაცის ტელეფონზე. სასამართლო ასეთივე წარმატებით გასცემს განჩინებას. სირცხვილია ასეთი პატაკებით ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.
მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა სასამართლო პროცესზე ასე დაასაბუთა მზია ამაღობელის მობილური ტელეფონის გახსნის აუცილებლობა:
„კონკრეტული ქმედება [სილის გაწვნა] ჩადენილი იქნა იმ დროს, როცა ფაქტობრივად რამდენიმე წუთის გათავისუფლებული იყო მზია ამაღლობელი. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, არაერთხელ გვქონია პრაქტიკაში მსგავსი კატეგორიის თავდასხმა, წინააღმდეგობა და ა.შ. ამ დანაშაულს ძირითადად სჩადიან მამაკაცები, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ კანონთან და პოლიციასთან. მოცემულ შემთხვევაში, ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დანაშაულებრივი ქმედების, ასევე ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, გარემოებათა ერთობლიობით, პატაკის შინაარსის გათვალისწინებით, საკმარისი საფუძველი იყო ვარაუდისთვის, რომ მსგავსი ექსპერტიზა ჩატარებულიყო“, – თქვა თორნიკე გოგეშვილმა.
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეში დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.
როგორც „ბათუმელებისთვის“ არის ცნობილი პროკურორმა შოთა ჩხაიძემ შუამდგომლობით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, რომ დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის საფუძველზე მისცემოდათ მზია ამაღლობელის კუთვნილ ტელეფონზე საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საშუალება.
მთავარ ფოტოზე: პროკურორი თორნიკე გოგეშვილი და პროკურორი შოთა ჩხაიძე მზია ამაღლობელის პროცესზე