რუსეთმა 14 წელი მიუსაჯა ნადიმ ხმალაძეს დაუსწრებლად, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სასამართლომ, უკრაინის მხარეს მებრძოლ 60 წლის ქართველ ჯარისკაცს – ნადიმ ხმალაძეს, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

რუსული პროპაგანდისტული მედიის – „ტასის“ ცნობით, ხმალაძე უკრაინაში ჩავიდა 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში, სადაც გაიარა წვრთნები; შემდეგ კი სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციებში ქალაქ ირპენში, გოსტომელში, ბუჩაში, კიევის ოლქში, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

რუსეთი ქართველ სამხედროებს საგანგებოდ წარმოაჩენს და ასამართლებს „დაქირავებულების“ სტატუსით, მაშინ, როცა მაგალითად, უცხოელ მოხალისეთა ლეგიონი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური შენაერთია.

ნადიმ ხმალაძე 2024 წლის ივლისში კიდევ ორ ქართველ მებრძოლთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე და ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე“ დაიბარეს.

იქამდე კი, თბილისში, 9 მარტს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, კრიმინალურმა პოლიციამ ის უკანონოდ დააკავა.

„ტაქსიში ვჯდებოდი და შემომარტყა წრე კრიმინალურმა პოლიციამ, ძალიან აგრესიული მიმართვით, სიტყვიერი შეურაცხყოფით და ისე ჩამსვეს მანქანაში“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნადიმ ხმალაძე. მისი თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ქსენოფობიური შინაარსის სიტყვებითაც მიმართა.

„როცა მივაწოდე პირადობის მოწმობა, სადაც წერია, რომ ჩემი დაბადების ადგილი არის ხულოს რაიონი, პოლიციელმა მითხრა, ხულოდან თუ ხარ, რა ჩემი #… გინდა აქ, თბილისშიო. სამასი ათასი რუსი რომ გყავთ აქ, ეს იმათ ჰკითხეთ-მეთქი – ვუპასუხე. მე საქართველოს მოქალაქე, ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ნებისმიერ ადგილას ვიქნები-მეთქი. ხულო სადღაც სხვა სამყაროში ჰგონიათ ამათ ალბათ“.

___

ამავე თემაზე:

„ხულოდან თუ ხარ, თბილისში რა ჩემი… გინდაო“ და უკანონოდ დამაკავეს – ნადიმ ხმალაძე

ბათუმელ მედროშეს ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე სასამართლოშო უჩივის

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს თემურ ქათამაძეს, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა და იმედის „პრაიმ-ტაიმის“ წამყვანმა, ნინო ნადირაძემ სასამართლოში უჩივლა სიტყვიერი შეურაცხყოფის მოტივით.

საიას იურისტის მარიამ გაბროშვილის თქმით, შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომ თითქოს თემურ ქათამაძე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას კლინიკაში.

„166-ე მუხლით არის სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი, იმ მუხლით, რომელსაც ძირითადად აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ და რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

რადგან თემურ ქათამაძე ისედაც დაკავებულია, ყველაზე მკაცრი სახდელი რაც შეიძლება დააკისრონ, ეს იქნება 500-იდან 3000 ლარამდე ჯარიმა,“-ამბობს მარიამ გაბროშვილი.

თემურ ქათამაძე შს სამინისტროს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში შიმშილობდა. ის „ვივამედში“ მას შემდეგ გადაიყვანეს, როცა ქათამაძემ გონება დაკარგა შიმშილობის შედეგად. ის „ბათუმლებისთვის“ გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ კვების აღდგენა პროტოკოლის დარღვევით მიმდინარეობდა და ამაზე ჰქონდა მას შენიშვნები.

„ოფიციალურად კვების განახლების დოკუმენტი არ მაჩვენეს, არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ მომაწოდეს,“ – წერს თემურ ქათამაძე წერილში.

მას ექიმის აცილება მოუთხოვია, რაც შეურაცხყოფად მიიღესო, გვწერს მედროშე.

როგორც თემურ ქათამაძე ამავე წერილში აღნიშნავს, ამ საუბარს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თქვა, რომ არ დაუნახავს შეურაცხყოფის ფაქტი, რადგან პალატიდან გასული იყო.

ლანძღვა-გინების ნაწილში არ ვეთანხმებით მომჩივან მხარეს და ბატონი თემურიც უარყოფს სამართალდარღვევის ფაქტს და საქმეში მხოლოდ წერილობითი გასაუბრების ოქმებია წარმოდგენილი. სადაც არის ნინო ნადირაძის, ერთი მედდის და უშუალოდ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების. ძირითადად იდენტური და იმეორებს ერთნაირ შინაარს.

კლინიკის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ თითქოს თემურ ქათამაძე მუდმივად ითხოვდა საკვებს და ისინი არ აწვდიდნენ, რადგან 48 დღის ნაშიმშილევი ადამიანისთვის არ შეიძლებოდა ბევრი საკვების მიღება. ამან გამოიწვია მისი გაღიაზიანება და გახდა აგრესიულიო.  რომ რაიმე მტკიცებულება არსებობდეს ან ვიდეოჩანაწერი, ეს უფრო ობიექტური მტკიცებულება იქნებოდა,“-ამბობს მარიამ გაბროშვილი.

მისი თქმით, პოლიცია კლინიკაში იმავე დღეს იყო გამოძახებული.

თემურ ქათამაძე ბათუმში 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დააკავეს. მას ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა ის მეორედ, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და მას შემდეგ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრი იმყოფება.

პროტესტის ნიშნად თემურ ქათამაძე 48 დღე შიმშილობდა, ის კლინიკაში გონების დაკარგვის შემდეგ გადაიყვანეს.

დაკავებული ქათამაძე ითხოვდა ჰუმანიტარულ სტატუსს, რაზეც სასამართლომ უარი უთხრა. მისი თქმით, მას თურქეთის ხელისუფლება უკანონოდ დევნის და თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში დაკავების საფრთხე ემუქრება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 904 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280]
  • ტანკი – 10 420 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 21 652 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 25 129 ერთეული [+81]
  • MLRS – 1 338 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 117 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+4]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 30 641 ერთეული [+146]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 41 726 ერთეული [+116]
  • სპეცტექნიკა – 3 785 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 659 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 48 085 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 450 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 530 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 926 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 282 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

პუტინის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ „რუსული სამყაროს“ საზღვრები არ აქვს – ISW

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პუტინის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ „რუსულ სამყაროს“ საზღვრები არ აქვს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, 22 მარტს გამოქვეყნებულ რუსეთ-უკრაინის ომის მიმოხილვაში, პუტინის ყოფილი მრჩევლისა და ე.წ. „ნოვოროსიის“ პროექტის იდეოლოგის, ვლადისლავ სურკოვის განცხადებაზე წერს.

სურკოვმა ფრანგულ გამოცემა L’Express-თან ინტერვიუში თქვა, რომ „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიას არ აქვს საზღვრები და არსებობს „ყოველგან, სადაც არის რუსული გავლენა“ – კულტურული, სამხედრო, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ ჰუმანიტარული.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთი მიაღწევს ამ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც, მისი თქმით, არ შეცვლილა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, თუნდაც ამ გზაზე იყოს „მანევრები, შენელება და პაუზები“.

ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლმა არაერთხელ გამოიყენა „რუსული სამყაროს“ კონცეფცია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სამხედრო ინტერვენციისთვის.

„კრემლმა არაერთხელ გამოიყენა რუსული სამყაროს იდეა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთის სამხედრო ინტერვენციების გასამართლებლად და იმის სამტკიცებლად, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის ტერიტორიები ისტორიული რუსული ტერიტორიებია.

სურკოვის განცხადებები შეესაბამება პუტინისა და რუსეთის მაღალი რანგის ჩინოვნიკების განცხადებებს, რომლებმაც არაერთხელ თქვეს, რომ რუსეთი აპირებს უკრაინის სრულ კონტროლს, ასევე მეზობელ ქვეყნებზე პროტექტორატის დამყარებას, დასავლეთის დასუსტებისა და რუსეთის გლობალური გავლენის გაძლიერებას.

…კრემლი ათწლეულების მანძილზე იყენებდა „რუსკი მირის“ [„რუსული სამყაროს“] ნარატივს, რათა გაემართლებინა რუსული აგრესია უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში და შეექმნა ზეგავლენის პირობები იმ დამოუკიდებელ ქვეყნებზე, რომლებიც ოდესღაც იყო კოლონიზებული საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის მიერ“, – წერს ISW.

სურკოვი 2020 წლის თებერვლამდე ზედამხედველობდა პროექტს „ნოვოროსია“, რომელიც, კრემლის გეგმით, მოიცავს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინას და წარმოადგენს რუსეთის “განუყოფელ” ნაწილს.

სურკოვი 2013 წლის სექტემბრიდან პუტინის თანაშემწე იყო დსთ-ის ქვეყნებთან, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. გარდა ამისა, იგი კურირებდა კრემლის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში. რუსული მედიის თანახმად, ზუსტად სურკოვი იყო დაკავებული სეპარატისტული თვითგამოცხადებული – ლუგანსკის და დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკების საქმეების კურირებით.

სურკოვმა კრემლი 2020 წელს დატოვა.

ბათუმში დათბება – როგორი ამინდი იქნება აჭარაში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 მარტის 21 საათიდან 24 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

მთიან ზონაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია; ღელვა ღამით 2-3 ბალი, დღისით 4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 25-26 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ცნობით, მარტის ბოლო კვირას ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 22-27 გრადუსამდე მოიმატებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 903 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470]
  • ტანკი – 10 412 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 21 636 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 25 048 ერთეული [+104]
  • MLRS – 1 333 ერთეული [+6]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 116 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 30 495 ერთეული [+157]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 41 610 ერთეული [+185]
  • სპეცტექნიკა – 3 784 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 659 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 47 861 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 437 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 530 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 808 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 243 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ნიკუშა ბედნიერი კაცია“ – ვინ არის სინდისის პატიმარი ნიკა კაცია

აქციებზე დაკავებული 50-ზე მეტი დემონსტრანტიდან გამოძიება ოთხს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. ერთ-ერთია 42 წლის ჟურნალისტი ნიკა კაცია. ნიკა ამბობს, რომ სამაგალითოდ სჯიან. მაინც არ გავტყდები, – წერს დედას და ძმას.

* * *

„პირველ რიგში, თავისუფლება მზია ამაღლობელს”, – თქვა ნიკა კაციამ 3 თებერვლის პროცესზე, როცა მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და დაამატა, რომ არავის, მისი საქმის პროკურორსაც კი, არ უსურვებს იმას, რაც მის თავს ხდება:

„სულ ვფიქრობდი, შეიძლება თუ არა გამაბოროტოს ბატონი ჭიტაძის [ნუგზარ ჭიტაძე – საქმის პროკურორი]… არ ვუსურვებდი მის შვილს, რომ მოექცნენ ისე უსამართლოდ, როგორც მე მიპირისპირდება დღეს რეჟიმი“.

  • როგორ დააკავეს ნიკა კაცია

ჟურნალისტი ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბრის საღამოს სახლთან დააკავეს, როცა აქციაზე მიდიოდა. მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ქუჩაში გაჩხრიკეს. პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.

ნიკას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მას 14 გრამი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან.

ნიკა კაცია ამბობს, რომ დაკავებისას დამცინავად ექცეოდნენ, შეურაცხყოფდნენ, ბილწსიტყვაობდნენ და „რიჟიკას” ეძახდნენ.

„თავიდან მეგონა, რომ ბანდფორმირება დამესხა თავს. მერე იმ შენობაში წამიყვანეს, რომელსაც კრიმპოლის სახელით ვიცნობთ. ენის ბორძიკი დამეწყო ნერვიულობისგან, ამაზეც დამცინოდნენ. მანამდე ენის ბორძიკი არასდროს მქონია.

ქურთუკის გახსნა რომ დაიწყეს და ნახეს საახალწლო ზედა მეცვა, მითხრეს: „რიჟიკა ხარ, ბიჭო?” მითხრეს, ნაბ…ი ხარო.

როცა მივხვდი, რასაც აკეთებდნენ, ვემუდარებოდი, რომ არ „ჩაედოთ”. … თვალები რომ ამიცრემლიანდა, ამაზეც დამცინავი საუბრები დაიწყეს, არ გინდა, ნუ თამაშობო”.

გზაში ეკითხებოდნენ „სად ჰქონდა ფაქტი“, მოსწონდა თუ არა, აქციებზე ქვებს რომ ისროდნენ და, ისევ: „ბოლო ჩემი დაცინვა იყო, – „იი, რიჟიკა”.

„არ მრცხვენია, რომ შემეშინდა, რაც მოხდა, ფილმებშიც არ მინახავს“, – ამბობს ნიკა კაცია.

მის საქმეში ბევრი შეუსაბამობაა. ჰყვება, რომ ჩხრეკისას პოლიციელებმა პირში ხელი ღრმად გამოუსვეს და ასე სცადეს მისი დნმ-ის მოპოვება. ჩხრეკას არ დაასწრეს არც ერთი ნეიტრალური პირი. ადვოკატების შეფასებით, ეს დარღვევაა და დაკავებას უკანონოს ხდის.

ასევე, ერთმანეთს არ ემთხვევა დაკავების ოქმში მითითებული დაკავების ადგილი და დრო. ნიკა კაციას ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებმა დაკავების შემდეგ წაართვეს ტელეფონი და მის პირად მიმოწერებს კითხულობდნენ.

მან მოიპოვა ტელეფონის ამონაწერი, რომელიც კაციას დაპატიმრების შემდეგ ორი დღის განმავლობაში აქტიური იყო: „არადა, „დალუქული უნდა ყოფილიყო, გვაქვს ეჭვი, რომ პოლიციელები არაკანონიერად იყენებდნენ მას”.

ნიკა კაცია
  • „ნიკუშა ბედნიერი კაცია“ – ვინ არის ნიკა კაცია

ნიკა (ნიკუშა) ბედნიერი კაცია – ასე იცნობენ ნიკას სოციალურ ქსელებში, ასე ეძახიან მეგობრები და ასე აღიქვამს საკუთარ თავსაც. წერილებიც, რომლებსაც ნიკა ციხიდან დედას და ძმას წერს, ამ ხელმოწერით მთავრდება.

ნიკა პროფესიით ჟურნალისტია. გამოვიდა, რომ ბაბუის კვალს გაჰყვა, თორემ, ისე, სულ მეგონა, რომ მსახიობი გახდებოდა, – ამბობს მისი ძმა, ლაშა კაცია. ბაბუა, ზენონ კაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდა. იყო რეჟისორი, დოკუმენტური ფილმების ავტორი და მეტყველების პედაგოგი არხის ჟურნალისტებისთვის.

ლაშა იხსენებს, რომ ნიკა ბავშვობიდანვე იდგა სცენაზე – გრიბოედოვის თეატრთან არსებულ ბავშვთა თეატრში თამაშობდა სპექტაკლებს. უყვარდა სიმღერა და ბენდ „ჯაზ ქორალშიც” იყო. „ოქროს ტალღის“ კონკურსზეც გაიმარჯვა. მერე ჟურნალისტობა გადაწყვიტა და უნივერსიტეტში ჩააბარა.

ჰქონდა საავტორო გადაცემები. მისი ბოლო სამსახური საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე გადაცემა „ჩვენი პარლამენტი“ იყო.

„ვასილ მაღლაფერიძემ, არხის მაშინდელმა დირექტორმა, ეს გადაცემა რომ დახურა, ნიკა სამსახურის გარეშე დარჩა. დიდხანს უმუშევარი იყო. ამ ბოლოს თანამშრომლობდა კოალიციასთან „ცვლილებებისთვის”, მათი საარჩევნო კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობდა“, – ამბობს ლაშა კაცია.

დედას, მარინე აფციაურს, ნიკას დაკავების დღე ასე ახსოვს:

„ის დღე იყო, მაკა ჩიხლაძეს რომ დაესხნენ თავს და რომ გვეგონა, კისერი მოსტეხეს. წამოხტა და გავარდა. გვიან გადიოდა აქციებზე, ერთმანეთს ვენაცვლებითო და დილამდე რჩებოდა.

რომ მომიკაკუნეს [პოლიციამ], შუაღამის 1-ის ნახევარი იქნებოდა. პოლიციიდან ვართ, ნიკუშასთან გვინდა გასაუბრებაო. …კარი იყო გაფუჭებული, თუ გარედან დაკეტავდი, შიგნიდან ვერ გააღებდი და პირიქით. ვუმეორებდი, სახლში არ არის და კარს ვერ გავაღებ-მეთქი. ბოლოს, ვუთხარი, ფანჯრიდან შემოდით-მეთქი, გავაღე ფანჯარა და გისოსები გავწიე – პირველ სართულზე ვცხოვრობთ.

არა, ქალბატონო, როგორ გეკადრებათ, აი, ახლა მოვა ნიკუშა და თვითონ გააღებსო.

არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა, ისევ მოვიდნენ, ისევ კაკუნი და, ქალბატონო, შემოვდივართო. ხმა გავიგე უცნაური, გასაღების ხმა. ჩატეხეს“.

მარინა აფციაური იხსენებს, რომ ბევრნი იყვნენ, შავ ფორმებში ჩაცმული, სიბნელეში მათი გარჩევა ჭირდა, არც სპეციალური ნიშნები ჰქონდათ. ზუსტად ახსოვს, რომ მხოლოდ სადარბაზოში ექვსი ადამიანი იყო, სავსე იყო ეზოც.

გამომძიებელმა გვიან აცნობა, რომ მისი შვილი ნარკოტიკების გამო დააკავეს.

მარინა ამბობს, რომ ნიკა 17 წლის იყო, ოჯახის რჩენა რომ დააწვა მხრებზე. ათი წლის ძმისთვის მამობაც მას უნდა გაეწია. „გახდა სტუდენტი, დაიწყო მუშაობა. დატანჯა ცხოვრებამ და ბრაზდებოდა, ამას რომ ვამბობდი“.

ნიკას დედა ამბობს, რომ თავიდან დარდობდა, ნიკას რეპუტაციული და მორალური ზიანი რომ მიაყენეს. ახლა ბრაზდება:

„გვიან მივხვდი, რის გამო ისჯება. ახლა განრისხებული ვარ, იმიტომ, რომ ჩვენს სიმართლეს ვერ ვამტკიცებთ. მაგრამ თან ვარ ბევრად მხნედ. ნიკა უფრო მხნედ არის, მწერს, მოწყენილი სახე იკრძალებაო. დიდი სოლიდარობა და გამხნევებაა უცხო ადამიანებისგან, ისეთი, როგორც ახლობლებისგანაც არ მიმიღია. ახლობლების ნაწილი კი გაქრა. თითქოს არაფერი მომხდარა“.

* * *

„სასამართლოზე მოვისმინე ასეთი რამე, რომ კაციას ციხეში ავიწროებენ. სამი დღის მშიერია ბიჭი. საკვები როცა მიდის, მაინცდამაინც კაციაზე რომ არის გაცემა, მაშინ მთავრდება. ჩარიცხულ თანხებს იყენებს მისი მესაკნე ვიღაც, რომელსაც ჰყავს დაჩაგრული და უკონტროლებს თითოეულ ჩეკს“, – ეს ამბავი 23 იანვარს გავრცელდა მედიაში კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედის, ლელა ახობაძისგან.

საკვებთან დაკავშირებული პრობლემა სახალხო დამცველის აპარატმაც დაადასტურა. მათ კაცია ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, 24 იანვარს მოინახულეს. ომბუდსმენის წარმომადგენელმა თქვა, რომ კაციას კონკრეტული საჭმელი „რამდენჯერმე არ შეხვდა“.

ნიკა კაციას ძმა, ლაშა ამბობს, რომ ახლა ეს პრობლემები მოგვარდა.

„სადაც შეიყვანეს, იქ იყო საშინელი ანტისანიტარია. დალაგება უნდოდა, ხსნარები და იატაკის ჯოხი მოითხოვა და არ ჰქონდათ, მთელ ციხეში ეძებდნენ. რამდენჯერმე ცივი წყლით მოუწია ბანაობა. ღამე გაჰყავდათ სადღაც და ესეც იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. ტელევიზორი არ ჰქონდა 6 იანვრიდან მოყოლებული და ინფორმაციულ ვაკუუმში იყო“, – ამ დეტალებსაც ჰყვება ლაშა.

ნიკა კაციას საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.

___________________

სტატია გამოქვეყნდა „ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალურ გამოცემაში – „სინდისის პატიმრები“. გაზეთში დაბეჭდილ სტატიებზე მუშაობდნენ სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტები.

რას უპირებს „ოცნება“ ზურმუხტის ქსელს – გონიოს არაბული ინვესტიციისთვის ამზადებენ

„გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათშორისი კოორდინაცია.“

მთავრობის ამ განკარგულებიდან ჩანს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებს ჭოროხის დელტაში.

ყოფილი სამხედრო პოლიგონი/ჭოროხის დელტა/ბათუმი / ფოტო: „ბათუმელები“/21.06.2024

„ზურმუხტის ქსელი“ პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის [ბერნის კონვენცია] დანერგვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.

„ზურმუხტის ქსელს“ აქვს ეკოლოგიური სტატუსის შენარჩუნების ან აღდგენის პოტენციალი ისეთი სახეობებისა და ჰაბიტატებისთვის, რომლებიც განეკუთვნება საფრთხის წინაშე მყოფ, ენდემურ, მიგრირებად და ბერნის კონვენციით მკაცრად დაცულ სახეობებს.

საქართველო, ბერნის კონვენციას 2008 წლის ბოლოს შეუერთდა და ამით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, მონაწილეობა მიიღოს ზურმუხტის ქსელის შენარჩუნებასა და გაფართოებაში. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც ავალებს ბერნის კონვენციით დაცული ჰაბიტატების შენარჩუნებას.

ამასთან, ზურმუხტის ტერიტორიაზე დაგეგმილი საქმიანობის შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი დირექტივის შესაბამისად, ლიცენზიის გაცემამდე საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია წარმოადგინოს ე.წ. შესაბამისობის შეფასება, ანუ ზურმუხტის ქსელზე ზეგავლენის შეფასება.

ამავე დირექტივით, ტერიტორიის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ფართობი უარყოფითი ზემოქმედებისაგან და დაგეგმოს მისი საქმიანობა ისე, რომ დაცული იყოს ტერიტორიის ის ეკოლოგიური მახასიათებლები და კომპონენტები, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა ზურმუხტის ტერიტორია.

ჭოროხის დელტას და ნაწილობრივ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც კონკრეტულად მიგრირებადი სახეობებისთვის, ასევე ბერნის კონვენციის ამოცანებისა და, ზოგადად, ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით.

ჭოროხის დელტა ასევე ნაწილია ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრის“, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკის და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.

ზურმუხტის ქსელი საქართველოში

მთავრობის განცხადებით, საქართველოში [გონიოს ყოფილ პოლიგონსა და კრწანისის პარკში] 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია Eagle Hills გეგმავს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას, საჭიროებიდან გამომდინარე, „ზურმუხტის ქსელის“ ფარგლებში დაცული საზღვრების კორექტირებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“ – აღნიშნულია 2025 წლის 17 მარტის განკარგულებაში, რომელსაც ხელს „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.

„საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება“ დაევალათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურის, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და მათ სისტემაში შემავალ უწყებებს.

ამავე განკარგულებით, „უფლებამოსილების ფარგლებში და კომპეტენციის გათვალისწინებით, საჭირო ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა ეთხოვათ“: აჭარის მთავრობას, თბილისის, ბათუმისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის განვითარებისთვის მთავრობას არაერთი კონცეფცია აქვს მომზადებული, თუმცა, არცერთი არ არის რეალიზებული. კონცეფციებზე მუშაობის პარალელურად მთავრობაში აცხადებდნენ, რომ იმ ეტაპისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელება არ განიხილებოდა.

დღემდე არც ის არის ცნობილი, დასრულდა თუ არა გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვა და რამდენად არის ტერიტორია უსაფრთხო ამ კუთხით. თუმცა, ამავე ტერიტორიაზე მთავრობას თავის დროზე არაბი ინვესტორებიც ჰყავდა მიყვანილი.

ამ თემაზე: „ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს“

რაც შეეხება კრწანისის პარკს, თავის დროზე ის საქართველოს საპატრიარქოზე იყო გადაცემული [სააკაშვილის 2010 წლის განკარგულებით] სიმბოლურ, 1 ლარად.

საპატრიარქოსთვის გადაცემული ტერიტორია მოიცავდა თბილისში – კრწანისის ტყე-პარკს და მის მიმდებარედ ფონიჭალაში, აღთაკლიაში, ყარაჯალარში, ასევე ქ. რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიებს; მთლიანობაში 7 მილიონზე მეტ კვადრატული მეტრ მიწის ფართობს, მიწის გასხვისების უფლების გარეშე, თუმცა ამის უფლება საპატრიარქოს მოგვიანებით პრემიერმა ღარიბაშვილმა მიანიჭა, რითაც საპატრიარქომ ისარგებლა და მიწის ნაკვეთი მესამე პირს გადასცა.

ამ თემაზე: ეკლესიის ბიზნესი კრწანისის ტყე-პარკის ხარჯზე

კრწანისის პარკი, რომელიც სახელმწიფოსგან 1 ლარად ჰქონდა მიღებული, საპატრიარქომ მოგვიანებით სახელმწიფოს ქობულეთში, ზღვის პირას, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში გადაუცვალა. 

ამავე თემაზე:

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

 

 

 

„დღეს ეს ზიანდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო“ – გერმანიის ელჩი X-ზე

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი X-ზე ეხმიანება თბილისისა და ზაარბრიუკენის დაძმობილების 50 წლისთავს, რომელიც დღეს, 22 მარტს აღინიშნება.

„ამ დღეს, 50 წლის წინ, ხელი მოეწერა ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას, რომელიც აკავშირებს ხალხს. დღეს ეს ზიანდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო, რაც გერმანიამ და ევროკავშირმაც დაადასტურეს.

გერმანია გააგრძელებს კავშირების განვითარებას ქართველ ხალხთან“ – წერს გერმანიის ელჩი X-ზე.

საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის პარტნიორობის გაფორმება ისტორიული და უნიკალური მოვლენა იყო, რადგან ეს იყო მეგობრობის პირველი ოფიციალური ხელშეკრულება დასავლეთ გერმანიის ქალაქსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქალაქს შორის.

„საქართველოს დამოუკიდებლობის კვლავ მოპოვებიდან 2024 წლამდე ორივე ქალაქის დელეგაციები რეგულარულად სტუმრობდნენ ერთმანეთს, ერთმანეთთან აგზავნიდნენ ხელოვანებს, ხოლო მუნიციპალიტეტებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინტენსიურად ხდებოდა გამოცდილების გაცვლა.

წლების განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციასთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პასუხისმგებლობაში შედიოდა ქალაქის დაძმობილება ზაარბრიუკენთან და ასევე 20-ზე მეტ სხვა ქალაქთან მთელს მსოფლიოში. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იქ მომუშავე ბევრ თანამშრომელს პროფესიული და თავდადებული შრომისთვის. მათმა მოღვაწეობამ ერთმანეთთან დააახლოვა ქართველები და გერმანელები. გერმანულ-ქართული თანამშრომლობის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე ეს დეპარტამენტი დაიშალა და დიდი ხნის თანამშრომლები გაათავისუფლეს. ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.

ზაარბრიუკენმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში თანდართული რეზოლუციით სოლიდარობა გამოუცხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მის დაძმობილებულ თბილისში მხარს უჭერენ კანონის უზენაესობის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების პროევროპულ კურსს.

გერმანიის საელჩო თბილისში გააგრძელებს მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს ქართველი ხალხის სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს ევროპისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა“ – წერს გერმანიის საელჩო საქართველოში ფეისბუქზე.

 

„ეს მიუთითებს კრიტიკული მედიის დევნაზე“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ონლაინ გამოცემა „აჭარა თაიმსისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მათი პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის შემთხვევას.

საქმე შეეხება 20 თებერვალს მომხდარ შემთხვევას, როცა ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ გამოცემა “აჭარა თაიმსის“ დირექტორს, ჟურნალისტ სულხან მესხიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტ, ლია ტოკლიკიშვილს, „ქართული ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები მსგავსი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. 28 ნოემბრიდან დღემდე მედიის წინააღმდეგ 150-მდე ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა არცერთ შემთხვევაში დამნაშავე პირები არ დასჯილან.

„აჭარა თაიმსი“ განსაკუთრებით ხშირად ხდება მსგავსი თავდასხმების სამიზნე, რაც მიუთითებს კრიტიკული მედიის მიზანმიმართულ დევნაზე.

მედიაზე განხორციელებული ეს თავდასხმები არის “ქართული ოცნების” მიერ გატარებული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას და ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების შეზღუდვას. რეჟიმის მიერ მედიის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა და სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტებზე ძალადობა დაუსჯელი რჩება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. თავისუფალი მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია და მისი შეზღუდვა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“ – წერს კოალიცია.

ამავე თემაზე: 

„ოცნების ქალაქში“ 2 ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

თურქეთში მეოთხე დღეა პროტესტი გრძელდება – „როცა დრო მოვა, ჩვენ ტაქსიმზე ვიქნებით“

თურქეთში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციების ტალღა, რომელიც მოჰყვა 19 მარტს სტამბოლის ოპოზიციონერი მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ გამოძიების ფარგლებში. პროკურატურამ ასევე გასცა 100 სხვა ადამიანის დაკავების ორდერი.

მედიის ცნობით, 22 მარტს, დილას, თურქეთში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ გუშინ, 21 მარტს განაცხადა, რომ მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე 97 ადამიანი დააკავეს.

თურქული ოპოზიციური მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის ძირითადად არიან უნივერსიტეტის სტუდენტები და მემარცხენე ჯგუფების წევრები.

თურქული გამოცემა „ბიანეტი“, იურისტთა ასოციაციაზე (ÇHD) დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ ანკარაში რეიდების დროს რამდენიმე სტუდენტი დააკავა და ორგანიზაციის ადვოკატთან ერთად.

ახალგაზრდულმა ორგანიზაცია Sol Genç-მა („მემარცხენე ახალგაზრდობა“) განაცხადა, რომ მისი სამი წევრია დაკავებული.

ასევე, თურქეთის ერთ-ერთ მემარცხენე მოძრაობასთან, „სახალხო სახლთან“ დაკავშირებულმა ახალგაზრდულმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე ადამიანი დააკავეს 21 მარტს აქციებზე პოლიციასთან შეტაკების  შემდეგ.

თურქეთის მუშათა პარტია (TİP) კი იტყობინება, რომ პარტიის რამდენიმე წევრის სახლი დაარბიეს ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში.

21 მარტს, პარასკევს, თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში, იმამოღლუს რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) აქცია გაიმართა. ანკარის მერმა, მანსურ იავაშმა სიტყვით მიმართა ხალხს:

„უნივერსიტეტის სტუდენტები მოედანზე არიან, ხალხი – ქუჩებში,  რადგან ამ ქვეყანაში უკანონობაა. დემოკრატია უგულებელყოფილია”.

სტამბოლში საპროტესტო აქციების ცენტრია სარაჩჰანეს მოედანი, მუნიციპალიტეტის შენობის წინ. „ბიანეტი“ წერს, რომ ყოველ საღამოს იქ ათასობით ადამიანი იკრიბება. 21 მარტს ამ მოედანზე შეტაკება მოხდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ მსვლელობას ტაქსიმის მოედნისაკენ. პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

„ბიანეტი“ წერს, რომ რესპუბლიკური სახალხო პარტიის [CHP] ერთ-ერთმა ლიდერმა, ოზგურ ოზელმა სიტყვით მიმართა მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს:

„როცა ტაქსიმზე ყოფნის დრო მოვა, ჩვენ ტაქსიმზე ვიქნებით“.

სტამბოლში მდებარე ტაქსიმის მოედანი თურქეთში პროტესტის ცნობილი ადგილია 2013 წლიდან, როცა გეზის პარკის დასაცავად დაწყებული აქცია ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ მძლავრ დემონსტრაციად იქცა.

____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ERDEM SAHIN

ამავე თემაზე: 

„ახალგაზრდებისთვის სტამბოლის მერის დაკავება ბოლო წვეთი აღმოჩნდა“ – ინტერვიუ თურქოლოგთან

საშუალო ხელფასი საქართველოში 2 217 ლარია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.5 პროცენტით (173.0 ლარით) გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 008.3 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 7.0 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 373.5 ლარი (გაიზარდა 8.5 პროცენტით);
  • მშენებლობა – 3 361.8 ლარი (გაიზარდა 9.8 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 259.1 ლარი (გაიზარდა 11.6 პროცენტით).

ასევე, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 778.5 ლარით, ხოლო კაცების – 2 653.8 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 171.2 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 189.9 ლარი (7.7%).

სტატისტიკის ეროვნული სამსახური წერს, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

წყარო: საქსტატი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 902 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 10 403 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 21 609 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 24 944 ერთეული [+96]
  • MLRS – 1 327 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 111 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 30 338 ერთეული [+258]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 41 425 ერთეული [+166]
  • სპეცტექნიკა – 3 782 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 659 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 47 861 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 437 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 530 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 808 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 243 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინელების დარტყმა ენგელსის აეროდრომზე იმდენად ზუსტი იყო, ეჭვს აჩენს“ – ინტერვიუ გენერალთან

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„უკრაინელების დარტყმა ენგელსის აეროდრომზე იმდენად ზუსტი იყო, ეჭვს აჩენს“ – ინტერვიუ გენერალთან

„არ უნდა გვქონდეს დიდი იმედი ამ ომის დასრულების. ჩანს, რომ ცხელი ფაზიდან ცივ ფაზაში გადასავლის ვარიანტია და არაა საუბარი ომის დასრულებაზე,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

სამხედრო ანალიტიკოსს მოლოდინი აქვს, რომ სააღდგომოდ საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, თუმცა მხოლოდ 30 დღით. შემდეგ იმაზეა ამ ომის საქმე დამოკიდებული, ვინ როგორ გაძლიერდებაო, დასძენს გენერალი.

„ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა იყო იმდენად ზუსტი, ეჭვს ბადებს: ამერიკა შესაძლოა დაზვერვის მონაცემებს ისევ აწვდის უკრაინას – ზუსტი მოხვედრა იყო ძალიან,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე და აღწერს, როგორ გაუნადგურეს უკრაინელებმა რუსებს მფრინავი რაკეტები, რომლებიც „ზურგიდან“ რამდენიმე დღის წინ გადმოიტანეს.

რა პირობებით შეიძლება შედგეს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა იცვლება რუსეთის მიერ ტრამპისადმი მიცემული პირობით, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას შეწყვეტს

მნიშვნელოვნად ამით არაფერი იცვლება. თავდაპირველად მოლაპარაკების საგანი იყო ის, რომ საერთოდ შეწყვეტილიყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სექტორის დაბომბვა. შემდეგ რუსებმა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორი დაიტოვეს მოლაპარაკების საკითხად. ეს პრინციპში ნაკლებად აწყობს უკრაინას: რუსეთისთვის ყველაფერია სამიზნე უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინელები კი რუსეთში ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ურტყამდნენ, თანაც საკმაოდ წარმატებით.

თუმცა ეს არის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებისკენ გადადგმული ნაბიჯი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პუტინმა გასცა განკარგულება, აღარ დაარტყათ უკრაინულ ენერგოობიექტებსო და ჩვეულებრივად გაგრძელდა დარტყმები. იბომბებოდა უკრაინული ქალაქები და ენერგეტიკული ცენტრები. მერე რუსებმა თქვეს, ჩვენ თვითონ ჩამოვყარეთ ჩვენივე დრონები, ჰაერში იყო მანამდე აწეულიო და რაღაც ზღაპრები მოიგონეს.

  • თქვენი დაკვირვებით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება რამდენად შეიძლება შედგეს

ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული.

ამ ეტაპზე მოხერხდა ტყვეების გაცვლა და 175 ტყვე გაცვალეს მხარეებმა.

  • 24 მარტს საუდის არაბეთში ისევ გაიმართება მოლაპარაკება რუსი, ამერიკელი და უკრაინელი ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც შეეხება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. რა მოლოდინი არსებობს, რას აჩვენებს მხარეების, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო პოზიციები?

მე რა ინფორმაციაც მაქვს, 24 მარტის შეხვედრა არ იქნება დიდი შედეგის მომტანი. ეს უფრო ტექნიკური ჯგუფების ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯებია, რაც ამ მოლაპარაკების პროცესს სჭირდება.

  • ზელენსკი ამბობს, რომახალი ბერლინის“, ანუ გაყოფილი ქალაქების მიღება ვარიანტი არ არის. მისი თქმით, უკრაინაში არის გაჭრილი და გაყოფილი ქალაქებია და თუ არსებული ხაზები დარჩება, ისინი იქცევიან უსიცოცხლო ადგილებად, რადგან ნახევარ ქალაქში დაბრუნებას არავინ მოისურვებს. რა ჩანს ზელენსკის ამ განცხადებით

იქ, სადაც გადის შეხების, ანუ „ნულოვანი“ ხაზი, როგორც წესი, იმ ქალაქიდან ბევრი არც არაფერია დარჩენილი და ისედაც საცხოვრებლად დიდი ხნით გამოუსადეგარია, მაგალითად, იგივე ტორეცკი.  ეს, სავარაუდოდ, უფრო იყო ზელენსკის პასუხი რუსების მოთხოვნაზე, ოდესის პორტის რუსეთისთვის მიცემაზე.

ზოგადად, შეიძლება ლაპარაკი ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ცხადია, უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიის გადაცემაზე. ეს იქნება პოლიტიკურად დამღუპველი ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის მით უფრო უკრაინაში, რომელიც სამი წელია თითო გოჯა მიწისთვის იბრძვის ბოლო ჯარისკაცამდე.

  • თქვენი აზრით, რატომ ვერ შედგა ამ დრომდე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება

უცებ ვერ იქნება ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, როცა 2 ათას კილომეტრიანი ფრონტის ხაზია.

ამ პროცესში ორივე მხარეს თავისი მოსაზრებები გააჩნია, თუმცა, როგორც ჩანს, ყველა მომხრეა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე. საუბარია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე და არა მშვიდობის ორგანიზებაზე.

ფაქტობრივად ახლა ორივე მხარეს აწყობს ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა ამას ვერ ამჟღავნებს. რუსეთს იმის ჩვენება სურს, რომ პირობებს ცეცხლის შეწყვეტისთვის ის აყენებს და არა უკრაინა და თითქოს უკრაინა ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ცეცხლის შეწყვეტა იქნებოდა გარკვეული ვაჭრობის საკითხი. ჩემი აზრით, მოკლე ვადით მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტაზე, დიდი ალბათობით აღდგომისთვის.

  • ზელენსკის თქმით, აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარი ამჯერად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს შეეხო, რომელიც ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, თუმცა უკრაინელები ამუშავებენ. 20 მარტს, ანუ წუხელ, ზაპოროჟიეს რაიონში რუსეთის ავიადარტყმის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა. რას უკავშირდება ატომური ელექტროსადგურის თემის გააქტიურება

თვითონ ტრამპის თქმით, მან შესთავაზა უკრაინული ატომური სადგურების ამერიკელების მიერ მართვა. მგონია, რომ ტრამპი ამით უფრო ამერიკელ ამომრჩეველზე თამაშობს და აჩვენებს, რომ ამ პროცესში ამერიკასაც რაღაც უნდა დარჩეს.

ტრამპის ის განაცხადი, რომ უკრაინამ მას გადასცეს ატომური ელექტროსადგურები კონტროლქვეშ, ვინაიდან ამერიკელებს გააჩნიათ გამოცდილება ამ სფეროში, ნამდვილად ვერ დავეთანხმები: მე ცოტა მეეჭვება ამერიკელების საბჭოთა ბირთვული დანადგარ – მოწყობილობებზე მუშაობის გამოცდილების არსებობის. არა მგონია, ატომურ სფეროში საბჭოთა ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილების კუთხით, აშშ-ს რუსებზე, ბელარუსებზე ან უკრაინელებზე მეტი გამოცდილება ჰქონდეს.

შემდეგ დაზუსტდა, რომ საუბარი იყო კონკრეტულად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რაც გასაგები და მისაღებია, ვინაიდან ეს სადგური ფაქტობრივად რუსების ხელშია და ამერიკელების იქ შესვლის შემთხვევაში უსაფრთხოება გარანტირებული იქნებოდა.

რაც შეეხება ავიადარტყმებს ზაპოროჟიეში, ეს მუდმივად ხდება: ხან უკრაინელები ურტყამენ ამ რაიონში განლაგებულ რუსულ დანაყოფებს, ხან რუსები ურტყამენ უკრაინელების დარჩენილ რაიონს. როგორც ცნობილია, ზაპოროჟიეს რეგიონის დაახლოებით 70% ოკუპირებული აქვს რუსებს, დანარჩენის გადაცემას კი ითხოვენ. პუტინი ბაქი-ბუქობს და აცხადებს, მოგვცენ ეს რაიონები სრულად და ამ შემთხვევაში ოდესას არ ავიღებთო. ისე იძახის ამას, გეგონება, თითქოს რუსებმა ტორეცკი აიღეს უკვე და ჩქარი ტემპებით მიდიან. ტორეცკი ამ დროს ერთი მცირე დასახლებული პუნქტია და ისიც კი ვერ აუღიათ.

დღემდე ყველაზე დიდ აღებულ ქალაქად რუსების მხრიდან, ჯერ კიდევ საშუალო ზომის მარიუპოლი რჩება.

  • რუსეთში ადასტურებენ დრონებით შეტევას ენგელსის სამხედრო აეროდრომზე. რის მიღწევას ცდილობენ ამით უკრაინელები? ასევე, ხანძარია რამდენიმე დღე კრასნოდარში, სადაც უკრაინელებმა ნავთობბაზას დაარტყეს

ენგელსის სტრატეგიული ავიაციის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა იყო იმდენად ზუსტი, ეჭვს ბადებს: ამერიკა შესაძლოა დაზვერვის მონაცემებს ისევ აწვდის უკრაინას – ზუსტი მოხვედრა იყო ძალიან. ტრამპი აცხადებდა, რომ უკრაინას მხოლოდ თავდაცვით ინფორმაციას აწვდიდნენ. როგორც ჩანს, აღადგინეს ამერიკელებმა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება უკრაინისთვის.

ამ დარტყმის შედეგად აფეთქდა ერთი თვითმფრინავი და ორი დაზიანდა, ასევე, აფეთქდა საწყობი, სადაც პლანირებად საავიაციო ბომბებთან, რაკეტებთან ერთად  X 101 – მფრინავი რაკეტები იყო განთავსებული, ეს საბჭოთა კავშირის დროის ის რაკეტებია, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში დარტყმებისთვის. ისე არ არის, რომ საწყობი მფრინავი რაკეტებით შეავსო და დიდხანს ინახებოდეს, ეს გაფრენის წინ გამოაქვთ სიღრმიდან, ზურგიდან, რამდენიმე დღით ადრე. ეს ინფორმაცია ჰქონდათ ზუსტად უკრაინელებს და იცოდნენ, სად უნდა დაერტყათ.

არც ისაა გამორიცხული, უკრაინის დაზვერვის ორგანიზაციებს მოეპოვებინათ ეს ინფორმაცია, უკრაინული აგენტურული და საჯარისო დაზვერვა საკმაოდ ეფექტურად მუშაობას, თუმცა კოსმოსური და საჰაერო დაზვერვის კუთხით უკრაინას ძირითადად პარტნიორები ეხმარებიან.

  • უშუალოდ ფრონტის ხაზზე რა ხდება

განსაკუთრებით საინტერესოა უკრაინელების დარტყმები ბრიანსკის მიმართულებით, სადაც შევიდნენ უკრაინელები. იქ რუსებს ჰქონდათ მოწყობილი ე.წ. დრაკონის კბილები, ანუ ბოწკინტები იყო დაყენებული, დანაღმული იყო ტანკსაწინააღმდეგო ველი, თუმცა უკრაინელებმა დრონების და ზუსტი საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით გარკვეული გასასვლელები გააკეთეს საფორტიფიკაციო ზღუდეებში, მართალია, გარკვეული ტექნიკა აუფეთქდათ კიდეც, მაგრამ მაინც შევიდა მცირე ზომის დანაყოფები სიღრმეში, კერძოდ სოფლების დემიდოვკასა და პრილესიეს შემოგარენში. ამის შემდეგ დაწყებულია ძირითადი ძალების მცირე ზომის დანაყოფების შეყვანა.

დიდ სიღრმეში შესაძლოა არ არიან შესული, მაგრამ მაინც რუსეთის ტერიტორიაა, რაც მიმართულია კურსკის მიმართულებიდან წნეხის შემცირებისკენ.

  • რა ხდება კურსკში? როგორც ირკვევა, იქ რუსებმა ვერ შეძლეს უკრაინელების ალყაში მოქცევა 

წინათ მედვედევის გამონათქვამების კომენტირებას ვერიდებოდი და ახლა ისეთი დრო დადგა, ტრამპის კომენტირებას ვერიდები. ტრამპის განცხადება, 2500 უკრაინელია ალყაში და პუტინს ვთხოვე, არ დაეხოცაო, არ შეესაბამება რეალობას და როგორც ჩანს, ეს უთხრეს მოგვიანებით ტრამპსაც.

თავად ამერიკული წყაროების ცნობით, ამერიკული დაზვერვა ადასტურებს, რომ ალყას არ აქვს ადგილი.  პრეზიდენტი ტრამპი ან არ კითხულობს საკუთარი დაზვერვის კრებსებს ან ანალიტიკურ ცნობებს, [ე.წ. „ლურჯ ფურცლებს“, რომელიც ყოველდღიურად იდება პრეზიდენტის მაგიდაზე], ან თავის ინტერპრეტაციით ავრცელებს განცხადებებს.

ასევე, როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მან დეტალურად ჩააყენა ვითარების გარემოში და აუხსნა ალყის არარსებობის შესახებ.  მაინც, როგორც ეტყობა, ტრამპი პუტინის ნარატივს უფრო ენდობა, ვიდრე მისას.

ჯერ ერთი, როგორ წარმოგიდგენია ალყის შექმნა, როცა ზურგი მიდებული გაქვს შენს ქვეყანაზე?  ეს შესაძლებელი იქნება, თუკი რუსებმა უკრაინელები სრულიად მოწყვიტეს უკრაინის საზღვარს, თან ისე მოწყვიტეს, რომ უკრაინის მხარდაჭერის საშუალებაც არ აქვთ. ამჟამად, უკრაინელები ასე თუ ისე, ორგანიზებულად გამოდიან კურსკიდან. სუჯა აიღეს რუსებმა, რომელიც  მხოლოდ მიწასთან გასწორებული ტერიტორიაა.

სავარაუდოდ რუსეთი საბოლოოდ  დაიბრუნებს კურსკის ოლქს, თუ ასე გაგრძელდა. ისე, რუსების წარმატებები კურსკში საეჭვოდ დაემთხვა აშშ-ს განცხადებას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტაზე.

რაც შეეხება პოკროვსკის და სხვა მიმართულებებს, აბსოლუტურად ლოკალური მასშტაბის ბრძოლებია.

ზოგადად ინტენსიური შეტაკებების ხასიათმა იკლო ხმელეთზე.

იცით, რაშია საქმე? – დაბომბვებმა და საცეცხლე დარტყმებმა არ იკლო, როგორც უპილოტოების, ასევე რაკეტებით დარტყმებმა, მაგრამ უშუალოდ ბრძოლის ხაზზე ბრძოლის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდა იმ გაგებით, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღონ ხელმძღვანელმა პირებმა, უშუალოდ ბრძოლის ხაზზე მყოფი მებრძოლებიდან არავის უნდა ახალი „ჰენრი გიუნტერი“ გახდეს. შეგახსენებთ, ჰენრი გიუნტერი გერმანული წარმოშობის ამერიკელი ჯარისკაცია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ბოლო მსხვერპლი აღმოჩნდა – იგი ცეცხლის შეწყვეტამდე ერთი წუთით ადრე მოკლეს.

შესაბამისად, როცა ჯარისკაცი ფრონტის წინა ხაზზეა, იქაც ვრცელდება ეს ინფორმაცია, რომ ცეცხლი შესაძლოა შეწყდეს და მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და ა.შ. ამ დროს ფსიქოლოგიურად ჯარისკაცი ნაკლებად მიდის თავგანწირულ შეტევაზე, რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღონ მეთაურებმა და რაც უნდა დიდი მოტივაცია მისცენ მას. ჯარისკაცს სურს, რომ არ აღმოჩნდეს ბოლო მოკლული ამ დაპირისპირების დროს.

  • პოლიტიკიდან ვინაცვლებთ პრაქტიკულ სამხედრო დაგეგმარებაზე, სწორედ ეს ხდება დღეს“, — თქვა სტარმერმა, ბრიტანეთის პრემიერმა BBC-ისთან და განმარტა, რომ ეს გულისხმობს გზების ძიებას, როგორ უნდა იქნას დაცულიუკრაინის ცა, ზღვა და საზღვრები“. კონკრეტულად რა იცვლება

დიდმა ბრიტანეთში უკვე მისცა დავალება სპეციალური დანიშნულების ძალებს, შეიმუშაონ გეგმები უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანისთვის. სხვადასხვა ქვეყნიდან სამშვიდობო კონტიგენტის გამოყოფის პროცესს სწორედ საფრანგეთი და ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ.

ყალიბდება ე.წ. მსურველთა კოალიცია, რომელშიც გაერთიანდებიან ამ ძალების გამცემი ქვეყნები.  სამშვიდობო ძალების სახელწოდების ნაცვლად სურთ გამოიყენონ ტერმინი – გარანტიის ძალები, ალბათ ასე უფრო ითარგმნება ქართულად.  პროცესი დაგეგმარების ოპერატიულ ფაზაშია გადასული, რაც გულისხმობს ოპ.დიზაინის შემუშავებას, ძალისხმევის ხაზების განსაზღვრას და ა.შ.

აღფრთოვანებული ვარ ასევე გერმანელების მტკიცე პოზიციით: წინა ხელისუფლებამ მოასწრო და 3 მლრდ გამოუყო უკრაინას, ახალი კი 11 მლრდ-ის გამოყოფას აპირებს. გერმანიამ თუ მოინდომა მილიტარიზაცია, ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რის მიღწევა შეუძლია: ორჯერ შეძლო მთელი მსოფლიოს წინააღმდეგობის პირობებში ძლიერი ჯარის და ძლიერი სამხედრო მანქანის შექმნა – ერთხელ შექმნა და მეორედ – აღდგენა.

ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა აქტიურად ევროპის ქვეყნებში.

  • ძირითადად რას მიემართება ევროპის დახმარება

ევროპა ცდილობს, გაითვალისწინოს მომენტი, როცა აშშ-ს გარეშე შეძლებს თავის დაცვას. ცხადია, ეს გულისხმობს უკრაინის დაცვასაც. განიხილება საჰაერო პატრულირება, საჰაერო მხარდაჭერა, უკრაინის სამხედრო მრეწველობის აღდგენა, სამხედრო პოტენციალის გაზრდა. უკვე კონკრეტულ გეგმებზეა საუბარი და დაწყებულია მუშაობა.

  • აღნიშნეთ, რომ სააღდგომოდ ელოდებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევას. რას იცვლება რუსეთუკრაინის ომში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა

ეს სიმბოლური პერიოდია, თუმცა რუსეთი დარწმუნდა, რომ სისულელეა მოთხოვნები, რაც მას აქვს, მაგალითად – „დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა“. ტრამპს რომც უნდოდეს ეს, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ტრამპმა დაურეკოს ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს და უთხრას, იარაღი აღარ მიაწოდონ უკრაინას? და ამ დროს რუსეთი შეწყვეტს იარაღის გამოშვებას, ჩრდილო კორეიდან და ირანიდან იარაღის მიღებას და დაზვერვის წარმოებას?

30 დღით ცეცხლის შეწყვეტა სიმბოლური აქტია, თუმცა დასაწყისთვის ცუდი არ არის. არ უნდა გვქონდეს დიდი იმედი ამ ომის დასრულების. ჩანს, რომ დაპირისპირების ცხელი ფაზიდან ცივ ფაზაში გადასავლის ვარიანტია და არაა საუბარი ომის დასრულებაზე.

  • თქვენი აზრით, 30 დღის შემდეგ ისევ განახლდება საბრძოლო მოქმედებები

ეს 30 დღე იძლევა იმის საშუალებას, რომ განახლდეს მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოო ჯამში, ომის დასრულების იმედი არ უნდა გვქონდეს. პირობები, რომელსაც აყენებს ორივე მხარე, არცერთი მხარისთვის მისაღები არ არის.

ხანგრძლივი ვადით ცეცხლის შეწყვეტა მისაღები უნდა იყოს, როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელი უფრო კარგად მოემზადება ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი პერიოდისთვის.

საია პარლამენტთან სტუდენტების დაკავებას ეხმიანება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფეისბუქზე ეხმიანება დღეს, 21 მარტს, საღამოს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე 3 სტუდენტის დაკავებას.

„გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტის წინ დააკავეს სტუდენტების საპროტესტო აქციაში მონაწილე 3 დემონსტრანტი. დაკავების მიზეზი გახდა სტუდენტების მიერ პარლამენტის წინ სკამების მიტანა, ხოლო კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ დემონსტრანტს ტაშის გამო აკავებენ.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები მე-5 დღეა ღამეს პარლამენტის წინ ათევენ. მანამდე ისინი 62 დღის განმავლობაში პროტესტს სეუს #304 აუდიტორიაში გამოხატავდნენ ირაკლი მიმინოშვილის და სხვა დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის სკამების ან პროტესტის გამოხატვის უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა ინვენტარის/დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა შეკრების თავისუფლების დარღვევას წარმოადგენს.

მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ინვენტარის გარეშე სტუდენტებს ცივ და წვიმიან ამინდში, ღია ცის ქვეშ, სველ ზედაპირებზე უწევთ ღამეების თენება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

აშკარაა, რომ დემონსტრანტების დაკავება არის უსაფუძვლო და წარმოადგენს სტუდენტურ პროტესტთან რეპრესიული და უკანონო ბრძოლის კიდევ ერთ გამოვლინებას.

პოლიციის თანამშრომლებს შევახსენებთ, რომ ადამიანების უკანონო დაკავება დანაშაულია“ – წერს საია.

„მე გთვლი მკვლელად, ამხანაგო პროკურორო“ – ვინ არის სინდისის პატიმარი ექიმი გიორგი ახობაძე

„მე შენ გთვლი მკვლელად, ამხანაგო გობეჯიშვილო… თქვენ არ მომეცით საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტზე მეზრუნა”, – 2025 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბრალდებულის სკამზე მჯდომი ექიმი, გიორგი ახობაძე ასაბუთებდა იმას, თუ რატომ იყო მის საქმეში არა უბრალოდ გადაცდომები, არამედ – მძიმე დარღვევები.

საუბრობდა ვრცლად და შეძლებისდაგვარად თანმიმდევრულად. ცდილობდა ემოციის შეკავებას, თუმცა, მწყობრად, დინჯად და გარკვევით წარმოთქმული სიტყვები ხმის ამოღების სურვილს უქრობდა ყველას, მოსამართლესაც და პროკურორსაც.

„მისი [პროკურორის] განხორციელებული მოქმედება ჩემი მხრიდან, შეფასებულია, როგორც მკვლელობა. მე შენ გთვლი მკვლელად, ამხანაგო გობეჯიშვილო [მიმართავს პროკურორს]. რატომ? იმიტომ არა, რომ დღეს დედაჩემი ცოცხალი არ არის და საფლავში წევს. თქვენ არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის. გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემი პრაქტიკის განმავლობაში გავლილი“.

ამ სხდომამდე 5 დღით ადრე ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა დაკრძალეს. ქალს გადატანილი ინსულტის შემდეგ განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებოდა, იყო პალიატიური პაციენტი და მის მოვლას გიორგი ახობაძე ვერავის ანდობდა. სანამ დააკავებდნენ, დედაზე შინ, ყველა სამედიცინო წესის დაცვით მოწყობილ ოთახში, თვითონ ზრუნავდა.

გიორგი ახობაძე უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყების პირველივე დღეებში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს – ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

აღკვეთის ღონისძიებად გიორგი ახობაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ელის.

  • სისხლის სამართლის საქმე

2024 წლის 7 დეკემბრის საღამო გიორგი ახობაძემ აქციაზე გაატარა. ნაშუაღამევს, 8 დეკემბრის ადრე დილას, სახლისკენ გზად საკუთარი მანქანით მიმავალი, თამარ მეფის გამზირზე დააკავეს.

პროკურორის მტკიცებით, გიორგი ახობაძემ უკანონოდ შეიძინა 3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პევეპე“.

გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკი მას თავად პოლიციელებმა ჩაუდეს დაკავებისას.

სასამართლოზე გიორგი ახობაძემ გაიხსენა, რომ დაკავებისას რამდენიმე ადამიანმა გაკოჭა: „მისი [პოლიციელის] ხელი მოთავსდა ჩემ ჯიბეში, ეს რაღაც ნივთიერება, თუ რაღაც, ჩადეს”.

გიორგის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ გიორგის დაკავების პროცესში ბევრი დარღვევა იყო: „საპატრულო პოლიციამ გააჩერა მიმავალი მანქანა, სთხოვეს, რომ იდენტიფიცირების მიზნით გადმოსულიყო. უცებ მივიდა უამრავი პოლიციელი და დაიწყეს მისი ჩხრეკა. არანაირი ოქმი არ ჰქონიათ”.

მისივე თქმით, საქმეში მტკიცებულებებად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია. ისინი ამბობენ, რომ ახობაძეს ნარკოტიკი ჰქონდა და ეს ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს.

„ახალი სტანდარტით, როდესაც ჩხრეკა მიმდინარეობს, აუცილებელია ვიდეოგადაღება. ეს ვიდეო საქმეში არ არის.

პოლიციელების ჩვენებიდან როგორც ირკვევა, ვიდეოს გადაღება შეუძლებელი იყო. ოქმში წერია, რომ გიორგი სამმა პოლიციელმა დააკავა, – ერთი ჩხრეკდა, ერთი აკავებდა და ერთი ოქმს ავსებდა, ამიტომ არ ჰქონდათ ტექნიკური საშუალება და ფიზიკური რესურსი ვიდეოს გადასაღებად”, – ამბობს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე. თუმცა, დასძენს, რომ გიორგის მეგობრისგან, რომელიც დაკავების დროს მის გვერდით იმყოფებოდა, სხვა გარემოებებია ცნობილი. მეგობარი აზუსტებს, რომ ადგილზე სამზე მეტი პოლიციელი იყო. შესაბამისი მტკიცებულების მოსაპოვებლად, ადვოკატს მიმდებარე ტერიტორიიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება სურდა, მაგრამ მოსამართლემ განჩინება არ გასცა.

გიორგი ახობაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქტიურობისთვის ისჯება. მისი სოციალური ქსელი სავსეა კრიტიკული პოსტებით ხელისუფლების მისამართით.

ის ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე აქტიურობდა. ესწრებოდა მარშებსა და დემონსტრაციებს, აქციის მონაწილეებს ასწავლიდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ სხეულზე ცრემლმდენი გაზის ან წიწაკის სპრეის მოხვედრისას. ამზადებდა და აქვეყნებდა ვიდეოებს, როგორ ჩაექროთ აქციაზე ნასროლი მხუთავი აირის კაფსულები.

ბოლო დღეებში, მეგობართან ერთად ამზადებდა სენდვიჩებს და აქციის მონაწილეებს ურიგებდა. დაკავების საღამოსაც, აქციაზე თავის მომზადებული სენდვიჩები მიიტანა.

გიორგი ახობაძე აქციაზე
  • გიორგი და დედა

ექიმი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი გიორგი ახობაძე ბოლო ოცი წლის განმავლობაში „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ მუშაობდა. მისი მეგობრები და კოლეგები იხსენებენ, რომ ამ კლინიკაში გიორგი ჯერ კიდევ სტუდენტი მივიდა, სტაჟიორად და შემდეგ სამუშაოდ დარჩა.

მისი დაკავების და დედის გარდაცვალების მძიმე დღეების შემდეგ, სოციალური ქსელები აივსო გიორგის პაციენტების და მათი მშობლების ისტორიებით. ისინი წერდნენ, როგორ გადაარჩინა გიორგიმ უიმედო მდგომარეობაში მყოფი მათი ახლობლები.

2020 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში კოვიდის პანდემია იყო, გიორგი ახობაძე კლინიკაშიც მუშაობდა და სახლებშიც დადიოდა იმ პაციენტებთან, ვისაც ექიმის დახმარება სჭირდებოდა. კოვიდითაც დაავადდა, მამასთან ერთად ებრძოდა ვირუსს. მამა, მამა რევაზ ახობაძეც ექიმი იყო – ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ქირურგი.

2022 წელს, გიორგის ჯერ მამა გარდაეცვალა, კოვიდის შემდგომი გართულებებით. მალე დედას დაემართა ინსულტი და გიორგის მთავარი პაციენტი დედა გახდა. ქალმა მოძრაობისა და მეტყველების უნარი დაკარგა, თუმცა გონზე იყო და შვილებს ცნობდა.

„მარტში ვიყავი ჩამოსული და ზუსტად ვიცი, წინ რომ ვედექით, მეც და ჩემი შვილიც გვიცნო“ – ამბობს გიორგის და, მანანა ახობაძე – „პირს ამოძრავებდა, მაგრამ ლაპარაკი რომ არ გამოსდიოდა, ძალიან განიცდიდა. იცოდა, რომ არასდროს წავიყვანდით სახლიდან, თუ საჭიროება არ დადგებოდა. ეშინოდა, რამე ისეთი არ დაემართოს, სახლიდან წაყვანა რომ მოგვიხდეს“.

გიორგის დაკავების შემდეგ, მისი მეგობრები იძულებული გახდნენ, მძიმე პაციენტი, რომლის ბევრ ხალხთან კონტაქტი სახიფათო იყო, ჰოსპიტალში გადაეყვანათ.

მანანა ახობაძე გვეუბნება: „დარწმუნებული ვარ, რომ დედამ განიცადა გიოს გვერდით არ ყოფნა. მიხვდებოდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა, რადგან იცოდა, გიო არ მიატოვებდა – კლინიკაშიც არ დატოვებდა მარტოს”.

დედა გიორგის დაკავებიდან ერთ თვეში, 2025 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. გიორგის ეს ამბავი მასთან შესულმა მეგობარმა შეატყობინა.

დედასთან გამომშვიდობება დაკრძალვის წინა დღეს შეძლო – გლდანის ციხიდან სახლში რამდენიმე საათით მიიყვანეს.

„ჩემი წილი ბოდიში შენ, რომ ვერ შევძელით დედას შენს ხელში დაელია სული, ვერ შევძელით, შენი სითბო გაგეყოლებინა მისთვის…ბოდიში გიო, ბოდიში, რომ ასე მოხდა“, – დაწერა სოციალურ ქსელში პედიატრმა ლალი ჯანაშიამ გიორგის დედის გარდაცვალების შემდეგ.

  • გიორგი ახობაძის სიტყვა სასამართლოში

„მისი [პროკურორის] განხორციელებული მოქმედება ჩემი მხრიდან, შეიძლება ეს სუბიექტურია, შეფასებულია, როგორც მკვლელობა. მე შენ გთვლი მკვლელად, ამხანაგო გობეჯიშვილო [მიმართავს პროკურორს, შმაგი გობეჯიშვილს]. რატომ? იმიტომ არა, რომ დღეს დედაჩემი ცოცხალი არ არის და საფლავში წევს.

თქვენ არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის. არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემი პრაქტიკის განმავლობაში გავლილი.

კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის მაგივრად ორი საათი არ შევწყვიტე მათი დახმარება.

და თქვენ, თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო, უგრძნობი გადაწყვეტილებით, როცა შეგეძლოთ ეს ყველაფერი სხვანაირად მიგეღოთ, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რომელიც თითოეულ ჩემ პაციენტს აქვს მიღებული.

თქვენ არ მიეცით ქართველ დედას  საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო თვე  გაეტარებინა შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა.

მე მინდა გკითხოთ, ამხანაგო გობეჯიშვილო, დედა ხომ გყავთ? მე მინდა მიხვიდეთ, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ მას, მინდა მიხვიდეთ და ჰკითხოთ, როგორ შეაფასებდა ასეთ კაცს?  მინდა, თქვენი მშობელი რომ პასუხს გაგცემთ, რა კაცია ის ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს, მერე სარკეში ჩაიხედოთ და ეცადოთ, ეს ადამიანი მეორეჯერ თქვენი კარიერის მანძილზე აღარ დაგენახოთ. ამას გისურვებთ.

ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით და მინდა, კეთილი სურვილით გისურვოთ, რომ ისე გაგეგრძელებინოთ თქვენი კარიერა, ის  ადამიანი, რომელზეც ახლა მე ვლაპარაკობდი, აღარ დაგენახოთ” – ბრალდებული გიორგი ახობაძე, 23 იანვარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი.

  • * * *

გიორგი ახობაძე გლდანის ციხეშია. გიორგის ადვოკატის შუამდგომლობა, შეეცვალათ წინასწარი პატიმრობა სხვა ღონისძიებით, ან შინა პატიმრობით, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა.

გიორგი ახობაძის წერილი ციხიდან

___________________

სტატია გამოქვეყნდა „ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალურ გამოცემაში – „სინდისის პატიმრები“. გაზეთში დაბეჭდილ სტატიებზე მუშაობდნენ სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტები.

67 წლის საბჭოთა დისიდენტს რუსეთში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სასამართლომ 67 წლის პუბლიცისტს, ალექსანდრე სკობოვს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სოციალურ ქსელებში პოსტების გამოქვეყნებისთვის.

BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომ სკობოვი საბჭოთა დისიდენტია, რომელმაც 1970-იან წლებში გამოიარა ორი პატიმრობა, ბრალდება ანტისაბჭოთა აგიტაციაში და სადამსჯელო ფსიქიატრია.

„მთელი რუსული უნიკალურობა დადის იქამდე, რომ მოითმინო ძალადობა ძლიერის მხრიდან და არ შეიზღუდო თავი სუსტებზე ძალადობაში. სწორედ ეს არის ნაციზმი“ – თქვა ალექსანდრე სკობოვმა სასამართლო სხდომაზე, 24 თებერვალს – წერს „ბიბისი“. 

1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში სკობოვი ორჯერ გაგზავნეს იძულებით სამკურნალოდ „ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის“.

პუბლიცისტი ალექსანდრე სკობოვი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ „უცხოური აგენტების“ რეესტრშია შეყვანილი.

იგი მთელი ცხოვრების მანძილზე იყო პოლიტიკურად აქტიური, ესწრებოდა მიტინგებს და იყო პეტერბურგის „სოლიდარობის“ წევრი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როცა რუსეთმა კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა და დასჯადი გახდა რუსეთის არმიის „დისკრედიტაცია“ და „ფეიკების გავრცელება“, სკობოვს თავი არ შეუკავებია: მან გააგრძელა ფეისბუქზე თავისი ანტისაომარი პოზიციის ღიად გამოხატვა. შედეგად, 2024 წლის 2 აპრილს, დისიდენტი დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, სკობოვმა სოციალურ ქსელში გაამართლა ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის აფეთქებას ყირიმის ხიდზე, ასევე მხარს უჭერდა ლეგიონის – „რუსეთის თავისუფლებას” ქმედებებს, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული და აკრძალულია.

მოგვიანებით ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის მუხლით ახალი ბრალდება დაემატა, რომელიც ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პროპაგანდისტული რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერდა, რომ საუბარია ლიეტუვური ორგანიზაციის – „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ საქმიანობაზე, რომელიც რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ არასასურველ ორგანიზაციადაა მიჩნეული.

მსგავსი სახელწოდების კიდევ ერთი ორგანიზაცია, „პოსტრუსეთის თავისუფალი სახელმწიფოების ფორუმი“, რუსეთში ტერორისტულად გამოცხადდა. სკობოვი ამ ფორუმის ღონისძიებაზე იმყოფებოდა ევროპაში.

BBC წერს, რომ ბრალდებულს არ უცდია თავის გამართლება. პირიქით – პროკურორის სიტყვების საპასუხოდ, სკობოვმა განაცხადა, რომ ის არა მხოლოდ მონაწილეობდა ფორუმში, არამედ იყო ფორუმის ანტისაომარი დადგენილების თანაავტორი, რომლის პუნქტები მან წაიკითხა სასამართლოში.

დაცვის მხარის მტკიცებით, მისი დაკავების საქმეში ყალბი ოქმია.

„ბიბისი“ წერს, რომ სასამართლო პროცესებზე სკობოვი იშვიათად ამბობდა რამეს, არ ინტერესდებოდა პროცესით და არ პასუხობდა მოსამართლის კითხვებს. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარადგინა, სკობოვმა თქვა, თუ რატომ ამბობდა უარს მონაწილეობაზე.

„რუსეთის სასამართლომ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ არის ნაცისტური დიქტატურის დანამატი. აქ სამართლიანობის ძიებას აზრი არ აქვს. მე არ ვაღიარებ და არც პატივს ვცემ ამ სასამართლოს. მე არასოდეს დავდგები ამ ხალხის წინაშე. მათთან სალაპარაკო არაფერი მაქვს“ – თქვა მან.

„ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც სკობოვმა რაღაც თქვა სასამართლოში პატიმრებისთვის გამოყოფილი, გისოსებით შემოსაზღვრული ადგილიდან, მოხდა მაშინ, როდესაც სასამართლოში მისი მეუღლე, ოლგა შჩეგლოვა მივიდა. კითხვაზე, თუ რატომ არ დატოვა სკობოვმა რუსეთი, შჩეგლოვამ უპასუხა: „იმიტომ, რომ მისი ყველა აზრი აქ არის. ეს ჩვენი სამშობლოა“.

„ოლია, მიყვარხარ“ – დაიყვირა ბრალდებულმა, როცა მოწმემ ჩვენების მიცემა დაასრულა“ – წერს „ბიბისი“.

მედიის ცნობით, სკობოვს სერიოზული დაავადებები აქვს: ქრონიკული C ჰეპატიტი, დიაბეტი, კატარაქტა. მას კითხვა უჭირს.

„პუტინის დიქტატურას შეუძლია ჩემი მოკვლა, მაგრამ ვერ მაიძულებს თავი დავანებო მის წინააღმდეგ ბრძოლას“, – თქვა სკობოვმა 2025 წლის 17 იანვარს.

საპატრიარქოს სასწავლებლებს ბიუჯეტიდან 43 მილიონი ლარით დააფინანსებენ – განკარგულება

„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 14 მარტის განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ათობით დაწესებულებას ფინანსური დახმარების სახით ბიუჯეტიდან ჯამში 43 მილიონი ლარი გადაეცემა.

დამატებით 12,5 ათასი ლარით დააფინანსებენ ასევე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას.

„დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 43 035 000 ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დასაფინანსებელ დაწესებულებათა ჩამონათვალში საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტები, გიმნაზიები და სკოლებია. სულ 53 დაწესებულება:

მთავრობის ცალკე განკარგულებაა ასევე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დაფინანსებაზე. ამ განკარგულებით აღნიშნულ სასწავლებელს ბიუჯეტიდან 12,5 ათასი ლარით დააფინანსებენ.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, პროგრამის – „საერთაშორისო პროგრამებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის ხელშეწყობის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დაფინანსება 12 500 ლარის ოდენობით, ამავე დაწესებულების მიერ წარდგენილი წინადადებისა და ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე“ – აღნიშნულია 2025 წლის 14 მარტის განკარგულებაში.

„ეს სხვების დაშინების მეთოდია“ – მეგი კობალაძე ამბობს, რომ თეატრმა ჯანმრთელობის დაზღვევაც გაუუქმა

„სამარცხვინო ხარ. ჯანმრთელობის დაზღვევაც გამიუქმე. 3 წლის ბავშვი მყავდა დაზღვეული, რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ, შვილიშვილები მაინც არ გყავდეს სახლში და არ იცოდე მათი საჭიროებები… იმდენი ადამიანობა არ გეყო, ჯანმრთელობის დაზღვევა დაგეტოვებინა, ბავშვის გათვალისწინებით მაინც“ – მსახიობმა მეგი კობალაძემ ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუკრი ქანთარიას ამ ტექსტით ფეისბუქზე მიმართა.

ნუკრი ქანთარიამ 2025 წლის 17 მარტს გამოცემული ბრძანებით მსახიობ მეგი კობალაძეს 6 თვით შეუწყვიტა ხელფასი. მეგი კობალაძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო 8-დან 13 მარტამდე ბიულეტენი ჰქონდა გახსნილი, 11 მარტს სპექტაკლში თამაში ვერ შეძლო, თეატრის ადმინისტრაციას კი 13 მარტს სამედიცინო ბიულეტენი წარუდგინა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ისეთი განსაკუთრებული, რომ ვერ ეთამაშა სპექტაკლი,“ – ეს ჩაუწერეს ბრძანებაში კრიტიკულად განწყობილ მსახიობს ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნუკრი ქანთარიამ და თეატრის დირექტორმა, ირაკლი დევაძემ.

საიდან დაადგინეს ბათუმის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელმა პირებმა მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იყო, როცა ეს მონაცემი კონფიდენციალურია? – ამ შეკითხვის დასმა ნუკრი ქანთარიასთვის, ასევე ირაკლი დევაძისთვის გვინდოდა, თუმცა ბათუმის დრამატულ თეატრში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარები და შეტყობინება ისევ უპასუხოდ დატოვეს.

მეგი კობალაძე განმარტავს, რომ 11 მარტს, როცა სპექტაკლში უნდა ეთამაშა, კანონით გათვალისწინებული გაფიცვის უფლებითაც ისარგებლა, თუმცა მსახიობის გაფიცვა საერთოდ არ შეუმჩნევია ნუკრი ქანთარიას. სპექტაკლი მოიხსნა.

„მითხრეს, მაინც არ ხსნის სპექტაკლსო და ამ დროს მივმართე გაფიცვის შესახებ წერილობით 3 დღით ადრე, რომ ეს არ მომხდარიყო, რაც მოხდა.

ეს არის სხვების გაჩუმების და დაშინების მცდელობა, რომ დავისაჯე ხმის ამოღებისთვის,“ – ამბობს მეგი კობალაძე.

მსახიობი ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

ნუკრი ქანთარია პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, ვიდრე თეატრში დანიშნავდნენ.

მეგი კობალაძე და ბათუმის დრამატული თეატრის კიდევ რამდენიმე მსახიობი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას საჯაროდ აპროტესტებენ. მეგი კობალაძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად მჯდომარე პროტესტიც გამართა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მსახიობ ოთარ ქათამაძესთან ერთად.

მეგი კობალაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 2025 წლის 29 იანვრის შეხვედრაზე ნუკრი ქანთარიას შეკითხვა რეჟიმის პატიმრებზე, მათ შორის, მზია ამაღლობელის შესახებაც დაუსვა:

„მაინტერესებდა, რა პოზიციაზე იყო ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, იმ დროს მზიაც შიმშილობდა. იმედი მაქვს, მალე შეწყვეტს შიმშილობასო და სხვა პატიმრებზეც გვიპასუხა, რომ იმედია, მალე გამოუშვებენო. არ უთქვამს, რომ ეს ადამიანები პატიმრობაში უნდა დარჩნენ.

ვერ გეტყვით, რომ ჩემი დასჯა უკავშირდება პირდაპირ წინააღმდეგობას, მაგრამ მას ნამდვილად არ მოსწონს, როცა მაგალითად, თეატრში ბანერები, პლაკატები გავშალეთ. ეს მისთვის დიდი დისკომფორტი იყო. ესაა მიზეზი, რომ ჭკუა მასწავლოს,“ – გვითხრა მეგი კობალაძემ.

ამ თემაზე:

მსახიობ მეგი კობალაძეს ნუკრი ქანთარიამ ხელფასი 6 თვით შეუჩერა

 

 

 

 

„სანამ არ გავითიშე, კლინიკაში არ წამიყვანეს“ – ბათუმის აქციების მედროშის წერილი

„7 საათი დაიგვიანეს, სანამ ბოლოს ჩემს ოთახში სიარულის დროს არ გავითიშე, გონება დავკარგე და იატაკზე დავეცი, მანამდე კლინიკა „ვივამედში“ არ წამიყვანეს“, – წერს ციხიდან 2025 წლის 10 მარტს გამოგზავნილ წერილში ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი].

იგი კლინიკაში 2025 წლის 4 მარტს გადაიყვანეს 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ.

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, ბოლო 13 წელია საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობას უშედეგოდ ითხოვს. მას შემდეგ, რაც თემურ ქათამაძე ბათუმის პროევროპული აქციების მედროშედ იქცა, იგი დააკავეს და ქვეყნიდან აძევებენ. ამჟამად თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრშია.

კლინიკა „ვივამედიდან“ თემურ ქათამაძე 6 მარტს ისევ დროებითი განთავსების ცენტრში დააბრუნეს. ცენტრიდან გამოგზავნილ წერილში თემურ ქათამაძე წერს, რომ ის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

თემურ ქათამაძის თქმით, მან შიმშილობის შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე სთხოვა დროებითი განთავსების ცენტრის ადმინისტრაციას კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია, კლინიკაში კი მას სათანადოდ არ ექცეოდნენ. მედროშის თქმით, კლინიკამ მას შეუზღუდა სატელეფონო საუბრის უფლებაც:

„მარტოხელა თვითონ ჩემი თავი გადავარჩინე და სიკვდილის პირიდან უკან დავბრუნდი….

ოფიციალურად კვების განახლების დოკუმენტი არ მაჩვენეს, არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ მომაწოდეს“ – წერს თემურ ქათამაძე. მას ექიმის აცილება მოუთხოვია, რაც შეურაცხყოფად მიიღესო, გვწერს მედროშე.

„ბათუმელები“ ზურაბ ჩხაიძეს, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორს ჯერ კიდევ 7 მარტს ესაუბრა. მან გვითხრა, რომ თემურ ქათამაძე პროტოკოლს არ ეთანხმებოდა და კლინიკის შინაგანაწესს არღვევდა:

„პაციენტმა ჩვენს კლინიკაში შემოსვლიდანვე შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ დავიწყეთ კვების აღდგენითი კურსი შესაბამისი პროტოკოლის თანახმად, თუმცა ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის შესრულება კონკრეტულ პაციენტთან. არ ეთანხმებოდა პროტოკოლს, არ ეთანხმებოდა შეთავაზებულ მენიუს, შესაბამის რეკომენდაციას… [პაციენტის] მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც იყო დამაკმაყოფილებელი. ვინაიდან პაციენტი, როგორც გითხრით, არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს, აქედან გამომდინარე შესაძლებლად ჩაითვალა, რომ გაწერილიყო კლინიკიდან, დაბრუნებულიყო [საემიგრაციო] დაწესებულებაში. მას მიეცა, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეკომენდაციები”, – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ჩხაიძემ.

თემურ ქათამაძეს თავშესაფრის სტატუსზეც სასამართლომ უარი უთხრა. მისი თქმით, მას თურქეთის ხელისუფლება უკანონოდ დევნის და თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში დაკავების საფრთხე ემუქრება.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში თემურ ქათამაძე დახმარებას სალომე ზურაბიშვილს სთხოვს:

„მე ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს სთხოვოს, ჩემთვის თავშესაფრის სტატუსის, ან მოქალაქეობის მინიჭება. ზურაბიშვილს ვთხოვ ამას, მისი მამამისის გულისთვის, რომელიც ჩვენებურების ბელადის, ახმედ მელაშვილის მეგობარი იყო… მე ვარ ახმედ მელაშვილის ქართული ეროვნული მისიის დღევანდელი გამგრძელებელი, თურქეთში ეთნიკური ქართველების ერთადერთი წარმომადგენელი,“- წერს თემურ ქათამაძე დროებითი განთავსების ცენტრიდან გამოგზავნილ წერილში.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება თემურ ქათამაძის სასამართლო პროცესი მისი ქვეყნიდან გაძევების საქმეზე.

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს საქართველოდან გაძევება ემუქრება.

თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.

თემურ ქათამაძე ამბობს, რომ ბათუმში დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ იძალადა.

  • ამავე თემაზე: 
კაცი საქართველოს დროშით ბათუმის აქციებიდან – „ჩემი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ ხინოდან“

რუსეთმა კიდევ ერთ ქართველ ჯარისკაცს მიუსაჯა 23 წელი დაუსწრებლად

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ ჯარისკაცს, 58 წლის მიხეილ ქამხაძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში.

რუსული გამოძიების თანახმად, ქამხაძე 2017 წლის იანვრიდან 2024 წლის ნოემბრამდე, „ქართული ლეგიონის” „სოხუმის რაზმის“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ბრიგადის ეროვნულ ბატალიონში „Карпа́тська Січ“ მონაწილეობდა, როგორც დაქირავებული მეომარი, რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში.

რუსული პროკურატურის ინფორმაციით, ქამხაძე სწავლობდა თბილისის უმაღლეს საარტილერიო სკოლაში, მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში, მონაწილეობდა ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში. მას აქვს ნატოს სტანდარტების მიხედვით სამხედრო კურსის გავლის რამდენიმე სერტიფიკატი და გავლილი აქვს წვრთნები საარტილერიო იარაღის საბრძოლო გამოყენებაში, რომელიც ხელმისაწვდომია უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებული ფორმირებებისა და ქვედანაყოფებისთვის.

2022 წელს რუსულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში, ლისიჩანსკის მახლობლად ყოფნისას ქართველი თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე (ქართულენოვანი დოკუმენტები) ჰქონდათ.

რუსების ხელში ქართველი სამხედროს პირადი საქმის (დედნის) მოხვედრის შესახებ სიუჟეტი თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ მოამზადა. „მთავარ არხთან“ საუბარში მიხეილ ქამხაძე ამბობს, რომ მისი პირადი საქმე, რომელიც რუსულ მედიაშია ნაჩვენები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული და უკრაინაში ამ დოკუმენტაციას ფიზიკურად ვერ წაიღებდა.

თავდაცვის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში და „შესაბამისი სამსახური დაადგენს, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში“.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა არაერთი ქართველი მებრძოლი გაასამართლა დაუსწრებლად.

ამავე თემაზე:

დადგინდება, რეალური დოკუმენტებია თუ არა და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში – თავდაცვა ქამხაძის საქმეზე

 

„ეს ფარა კი არა, ახალი რუსული კანონია“- იურისტი

იურისტი საბა ბრაჭველი „ქართული ოცნების“ მიერ ორი მოსმენით მიღებულ ახალი რუსული კანონის [ე.წ. FARA] მიღებას ფეისბუქში პოსტით ეხმიანება და ხსნის, თუ რატომ არის „ოცნების“ მიერ მიღებული კანონი ისევ რუსული და არა ამერიკული.

„მაგრიტმა დახატა ჩიბუხი და მიაწერა, ეს არ არის ჩიბუხიო. ოცნებამ სიტყვასიტყვით თარგმნა FARA და ის ამერიკული ფარა არ არის.

ორი წელია ვამბობ და კიდევ გავიმეორებ – კანონი, მათ შორის, FARA, არის არა უბრალოდ სიტყვების კომბინაცია, არამედ ის შინაარსი, რომელსაც მას აღმასრულებელი და განმმარტებელი ანიჭებენ. ჩვენთან ამერიკული კანონიდან მოაქვთ სიტყვები, მაგრამ ცვლიან განმარტებებს, შინაარსს, პრაქტიკას, რითაც იუსტიციის დეპარტამენტი და სასამართლოები ხელმძღვანელობენ.

ამერიკული ფარას რეესტრში არ არიან დამოუკიდებელი, საკუთარი საწესდებო მიზნებითა და საკუთარ ნებაზე მოქმედი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები. იქ ისინი ხვდებიან, ვისაც უცხო სახელმწიფო აკონტროლებს.

ამიტომ შეხვდებით ფარას რეესტრში ისეთ მედიებს, როგორიცაა სპუტნიკი და რაშა თუდეი და ვერ შეხვდებით BBC, Deutsche Welle და სხვებს. ბიბისის და დოიჩე ველესაც საკუთარი – ამერიკისთვის „უცხო“ მთავრობები აფინანსებენ, მაგრამ ისინი დამოუკიდებელი მედიები არიან, ამიტომ არავინ სთხოვს მათ დარეგისტრირებას.

მაშინ, როცა ამერიკაში რეგისტრაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-ამერიკას“ არავინ სთხოვს, ჩვენთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა არასამთავრობოების რეესტრში შეყვანა კანონის მიზნადაა დასახელებული. ამ კანონის ამერიკულად მონათვლა ვირეშმაკობა – სიტყვების დაკოპირება და შინაარსის ცვლილებაა.

ეს კანონი მართლა ფარა რომ იყოს, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ შეეხებოდა. მაგრამ აპირებენ რომ შეახონ, რადგან ეს ფარა კი არა, ცხვრის ტყავს შეფარებული მგელი და ახალი რუსული კანონია.

ამ კანონს იღებენ, რადგან უნდათ, რომ (1) საკუთარ მომხრეებს რუსული კანონი დაავიწყონ, (2) სისხლის შიშით სამოქალაქო სექტორმა თვითონ გაიუქმოს თავი და (3) კანონის დამორჩილებით ლეგიტიმაცია შეიძინონ.

როგორ ვებრძოლოთ?

სანამ ორგანიზაციებიც და ფიზიკური პირებიც იმაზე ფიქრს დაიწყებთ, დარეგისტრირდეთ თუ არა, რამდენიმე საკითხზე უნდა დაფიქრდეთ:

პირველი იმაზე, რომ ამ კანონის მესამეჯერ შემოტანის მთავარი მიზანი თქვენი დაშინებაა – თქვენით რომ გაჩერდეთ.

მეორე – თაიმლაინი. კანონი ივნისამდე არ შევა ძალაში. სავარაუდოდ მაისში გვეცოდინება მექანიზმის პროტოკოლიც და თუ ეს პროტოკოლი ამერიკიდან გადმოწერეს, მაშინ კიდევ არაერთი თვე გაიწელება ბიუროს ბიუროკრატიებში, გასაჩივრებებში და ა.შ. ამ არჩევანის წინაშე დადგომა ბევრი თვის შემდეგ მოგიწევთ და არა რამდენიმე კვირაში (ისევე, როგორც წინა წელს).

მესამე – გამოცდილება. როცა სამოქალაქო სექტორი ერთად დადგა, მიღებული კანონი ვერ აამუშავეს (და ამას ახლა განმარტებით ბარათში თავად აღიარებენ). ეს არ შეცვლილა, ძალა ისევ ერთობაშია.

ამიტომ, არჩევანის გაკეთებაზე ახლა ფიქრის ნაცვლად, ჯობს თქვენი ძალისხმევა ისევ იმ რეჟიმის წინააღმდეგ მიმართოთ, ვინც ამ არჩევანის გაკეთებას გაიძულებთ.

„ოცნებისთვის“ ადვილია კანონების მიღება, მაგრამ არა მათი აღსრულება. დეკემბერში მიიღეს კანონი, რომლითაც „ოლე-ოლას“ სიმღერა უნდა აეკრძალათ, ნიღბები უნდა აეკრძალათ, მარშები უნდა აეკრძალათ, გარეთ სიარული უნდა აეკრძალათ. მაგრამ აღსრულებას ვერ ახერხებენ, რადგან ადამიანების საკმარისი რიცხვია მზად მათ დასარღვევად. საღამოს ცხრა საათზე ყველა ვერ გამოდის რუსთაველზე, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ ერთი ხელშეშლა და იქაურობა ისევ გადაიტენება.

ის ბრაზი, ის წინააღმდეგობა, ის პოტენციური ენერგია არსად წასულა.

ამიტომ ვერ აღასრულებენ დასაშინებლად მიღებულ სხვა კანონებსაც.

ვერ აღასრულებენ ჯარიმებსაც.

ორ მილიონამდე ოდენობის ჯარიმები დაწერეს, მაგრამ ეს დღეში მხოლოდ 3-4 ჯარიმას უდრის. სამინისტროს ამ ეტაპზე მეტი რესურსი უბრალოდ არ აქვს.

ვერ აუდიან ადმინისტრაციული საქმეების მასალების გროვებას, შეტყობინებებს, რეგისტრაციას – ბუღალტერიას, მოკლედ. იანვრის ცვლილებების შემდეგ ერთ საქმეზეც კი არ დაუმთავრებიათ წარმოება. არადა მართლა რამე კი არ აქვთ განსახილველი, „არ დაკმაყოფილდეს“ უნდა მოგწერონ. ამ ელემენტარული წერილის დასაწერად და გამოსაგზავნადაც კი მთელი ერთი თვე არ ჰყოფნით.

ცალკე ამბავია სასამართლო, სადაც ზუსტად 7 მოსამართლეს აქვს შეტენილი ყველა ადმინისტრაციული საქმის განხილვა. ახლა თუ ისე გადატვირთულია იქაურობა, რომ ორი თვის შემდეგ ნიშნავენ სხდომებს, ვერც წარმომიდგენია რა მოხდება მაშინ, როცა შსს-ს ასობით პასუხს სასამართლოში წავიღებთ. მაშინ დაინახავთ, რომ იანვრის შემდეგ დაწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს სექტემბრამდე ან უფრო გვიანაც არ მოუწევთ. ამაზე, პრინციპში, თებერვალშიც ვწერდით.

ბარემ ჯარიმების გადახდაზეც – ფონდები დააყადაღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ალტერნატიული გზებიც გამოჩნდება და, რომ რამე, ქრაუდფანდინგებითაც ავაგროვებთ თანამებრძოლებისთვის საჭირო თანხას. ეგ ყველაზე ნაკლები სადარდებელი მგონია.

ნამდვილი სადარდებელი ციხეში მყოფი ორმოცდაათი პოლიტპატიმარი და მათი გათავისუფლებაა. ამაზე და ბრძოლის სხვა ტაქტიკებზე უნდა ვფიქრობდეთ ახლა და არა ფარაზე.

ოცნების კანონები და თუნდაც ფარა აღარ არის და არც უნდა იყოს მთავარი საკითხი. წინა წელს ხალხს დარწმუნება სჭირდებოდა, რომ რუსული კანონი რუსული იყო, რომ საგარეო კურსის შებრუნებას, ქვეყანაში კი განუკითხაობის დამყარებას მოასწავებდა. ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ ამის მტკიცება საჭირო აღარ არის.

ახლა „ოცნება“ ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობს. ყველა კანონი, რომელსაც ივანიშვილის პარლამენტი განიხილავს, არალეგიტიმური და ავტორიტარულია. „ოცნება“ კიდევ ბევრ კანონს მიიღებს, მაგრამ მათი აღსრულება ლეგიტიმაციის კრიზისის აღმოფხვრასა და (გეო)პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

სიტუაცია ბევრი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. ეს გრძელი პროცესია და დროზე ადრე ნუ დაფრთხებით, მეგობრებო. ჩვენ ფარა არ ვართ“ – წერს საბა ბრაჭველი.

„სირიაშიც ვერავინ წარმოიდგენდა ასადის რეჟიმის ჩამოშლას“ – ინტერვიუ

„არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რა მუშაობს ამ დროს. თუ გადავხედავთ წინააღმდეგობის მოძრაობებს სხვა ქვეყნებში, ხშირად ყოფილა ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა, როცა არაფერი არ მოასწავებდა რეჟიმის ცვლილებას და უცებ რაღაც შეიცვალა. ბოლო ასეთი მაგალითია სირია: ვერავინ წარმოიდგენდა სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოშლას, პირიქით, ამ კაცმა რეჟიმის კონსოლიდაცია შეძლო და რუსეთი ეხმარებოდა,“ – ამბობს პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია. მას წინააღმდეგობის პერსპექტივაზე ვესაუბრეთ საქართველოში.

პოლიტოლოგთან საუბარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეფასებით დავიწყეთ: რამდენად ახერხებს ოპოზიცია შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც ივანიშვილს უკან დახევას აიძულებს?

„გარდატეხა არ მოხდება, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან არ მიხვედი და არ ესაუბრე. ცხადია, არის კატეგორია, ვისთან საუბარსაც აზრი არ აქვს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს ბოლომდე, საფლავში არ გადაჰყვებიან, როცა ხედავენ, როგორ მიდის ქვეყნის საქმე.

„ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი, რომ ახალი მომხრეები მიიზიდოს: რაც უფრო რეპრესიული ხდები, მით უფრო შორდები საზოგადოებას, მათ შორის, იმ ხალხს, რომელიც მანამდე მხარს უჭერდა და ეს ჩანს უკვე,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.

„ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელთან ინტერვიუ ბათუმში ჩაწერა:

  • ბატონო კორნელი, თავდაპირველად ოპოზიციის ერთერთი გადაწყვეტილების შესახებ მინდა გკითხოთ, რომლის მიხედვითაც პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. რა რისკია ეს, თქვენი აზრით, ოპოზიციისთვის

ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერს მხარს, გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რაც ქვეყანამ მიიღო ბოლო საპარლამენტო არჩევნებში.

მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს აღარ სჯერა, რომ სახელმწიფოს მიტაცების და ავტოკრატიული მმართველობის პირობებში შესაძლოა სამართლიანი არჩევნების ჩატარება და სრულიად სამართლიანად ნდობა აქვს დაკარგული ამ პროცესისადმი.

თუმცა, მეორე მხრივ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ორლესული მახვილივით დამაზიანებელი აღმოჩნდეს ოპოზიციური სპექტრისთვის: აქამდე ოპოზიციური პარტიები მეტ-ნაკლებად საკრებულოებში ინარჩუნებდნენ თავიანთ წევრებს და ეს მათ ეხმარებოდათ რეგიონული ორგანიზაციების შენარჩუნებაში.

თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მივიღებთ ერთპარტიულ საკრებულოებს და მერიებს. ოპოზიციური პარტიები, შესაძლოა, აღმოჩნდნენ იმ რეალობაში, რომ ადგილზე უკვე აღარ იყოს ხალხი, ვინც მათ წლების განმავლობაში მხარს უჭერდა.

მიგრაციის გაზრდილი ნაკადის, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეპრესიების გათვალისწინებით, შესაძლოა, ამ ადამიანებს ქვეყნის დატოვებაც მოუწიოთ, რამაც შესაძლოა შეამციროს კიდეც ოპოზიციის მხარდაჭერა ადგილებზე.

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია დიდი ქალაქები, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი. ასე რომ ამ საკითხზე ყველასთვის მისაღები  გადაწყვეტილების მიღება არ იქნება ადვილი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ აგრძელებს ხელის გადაგრეხის პოლიტიკას.

  • ხელის გადაგრეხა ახსენეთ, რას უპირისპირებსქართული ოცნებისამ ტაქტიკას ოპოზიცია

საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს არა იმას, რომ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ მაინცადამაინც ერთ პარტიაში, არამედ მიზიდულობის ცენტრი შეიქმნას სალომე ზურაბიშვილთან ერთად. შესაძლოა, ვიღაცას მოსწონს სალომე ზურაბიშვილი, ვიღაცას – არ მოსწონს, მაგრამ საპროტესტო საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მას მხარს უჭერს.

როგორც ჩანს, არც სალომე ზურაბიშვილი იკლავს თავს, რომ მაინცადამაინც ოპოზიციის ლიდერი გახდეს. ის ამ ეტაპზე უფრო მაკოორდინებელ როლს ასრულებს, ვიდრე ლიდერის.

ამ ეტაპზე ოპოზიცია ვერ ავლენს მზაობას და სიმწიფეს, რომ თავად შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი. მესმის, რომ ამ საპროტესტო მოძრაობას არ მართავენ პოლიტიკური პარტიები, რასაც თავისი პლუსიც აქვს და მინუსიც. პლუსია, მაგალითად, ის, რომ როცა ლიდერი არ არსებობს, ხელისუფლებას უჭირს პირდაპირ პარტიების წინააღმდეგ რეპრესიები.

მეორე მხრივ, ხვალ რომ ისევ ასიათასობით მოქალაქე გამოვიდეს აქციაზე, ამ პროცესს სჭირდება მართვა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მით უმეტეს, რომ საპროტესტო საზოგადოების დიდი ნაწილი საერთოდ არ აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობას.

პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ საზოგადოებას შესთავაზონ ისეთი დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს მისცემს გარკვეულ გეზს და მიმართულებას.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება. მოკლევადიანი მიზნები გასაგებია, რომ არჩევნები უნდა დაინიშნოს, მაგრამ რომ დაინიშნოს ეს არჩევნები, რამდენად მზადაა ამისთვის ოპოზიცია? რამდენად მოახერხეს საკუთარი პოზიციების გაძლიერება რეგიონებში?

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამას სჭირდება უფრო აქტიური მუშაობა, რომ სხვა შედეგი დაიდოს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. არაფრით არ შეიძლება რომელიმე რეგიონის უგულებელყოფა იმის გამო, რომ ეს რეგიონი პატარაა, მცირეა მოსახლეობის რაოდენობა  და ასე შემდეგ, რაც ბევრჯერ მოვისმინეთ ბოლო არჩევნების პერიოდში.

  • ოპოზიციური პარტიების არგუმენტი ამ ნაწილში არის ის, რომ დაცარიელებულ სოფლებშიოცნებამ“ 300-ლარიანი დასაქმების სქემა, ასევე სხვა პროგრამები აამოქმედა. ამით სოფლად მცხოვრები ადამიანები მასზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახადა და ოპოზიციის მუშაობას ვერ ექნება შედეგი. 

მაგრამ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს, საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ შენი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინო. მნიშვნელოვანია, „ოცნებას“ შემოაცალო ამომრჩეველი.

ბოლო არჩევნებში ამ როლს ძირითადად გახარიას პარტია ირგებდა, რომელიც ცდილობდა „ქართულ ოცნებაზე“ გულაცრუებული მხარდამჭერების მობილიზებას. სხვა პარტიებმაც ანალოგიურად უნდა იმუშაონ. ყველა პარტიამ რომ მინიმუმ რამდენიმე ათასი მხარდამჭერით შეამციროს „ოცნების“ ელექტორალური ბაზა, ეს უკვე ცვლის რეალობას – განსხვავება უზარმაზარი არ არის „ოცნებას“ და ოპოზიციური პარტიების შედეგებს შორის, მით უმეტეს იმ ფონის გათვალისწინებით, რაც არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ხდება.

ამ კუთხით უფრო მეტია გასაკეთებელი, საჭიროა ხალხის მეტი მოსმენა მათ შორის იმ არასასიამოვნო შეკითხვების, რომელიც შეიძლება პოლიტიკური პარტიების მიმართ დაისვას. გვესმის, რომ ამას სჭირდება რესურსები, დრო და მოთმინება, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ სატელევიზიო სტუდიებიდან საუბრით შედეგი ვერ დაიდება. ეს უკვე აღარ მუშაობს.

ბუნებრივია, ოპოზიციას აქვს ადამიანური, ფინანსური რესურსების პრობლემა. არსებობს ხედვების პრობლემაც. პრობლემაა ასევე პრიორიტეტების განსაზღვრა. ოპოზიციას ბოლო არჩევნებში დიდ ქალაქებზე ჰქონდა გათვლა, რაც ალბათ არ იყო მთლად სწორი. იმისთვის, რომ მოახდინო გარდატეხა, იქ უნდა იმუშაო, სადაც არ ხარ ძლიერი.

გარდატეხა არ მოხდება, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან არ მიხვედი და არ ესაუბრე. ცხადია, არის კატეგორია, ვისთან საუბარსაც აზრი არ აქვს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს ბოლომდე, საფლავში არ გადაჰყვებიან, როცა ხედავენ, როგორ მიდის ქვეყნის საქმე.

  • ამასობაში ივანიშვილი აქტიურად ცდილობს რეპრესიული მანქანის ამოქმედებას და რუსული დიქტატურის დამყარებას, მათ შორის, იღებენ ახალ რუსულ კანონს, რომ საბოლოოდ გაანადგურონ კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი. რა რესურსი რჩება წინააღმდეგობისთვის

აქტიურად უნდა ვესაუბროთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მიუხედავად იმისა, გვეთანხმება თუ არა. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რაა საქართველოს ეროვნული ინტერესი, მიზანი და აქედან დავიწყოთ დისკუსია. არ უნდა მოგვერიდოს ამ დისკუსიაში უხერხული შეკითხვების მიღებაც და თუ პასუხი არ გვაქვს კონკრეტულ შეკითხვებზე, ესეც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს პასუხი, ან მოქალაქეებთან ერთად უნდა მოვიფიქროთ.

ქართველი ხალხის დაკვეთაა არაა ერთპარტიული მმართველობა ან არაფორმალური მმართველობა. თავისუფლების და დემოკრატიული წესრიგის შეზღუდვა თითოეულ ჩვენგანს უქნის პრობლემებს. თუ ამას დროულად გავითავისებთ, წინააღმდეგობის პროცესი გაგრძელდება და ექნება შედეგი. თუმცა ზოგიერთი პრობლემას ხედავს მხოლოდ მაშინ, როცა პრობლემა უშუალოდ მას პიროვნულად ეხება. ამ დროს რეაგირება უკვე გვიანია. ამას აჩვენებს ბელარუსისა და რუსეთის მაგალითი.

მნიშვნელოვანია მოქალაქეებს დავუბრუნოთ რწმენა და ნდობა. ნდობა პრაქტიკულად დაკარგულია დღეს. მოქალაქეს დაკარგული აქვს ნდობა პოლიტიკური პროცესისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი, პოლიტიკური პარტიების თუ ინსტიტუტების მიმართ.

  • საკუთარი ძალის მიმართ? გვესმის მოქალაქეებისგან ისიც, რომ მშვიდობიანი აქციით რეალობა არ იცვლება და მაგალითად, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი დააჯარიმეს კიდეც, რომ გვაჩვენონ დიქტატურის ძალა. ახერხებს ივანიშვილი ძალაუფლების მიტაცებას, მათ შორის, ნიჰილიზმის გაძლიერებით

არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რა მუშაობს ამ დროს. თუ გადავხედავთ წინააღმდეგობის მოძრაობებს სხვა ქვეყნებში, ხშირად ყოფილა ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა, როცა არაფერი არ მოასწავებდა რეჟიმის ცვლილებას და უცებ რაღაც შეიცვალა. ბოლო ასეთი მაგალითია სირია: ვერავინ წარმოიდგენდა სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოშლას, პირიქით, ამ კაცმა რეჟიმის კონსოლიდაცია შეძლო და რუსეთი ეხმარებოდა. თუმცა ისე განვითარდა მოვლენები ქვეყნის შიგნით, რაც ვერ გაითვალისწინა.

მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა გაძლიერდეს. შესაძლოა, ყოველთვის ერთი და იგივე ტონუსი ვერ შენარჩუნდეს, რთულია, მუდმივად ასიათასობით ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ნდობა უნდა არსებობდეს საზოგადოებაში ამ პოლიტიკური პროცესის მიმართ: რასაც პროტესტის მონაწილეები აკეთებენ, ეს ხალხის ინტერესებს პასუხობს, რომ ცვლილებები აუცილებელია.

მესმის, რომ აქ „ოცნება“ მანიპულირებს სხვადასხვა თემით, მათ შორის, ომის და მშვიდობის თემით, მაგრამ როდესაც ოპოზიციაში ხარ, ორმაგი შრომის ჩადება გიწევს ყოველთვის, რომ მოქალაქე დაარწმუნო. სხვანაირად ცვლილებები არ ხდება. 2012 წელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერებს კარდაკარ რომ არ ევლოთ და სოფელ-სოფელ, რთული იქნებოდა მაშინაც მოგება. თუმცა დღეს არ არის ლიდერი, რომელსაც ექნებოდა ნდობა და შეძლებდა თავის გარშემო სხვების კონსოლიდირებას.

  • როცა არ არსებობს გამოკვეთილი ლიდერი ქვეყნის შიგნით, გარედან კი, გვესმის ტრამპის განცხადებები, როგორ შეიძლება დაინახოს მოქალაქემ წინააღმდეგობის პერსპექტივა

ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, განვითარდეს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ამერიკას და ევროპას კი არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება. საერთაშორისო პოლიტიკის დღევანდელი კონტექსტი ამ ეტაპზე არ უწყობს ამას ხელს. შეერთებული შტატების სახით საქართველომ და დემოკრატიულმა მსოფლიომ დაკარგა დემოკრატიის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი სახელმწიფო, თუმცა იმედია დროთა განმავლობაში ეს პროცესი შეიცვლება და აშშ დაიბრუნებს საკუთარ პოზიციებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში არიან სახელმწიფოები, რომლებიც მხარს დაუჭერენ დემოკრატიზაციის პროცესს საქართველოში. მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის კურსს არ ჩამოვშორდეთ, რადგან ამჟამად ხდება ახალი, გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბება რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რუსეთსა და აშშ-ს შორის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ახალი „ცივი ომის“ პროცესში სახელმწიფო როგორ მოიაზრებს საკუთარ თავს.

აქამდე თუ საქართველო მოიაზრებოდა ასოცირებული ტრიოს ნაწილად უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ბოლო წლებში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით ჩვენ ისევ დავუბრუნდით ნაცრისფერ ზონას. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი სახელმწიფოდან ნელ-ნელა დაემსგავსა ევრაზიულ ქვეყანას. ამის დასტურად გადავხედოთ, თუ ვის ხვდებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები: თურქმენეთის პრეზიდენტს, აზერბაიჯანის ელჩს, არაბეთის ქვეყნების ხელმძღვანელებს…

ფაქტობრივად, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.

  • თქვენი აზრით, ივანიშვილის რეჟიმი არ იყო მზად ამ იზოლაციისთვის

იზოლაციას სჭირდება გარკვეული ფინანსური სიმყარე, მაგალითად, აზერბაიჯანს აქვს ნავთობი და გაზი, რომლითაც შეიძლება უზრუნველყოს ავტორიტარული რეჟიმი, საქართველოს შემთხვევაში კი, ეს არ გვაქვს. ივანიშვილის მილიარდებიც არ ეყოფა ამ საქმეს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაკლებად დამაჯერებელია მან საკუთარი სახსრები გაიმეტოს ამ საქმისთვის. თუ ივანიშვილს არ ექნება მხარდაჭერა ქვეყნის გარედან, ძალიან გაუჭირდება მას ასეთი ტიპის რეჟიმის დიდხანს შენარჩუნება. მათ შეიძლება ეს სცადონ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს აქვს პროტესტის კულტურა, რომელიც საკმაოდ მძლავრია. ქართველი ადამიანი არ შეეგუება ერთმმართველობით სტილს და ხელისუფლების უზურპაციას.

შესაძლოა, ხელისუფლებამ სხვადასხვა მიზეზით მოახერხოს დეზინფორმაციის გავრცელება და გარკვეული ხნით ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ მთლიანობაში მას ეს გაუჭირდება. ამასთან, ამ რეჟიმს  აქვს ერთი დიდი სისუსტე: მას არ შეუძლია გააერთიანოს ერი, პირიქით, დამყოფ, გამყოფ პოლიტიკას ატარებენ, მათ უკვე მოახერხეს სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიის გაუცხოება და იგივე ხდება ახლა საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით – ასობით ადამიანი სამსახურს კარგავს კონსტიტუციის ერთგულების გამო.

მთლიანობაში „ოცნება“ შორდება ხალხს, რომელიც არის სუვერენიტეტის მთავარი წყარო. საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ საზოგადოების გამყოფ და დამანაწევრებელ პოლიტიკას მომავალი არა აქვს.

  • რეპრესიების გაძლიერებით ივანიშვილი ვერაფერს მიაღწევს

რაც უფრო რეპრესიული ხდები, მით უფრო შორდები საზოგადოებას, მათ შორის, იმ ხალხს, რომელიც მანამდე მხარს გიჭერდა და ეს ჩანს უკვე. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი, რომ ახალი მომხრეები მიიზიდოს. სანამ თანხები აქვს, მას აქვს საშუალება, ძალოვან უწყებებზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ადვილი არ იქნება.

თუ ხალხმა ნახა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს ამ მეთოდებით ქვეყნის მართვას და საზოგადოების კონსოლიდაციას, ის ხალხიც არ გაჰყვება ივანიშვილს სასაფლაოზე, რომელიც დღეს მას ირჩევს. არავის არ გადაჰყოლია ხალხი, არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს.

როგორც კი სისტემაში დასაქმებული ადამიანები ნახავენ, რომ სისტემას გაუჩნდა სერიოზული ბზარი, ხალხი, რომელიც ამ დრომდე სისტემის ბურჯია, წავა, რადგან საბოლოოდ ყველა თვითგადარჩენაზე ფიქრობს.

  • რის იმედი აქვს ივანიშვილს და მის გუნდს, თქვენი დაკვირვებით

აქამდე იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებას მოახერხებდნენ, თუმცა არაფერი არ ჩანს მათთვის საიმედო. ამ ეტაპზე ტრამპის ინტერესი საერთოდ არ არის სამხრეთ კავკასია და საქართველოს საკითხი, მით უმეტეს, უკრაინის და რუსეთთან მოლაპარაკების ფონზე.

მეორე იმედია რუსეთი. თუმცა რუსეთთან პირდაპირ კავშირი გაჭირდება, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ არაპოპულარულია ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა – ამან შეიძლება ხელისუფლება დააკარგვინოს. ამიტომაც, რეჟიმის მესვეურები ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ თითქოს არ არიან იზოლაციაში, ვიზიტები აქვთ…

თუმცა რეალობა სხვაა. არ არის იოლი სანქციების ქვეშ ყოფნა, მით უმეტეს, თუ ბრიტანეთმაც დაადო სანქციები და ამას მიჰყვა „ვაიმარის ქვეყნები“[გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი]. თუმცა იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს, საჭიროა შიდა და გარე წნეხის მუდმივად არსებობა.

  • გამოდის, ივანიშვილი პროტესტის ჩახშობის პარალელურად ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს ელოდება, რომ ახალი მოკავშირე გამოძებნოს

„ოცნება“ ელოდება იმას, თუ რამდენად მოახერხებს რუსეთი საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებას უკრაინასთან დაკავშირებით, შემდეგ კი ეცდებიან, ახალ რეგიონულ დღის წესრიგზე მორგებას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, როგორ გადაწყდება უკრაინის საკითხი. ეს მხოლოდ უკრაინისთვის კი არა, საქართველოსა და ევროპისთვის არის მნიშვნელოვანი, როგორ მოახერხებენ ევროპელი მოკავშირეები უკრაინის დაცვას.

უკრაინა უნდა გადარჩეს, როგორც ევროპული სახელმწიფო. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ევროპული მომავალი ამ ქვეყნის ბედზეცაა მიბმული.

სერიოზული პოლიტიკური კრიზისის არსებობას „ოცნების“ მომხრეებიც აღიარებენ უკვე. სამოქალაქო დაპირისპირების ნებისმიერი სცენარი მიუღებელია. ჩვენ ვართ ტრავმირებული საზოგადოება, 90-იანი წლების დაპირისპირება გამოვიარეთ, სამოქალაქო ომი და მეორეჯერ ვერ დავუშვებთ ამ შეცდომას.

გამოსავალი ხელახლა არჩევნებია, ეს არის ყველაზე კარგი განმუხტვის საშუალება, რაც კი მოუგონია კაცობრიობას. ცხადია, არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 მარტის 21 საათიდან 22 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება; წვიმა, მთაში – თოვა, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 4 – 9 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია; ღელვა ღამით 2-3 ბალი, დღისით 4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 23 მარტს მოსალოდნელია ღამით და დილით წვიმა, მთაში – თოვა, დღისით და მომდევნო ორ დღეს [24 და 25 მარტს] კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

 

რუსეთმა 900 ათასი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 900 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330]
  • ტანკი – 10 394 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 21 589 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 24 848 ერთეული [+101]
  • MLRS – 1 324 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 111 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 30 080 ერთეული [+185]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 41 249 ერთეული [+165]
  • სპეცტექნიკა – 3 782 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 658 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 47 719 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 420 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 530 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 788 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 187 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს II მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი დანაკარგი უკრაინაში აქვს

„პოლიტიკური კონცეფციიდან გადავდივართ პრაქტიკული სამხედრო გეგმის შემუშავებაზე“ — სტარმერი

ბრიუსელში, ევროპელ ლიდერთა სამიტზე უკრაინის მხარდაჭერას ხმა მხოლოდ ორბანმა არ მისცა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს II მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი დანაკარგი უკრაინაში აქვს

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინაში დაახლოებით 200-250 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების საერთო რაოდენობა დაახლოებით 900 ათასია.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 20 მარტს, სოციალურ ქსელ X-ზე წერს ბრიტანული დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი დანაკარგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის ღარიბი რეგიონებიდან ეთნიკურ უმცირესობებს შორის დანაკარგები გაცილებით მეტია, ვიდრე დიდი ქალაქების მცხოვრებთა შორის.

რუსეთის ხელისუფლება დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს არ ავრცელებს.

რაც შეეხება უკრაინის დანაკარგებს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2025 წლის თებერვალში განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვლიდან ბოლო დრომდე რუსეთ-უკრაინის ომში 45 100 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 390 000 დაიჭრა.

„ახალგაზრდებისთვის სტამბოლის მერის დაკავება ბოლო წვეთი აღმოჩნდა“ – ინტერვიუ თურქოლოგთან

„ახალგაზრდები გამოდიან ძირითადად, სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ უნივერსიტეტებს და გამოდიან საპროტესტო აქციებზე. ეს აჩვენებს იმას, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით გადაღლილნი არიან მკაცრი ზომებით და პოლიტიკით, რასაც ხელისუფლება ატარებს. მათთვის იმამოღლუს დაკავება ბოლო წვეთი აღმოჩნდა,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი. მას „ბათუმელები“ სტამბოლის საპროტესტო აქციებზე ესაუბრა.

თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ შესახებ გამოძიების ფარგლებში 2025 წლის 19 მარტს დააკავა. იმამოღლუ თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯებ თაიფ ერდოღანის მთავარი მეტოქეა.

  • ბატონო ქამრან, პროტესტის აკრძალვის მიუხედავად, სტამბოლის ქუჩებში დემონსტრაციები გრძელდება. რას აჩვენებს ეს პროტესტი? 

როგორც ცნობილია, ექრემ იმამოღლუს პარალელურად დააკავეს კიდევ 107 ადამიანი. ეს გვაჩვენებს იმას, რომ ერდოღანის პარტიაში მიხვდნენ, რომ ექრემ იმამოღლი გახდა ლიდერი, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს ერდოღანს შემდეგ არჩევნებზე, 2028 წელს. ეს ერდოღანისთვის პირველი სერიოზული მარცხი იქნება, თუ ბოლო ადგილობრივ არჩევნებს არ ჩავთვლით.

ბოლო დროს დიდი აქცენტი კეთდება ექრემ იმამოღლუზე, რომელიც ქარიზმატული პოლიტიკოსია.

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ძირითადად განიხილება სამი კანდიდატი: ერდოღანი, იმამოღლუ და მანსურ იავაში [დედაქალაქის მერი], რომელიც „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოადგენს, როგორც იმამოღლუ. საუბარია იმაზე, რომ ამ პარტიაში დაპირისპირებაა, ან შიდა კონკურენცია, რაც ჩვეულებრივი ამბავია – იავაშსაც პრეზიდენტობა სურს. გასული წლის მარტში ერდოღანის კანდიდატი იავაშმა პირდაპირი გაგებით ათრია: თუ სხვადასხვა ოლქებსა და უბნებში კონკურენტებს შორის სხვაობა იყო 5-10 %, იავაშმა 60%-ზე მეტი მიიღო, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია დედაქალაქში.

  • რატომ შეიძლება დაეწყო ერდოღანს ექრემ იმამოღლუთი მთავარი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება? 

იმამოღლუ ძირძველი პოლიტიკოსია, ის ჯერ სტამბოლის ერთ-ერთი ოლქის წარმომადგენელი იყო, მაჟორიტარი – ჩვენი გაგებით. ყველაზე საინტერესო ალბათ ისაა იმამოღლუს დოსიეში, რომ რამდენჯერაც იმამოღლუ გავიდა არჩევნებზე, არც ერთხელ არ დამარცხებულა პატარა, თუ მასშტაბურ დონეზე. ექრემ იმამოღლუ ორჯერ გახდა სტამბოლის მერი. ადგილობრივ არჩევნებზე იმამოღლუს პარტია ქვეყნის მასშტაბით გახდა პირველი და დაამარცხა ერდოღანის პარტია.

შესაბამისად, იმამოღლუ სახელისუფლებო პარტიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

გაითვალისწინეთ, რომ იმამოღლუ ტრაპზონელია, ერდოღანი – რიზედანაა. ორივე შავიზღვისპირეთიდანაა. განიხილება, რომ რეალურად სწორედ მას შეუძლია დაუპირისპირდეს ერდოღანს.

იმამოღლუ ქურთებისთვისაც მისაღები კანდიდატია, რადგან ის არაა რადიკალი. თუ საჭირო გახდება ქურთების ხმების მობილიზება, იქედან 8-10 %-ს წამოიღებს. ესეც საინტერესო ფაქტორია.

ამ პარტიაშიც ბევრი მორწმუნე ადამიანია, ქალების ნაწილი ისლამური წესითაა ჩაცმული. ჩვენთან არსებობს ერთგვარი ხედვა, რომ ერდოღანია ისლამისტური პარტიის წევრი და ყველა მორწმუნე მას აძლევს ხმას, მაგრამ ასე არაა. იმამოღლუ ყველასთვის მისაღები კანდიდატია.

  • ახალი საპროტესტო ტალღა რამდენად უქმნის ერდოღანს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს? აქამდეც იყო პროტესტი თურქეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით…

ძალაუფლების დაკარგვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა თურქულ პოლიტიკას წლებია ვაკვირდები და არ მახსენდება ასეთი ხალხმრავალი მიტინგები, რომელიც უშუალოდ არჩევნებს არ უკავშირდება. ასეთი აქციები თურქეთში ბოლოს 2007 წელს იყო.

საინტერესოა ისიც, რომ ახალგაზრდები გამოდიან ძირითადად, სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ უნივერსიტეტებს და გამოდიან საპროტესტო აქციებზე. ეს აჩვენებს იმას, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით გადაღლილი არიან მკაცრი ზომებით და პოლიტიკით, რასაც ხელისუფლება ატარებს. მათთვის იმამოღლუს დაკავება ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ყველა გარეთ გამოვარდა.

ქამრან ოსმანლი
  • იქმნება იმის წინაპირობა, რომ შესაძლოა თურქეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს? 

ეს მოსალოდნელია, თუმცა ერდოღანს ეს უფრო აწყობს: კონსტიტუციის მიხედვით ერდოღანს აღარ აქვს წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც პრეზიდენტის კანდიდატს. ეს წესი შეიძლება შეიცვალოს კონსტიტუციური ცვლილებებით, რასაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს, ხოლო ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში მას შეუძლია ხელახლა იყაროს კენჭი. თუ 2028 წელს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ ერდოღანის პარტიამ სხვა კანდიდატი უნდა მოძებნოს.

  • მაშინ რატომ არ თანხმდება ერდოღანი ვადამდელს?

ისინი უყურებენ მოსახლეობის განწყობებს: ყველა გამოკითხვაში ჩანს, რომ თუ ერდოღანი დარჩება იმამოღლუსთან, ის მეორე ტურში დამარცხდება. მოგეხსენებათ, თურქეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისია. ერდოღანი არჩევნებამდე ამ კრიზისის დაძლევას, ლარის კურსის დასტაბილურებას და სირიელი ლტოლვილების პრობლემის მოგვარებას ეცდება.

ერდოღანი ასევე ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას და ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებას. შემდეგ გახდება უკვე ნათელი, დანიშნავენ თუ არა ვადამდელ არჩევნებს.

  • სტამბოლის პროტესტი რამდენად აჩვენებს იმას, რომ ავტორიტარული ტენდენციები ერდოღანს არ გაუვა? გასათვალისწინებელია ბოლო მაგალითები: სერბეთში საპროტესტო აქციების შემდეგ გადაწყდა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, სირიაში კი ასადის რეჟიმი ჩამოიშალა… 

თითოეული ეს ქეისი მაინც განსხვავებულია ერთმანეთისგან. მე არ მახსენდება თურქეთში ვინმეს თავისი ნებით დაეტოვებინოს თანამდებობა, რასაც ვხედავთ ევროპის ქვეყნებში. თურქეთში, როგორც გახსოვთ, მიწისძვრის დროს 52 ათასი დაიღუპა და არცერთ მერს და დეპუტატს თანამდებობა არ დაუტოვებია.

ჩემი აზრით, ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რას შეძლებს ოპოზიცია. ის, რომ იმამოღლუ გახდა ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი და ყველა მაგაზე საუბრობს, ეს ცალსახაა. ჯერ ოპოზიციას და მათ შორის, იმამოღლუს პარტიას კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ იმის გარდა, რომ გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდეს ყველას.

გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური მომენტიც: ევროკავშირს უფრო ერდოღანთან გამოსდის ვაჭრობა და ლაპარაკი კონკრეტულ საკითხებზე, ვიდრე ოპოზიციას. აქამდე, როცა თურქეთში რაღაც ხდებოდა და, მაგალითად, დააკავებდნენ ვინმეს, ვაშინგტონიდან მოდიოდა მკაცრი ტონით მოწოდება, გაეთავისუფლებინათ დაკავებული, დაეცვათ ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. იმამოღლუს შემთხვევაში კი, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, ჩვენ თურქეთის შიდა საქმეებში არ ვერევითო. ევროკავშირის ქვეყნებიდან, მაგალითად, გერმანიას ჰქონდა განცხადება, ასე თუ გააგრძელეს ოპოზიციური ლიდერების დაკავება, ევროკავშირის წევრი ვერ გახდებაო, თუმცა ვიცით, რომ თურქეთი ისედაც ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, ამ განცხადების ტონიც სუსტი იყო.

____________________________________

ფოტოზე: ექრემ იმამოღლუ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ERDEM SAHIN

ამავე თემაზე: 

ერდოღანის მთავარი მეტოქე, სტამბოლის მერი დააკავეს

რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონებიდან ტერმინების: „გენდერის“, „გენდერული იდენტობისა“ და „გენდერული მრავალფეროვნების“ ამოღებას.

„ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტერმინი „გენდერი“ ხელოვნურად იყო დანერგილი კანონმდებლობაში „უცხო ძალის“ გავლენით, ამიტომ ამ ტერმინებს „ქალი“ და „კაცი“ ჩაანაცვლებს, თუმცა სიტყვა გენდერი არ აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს, გენდერი სოციალური და კულტურული ფაქტორებითაა განპირობებული.

ანტიგენდერული პროპაგანდის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ცვლილებები შეაქვს საქართველოს 15 კანონში და ასევე პარლამენტის რეგლამენტში, მათ შორის მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც სიტყვა „გენდერის“ ამოღებას ითვალისწინებს.

ცვლილება ითვალისწინებს გენდერული საბჭოების გაუქმებასაც.

კანონები, საიდან „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“ იღებს.

რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“?

ქალთა უფლებადამცველი, იურისტი ანა თავხელიძე მიიჩნევს, რომ ამ ახალი, ანტიჰუმანური ინიციატივით არსებული რეჟიმი ცდილობს, საზოგადოების ყურადღება პოლიტიკური კრიზისიდან სხვა მხარეს მიმართოს.

„კანონებიდან გენდერის ამოშლა მშიერ ხალხს ვერ დააპურებს“- ამბობს ანა თავხელიძე.
  • რა ზიანდება ტერმინ „გენდერის“ კანონებიდან ამოღებით?

ანა თავხელიძის თქმით, ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი იყო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, რაც გარკვეულწილად შესრულებულად ჩაუთვალეს საქართველოს და ამის გამო მივიღეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„ახლა გამოდის, რომ ამ მიმართულებითაც ყველაფერს აუარესებს „ოცნება“.

გარდა იმისა, რომ ამ კონცეფციით არ აღიარებენ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს, აუარესებენ ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ქვეყანაში“.

ანა თავხელიძეს ვკითხეთ, რა გავლენა ექნება სიტყვა გენდერის გაქრობას გენდერული დეზინფორმაციის გავრცელების თავლსაზრისით.

„გენდერული დეზინფორმაცია არის მეთოდი, საშუალება, რომელიც გამოიყენება ქალი პოლიტიკოსების, ქალი აქტივისტების და ზოგადად, აქტიური ქალების წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, იურისტები, ამას პრაქტიკაში განვიხილავთ ხოლმე იმის მიხედვით, თუ რა ხარისხით დადგა ზიანი გენდერული დეზინფორმაციიდან გამომდინარე და უმეტეს შემთხვევაში, ძალადობის კონტექსტში ხდება მისი განხილვა.

ამიტომ კანონის ეს ცვლილებები ავტომატურ გავლენას ახდენს გენდერულ დეზინფორმაციაზეც, რადგან თუ სიტყვა „გენდერი“ კანონებიდან ამოაგდეს, მაშინ იკარგება კონცეფციის მთავარი არსი, რადგან გენდერული დეზინფორმაციის გავრცელება იმიტომ ხდება, რომ ქალები დააზიანონ მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გავრცელებით, რომ გააქრონ ისინი საჯარო სივრცეებიდან.

შესაბამისად, თუ კანონებიდან სიტყვა „გენდერს“ ამოვშლით და გავაქრობთ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, ვეღარ ავხსნით და დავამტკიცებთ გენდერულ დეზინფორმაციასაც. რადგან როცა ჩვენ სასამართლოში მივდივართ, ცალკე აღებულ „გენდერული დეზინფორმაციაზე“ არ ვდავობთ, არამედ ვუთითებთ, რომ ეს არის გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ან ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც არის გენდერული დეზინფორმაცია.

ამიტომ, თუ გენდერი გაქრება კანონებიდან, ვეღარ ვიდავებთ სასამართლოში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე. შესაბამისად, უპასუხოდ დაგვრჩება გენდერული დეზინფორმაციის შემთხვევებიც“ – ამბობს იურისტი. 

ანა თავხელიძე, როგორც ადვოკატი, რომელიც წლებია გენდერული ძალადობის შემთხვევებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ ცვლილება მტკივნეული იქნება:

„ყველა კანონში, სადაც გვხვდებოდა გენდერული ნიშნით ძალადობა, სადაც გენდერული ნიშანი, როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება იყო გამოყენებული, ახლა უნდათ შეცვალონ სიტყვებით – „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის წინააღმდეგი“, რაც აბსოლუტურად არ არის სწორი. რადგან, სიტყვა „გენდერული ნიშნით ძალადობა“ არ არის დაფარული მხოლოდ სქესის ნიშნით. რადგან გენდერული ნიშნით ძალადობა არ იფარებოდა სხვა, აქამდე არსებული რეგულაციებით, სწორედ ამიტომ გახდა ამ ტერმინის ჩაწერა კანონებში აუცილებელი თავის დროზე“ – ამბობს ანა თავხელიძე.

იგი განმარტავს, რომ გენდერული როლი და სქესის ნიშანი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

„ქალებს იმიტომ კი არ კლავენ, რომ ისინი ბიოლოგიურად ქალები არიან, არამედ იმიტომ, რომ ქალები „ვერ აკმაყოფილებენ“ გარკვეულ გენდერულ როლებს, რაც საზოგადოებამ განუსაზღვრა, იმ სოციალურ ნორმებს, რასაც გენდერული როლი ჰქვია და რამაც გამოიწვია აგრესია მოძალადეში და მოკლა ამის გამო ქალი“ – განმარტავს ანა თავხელიძე.

  • „გენდერული თანასწორობა“ არ = „ქალისა და მამაკაცის თანასწორობას“

„ეს არ ასახავს ერთსა და იმავეს, რადგან როგორც ვთქვი, აქ არ არის საუბარი ქალისა და კაცის ბიოლოგიურ სქესს შორის თანასწორობაზე, არამედ საუბარია გენდერულ როლზე.

ბევრი წელი ვიშრომეთ ჩვენც, სახელმწიფომაც, პარტნიორმა ქვეყნებმაც იმისთვის, რომ გენდერული როლების აღიარება და დანახვა, მაგალითად, სისხლის სამართლის სფეროში, დანაშაულების კონტექსტში შესაძლებელი ყოფილიყო.

რა საქმეებიც წარმოებაში მქონია, არ ყოფილა შემთხვევა, ქალი იმიტომ მოეკლათ. რომ ის ბიოლოგიურად ქალია. ქალი მოკლეს, ან უმეტეს შემთხვევაში იმიტომ იძალადა მოძალადემ ქალზე, რომ მიაჩნდა, ქალი არ იყო სათანადოდ კარგი დიასახლისი, სცემა იმიტომ, რომ კერძს კარგად ვერ ამზადებდა. ბიოლოგიურ სქესზე კი არ იყო აქ საუბარი, არამედ – გენდერულ როლსა და ფუნქციაზე. იმაზე, რომ მაგალითად, ქალის როლია, ბავშვებს უვლიდეს კარგად ან ღამე არ გადიოდეს არსად.

ანუ ქალის კონკრეტულ ქცევაზე, სოციალურ მახასიათებელზეა საუბარი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არის დაწესებული და როცა ქალის თვითაღქმა ეწინააღმდეგება ამ დაწესებულ როლებს, შემდეგ ხდება მის მიმართ ძალადობა“ – ამბობს ანა თავხელიძე.

  • აღმოჩნდება თუ არა საქართველო საერთაშორისო კონვენციების მიღმა?

საქართველო არაერთ საერთაშორისო კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანაა, მათ შორისაა სტამბოლის კონვენცია. ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა აუცილებელია ხელმომწერი ქვეყნებისთვის.

„კონსტიტუციის შემდეგ უპირატესია საერთაშორისო ხელშეკრულებები. დაწყებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლება დაცვის კონვენციით და სტამბოლის კონვენციით, რომელიც ეხება ქალთა მიმართ და გენდერულ ძალადობას. ამიტომ შეუძლებელია მასთან თავსებადი დარჩეს ეროვნული კანონმდებლობა, ამ ტერმინების შეცვლით და ამოღებით.

ანა თავხელიძე, იურისტი, უფლებადამცველი.

იურისტი ამბობს, რომ გენდერული თანასწორობის და ზოგადად, გენდერის ცნება საშუალებას გვაძლევს, უფრო კარგად დავინახოთ, რა განაპირობებს გენდერულ უთანასწორობას.

„განა ეს ტერმინები მათივე ხელით არ ჩაწერეს ამ კანონებში? განა ამით არ იწონებდნენ თავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განა ამის გამო არ შეფასდა დადებითად ეს კანონები კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას და ახლა, 12 წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე პრობლემა და თავსმოხვეულია?“

მისი თქმით, ამ ყველაფერზე ძალიან დიდი ფული და რესურსია დახარჯული როგორც ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის, მაგალითად პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების გადამზადებაში გენდერული ნიშნით ძალადობაზე, ან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე:

„ახლა ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩაყარეს წყალში“.

ასევე, უდიდესი რესურსი დაიხარჯა გენდერული საბჭოების შექმნაზე, რომლის გაუქმებასაც ცდილობს „ქართული ოცნება“ – ამბობს ანა თავხელიძე.

მისი თქმით, კანონებიდან „გენდერის“ გაქრობით, შესაძლოა, საქართველო დარჩეს ქვეყნად, რომელსაც არ ექნება არანაირი ვალდებულება საერთაშორისო მექანიზმების წინაშე.

„მოგვიწევს იმ გზის გავლა, რაც 15-20 წლის წინ გავიარეთ და თუ აქამდე აღსრულების პრობლემა, მიკერძოება და შერჩევითი სამართალი იყო პრობლემა, შემდეგ მოგვიწევს ის, რომ ეს საბაზისო ტერმინებიც თავიდან გვექნება ჩასაწერი.

თუ ევროპის სასამართლოში წავა საქმეები, სასამართლო, სხვა დარღვევებთან ერთად, საქართველოს დაუდგენს დარღვევად იმას, რომ კანონები არ აქვს გამართული“ – განმარტავს ანა თავხელიძე.

„ქართული ოცნება“ ერთი მხრივ ებრძვის სიტყვა „გენდერს“, მეორე მხრივ კი, „ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი ცდილობს, სოციალურ ქსელ X-ში თავი გენდერული თანასწორობის დამცველად წარმოაჩინოს.

მარიამ ლაშხის პოსტი X-ზე, სადაც ლაშხი წერს, რომ ამაყობს გლობალურ ლიდერებთან ერთად მხარს უჭერდეს ქალთა გაძლიერებას. პოსტში ლაშხი იყენებს ჰეშთეგს #GenderEquality – გენდერული თანასწორობა.

 „აქ ხალხს აჯერებენ, მათ შორის თავიანთ ამომრჩევლებს, რომ თურმე „გენდერი“ ცუდი სიტყვაა, გარყვნილებაა და მარიამ ლაშხმა X-ზე მონიშნა „გენდერული თანასწორობა“ [ჰეშთეგი]. ფიქრობენ, რომ ეს ინფორმაცია ვერ მიაღწევს თავიანთ ამომრჩევლამდე?!“ – ამბობს ანა თავხელიძე.

გაეროში ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიის შეხვედრაზე „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც იმყოფებოდა. მის ვიზიტს ფეისბუქზე გამოეხმაურა ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია:

„მაინტერესებს, რითი უნდა იტრაბახოს იქ, გაუქმებული კვოტებით თუ კანონებიდან გენდერის ამოშლით? რეჟიმს, რომელიც კვოტებს და სიტყვა „გენდერს“ აუქმებს, კარს ქალთა ორგანიზაციები არ გაუღებენ“- დაწერა ბაია პატარაიამ.

ბაია პატარაია გაეროში შეხვედრაზე.

ნიუ იორკში, გაეროში შეხვედრაზე კი ბაია პატარაიამ ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოში გენდერის წინააღმდეგ ბრძოლას.

„…ეს არის ძალიან სერიოზული თავდასხმა ქალებზე, ფემინიზმზე, თანასწორობაზე. ვფიქრობ, რაც დღეს გვაკლია, არის წინააღმდეგობა.

ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ თუ არ გავუწევთ წინააღმდეგობას, შესაძლოა უფრო უარესი მოხდეს და მოხდება კიდეც“- განაცხადა ბაია პატარაიამ ნიუ იორკში.

  • ქართული ოცნების“ გენდერული შიშები

ლიკა ჯალაღანია, გენდერის სპეციალისტი და მკვლევარი, მიიჩნევს, რომ თუ აქამდე „ქართული ოცნება“ სიტყვებით ებრძოდა გენდერულ თანასწორობას, ახლა ქმედებაზე გადავიდა.

„რატომ გადაწყვიტა ახლა კანონებიდან ამ სიტყვების ამოღება?

მე მგონია, რომ აქ გვაქვს ორი ასპექტის ერთობა. პირველი ის, რომ ცალსახად რუსული გზა აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩეული და ცდილობენ ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის ინსტრუმენტები გამოიყენონ, ისევე, როგორც ეს რუსეთში ხდება, მაგრამ გვაქვს ტრამპთან დაკავშირებული კონტექსტიც, ამიტომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ატარებს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ უარს არ ამბობს ამერიკულ-დასავლურზეც, რაიმე ტიპის მხარდაჭერა რომ ჰქონდეს ტრამპის მხრიდან.

მეორე მხრივ, როცა გენდერზე ვლაპარაკობთ, აქ კიდევ ცალკე ამბავია ის, რომ „ოცნებამ“ დააკოპირა ის, რაც რუსეთში ხდებოდა, ოღონდ ამათ ისეთი სისწრაფით გაიარეს პოლიტიკური პლაგიატი, რომ კონტექსტი არ გაითვალისწინეს.

ჯერ კიდევ სტამბულის კონვენციის მიღების დროს, სახელმწიფოთა ნაწილში უკვე დაწყებული იყო სიტყვა „გენდერის“ მიმართ წინააღმდეგობა, მაშინ როცა საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან, თუნდაც იგივე ბულგარეთისგან განსხვავებით, ასეთს ადგილი არ ჰქონია.

მოქალაქეები ამ საკითხს უყურებდნენ როგორც თანასწორობის მნიშვნელოვან პრინციპს და არ ყოფილა განსაკუთრებული შიშები ამ სიტყვასთან დაკავშირებით, ისე როგორც ცალკეულ ქვეყნებში იყო. „ქართული ოცნება“ კი ახლა ცდილობს გააჩინოს ეს შიშები, ისინი აკოპირებენ საერთაშორისო კონსერვატიულ მიდგომებს გენდერის წინააღმდეგ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამას არანაირი კონტექსტი არ აქვს, თვითონ ქმნიან ამ კონტექსტს“-ამბობს ლიკა ჯალაღანია.

მისი თქმით, კანონებიდან „გენდერის“ ამოღება აბსურდია, რადგან გენდერი არის სოციალური კონსტრუქცია და ეს არ არის „ქალისა და კაცის თანასწორობის“ იდენტური.

„გენდერული თანასწორობა და ზოგადად გენდერის ცნება ჩვენ საშუალებას გვაძლევს უფრო კარგად დავინახოთ რა განაპირობებს ამ უთანასწორობას, რა არის ის მთავარი მსაზღვრელები, რამაც დაბადა ეს სისტემები, რომელიც ასაზრდოებს ადამიანებს სოციალური გენდერის თვალსაზრისით. ასევე, გენდერი გვეხმარება იმის დანახვაში, რომ ქალი შეიძლება იყოს მრავალი გამოცდილების, მრავალი ჩაგვრის, მრავალი ასპექტის მქონე ადამიანი და არ შეიძლება მისი რაღაც ერთ ჯგუფად მონიშვნა, რასაც ქალისა და კაცის თანასწორობა გვთავაზობს“ – ამბობს ლიკა ჯალაღანია.

მისი შეფასებით, თუკი ასე დაუწყებენ სიტყვა „გენდერს“ ბრძოლას, შესაძლოა ამან გააჩინოს კითხვები ადამიანების გარკვეულ ნაწილში.

„ამავე დროს, იურისტები, მედიის წარმომადგენლები, სოციალური მეცნიერები და სტატისტიკოსები დავკარგავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც გვეხმარება გავზომოთ, დავთვალოთ რა განაპირობებს გენდერულ უთანასწორობას სხვადასხვა სფეროში.

რა თქმა უნდა, ეს გათვლები მათ არ აქვთ და არც აინტერესებთ, სხვა შემთხვევაში ასეთ რეპრესიულ პირობებში არ გვაცხოვრებდნენ. მათი მიზანია უპასუხონ ნეოკონსერვატიულ, ავტოკრატიულ ტრენდს რომელიც ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში გაჩნდა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ და ამით ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამიტომ „გენდერი“ აქ უბრალოდ შემთხვევითობაა, კარგი მექანიზმი იმისთვის, რომ ადამიანის ემოციებზე ითამაშონ“ – გვეუბნება ლიკა ჯალაღანია.

  • რა ტიპის შიშები იქმნება გენდერთან დაკავშირებით?

ლიკა ჯალაღანიას აზრით, კონტექსტი განსხვავებულია.

„მთავარი დარტყმა აქ არის გენდერულ იდენტობაზე. თუმცა, ახლა რასაც ვაკვირდები, „ოცნების“ პროპაგანდაში საუბარია ქალის სოციალურ როლზეც.

მანამდე ასე ხმამაღალი ვერ იყვნენ ამ მსჯელობაში და ახლა როცა გაითავისუფლეს დემოკრატიულ-ლიბერალური ღირებულებებისგან თავი, მარტივად საუბრობენ. უფრო მეტი აქცენტია ქალის სოციალურ როლზე, რომელიც ხდება უფრო თავისუფალი, შვილებს აღარ აჩენს, რომ საკუთარი როლი დაკარგა, რომ ტრადიციულ როლს აღარ ემორჩილება, კაცზე აღარ არის დამოკიდებული და ასე შემდეგ და რომ გენდერი ასწავლის ამას ქალებს და ამიტომ უნდათ, რომ ეს გააუქმონ.

მაგრამ მთავარი აქცენტი მაინც არის გენდერული იდენტობა და სქესის შეცვლის საკითხები“ – ამბობს ლიკა ჯალაღანია.

ლიკა ჯალაღანია, გენდერის მკვლევარი.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით ტრანსფობიის გაძლიერებას უწყობს „ოცნების“ პროპაგანდა ხელს. „მიდის პროპაგანდის წარმოება, რომ „ბავშვებს უცვლიან სქესს“, რომ შენ შეგიძლია აირჩიო არათუ სხვა სქესი, შეგიძლია იყო სხვა არსება“ და ასე შემდეგ“.

ხშირად ანტიგენდერული პროპაგანდის და დეზინფორმაციის წარმოებისას გამოიყენება ოჯახების გაძლიერების და გენოფონდის თემა, რომ თითქოს, გენდერული იდენტობა და გენდერული თანასწორობა ხელს უშლის შობადობის ზრდას ქვეყანაში, რაც გენდერის სპეციალიტის თქმით, ასევე ტყუილია.

„რა თქმა უნდა, გენდერი არაფერ კავშირშია შობადობის დაბალ მაჩვენებელთან, რომელიც საქართველოში გვაქვს. პირველ რიგში ეს არის პრობლემა ჯანდაცვის არაადეკვატური პირობების, მედიკამენტებზე ძალიან მაღალი ფასების, ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს, სიღარიბის, უმუშევრობის და იმის, რომ ადამიანებს აქ ცხოვრება აღარ უხარიათ და იძულებული არიან დატოვონ ქვეყანა. ბავშვთა შობადობის საკითხი, სიტყვა „გენდერის“ აკრძალვით არ გამოსწორდება.

როცა ბავშვები მშივრები არიან, კვდებიან იმის გამო, რომ სხვადასხვა ქალაქებში არ არის მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცული გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო და სახელმწიფო არ ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე, თავად მთავრობა არის წყარო იმისა, თუ რატომ შეიძლება შობადობის პრობლემა გვქონდეს ქვეყანაში.

რაც უფრო მეტად შევზღუდავთ გარემოს და თანასწორობის რაც უფრო მეტ შრეს მოვარღვევთ, მით უფრო ნაკლები ადამიანი იცხოვრებს ასეთ ქვეყანაში, უფრო ნაკლები შექმნის ეკონომიკურ დოვლათს“- ამბობს ლიკა ჯალაღანია.

მისი თქმით, „გენდერთან“ ბრძოლა კიდევ უფრო გააურესებს ქალებისა და გოგონების უფლებებს საქართველოში და ძალადობის მსხვერპლი ქალების მდგომარეობას.

„რა თქმა უნდა, ეს შეცვლის პოლიტიკას ადგილობრივ დონეებზეც, როგორც რეგიონებში, ასევე დიდ ქალაქებში. ეს გამოწვევს იმას, რომ ადამიანები ჯერ გაჩუმდებიან ამ საკითხებზე, მათ შორის ქალთა, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე და თუ ყველა მხარდაჭერა შეწყდება და სამოქალაქო საზოგადოებასაც შეეზღუდება მუშაობა, ეს უკვე ნიშნავს ძალიან დიდ დარტყმას როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ასევე უფლებადამცველ ორგანიზაციებზე“ – ამბობს ლიკა ჯალაღონია.

ვიდეო:

გენდერთან ბრძოლაც რუსული დაკვეთაა - აზა გაბუნია

___________________________________________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ა(ა)იპ „შშმ ქალთა ალიანსთან“ თანამშრომლობით პროექტის „ქალები დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ (Women against Disinfomation) ფარგლებში.

საქართველო ბედნიერების რეიტინგით 91-ე ქვეყანაა მსოფლიოში

ბედნიერების გლობალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა, საქართველო მსოფლიოს ქვეყნებში 91-ე ადგილზეა 147 ქვეყნიდან.

2024 წლის ბედნიერების გლობალური რეიტინგის პირველი ოთხეული ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა დაიკავეს – ფინეთი, დანია, ისლანდია და შვედეთი.

ფინელები უკვე მერვე წელია პლანეტის ყველაზე ბედნიერ ერად სახელდებიან.

2023 წელს, ამ ჩამონათვალში საქართველოს იგივე პოზიცია ჰქონდა, 2022 წელს კი ერთი ნიშნულით ზევით – 90-ე ადგილს იკავებდა. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს სომხეთი 87-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი 106-ე ადგილზე.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უთანასწორობის მაჩვენებელი არის 49, სომხეთში – 70, აზერბაიჯანში – 35; ფინეთში – 2, დანიაში – 4, ისლანდიაში – 8, შვედეთში კი – 12.

უსკოს წევრებს იარაღის ტარების უფლება მისცეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს უკვე იარაღის ტარების უფლება აქვთ. შესაბამის დადგენილებას „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დადგენილება 2025 წლის 18 მარტიდან ამოქმედდა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილებაში – „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ – შევიდა ცვლილება და დაემატა შემდეგი შინაარსის მუხლი:

„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარესა და წევრებს, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს“.

უსკოში 8 წევრია: თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე, მდივანი ტარიელ გოგიტიძე და ასევე წევრები: ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა, ციალა შავაძე, ზაალ ზაალიშვილი, თამარ ქამადაძე.

ამასთან, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდებათ უმაღლესი საარჩევნო კომისიის არჩეულ წევრებს [რომლებიც უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ უწყვეტად უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის იმ წევრებისა, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით]“.

___________________

უსკომ 2024 წლის 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები აქციის ფონზე შეაჯამა.

აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ კი, 2025 წლის 12 თებერვალს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება“ ვადამდე შეუწყვიტა უსკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეულ 6 წევრს ოპოზიციური პარტიებიდან.

დღეს, 2025 წლის 20 მარტს, ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საჭომ უსკოს ანგარიში მოისმინა – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ.“

პარალელურად, 113-ე დღეა ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

  • რა ხდება

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა [საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომაც].

პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 500-ზე მეტი ადამიანი, აქედან სისხლის სამართლის კოდექსით 50-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის უკანონოდაა დაკავებული ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი პროცესი 31 მარტს გაიმართება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე კი, რომელიც სასამართლოში მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავდა ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვისას, ამბობს, რომ ეს საქმე სტრასბურგში მოხვდება და სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება.

 

„აჭარა თაიმსის“ და საზმაუს ჟურნალისტებს „ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

„აჭარა თაიმსისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტებს ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ პარტიული აქტივი დაუპირისპირდა.

როგორც „აჭარა თაიმსის“ ხელმძღვანელი სულხან მესხიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, თავდასხმაში დასახლებაში მცხოვრები რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომლებიც პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არიან აფილირებულები.

ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან 15 თებერვალს დაღუპული ერთ-ერთი ბავშვის ოჯახის წევრმა იხსნა.

„ოცნების ქალაქში“ ვიყავი გადაღებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფთან ერთად. ჩვენი ადგილზე მისვლის შემდგომ, რამდენიმე პირი მოვიდა, რომლებმაც გადაღების შეწყვეტა ითხოვეს, დაიწყეს ჩვენი ხელშეშლა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ სიტყვიერად გვიპირისპირდებობდნენ, მათ შორის ხელითაც იწეოდნენ. ხელის კვრით ცდილობდნენ ადგილიდან ჩვენს გაძევებას. გვიშლიდნენ რომ კადრები არ გადაგვეღო.

ვითარება ისე დაიძაბა, ვერაფერს ვეღარ ვიღებდით. ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე გაჩნდა და ამის გამო მივმართეთ პოლიციას. პარალელურად თავდაცვის მიზნით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრს შევეხმიანე, რომელიც ადგილზე მოვიდა და ფიზიკურად დამიცვა ამ ქალბატონმა აგრესიული პირებისგან.

„ჩემი ოჯახით ნუ მანიპულირებთ, თავი დაანებეთ ჟურნალისტებს და მიეცით საშუალება, რომ მათი საქმიანობა განახორციელონო“ – ასე მიმართა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრმა ჩვენზე თავდამსხმელებს.

ასე გადავრჩით. პროფესიული საქმიანობა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის დახმარებით გავაგრძელეთ. შემდეგ მოვიდა პოლიცია,“ – იხსენებს თავდასხმის დეტალებს „აჭარა თაიმსის“ ხელმძღვანელი სულხან მესხიძე.

სულხან მესხიძის თქმით, „ოცნების ქალაქში“ მათ წინააღმდეგ გამოსული რამდენიმე პირი ითხოვდა, რომ ჟურნალისტებს არ გაეშუქებინათ დასახლებაში არსებული პრობლემები.

„ადამიანები, რომლებიც დაგვიპირისპირდნენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან, მათ არ სურთ დავსვათ კრიტიკული შეკითხვები ან ზოგადად „ოცნების ქალაქზე“ რაიმე დავწეროთ. ბავშვების დაღუპვის მერე, ბოლო ერთი თვეა, ეს ადამიანები აგრესიული ქმედებით გამოირჩევიან, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ სამშენებლო უსაფრთხოებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ და სტატიები არ დავწეროთ.

თვლიან, რომ არ უნდა გავაშუქოთ არაფერი და დასახლებაში უნდა მივიდეთ მხოლოდ მათი ნებართვის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი იქ თვითნებურადაა ჩასახლებული და ეს ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება,“ – ამბობს სულხან მესხიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“  ჟურნალისტი, ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ მათ რამდენიმე წლის წინ აქვთ მომზადებული გამოძიება „ოცნების ქალაქის“ შესახებ. „სახელმწიფოს უკანონო შვილები“ ასე ერქვა გამოძიებას, სადაც რამდენიმე ოჯახის მაგალითზე იყო შესწავლილი, თუ რა მიზეზით ცხოვრობდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე.

ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ სხვა ჟურნალისტების შრომასთან ერთად, მათ მიერ მომზადებულმა საგამოძიებო რეპორტაჟმაც შეიტანა წვლილი იმაში, რომ დღეს ნაწილს საცხოვრებელი ბინები აქვთ და ნაწილს პერსპექტივა, რომ ახალ ბინაში იცხოვროს.

თუმცა დღეს „ოცნების ქალაქში“ ჩასულ გამომძიებელ ჟურნალისტებს რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები აგრესიულად დახვდა.

„ჩვენი მისვლისთანავე გამოჩნდა ორი ქალბატონი, რომლებიც გვიყვიროდნენ, „ახლავე დაიკარგეთ აქედან, ახლავე წაეთრიეთ აქედან“. არც კი მინდა გავიმეორო ყველა სიტყვა, რითაც შეგვხვდნენ,“ – ამბობს ლია ტოკლიკიშვილი.

ჟურნალისტის თქმით, ის შეეცადა აეხსნა აგრესიულად განწყობილი მოქალაქეებისთვის, რომ იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომ ამზადებდა რეპორტაჟს და რომ გადაღების და თავისუფლად მუშაობის უფლება ჰქონდათ.

„არ გვისმენდნენ. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. 90-იანი წლებიდან ვარ ჟურნალისტი. არ მინახავს მსგავსი კომუნიკაცია ადამიანების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ხან მხედრიონი გვარბევდა, ხან გვაპატიმრებდა და გვაქვს გამოვლილი საკმაოდ მძიმე ჟურნალისტური ცხოვრება.

ასეთი ალოგიკური, ასეთი წარმოუდგენელი არაფერი გვინახავს. შეურაცხყოფილები წამოვედით,“ – ამბობს ლია ტოკლიკიშვილი.

ჟურნალისტის თქმით, მათ „ოცნების ქალაქში“ პოლიცია გამოიძახეს და ოქმის შედგენაც მოითხოვეს.

ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ პოლიციას მისი თანდასწრებით ოქმი არ შეუდგენია და უთხრეს, რომ მოგვიანებით მიაწოდებდნენ.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს გამუდმებით ახსენებენ, რომ საზოგადოების თანხები იხარჯება იმისათვის, რომ გაშუქდეს პრობლემები. ვართ ახლა აქ სწორედ ამ მისიით, და ეს უნდა გაიგოს ყველამ, არცერთ ადამიანს, არცერთ ჯგუფს, აქვს უფლება, ჩვენ მუშაობაში შეგვიშალოს ხელი,“ – ამბობს ლია ტოკლიკიშვილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიული მხარდამჭერები „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას ცდილობენ.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ 2 ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

ქალების 11.9% ამბობს, რომ პარტნიორს მათთვის მიუყენებია შეურაცხყოფა – კვლევა

„საქართველოში გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებები დადებითია. მიუხედავად ამისა, ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ოჯახში საქმიანობების გადანაწილება, ბავშვზე ზრუნვის საკითხები და ქალისა და კაცის როლები, მოსახლეობა კვლავ კონსერვატიული ნორმების ერთგული რჩება. მაგალითად, ქალების კარიერული და პოლიტიკური განვითარება კვლევის მონაწილეების მიერ მხარდაჭერილია, თუმცა, არა როგორც პრიორიტეტი, არამედ საოჯახო როლთან შეთავსებული საქმიანობა“ – ვკითხულობთ გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის უახლეს ანგარიშში.

გაეროს ახალი ანგარიში აღწერს საქართველოში გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ აღქმებსა და დამოკიდებულებებს. კვლევა მიმოიხილავს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის დამოკიდებულებებს გენდერულ როლებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. 

გამოკითხულთა შორის დაახლოებით ყოველი მესამე თვლის, რომ გენდერული თანასწორობა მიღწეული არ არის. 

ანგარიშის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:

  • გენდერული თანასწორობა

კვლევის მონაწილეების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს იმას, რომ მემკვიდრეობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის ქონება თანაბრად განაწილდეს, შვილების სქესის მიუხედავად. თუმცა, ამ თვალსაზრისით, საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია კონსერვატიული მიდგომები, რამდენადაც ყოველი მესამე კაცი და ქალების მეხუთედი ან მეტი მიიჩნევს, რომ მშობლების ქონება ვაჟს უნდა ერგოს. 

 2019 წელთან შედარებით, 2024 წელს გაზრდილია შემთხვევები, როდესაც ქალები ემხრობიან მშობლების სახლის, მიწისა და ოჯახის ბიზნესის თანაბარ განაწილებას. საპირისპიროდ, 2024 წელს კაცები ნაკლებად უჭერენ მხარს მიწის, ძვირფასეულობის, მოძრავი ქონებისა და ოჯახის ბიზნესის და-ძმაზე განაწილებას. 

საქართველოს მოსახლეობის 57.5% მიიჩნევს, რომ მ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული განვითარება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა რესპონდენტებში მსგავსი დამოკიდებულებები შემცირებულია. 

 ამავდროულად რესპონდენტები მიუთითებენ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის პოზიტიურ გავლენაზე. კონკრეტულად, ქალების 71.6% და კაცების 51.8% თვლის, რომ უფრო მეტი ქალის ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში პოზიტიური იქნება ქვეყნისთვის. 

რესპონდენტთა ნახევარი ასევე თვლის, რომ ქალს და კაცს თანაბარი წარმატებით შეუძლია ლიდერობა გაუწიოს ბიზნესს, თუმცა, ამ მოსაზრებას 20%-ით მეტი ქალი ეთანხმება, ვიდრე კაცი.

  • ურთიერთობები და ძალადობა
ქალები შედარებით ხშირად მიუთითებენ პარტნიორის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ვიდრე ამას კაცები აღიარებენ ქალი პარტნიორის მიმართ.

ქალების 11.9% ამბობს, რომ პარტნიორს მათთვის მიუყენებია შეურაცხყოფა ან დაუმცირებია ისინი. გარდა ამისა, 9.1% ამბობს, რომ მათთვის პარტნიორს მიუყენებია შეურაცხყოფა სხვა ადამიანების თანდასწრებით. 9.6% ამბობს, რომ ისინი პარტნიორს შეუშინებია ან დაუშინებია ყვირილით ან ნივთების სროლით. აღსანიშნავია, რომ კაცების მაქსიმუმ 3% ეთანხმება მსგავსი საქციელის ოდესმე ჩადენას თავიანთი პარტნიორის მიმართ. 

ქალების 4.5%-ს განუცდია პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობა. კაცების მხოლოდ 1.9% არის ისეთი, ვინც აღიარებს, რომ პარტნიორისთვის დაუძალებია დაემყარებინა სექსუალური კავშირი, მაშინ როდესაც ქალს ეს არ უნდოდა. როდესაც საუბარია სექსუალურ ძალადობაზე, ქალების 1.5% არის ისეთი, ვინც ამბობს, რომ ადამიანს, ვინც არ იყო მისი პარტნიორი, დაუტანებია ძალა, ჩაედინა სექსუალური ხასიათის ქმედება. 

2019 წელთან შედარებით, 2024 წელს გაზრდილია რესპონდენტების წილი, ვინც თვლის, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა ოჯახის შესანარჩუნებლად.

შედარებით ახალგაზრდა რესპონდენტები ნაკლებ მიმღებლობას ავლენენ ოჯახში ძალადობის მიმართ, ვიდრე უფროსი ასაკის რესპონდენტები. (მოსახლეობა- 19.3%; ქალი: 18-29 წლის-3.1%, 30-54 წლის-11.7%,55 წლის და მეტის-29.4%; კაცი: 18-29 წლის-13.8%, 30-54 წლის-19.3%, 55 წლის და მეტის-33%). კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 17.8%-იდან 22.2%-მდე გაიზარდა, ხოლო ქალების შემთხვევაში – 10.1%-იდან 16.6%-მდე.

2019 და 2024 წლებში მსგავსია ქალებისა და კაცების წილი, ვინც ეთანხმება, რომ არის სიტუაციები როდესაც ქალი იმსახურებს ცემას.

გამოკითხული ქალებისა და კაცების ნახევარი მიიჩნევს, რომ ქალ პარტნიორებზე ნებისმიერი სახის ძალადობა ნორმალიზებულია/ჩვეულებრივი ამბავია. 2019 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 64.2%-იდან 55.3%-მდე არის შემცირებული, ხოლო კაცების შემთხვევაში თითქმის უცვლელია.

ყოველი მეოთხე ქალი და ყოველი მეხუთე კაცი იცნობს ერთ ქალს მაინც, რომელსაც გამოუცდია ოჯახში ძალადობის რაიმე ფორმა. 2019 წელს მაჩვენებლები მსგავსი იყო.

  • აუნაზღაურებელი შრომის განაწილება

ოჯახში ქალებს თითქმის სრულად საკუთარ თავზე აქვთ აღებული საოჯახო საქმიანობები. 10 ქალიდან 9 ამბობს, რომ ძირითადად ისინი ასრულებენ ისეთ საქმიანობებს, როგორებიცაა სარეცხის/ტანსაცმლის რეცხვა, სახლის დალაგება, აბაზანის და საპირფარეშოს დალაგება. 10 ქალიდან 8 ასევე საკუთარ მოვალეობად ასახელებს საჭმლის მომზადებას.

  • ბავშვზე ზრუნვა

ბავშვზე ზრუნვა საქართველოში დედის მოვალეობად მიიჩნევა. 10 ქალიდან 6 ამბობს, რომ ბავშვის მოვლა ძირითადად მათი მოვალეობაა, რასაც კაცების ნახევარი (52.9%) ადასტურებს. მეორე მხრივ, ქალებისა და კაცების დაახლოებით 40% ამბობს, რომ ბავშვზე ზრუნვის საკითხები წყვილს შორის განაწილებულია.

ქალები საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ აქცევენ ბავშვზე ზრუნვის ყოველდღიურ საქმიანობას, როგორიცაა ბავშვებთან სახლში დარჩენა (63.2%), ბავშვებთან თამაში ან სხვადასხვა დასასვენებელი/ გასართობი აქტივობის ერთად შესრულება (51.6%), ბავშვის ტანსაცმლისა და საფენის გამოცვლა (75.7%), ბავშვებთან პირად საკითხებზე საუბარი (52.7%), ბავშვების დავალებების შესრულებაში მიხმარება (58.6%) და ბავშვების დაძინება (70.5%). 

ბავშვის აღზრდაში მამის როლი ფასდება როგორც მნიშვნელოვანი, თუმცა აღზრდაში პრაქტიკული მონაწილეობა კვლავ ქალის პასუხისმგებლობად რჩება. ქალებისა და კაცების 81% მიიჩნევს, რომ კაცის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მამობაა. ამავდროულად, კაცებისა და ქალების დაახლოებით 70% თვლის, რომ ბავშვისთვის საფენის გამოცვლა, მისი ბანაობა და კვება დედის მოვალეობაა.

დამატებით, დაახლოებით ამდენივე მიიჩნევს, რომ თუ ქმარი მუშაობს, ცოლი კი – არა, ცოლმა თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ საოჯახო საქმეებზეც, რომლებსაც ჩვეულებრივ კაცი აკეთებს. 

  • ჰომოფობია

კვლევამ ასევე მიმოიხილა დამოკიდებულებები სექსუალობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 2013 და 2019 წლებთან შედარებით ჰომოფობიური დამოკიდებულებები შემცირებულია, ასეთი მიდგომები კვლავ უმრავლესობას წარმოადგენს როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის. 

კვლევა აჩვენებს, რომ ჰომოფობიური დამოკიდებულებები ჯერ ისევ მყარად არის გამჯდარი საზოგადოებაში როგორც ქალებში, ასევე კაცებში.

 2024 წელს:

დაახლოებით ყოველი მეორე ქალი და 3 კაციდან 2 ამბობს, რომ არასდროს ეყოლებოდა ჰომოსექსუალი მეგობარი (2024: ქალი-55.1%, კაცი-64.5%; 2018: ქალი-54.1%, კაცი-80.7%; 2014: ქალი-60.7%; კაცი-78.1%);

ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება (2024:ქალი-58.7%, კაცი-66.6%; 2019: ქალი-63.9%, კაცი-82.8%; 2013: ქალი-81.9%; კაცი-88.8%;);

მათთვის უხერხული იქნებოდა ჰომოსექსუალი შვილის ყოლა (2024:ქალი-57.5%, კაცი66.1%; 2019: ქალი-73.5%, კაცი-82.6%; 2013: ქალი-66.9%, კაცი-77.3%;). 

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული დამოკიდებულებები

რაც შეეხება შშმ პირებთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებს, უმეტეს შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გამოთქმული მოსაზრებები მიმღებლობით ხასიათდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქალების მეოთხედის და კაცების მესამედის თანახმად, შშმ მეუღლე ან პარტნიორი ვერ ეყოლებოდა (2024: ქალი-26.9%, კაცი-32.4%; 2019:ქალი-25.9%, კაცი-27.4%).

დამატებით, ყოველი მეხუთე ქალისთვის და ყოველი მეოთხე კაცისთვის უხერხული იქნებოდა შშმ შვილის ყოლა (2024: ქალი-19.2%, კაცი-25.1%; 2019:ქალი-12.8%, კაცი-15.1%).

კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს საქართველოს 11 რეგიონს. თვისებრივი კვლევა წარიმართა ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით, რომლებიც ჩატარდა საქართველოს შერჩეულ 5 რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა 2408 პირისპირი ინტერვიუ. შერჩევა რეპრეზენტატულია ქვეყნის დონეზე.

________________

მთავარ ფოტოზე: საპროტესტო ბანერი თბილისში

„რუსეთის მხრიდან პოლიტიკური დევნის გამო შეაფერხეს“- ენმ-ის განმარტება ვარშალომიძის დაკავებაზე

„ლევან ვარშალომიძეზე რუსეთს გამოცხადებული აქვს საერთაშორისო ძებნა, ის პოლიტიკური დევნის გამო შეაფერხეს“ – განაცხადა დღეს, 20 მარტს, ბათუმში გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგზე ელგუჯა ბაგრატიონმა. მისივე თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ენმ- ის წევრი ლევან ვარშალომიძე ყაზახეთის ქალაქ ატირაუში კონსულტაციებისთვის მიიწვიეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში ვიზიტთან და იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რაც მის მიმართ განხორციელდა ყაზახეთში.

18-19 მარტს ლევან ვარშალომიძე იყოფებოდა ყაზახეთში მიწვევით „ბათუმის სასწაულის“ შექმნასთან დაკავშირებით მას  დახმარება და კონსულტაციები უნდა გაეწია.

ის 18 მარტს ჩაფრინდა ქალაქ ატირაუში, 14 საათსა და 20 წუთზე, სადაც მესაზღვრეებმა გააჩერეს. მას  განუმარტეს, რომ იმყოფებოდა საერთაშორისო ძებნაში რუსეთის მიერ და გადაიყვანეს ქალაქ ატირაუს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება. ასევე, მიმდინარეობდა საქმის შესწავლა.

ის არ ყოფილა არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის წესით დაკავებული და მისი დაკავების ერთადერთი საფუძველი იყო რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება.

19 მარტს ყაზახეთის მხარემ გაარკვია, რომ ერთადერთი მიზეზი იყო მხოლოდ პოლიტიკური დევნა, ამიტომაც ის 19 მარტს, დილითვე გაათავისუფლეს“ – განმარტა ელგუჯა ბაგრატიონმა.

მისივე ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე ახლა ამსტერდამში იმყოფება.

რა ხარვეზები აქვს საბჭოთადროინდელ ადმინისტრაციულ კოდექსს – იურისტების შეფასება

პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასობით მოქალაქე დააჯარიმა. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც დაჯარიმდნენ არაერთხელ და ისეთებიც, რომელთა „დანაშაულად“ პოლიციამ ზებრა გადასასვლელებზე გადასვლა-გადმოსვლა მიიჩნია და ამას სასამართლოც დაეთანხმა.

საპროტესტო აქციების ზოგიერთი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათგან უმეტესობას 5- დან 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯეს.

დაჯარიმებულები ჯარიმების გადახდას არ აპირებენ: „რაც უნდათ, ის ქნან“. მათგან უმეტესობა კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას არ აჩერებს. მათ წინასწარვე აქვთ მოლოდინი იმისა, რომ არც სააპელაციო სასამართლო შეცვლის რამეს.

ზებრაზე მოძრაობა ბათუმში – 31 იანვარი. ედო მჟავანაძის ფოტო.

ბათუმელი აქტივისტი მალხაზ ირემაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ზებრა გასასვლელზე გადასვლის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს. ის ჯერ სასამართლოში ზებრის ფორმით მივიდა, მეორე სხდომაზე კი მან „ბორში“ მიუტანა მოსამართლეს და გვითხრა, რომ ამ ფორმით სოციალური უთანასწორობის გაპროტესტება სურდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო – „ზებრაზე გადასვლის საქმე“. მალხაზ ირემაძე ბორშით მივიდა სხდომაზე. 12 მარტი, 2025 წელი

საქართველოში დღემდე მოქმედებს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის [სსრ] უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1984 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. იურისტების შეფასებით, ის ვერ პასუხობს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ამოქმედების დღიდან ამ დრომდე კოდექსში 576 ცვლილება შევიდა, რამაც საკანონმდებლო აქტს ქაოტურობა და კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შესძინა, საბჭოთა კავშირის სამართლებრივი სისტემისთვის დამახასიათებელი ლოგიკა კი უცვლელი დარჩა. 

კოდექსში უამრავი ცვლილება შევიდა, თუმცა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევრების შეფასებით, მათი დიდი ნაწილი, გაუმჯობესების ნაცვლად აუარესებდა უფლებრივ სტანდარტებსა და საპროცესო გარანტიებს. შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელი კანონმდებლობის სისტემური რეფორმირების საკითხი კიდევ უფრო აქტიურად დადგა დღის წესრიგში.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის 17 თებერვალს დაამტკიცეს, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში პირველად, არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური რეფორმის საჭიროებას.

მკვლევრების შეფასებით, „აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის პირდაპირ გადაუხვიოს მის მიერვე წლების განმავლობაში გამოხატულ პოზიციას, ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების და პროტესტის ჩახშობის მიზნით“:

„2024 წლის 28 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით დაწყებული უწყვეტი პროტესტისა და წინააღმდეგობის ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიას რეპრესიული კანონებისა და არაპროპორციული სანქციების შემოღება წარმოადგენს. ამ მიზნით, პროტესტის მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება დაჩქარებული წესით. ცვლილებები შეეხო როგორც ცალკეულ სამართალდარღვევებსა და მათთვის გათვალისწინებულ სახდელებს, აგრეთვე საქმის უზრუნველყოფის ზომებთან  დაკავშირებულ საკითხებს [პირის გასინჯვა, დაკავება]. 

ეს ცვლილებები პროტესტის კრიმინალიზებასა და საპოლიციო ძალაუფლების უკონტროლო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან, ისე საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი ამ ცვლილებებამდეც ხარვეზიანი და პრობლემური იყო, ბოლო თვეებში დაჩქარებული წესით განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითად გააუარესა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელი კანონმდებლობა“  -ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თავის ანგარიშში შეაჯამა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული სისტემური ხარვეზები და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არსებული პრინციპული წინააღმდეგობები, რომელიც ყოველდღიურად ასობით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფუძველი ხდება.

  • პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპის უგულებელყოფა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაერთი მუხლი ცალკეული სამართალდარღვევებისთვის აბსოლუტურად განსაზღვრულ სანქციას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნორმა იმპერატიულად აწესებს სახდელის ერთადერთ სახეს, მინიმალური და მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის ნაცვლად.  შესაბამისად, მოსამართლეს საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების საფუძველზე სახდელის შერჩევის შესაძლებლობა არ აქვს და მან ყველა შემთხვევაში კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სახდელის სახე და ზომა უნდა გამოიყენოს.

აბსოლუტურად განსაზღვრული სახდელის მქონე სამართალდარღვევებს მიეკუთვნება, მათ შორის, შეკრებებსა და მანიფესტაციაზე ნიღბის ტარება [ჯარიმა – 2000 ლარი], გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა [ჯარიმა – 5000 ლარი], ვანდალიზმი [ჯარიმა -1000 ლარი], მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დამახინჯება [ჯარიმა – 1000 ლარი] და სხვა. კოდექსში გვხვდება ისეთი მუხლებიც, რომელიც სახდელის ერთადერთ სახედ პირდაპირ განსაზღვრული ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობის ითვალისწინებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლი ჩამოთვლის გარემოებებს, რომლებიც სახდელის დადებისას მხედველობაში უნდა მიიღებოდეს. ესენია: ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. ამ საკანონმდებლო ჩანაწერის მიუხედავად, ამავე კოდექსის უამრავი მუხლი, აბსოლუტურად განსაზღვრული სანქციის დაწესებით, იმთავითვე ზღუდავს სახდელის დანიშვნისას ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინების შესაძლებლობას.

მართალია, ზემოჩამოთვლილი სამართალდარღვევებიდან ზოგიერთის შემთხვევაში კოდექსი ითვალისწინებს საქმის განმხილველი ორგანოს შესაძლებლობას, ქმედების მცირე მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, პირი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადოს, თუმცა შენიშვნის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს პასუხისმგებლობისა და სანქციის ინდივიდუალიზაციას, რადგან ის ყველა სამართალდარღვევაზე არ გამოიყენება და იმ მუხლებზეც კი, რომლებზეც ვრცელდება, გამოყენების შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ მცირე მნიშვნელობის ქმედების ჩადენის შემთხვევაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მექანიზმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გამოვლინებაა, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციისა და ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპები ერთმანეთისაგან არსობრივად განსხვავებული და არაჩანაცვლებადი პრინციპებია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სამართალდამრღვევი პირი, გარკვეულ, არამცირემნიშვნელოვან ქმედებას ჩაიდენს, სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპი მოითხოვს, რომ საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს გააჩნდეს სახდელის ზომის განსაზღვრის შესაძლებლობა.

  • არაპროპორციულად მკაცრი სახდელები

კოდექსი ადმინისტრაციული სახდელის ცხრა სხვადასხვა სახეს ითვალისწინებს. მათგან, გაფრთხილების შემდეგ, ყველაზე მსუბუქ სანქციად ითვლება ჯარიმა, ყველაზე მკაცრ სახედ კი – ადმინისტრაციული პატიმრობა. კოდექსის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს არაპროპორციულად მკაცრ სახდელებს როგორც ჯარიმის, ისე პატიმრობის ნაწილში.

პატიმრობის მაქსიმალური ვადა 60 დღეა. 2014 წლამდე მოქმედი რედაქციით, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 90 დღეს შეადგენდა. 2014 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პატიმრობის ვადა 15 დღემდე შეამცირა. კანონის ინიციატორები მაშინ განმარტავდნენ, რომ 15 დღეზე მეტი ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სჭირდებოდა წინა ხელისუფლებას, რათა ადმინისტრაციული დარღვევა ყოფილიყო ბერკეტი ადამიანზე ზემოქმედებისთვის, თუმცა 10 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ თავად 4-ჯერ [90 დღემდე] გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რაც სიმძიმით პრაქტიკულად სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობის ზომას უტოლდება.

მკაცრ სახდელებთან ერთად, პრობლემურია ისიც, რომ მოქმედი კოდექსით გათვალისწინებული სახდელები ერთმანეთთან შეუსაბამო და არათანმიმდევრულია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა შეკრება-მანიფესტაციებზე ხშირად გამოყენებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით, რომლებზეც გაცილებით მკაცრი სახდელებია გათვალისწინებული, ვიდრე უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველ დარღვევებზე. მაგალითად:

საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა [2000 ლარი] 10-ჯერ აღემატება ბავშვზე ძალადობის დამალვისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ოდენობას. შეკრება-მანიფესტაციებზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა კი იმავე ოდენობის ჯარიმით [5000 ლარი] ისჯება, როგორც ლიცენზიის გარეშე განხორციელებული სამედიცინო საქმიანობა.

სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმთან დაკავშირებული ხარვეზები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი როგორც ოქმის შემდგენ ორგანოს, ისე სასამართლოს დამრღვევის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის შეფარდების დისკრეციას ანიჭებს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მკაცრ წინაპირობებს აწესებს. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების კუმულაციური არსებობა:

ჩადენილი ქმედება უნდა იყოს მცირემნიშვნელოვანი; ეს ქმედება არ უნდა იყოს ჩადენილი განმეორებით; სამართალდამრღვევის მიმართ მანამდე არ უნდა იყოს გამოყენებული სიტყვიერი შენიშვნა;

კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლი არ უნდა გამორიცხავდეს ჩადენილ სამართალდარღვევაზე შენიშვნის გამოყენების შესაძლებლობას.

ბოლო წინაპირობა კოდექსში 2025 წლის თებერვლის ცვლილებებით დაემატა. განხორციელებული ცვლილებებით სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება დამატებით შეიზღუდა ოთხ შემთხვევაში. ესენია: იმავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა [ასკ-ის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილი], სახდელდადებული პირის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა მოხელის შეურაცხყოფა [ასკ-ის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილი], პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა [ასკ-ის 17316-ე მუხლს პირველი ნაწილი], შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა ამავე მუხლით სახდელდადებული პირის მიერ [სკ-ის 1741 მუხლი].

ყველა ჩამოთვლილი მუხლი შეკრებასა და გამოხატვასთან არის დაკავშირებული, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კოდექსში უკანასკნელ თვეებში განხორციელებული ცვლილებები პროტესტის დასუსტებას და დემონსტრანტების დასჯას და დაშინებას ისახავს მიზნად.

სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმი 2025 წლის თებერვლის ცვლილებებამდეც პრობლემური იყო, რადგან ის ბლანკეტურად კრძალავდა ერთი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიმართ ხელმეორედ ამ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას. სიტყვიერი შენიშვნა სახდელის სახე არ არის, თუმცა ადმინისტრაციული სახდელიც კი გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ქარწყლდება და კარგავს სამართლებრივ მნიშვნელობას. სახდელთან შედარებით უფრო მსუბუქი ღონისძიება, შენიშვნა, კი წლების გასვლის შემდეგაც რელევანტურ გარემოებად რჩება, რომელიც ხელახლა მის გამოყენებას ზღუდავს.

სისხლის სამართლის კოდექსიც კი, რომელიც გაცილებით მძიმე კანონდარღვევებისთვის ადგენს სასჯელს, საშეღავათო მექანიზმთან მიმართებით ამგვარ წინაპირობებს არ ითვალისწინებს. ამ თვალსაზრისით, სისხლისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმებს შორის ორი ძირითადი განსხვავებაა:

სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს დანაშაულის ცნებისგან გამონაკლისს. დანაშაულად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც, ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. ესე იგი, სისხლის სამართლის კოდექსი ასეთი მცირემნიშვნელობის ქმედებებს საერთოდ არ მიიჩნევს დანაშაულად. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კი მსგავს შემთხვევებში არ უარყოფს სამართალდარღვევის არსებობას და მხოლოდ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს მოსამართლეს.

სისხლის სამართლის კოდექსი არ აწესებს შეზღუდვებს ამ მექანიზმის განმეორებით გამოყენებაზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით კი, დამრღვევი პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის შეფარდების მექანიზმი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება განმეორებით არის ჩადენილი ან პირის მიმართ მანამდე ყოფილა სიტყვიერი შენიშვნა გამოყენებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასება სრულად იხილეთ აქ.

________________

ფოტოზე: „ზებრა გადასასვლელის საქმე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო: „ბათუმელები“

შენობა სკანდალური კიბით – ამჯერად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება კულტურის სახლის რემონტზე

ახალშენის კულტურის სახლი, რომელსაც ხელვაჩაურის მერია უკვე მეცხრე წელია არემონტებს, კვლავ სარეაბილიტაციოა.

ამჯერად მუნიციპალიტეტმა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 1 707 267 ლარით გამოაცხადა.

აღნიშნული შენობა საზოგადოებას მორიგი რემონტის შემდეგ ყრუ კედელზე მიდგმული კიბითაც დაამახსოვრდა.

„სკანდალური“ კიბე ახალშენის კულტურის სახლზე [მარცხნივ/ფოტო არქივიდან] და იგივე კიბის რენდერი შენობის სარეაბილიტაციო პროექტიდან [მარჯვნივ].
ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 2 აპრილს დაიწყება და 7 აპრილს დასრულდება.

სატენდერო პირობის მიხედვით სამუშაოები უნდა შესრულდეს გეგმა-გრაფიკის ეტაპებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 11  თვის განმავლობაში [ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით].

ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს სამუშაოები შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ პროექტის შეძენაში ხელვაჩაურის მერიამ ცალკე 44 ათას 900 ლარი გადაუხადა ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ შპს „საბას“. პროექტი მუნიციპალიტეტმა 2023 წლის დეკემბერში ჩაიბარა.

ახალშენის კულტურის სახლი / რენდერი პროექტიდან
ახალშენის კულტურის სახლი / რენდერი პროექტიდან
  • ახალშენის კულტურის სახლის რემონტის ისტორიიდან

ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ხელვაჩაურის მერიამ 2016 წლის ბოლოს დაიწყო.

ახალშენის მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ხელვაჩაურის მერიამ შპს „ნევ სტაილ ბილდინგთან“ გააფორმა და საბოლოოდ ამ კომპანიას 392 720 ლარი გადაუხადა.

2017 წელს მერიამ ახალშენის კულტურის სახლთან არსებული მინისტადიონის რესტავრაციისთვის 21 562 ლარი დახარჯა. ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებული შპს „თამუნა“ იყო.

მერიამ ახალშენის კულტურის სახლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარემონტო სამუშაოები [მეორე ეტაპი] 2018 წელს გააგრძელა და ამჯერად კომპანია „ფელიქსს“ გადაუხადა 468 414 ლარი.

2019 წელს ხელვაჩაურის მერიის საქმიანობის შესწავლა სუს-მა დაიწყო. მაშინ კულტურის სახლის მშენებლობის საკითხით საფინანსო სამსახურიც დაინტერესდა. თავის დროზე ხელვაჩაურის მერიას ამ შემოწმებების შედეგებზეც ვკითხეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ახალშენის კულტურის სახლზე საუბარია აუდიტის დასკვნაშიც, რომელიც 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. გამოვლენილ გარემოებებში აღნიშნულია, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ხარვეზებიანი პროექტით – პროექტში გამორჩენილი იყო შენობის სახურავის და სარეპეტიციო დარბაზის მოწყობა.

ქვეყანაში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს

საქართველოში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი, რომელიც აქ 15 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

რეგინა ეგოროვა-ასკეროვა ქალთა უფლებების დამცველი შვედური ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს („ქალები ქალებისათვის“) სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი და ყოფილი ჟურნალისტია.

ინფორმაციას ამის შესახებ რეგინა ეგოროვა-ასკეროვა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს, მისთვის საზღვარზე გადაცემული დოკუმენტის ფოტოსთან ერთად, რომელშიც საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის თქმის მიზეზი არ არის დაკონკრეტებული.

„არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს” – მონიშნულია გრაფაში.

„ჩემს საყვარელ საქართველოში ცხოვრებიდან ზუსტად 15 წლის შემდეგ, ქვეყანაში შესვლის უფლება არ მომცეს! ახსნა-განმარტების გარეშე გამაძევეს „სხვა მიზეზების გამო“… ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ სად არის დღეს ქვეყანა”, – წერს რეგინა ეგოროვა-ასკეროვა.
Exit mobile version