მთავარი,სიახლეები

„მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს რიჟვაძესთან“ – კობახიძე

10.07.2025
„მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს რიჟვაძესთან“ – კობახიძე

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ „არავის არავითარი პრეტენზია არ აქვს“.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 10 ივლისს თქვა მედიასთან.

„არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს… რაც შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა რიჟვაძეს კანონიერი ქურდების მფარველობას, თუ არა ეს რა იყო… თქვენ ავრცელებდით ათას სამარცხვინო ტყუილს, მათ შორის თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებითაც. მე პირადად და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძესთან“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „თბილი შეხვედრები“ და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა თორნიკე რიჟვაძესთან, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

9 ივლისს, როცა კობახიძე თორნიკე რიჟვაძის სანახავად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, მან არაერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობაში ირიბად დაადანაშაულა მედია, რომელიც, მისი შეფასებით, ტყუილს და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებდა რიჟვაძის შესახებ.

დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, აკისრებდა თუ არა მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მედიას, კობახიძემ რამდენიმე წუთით ადრე თავისივე ნათქვამი უარყო და განაცხადა — „არა, ეს მე არ მითქვამს. ეს მე არ მითქვამს, რა თქმა უნდა. მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე. დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“.

„ვინ აბრალებდა მას კორუფციას და „ბარიგების“ მფარველობას?“ — ეს კითხვა კობახიძეს ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც კობახიძემ ასე უპასუხა:

„მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხომ?! ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული. მათ შორის, იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული. უამრავი ტყუილი ვრცელდება. არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, ეს არის „ფორმულა“.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია. ამის შესახებ 7 ივლისს გახდა ცნობილი. შსს-ს ვერსიით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, ხოლო პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა წერილი, რომელიც, თითქოს, რიჟვაძემ დაწერა თვითმკვლელობის მცდელობის წინ. წერილში რიჟვაძე ივანიშვილს და კობახიძეს სთხოვს ოჯახის დაცვას. წერილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

9 ივლისს რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ამავე თემაზე: 

თორნიკე რიჟვაძე ოჯახის მოთხოვნით თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს – ტურძელაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: