„მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ”- უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, დღეს, 4 ივლისს.
დღეს ეთერ თურაძემ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მიცა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მზია ამაღლობელის პროცესზე მომზადებულ სტატიაში მოწმეების მონათხრობის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ვერ ნახავთ. ვერც ფოტოს ნახავთ – „ოცნების“ პარლამენტმა სასამართლოში ჟურნალისტებს ხმის ჩაწერაც კი აუკრძალა. ანტიკონსტიტუციური პარლამენტის გადაწყვეტილებით, სასამართლოში გადაღება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი.
„ბათუმელებმა“ 2025 წლის პირველ ივლისს წერილობით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. იუსტიციის საბჭოში სატელეფონო ზარსაც კი არ უპასუხეს.
„დიქტატურა!“- გაისმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და ყოფილი პოლიტპატიმრის, აფგან სადიგოვის ხმა, ვიდრე მოსამართლე შემოვიდოდა სხდომათა დარბაზში და მანდატურები საგულდაგულოდ გადაამოწმებდნენ, ვინმე შემთხვევით რამე გადასაღები მოწყობილობით ხომ არ შედიოდა სასამართლოში.
„რუსული არავინ არ იცის აქ, ტყუილად ლაპარაკობს,“- სცადა ერთ-ერთმა მანდატურმა ხუმრობა.
დარბაზში შემოსვლა ისევ ვერ მოახერხა ყველამ. ბრალდებულის შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე მხარეს გაჩერდა მზია ამაღლობელის ძმა, ფეხზე დადგა და მზიას გამოჩენას დაელოდა.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“- ერთდროული და ხმამაღალი შეძახილებით დახვდა დარბაზი მზია ამაღლობელს.
„თავისუფლება მზიას!“, „ნინო, გამოფხიზლდი!“- ფანჯრების დახურვის მიუხედავად სასამართლო დარბაზში პერიოდულად აღწევდა შეძახილების ხმა ქუჩიდან.
მზია ამაღლობელი დარბაზში შემოსვლისთანავე რამდენიმე წამით შეჩერდა, თავი დაუკრა დარბაზს და გამოხედა ჩვეული შემართებით.
დარბაზში შემოვიდა მოსამართლეც.
ვიდრე მოწმეების დაკითხვა დაიწყებოდა, ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა არგუმენტები წარმოადგინა, რატომ არის დაუსაბუთებელი პროკურორების პოზიცია, რომელიც მათ წინა პროცესზე გააჟღერეს – ექსპერტის სახით, დაცვის მიერ წარმოდგენილი მოწმე, ნათია ხარატი არ უნდა დაიკითხოს.
ნათია ხარატი ექიმი-ნევროლოგია და ის სასამართლოში დაცვის მხარემ მოიწვია. დავის საგანი ამ ნაწილშიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ლოყაა – განიცადა თუ არა ტკივილი სილის გაწვნის შედეგად პოლიციის უფროსმა.
სასამართლოს ამ კუთხით წინა სხდომებზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა უთხრა, რომ ტკივილის კვლევა არ არის მისი კომპეტენცია, „მაგრამ მას არ უთქვამს ის, რომ ეს არ შეიძლება იყოს ექსპერტიზის საგანი“,- პროკურორებს გადახედა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და დასძინა:
„დარწმუნებული ვართ, რომ ირაკლი დგებუაძეს არც არაფერი ეტკინა და ის სიმულაციას მიმართავს“.
მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ დაცვის მხარის მოწმეს, ნათია ხარატს მოუსმენს. ის შემდეგ სხდომაზე დაიკითხება. ნათია ხარატმა უნდა გაუზიაროს თავისი დასკვნა სასამართლოს: შეიძლება თუ არა ტკივილის შეფასება ობიექტური კრიტერიუმებით, თუ ეს მხოლოდ სუბიექტური შეფასებაა? ხომ არ სიმულანტობს ირაკლი დგებუაძე?
მზია ამაღლობელის ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა არალეგიტიმური პარლამენტის წევრს, ნინო წილოსანს ეხება – ირაკლი კობახიძის და „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების შემდეგ, ამჯერად ნინო წილოსანმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია მზია ამაღლობელის მიმართ. ანტიკონსტიტუციური პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის თქმით, მზია ამაღლობელი „ფულის გადახდით, დაქირავებით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში მოქმედებდა“.
მსგავსი ვერსია პროკურატურას მზია ამაღლობელის საქმეში არ აქვს წარმოდგენილი.
„ვინაიდან პროკურატურა არ ინტერესდება ამ ფაქტობრივი გარემოებებით, მოგვეცით საშუალება გავიგოთ, რა იცის ნინო წილოსანმა, რა ინფორმაცია აქვს მას?“- მოსამართლეს მიმართა საიას იურისტმა, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ. ადვოკატებმა ნინო წილოსანის ვიდეოკომენტარის დართვა მოითხოვეს და მიმართვის, რომლითაც ნინო წილოსანს ახსნა-განმარტების წარმოდგენა მოსთხოვეს.
„როგორც უშიშროების ყოფილ ოფიცერს, მაქვს უფლება ვიცოდე, ჟურნალისტს ვიცავ თუ დაქირავებულ ტერორისტს,“- ირონია შეურია კომენტარს ადვოკატმა კახა წერეთელმა.
დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლეს ასევე წარუდგინეს ირაკლი დგებუაძის მოადგილის, გოჩა ვანაძის ცრუ ჩვენება: ადმინისტრაციულ საქმეზე გოჩა ვანაძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელი თავად დააკავა – აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეო კადრებში კი, მკაფიოდ ჩანს, რომ მზია ამაღლობელი გრიგოლ ბესელიამ დააკავა – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა.
მოსამართლეს ადვოკატებმა ის ვიდეოც აჩვენეს, სადაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, დავით ათაბეგაშვილი ამბობს, პოლიციელის შეურაცხყოფის გამო დააკავეს მზია ამაღლობელიო. უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების მკაფიო შეფასებით, სილის გაწვნა შეიძლება იყოს შეურაცხყოფა, თუმცა შეურაცხყოფა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და არცერთი სამართლებრივი ლოგიკით თავდასხმა არ არის.
დარბაზი გაირინდა, როცა დარბაზში „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე შემოვიდა და ხელის აწევით მიესალმა მზია ამაღლობელს. მზია ამაღლობელიც გისოსებიანი სივრცის მინის კედელს მოუახლოვდა.
„აბაშიძის დროსაც ამ დარბაზში მივეცი ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ“, – დაიწყო ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა.
მოსამართლემ, რომელსაც ასლან აბაშიძის რეჟიმი გაახსენეს და დღევანდელობასთან პარალელი გაავლეს, მოწმის შეჩერება სცადა.
„ამავე დარბაზში მივეცი ჩვენება სააკაშვილის დროს, კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ… დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ,“ – მაინც თქვა სათქმელი ეთერ თურაძემ.
მოწმეს თავდაპირველად შეკითხვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დაუსვა – მოგვიყევით მზია ამაღლობელის შესახებო.
„24 წლის წინ დავაფუძნეთ და შევქმენით ისეთი გამოცემა, რომელიც სავარაუდოდ, თქვენც უნდა იცოდეთ, პროკურორებმა, დარწმუნებული ვარ, იციან,“ – მოსამართლეს გახედა ეთერ თურაძემ და შემდეგ მოკლედ აღწერა, როგორ იქცა „ბათუმელები“ სხვადასხვა ხელისუფლების მოდარაჯედ და „პოლიციური სისტემის მეთვალყურედ“, მზია ამაღლობელის საქმიანობამ კი, არაერთი ქალის, მიუსაფარი ადამიანის, დაუცველი ბავშვის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ, მათ შორის, იმ კუთხით, რომ წიგნი მათთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
„მზია ამაღლობელი იყო გარანტი, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩარეულიყო ვინმე…ეს ძალიან დიდი კომფორტია ჟურნალისტისთვის,“ – აღნიშნა ეთერ თურაძემ და შემდეგ მოსამართლეს ისიც შეახსენა, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამის მიუხედავად მზია ამაღლობელი თითქმის 6 თვეა უკანონო პატიმრობაში რჩება.
რაც შეეხება 11 იანვრის აქციას, ეთერ თურაძის თქმით, ის და მზია ამაღლობელიც აქციის მონაწილეები არ იყვნენ და აქციაზე მისვლის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა იქ სტიკერის საჯარო სივრცეში გაკვრის გამო აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავეს.
„სტიკერის გაკვრა არის გამოხატვის თავისუფლება,“ – კატეგორიული ტონით მიმართა პროკურორებს ეთერ თურაძემ.
ეთერ თურაძის თქმით, მისთვის შემაშფოთებელი იყო აქციის კიდევ ერთი მონაწილის – გოდერძი ფრანგიშვილის დაკავება, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამის შესახებ იცოდა, რადგან იგი მისი თანამშრომლის ძმაა, ხოლო იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ექცევიან პოლიციელები დაკავებულებს, ეთერ თურაძემ განსაკუთრებული საფრთხე იგრძნო.
„ვიცოდი, ეს რას გამოიწვევდა. მზიას ოჯახში დაეღუპათ 23 წლის თეო [მზია ამაღლობელის ძმისშვილი], რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა, ეს ტრაგედია იყო…ბოდიშს გიხდი, მზია,“ – ეთერ თურაძის ამ სიტყვების შემდეგ მზია ამაღლობელმა ზურგშექცევით დადგომა ამჯობინა.
დარბაზი დატოვა მზია ამაღლობელის ძმამ, რომელსაც თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
„აქციაზე როცა მივედი, სხვა მონაწილეებმა მითხრეს, პოლიციელები გავაფრთხილეთ უკვე, მუცელში არ უნდა ჩაერტყათო [დაკავებული გოდერძი ფრანგიშვილისთვის] … უკვე ასე ვართ, ვარჩევთ, სად აჯობებს, დაგვარტყან,“ – ისევ პროკურორებს გამოხედა ეთერ თურაძემ და მოწმეებისთვის განკუთვნილ ტრიბუნას მიუბრუნდა და 11 იანვრის მოვლენების აღწერა განაგრძო.
11 იანვრის აქციაზე მისული ეთერ თურაძე მოვლენების გაშუქებას იწყებს „ბათუმელების“ იუთუბ არხზე – მანამდე აქციას იუთუბ და ფეისბუქგვერდებზე ერთდროულად, ორი ტელეფონით ხელში ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი აშუქებდა.
ეთერ თურაძემ მოსამართლეს უამბო, რომ აქციაზე მას „მოგუდული პროტესტი“ დახვდა, აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ელოდებოდნენ და აპროტესტებდნენ სტიკერის გაკვრისთვის ადამიანების დაკავებას – ეს რა გვჭირს, რა ქვეყანა ვხდებითო. მოწმის თქმით, აქციის მონაწილეები პოლიციელებს არ აგინებდნენ, არც შეურაცხყოფას აყენებდნენ და პოლიციაც აგრესიული არ იყო.
„შსს-ს ღობეზე სტიკერი მიკვრა არაა დანაშაული, მზიას ეს ჟესტი იყო გამოხატვის თავისუფლების განაცხადი,“ – ბრაზი დაეტყო ეთერ თურაძეს, შემდეგ კი აღნიშნა, ადმინისტრაციული წესით როცა მზია ამაღლობელი დააკავეს, მივხვდი, რომ „ხელში ჟურნალისტი ჩაიგდეს“ და მის გათავისუფლებას აღარ ველოდიო:
„ასლან აბაშიძის დროსაც დაგვაკავეს ერთხელ, მაგრამ შემდეგ თქვეს, არა, ინტერვიუზე იყვნენ მოსულებიო. მაშინ რაღაც მაინც არსებობდა, არსებობდა მეგობარი ქვეყანა… ახლა კი ჟურნალისტი პირდაპირი სამიზნეა, მეტი ვცემოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ, რომ მერე ჩვენ შავ-ბნელი საქმეები ვაკეთოთ,“ – ისევ აბაშიძის რეჟიმი გაახსენა მოსამართლეს ეთერ თურაძემ.
მოწმის თქმით, დაშლისკენ წასულ აქციაზე მოულოდნელად საპოლიციო ჭყლეტა დაიწყო – ამ დროს აქციაზე ძმები გაბაიძეები დააკავეს. ისინი ეთერ თურაძის დისშვილები არიან. დაკავებულ გიორგი გაბაიძეს რომ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში არაადამიანურად მოექცნენ და ფიზიკურად იძალადეს, ეს წინასწარი დაკავების იზოლატორის მიერ გაცემული ცნობითაც დასტურდება.
„მას ჰქონდა სისხლნაჟღენთები, მრავლობითი დაზიანება სახის არეში, ნაჭდევები… მეორე გაბაიძე კი ისე სცემეს, ხერხემლების მალები ჰქონდა ჩამტვრეული. ერთი თვე წოლითი რეჟიმი ჰქონდა.
აქ არ მიეცით საშუალება, თორემ თავად მოჰყვებოდნენ, რა გაუკეთა მათ პოლიციურმა რეჟიმმა, შემდეგ როგორ გაიტაცეს და ვერც ვპოულობდით,“ – მოსამართლეს მიმართა ეთერ თურაძემ და იზოლატორში გაცემული ჯანმრთელობის ცნობაც დაიჭირა ხელში, ამას თავად წაიკითხავდით, რომ არ ამოგეღოთ თავის დროზე მტკიცებულებებიდანო.
ეთერ თურაძის თქმით, ქციაზე მოულოდნელად დაწყებულ საპოლიციო ჭყლეტაში მაშინვე მიხვდა, რომ გიორგი გაბაიძეს აკავებდნენ – პოლიციის უფროსებმა სხვა აქციაზე ამოიღეს იგი მიზანშიო. იმ აქციაზე, 11 იანვრამდე რამდენიმე დღით ადრე, დავით ათაბეგაშვილმა [აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე] პროევროპული აქციის მონაწილეებს უთხრა, წადით თქვენს საყვარელ ევროპაშიო.
„ძლიერი წვიმა იყო იმ საღამოს და ადამიანები ძლივს გავიდნენ აქციაზე, გამოჩნდა ბესელია [გრიგოლ ბესელია – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი] და ხალხს ეუბნება, დაიშალეთ, თორემ დაგაკავებთო. მაშინ მივედი და ბესელიას ვუთხარი, როგორც ბანდიტი, ისე რატომ იქცევით-მეთქი? იმ აქციაზე ზურგიდან მომეპარა გრიგოლ ბესელია და გადამდგა, მერე დამემუქრა, დაგიჭერო.
იმ დღეებში ჩასვეს მაგნიტსკის სიაში ვახტანგ გომელაური. თქვენც გინდათ, ამ სიაში მოხვედრა-მეთქი? ირაკლი დგებუაძეს ვუთხარი, პროტესტი რომ გაანადგუროთ, ამიტომ ხართ აქ-მეთქი.
გიორგი და ლაშა როცა დააკავეს, ვსვამდი კითხვებს – რატომ დააკავეთ? გრიგოლ ბესელიამ მითხრა, შევალ და გამოვიყვანო, მაგრამ მომატყუა… გრიგოლ ბესელია როცა გამოვიდა, ვითომ ვეღარ დამინახა, გვერდით ჩამიარა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენო, ტყუილს მეუბნება ბესელია. გიორგი არც მთვრალი იყო, არც აგინებდა – ეს იყო ძალადობის თავხედური დემონსტრირება, რომ აი, პოლიციის უფროსი ვარ და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ.
ამ დროს იყო სილის გაწნა… არ დამინახავს მზია, მაგრამ დავინახე მისი ხელი“ – აღნიშნა ეთერ თურაძემ.
რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა „ბათუმელების“ წინააღმდეგ პოლიციის უფროსებს? – იკითხა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
„ჩვენ, როგორც ჟურნალისტები, ყოველ ჯერზე ვცდილობდით პოლიცია ყოფილიყო ჩვენი მონიტორინგის ქვეშ – მიდრეკილია ეს ინსტიტუცია დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობით,“ – თქვა ეთერ თურაძემ და რამდენიმე მაგალითი გაიხსენა, როცა ირაკლი დგებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროსი „ბათუმელების“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური მასალით არაადამიანურ მოპყრობაში ამხილეს – ერთ-ერთია გენრი დოლიძის შემთხვევა, რომელსაც ბათუმში რუსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებისას ირაკლი დგებუაძემ სახეში ჩაარტყა ფეხი.
გენრი დოლიძის, მზია ამაღლობელის, თუ სხვა პირების მიმართ სავარაუდოდ ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ არაადამიანური მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ გამოუძიებათ.
„ამ აქციაზე მოგაყენეს პოლიციელებმა რაიმე ფორმით შეურაცხყოფა?“ – მოწმე ეთერ თურაძეს ამჯერად კითხვებით პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა მიმართა.
„როცა გაგტაცებენ ადამიანს, მერე გატყუებენ და გეუბნებიან მთვრალი იყოო… დიახ, დავით ათაბეგაშვილი მაგინებდა… ირაკლი დგებუაძე ღრიალებდა და იგინებოდა, მზიას აგინებდა, რომელიც წამში გაიტაცეს. 40 კუნთმაგარი დაესია ერთ ქალს, ამ დროს მესმოდა დგებუაძის ღრიალი, მივხვდი, იქვე, პოლიციის ეზოში იწევდა მზიაზე საცემად,“ – აღნიშნა ეთერ თურაძემ.
„ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა ყოფილა ირაკლი დგებუაძის, ან სხვა პოლიციელის მხრიდან?“ – ისევ იკითხა პროკურორმა.
„ირაკლი დგებუაძე მე ვერ დამირეკავდა, ის ვერ შემიშლიდა ხელს… მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალმა შეაგინა და დაემუქრა მისი ბარის მეზობლად მცხოვრებ ქალს, ეს ქალი შუაღამისას შეაწუხა ბარიდან გამოსულმა ხმაურმა და პოლიციას მიმართა. პოლიციელებს როცა არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ, ვიდეო გადაუღო.
ეს არის ირიბი ზეწოლა, პირადად ჩემთან ვერ გამოდის ირაკლი დგებუაძე კონტაქტზე, ეს თუ გაინტერესებთ,“ – უპასუხა პროკურორს ეთერ თურაძემ.
დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ჩვენება პროევროპული აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ეკა დავითაძემ მისცა. ისიც სილის გაწვნის ეპიზოდს შეესწრო:
„ეთერ თურაძე სვამდა კითხვებს, რატომ დააკავეთ? მზია ამაღლობელი კი არაფერს ამბობდა. მქონდა განცდა, რომ ის წინა დაკავების ეიფორიიდან არ იყო გამოსული. მზია იდგა ჩუმად, ძალიან დაღლილი სახით, მორალურად დაღლილი ადამიანი იდგა იქ…“- უთხრა მოსამართლეს ეკა დავითაძემ.
ამ მოწმის თქმითაც, აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეურაცხყოფას არ აყენებდნენ, პირიქით, ნიღბიანი პოლიციელები აქციის ქალ მონაწილეებს აქეთ აგინებდნენ პოლიციის ჭიშკრის შიდა მხრიდან.
მზია ამაღლობელის საქმეზე შემდეგი პროცესი 14 ივლისს გაიმართება
- რას ედავებიან მზია ამაღლობელს?
მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
„მზია ამაღლობელის საქმეზე“ პროკურატურამ უკვე დაასრულა მოწმეების წარმოდგენა. პროკურატურა მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 მოწმის წარმოდგენას აპირებდა სასამართლოში, თუმცა პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. პროკურატურის მიერ ჩახსნილ მოწმეებს შორის იყო, მაგალითად, პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, რომ მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი“. მის დაკითხვაზეც პროკურატურამ უარი თქვა.
მანამდე კი, სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს. მაგალითად, დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს, მეორე მოადგილემ გიორგი ბჟალავამ კი თქვა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.
ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე 8 მაისს დაკითხეს. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.
მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის. „სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.
ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი დაუდგენია – ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.
28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი, სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.
მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მეორედ გაასამართლა. გაყალბებული ოქმის და საქმის მასალების მიუხედავად, მზია ამაღლობელს ჯერ მოსამართლე სალიხ შაინიძემ შეუფარდა 2 000 ლარი ჯარიმის გადახდა, შემდეგ კი, მოსამართლე მარიანა ფომაევამ დააჯარიმა 1000 ლარით.
შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც მოსამართლე სალიხ შაინიძე დაეყრდნო. ამ ვიდეო ჩანაწერში არსად ჩანს მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს ვიდეო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგაა გადაღებული.
მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე შოთა სირაძემ.
მზია ამაღლობელის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 ივლისს, დღის პირველ საათზე განახლდება.
მთავარი ფოტო: 4 ივლისი, მზია ამაღლობელის პროცესი. ანა ჯანელიძის ილუსტრაცია
ამ თემაზე:
მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე