გონიოში მშენებარე კორპუსის ხარაჩო ჩამოინგრა, დაშავდა 1 ადამიანი

გონიოში მშენებარე კორპუსის ხარაჩო ჩამოიგრა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული კაცი გადაყვანილია კლინიკაში.

შემთხვევა დღეს, 17 ივლისს მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

„აუცილებელია ნინო დათაშვილს ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა“ – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 17 ივლისს, მოინახულა პატიმრობაში მყოფი მასწავლებელი, აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და კვლევები სჭირდება.

„ნინო დათაშვილს შევხვდი დღეს. მხნედ არის, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა და დროულად ჰქონდეს წვდომა შესაბამისი პროფილის ექიმთან.

ნინოს საქმეზე საია ახორციელებს სასამართლო პროცესების მონიტორინგს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა სრულიად დაუსაბუთებელია და გამოყენებულია აქტივისტი ქალის დასასჯელად“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს. 9 ივნისს ნინო დათაშვილი  სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი, რის გამოც პროკურატურა მასწავლებელს, მანდატურზე თავდასხმას ედავება, თუმცა ნინო დათაშვილი თავდაპირველად თავად გახდა მანდატურებისგან ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი.

„ინციდენტს, რაც მოხდა, თავისი საწყისი ისტორია აქვს და დავამტკიცებთ, ვიდეოებით, რა მოხდა და როგორ მოხდა.

რამდენიმე ადამიანის გაკავებული, 150 სანტიმეტრი ვარ სიმაღლეში, როგორ დავესხი თავს მანდატურებს? განმიმარტონ, რას ნიშნავს სიტყვა თავდასხმა?

150-სანტიმეტრიანმა ადამიანმა, გაკავებულმა, რომელსაც მიჭერდა ყველა…. განმიმარტეთ თავდასხმა რას ნიშნავს და 4 კაცის მიერ გაკავებული ქალი, როგორ ესხმის თავს მანდატურებს?“ – დაუსვა კითხვა პროკურორებს ნინო დათაშვილმა სასამართლო პროცესზე.

არც პროკურატურამ და არც მოსამართლემ ნინო დათაშვილის არგუმენტები არ გაიზიარეს. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა.დანაშაული, რომელსაც ნინო დათაშვილს ედავებიან, ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამოქალაქო მასწავლებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 აგვისტოს გაიმართება.

რუსეთის დუმის კომიტეტში „ოცნებას“ კვლავ აქებენ

„ქართულმა ოცნებამ” რუსეთის დუმიდან მორიგი შექება დაიმსახურა.

„საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა, დასავლური არაკომერციული ორგანიზაციების პროვოკაციების მიუხედავად, საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნების სურვილს გამოხატავს“ – თქვა რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვიქტორ ვოდოლაცკიმ.

15 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ წერილში, რომელიც ბრიუსელიდან თბილისს გამოუგზავნეს, საუბარია გარკვეულ პირობებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დროის დათქმულ ვადაში უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დემოკრატიული უკუსვლის გამო”, საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერდება.

„იქ [საქართველოში] არსებობს ჯანსაღად მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოება და ბუნებრივია, დღეს ისინი ცდილობენ მაქსიმალურად შეინარჩუნონ თავიანთი სახელმწიფოს სუვერენიტეტი, არ აჰყვნენ დასავლური არაკომერციული ორგანიზაციების პროვოკაციებს და კიდევ უფრო განავითარონ ურთიერთობები თავიანთი სუვერენიტეტის ფარგლებში“, – განაცხადა ვოდოლაცკიმ.

ვოდოლაცკის თქმით, დასავლეთის პროვოკაციები მიმართულია რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კერების შესაქმნელად, რადგან „დასავლეთში სურს დსთ-ს, ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის დესტაბილიზაცია“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კრემლის პროპაგანდისტები და პუტინის რუსეთის პოლიტიკოსები „ოცნებას“ აქებენ. მეტიც, კრემლის და „ოცნების“ რიტორიკა ხშირად ემთხვევა ერთმანეთს.

ამავე თემაზე: 

რუსული პროპაგანდა: ქართველებს უხარიათ, რომ უკრაინასთან „ერთ მატარებელში“ არ არიან

ქურდული გარჩევები საქართველოსა და თურქეთში – შსს-ს ცნობით დაკავებულია 20 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში 20 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“.

„ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულნი არიან:

1984 წელს დაბადებული გ.დ. მეტსახელად „კოკოშკა“; 1984 წელს დაბადებული გ.მ. მეტსახელად „ფარეხელა“; 1973 წელს დაბადებული გ.ღ. მეტსახელად „უწყლო“; 1997 წელს დაბადებული თ.გ. მეტსახელად „ბელეშა“; 1968 წელს დაბადებული გ.ქ. მეტსახელად „ჯაგა“; 1998 წელს დაბადებული გ.ზ. მეტსახელად „ჩინელა“; 1985 წელს დაბადებული ი.დ. მეტსახელად „სტალინა“; 2006 წელს დაბადებული ლ.კ. მეტსახელად „ფოხრე“; 1998 წელს დაბადებული მ.მ.; 1984 წელს დაბადებული ნ.ი.; 1999 წელს დაბადებული თ.მ.; 2000 წელს დაბადებული გ.ღ.; 1995 წელს დაბადებული ი.ბ.; 1972 წელს დაბადებული ა.რ.; 1966 წელს დაბადებული მ.ზ.; 1969 წელს დაბადებული ზ.ზ.; 1959 წელს დაბადებული მ.ჩ.; 1980 წელს დაბადებული ი.კ.; 1982 წელს დაბადებული მ.მ. და 1974 წელს დაბადებული ვ.ლ.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, 1970 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად „ჭინკას“ და ირაკლი ლეჟავას, მეტსახელად „ლაზარეს“, მათ ბრალი „კანონიერი ქურდობისთვის“ დაუსწრებლად წარედგინათ, ხოლო, 1981 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს – „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“.

ინტერპოლის მიერ ძებნილ 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და გამოძალვის ფაქტებზე წარედგინა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ.

გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ და ირაკლი ლეჟავა მეტსახელად „ლაზარე“ მონაწილეობდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„არ გვინდა კოლოფში ცხოვრება“ – 2 მლნ ბათუმის გენგეგმისთვის, რომლის განხორციელებაც უკვე სათუოა

ბათუმის გენგეგმის კონცეფცია მერიას თამარის დასახლების განვითარების გეგმას სთავაზობს და განმარტავს, რომ ეს გეგმა მოსახლეობის გამოკითხვისა და საჭიროებების კვლევის საფუძველზე შემუშავდა.

თუმცა სამსჯელოა, რამდენად შესაძლებელია ამ გეგმის განხორციელება, რადგან დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად მერია თამარის დასახლებაში ცათამბჯენების პროექტებს განიხილავს და საკრებულოსთან შეთანხმებით ამტკიცებს, რაც რადიკალურად ცვლის იმ გარემოს, რომლის შენარჩუნების მოთხოვნაზეც კონცეფციის ავტორები წერენ.

საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ბათუმის ყოფილმა მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ყველა პროექტი, რომლებსაც მერია საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს და შემდეგ ნებართვებს გასცემენ, შეთანხმებულია შპს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ სპეციალისტებთან, კომპანიასთან, რომელიც ბათუმის გენგეგმას ამზადებს.

შპს „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ბათუმის გენგეგმაზე მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს. ბათუმის გენგეგმის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი იხარჯება.

საინტერესოა, რა აზრი აქვს კონკრეტული უბნის განვითარების ხედვის მომზადებას, თუ საბოლოო დოკუმენტის დამტკიცებამდე მერიის გადაწყვეტილებები ამ უბნებში გარემოს რადიკალურად შეცვლის?!

მეორე მხრივ, საინტერესოა, რატომ არ იმჩნევს „სითი ინსტიტუტი საქართველო“ აქ უკვე დაწყებულ მშენებლობებს და ახალი ნებართვების გაცემის ტენდენციას, როცა მერიას კონკრეტული უბნისთვის განვითარების გეგმას სთავაზობს.

თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები

ვრცლად ამ თემაზე: თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები

თამარის დასახლება – რუკაზე მონიშნულია ორი მიწის ნაკვეთი, სადაც 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ.

ბათუმის განაშენიანების კონცეფციაში, რომელიც „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბათუმის მერიას უკვე ჩააბარა, ცალკე თავი ეთმობა თამარის დასახლების განვითარების ხედვას, რომელიც, მეტწილად, უბნის მცხოვრებების გამოკითხვას და მათ მოსაზრებებს ეყრდნობა.

კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ დოკუმენტის ამ ნაწილის შინაარსი ეფუძნება მონაწილეობითი ურბანული შეხვედრების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს და არ ასახავს ერთმნიშვნელოვნად „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შეხედულებებს.

კომპანიის განმარტებით, ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, სხვა დოკუმენტების წარმოებასა და შექმნასთან ერთად, ბათუმის მერიისთვის ქალაქის რამდენიმე უბნის განვითარების ხედვის შეთავაზებას მოიაზრებს. ამ უბნებს შორის ერთ-ერთია თამარის დასახლება და იმისათვის, რომ ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფციაში ამ უბნის მცხოვრებების საჭიროებები და პერსპექტივები სრულად ყოფილიყო ასახული, თამარის დასახლებაში ორდღიანი მოხალისებრივი ხასიათის შეხვედრები გამართეს:

ავტორების განმარტებით, შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით დასახლების გამოწვევების, საჭიროებებისა და უნიკალური მახასიათებლების იდენტიფიცირება, დასახლებაში არსებული კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ინფრასტრუქტურული საკითხების გაცნობა.

გარდა ამისა, შეხვედრა დაგეგმილი იყო იმგვარად, რომ გამოვლენილიყო შერჩეული ტერიტორიის უნიკალური კულტურული, ისტორიული და დემოგრაფიული მახასიათებლები, რომლებიც აყალიბებენ ადგილობრივი სამეზობლოს იდენტობას.

ავტორები სამუშაო პროცესს ასე აღწერენ:

გენერალური გეგმის ჯგუფმა გაუზიარა ადგილობრივ მოსახლეობას თამარის დასახლების განვითარების ხედვის პირველადი ვერსია შემდგომი განხილვისათვის, შეხვედრების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ღია დისკუსიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან განეხილათ განვითარების ხედვის კონკრეტული ასპექტები და მიმართულებები, შეხვედრებზე ადგილობრივებმა იმუშავეს მცირე თემატურ ჯგუფებში და წარმოადგინეს მათი ხედვა დასახლების არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

კონცეფციის ავტორების ინფორმაციით, მონაწილეების ნაწილმა აღნიშნა, რომ თამარის დასახლება ქალაქის დანარჩენ ნაწილთან შედარებით გამოირჩევა სუფთა ჰაერით, გამწვანებული სივრცეებით, ბუნებით და ხედებით [თამარის გორისა და ზღვის დანახვის ერთდროული პერსპექტივა], რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. როგორც აღინიშნა, დასახლება ქალაქისგან მოშორებულია, რაც ამცირებს ხმაურს და ქმნის მშვიდ გარემოს მაცხოვრებლებისათვის. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ საცხოვრებელ შენობებს შორის არის სივრცეები, ეზოები, რასაც ადგილობრივი მაცხოვრებლები სოციალიზაციისათვის იყენებენ:

„ბენზე [თამარის დასახლება] გამწვანებული უბანია და ამის გამო აქ შედარებით სუფთა ჰაერია. აუცილებლად შევინარჩუნებდი გამწვანებას და დაბალ სართულიანობას…ჩვენს უბანში ყოველთვის სიმშვიდეა…მთისა და ზღვის ჰაერი ერწყმის ერთმანეთს… ეს არის სწორი დაგეგმარების წყალობით“ – ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული.

შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნეს, რომ დასახლებაში ჩამოყალიბებულია მჭიდრო სამეზობლო ურთიერთობები და ინტერნაციონალიზმი:

„ეს უკანასკნელი გამოიხატება სხვადასხვა კუთხისა და ეთნოსის წარმომადგენლების ერთ სივრცეში მშვიდ თანაცხოვრებაში. თამარის დასახლების იდენტობის განსაზღვრაში ასევე ფიგურირებდა კულტურული ძეგლებისა და ისტორიული სახლების არსებობა. ასევე აღინიშნა დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობების დადებითი როლი, ახალაშენებული სახლების რაოდენობის სიმცირე, ეზოიანი სახლები და მათი გზის სავალი ნაწილიდან დაშორება“.

„რკინიგზას რომ გადმოვკვეთ და ამ უბანში შემოვდივარ, სულიერად ვისვენებ. ეს ჩვენი უბანია, აქ მცხოვრებების, მრავალი წელია ვცხოვრობთ რამდენიმე თაობა. არ მივდივართ აქედან. საინტერესო დასახლებაა და განსხვავდება ბათუმის სხვა უბნებისგან. არ არის მჭიდრო მშენებლობები, როგორც ქალაქშია …. ეს უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის აქ განსაკუთრებული“ – ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული. 

კონცეფციის მიხედვით შეხვედრების განმავლობაში, მონაწილეებმა სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში იმსჯელეს თამარის დასახლებაში არსებულ პრობლემატურ საკითხებსა და გამოწვევებზეც. გამოიკვეთა შვიდი ძირითადი მიმართულება, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის აზრით არსებული დასახლების მთავარ გამოწვევებს აერთიანებს.

თამარის დასახლება

კერძოდ, ადგილობრივმა მცხოვრებებმა აღნიშნეს, რომ თამარის დასახლებას სჭირდება დამატებით სკოლა და საბავშვო ბაღი. ამასთან, დასახელდა სპორტული კომპლექსის არსებობის საჭიროებაც, რაც ამჟამად მიუწვდომელია ადგილობრივი მოსახლეობისათვის. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობას ასევე გაუსვეს ხაზი სანაპიროს არეალში.

„ბავშვებს თუ არ ექნებათ ჟანგბადი და სათამაშო სივრცეები, სპორტული განვითარების საშუალება, არაფერი გამოვა… საჯარო სკოლის ტერიტორია უნდა მოეწყოს, უზარმაზარი სივრცეა ბალახით დაფარული. სპორტული კომპლექსი გვინდა აშენდეს“ – ციტატა კონცეფციიდან. 

დისკუსიის პროცესში გამოიკვეთა, რომ შეხვედრის მონაწილეებისათვის გამოწვევას წარმოადგენს დასახლებაში არსებული ისტორიული შენობები. კერძოდ, მათთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ზონის დაცვა, რეაბილიტაცია და მსგავსი ისტორიული შენობებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება.

კონცეფციის მიხედვით, დისკუსიებისა თუ მონაწილეობითი კარტირების პროცესში გამოიკვეთა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევები. პირველ რიგში, აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ავტობუსის გაჩერებების მოწესრიგება, ტროტუარების საკითხის მოგვარება, მეორე – გადასასვლელი ხიდის დამატება, ველობილიკების შექმნა, საჯარო ტრანსპორტის ხაზების დაგეგმვა და საფეხმავლო ხიდების მოწესრიგება:

„ქალაქს უნდა დაემატოს მეორე გასასვლელი ხიდი, ბათუმს ძალიან დიდ პრობლემას უქმნის ტრანსპორტის მხრივ, თუ აღდგება ეს ხიდი, საცობი აღარ გვექნება და ვფიქრობთ, რომ ტრანსპორტის პრობლემა ამით მოგვარდება“.

არანაკლებ მნიშვნელოვან გამოწვევად და მოსაგვარებელ საკითხად დასახელდა ლიანდაგის, როგორც მობილობის შემაფერხებელი საკითხის გადაჭრა.

„ლიანდაგზე გვჭირდება ადაპტირებული გადასასვლელი.“

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ექმნებათ რკინიგზაზე გადასვლის პრობლემები და ასევე, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას.

ასევე, აღინიშნა მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების გადაუდებელი საჭიროება.

„თუ ერთხელ გაწვიმდა, ბენზეში [თამარის დასახლება] ქუჩაში ვეღარ გაივლი, ფაქტობრივად, მოწყვეტილი ხარ გარე სამყაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია სანიაღვრე არხების მოწესრიგება, სხვა რამეზე მსჯელობას, გამწვანება იქნება, თუ რა, აზრი აღარ აქვს“ – ციტატა დოკუმენტიდან. 

თამარის დასახლების არაერთმა მცხოვრებმა გამოთქვა მოსაზრება გარე განათებების დამატების საჭიროებასთან დაკავშირებით.

შეხვედრებზე უკანონო მშენებლობებისა და მიშენებების პრობლემაზეც უსაუბრიათ:

„ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად ადგილობრივმა მცხოვრებებმა დაასახელეს საცხოვრისთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, დასახელდა, რომ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს თამარის დასახლებაში არსებული დაბალსართულიანი შენობები და რესტავრაცია ჩაუტარდეს ე.წ. ბარაკის ტიპის შენობებს.

„უნდა აიკრძალოს მაღალი შენობები, არ შეესაბამება ბათუმს ზოგადად და ბენზეს განსაკუთრებით, იფარება ჰაერის მიმოსვლა, იფარება ხედები და არ გვინდა, რომ აღმოვჩნდეთ კოლოფში. ვცხოვრობთ იმისთვის, რომ მოგვწონდეს ჩვენი ტერიტორია“. 

აგრეთვე, აღინიშნა უკანონო მიშენებების საკითხი, როგორც დიდი პრობლემა, რომელიც ამახინჯებს შენობების ფასადს და უკარგავს მას პირვანდელ სახეს:

„რაც ძალიან მაწუხებს, კორპუსებზე გაუთავებლად მიმდინარეობს მიშენებები, დაშენებებები, არც ერთი სახლს არ აქვს თავისი პირვანდელი სახე. გარდაქმნეს სრულიად ეს კორპუსები“

შეხვედრების მონაწილეები თამარის უბნის ერთ-ერთ გამორჩეულ მახასიათებლად არსებულ მწვანე სივრცეებს ასახელებენ: „მწვანე უბანია და ეს უნდა შევინარჩუნოთ“.

თუმცა, ასევე აღნიშნავენ, რომ საჭიროა ახალი რეკრეაციული ზონების დამატება. შესაბამისად, ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას აღნიშნული არეალების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე: „რას ვისურვებდი? უფრო მეტ სიმწვანეს! მცენარეების განახლება არ ხდება“.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჯარო ტრანსპორტი, არსებული ლიანდაგის, როგორც ზღვის მიმართულებით დაბრკოლების საკითხი და ბათუმის ცენტრთან კავშირი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მათთვის. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, თამარის დასახლებას მჭიდრო სატრანსპორტო კავშირი უნდა ჰქონდეს მიმდებარე სოფლებთან. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სალიბაურის და ორთაბათუმის მაგისტრალთან კავშირის საჭიროებაზე.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა ასევე გამოთქვეს მოსაზრებები დასახლებაში საზღვაო ტრანსპორტის, როგორც ტურისტული ატრაქციის განვითარებაზე. მათი აზრით, აღნიშნული კიდევ ერთ გამორჩეულ და უნიკალურ თავისებურებას შესძენდა თამარის დასახლებას.

ამ კონკრეტული უბნის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ჩნდება კითხვა – ბათუმის გენგეგმა, რომლის მომზადებაშიც 2 მილიონს ვიხდით ქალაქის ბიუჯეტიდან, გვთავაზობს ხედვას, რომელსაც თავიდანვე ვიცით, რომ განხორციელება არ უწერია?

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ კომპანია მერიის არქიტექტურის სამსახურის ფუნქციას ვერ შეითავსებს და კონკრეტული უბნის განვითარების გეგმა სარეკომენდაციოა:

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე ყველა პროექტს ჩავუჯდები და შევისწავლი… ჩვენ ვაკეთებთ ზონირების დოკუმენტს“ – გვითხრა მან.

ნინო დათაშვილის საქმეზე რეაგირებისთვის პროკურატურას მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო დათაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს.

სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.

15 ივნისს აქტივისტმა ნინო კალანდიამ ნინო დათაშვილისთვის შექმნილ ფეისბუქჯგუფში დაწერა, რომ მას ხერხემალთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა აქვს, თუმცა ექიმი მასთან არ შესულა. მან ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესება სახალხო დამცველს მოსთხოვა.

სახალხო დამცველის მიერ დღეს, 17 ივლისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც ომბუდსმენის აპარატმა რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა:

„ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო. შესაბამისად, აპარატს არ გაუსაჯაროებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.

სახალხო დამცველი ასევე ეხმაურება და დეზინფორმაციას უწოდებს მის მიმართ გაჟღერებულ პრეტენზიებს პატიმრების უფლებების დარღვევებზე დროულ რეაგირებებთან დაკავშირებით.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნულზე გვსურს განვმარტოთ შემდეგი: აპარატის რეაგირების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებსა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან განსაკუთრებულ ზიანს აყენებს თითოეული პატიმრის უფლებების დაცვის პროცესს.

სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში. ნებისმიერ დროს დახურული ტიპის დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ასევე ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, ხდება დაუყოვნებელი რეაგირება. სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე ახორციელებენ ვიზიტს და ახდენენ პირველად რეაგირებას. ამასთან, განისაზღვრება შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, იგეგმება აპარატში დასაქმებული ექიმის ჩართულობა.

სახალხო დამცველი, როგორც წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი, უპირველესად მოქმედებს დაკავებულ პირთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მათი მოთხოვნის შესაბამისად, იცავს მათ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის თანხმობის შემთხვევაში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება – თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში“.

„ეს არის არაადამიანური კანონი“ – იურისტი ფინანსური დანაშაულის შესახებ კანონში ცვლილებაზე

„ეს არის ბოროტი კანონი, რომელიც მისი კიდევ უფრო ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

შუა საუკუნეების თემური წყობილების დროს თუ შეიძლება ასეთი კანონმდებლობა დავუკავშიროთ. არაადამიანური და ღირსების შემლახავია, გაიძულებს ოჯახის წევრს არ დაეხმარო, მეგობარს არ დაეხმარო“ – განმარტავს იურისტი ნიკა სიმონიშვილი ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელსაც „ოცნებამ“ ორი მოსმენით მხარი დაუჭირა და მესამე მოსმენას საშემოდგომო სესიებზე გეგმავენ.

ცვლილება მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს, რაც, იურისტის განმარტებით, ფაქტობრივად ფინანასურ დანაშაულში მხილებული პირს საზოგადოებისგან გარიყავს და ქუჩაში, დახმარების გარეშე დატოვებს.

კიდევ რას ითვალისწინებს ცვლილებების პაკეტი და როგორ შეიძლება მოხდეს მისი აღსრულება, როცა კანონი ოჯახის წევრისთვის ღამის გათევის შესაძლებლობის მიცემას აგიკრძალავს? – ამ თემაზე ჩვენს კითხვებს იურისტი ნიკა სიმონიშვილი პასუხობს.

  • ბატონო ნიკა, საზოგადოებისთვის ისევ ბუნდოვანია, ზუსტად რას გულისხმობს და როგორ შეიძლება შეეხოს ფინანსურ დანაშაულში მხილებულის ოჯახის წევრს ცვლილებები კანონში, როგორ მოხდება აღსრულება. მართალია „ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ბაჩიაშვილის საქმით არის პროექტი ინსპირირებული, თუმცა როგორ შეეხება ეს მთელ ქვეყანას, როცა კანონად იქცევა? – მარტივად, რომ აგვიხსნათ, ბევრი დეტალია, რაც დაბნეულობას და კითხვებს იწვევს.

პირველი, რაც უნდა ვთქვათ, არის ის, რომ შეიძლება „ქართული ოცნება“ ამას იღებს კონკრეტული პირების წინააღმდეგ და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ შეეხება უამრავ ჩვეულებრივ შემთხვევას და ჩვეულებრივ ადამიანს. მე შემიძლია დავასახელო კონკრეტული მაგალითებიც კი, როდესაც ეს საკანონმდებლო ცვლილება შეეხება არამარტო გიორგი ბაჩიაშვილს და სხვა ადამიანებს, რომელთა მიმართაც ივანიშვილს აქვს კონკრეტული მოთხოვნები [რამდენად სამართლიანია, ეს მეორე საკითხია], მაგრამ შეეხება ჩვეულებრივ ადამიანებსაც, რიგით შემთხვევებს, რიგით საქმეებს, თან არაერთს.

შეეხება ისეთ საქმეებს, სადაც, მაგალითად, თუ ჩემი ოჯახის წევრი არის მსჯავრდებული მძიმე ფინანსურ დანაშაულში, როდესაც ის ციხიდან გამოვა, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მას თუ ჩემთან სახლში ვაცხოვრებ, ამის გამო მეც დამიჭერენ და ჩემს ოჯახის წევრსაც.

მოვიკითხოთ, თუნდაც სანაცნობოში, სამეზობლოში, სანათესავოში შემთხვევები, როდესაც პირები არიან მძიმე ფინანსურ დანაშაულებში მხილებული, სადაც 100 ათას ლარს აღემატება ზიანი. თუ თქვენ ნახავთ თქვენს გარშემო ასეთ შემთხვევებს, ყველა ამ შემთხვევას შეეხება.

ცხადია, მარტო გიორგი ბაჩიაშვილის საქმესა და ბიძინა ივანიშვილის „მოვალეებს“ არ შეხება ეს კანონი. შეიძლება პირველადი მიზანი არის ეს და არ იღებენ ცვლილებებს სხვა ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ შეეხება ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც არიან იმ მუხლებით მსჯავრდებულები, რაც ფინანსურ დანაშაულებს ითვალისწინებს და ასევე, მათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს.  იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და დაეხმარებიან მათ ფინანსურად იქნება ეს, საცხოვრებლით, მანქანით, ფულით, საკვებით თუ სხვადასხვა პროდუქტით.

  • და ეს „გაბედვა“ როგორ უნდა აკონტროლონ, აღსრულება როგორ მოხდება? ვთქვათ, სტუმრად მივიღე ყოფილი მსჯავრდებული, როგორ შემამოწმებს ღამე გავათევინე თუ არა, რა წერია ამაზე პროექტში?

არაფერი არ წერია. ახალი საკანონმდებლო ცვლილება ორი მოსმენით არის მიღებული და მესამე მოსმენა ჯერჯერობით არ ყოფილა, მაგრამ არ გაუჭირდებათ, რომ მიიღონ.

კანონპროექტი გვეუბნება, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მსჯავდებულ პირს პირდაპირ ჩამოერთმევა დანაშაულის შედეგად შეძენილი ქონება და გადაეცემა დაზარალებულს. მეორე არის ის, რომ თუ ეს ქონება არ ჰყოფნის ზიანის ანაზღაურებას, რაც აქვს ზოგადად მსჯავრდებულს, ის გაიყიდება. ნებისმიერი ქონება: ეს შეიძლება იყოს ფული, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა, მოძრავი თუ უძრავი ნებისმიერი ქონება აღსრულებას დაექვემდებარება.

ანუ, დავრჩები სრულიად უქონელი, არც ფული მექნება, არც სახლი არც კარი, არანაირი ქონება არ მექნება. როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს მსჯავრდებული, მას შეიძლება საქართველოდან გასვლაც შეეზღუდოს. გამოდის ციხიდან და საქართველოს ვერ ტოვებს, უნდა დარჩეს ყველა შემთხვევაში.

  • და პირდაპირ ქუჩაში რჩება?

პირდაპირ ქუჩაში რჩება. მას ზიანის ასანაზღაურებლად გაუყიდიან ქონებას. ასევე, თუ ჩათვალეს, რომ დანაშაულის შედეგად არის მოპოვებული ეს ქონება, ის პირდაპირ გადაეცემა დაზარალებულს. თუ ფულის გათეთრების დანაშაულია, ოჯახის წევრისგან, ან ახლო ნათესავისგან შეიძლება ამოიღონ ეს ქონება. ესეც არის შესაძლებელი, თუ ფულის გათეთრების დანაშაულს შეეხება და ის არის სრულიად უსახლკარო და უქონელი.

ყოველგვარი ქონების გარეშე რჩები ასე გარეთ, ვერსად ვერ მიდიხარ, სამაგიეროდ გრჩება შესაძლებლობა, რომ თუ რაიმე თანხა ჩაგერიცხება ანგარიშზე, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი რაც იქნება, დაახლოებით 520 ლარზე არის ბოლო მდგომარეობით საუბარი, ავტომატურად მოგეჭრება და წავა დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად.

თუ „ქეშად“, ანუ ნაღდი ფულის სახით იღებ თანხას, ასეთ შემთხვევაში ეს არის დანაშაული იმ პირის მხრიდან, ვინც ამ თანხას გაძლევს „ქეშად“. შენი მხრიდანაც ასევე ეს იქნება დანაშაული, თუ ამ თანხას მიიღებ.

520 ლარს ზემოთ თანხა თუ ჩამერიცხება, მაგალითად, ავტომატურად ინკასო იქნება დადებული ამ ანგარიშზე და 520 ლარს ზემოთ მოიჭრება თანხა და გადაეცემა დაზარალებულს; ამავდროულად, თუ მივიღებ სარგებელს 520 ლარზე ზემოთ, სხვადასხვა ფორმით, ეს იქნება საკვები თუნდაც, ან სხვადასხვა ნივთები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო პროდუქტი, ტექნიკა, მობილური ტელეფონი ან არ ვიცი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავტომობილი, ასევე საცხოვრებელი, გარეთ როცა დავრჩები თუ ვინმე მაცხოვრებს და ეს აღემატება 520 ლარს, ანუ ორმაგ საარსებო მინიმუმს. [

ქუჩაში ხომ ვრჩები, მაგრამ ამავდროულად ვინმე თუ შემიფარებს და თვიური ღირებულება აი ამ ცხოვრების აღემატება 520 ლარს, მეც დამიჭერენ და ვინც მეხმარება იმასაც დაიჭერენ, მსჯავრდებულის შემთხვევაში ეს არის თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე, მაგრამ ვინც ეხმარება მისთვის უფრო მეტი სასჯელი არის გათვალისწინებული კანონით.

  • ესე იგი სასჯელის მოხდის შემდეგ განდეგილივით უნდა იცხოვროს სადღაც მთის წვერზე ამ ადამიანმა?

კი, თან აღსრულებაზე ხანდაზმულობის ვადა ამას არ აქვს, ანუ ასეთ შემთხვევებზე, სანამ ამ ვალს არ დაფარავს, მანამდე ფაქტობრივად გარიყულია საზოგადოებიდან.

ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეს არის ცალსახად სადამსჯელო ღონისძიება ადამიანის სიცოცხლის, მისი ღირსების შეურაცხმყოფელი რეგულაციები, რომლითაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრები, ადამიანის ღირსებას ურტყამ პირდაპირ. ცხოვრების შესაძლებლობას აძლევ, თან ამავდროულად ერევი ოჯახური ცხოვრების ისეთ დაცულ სფეროში, სადაც სახელმწიფოს ჩარევის უფლება არ გააჩნია.

ოჯახის წევრი თუ დაეხმარება – დაიჭერენ, ფაქტობრივად კრძალავ იმას, რომ მაგალითად ცოლმა-ქმარი, ან დედა-შვილი, ოჯახის წევრები ერთმანეთს დაეხმარონ.

ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებით გვაიძულებს ადამიანობაზე უარი ვთქვათ. სამართალს, რომ თავი დავანებოთ, ადამიანობაზე უარის თქმას გვაიძულებს ამით „ოცნება“.

„მეგობარს არ უნდა დაეხმარო“ – ასეთი კანონი მე პირადად შევეცადე მომეძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე იმ ქვეყნების მაგალითზე, რომელთა კანონმდებლობაც ჩემთვის მეტ-ნაკლებად იძებნება. არ ვიცი, სადმე, აფრიკის რომელიმე ტომში თუ აქვთ ასეთი წესი ან რომელიმე განუვითარებელ ქვეყანაში, სადაც ცივილიზაციას არ შეუღწევია. განვითარებულ, ცივილიზებულ სახელმწიფოებში ასეთი წესი მე არსად მეგულება.

„ქართულ ოცნებას“ არადემოკრატიული კანონის მიღება როცა უნდა ხოლმე, ცდილობს ეს ყველაფერი დაასაბუთოს იმით, რომ თურმე რომელიღაც ქვეყანაში, სადღაც არის ასეთი კანონი. მე მგონი ასეთი რეგულაცია რუსეთში და ბელარუსშიც არ მოიძებნება, ეს არის რაღაც შუა საუკუნეების კანონმდებლობა.

  • გორდულაძის მოფიქრებულია? [არჩილ გორდულაძე – „ოცნების“ პარლამენტარი, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია]

მეეჭვება.

უფრო სხვისი მოფიქრებულია, გორდულაძემ ეს ალბათ ტექნიკურად დაწერა, მაგრამ მოფიქრებით სად მოიფიქრეს, არ ვიცი.

მეც მაინტერესებს ვინ მოიფიქრა ასეთი არაადამიანური კანონმდებლობა, მართლა მაინტერესებს, როგორც ადამიანს, ამ ქვეყნის მოქალაქეს.

ასეთი რეგულაციები ალბათ ბოლოს საბჭოთა პერიოდის დროს თუ იყო, რომ ადამიანების დახმარება ან თანამშრომლობა იყო დასჯადი.

ეს არის ყველაზე არაცივილიზებული, არაადამიანური კანონი, ეს თამამად შემიძლია ვთქვა.

ასეთი არაადამიანური კანონი „ოცნებას“ ჯერ არ მიუღია. ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ მიიღებენ.

  • დავუბრუნდეთ ოჯახის წევრისგან ქონების ამოღების ამბავს, რამე დათქმები ახლავს ამას?

ოჯახის წევრიდან ქონების ამოღებაზე არის ორი დათქმა. პირველი არის ის, რომ ეს არის შესაძლებელი მხოლოდ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულზე, ანუ, სისხლის სამართლის 194-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულზე და მეორე – ეს უნდა იყოს დანაშაულის საგანი, ანუ, ფულის გათეთრების შედეგად უნდა იყოს ეს ქონება მოპოვებული.

ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი მოხდეს ამ ქონების პირდაპირ ჩამორთმევა და ამოღება, მაგრამ აქ ერთი რაღაც არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ ეს მოქმედი რეგულაციითაც არის შესაძლებელი.

  • ასევე, დაუსაბუთებელი ქონების შემთხვევაში?

დაუსაბუთებელი ქონების ამოღება ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით არის შესაძლებელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ეს ერთი და მეორე, მე თუ ვარ, მაგალითად, მსჯავრდებული რაიმე ფინანსურ დანაშაულში, ანუ არ აქვს ამას მნიშვნელობა.

მაგალითად, მე შევიძინე რაღაც ქონება და გადავუფორმე ოჯახის წევრს, ასევე არის შესაძლებელი, რომ ამ მოჩვენებითი გარიგების გამო, დამატებით სამართალწარმოება წარიმართოს ჩემი და ოჯახის წევრის ან მეგობრის, ან ჩემთან დაკავშირებული პირის მიმართ, რომ ქონების გადაფორმება მოხდა ფიქტიურად, ანუ მოჩვენებით, ფორმალურად გადავაფორმე მესამე პირზე. ასეთ შემთხვევაში არის ასევ შესაძლებელი, რომ დავა წარიმართოს მოქმედი კანონმდებლობის პირობებით და ასეთი საქმეები სასამართლოებში რეალურად არის.

მთელი ამბავი იმაშია, რომ ამ ყველაფერს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ვერავის ვერაფრით ვერ ვუკავშირებ.

საქმე იმაშია, რომ ეს პროცედურები, რაც კანონმდებლობით აქამდე არსებობდა გაუმარტივეს, მოუწმინდეს, მოუსუფთავეს და ეს მთელი ბიუროკრატიული სირთულეები ბიძინა ივანიშვილს „ოცნების“ პარლამენტში თავიდან აარიდეს – მარტივი წესით არის შესაძლებელი, რომ სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში, ეს ყველაფერი ერთიანად, ერთბაშად გადაწყდეს და დასრულდეს.

  • ფულის გათეთრების თემას მინდა დავუბრუნდეთ. როცა ოჯახის წევრზე შეხების შესაძლებლობას გაძლევს კანონი, მას მხოლოდ ქონებას ართმევენ თუ დანაშაულის თანამონაწილედ თვლიან? ხომ შეიძლება ის არც იყოს ზოგ შემთხვევაში თანამონაწილე, თუმცა მაინც გამოიყენონ ეს კანონი და მას სხვა ქონებებიც ჩამოართვან?

მოდი ვთქვათ ფულის გათეთრება საერთოდ რა არის და რა შემთხვევებს უნდა შეეხოს ცვლილებები. შემდეგ როგორ აღსრულდება – ეს მეორე საკითხია.

ფულის გათეთრება უფრო ყოფითი ტერმინია, სამართლებრივად ეს არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. უკანონოდ უნდა მივიღო რაღაც შემოსავალი და ამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, უნდა განვახორციელო მთელი რიგი სამართლებრივი მოქმედებები, რომ რამენაირად გავათეთრო.

აი, მაგალითად, კორუფციული გარიგებით მაქვს თანხა მიღებული, ქრთამი და იმისთვის, რომ ეს თანხა რაღაცნაირად სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციო, მჭირდება, რომ ეს ფული სწორად დავხარჯო, რომ ქონება გათეთრდეს. თუ უკანონოდ მივიღე შემოსავალი და ამით შევიძინე ბინა ჩემი ოჯახის წევრის სახელზე, ეს ფულის გათეთრების შედეგად შეძენილი ქონება დანაშაულის საგანია და შეიძლება ჩამორთმევას დაექვემდებაროს ახალი რეგულაციების მიხედვით.

თუმცა, სად არის ზღვარი, არის ძალიან კარგი კითხვა.

როცა ვამბობ, რომ მხოლოდ დანაშაულის საგანი ექვემდებარება ჩამორთმევას, დანაშაულის საგანი რა შეიძლება იყოს და რა არ შეიძლება იყოს, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი.

პრაქტიკულად ეს როგორ გადაწყდება და აღსრულდება, ამაზე ერთი დიდი წითელი კითხვითი ნიშანი უნდა დავსვათ აუცილებლად, იმიტომ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, არ არის მოუკერძოებელი, გარკვეული პირების ინტერესებით მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს ბოროტად იყოს გამოყენებული და ისეთი ქონებაც ჩაითვალოს დანაშაულის საგნად, რომელიც დანაშაულის შედეგად არ არის შეძენილი.

  • როგორ უნდა შეისწავლონ მოქალაქეებმა ეს ყველაფერი? მაგალითად პენსიონერ დედას რომ გაუფორმებს მინისტრი ქონებას, გვიხსნიან, რომ მინისტრის დედა ან მამა გამდიდრდა. ამავე დროს, რომელიმე რეგიონში ოჯახის წევრის დანაშაულის გამო შეიძლება ლეგალური ქონების დაკარგვის რისკის ქვეშაც დადგე. არა?! 

როცა დავიწყე საუბარი, ვთქვი, რომ ეს არის ყველაზე არაადამიანური კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს.

ისევ ვამბობ, რომ ეს არის არასამართლებრივი, არაადამიანური, არაქართველური, არაქრისტიანული, არანორმალური კანონი, ამიტომ აქ „წესით“ რა მოხდება და როგორ მოხდება, ამაზე ვერ ვილაპარაკებთ.

მითუმეტეს, პოლიტიკური ინტერესი სადაც შეიძლება იყოს, თუ პირმა იცის და აქვს განზარახვა, რომ ეხმარება დანაშაულში მხილებულ ფულის გამთეთრებელს, შესაძლოა, მისი ქმედებაც დანაშაულად დაკვალიფიცირდეს. თუ არ იცის – მაშინ ჩამოერთმევა ქონება და დანაშაულად ვერ დაკვალიფიცირედება, მაგრამ თუ მოუნდებათ, შეიძლება „აღმოჩნდეს“, რომ კარგად სცოდნია ყველაფერი და რამე მტკიცებულებას მოუძებნიან.

როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკურ ინტერესზე, ყველაფერი შესაძლებელია. ამ არაადამიანური კანონის აღსრულება კიდევ უფრო არაადამიანურადაც არის შესაძლებელი. ერთია რა დაწერე და მეორეა ის, რომ გასაქანი ძალიან დიდი აქვთ, შეიძლება გაზრახვის ელემენტები დაინახონ, ამას ვერ გამოვრიცხავთ.

ეს ხალხი არასამართლებრივი ჩარჩოების ისეთ მასშტაბებშია გადასული, როგორ ვთქვა ამას არ გააკეთებენ მეთქი. როცა სამართლებრივ სივრცეში შემოდის კრიმინალური წესები, ეს პრაქტიკაში რანაირად იმუშავებს, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 038 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
  • ტანკი – 11 029 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 996 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 30 438 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 440 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 197 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 46 414 ერთეული [+250]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 491 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 55 383 ერთეული [+154]
  • სპეცტექნიკა – 3 932 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 664 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 69 771 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 619 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 226 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 406 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 38 241 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა მოსკოვის და პეტერბურგის დაბომბვა – მედია

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ათამდე გამომძიებელი ჰყავს ამ საქმეს. არც ერთს უცდია ფორმალურად მაინც ემუშავა გამოძიებაზე“

„ვფიცავ, ჩემი ყოველი სიტყვა იქნება უტყუარი და ფაქტებზე დაფუძნებული“ – 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა სამოქალაქო ფიცის დადების შემდეგ დაიწყო ჩვენების მიცემა.

„ბათუმელები“ გთავაზობთ მზია ამაღლობელის სასამართლოში მიცემული ჩვენების სტენოგრამას, მინიმალური შემოკლებით.

მზია ამაღლობელი: ამ ფაქტის მცირედით მაინც თავიდან აცილება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მარტო იმიტომ ავიცილებდი, რომ საკუთარ თავზე არ მელაპარაკა. არ ვარ კომფორტულად საკუთარ თავზე ლაპარაკისას.

რა შემიძლია ვთქვა.

წესით სასამართლოსთვის ისიც საკმარისი უნდა იყოს, რომ შუახნის ასაკამდე ისე მოვედი, რომ კანონთან კონფლიქტში არ ვყოფილვარ, მაგრამ რადგან სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემ კრიმინალურ ბუნებაზე და იმაზე, თუ რამდენად საშიში ვარ საზოგადოებისათვის, შევეცდები ცოტა რამ მოვყვე ჩემი საქმიანობის შესახებ.

ეს ალბათ ჩემ ბუნებასაც გამოხატავს.

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე. ვფიქრობ, რომ კარგი მოქალაქე ვარ.

მოქალაქეობას არ ვხედავ ისე, რომ აი, სადღაც რომ დაიბადები შემთხვევით ქვეყანაში და ცხოვრობ უბრალოდ. ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩემთვის თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლითაც არის მნიშვნელოვანი.

რადგანაც მოქალაქეობაზე ვლაპარაკობთ, მინდა ხაზი გავუსვა ერთ დეტალს. საკუთარ თავს არ მივაკუთვნებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ძალაუფლებაში მყოფ პოლიტიკურ გუნდს, რეჟიმს უფლებას აძლევს, რომ მისი სახელით ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული რიტორიკით ილაპარაკონ.

ვემიჯნები ამას ხოლმე, როგორც მოქალაქე.

ასევე, საკუთარ თავს არ მივაკუთვნებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნული იდენტობის, უსაფრთხოების შენარჩუნებას ხედავენ პუტინის რუსეთის და ოკუპანტი რუსეთის მფარველობასა და მონობაში.

რაც შეეხება ჩემს პროფესიას:

შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ თაობაში, მედიაში, ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელმაც ზურგი აქცია, უარი თქვა მაამებლურ, პროპაგანდისტულ, ცენზურით თუ თვითცენზურით გაჯერებულ საბჭოთა ჟურნალისტიკაზე.

ერთ-ერთი მათგანი ვარ მე.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, 14 ივლისი. ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები“

სიმართლე გითხრათ, 2001 წელს, როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ გაზეთის გამოშვება და დამოუკიდებლად საქმიანობა, დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი არაფერი გაგვეგებოდა პროფესიული ჟურნალისტური სტანდარტების.

თუმცა ეს იყო ახალგაზრდების პროტესტის გამოხატვა, პროტესტის, რომელიც იმ პერიოდში ავტორიტარულ და უსამართლო გარემოს ქმნიდა. ასლან აბაშიძის პერიოდს ვგულისხმობ, როცა აჭარაში რუსული ბაზები იყო, როცა აჭარის მთავრობის სპეცსამსახურს რუსული გენერალიტეტი წვრთნიდა, როცა ჩოლოქზე საგუშაგო, საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან.

აი, ამ პერიოდში ვმუშაობდი და მე და ჩემი გუნდი მუდმივი დევნისა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი ვიყავით.

ისეთი „თავდასხმის“ არა, ლოყა რომ შეგიწითლდება.

ისეთი თავდასხმის, როცა საავადმყოფოში უგონოდ აღმოჩნდები და 2-3 კვირა გაუნძრევლად წევხარ.

მე და ჩემი მეგობრები როცა ამ უსამართლობაზე ვლაპარაკობდით და ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა და ძალიან მალე მივიქციეთ ავტორიტარი ხელისუფლების ყურადღება.

ოღონდ ეს „ყურადღება“, რა თქმა უნდა, დევნაში გამოიხატებოდა.

ზოგადად, პროფესიულ, კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ და ეს საშიში არ არის იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოა.

არ არის საშიში იმ შემთხვევაში, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, კანონით არის დაცული.

დღეს რა მდგომარეობაშიც ვართ ამ ახალი კანონის გადამკიდე, ჟურნალისტიკას სრულიად მტრული და მკვლელი გარემო აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ დიქტატორს გააბრწყინებდა ეს კანონები.

  • ადვოკატი: თქვენი უშუალო ფუნქციები მაინტერესებს, ჟურნალისტურ საქმიანობასთან კავშირში.

მზია ამაღლობელი: კომპანია, რომელსაც მე წარმოვადგენდი დაკავებამდე, შპს „გაზეთ ბათუმელები“,  საგამომცემლო და საინფორმაციო საქმიანობას ეწეოდა ძირითადად. ჰქონდა საგანმანათლებლო, მარკეტინგული და სოციალური პროექტები.

უშუალოდ ჩემი როლი კომპანიაში – მე მედიაკონტენტის წარმოებაში არ ვიყავი ჩართული. ჩემი ფუნქციები იყო ორგანიზაციის მდგრადობასა და განვითარებაზე ზრუნვა; ორგანიზაციის პოლიტიკა, სტრუქტურა, სტრატეგიის განსაზღვრა, ახალი ბიზნესმოდელების შექმნა ან კიდევ პირიქით – არსებულის დახურვა. ჩემ უშუალო პასუხისმგებლობაში შემოდიოდა ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან თანამშრომლობა; მსხვილ ბიზნესკომპანიებთან თანამშრომლობა.

ძალიან იშვიათად ვერთვებოდი კონტენტის წარმოებაში. უფრო დამხმარე როლი მქონდა მნიშვნელოვან და ექსკლუზიურ შემთხვევებში.

რადგანაც მეორე მხარე ძალოვნებია, რამდენიმე ფაქტს გავიხსენებ. ერთი ასეთი იყო, მახსოვს, ონლაინ ქსელურ მარკეტინგზე მოვამზადეთ გამოძიება და ამ ბიზნესის მფარველობაში ვამხილეთ მაშინდელი კუდის უფროსი პატარიძე. ეს იმდენად ოდიოზური და იდუმალი ადამიანი იყო, ყველა მასზე ლაპარაკობდა, არავინ არ იცნობდა და ჩვენ მასზე გამოძიებაც დავდეთ. ფოტოც კი დავდეთ. დღემდე ონლაინ სივრცეში ერთადერთი ფოტო იძებნება ამ ადამიანის და ეს ჩემი გადაღებულია.

ზოგადად ამ გამოძიებაში, მოკვლევაში ვიყავი ჩართული.

ისევ ძალოვანი უწყებებიდან მოვიყვან ერთ მაგალითს. კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსი, დავით დევნოზაშვილი ვამხილეთ ჟურნალისტის დევნა-შევიწროებაში და გადაბირების მცდელობაში. ამ ფაქტების მოძიებაში უშუალოდ მე ვიყავი ჩართული.

გავიხსენებ უახლოეს თემასაც. 2024 წლის არჩევნებზე მოვამზადეთ მასალა, გამოძიება, სადაც დავდეთ სქემა, თუ მმართველი პარტია ანუ ხელისუფლება როგორ იყენებდა სახელმწიფო ინსტიტუტებს არჩევნების გასაყალბებლად.

ამ ამბის და მტკიცებულებების მოძიებაში მე ვიყავი ჩართული.

მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებში. განსაკუთრებულს მაშინ ვამბობ, როცა საფრთხის შემცველია.

  • ადვოკატი: თქვენ ჩვენებას პირველად იძლევით დღეს. ბრალდებამ ბევრი მოწმე წარმოადგინა, გამომძიებლები. რომელიმე გამომძიებელი თუ გინახავთ ოდესმე, თუ მოსულა თქვენთან, ან გამომძიებელი, ან პროკურორი საქმის გამოძიების განმავლობაში?

მზია ამაღლობელი: საქმეს როცა ჩავხედე, სადღაც მგონი ათამდე გამომძიებელი ჰყავს ამ საქმეს. ძალიან დასანანია, რომ არცერთ მათგანს არ ჰქონია მცდელობა, რომ მცირედით მაინც, სიღრმისეულად კი არა, ფორმალურად მაინც ემუშავა გამოძიებაზე და ეს ფორმალობაც თუნდაც იმაში გამოხატულიყო, რომ მე ვენახე და რამე მაინც ეკითხა.

პირიქით, მახსოვს, ერთ-ერთმა გამომძიებელმა დარბაზში დაახლოებით ასეთი შინაარსის განაცხადი გააკეთა, რომ „არც არაფერია გამოსაძიებელი, ვიდეო გვაქვს მოტანილი და ამ ვიდეოთი მტკიცდება დანაშაულიო“.

არ ვიცი, ამ გამომძიებელს მხოლოდ ერთ რამეში მინდა დავეთანხმო, მართლა არაფერი არ იყო გამოსაძიებელი, იმიტომ, რომ ე.წ. დაზარალებულმა ვინმე დგებუაძემ (აი, რა ტერმინი გამოვიყენო), ბოდიში, დაიგინა ასე ვთქვათ, ბოდიში ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ საჯაროდ შემპირდა, რომ სისხლით ჩამსვამდა.

ასეც მოხდა.

პროკურატურაც, არ ვიცი როგორ… დგებუაძის მოტანილი ბრალდებით ზიხართ მანდ.

და აი, რაც დგებუაძემ თქვა, ისე ხდება. 6 თვეა პატიმრობაში ვარ და შეიძლება ამდენივე წელი ვიჯდე. იმიტომ, რომ რეჟიმს უნდა ასე.

არ ვიცი რა ვთქვა.

  • ადვოკატი: მზია, ანუ არცერთი გამომძიებელი თვალით არ გინახავთ, არცერთ გამომძიებელს გამოძიების მანძილზე არაფერი უკითხავს თქვენთვის. პროცესის მწარმოებელი პირი, მას შემდეგ რაც ბრალი წარგიდგინეს, პირველ 48 საათში, გამოძიება ისე დამთავრდა პროცესის მწარმოებელი პირი თვალით არ გინახავთ?

მზია ამაღლობელი:  წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი წარმიდგინეს, მათთან ერთად იყვნენ ჩემი ადვოკატები: ჯუბა ქათამაძე და პაატა დიასამიძე.

თბილისში არა საქმის გამომძიებელი, არამედ სპეციალური საგამოძიებოს სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. ახლა მე მგონი პროკურატურას გადაეცა ეს ვალდებულებები.

  • ადვოკატი: თუ შეიძლება სასამართლოს რომ მოუყვეთ. 2025 წლის 11 იანვარია, საპროტესტო მანიფესტაცია იმართება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, თქვენ როგორ მოხვდით ამ ადგილას და საერთოდ ეს კითხვები აქ ისმებოდა, საერთოდ როგორ დადიოდით ხოლმე საპროტესტო მანიფესტაციებზე და იმ დღეს რატომ და რისთვის მიხვედით?

მზია ამაღლობელი: რომ მცოდნოდა რომ სასამართლოში აღმოვჩნდებოდი და, ზოგადად, დამჭირდებოდა აქციაზე რამდენჯერ ვიყავი ამის ცოდნა, აუცილებლად რაღაც კალენდარს ვაწარმოებდი.

არ ვემიჯნები ამ აქციებს, სრულიად ვიზიარებ ამ აქციის შინაარსს, მაგრამ აქციის მონაწილე, სამწუხაროდ, იშვიათად ვიყავი, ჩემი დროიდან გამომდინარე. გავდიოდი მხოლოდ და მხოლოდ მარშები რომ იყო, ან კიდევ იმ ტიპის აქციებზე, რაც მედიას ეხებოდა. განსაკუთრებით აქტიური ვიყავი, პირველად როცა ჰქონდათ რუსული კანონის ინიციირება. შემიძლია ვთქვა რომ რუსული კანონის აქციებში მონაწილეც ვიყავი და აქტიური მონაწილეც.

შემდეგ ეს ყველაფერი ისე დამძიმდა, მედიის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ როგორც მონაწილეს, უბრალოდ დრო არ მქონდა და იშვიათად, ძალიან იშვიათად, მხოლოდ მანიფესტები რომ იყო, მაშინ ვიყავი.

  • ადვოკატი: 11 იანვარს რატომ მიხვედით, რა დროს მიხვედით და რისთვის მიხვედით?

მზია ამაღლობელი: 11 იანვარს ციალა ქათამიძის დაკავების შემდეგ მივედი ადვოკატთან, თამარ წულუკიძესთან ერთად. თამარი საიას ხელმძღვანელია აჭარაში.

შაბათი დღე იყო, ოფისში ვიყავი. შაბათ-კვირას დავდიოდი ოფისში, ზოგადად ნაკლები მოძრაობაა ოფისში, უფრო სიმშვიდეა, მე სიღრმისეულ საკითხებზე და დოკუმენტებზე უფრო მშვიდად ვმუშაობდი. მიმდინარე მოვლენებს სრულიად ჩახსნილი ვიყავი. როგორც ამბავი ისეც კი არ ვისმენდი არაფერს, საქმეზე ვიყავი გადართული.

ოფისში მარტო მორიგე რედაქტორი და მე ვიყავით, თუ არ ვცდები, ნიუსრუმში მუშაობდა მორიგე რედაქტორი. ველზე თანამშრომელი მუშაობდა. ველზე როცა ვამბობ, ვგულისხმობ აქციის გაშუქებას.

როცა გავიგე, ნიუსრუმში ზარი შემოვიდა, ვინ დააკავეს, ციალა როგორ დააკავეს, რას ნიშნავს სტიკერის გაკვრისთვის? ეს რომ მოვისმინე, ავღელდი ძალიან, იმიტომ, რომ ციალას ვიცნობ.

ჩვენი ოფისი მეოთხე სართულზეა, ციალა სადაც მუშაობდა, ის მესამე სართულზე იყო.

მოვისმინე ნიუსრუმში იმის შესახებ, რომ ციალა დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო და მე დავბრუნდი ჩემს სამუშაო ოთახში. მახსოვს, ჩვენი ფეისბუქლაივი ჩავრთე, მაგრამ აღარ დაველოდე. ყველაფერი დავტოვე, სამუშაო ფაილებიც გახსნილი, კომპიუტერიც არ გამითიშავს.

ჩვენი ოფისში, მეორე სართულზე არის საიას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისი. ჩავედი იქ, რომ იურისტებს დაველაპარაკებოდი. თამარი დამხვდა, თამარ წულუკიძეს ვგულისხმობ. მასაც ჰქონდა უკვე ინფორმაცია ციალას დაკავების შესახებ და მე როცა ჩავედი, ტელეფონზე თამართან ზარი შემოვიდა და უთხრეს, რომ ვაჟა დარჩიაც დააკავეს.

თამარს მივუბრუნდი – გავიდეთ ციალასთან, რაც შეიძლება დროზე შედი, რომ არ დარჩეს მარტო-მეთქი და შევთავაზე, რომ ტაქსის გამოვიძახებდი. თამარმა მითხრა, რომ მანქანა მოაკითხავს. მოკლედ, მე და თამარი ერთად გავედით პოლიციის სამმართველოს შენობასთან.

მინდა ვთქვა, რომ მიტინგზე მისულებს სრული სიჩუმე დაგვხვდა, აი, რაღაცნაირი დამთრგუნველი სიჩუმე. ჩვენ, მე და თამარი ჭიშკართან ვიდექით, სამმართველოს ჭიშკართან. რაღაც საგუშაგოს მსგავსი იყო. გუშაგი, პოლიციელი რა ვიცი, ვიღაც იყო. თამარმა გადასცა, რომ ადვოკატი ვარ და დაკავებულთან მინდა შესვლა. უთხრეს, რომ დაელოდეთ, გადავცემთ, რაღაც ესე უთხრეს…

5 წუთი რომ გავიდა, მე სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რომ ადვოკატი პირდაპირ არ შეუშვეს. არ ვიცი, არ ვიცოდი ასე თუ შეიძლებოდა. თამარმა მითხრა – იცი რა, ასეთი პრაქტიკაა, როცა ჩათვლიან საჭიროდ ერთი საათი, ორი საათიც რომ გავიდეს, არ შეგვიშვებენ, როცა დაგვიძახებენ, მაშინ უნდა შევიდეთო.

5-10 წუთის შემდეგ თამარს მოვშორდი და ჩემი თანამშრომლის, მანანა ქველიაშვილის სანახავად წავედი. ვიცოდი, რომ იმ დღის მოვლენების და ამ აქციის გაშუქებაზეც ის იყო პასუხისმგებელი. დავინახე შორიდან მანანა ქველიაშვილი. კომენტარებს იწერდა. მასთან ახლოს არ მივსულვარ, ზურგით დავინახე, აღარ მივსულვარ, ხელი არ შემიშლია.

აქციის მონაწილეებს შორის ჩუმად დავდიოდი. არავისთან კომუნიკაცია არ მქონდა. დავინახე ერთი-ორი აქციის მონაწილე, უბრალოდ გავჩერდი, იმიტომ, რომ საუბრობდნენ – „ბათუმელებს“ ჰქონდა ინტერვიუ და იქნებ მათ იცოდნენ“… ვკითხე, რას გულისხმობთ, რა უნდა იცოდნენ „ბათუმელებმა“, ბათუმელების თანამშრომელი ვარ-მეთქი.

მითხრა, რომ თემურ ქათამაძე, მედროშე დააკავეს და მისი თურქული სახელი და გვარი გვინდა ადვოკატისთვისო. თემურის დაკავების ამბავი იქ გავიგე.

ეს საუბარი დასრულებული არ მქონდა ამ ხალხთან, როდესაც სალომე ჰქვია თუ არ ვცდები, რომელიც ჩემი თანამშრომლის, იაკოს მეგობარია, მოვიდა ძალიან აღელვებული და მითხრა, რომ გოდერძი ფრანგიშვილი დააკავეს.

გოდერძი არის ია ფრანგიშვილის ძმა და სალომემ მითხრა, რომ ძალიან ვნერვიულობთ, არ ვიცით გოდერძის თან წამალი აქვს თუ არაო.

მეც საშინლად ავღელდი – გოდერძის თირკმელი გადანერგილი აქვს. მე ვიცი რას ნიშნავს წამალს როდესაც დროულად არ მიიღებს თირკმელგადანერგილი ადამიანი. ვიცი, რადგანაც ჩემს ოჯახის წევრს ჰქონდა თირკმელი გადანერგილი. ჩვენ ვერ ვმართეთ ეს პროცესი.

წავედი ეგრევე ადვოკატთან, უნდა მეთხოვა, რომ იქნებ პირველად გოდერძისთან შეხვიდე-მეთქი.

მზია ამაღლობელი. ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

როდესაც მივედი, თამარმა მითხრა, მე ზედმეტი ორდერი არა მაქვს წამოღებული და დავურეკავთ სხვა ადვოკატებს და სხვა ადვოკატი შევაო. დარეკილი მაქვს უკვეო, მითხრეს, იმიტომ, რომ ბევრი არიან დაკავებულიო და თამარიმ მაჩვენა ტელეფონში 7-8 ადამიანის სახელი და გვარი ჩამოწერილი.

მიჭირს სიბნელეში ხედვა.

ერთადერთი ის იყო, რომ ფოტო გადავუღე ტელეფონით. სხვათა შორის, ალბათ ტელეფონში, რომელიც გაქვთ [მიმართავს პროკურორს], მხოლოდ ამ ფოტოს ნახავთ, მე მგონი, სადაც ჩამოწერილია ეს დაკავებულები. ზოგადად, არ ვიღებდი ფოტოებს. ეს იმიტომ, რომ მერე წამეკითხა, ვინ იყო დაკავებული.

თამარს შევთავაზე, ჩემი თანამშრომელი დავინახე აქ, მანქანით არის მე მგონი-მეთქი და იქნებ იმას აუხსნა ან გააყოლო ვინმე და იქნებ ორდერი გამოიტანოს, რომ შენც შეხვიდე გოდერძისთან-მეთქი. წავედი ჩემი თანამშრომლის მოსაძებნად, მოვიყვანე თამართან და საუბრობდნენ, ორდერი როგორ უნდა მოეტანა, ვთქვათ სად ჰქონდა, ვინ გაჰყვებოდა. რაღაც ამ საკითხებზე საუბრობდნენ, რომ ამ დროს ჩემთან ზარი შემოვიდა, იაკო მირეკავდა.

იაკომ მითხრა, რომ ქალაქში არ იყო, რომ დედა ძალიან ნერვიულობდა და იქნებ ადვოკატი ან ვინმე დაელაპარაკოს დედაჩემს, რომ დაამშვიდოსო.

  • ადვოკატი: იაკო ვინ არის?

მზია ამაღლობელი: იაკო არის ჩემი თანამშრომელი ია ფრანგიშვილი, დაკავებული გოდერძი ფრანგიშვილის და.

ვუთხარი, რომ მოდი თამართან მივალ ახლა და ნებართვას ვთხოვ და მისი ტელეფონი მივცეთ დედათქვენს-მეთქი და თან თუ შიგნით შევა, შეიძლებაა ტელეფონი არ ჰქონდეს, მაგრამ თამარს ვკითხავ-მეთქი, ვუთხარი.

როცა მივედი, თამარი უკვე აღარ იყო გარეთ, მითხრეს, რომ შეუშვეს დაკავებულებთან. გამიხარდა, იმიტომ, რომ მინიმუმ გავიგებდით შიგნით როგორ იყო, თუნდაც ციალა. მე ჩავთვალე, რომ ყველა ერთად ჰყავდათ და რომ შევიდა, სხვების ამბავსაც გაიგებდა.

იაკოს ვუთხარი, დედისთვის ჩემი ნომერი მიეცა და მე დაველაპარაკებოდი.

ამ ზარის მოლოდინში ვიყავი, ვმოძრაობდი ტერიტორიაზე, სრულიად უხმოდ, უკონტაქტოდ, როცა დავინახე ერთ-ერთ უცნობ პირს, აქციის მონაწილეს, ხელში რაღაც ქაღალდის გორგალი ეკავა. მივხვდი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ის სტიკერი. მართლა არ ვიცოდი რა იყო საერთოდ და ვუთხარი, თუ შეიძლება მომეცი, რის გამო აკავებენ ამ ადამიანებს, რომ ვიცოდე-მეთქი.

ეს სტიკერი როცა გამოვართვი, წავედი შუქისკენ, ჭიშკართან ახლოს უფრო კარგი განათება იყო. იქ მივედი წასაკითხად.

როცა წავიკითხე – „იფიცება საქართველო“, სრულიად საინფორმაციო შინაარსის და ასე ვთქვათ, კეთილშობილური განაცხადია, ბატონო პროკურორო, სხვათა შორის…

რომ დავინახე ამ სტიკერს ჰქონდა უკან წებოვანი ფურცელი, აი, ეს მოვაძვრე და იმიტომ, რომ საშინელ… მართლა, აი, თან ზარს ველოდები, არ ვიცი რა ვუთხრა იაკოს დედას, როცა არ ვიცი შიგნით რა ხდება, ვნერვიულობ, ვღელავ, რაღაც საშინელი პროტესტის განცდა მაქვს… თან არ ვიცი, ადამიანებს, რომლებიც ევროპულ მომავალს ითხოვენ, სხვა არაფერს, აი, აკავებ ასე, სრულიად უსამართლოდ, სტიკერის გაკვრისთვის… იქ გავიგე, ვიღაცები უბრალოდ კითხვას სვამენ თურმე – რატომ დააკავეთო და იმის გამო შეიყვანეს… ვაჟა დარჩიაზე მგონი ესე მითხრეს, სანამ მოვიდოდი.

  • ადვოკატი: მზია, ერთი წუთით, მინდა დაახლოებითი დრო გაიხსენოთ იქ მისვლის და თუ შეგიძლიათ, სასამართლოს უთხრათ, თქვენ რომ მიხვედით პოლიციის შენობის წინ, თქვენი იქ ყოფნისას საერთოდ ვინმე თუ დააკავეს? ვიდრე თქვენ სტიკერს გააკრავდით, ამ პერიოდზე გეკითხებით.

მზია ამაღლობელი: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არა თუ დააკავეს, სიმართლე გითხრათ, არა ვარ ესეთი უყურადღებოც, გარეთ პოლიციელებიც კი არ დამინახავს, მობილიზებული პოლიციაც. მხოლოდ აქციის მონაწილეები ჩუმად, სიჩუმე რომ ხმაურობს, რაღაც ასეთი დათრგუნულები იყვნენ.

არა, მოკლედ არავინ დაუკავებიათ ჩემი იქ მისვლიდან.

  • ადვოკატი: შესაბამისად, თქვენც არავის დაკავებაში ხელი არ შეგიშლიათ.

მზია ამაღლობელი: საკუთარი დაკავების დროს არ შემიშლია ხელი და სხვისი დაკავების დროს, რა ვიცი…

  • ადვოკატი: ახლა თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ სტიკერის გაკვრის ეპიზოდიდან. სტიკერი როგორ გააკარით, შემდეგ ბატონმა ბესელიამ როგორ დაგაკავათ, როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები.

მზია ამაღლობელი: სიმართლე გითხრათ, სტიკერი რომ გავაკარი, ეს მართლა იყო წმინდად გამოხატვის თავისუფლება და სოლიდარობის გამოხატვა, ასე ვთქვათ, ციალას და იმ დაკავებულების მიმართ და არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ დამაკავებდნენ.

აბსურდად მიმაჩნია ეს, დღესაც არ მჯერა. აი, ეს სტიკერი რომ გავაკარი, ვიღაცამ მომკიდა ხელი და შემიყვანა ჭიშკრის შიგნით. როგორც აღმოჩნდა, ის ვინც დამაკავა, ბატონი ბესელია ყოფილა თურმე, გრიგოლ ბესელია ყოფილა.

მინდა ვთქვა, რომ არც მას ვიცნობდი. ამბობდა, რომ მე არ დამიკავებიაო. …ადვოკატი არ შეუშვეს ჭიშკართან და ჭიშკარში თურმე ვიღაცამ შემიყვანა… არ ვიცი, რას ნიშნავს ეს „შემიყვანა“. კი, როცა შემიყვანა, ჩავთვალე, რომ დამაკავეს.

  • ადვოკატი:  აქვე გკითხავთ, ბატონმა ბესელიამ, მაშინ არ იცოდით, რომ ეს ბესელია იყო, ხელი რომ მოგკიდათ და შენობის მიმართულებით წაგიყვანათ, თქვენ ჩათვალეთ, რომ დაგაკავეს?

მზია ამაღლობელი: კი, რა თქმა უნდა.

კი ბესელიამ, ერთმა ადამიანმა რომ შემიყვანა ჭიშკრის შიგნით და შემდეგ რამდენიმე ხელი დაემატა, მე ასეთი აღქმა მქონდა. ისე კი არა, რომ თურმე რაღაცამ ვიღაცას „გადამცა“, რომ ცრუ მოწმე ვანაძე, რომელიც უტიფრად იდგა აქ, ამ დარბაზში და იმას ლაპარაკობდა, რომ თურმე მე ვიგინებოდი და ხელს ვუშლიდი პოლიციელს დაკავებაში…

ბოდიში, თავი ვერ შევიკავე.

  • ადვოკატი: მე მინდა გკითხოთ, გოჩა ვანაძე, შემდეგ ვიდეოებში ჩვენ ის ვაჩვენეთ არაერთხელ, თქვენ თუ გინახავთ ვანაძე თქვენი დაკავების პროცესში? თუ მოვიდა ვანაძე, თუ დაგაკავათ, რამე თუ გითხრათ?

მზია ამაღლობელი: არა, მე ვანაძე პირველად დავინახე ჩვენების მიცემის დროს. რომ არ დამავიწყდეს, თუ საჭიროა გავაგრძელებ, თუ არა და რა ვიცი, მკითხეთ.

როგორც გითხარით, ერთმა ადამიანმა შემიყვანა ჭიშკარში… შენობაში როგორც კი შემიყვანეს, შენობის შესასვლელში… რაღაც მსუბუქად ვუყურებდი ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ რა ვიცი… აბაშიძის დროს დამაკავეს და აი, ახლა დამაკავეს, თან სტიკერის გაკვრის გამო… ცოტა სასაცილოდ არ მყოფნიდა.

როცა დამაკავეს და შემიყვანეს შენობაში, დაკავებულები სად გყავთ, კარგია, ვნახავ-მეთქი – დაახლოებით ამ შინაარსის რაღაც ვთქვი. სად წავიყვანოთო და მესამეზე აიყვანეთო.

მესამეზე ამიყვანეს. შენობაში, დერეფანში არავინ არ იყო და ყველა კარი იყო დახურული. მესამე სართულზე როცა ამიყვანეს, იქაც არ იყო არანაირი მოძრაობა. შემიყვანეს ოთახში. მითხრეს, აქ დაჯექიო. დივანი იდგა. დიდი სამუშაო ოთახი იყო. 5 სამუშაო მაგიდა მაინც იქნებოდა, რამდენიმე ადამიანი იყო ოთახში 2-3 და ერთი ქალი პოლიციელი იყო, რომელსაც, აღმოჩნდა, რომ შორიდან ვიცნობდი.

როცა ქალთა ძალადობის თემაზე კონფერენცია მქონდა, ეს ქალი მოწვეული მყავდა. პროკურორიც მყავდა იმ კონფერენციაზე მოწვეული. ქალი იყო მთავარი პროკურორი, მახსოვს. მაშინ ის ნანა ხალითბაც მყავდა იმ კონფერენციაზე მოწვეული. ადრე ბავშვების თემაზე, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთანაც მუშაობდა, როგორც ვიცოდი. ყოველ შემთხვევაში, მისი საქმიანობის შესახებ ვიცოდი და ისე, კარგი გამარჯობით [ვიცნობდი], დისტანცირებულად, მაგრამ როცა იცი, ადამიანი რას აკეთებს.

გამარჯობა ქალბატონო მზიაო და ასე ვიჯექი.

კომუნიკაციაში დიდად არ შევსულვარ არავისთან. მათაც მცდელობა არ ჰქონიათ. ერთადერთი ქალბატონ ნანას ვთხოვე, რომ იქნებ გამაყუჩებელი მომცეთ-მეთქი. არანაირი წინააღმდეგობა არ შეუქმნია ნანას. თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, ვიღაც ბეჭდავდა, მიდიოდნენ-მოდიოდნენ. მე ვიჯექი.

  • ადვოკატი: რადგან ამ საკითხზე მიხვედით, ჯერ მაინტერესებს პირველი სართულის გასავლელად რა დრო დაგჭირდათ?

მზია ამაღლობელი: ძალიან სწრაფად, ერთი წუთიც არ სჭირდება იმ მონაკვეთის გავლას და ასვლას.

  • ადვოკატი: ოთახში როცა შეგიყვანეს, იქ რაიმე დოკუმენტი თუ შეადგინეს, რაიმე განმარტება თუ მოგცეს, რატომ დაგაკავეს, დაკავების ოქმი თუ გაჩვენეს?

მზია ამაღლობელი: არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად რაიმე ასეთი არ ყოფილა.

სიმართლე გითხრათ, მეც არ მომიკითხავს, იმიტომ, რომ რაღაც აბსურდად ვთვლიდი. მეც კი არ მიკითხავს, რატომ დამაკავეთ-მეთქი და არც არავის უთქვამს. არა, არანაირი მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა.

დროის აღქმა არ ვიცი… ერთი საათი, საათ-ნახევარი, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს. სიჩუმე რომ ჩამოწვა, ერთ-ორჯერ ზოგადი კითხვები დავსვი. აი, კრიმინალის მიმართულებაში სტატისტიკა… თავიდან თითქოს რაღაცა დაიწყეს, მაგრამ მერე, რომ დაინახეს კითხვები დავსვი, ჩაიკეტნენ ეგრევე პოლიციელები და არ შემდგარა ჩვენს შორის კომუნიკაცია. ვუთხარი, ხალხნო, თუ შეიძლება ტელევიზორი მაინც ჩართეთ, ოღონდ „პოსტTV“ არ ჩამირთოთ-მეთქი – გავიხუმრე.

ამ დროს კარები გაიღო და პაატა დიასამიძე და თამარ წულუკიძე შემოვიდნენ, ადვოკატები. თამარი ძალიან ნერვიულობდა. როგორა ხარ, რას შვრები, მომიკითხა. ვკითხე – სხვა დაკავებულები როგორ არიან-მეთქი.

მოკითხვა დასრულებული არც გვქონდა, მე მგონი თამარი აპირებდა პროფესიულ კომუნიკაციაში შესვლას, რომ ამ დროს შემოვიდა ვიღაც კაცი, ვიღაც რა, ის დადიოდა ამ ოთახში, რაღაც საზეიმო განწყობით თქვა, რომ გათავისუფლებთ ამ კაცის დამსახურებითო, ჩემს ადვოკატზე მიუთითა, პაატა დიასამიძეზე. აღმოჩნდა, რომ მას იცნობდა. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, რომ ამ კაცის დამსახურებით გიშვებ შენ, ოღონდ ხელწერილი უნდა დაწერო მაინცო.

პაატას შევხედე, არ ვიცი რას ნიშნავს ეს ხელწერილი, მაგრამ ვიცი, რომ ადვოკატი მყავს და ადვოკატმა მანიშნა კი. დავწერეთ ხელწერილი და უბრალოდ ერთადერთი ის იყო, რომ იმ ადამიანს, ვინც იყო სახელი და გვარი ვკითხე და რას ჰქვია არ მიცნობ, ნოდარი ვარ ზენაიშვილიო. ეს დამამახსოვრდა.

იმ დღეს უშუალოდ ვინც ვიცი და ამოცნობა შემიძლია და შემდეგ აქ ჩვენებებზე ვინც მოვიდა, ეს არის ნოდარ ზენაიშვილი. და ნანა ხალითბა, რომელიც აქ არ ყოფილა…

  • ადვოკატი: ერთი წუთით, ზენაიშვილმა გითხრათ, რომ ახლა განთავისუფლებთ და ხელწერილი უნდა დაწეროთ. მეტი განმარტება, რაიმე დაკავების დოკუმენტი?

მზია ამაღლობელი: არანაირი განმარტება, არაფერი არ ყოფილა, აი, საერთოდ. მე ჩავთვალე, რომ ტყუილად დამაკავეს და ასეც უნდა გაეკეთებინათ. არ ვიცი, ვფიქრობ, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, უფრო მეტი პროფესიული ინტერესი უნდა გამომეჩინა, მაგრამ რაღაც სიგიჟეში რომ ხარ და არასერიოზულად აღიქვამ სტიკერის გაკვრის გამო დაკავებას… ჰო, ალბათ ამიტომ შევხედე ასე მსუბუქად.

ორჯერ დამაჯარიმეს პატიმრობაში 3000 ლარით, ჯარიმა მომცეს სტიკერის გაკვრის გამო. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ ცრუ მოწმის ბრალდებებზე და  აუცილებლად დადგება დრო, როცა ამისთვის სამართლებრივ გარემოში მოეთხოვებათ პასუხი.

  • ადვოკატი: მე გკითხეთ, რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი თუ შეადგინეს-მეთქი და მივიღე პასუხი – არა. თქვენი პიროვნება მაინც თუ დაადგინეს, ვიდრე ერთი საათი პოლიციის შენობაში იმყოფებოდით. სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ვინ ხართ რა პროფესიის ხართ…

მზია ამაღლობელი: ქალბატონმა ნანამ მომმართა ქალბატონო მზიათი. ანუ ვიცნობდით ერთმანეთს და ეს ნიშნავს პიროვნების დადგენას?

  • ადვოკატი: არავის არ დაუდგენია თქვენი პიროვნება, ხომ?

მზია ამაღლობელი: არა. აი, ხომ გითხარით, ნანა ხალითბა მიცნობდა.

  • ადვოკატი: გათავისუფლებაზე გკითხეთ და გაგაწყვეტინეთ…

მზია ამაღლობელი: ადვოკატებთან ერთად გამოვედი შენობიდან. ჭიშკართან გარეთა მხარეს ჟურნალისტები იდგნენ. ბუნებრივია, ჰქონდათ კითხვები. მე ძალიან მოკლე კომენტარით შემოვიფარგლე. ვუთხარი, მე მგონი, არ ვიცი თუ სწორად მახსოვს, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს-მეთქი და დღესაც იმ დღის დაკავებებს, როგორც სიგიჟეს, ისე აღვიქვამ.

მათაც აინტერესებდათ, ჟურნალისტებმა დამისვეს კითხვა რა მუხლით დაგაკავეს, რის საფუძველზე გამოგიშვეს და, ბუნებრივია, არაფერი არ მქონდა მათთვის სათქმელი, იმიტომ, რომ არც არავის უთქვამს ან რა მუხლით დამაკავეს ან რის საფუძველზე გამომიშვეს. ერთადერთი რაც იყო, რომ ხელწერილის საფუძველზე გამომიშვეს, ეს ვუთხარი.

ზოგადად, სპიკერი არა ვარ და ისედაც ეს კამერები, განათებები, ღამის შუქი ძალიან მოქმედებს ჩემზე. პირდაპირი მნიშვნელობით წონასწორობას ვკარგავ, ოღონდ ფიზიკურ წონასწორობაზე ვსაუბრობ. მალე გავეცალე იქაურობას და თან დავინახე იქვე, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლები ბავშვებით იყვნენ, ნამტირალევი სახეებით და ამაზე ავღელდი, რა თქმა უნდა. მთელი აქცენტი გადავიტანე ჩემი ახლობლების დამშვიდებაზე, რომ კარგად ვარ, რაღაც ამ ფორმატში ვიყავი. ახლობლები მოდიოდნენ.

მინდა ავღნიშნო, რომ ოჯახის წევრების გარდა თანამშრომლებიც კი ბავშვებთან ერთად იყვნენ გამოსულები.

ეს უნდა ავღნიშნო განსაკუთრებით, ასევე ჩემთან მოვიდა, გადამეხვია გიგი. გიგის ვეძახით გიორგი გაბაიძეს, ჩემი მეგობრის, „ბათუმელების“ რედაქტორის დისშვილს. როგორ ხარ, ვერ ვიჯერებ, რომ დაგაკავეს, სახლში, ტელევიზორში ვნახე შენი დაკავება, სახლიდან გამოვედიო. გიგის ბავშვობიდან ვიცნობ. ის არ იყო უბრალოდ მეგობრის დისშვილი. აი, როგორც ჩემს ძმიშვილებზე ვიცი ხოლმე რა უხარიათ, რა სწყინთ, ვისთან მეგობრობენ, როგორ სწავლობენ, რომელ ექიმთან დადიან… ასე ახლოს ვიცნობი ამ ადამიანს.

ამ საუბარში ვარ გიგისთან, რომ ხმამაღალი შეძახილები გაისმა: „ციალა, ციალა“… წავედი ციალასკენ, თუმცა შეაყოვნეს ციალა ქათამიძე ჟურნალისტებმა. ციალა კომენტარს რომ იძლეოდა, რამდენიმე წუთში რამდენიმე დაკავებული გამოვიდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცნობდი უშუალოდ არც ერთ მათგანს.

როცა ციალას საუბარს ვისმენდი, სრულიად გაოგნებული დავრჩი, როგორ ლაპარაკობდა ციალა, რომ მას ესმოდა სხვა დაკავებულების ცემა-ტყეპა, ხმები, ყვირილი და საშინლად ავღელდი. წარმოიდგინეთ, ციალა დააკავეს, გოდერძი დააკავეს, ამაზე ვნერვიულობდი და მე დაკავებული ვიყავი და ვერ გავიგე ეს ყველაფერი.

მაშინ მივხვდი, ჩემი შეცდომა იყო ის, ვერ მივხვდი, რომ მე გამარიდეს ამ ყველაფერს. როცა ვთქვი, სხვა დაკავებულები სად არიან, რაც შეიძლება შორს წამიყვანეს, რომ არავინ არ დამენახა, ალბათ.

ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა.

ამ ემოციურ განწყობებში ვიყავი, როცა უცებ ატყდა რაღაცნაირი ხმაური.

გაგრძელება იქნება.  

___________________________________________________

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება.

„მაჩვენეთ ბავშვი!“ – 21 წლის სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლოში ცუდად გახდა

16 ივლისს, თბილისში, 21 წლის სტუდენტის, გიორგი გორგაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად. გიორგი სხდომათა დარბაზში შეუძლოდ გახდა, საჭირო გახდა სხდომის შეჩერება და სასწრაფოს გამოძახება.

გიორგი გორგაძე 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დააკავეს და უკვე 7 თვეზე მეტია ციხეშია. დაკავებამდე ის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში TI ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლობდა.

როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ჰყვებიან, ის დარბაზში შემოსვლის მომენტშიც ცუდად გამოიყურებოდა – ფერი არ ედო სახეზე. გიორგი გორგაძის დედამ შვილთან მიახლოება მოინდომა, რისი საშუალებაც მანდატურებმა და ბადრაგებმა არ მისცეს. მან მოითხოვა ექიმი გამოეძახებინათ. ამის შემდეგ გორგაძე ბადრაგებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

„მანდატურებსა და მშობლებს შორის შელაპარაკებაა. მანდატურები განსაკუთრებული აგრესიით პასუხობენ დედებს. სინდისის პატიმრებიდან შეძახილები ისმის: „დედაჩემს როგორ ელაპარაკები…“, „წესიერად ელაპარაკეთ დედაჩემს…“

სამი-ხუთი წუთის შემდეგ გიორგი გორგაძე კართან წამიერად ჩნდება და მერე ისევ კარს უკან იფარება. პარალელურად ისმის რაღაცის დაცემის ხმა.

• გორგაძის დედა: „ვაიმე, ბავშვი, ბავშვი მაჩვენეთ!“ – და მიიწევს კარისკენ.
• მანდატურები: „ბოთლი დავარდა“
• გორგაძის დედა: „მაჩვენეთ ბავშვი!“
• ადვოკატები: „ბოთლი დავარდა, კარგადაა!“

ისმის დედების შეძახილები მოსამართლის მიმართ: „გამოუტანეთ განაჩენი და დაასრულეთ! რატომ გვაწამებთ ამდენს… დაასრულეთ!.. ისედაც ყველამ ვიცით რასაც იზამთ, დაასრულეთ ეს ყველაფერი…“, – წერს ფეისბუქზე მოქალაქე თამარ კურატიშვილი, რომელიც სხდომას ესწრებოდა.

გორგაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას ედავება. გორგაძისა და ამავე მუხლით დაკავებული კიდევ 18 ბრალდებულის საქმე ორ ნაწილად – 8 და 11-პირიან საქმეებად არის დაყოფილი.

გორგაძე 8-პირიანი საქმეშია თანატოლებთან – 19 წლის ზვიად ცეცხლაძესა და ირაკლი მიმინოშვილთან, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილთან და 24 წლის თორნიკე გოშაძესთან, ასევე ინსაფ ალიევთან, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილთან ერთად.

ამავე მუხლით აქვთ ბრალ წარდგენილი 11-პირიანი საქმეში ბრალდებულებსაც – გიორგი ტერიშვილის, ჯანო არჩაიას, ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ირაკლი ქერაშვილის, გურამ მირცხულავას, რევაზ კიკნაძეს, ლუკა ჯაბუას, ვალერი თეთრაშვილს, რუსლან სივაკოვსა და სერგეი კუხარჩუკს.

პროკურატურას არ აქვს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათ მიერ ჩადენილ კონკრეტულ ქმედებას დაადასტურებს – ვიდეო, სადაც შეიძლება ჩანდეს, რომ მათ ვინმე ან რამე დააზიანეს; მოწმე, რომელსაც შეეძლო დაენახა მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული; პოლიციელი, რომელიც იტყვის, რომ რომელიმე მათგანი თავს დაესხა.

პროკურორებს, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილს სასამართლოსთვის წარდგენილი აქვთ ცალკეული ვიდეოები (რომელთა მოპოვების კანონიერებას ადვოკატები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ, თუმცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ისინი დასაშვებად ცნო), სადაც ჩანს ბრალდებულების ქმედებები აქციაზე და ამტკიცებენ, რომ ეს მოქმედებები არის ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი და ჯგუფური, რომლებიც მიმართულია პოლიციელთა წინააღმდეგ. თუმცა, უწყება ვერც იმას ამტკიცებს, როგორ ჩაიდინეს ჯგუფური, მით უფრო ორგანიზებული დანაშაული ბრალდებულება, რომელთა უმეტესობამ ერთმანეთი დაკავების შემდგე, ციხეში გაიცნო.

არსებობს „დიპ სტეიტი“? რას ამბობს ხალხი ბათუმში – ქუჩის გამოკითხვა

რას ამბობს ხალხი ბათუმის ქუჩებში „დიპ სტეითზე“, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს? ვინ ან რა არის „დიპ სტეიტი“? – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში.

სჯერათ თუ არა დიპ სთეითის არსებობა ბათუმში - ქუჩის გამოკითხვა

თელავის უნივერსიტეტიდან პროფესორები გაათავისუფლეს – „ვაპროტესტებდით რეჟიმს“

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხ პროფესორს, ადმინისტრაციამ შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. პროფესორები მიიჩნევენ, რომ მათი უნივერსიტეტიდან გაშვებას პოლიტიკური საფუძველი აქვს, რადგან კრიტიკულად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, ღიად გამოხატავენ პოზიციას და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში.

„განათლებული ადამიანი მათთვის ძალიან საშიშია, რადგან ვეღარ გაზრდიან მონებს“, – ამბობენ პროფესორები.

შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტეს გიორგი გოცირიძეს, მის მეუღლეს ქეთევან გიგაშვილს, ასევე გაათავისუფლეს სამსახურიდან ქეთევანის და, მზია გიგაშვილი (ასისტენტ პროფესორი), ნინო ძამუკაშვილი და ნინო გოგიაშვილი.

პროფესორების განცხადებით, მათი სამსახურიდან გათავისუფლება ე.წ. რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა. ეს, მათი აზრით, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული „რეფორმის“ ფარგლებში დაგეგმილ წმენდას უკავშირდება.

„ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

გიორგი გოცირიძე 2003-2004 წლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც იყო, თუმცა ამჟამად, პროფესორის თანამდებობა ეკავა უნივერსიტეტში.

მისი თქმით, ე.წ. რეორგანიზაციის ფარგლებში კონკურსი 9 სექტემბრიდან უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მას და მის მეუღლეს, ასევე კიდევ სამ აკადემიურ პერსონალს, ხელშეკრულება 13 ივლისს შეუწყვიტეს.

„რა თქმა უნდა, მოტივი პოლიტიკურია, რადგან იმ კრიტერიუმებს, რომელიც საკონკურსო პირობებში ჩაწერეს, არაფერი აქვს საერთო კვალიფიკაციასთან, მეცნიერულობასთან, აკადემიურობასთან, ეს არის ადმინისტრაციასთან ლოიალობის ტესტი. მეორე – როცა უნივერსიტეტი ამბობდა, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობაა და ამიტომ აცხადებს რეორგანიზაციას, მე შევთავაზე აქედან ძალიან უმტკივნეულო გამოსვლის გზები: ნაცვლად 60 ათასი ლარისა, რომელსაც ჩვენი გათავისუფლებით დაზოგავდნენ, 260 ათას ლარს გამოათავისუფლებდნენ. თუმცა არანაირი პასუხი და განხილვა არ დაწყებულა ამაზე.

ჩვენ კონკურსის გზით გვქონდა ეს თანამდებობები 2020 წლის 9 სექტემბერს დაკავებული და ახლა, კონკურსამდე გაგვიუქმეს ეს ხელშეკრულებები“, – ამბობს გიორგი გოცირიძე „ბათუმელებთან“.

გიორგი გოცირიძე

მისი თქმით, რეორგანიზაციას საფუძვლად დაუდეს 2025 წლის 13 ივლისის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც წერია, რომ შტატებს ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ამცირებენ.

„როცა 2025 წლის 2 ივნისს, განგაშის ზარები შემოჰკრეს და თქვეს, სტუდენტები აღარ გვყავს და შტატები უნდა შევამციროთო, უნივერსიტეტის რექტორმა შექმნა კომისია, რომელმაც 4-5 ადამიანზე მორგებული კრიტერიუმები შეიმუშავა, რადგან ჩვენ უნდა გავეშვით.

აკადემიურობის და მეცნიერულობის 9 კრიტერიუმიდან მარტო ორია წარმოდგენილი და ისიც ნაწილობრივ ასახავს ჩვენს აკადემიურობას. დანარჩენი არის „მადლობა“, „საყვედური“, რექტორის მიერ პროფესორების საბჭოებში შეყვანა და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო მომართული.

მაგალითად, კრიტერიუმს „მადლობა“ ენიჭებოდა 3 ქულა. ანუ რექტორის მადლობები უნდა გვქონოდა, რომ ეს კრიტერიუმი დაგვეკმაყოფილებინა.

ნინო გოგიაშვილმა „გაფრთხილება“ მიიღო იმის გამო, რომ ის შუალედური წერების დროს, რომელსაც საგამოცდო ცენტრი იბარებს და პროფესორი არაფერ შუაშია, იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ქეთევან გიგაშვილმა კი „გაფრთხილება“ მიიღო იმის გამო, რომ ავად ყოფნის დროს დისტანციურად ჩაუტარა სტუდენტებს ლექცია, თუმცა შემდეგ ეს საათები მაინც აანაზღაურა. ანუ 6-ის ნაცვლად 12 საათი ჩაატარა, მაგრამ მაინც გამოუცხადეს საყვედური.

ეს ყველაფერი ხდებოდა 2023 წლის მარტიდან, როცა პირველი რუსული კანონი შემოიტანეს და ჩვენ, ეს 5 ადამიანი სულ გარეთ ვიყავით აქციებზე და ახლაც გარეთ ვართ.

ჩემი რექტორობის დროს, მე და ჩემმა მეუღლემ უნივერსიტეტს მილიონზე მეტი ლარი მოვუტანეთ სამეცნიერო გრანტებით. მსგავსი პრეცედენტი თელავის უნივერსიტეტს არ აქვს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩაბმული ვართ იმ დამღუპველი საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ატარებდა – ამცირებდა სპეციალობებს. ჩვენ ვეუბნებოდით რექტორს, რომ ეს გამოიწვევდა სტუდენტების შემცირებას და პროგრამების დახურვას. ასეც მოხდა“, – ამბობს გიორგი გოცირიძე.

მისი თქმით, სპეციალობების შემცირებამ, სწავლების ხარისხის დაცემამ, აკადემიური პერსონალის გადინებამ გამოიწვია სტუდენტების რაოდენობის შემცირებაც. ამას დაემეტა მძიმე სოციალური ფონი ქვეყანაში და სტუდენტების ნაწილმა სტატუსები შეიჩერა.

„24 სპეციალობა იყო ჩემი რექტორობის დროს და ახლა 8 თუ 10 სპეციალობაა დარჩენილი“- გვეუბნება ის.

მისი აზრით, ამ კრიზისების მიუხედავად, უნივერსიტეტის კრიტიკულად განწყობილი პროფესორების გაშვება მაინც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.

„მე მგონი კობახიძის დაანონსებული „რეფორმისთვის“ მზადება თელავის უნივერსიტეტმა პირველმა დაიწყო.

საერთოდ, საქართველოში „ოცნებამ“ ინტელექტუალურ საზოგადოებას ბრძოლა გამოუცხადა, ეკონომიკური ბრძოლაც მათ შორის. თემურ-ლენგი რომ იქცეოდა ხოლმე ისე, როცა ეკონომიკური ომი გამოუცხადა საქართველოს და ადრე გაზაფხულზე გამოილაშქრებდა ხალხს ყანები რომ არ დაეთესა… მერე, გვიან შემოდგომაზე, რომ თუ ვინმემ მოასწრო დათესვა, ის წაეღო.

ანალოგიური ეკონომიკური ომი აქვს გამოცხადებული დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას ინტელექტუალური ელიტისთვის, პატრიოტი ხალხისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას იცავენ. ვინც ამის წინააღმდეგ ხმა იმაღლებს, იმათი მარგინალიზაცია უნდა მოხდეს.

უნდათ, რომ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დავდგეთ, შემოსავლები არ უნდა გვქონდეს, განდევნილი უნდა იყვნენ ყველა სივრციდან. აი, ამისი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა ჩვენს უნივერსიტეტში“, – ამბობს გიორგი გოცირიძე.

ის ერთ ეპიზოდს იხსენებს წინა ხელისუფლების დროიდან, რომელიც ასევე აკადემიურ სფეროში კრიტიკული აზრის დევნას უკავშირდებოდა.

„ნაციონალების“ დროს მაღალ თანამდებობაზე მყოფ ერთ პირს ვკითხე, რატომ აწვებით ასე ხალხს, ხომ იცით ფიზიკის კანონია, რაც უფრო დიდი დაწოლა, უფრო დიდი აქვს უკუძალა-მეთქი და ასე მიპასუხა – ისე უნდა დააწვე, რომ გადაამტვრიოო. ასე იქცევიან ესენიც.

არ ვიცი შეძლებენ თუ ვერა უნივერსიტეტების გადამტვრევას. ვნახოთ. შესაბამისად, ეს გათავისუფლებაც ერთგვარ მოტივაციას გვაძლევს ბრძოლისთვის – პრიორიტეტების დალაგებაში უკეთ დაგვეხამარა. ჯერ ქვეყანას უნდა მივხედოთ და მერე დაბლაც დალაგდება. მათ შორის უნივერსიტეტებშიც“, – გვეუბნება გიორგი გოცირიძე.

ის კრიტიკულია თავისი ყოფილი კოლეგების მიმართ, რომლებიც დღეს დუმილს ამჯობინებენ.

„ახლა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის უმრავლესობა გაჩუმებულია. მე ისტორიკოსი ვარ პროფესიით და თითზე ჩამოსათვლელი ისტორიკოსები თუ აქტიურობენ და ააშკარავებენ „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრიობას.

ანტიევროპულზე უკვე აღარ ვსაუბრობ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ კურსზე ვსაუბრობ, რომლითაც წყალს გაატანეს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა; ის სისხლი, რომელიც საუკუნეების წინ კი არა, გუშინ და გუშინწინ დაიღვარა და დღესაც იღვრება. ეს არის დამღუპველი, როცა პატრიოტებს, ახალგაზრდებს სახის ძვლებს ულეწავ და იმას უკეთებენ ადამიანებს, რასაც უკეთებენ გნებავთ მზიას, გნებავთ სხვებს. ეს უპატიებელია.

ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რომელსაც ეს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს. და თუ ამას არ აპროტესტებ, ეს კიდევ უფრო დამთრგუნველია. 30-იან წლებში სხვა კი არაფერი ხდებოდა. ჩვენ უკვე ვიცით, 30-იან წლებში ვინ სად ვიდგებოდით“, – გვეუბნება ის.

მისი გათავისუფლების ამბავს იუმორშიც ატარებს, რადგან ამბობს, რომ დღევანდელი რექტორი, მისი მაგისტრანტი და დოქტორანტი იყო.

„ჩემი ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია და ახლა გამიშვა სამსახურიდან.

ისტორიკოსმა ოთარ ჯანელიძემ დამიწერა ფეისბუქზე, ესეც ჩაივლის, ოღონდ „გამზრდელი“ ხელმეორედ აღარ წაიკითხოო. ასე გადაგვაქვს იუმორში, მთავარია ქვეყანას ვუშველოთ“, – ამბობს გიორგი გოცირიძე.

ნინო გოგიაშვილი 

ნინო გოგიაშვილი (ფსევდონიმი ნუციკო დეკანოზიშვილი) ასოცირებული პროფესორია. ისიც ე.წ. რეორგანიზაციის გზით გამოუშვეს სამსახურიდან.

„ჩვენ, ხუთნი ვაპროტესტებდით არსებულ რეჟიმს და ყველა გაგვიშვეს.

მივმართეთ სასამართლოს და ვასაჩივრებთ, როგორც საკონკურსო პირობებს, ასევე გათავისუფლებას.

კატასტროფულად შემცირდა სტუდენტების რაოდენობა, ძალიან ბევრი სტუდენტი იჩერებს სტატუსს არასწორი მენეჯმენტის გამო. ეს რეორგანიზაცია ჩვენზეა რომ არის მორგებული, ჩანს ყველაფრით. თავიდან, რექტორმა შალვა ჭკადუამ გაგვიუქმა ფეისბუქზე მეგობრობა, ბოლოს დერეფანშიც კი აღარ მომესალმა. თელავი პატარა ქალაქია და ძალიან მარტივად ვრცელდება ხმები. მეუბნებოდნენ, რომ მე უნდა გავეშვი თანამოაზრეებთან ერთად.

რეპრესირებულ მდგომარეობაში ვიყავი, არ მესალმებოდნენ თანამშრომლები, თვალს მარიდებდნენ, ამომიღეს საორგანიზაციო საბჭოებიდან, არ მომცეს უფლება ჩამეტარებინა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც გასულ წელს ძალიან აქტიურად განვახორციელე. პირდაპირი ზეწოლა, ჩემი მარგინალიზაცია მიმდინარეობდა. სხვათა შორის, იყო პოლიტიკური მუქარები, რომელიც პირდაპირი და ირიბი გზებით წამოვიდა გაცილებით მაღალი ეშელონების წარმომადგენლების მხრიდან. ამაზე სასამართლოში ვისაუბრებ.

რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებსაც ასე ექცეოდნენ“, – ამბობს ნინო გოგიაშვილი.

მისი აზრით, ეს დევნა ვერ იქნება მხოლოდ ადმინისტრაციის ინიციატივა, „ამას აქვს დავალების სახე“, -ამბობს ნინო.

„გასაგებია რომ „ოცნების“ მთავრობას სურს მოსპოს ქვეყნის მთავარი ბერკეტი – განათლება, რადგან განათლებული ადამიანი მათთვის ძალიან საშიშია, რადგან ვეღარ გაზრდიან მონებს.

მეც ძალიან საშიში აღმოვჩნდი რეჟიმისთვის, რადგან ვასწავლი ოთარ ჭილაძის „გოდორს“, ვასწავლი „გორა მბორგალს“, ვასწავლი ჩხეიძეს და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი, მე-20 საუკუნის ლიტერატურა ხომ – რეპრესიები. და რა თქმა უნდა, ყოველთვის შემოდის თანამედროვე კონტექსტი.

აი, ეს თავისუფალი აზრი არ მოსწონთ და არ სჭირდებათ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, მაღალი თავისუფლების ხარისხის, ეროვნულ პოზიციაზე მდგომი აკადემიური პერსონალი.

ის კოლეგები, რომლებიც არათუ არ გამოხატავენ სოლიდარობას, არც კი გვესალმებიან და ორაზროვან პოსტებსაც კი წერენ, რომ თურმე დავიმსახურეთ ასეთი მოპყრობა, სისტემის წარმომადგენლები არიან და მიჰყვებიან ამ არაჯანსაღ დინებას“, – გვეუბნება ნინო გოგიაშვილი.

ის ამბობს, რომ პროტესტში ყოფნის გამო, ჰქონდა მოლოდინი, რომ გაუშვებდნენ უნივერსიტეტიდან, თუმცა მისთვის თავისუფლება სამსახურზე უფრო მნიშვნელოვანია.

„მე გამიჭირდება ვიღაცის სულში ჩავყო ხელები და გავიგო მათ რად უღირთ ასეთ სისტემაში დარჩენა, აკადემიური თავისუფლების გარეშე. მე ის ვიცი, რომ ჩემი, როგორც ადამიანის ონტოლოგიური მოთხოვნილება არის თავისუფლება“, – ამბობს ნინო.

„ბათუმელები“ ისაუბრა ნინო ძამუკაშვილსაც, რომელიც ასევე გაუშვეს უნივერსიტეტიდან.

„პირველ რიგში, ჩემი სრული სოლიდარობა და თანადგომა მზია ამაღლობელს გამძლეობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის“, – გვეუბნება ნინო ძამუკაშვილი.

ნინო ძამუკაშვილი

ნინო ძამუკაშვილიც მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნის მოტივი პოლიტიკურია და უკავშირდება „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მის კრიტიკულ განწყობებს.

„როდესაც ათავისუფლებ 4 პროფესიონალს, ამდენი დამსახურების და მრავალწლიანი სტაჟის მიუხედავად, აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება.

ჩვენი პროტესტი იყო გამოხატული აქციებზე, მას შემდეგ, რაც კობახიძემ გამოგვიცხადა, რომ ევროპული კურსის შეჩერებას აპირებენ. მას შემდეგ ვდგავართ ოთხივე საპროტესტო აქციებზე. აი, ეს იყო მიზეზი“.

მისი თქმით, სამწუხაროა ის, რომ თავისუფალი აზრის გამო გაიმეტა ოთხი გამოცდილი პროფესიონალი მორჩილებაში მყოფმა ადმინისტრაციამ.

„ასეთი რეჟიმები ბოლო ეტაპებს ითვლიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირიქით, გაძლიერდება მუხტი, ამით გაცილებით მეტ ადამიანს გააბრაზებენ და ეს მათი დასასრულის დასაწყისი იქნება“, –  გვეუბნება ის.

სამსახურიდან გაშვებული პროფესორები ასევე საუბრობენ „ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკის შედეგად საფრთხის ქვეშ დაყენებულ ვიზალიბერალიზაციაზე, რომელიც შესაძლოა დაკარგოს ქვეყანამ, რითაც მთელი ქვეყანა დაზარალდება.

„ჩვენ, როგორც ლექტორებმა, როგორც გაცვლითი პროგრამების მრავალჯერ მოსარგებლეებმა, გამოვხატეთ აზრი, თუ რას დაკარგავენ საგანმანათლებლო დაწესებულებები „ერაზმუსის“ დაკარგვით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით. ვსაუბრობდით იმაზე, რამდენი ლექტორისა და სტუდენტისთვის გაიხსნა ევროპული შესაძლებლობები, როგორ განვითარდნენ პიროვნულად, პროფესიულად და რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ეს ყველაფერი.

ვფიქრობ, უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი ამას აცნობიერებს, თუმცა დიდი ნაწილი მაინც შეშინებულია და პროტესტს ვერ ბედავს.

თუმცა, რამდენიმე სტუდენტი აქტიურად იდგა ჩვენ გვერდით ან ჩვენ მათ გვერდით“, –  ამბობენ პროფესორები.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა უნივერსიტეტს რექტორს შალვა ჭკადუასაც და ჰკითხა, რა მიზეზით გაუშვა პროფესორები უნივერსიტეტიდან.

შალვა ჭკადუა ამბობს, რომ შტატების შემცირება უნივერსიტეტის რებრენდინგს მოჰყვა. თუმცა, დასძენს, რომ ზემოთ აღნიშნული პროფესორების გარდა სამსახურიდან სხვა ადამიანებიც გაუშვა. სულ 14 ადამიანი მოჰყვა შემცირებაში.

„რეორგანიზაცია არ შეეხო მხოლოდ 5 ადამიანს, შეეხო სხვა ადამიანებსაც. როგორც აკადემიური თანამდებობის პირებს, ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს.

ჯამში, 8 აკადემიური თანამდებობის მქონე პირი გათავისუფლდა თანამდებობიდან და 3 ადმინისტრაციული დამხმარე თანამდებობის პირი, ასევე 3 ადმინისტრაციული დამხმარე პირი.

ეს არის უნივერსიტეტის ერთგვარი რებრენდინგი, რომელიც ორი ფაკულტეტების გაერთიანებას გულისხმობს. ეს არის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რაც ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტრატეგიულიგეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტების გაძლიერებას.

ამ შემთხვევაში ეს არის განათლების მეცნიერებების მხარდაჭერა, რომელიც რესურსების აკუმულირებას ემსახურება ამ მიმართულებით“-ამბობს შალვა ჭკადუა.

მისი თქმით, საკითხი ისე კი არ დგას, ვინმე აკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნილ კრიტერიუმებს, არამედ უნივერსიტეტის რა საჭიროებების გაძლიერებაა მთავარი.

„თუ გიორგი გოცირიძის შემთხვევაზე ვისაუბრებთ, პროფესორის ორი აკადემიური შტატი, არ არის რელევანტური გამომდინარე იქედან, რომ კვლევები რასაც პროფესორი უნდა ხელმძღვანელობდეს, არ არის განპირობებული ამაზე, არსებობს ერთი სამაგისტრო პროგრამა ისტორიის მიმართულებით და შესაბამისად, 1 აკადემიური შტატი პროფესორის მიმართულებით. ეს არის ინსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს იმას რომ ადამიანური და ფინანსური რესურსი იყოს იმგვარად გამოყენებული რომ უნივერსიტეტის მიზნები იყოს მიღწეული“-ამბობს რექტორი.

მისი თქმით, ამჟამად ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე 4 სტუდენტი ირიცხება და „4 სტუდენტს არ სჭირდება ორი პროფესორი“.

ამ ორ პროფესორს შორის არჩევანი რის მიხედვით გააკეთეთ? – ვკითხეთ შალვა ჭკადუას. მისი თქმით, ეს მოხდა „ძალიან მკაფიო კრიტერიუმების მიხედვბით“, რომელიც შემუშავდა აკადემიური საბჭოს მიერ.

მას ასევე ვკითხეთ თუ რას უკავშირდება სტუდენტების რაოდენობის შემცირება უნივერსიტეტში, რაზეც რექტორი გვპასუხობს, რომ კატასტროფული შემცირება არ აქვთ და ეს ცვლილება ბაზრის ლოგიკურ მოთხოვნებს უკავშირდება.

„თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან შრომის ბაზარი არ ითხოვს 100 ან 200 ისტორიკოსის ან ფილოლოგის ვაკანსიას, თუმცა ძალიან მოთხოვნადია ისტორიის, ქართულის ან ინგლისურის მასწავლებლობა საჯარო სკოლებში. ამიტომაც უნივერსიტეტის სტრატეგია დაეფუძნა იმას, რომ პრიორიტეტები არის განათლების მეცნიერებები და ამ ორი ფაკულტეტის ინტეგრაციაც ზუსტად ამას გულისხმობდა, რომ გვჭირდებოდა უფრო მეტი მასწავლებელი, ვიდრე უბრალოდ ისტორიკოსი ან ფილოლოგი“-ამბობს შალვა ჭკადუა.

მისი თქმით, ამ დროისთვის თელავის უნივერსიტეტს 1200 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, 1400-მდე კი აქტიური სტატუსის მქონეა.

„აქ არსებობს გამოწვევები, რომელსაც ვებრძვით და ეს არის მაგალითად სტუდენტების მხრიდან პარალელურ რეჟიმში შრომის ფაქტორი, რის გამოც ვერ ახერხებენ საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან ჩართულობას და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე დაფინანსების შენარჩუნებას.

ეს იწვევს სტუდენტთა სტატუსის შეჩერებას და ეს ნუნებრივია აისახება უნივერსიტეტის ფინანსურ მდგომარეობაზე“.

მას დაზუსტებისთვის ასევე ვკითხეთ გათავისუფლებული პროფესორების შემთხვევაში იქონია თუ არა გავლენა ამ ადამიანების კრიტიკულმა დამოკიდებულებამ „ოცნების“ ხელისუფლებსი მიმართ და მათმა მონაწილეობამ საპროტესტო აქციებში?

შალვა ჭკადუა ამ პროფესორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს. მისი თქმით, პოლიტიკურ დევნაში მისი დადანაშაულება …

„რეორგანიზაცია იმ ადამიანებსაც შეეხოთ, რომლებიც არ არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, შესაბამისად, იმის თქმა, რომ მათ შეეხოთ პოლიტიკური ნიშნით, ანგაჟირებული განცხადებაა და ვერ დავეთანხმები მათ ამ ნაწილში. არავითარი პოლიტიკური ნიშანი აქ არ ყოფილა“ – ამბობს შალვა ჭკადუა.

_______________

მთავარ ფოტოზე: გიორგი გოცირიძე, ქეთევან გიგაშვილი და ნინო გოგიაშვილი.

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავებულია 3 ბავშვი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვია.

შემთხვევა დღეს, 16 ივლისს, საღამოს მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულები გადაყვანილი არიან კლინიკაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფინეთში აკრძალეს უძრავი ქონების მიყიდვა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის

ფინეთში ამოქმედდა აკრძალვა უძრავი ქონების შესყიდვაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე, ანტტი ჰაკანენზე დაყრდნობით წერს, რომ  კანონი ფინეთის უსაფრთხოების განმტკიცებისა და გავლენის ნებისმიერი მცდელობის აცილებისკენაა მიმართული.

ფინეთის მთავრობის შესაბამისი დადგენილება  2025 წლის 15 ივლისს შევიდა ძალაში.

უძრავი ქონების შეძენის ნებართვა არ გაიცემა იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთა ქვეყანა არღვევს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს უქმნის ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ამ რეფორმის საჭიროება დიდი ხანია არსებობდა, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმამდეც კი. მოხარული ვარ, რომ ეს კანონი საბოლოოდ მიიღეს და ძალაში შედის. საქმე ეხება ფინეთის უსაფრთხოების გაძლიერებას“ – წერს ფინეთის თავდაცვის მინისტრი X-ზე.

____________

ფოტოზე: ანტტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

 

გონიოში ავარიის დროს დაშავებული 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა

გუშინ, 15 ივლისს, გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 23 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.

გონიოში ავარიის შედეგად გუშინ სულ 3 პირი დაშავდა, რომლებიც ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, „ბათუმელებს“ დღეს კლინიკაში უთხრეს, რომ ისინი უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამ თემაზე:

ავარია გონიოში – დაშავდა 3 პირი

 

რუსეთმა ვინიცასა და კრივოი როგზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა

რუსეთმა 16 ივლისს, გამთენიისას, უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის ვინიცაზე, კრივოი როგსა და კრამატორსკზე, მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა.

რუსეთის დარტყმის ძირითადი სამიზნე იყო ქალაქები: კრივოი როგი, ხარკოვი და ვინიცა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ვინიცაში თავდასხმის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა; კრივოი როგში მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა, დაშავდა 17 წლის ბიჭი, ქალაქ ხარკოვში კი 15-16 ივლისს სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შემდეგად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა 16 ივლისს უკრაინას „ისკანდერის“ რაკეტებითა და 400 „შაჰედის“ ტიპის დრონით შეუტია.

ოფიციალური განცხადების თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის 198 დრონი და 145 დრონის იმიტატორი დაიკარგა ან უკრაინელებმა  ჩაახშეს ელექტრონული საშუალებით.

ბათუმში ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა – „თბილისში რაც მოხდა, იმის შემდეგ უფრო გვეშინია“

„თბილისში სახლის ჩამონგრევის შემდეგ უფრო გვეშინია. იქნებ ისევ დაწეროთ ჩვენზე, მერე ყველა მოვა, ნანგრევებში რომ აღმოვჩნდებით“ – მოგვწერა მოქალაქემ „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 14 ივლისს, თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩვენი რესპონდენტი ბათუმში, ფიროსმანის #1-ში მდებარე ისტორიულ სახლში ცხოვრობს. უკვე წლებია ამ სახლს ბზარები გაუჩნდა და მისი მდგომარეობა მდგრადობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით წლიდან წლამდე უარესდება.

ბათუმი, ფიროსმანის #1 – ში მდებარე ისტორიული სახლი

სახლი ბათუმის მერიის ავარიული სახლების პროგრამაში მას შემდეგ ჩასვეს, რაც აქ მცხოვრებთა თხოვნით ბათუმის მერიამ შენობის ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს დაუკვეთა, ექსპერტიზის ბიურომ კი დასკვნაში ჩაწერა, რომ შენობა აღდგენას არ ექვემდებარება:

„ფიროსმანის ქ.#1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. დაზიანებათა ხასიათისა და მოცულობიდან გამომდინარე შენობის აღდგენა არარენტაბელურია და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად“ – წერს ექსპერტი ალექსანდრე კაიფანჯიანი.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ამ დასკვნის შემდეგ სახლის მდგომარეობა უფრო დამძიმდა და ეშინიათ ერთ დღეს ნანგრევებში არ აღმოჩნდნენ.

ბზარი სახლის ფასადზე
ბათუმი, ავარიული სახლი ფიროსმანის #1-ში
ბათუმი, ავარიული სახლი ფიროსმანის #1-ში – სადარბაზო

ამ სახლში 14 ოჯახი ცხოვრობს. მათთან მოსალაპარაკებლად სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი არაერთხელ იყო მისული, შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე, თუმცა აქ ამბობენ, რომ ინვესტორმა პირობა დაარღვია და ისინი ისევ ავარიულ სახლში ცხოვრობენ.

„გაურკვევლობაში ვართ, არ ვიცით რა ხდება. არავინ გვეუბნება სიმართლეს, 3-4 წელია ამ ამბავში ვართ. ჯერ დაიწყო პროცესი, მოვილაპარაკეთ, შემდეგ გაჩერდა. პარალელურად ბზარები ჩნდება ისევ … უკვე ისე გვეშინია, არაფერს არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, გადაგვიყვანონ. სულ 14 ოჯახი ვცხოვრობთ აქ“ – გვიყვება ეკატერინე ქემხაძე, ფიროსმანის #1-ში მდებარე სახლში მცხოვრები.

ეკატერინე ქემხაძე

სახლის მდგომარეობა რომ საგანგაშოა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ფიროსმანის #1-ში მცხოვრებებმა იციან, რომ ისინი ისტორიულ სახლში ცხოვრობენ, თუმცა შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამბობენ, რომ მზად არიან ამ სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი სახლი აშენდეს, მანამდე კი 14 ოჯახი სხვა უსაფრთხო გარემოში გადაიყვანონ.

ბზარი – ფიროსმანის #1
ავარიული სახლი ეზოს მხრიდან

ბათუმის მერიის ავარიული სახლების პროგრამა 2 შესაძლებლობას განიხილავს:

ერთ შემთხვევაში მერია თავად სთავაზობს ოჯახებს სხვა ალტერნატიულ საცხოვრებელს მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდიდან ან ამ ოჯახების დროებითი ცხოვრების საფასურს ბიუჯეტიდან ფარავს, ვიდრე ავარიული სახლის სანაცვლოდ სხვა ახალ სახლს თავად მერია არ ააშენებს;

მეორე შემთხვევაში კი ავარიულ სახლს მესაკუთრეებთან და მერიასთან შეთანხმებით სამშენებლო კომპანია აითვისებს, სამაგიეროდ მშენებლობის ნებართვის მიღებისას კომპანია იღებს გაზრდილ კოეფიციენტს და სხვა შეღავათებს.

ასეთი მოლაპარაკება ფიროსმანის #1-ში მცხოვრებ 14 ოჯახს ბოლოს შპს „კომუნა კონსტრაქშენთან“ ჰქონია. შეთანხმების დეტალებზე ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა რეესტრის ამონაწერის მიხედვით შენობის მეტი წილი კომპანიას „მშენებლობის განხორციელების შესახებ“ ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გაფორმებული, ზოგიერთი შეთანხმება 2023 წლით თარიღდება, რამდენიმე შეთანხმება კი 2024 წლით არის დათარიღებული.

ფიროსმანის #1-ში მდებარე სახლში მცირე ფართობი აჭარის განათლების სამინისტროს ეკუთვნის. აქ მცხოვრებლების თქმით, წლების წინ ამ ფართობში ბათუმის რესურსცენტრი ფუნქციონირებდა, სახლის ამ ნაწილს აქვს მიშენებული ფართობიც, რაც ასევე განათლების სამინისტროს ეკუთვნის. ისტორიული სახლისთვის სახელმწიფო უწყებას 90-იან წლებში მიუშენებია.

ამ მიშენებულ ფართობსაც ბზარი აქვს
ბზარი

სწორედ ამ ფართობთან დაკავშირებით რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ ეს ხელშეკრულებები მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიულ შენობაში მდებარე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩანაცვლების თაობაზე გააფორმეს 2024 წელს და დაამოწმეს იუსტიციის სახლში.

ფიროსმანის #1-ში მცხოვრებთა ნაწილი ფიქრობს, რომ ინვესტორმა ისინი მოატყუა, რადგან ახალი სახლის მშენებლობის დაწყება დროში გაჭიანურდა და მათ დღესაც საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ ცხოვრება, რამდენიმე მათგანი კი მიიჩნევს, რომ პრობლემა გვერდით მდებარე სახლია. ამ სახლში მცხოვრებლები მათი კორპუსის წინ მდებარე ორსართულიანი ავარიული სახლის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობას იმის გამო ეწინააღმდეგებიან, რომ არ დაკარგონ ზღვის ხედი და დღის შუქი.

პროექტი, რომელიც მერიას ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ფიროსმანის #1-ში ავარიული სახლის ჩანაცვლების სანაცვლოდ წარუდგინა, ზემოთ ჩამოთვლილ მოლოდინებს ნამდვილად გაამართლებდა:

ავარიული სახლის უკან მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლები ორსართულიანი სახლის ადგილზე ახალი კორპუსის აშენებას ეწინააღმდეგებიან
პროექტის რენდერი ფიროსმანის ქუჩის მხარეს

ფიროსმანის #1-ში მცხოვრებლებმა მერიას არაერთხელ მიმართეს:

„მოქმედმა მერმა [მერის მოვალეობის შემსრულებელი] გვითხრა, ყველაფერი არის მზად და ჩვენ ველოდებით, რომ ინვესტორმა შემოიტანოს განაცხადი, მესამე ეტაპი აქვს შემოსატანი და დააჩქაროსო. თავად გვეუბნება, მანდ არ შენდება, ის სახლი უარზეაო. ვერ ვხვდებით რა ვქნათ. ძირითად კედლებსაც უკვე ბზარები აქვს, ეს მართლა არ იყო. მეორე სართული არის საშინელ მდგომარეობაში. ვდარდობდი, რამე არ ჩამოვარდეს-მეთქი, გუშინდელი ამბის შემდეგ.

ეს სახლი არ ექვემდებარება გამაგრებას, ისეთი ბზარებია, რომ არ გამაგრდება. ყველანაირი დოკუმენტები გვაქვს, უბრალოდ ველოდებით ინვესტორს, რომ დაასრულოს. ჩვენი მხრიდან, ყველაფერი მზადაა. ჩვენთვის მთავარია გადაგვიყვანონ, ნორმალურ პირობებში, ისეთში, რომ არ შეგვეშინდეს ცხოვრება, არა აქვს მნიშვნელობა.

უკვე 4 წელია ველოდებით. მე ვერ ვიტყვი უარს, რამე რომ მოხდეს და მე არ გავედი -ეს უკვე ჩემი დანაშაული იქნება. ჩვენ არცერთი არაფერს არ ვამბობთ, ოღონდ გვიშველონ“ – ამბობს ვარდო ბერიძე.

ვარდო ბერიძე

ლევან მაკარაძის თქმით, თუ მერია გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არც ინვესტორი იმოქმედებს ახალ სახლს თავად მესაკუთრეები ააშენებენ:

„ირგვლივ კომერციული ობიექტებია, მომარაგებისთვის 5-ტონიანი მანქანაც რომ შემოდის, სახლი ზანზარებს.

ძალიან საშიშია, ყველა მხრიდან არის ბზარი, როგორც შიდა სივრცეში, ასევე ფასადზე. სადარბაზოში წვიმს. 

ჩვენ უკვე არავისი იმედი არ გვაქვს.

წლები გადის, მოტყუებულები ვართ, ხუთ წელზე მეტია ინვესტორი გვპირდება, თუმცა არაფერი გაუკეთებია, ტყუილში გვაცხოვრებს.

2023 წელს გაგვიფორმეს ხელშეკრულებები, ჯერ ამბობდნენ გვერდითა კორპუსს პრობლემები შეექმნებაო, ჩვენ მოვამზადებინეთ დასკვნა, რომ არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ, ახლა ახალი მიზეზები მოიგონეს, იმიტომ, რომ მათ უნდათ მზე და ხედი. გასაგებია, რომ ყველას უნდა კარგი ხედი და ეზო მაგრამ უმცირესობაში რადგან ვართ, 13 ოჯახი და იქ 200 ოჯახი ცხოვრობს… უმცირესობაში ხომ არ შეიძლება ადამიანები დაჩაგრო, თქვენ აქ ჩაიხოცეთ და ჩვენ ბედნიერები ვიქნებითო.

იმედი აღარ გვაქვს, დავიბრუნებთ ჩვენს ბინებს და ავაშენებთ სახლს, ექვსსართულიანი საკმარისი იქნება ჩვენთვის, ექვსი სართულის ნებართვას ხომ მოგვცემენ… ინვესტორს თუ უნდა, რომ ამ ადგილზე ძალიან მდიდარი გახდეს, არ გამოდის ასე, ჩამოინგრევა და ვიღაცას მოიყოლებს. სიცოცხლის ფასად შემდეგ უკვე მოვლენ და მოგვაქცევენ ყურადღებას. ჩვენ ვიყავით მერიაში, ინვესტორსაც შევხვდით ყოველი დაპირება მათგან არის ტყუილი.

აქ ასაკოვანები ამ სახლის სტრესმა მოკლა“ – გვიყვება ზვიად მაკარაძე.

ზვიად მაკარაძე

ლევან მაკარაძის თქმით, რომელიც 60 წელია ამ სახლში ცხოვრობს, ეს სახლი საუკუნის წინ ააშენეს. იგი ფიქრობს, რომ ის აღდგენას არ ექვემდებარება და აქ ცხოვრება საშიშია.

ლევან მაკარაძე

აქ მცხოვრებმა ვარდო ბერიძემ გვითხრა ისიც, რომ ბათუმის ყოფილმა მერმა არჩილ ჩიქოვანმა გვითხრა, თქვენს სურვილს 300 ოჯახი ეწინააღმდეგება და გადაწყვეტილება როგორ უნდა მივიღოო. „შვილებს გეფიცებით, ასე მითხრა“ – ამბობს ვარდო.

ბათუმი, ფიროსმანის #1 – სადარბაზო

ავარიული სახლების პროგრამა ითვალისწინებს სახლის გამაგრების სამუშაოებსაც, იმ შემთხვევაში, თუ ამის რეკომენდაციას ექსპერტიზა გასცემს. ამ შემთხვევაში ექსპერტი წერს, რომ შენობის გამაგრება არარენტაბელურია.

ბათუმში ზოგადი ტენდენციაა ისიც, რომ არათუ ისტორიულ სახლს, ხშირად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც კი არავინ უვლის და ბოლოს ექსპერტი ადგენს, რომ შენობა დასანგრევია. ასე კარგავს ქალაქის თითქმის ყველა უბანი ავთენტურ იერსახეს, რაც ამ დრომდე ქალაქის სტუმრებს ძალიან მოსწონდათ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 037 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
  • ტანკი – 11 025 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 22 995 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 30 395 ერთეული [+49]
  • MLRS – 1 440 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 196 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 46 164 ერთეული [+284]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 491 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 55 229 ერთეული [+82]
  • სპეცტექნიკა – 3 932 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 69 593 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 618 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 220 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 394 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 38 192 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა მოსკოვის და პეტერბურგის დაბომბვა – მედია

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გაატარებს, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა – მურმან დუმბაძე

„ის, რომ რიჟვაძეს ამზადებდნენ თურმე უფრო დიდ თანამდებობაზე დასანიშნად, წყლის ნაყვაა. წაგებული თამაშის შემდეგ ხელების ქნევა ჰაერში, რადგან ადამიანი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ელჩად უშვებდნენ, ფეისბუქით არ შეგატყობინებს, რომ ტოვებს თანამდებობას. ეს არის აბსურდი“, – ამბობს პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე.

მას „ბათუმელები“ ამ დღეებში თორნიკე რიჟვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და „ქართული ოცნების“ განცხადებებზე ესაუბრა, სადაც ითქვა, რომ „ოცნების“ ლიდერებს რიჟვაძესთან პრობლემა არ ჰქონდათ და პირიქით, ახალი თანამდებობისთვის ამზადებდნენ.

თორნიკე რიჟვაძე 7 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შეიყვანეს კლინიკაში. 

  • ბატონო მურმან, „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით ფოკუსის შეცვლას ცდილობს. მათ თქვეს, რომ რიჟვაძეს ბრიტანეთში ელჩად უპირებდნენ გაგზავნას. თქვენი აზრით, რის გადაფუთვას ცდილობენ და რა უნდათ ამით თქვან?

რიჟვაძის ამბავი, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის თითქმის ფატალური შემთხვევაა, რადგან ბევრ ადამიანს ვიცნობ „ქართული ოცნების“ წევრებიდან, რომლებიც ახლაც მაღალ თანამდებობაზე არიან და უნდა გითხრათ, რომ ძალიან დამწუხრებული და ძალიან შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რაც რიჟვაძის ირგვლივ ტრიალებს.

ადამიანი, რომელსაც თურმე ბრიტანეთში ელჩად უშვებდნენ (ეს ძალიან მაღალი თანამდებობაა, რადგან ძალიან სერიოზული სახელმწიფოა დიდი ბრიტანეთი), ფეისბუქით არ შეგატყობინებს, რომ ტოვებს თანამდებობას. ეს არის აბსურდი.

მთავრობის თავმჯდომარეებზე მე, ზოგადად, აუგის თქმა არ მიჭირს, იყო ასლან აბაშიძე, ვარშალომიძე და ხორცის მანქანაში ვატარებდი თითოეულ მათგანს, მათ შორის ხაბაძეს და პატარაძესაც, მაგრამ იშვიათად გამიკეთებია კომენტარი რიჟვაძის შესახებ, რადგან რიჟვაძე თანამდებობაზე სრულიად შემთხვევით მოხვდა. არაფრისგან შეიქმნა ეს ადამიანი.

  • მაშინ რამ მოუტანა ეს გავლენები „არაფრისგან შემდგარ კაცს“ და როგორ აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რაშიც აღმოჩნდა?  

სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა ნიშნავს იმას, რომ რაღაც პოლიტიკური გზა უნდა გაიარო. პოლიტიკური თანამდებობა არის კონკურენციული და როცა კონკურენციული არ არის ამ თანამდებობაზე მოხვედრა, მაშინ გარდაუვლად მიიღებ იმ შედეგს, რა შედეგიც დაუდგა რიჟვაძეს.

  • ფიქრობთ, რომ რიჟვაძემ არ იცოდა პოლიტიკური ბრძოლა?

გამორიცხულია. მან არ იცის არც ის, რა არის პოლიტიკური ბრძოლა, პარტიულ სისტემაში ბრძოლა, მან ისიც არ იცის, რომ გუშინ სხვა იყო ამ თანამდებობაზე, დღეს თვითონ არის და ხვალ იქნება სხვა, ეს მას გააზრებული არ აქვს.

უბრალოდ, მას უთხრეს, რომ ამ თანამდებობაზე უნდა მიხვიდე და მიიღო ხელფასი, მაგრამ ხელფასის მიღებასთან ერთად, დავალებებსაც მისცემდნენ, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისთ ბათუმი ერთ-ერთი მძლავრი რეგიონია ქვეყანაში, ამიტომ ამ თანამდებობას ბევრი საცდური ახლავს.

ჩვენ ვიცით ბიზნესის ბუნება, მაღალი თანამდებობა მეც მქონია, მეც გამომიცდია გარკვეული დროით როგორ იხვეწება ბიზნესი შუამავლობას, როგორ გთხოვს, რომ შენ მასთან ერთად დალიო ყავა და ასე შემდეგ.

ასე იყო შევარდნაძის დროსაც, ასე იყო მიშას დროსაც და ასე იქნება ხვალაც. ეს რომ ასე არ მოხდეს, თანამდებობის პირი პოლიტიკური ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს და მას უნდა ესმოდეს, რომ დღეს არის და ხვალ არ იქნება. რიჟვაძემ ეს ვერ გაიაზრა. ამიტომ მის გარემოცვაში ის ადამიანები მოხვდნენ, ვინც ხვდებიან ხოლმე ასეთ ადამიანებთან და დაიბნა.

ნებისმიერი ადამიანი ამ სატყუარაში მოჰყვება, თუ მას განსაკუთრებული სკოლა არ აქვს გავლილი. სწორედ ამის გამო შემოიკრიბა ის გარემოცვა, რომელიც მას რეკომენდაციას უწევდა, მეურვეობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლების ისეთ შტოებში გადადის მათი მეურვეობა, რომ იძულებულია აკეთოს ის, რასაც დაავალებენ.

ამიტომ ეს კაცი, რომელიც არაფრისგან შეიქმნა, გახდა ერთ-ერთი ლიდერთა შორის, 30 წლის კაცისთვის იქნებოდა თავბრუდამხვევი, რადგან მას დღეში მიუვიდოდა იმხელა თანხა, რისი დათვლაც კი გაუჭირდებოდა.

  • რიჟვაძის ელჩობის თემით რის გადაფარვას ცდილობს „ოცნება“, რომ ჩვენთან, გუნდში, საფრთხე არავის ემუქრება? თუ ასეა, მაშინ რისი შედეგი იყო რიჟვაძის ამბავი?

ვერსია იმის, რომ ბიძინა ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას, რომ სხვა მართავს და ის კულისებშია, ნაკლებად დასაჯერებელია. თუ ბიძინა ივანიშვილს „ქართულ ოცნებაში“ ვინმე იცნობს, იმ სამეულ-ხუთეულში მეც შევდივარ, ძალიან ახლოს ვიცნობ, რადგან 1-ელ ოქტომბრამდე მას არ მიუღია ჩემ გარეშე რაიმე გადაწყვეტილება, განსაკუთრებით აჭარასთან მიმართებით.

  • რადგან ამბობთ, რომ კარგად იცნობთ ივანიშვილს, რიჟვაძის ამბავში რა წვლილი მიუძღვის მას?

ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს კაცი თანამდებობას არ დათმობდა, გამორიცხულია, რადგან თანამდებობაზე ვინ უნდა დაინიშნოს, საბოლოოდ ამას წყვეტს ივანიშვილი, უშუალოდ ერევა ამ საქმეში.

გათავისუფლებაშიც ერევა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ რიჟვაძის გათავისუფლებაც უშუალოდ მისი ზარით მოხდებოდა და ვინმე თუ რაიმეს სთხოვს, ვერც მის გარეშე მოსთხოვს, რადგან ივანიშვილია აქ მთავარი „სკრიპკა“.

  • გაათავისუფლეს, გავიდა სადღაც 3 თვე და რიჟვაძე ცდილობს თვითმკვლელობას. რა მოხდა?

გათავისუფლება იქნებოდა მისთვის შოკი, ხომ?! რადგან იქნებოდა მკაცრი ლაპარაკი მასთან. თანაც ასე ადვილი არ არის ამხელა თანამდებობიდან წასვლა ფეისბუქით – გარდა იმისა, რომ თანამდებობიდან მიდიხარ, იქ უამრავი ვალდებულებაა ბიზნესის წინაშე, რადგან გათავისუფლებამდე, მაგალითად, რომელიმე ბიზნესმენთან ექნებოდა მოლაპარაკება, რომ მას ექნებოდა ტენდერი და ამაში აიღებდა „ატკატს“. იცით, რა რთული საკითხია ეს?

ამიტომ 3 თვის განმავლობაში მას ძილი არ ექნებოდა. ის იქნებოდა შოკში. კლინიკური სიკვდილია რა, პირდაპირ გეტყვით. ამ სამი თვის განმავლობაში მასზე მიდიოდა ზეწოლა იმის გამო, რის გამოც მოიხსნა. და მოიხსნა იმის გამო, რომ მას მუხრუჭები აღარ აღმოაჩნდა.

ახლა ბიძინა ივანიშვილს ძალიან უჭირს, რადგან ისრები მისი მიმართულებით არის გადატანილი. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ისმის, რომ ის არის პუტინის მოკავშირე, რომ რუსულ ორბიტაზე ივანიშვილმა შესვა საქართველო, რომ ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს დასანქცირებული ჰყავს და ბარათსაც კი ვეღარ გამოიყენებს, ეწურება რესურსები. ამიტომ ივანიშვილმა ეს ამბები უნდა გადააბრალოს სხვებსაც. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, მიქაუტაძე, აგერ რიჟვაძე…

თუმცა, როცა რიჟვაძე გამოჯანმრთელდება და გამოჩნდება, პირველი რასაც იტყვის, მადლობას გადაუხდის ბიძინა ივანიშვილს, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა იქნება ხელისუფლებაში.

და მეორე, იმ წერილზე, რომელიც გამოქვეყნდა, იტყვის, რომ მისი დაწერილი არაა. ამ წერილის შინაარსს გადააბრალებს ვინმე „ნაციონალს“, რომელიც საავადმყოფოში აღმოჩნდა და ასე შემდეგ.

  • მაშინ რისთვის ვიკლავდი თავსო, ამაზე რას იტყვის?

ცხადია, ვერ უარყოფს დაჭრას, რადგან ფაქტია, რომ ტყვია მოხვდა, მაგრამ ამის ახსნაც შეიძლება. იტყვის, რომ დარჩა მის მეგობარ ახვლედიანს იარაღი, რომ ზოგადად იარაღი უყვარს, რომ ცოტა ნასვამი იყო, იარაღი შეათვალიერა და ამ დროს უეცრად მოხდა დაჭრის ამბავი, მერე კი აღარ ახსოვს.

წერილზე იტყვის, რომ ეს მისი მტრების დაწერილია, რომ „ნაცები“ ჩაბუდებულნი არიან ყველგან და მათ შეუცურეს ჯიბეში. ექსპერტიზაც იტყვის, რომ წერილი დაწერილია მესამე პირის მიერ და ასე შემდეგ.

  • ფიქრობთ, რომ შესაძლოა ის მართლა გაუშვან სადმე ელჩად, ეს ვერსია რომ გაამართლონ?

გამორიცხულია. ჯერ ერთი, მას ძალიან მძიმე ტრავმა აქვს და დრო დასჭირდება გამოჯანმრთელებას. ვფიქრობ, ის შეეცდება აღარ დაბრუნდეს, თუკი ისევ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ ეს ახალგაზრდა კაცი დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გაატარებს, რადგან მისი პოლიტიკური კარიერა დასრულებულია. თუმცა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ხელისუფლების დროს არ დადგება.

როცა გვექნება თავისუფალი სასამართლო, რიჟვაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ გაუშვეს ქვეყნიდან?

ის, რომ საქართველოდან გავიდა, ეს არის ივანიშვილის ხელშეწყობით, რადგან რას წამოაყრანტალებდა და რას იტყოდა ნარკოზიდან გამოსული ადამიანი, კაციშვილმა არ იცის. ჟურნალისტების ინტერესი ძალიან დიდი იყო ამ საქმის მიმართ და წვდომა მის მიმართ, ასე თუ ისე გაიოლებული იყო საქართველოში. სხვა ქვეყანაში ეს რისკები მოხსნილია.

ივანიშვილის ინტერესი იყო ეს კაცი გასულიყო. მე მაგის მშობელსაც ვიცნობ, აბაშიძის „აღორძინების“ დროიდან, ცნობილი მარბიელია მამამისი, უსასტიკესი მარბიელი, რომელიც სასამართლო პროცესებზე ცრუ ჩვენებებს იძლევა, ამიტომ მისი გაყვანა მშობლების ინიციატივა ვერანაირად ვერ იქნებოდა.

უნდა ჩათვალოთ, რომ თორნიკე რიჟვაძეს მშობლები ამ ეტაპზე განეიტრალებული ჰყავს. ეს არის ივანიშვილის ინიციატივა, რომ გაეყვანათ უცხოეთში და გაიყვანეს კიდეც.

დაბრუნდება თუ არა, ესეც დამოკიდებულია ივანიშვილზე.

  • წერილში ეწერა, „მაბრალებენ კორუფციას და ბარიგების მფარველობას“. თქვენ თქვით, რომ პირველი შოკი გათავისუფლების შემდეგ ის იქნებოდა, რომ ატკატებიდან მიღებული თანხების უკან დაბრუნებას მოსთხოვდა ვინმე. თუკი რიჟვაძეს რაიმე შეხება ჰქონდა კორუფციასთან ან ნარკოდანაშაულთან, ეს ხალხი ამას აპატიებს რიჟვაძეს მხოლოდ იმიტომ, რომ თვითმკვლელობა სცადა?

ამიტომაც ვამბობ, რომ მას ვიღაც ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობები დარჩა, რომ მისი სახელისუფლებო კარიერა ისედაც დამთავრებული იყო, მაგრამ ახლა მისი სამომავლო ცხოვრებისეული ბიოგრაფიაც არის დასრულებული, რადგან უზარმაზარი ვალდებულებები აქვს წაღებული. ამხელა ფული ვალდებულებების გარეშე არ კეთდება. ამ დაპირებების შესრულება შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთადერთი გზით – თუ ის იქნებოდა იმ სკამზე, რომელზეც იჯდა.

ამიტომ, მისი გამოჯანმრთელების შემდეგ, თუკი ხელისუფლება შეიცვლება, ბუნებრივია ეს ადამიანები მას პასუხს მოსთხოვენ.

ხომ გვესმოდა, რომ „ვიღაცამ საათი შეხსნა“, „ვიღაცამ საფულე წაართვა“, ამაში ხომ მართლა ივანიშვილი არ მონაწილეობდა უშუალოდ, მაგრამ ივანიშვილი ამ კრიმინალური ბანდის სათავეშია. ის ამოძრავებს, ის ათამაშებს, ის კვებავს ამ სისტემას.

ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც შავი სამყაროდან მასთან მივიდნენ და ასე ვთქვათ, „აკაჩავებდნენ“, ბუნებრივია ეს ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით. მის გარეშე ეს ვერ მოხდება, გამორიცხულია.

  • იმ ვერსიას თუ უშვებთ, რომ რიჟვაძე შესაძლოა ისე გარეულიყო რაიმე კრიმინალში, ეს არ სცოდნოდა, მაგალითად, ივანიშვილს ან „ქართული ოცნების“ ლიდერშიფს? და თუ დავუშვებთ ამ ვერსიას, ივანიშვილთან არ მიესვლებოდა, რომ ეს პრობლემა ჩაეფარცხა?

რაც საგარეჯოში მოხდა, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის დედამიწაზე, ამ სისტემის შედეგია საგარეჯო. ეს აუცილებლად მოხდებოდა, რადგან სისტემა ამით იკვებება – კლანებს შორის ბრძოლით, კლანებს შორის წინააღმდეგობით, რომელი კლანიც უფრო ძლიერია, ის იმარჯვებს. სუსტები მოკვდებიან, ასე ხდება ბუნებაში.

ის, რომ ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან ურთიერთობა დაძაბული აქვს, ესეც ხომ სახეზეა, ხომ აშკარაა, ეს ხომ ღიაა. ვფიქრობ, რომ რიჟვაძეც რომელიღაც კლანის წევრი იყო, შესაძლოა კალაძის ან ღარიბაშვილის.

  • მაგრამ კალაძის ან ღარიბაშვილის შემთხვევაში ხომ არ დამდგარა იგივე შედეგი. მხოლოდ რიჟვაძე დაზარალდა?

ეს ჩვენ გვეჩვენება, რომ არ დაზარალებულა. ჯერჯერობით. შესაძლოა კალაძის შემთხვევაშიც მიდიოდა საქმის განხილვა. საგარეჯოში გასროლა რომ არ მომხდარიყო, ვერაფერს გავიგებდით, მათ შორის ვერც ჟურნალისტები გაიგებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი კვალიფიკაციის ხალხი ხართ, რა ხდება რიჟვაძის ირგვლივ.

მაგალითად, მიქაუტაძე, ნამდვილად ეგრევე შეაყუდეს ციხეში, თუ მანამდე იყო ე.წ. „რაზბორკები?“ვფიქრობ, რომ „რაზბორკები“ იყო.

და ღარიბაშვილი ასე ადვილად წავიდა პარტიის თავმჯდომარეობიდან ან პოლიტიკიდან?

მე ვიცნობ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურ ბუნებას. 2013 წლის თებერვალში, მორიგი ჩხუბის შემდეგ, როცა მე და ბიძინა ერთმანეთს ვეჩხუბეთ, ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 თვეში დამირეკა და მეუბნება – „მურმან, ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდეს“. პრემიერ-მინისტრია მაშინ ივანიშვილი.

„ქუჩაში არაფერი მოგივიდეს“ რას ნიშნავს? პრემიერი რომ ამას ამბობს, ესე იგი, სიკვდილით დასრულდება ხომ? ავარიაში მოყვები, ან ტყვია მოგხვდება, ან საგარეჯოში წაგიყვან და ეს 2013-ში აქვს ნათქვამი, ეს კრიმინალური ბუნების კაცი მართავს ქვეყანას.

მოქმედებენ კრიმინალები, მაგრამ დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი.

  • კობახიძემ დაგვიანებით, მაგრამ პირველ კომენტარში თქვა, რომ მე, პირადად, და ჩემს გუნდს რიჟვაძესთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვსო. გუშინ კი თქვა ასეთი რამ – „არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში, მათ მოუწიათ გუნდის დატოვება და ცდილობენ გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ბრალდებები“. ამაში რიჟვაძე იგულისხმა?

ბუნებრივია. და შეიძლება იგულისხმა კალაძეც. პირველი განცხადება რომ გავარჩიოთ – „მე პირადად არავითარი პრობლემა არ მაქვს რიჟვაძესთან“, ეს ნიშნავს, რომ მას პრობლემა აქვს.

მე არასდროს ვლაპარაკობ იმ ადამიანზე, ვისთანაც პრობლემა არ მაქვს.

მას ჰგონია, რომ ამ ნათქვამით რაღაც გადაფარა, სინამდვილეში პირიქით, დაადასტურა.

მეორე ვარიანტით ის ამბობს, რომ საქართველოში კორუფციაა და ამით ისიც დაადასტურა, რომ საგარეჯოსნაირი გარჩევები კვლავ მიმდინარეობს. იმდენად შემზარავი ამბავი მოხდა საგარეჯოში, რომ შეუძლებელია ამას გაგრძელება არ ჰქონდეს.

იქ მარტო რიჟვაძე, მისი სიძე და მამა იქნებოდა? ეს ხალხი კიდევ იქნება დაბარებული კობახიძესთან. ამას გაგრძელება მოჰყვება. ახლა მიდის იმაზე საუბარი, როგორ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. ბუნებრივია, ივანიშვილი არ უარყოფს იმას, რომ ფული არის დასაბრუნებელი. რატომ უნდა დაზარალდეს მარტო ივანიშვილი და არ უნდა დაზარალდნენ სხვებიც.

  • გაჟღერდა, რომ საგარეჯოში შესაძლოა ყოფილიყვნენ  მდინარაძე და გეკა გელაძეც. მათ როლს როგორ ხედავთ ამ გარჩევებში?

რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება. ერთი-ორი დღეა გამოჩნდა ეს კაცი და მისი ლაპარაკიც ვფიქრობ, წინააღმდეგობრივია. ამ ყველაფრის დაბრალება ტელევიზიებზე, ბულინგზე და იმის განცხადება, რომ ჩვენ მას ვამზადებდით უფრო დიდ თანამდებობაზე დასანიშნად, წყლის ნაყვაა. წაგებული თამაშის შემდეგ ხელების ქნევა ჰაერში.

ფაქტი დადასტურებულია, რომ ეს იყო კრიმინალური გარჩევა, რიჟვაძე იყო კრიმინალური ბანდის წევრი, მართალია, მაღალი კლასის არა, მაგრამ მაინც წევრი. დადასტურებულია, რომ მას ქონების გადანაწილებას ედავებოდნენ, რადგან ფულის დაბრუნება ქონების გადანაწილებაა. დადასტურებულია ისიც, რომ ამაში ჩართულნი იყვნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.

ეს ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო არის მორღვეული. სახელმწიფო აღარ არსებობს. ეს არის დაახლოებით ისეთივე ტიპის ქეყანა, როგორიცაა კადიროვის ჩეჩნეთი, პუტინის რუსეთი.

  • დასანქცირებული ხალხიდან ძალიან ბევრი მოიშორა ივანიშვილმა, მათ შორის ყოფილი მაღაჩინოსნები და შესაძლოა ეს სია იყოს გრძელი. მაშინ ვის ეყრდნობა ივანიშვილი, თუკი ასეთი მყიფე გარემოცვა ჰყავს, რაზე დგას ამ კაცის ძალაუფლება?

ამ ეტაპზე ჩანს, რომ მასთან ყველაზე უფრო კომფორტულად თავს კობახიძე გრძნობს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ კობახიძე არ შეიძლება გახდეს ღარიბაშვილი, თუკი მას უფრო მეტი საფრთხე დაემქურება.

SWIFT-იდან გაუთიშავენ საკუთარ ბანკს და არსებული ფული გაუხდება ქაღალდი. ავტორიტარიზმის ბოლო სტადიაა ეს. ივანიშვილზე მდიდარი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერები დასრულებულან, კადაფი დაასრულეს, რომელსაც 200 მლრდ ჰქონდა და ჩაუშესკუ რუმინეთში, რომელიც 32 წელი აკონტროლებდა აღმოსავლეთ ევროპას.

ამის წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია, მაგრამ მე გამოცდილებას და ისტორიას ვეყრდნობი. ისტორია ამბობს, რომ კრიმინალური ბანდა, როცა ხელისუფლების სათავეში ექცევა, იმარჯვებს, დიდ თანხას შოულობს, მაგრამ გარკვეული ხნით და არა უსაზღვროდ.

ასე იქნება ივანიშვილის შემთხვევაშიც. ყველაზე გაჭირვებული ქართველი დღეს, მაინც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილია. ის არის სანქცირების ქვეშ, რესურსები ეწურება, შიდა ლეგიტიმაცია არ აქვს, არავინ არ ცნობს, გარე მოკავშირე აღარ ჰყავს და აშშ-ს ელჩიც კი აღარ ზის თბილისში, ეს კატასტროფაა მისთვის.

  • რატომ არ იხევს მაშინ უკან? მით უმეტეს, დღეს ევროპარლამენტმა პირობები წამოუყენა და თუ არ შეასრულებენ, უვიზო რეჟიმიც შეუჩერდება ქვეყანას.

ახლა თუ გამოვა და იტყვის, რომ ბოდიში მე უნდა გადავდგე, ვადამდელ არჩევნებს ვნიშნავ და ასე შემდეგ, ნუ ფიქრობთ, რომ მისი კლანი ძალიან შესუსტებულია. უამრავი ადამიანი ტრიალებს მის ირგვლივ, რომლებსაც დიდი ფული აქვთ ნაშოვნი და არის რუსეთის ფაქტორიც.

ხომ აშკარაა, რომ ეს კაცი ანტიდასავლური გზით წავიდა, პუტინის იმედის გზით და ეს გზა ხომ არის დამღუპველი. გლობალური პოლიტიკის დიდ სურათს თუ დავაკვირდებით, რა ხდება უკრაინაში, რუსეთში და აგერ სომხეთ-აზერბაიჯანში, თურქეთში, ნახეთ როგორი წრეები იკვრება და საქართველო ერთ-ერთი ჩამორჩენილი რეგიონი გახდა, მას დიდი პრობლემები აქვს, მაგრამ აქედან გამოძვრომა ასე ადვილი არ არის.

  • ანუ ჩეჩნეთის მსგავს ქვეყანად ვყალიბდებით?

ჩვენ ხომ ვამბობდით ადრე, რომ პატარა ქვეყნებში დიქტატურის დამყარება არ მოხერხდება, მაგრამ ჩეჩნეთის მაგალითმაც გვაჩვენა, რომ ეს მოსაზრება არის მცდარი. მართალია, კადიროვი რუსეთით არის გამაგრებული, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენმა ხალხმაც კი ვერაფერი გააწყო.

თუმცა საბოლოოდ, ასე ფატალურად მაინც არ ვუყურებ საქართველოს მომავალს, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი კრიტიკული მასა, რომ არის შესაძლებელი გამოძვრეს საქართველო ამ სიტუაციიდან და „ოცნება“ ხელისუფლებიდან გაუშვას.

ასე მგონია, დიდხანს ვეღარ გაძლებს ივანიშვილი, ეს თვეების ამბავია და არა წლების. 60 კაცზე მეტი გვყავს დაჭერილი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, წინა ხელისუფლების დროს მსგავსი რამ გინახავთ, რომ ქალი ჟურნალისტი დაეჭირათ? ამიტომ არა მგონია, რომ რუსის ჯარმა აქ შემოსვლა მოასწროს და რუსული ბაზები გაიხსნას საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები დგანან.

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსწავლეებს დრონების მართვას ასწავლიან – მედია

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მათი სამხედრო-პატრიოტული საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა აფხაზეთში სკოლის მოსწავლეების მომზადება უპილოტო თვითმფრინავების მართვაში.

აფხაზური მედია წერს, რომ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მოზარდებთან სწორედ ასეთი სწავლება ჩაატარეს, კერძოდ „მოზარდებს ასწავლეს FPV დრონების აწყობა, მართვა და გამოყენება, რათა განუვითარონ მათ ტექნიკური და ტაქტიკური უნარები და მოამზადონ ისინი სამხედრო პროფესიებისთვის“ – წერს apsnypress-ი, დეფაქტო სამინისტროზე დაყრდნობით.

„ჩვენ ვასწავლით ბავშვებს არა მხოლოდ პილოტირებას, არამედ დიზაინს, პროგრამირებას და, რა თქმა უნდა, დრონებით საწინააღმდეგო მოქმედებას“ – ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი. მისი თქმით, „კურსი ადვილად შეიძლება იყოს ინტეგრირებული სასკოლო სასწავლო გეგმაში და ეს სკოლის მოსწავლეებში მოტორულ და ტექნიკურ უნარებს განავითარებს.“

ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული.

იქვე ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი მოსწავლის თქმით, მომავალში მათ სურთ, რომ თავიანთი ცხოვრება დაუკავშირონ დრონებსა და სამხედრო სამსახურს.

„უბედური შემთხვევა“ მსხვერპლის ბრალია?! – „ოცნების“ პოლიტიკა ტრაგედიების დროს

„თანახმა არ იყვნენ და აქ წერტილი დავსვით – ამით ადამიანებს სწირავ სიკვდილისთვის,“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი სალომე შუბლაძე. მას თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე 14 ივლისს მომხდარ ტრაგედიაზე, ავარიული სახლის ფასადის ჩამონგრევის შესახებ ვესაუბრეთ, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რას აჩვენებს, როცა ხელისუფლება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არაფერს აკეთებს? – მაგალითად, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში იმის გამო, რომ სამშენებლო მოედანი ელემენტარულად უსაფრთხოების ღობით არ იყო შემოსაზღვრული, წყლით სავსე ორმოში ორი ბავშვი დაიღუპა – შემდეგ კი, მთავრობა ტრაგედიას „უბედურ შემთხვევას“ უწოდებს და არავინ აგებს პასუხს?

„ამორალურია, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ფიგურების მხრიდან. ეს აჩვენებს აბსოლუტურ დაუდევრობას, იმას, რომ საერთოდ არ ადარდებთ ადამიანის ცხოვრება, ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლე მათთვის არაფერია.

არ ვიცი, რა სიტყვები შეიძლება ამ დროს გამოვიყენო, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომლის მიზანიც პირველ რიგში არის ადამიანის უსაფრთხოების დაცვა კანონის მოთხოვნის შესაბამისად,“ – მიიჩნევს სალომე შუბლაძე.

„ბათუმელები“ სალომე შუბლაძეს ესაუბრა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტს.

  • ქალბატონო სალომე, „უბედური შემთხვევა“ დაარქვა კალაძემ თბილისში ავარიული სახლის ჩამონგრევას, მაშინ როცა 2011 წლიდან ამ შენობის ავარიულობის შესახებ მერიას ინფორმაცია ჰქონდა… რას აჩვენებს თქვენთვის ამგვარი დამოკიდებულება? 

ეს დამოკიდებულება არ არის ახალი. წინა შემთხვევებშიც ცდილობდა ხელისუფლება, რომ მსგავსი შემთხვევები წარმოეჩინა, როგორც უბედური შემთხვევა, ეს იქნებოდა შოვი, გურია, ბათუმში ის, რაც „ოცნების ქალაქში“ მოხდა…

ეს არის ფუნდამენტურად მცდარი მიდგომა: სახელმწიფო იმიტომ არის სახელმწიფო, რომ ის ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს ზოგადი ვალდებულება ძალიან ბევრი მიმართულებით იშლება და მუნიციპალურ კონტექსტში ეს, მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ ავარიულ საცხოვრებელ სახლებში უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები დაცული – ეს ეხება იქ მცხოვრებ ადამიანებს, თუ გამვლელს.

  • თბილისში, ამ ავარიულ სახლთან, სადაც ბოლო სართული ჩამოინგრა, დაშვებული იყო პარკინგი და გარევაჭრობაც, იქვე იყო სავაჭრო ობიექტები… 

დიახ, ასეა და ამ დროს მერიაში იცოდნენ, რომ ამ შენობას ჰქონდა მესამე კატეგორიის ავარიულობის სტატუსი.

როგორც კი მსგავსი ამბავი ხდება, პროპაგანდისტული მედია და ხელისუფლების მოლაპარაკე თავები ჩაირთვებიან ხოლმე და ცდილობენ, როგორმე შემოატრიალონ ნარატივი – ცდილობენ, პასუხისმგებლობა გადაიტანონ ან იქ მცხოვრებლებზე, მათ დაუდევრობაზე, თანხმობა არ ჰქონდათ და ასე შემდეგ…

  • „ოცნების“ მთავრობა ტრაგედიას მსხვერპლს აბრალებს? 

ასეა და ეს მათზე ელექტორალურად ცუდად აისახება: სინამდვილეში არაანგაჟირებული მოქალაქისთვის, ცხადია, რომ პასუხისმგებლობას ვერ უნდა გაექცეს ქალაქის მერი, ვერც საქალაქო სამსახურები.

საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობის თანხმობა თურმე 100 %-ით არ იყო. გასაგებია, რომ ეს შეიძლება იყოს პრობლემა, მაგრამ როდესაც მეორე მხარეს დგას ისეთი წონადი ინტერესი, როგორიც არის ადამიანის სიცოცხლე, არ შეიძლება, რომ ასე უბრალოდ უგულებელყოს მერიამ ეს საკითხი და იყოს თვითიმედოვნებაში, რომ „ხალხი არაა თანახმა და არა ვქნა?!“ ამით შენ უშვებ ასეთ შემთხვევას და ადამიანებს წირავ სიკვდილისთვის.

აქ ასევე ჩანს სისტემური და სტრუქტურული მიზეზი: რატომ შეიძლება ადამიანები არ იყვნენ თანახმა ასეთი გასახლების დროს, როცა მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება? შესაძლოა, რომ ქირა, რაც იყო შეთავაზებული, იყო არაეფექტური, მუნიციპალურმა ორგანოებმა არ გაწიეს საკმარისი ძალისხმევა, რომ მოეპოვებინათ მოსახლეობის ნდობა და ასე შემდეგ.

განაცხადი, რომ თანახმა არ იყვნენ და აქ წერტილი დავსვით – აბსურდია, უპასუხისმგებლობაა, თან როცა აშკარად ჩანს საფრთხე – ბზარები ამ სახლზე, ერთი შეხედვითაც კი, მარტივად აღქმადი იყო.

  • ეჭვობთ, რომ თბილისის მერიამ არ სცადა სათანადოდ დაერწმუნებინა ამ სახლში მცხოვრები ადამიანები ქირით გასულიყვნენ?

ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ გვიმუშავია, მაგრამ ანალოგიური შემთხვევებიდან ჩანს, რომ მოსახლეობას სათანადოდ არ აწვდიან ინფორმაციას. მეორე მხრივ, პრობლემაა მართვა: მკაფიო ალტერნატივის შეთავაზება. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ზუსტად რას სთავაზობდა მერია ამ ადამიანებს, ან თუ სთავაზობდა რამეს. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ დადგენილება მერიას აძლევს შესაძლებლობას, საერთოდ სხვაგან გაიყვანოს ხალხი, პირობითად გარეუბანში, რაც შეიძლება არ აწყობდეს ბევრს.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რამდენად საკმარისი იყო და ადეკვატური ის შეთავაზება, რასაც მერია სთავაზობდა ადამიანებს?

სალომე შუბლაძე
  • რა სახის მმართველობა გვაქვს ქვეყანაში, როცა მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლებიდან არავინ ისჯება, როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად? „ოცნების დასახლებაში“ დაღუპული ორი ბავშვის გამო, სადაც ჩანს, რომ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა…

არ ვიცი, რა სიტყვები შეიძლება ამ დროს გამოვიყენო. ცხადია, რომ ეს არ არის ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომლის მიზანიც არის, პირველ რიგში, ადამიანის უსაფრთხოების დაცვა კანონის მოთხოვნის შესაბამისად. ეს არის სახელმწიფო, რომლის მმართველობითი რგოლები არიან მოწოდებული იმისთვის, რომ კონკრეტული პარტიის და ინდივიდუალური ჩინოვნიკების – არაფორმალური ჯგუფების ინტერესები დაიცვან.

საჯარო ინტერესზე რომ არავინ ზრუნავს, ეს ჩვენთვის აშკარაა და ამ შემთხვევამ აჩვენა. ჩვენ ვნახეთ არაერთი მმართველობითი ჩავარდნა, ხარვეზები, რომელიც უკავშირდება ასეთ უბედურ შემთხვევებზე რეაგირებას, მანამდე პრევენციის განუხორციელებლობას…

მომხდარზე რეაქცია გვაჩვენებს, რომ ერთადერთი, რითაც არიან დაკავებული და შეწუხებული ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ეს არის მათი ძალაუფლება – რამე ხომ არ შეუქმნის საფრთხეს მათ ძალაუფლებას და შემთხვევით საჯარო აღქმები ხომ არ იქნება მათ წინააღმდეგ?

ეს არის ამორალური მიდგომა, როცა სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოება და ამას არავინ იაზრებს.

ნამდვილად ამორალურია, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ფიგურების მხრიდან. ეს აჩვენებს დაუდევრობას, იმას, რომ საერთოდ არ ადარდებთ ადამიანის ცხოვრება, ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლე მათთვის არაფერია.

არავინ ზრუნავს იმაზე, რომ ხვალაც იგივე არ დაგვემართოს. სამწუხაროდ, არაფერი არ გვაძლევს ამის გარანტიას, პირიქით, წინაპირობებია იმისთვის, რომ 2 თვეში რაღაც მსგავსი უბედურება მოხდება და მერეც დაბრალდება მოქალაქეს.

არავინ ზრუნავს იმაზე, რომ ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ არ აწყობს „ოცნების“ მთავრობას იზრუნოს უსაფრთხო გარემოზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს?

იციან, რომ თუ საზოგადოებრივი აზრი გადაიხრება იქითკენ, რომ კონკრეტული შემთხვევა ხელისუფლების რომელიმე ჩინოვნიკის ბრალეულობითაა გამოწვეული, ეს გავლენას მოახდენს და ეს გაცნობიერებული აქვთ, ჩემი დაკვირვებით. სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ პირველივე წუთებიდან ჩართონ პროპაგანდის მანქანა.

ძალიან მიზანმიმართულად და სწრაფად მუშაობს ეს მანქანა: პირად მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს სოფელში ეს ნარატივია უკვე, რომ აი, ადამიანებმა არ დატოვეს ეს სახლი.

ჩემი დაკვირვებით, ისინი უყურებენ იმას, თუ რა იქნება მომგებიანი იმისთვის, რომ ძალაუფლებაში დარჩე. ჩემი აზრით, მათი სტრატეგიული კომუნიკაციის ტაქტიკის ნაწილია ისიც, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიარო, რომ რაღაც გადაცდომას ჰქონდა ადგილი. თუ კანონს და პრაქტიკას შეცვლი, მერე შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ არ იყავი მანამდე მართალი.

არსებობს სისტემური გამოწვევებიც – საჯარო სამსახურებს წმენდენ პროფესიონალი მოხელეებისგან. საკადრო პოლიტიკის ერთადერთი კრიტერიუმი რჩება „ქართული ოცნების“ მიმართ პარტიული ერთგულება. არ რჩება არავინ, ვინც სტრუქტურულად და სისტემურად დაინახავს პრობლემას და სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე იზრუნებს.

მინდა ვახსენო კორუფციაც: როდესაც ბათუმში სახლი ჩამოინგრა, იმის ნაცვლად, რომ სამშენებლო სტანდარტები გამკაცრებულიყო, პირიქით, გაამარტივეს. აქ კითხვები ჩნდება კორუფციაზე…

ამიტომაც, მნიშვნელოვანია გავიაზროთ: სახელმწიფო გვჭირდება იმისთვის, რომ ფუნდამენტური უსაფრთხოების და ჯანმრთელობის საკითხები ელემენტარულ დონეზე გვქონდეს მოწესრიგებული და რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ მთავრდება რაღაც მინიმალური ძალისხმევის ამოწურვის შემდეგ: არ არის თანხმობა და მორჩა, ხელი დავიბანე – ეს არ არის სახელმწიფო. ეს არის სუბიექტი, რომელიც ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს.

მე და თქვენ თუ აღვიქვამთ იმას, რომ სახლზე ეს ბზარები იყო სახიფათო, მერიის თანამშრომლები კიდევ უფრო მწვავედ ხედავდნენ ხომ ამ რისკს?! იქ არიან სამშენებლო საკითხების სპეციალისტები, ვისთვისაც ამ რისკის დონე უფრო აღქმადი უნდა ყოფილიყო და ვიღაცას უნდა ჩამოეკრა განგაშის ზარი, ხალხო, რამე მოვიმოქმედოთ, თორემ შეიძლება ვინმე ემსხვერპლოს ამას.

როცა ეს არ ხდება და ასეთ გულგრილობასთან გვაქვს საქმე, ეს არის უმძიმესი ინდივიდუალური და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

_____________

ფოტოზე: თბილისის მერი კახა კალაძე ტრაგედიის ადგილას. 14 ივლისი, 2025 წელი. ფოტო: ნეტგაზეთი.

ამავე თემაზე:

“მოხდა უბედური შემთხვევა”, – კახა კალაძე სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევაზე

აფხაზეთში რუსეთი 115 მლნ რუბლს დახარჯავს არაკომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად

ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტოდან არაკომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად პროექტების განხორციელების კონკურსი დაიწყება, ამისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან 115 მილიონი რუბლია გათვალისწინებული.

ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველ მოადგილეზე, სერგეი კირიენკოზე დაყრდნობით წერს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არაკომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად. წელს 115 მილიონი რუბლი მზად არის მიემართოს სოციალურ პროექტებზე, განვითარების პროექტებზე, რომლებიც შეუძლიათ მიიღონ რიგითმა მოქალაქეებმა – არაკომერციულმა ორგანიზაციებმა”, – თქვა კირიენკომ.

მისი თქმით, ეს არის თანხები [რუსეთის] საპრეზიდენტო გრანტების ფონდიდან, პლუს დამატებითი, საბიუჯეტო დაფინანსება.

„პირდაპირი მიყიდვა დასრულდა“ – კობახიძემ ამ განცხადების შემდეგ მიწა ისევ ამ წესით გაასხვისა

„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 27 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა გააუქმა. თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კერძო კომპანიას სახელმწიფო ქონება სწორედ პირდაპირი წესით, ანუ აუქციონის გარეშე მიჰყიდეს.

კობახიძემ პირდაპირი მიყიდვის წესის გაუქმებას „პრინციპული გადაწყვეტილება“ უწოდა არაკონსტიტუციურ პარლამენტში, როცა წლიური მოხსენება წარადგინა:

„ჩვენ უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე. თავისთავად, ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის კორუფციის რისკებს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და უძრავი ქონების, მათ შორის მიწის რესურსის პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა, ასე ვთქვათ, დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდგა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ივნისს.

2025 წლის 8 ივლისის განკარგულებით კი, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, შპს „მეგის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1,5 მილიონ ლარად საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ლესელიძის ქუჩა 12-ში და მის მიმდებარედ ჯამში 198 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა.

ამავე განკარგულებით უქმდება აღნიშნულ ქონებაზე შპს მეგის სასარგებლოდ რეგისტრირებული იჯარის უფლება და კომპანიამ საპრივატიზებო თანხა – 1 514 000 ლარი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ამ განკარგულების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება კი, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

შპს „მეგიაე“ პირდაპირი წესით გადაცემული ქონება [მონიშნულია წითელი ფერით]
შპს „მეგი“ თბილისში 1997 წელსაა რეგისტრირებული და მისი მესაკუთრე და დირექტორია პაატა ჯანხოთელი. მან 2014 წელს „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა.

ამავე თემაზე:

„ოცნების“ მთავრობა გარდა იმისა, რომ კერძო პირებზე პირდაპირი წესით ყიდის ან იჯარით გასცემს სახელმწიფო ქონებას, ხშირად ამ პირების ვინაობასაც უკანონოდ მალავს:

საქართველოს მთავრობა რუსულ გაზს ყიდულობს, მაგრამ ხელშეკრულებებს ასაიდუმლოებს

სვეტიცხოველში წყალმა გაჟონა – „ოცნების“ მთავრობა დროებით გადახურვაზე თანახმაა  

„ოცნების“ მთავრობა თანახმაა მომზადდეს სვეტიცხოვლის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო პროექტირებისთვის საჭირო სამუშაოები [ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვა, ინტერიერში და ექსტერიერზე ხარაჩოს მოწყობა] კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეისყიდოს.

შესაბამის განკარგულებებს ხელი „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 10 ივლისს მოაწერა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა. მიუხედავად იმისა, რომ „ტაძარში წყლის ჩადინების საფრთხე დროებით აღმოიფხვრა, საჭიროა გადახურვის სრული კვლევა და დაზიანებული ლორფინის გადაწყობა/ახლით ჩანაცვლება“. წინააღმდეგ შემთხვევაში „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე“.

სააგენტო „ტაძრის საპროექტო/კვლევითი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობის მიზნით“ ტენდერის გარეშე ამ ეტაპზე 762 ათასი ლარის  დახარჯვას გეგმავს.

გამარტივებული წესით სამუშაოების შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად ძეგლთა დაცვამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2025 წლის 23 ივნისს მიმართა. შესყიდვების სააგენტომ თანხმობა მესამე დღეს, 26 ივნისს გასცა.

  • ამ თემაზე ვრცლად:

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

 

 

 

 

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის
საპროექტო/კვლევითი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობის მიზნით
საჭირო სამუშაოების (ტაძრის გუმბათის დროებითი გადანურვის მოწყობის,
პროექტირების ეტაპზე ინტერიერში და ექსტერიერზე დროებით
განსათავსებელი ხარაჩოს მოწყობისა და დაშლის სამუშაოების) სახელმწიფო
შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,

 

 

 

 

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

ავარია გონიოში – დაშავდა 3 პირი

დღეს, 15 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გონიოს დასახლებაში, რის შედეგადაც, როგორც „ბათუმელებმა“ დაადგინა, დაშავდა 3 პირი.

თვითმხილველთა თქმით, დაიმტვრა სამი ავტომობილი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოგვიანებით მოგვწერეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ავარიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ის, რასაც მოსამართლეს ვეტყოდი, პროცესზე რომ მიშვებდეს“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. 8 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელიც ფეისბუქზე გამოქვეყნდა, რეზო კიკნაძე წერს, რას ეტყოდა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, რომელიც მას არ აძლევს უფლებას საკუთარ სასამართლო სხდომას დაესწროს.

„ის, რასაც მოსამართლეს ვეტყოდი პროცესზე, რომ მიშვებდეს.

ორ თემას მინდა შევეხო:

პირველი არის ის, რომ მინდაძისთვის გითქვამთ შეგიძლია პრეზიდენტს სთხოვო შეწყალებაო. მოდი, კორექტულად ჩამოვაყალიბებ და ასე ვიტყვი: ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ აქ ერთი წამითაც არ უნდა ვიყოთ — საერთოდ არაფერი არსებობს ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ რასაც მომისჯით, იმას მოვიხდი პატიოსნად და აქედან თავაწეული გავალ. შეწყალების თხოვნა კი 0.1%-თაც არ განიხილება — ყველანაირად გამორიცხულია. არავის შეწყალება და როგორც ანდრომ თქვა — არავის ჰუმანურობა არ გვჭირდება. ეს თქვენ დაგჭირდებათ მალე ჩვენგან. თქვენ დააშავეთ ჩვენს წინაშე და არა პირიქით.

და იმის მიხედვით ნუ მიიღებთ უკანონო გადაწყვეტილებას, ქალბატონო მოსამართლე, რომ თითქოს მერე შეგვიწყალებენ — ამ ტვირთით მოგიწევთ ცხოვრება. სხვა ვერ გამოგისწორებთ. შეწყალების ფურცელი რომ მომიტანონ, გადავხევ. დაცინვაა — დაგიჭირონ არაფრისთვის და მერე კიდე აქეთ დაგაწყებინონ თხოვნები.

ეს პირადად ჩემგან არასდროს მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებიან მშობლები, ბებო, დაიკო და მეგობრები.

ახლა მეორე საკითხი:

აქ ჩემი დამჭერი მოგიყვანიათ. იმედია, ცრუმოწმეობა მართლა ისჯება. აი, ყველაფერს შეიძლება მისცე რაღაც ინტერპრეტაცია, მაგრამ ის, რომ თითქოს ლისის ტბაზე დამაკავეს — სადაც ცხოვრებაში არ ვარ ნამყოფი — ხომ ყოვლად აბსურდია.

რეალურად იმ ღვთის პირიდან გადავარდნილ ადგილას, სადაც რატომღაც ადამიანის ჭაჭანება არ იყო, ცრუჩვენების გამოსაძალად წამიყვანეს — ამას საბოლოო სიტყვაში უფრო დეტალურად გავშლი.

ამ დროს უნამუსო ვაიპოლიციელი უტიფრად აცხადებს: „ლისზე დავიჭირე“. პირველი შეკითხვა, რაც უნდა დამესვა, იყო: სად არის ლისის ტბა? ხომ ვერ მიმასწავლიდა გზას? ან რა ნომერი ავტობუსი მიდის იქამდე, ხომ ვერ მეტყოდა? — აწი მაინც ვიცოდე.

ან ამ უდაბურ და უკაცრიელ ადგილას რა მინდოდა, როცა დილის 09:20-ზე ექიმთან ვიყავი და თან ტელეფონში დედასთან მონაწერიც არსებობს, სადაც ვატყობინებ, მეტროში ჩავდივარ ახლა და რუსთავში მოვდივარ-მეთქი, ამის შემდეგ კი რატომღაც ვქრები. (რუსთავში მეტროთი არ მივდიოდი — სპორტის სასახლესთან უნდა გავსულიყავი).

ცნობისთვის — რამდენიმე საათის მერე ერთ-ერთი დარეკვისას, ანერვიულებულ დედაჩემს ვიღაც ხეპრე ჩემი ტელეფონიდან უხეშად პასუხობს: „აწი აქ აღარ დარეკო!“

მოკლედ, ის ცრუმოწმე მოინიშნეთ და როცა კანონი მართლა იკანონებს — ისევ დაიბარეთ, ოღონდ ბრალდებულის რანგში!“ – წერს რეზო კიკნაძე წერილში.

რეზო კიკნაძეს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით, თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ითვალისწინებს და ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად ის წინასწარ პატიმრობაშია. მას ასევე, ედავებიან 25 ნოემბრის საპროტესტო მანიფესტაციის დროს ქვის ტარებას. ადმინისტრაციული საქმე 174-ე პრიმა მუხლით არის აღძრული და ითვალისწინებს 5000 ლარამდე ფულად ჯარიმას.

რეზო კიკნაძე ბრალდებებს უარყოფს.

რეზო კიკნაძე 6 დეკემბერს, დილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი მიუთითებს მის საქმეში არსებულ არაერთ დარღვევაზე დაკავების დროსაც და შემდეგაც. ადვოკატი ამბობს, რომ რეზოს და იმავე დანაშაულში სხვა ბრალდებულებს ერთმანეთი სასამართლო სხდომამდე თვალით არ უნახავთ და ყველამ ერთმანეთი სასამართლო პროცესზე გაიცნო.

ამავე თემაზე: 

ვინ არის სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე – „როცა გამოვალ, ეგრევე თქვენთან გამოვიქცევი“

მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – სამი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც 14 ივლისს მზია ამაღლობელის სასამართლოს დაესწრნენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ 14 ივლისს გამართული სასამართლო სხდომაც კი ქართველი ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების არაპროპორციულ და პოლიტიზებულ ხასიათს აჩვენებს.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI), ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისა (CPJ) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„დღევანდელი სასამართლო პროცესი [14 ივლისის] მხოლოდ ადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმე სრულიად არაპროპორციულია და უნდა შეწყდეს. ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ, როგორც ჩანს, მისი, როგორც ჟურნალისტის მიმართ არის ცილისწამების და მისი სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა. მზია უაღრესად პატივსაცემი, გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ცნობილია ჟურნალისტური ეთიკისა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულებით. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მას, როგორც IPI-ის წევრს“, – განაცხადა IPI-ის ადვოკატირების დირექტორმა, ემი ბრულეთმა.

„დღევანდელი სასამართლო სხდომა აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე შოკისმომგვრელი ცილისწამების კამპანიითაა მოცული, რომელიც მიზნად ისახავს მისი, როგორც პიროვნებისა და ჟურნალისტის, რეპუტაციის შელახვას. ეს, მის ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, ღრმად შემაშფოთებელია და უნდა შეწყდეს. ამაღლობელის ძლიერი ჩვენება ასახავს მის ღრმა ერთგულებას საქართველოსა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის“, – განაცხადა CPJ-ის გლობალური ურთიერთობების მთავარმა ოფიცერმა, ჯიპსი გიენ- კაიზერმა.

„[14 ივლისის] სხდომამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ საქმის უსაფუძვლობას. დაცვის მხარემ მიუთითა სერიოზულ პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის პოლიტიკურ ელფერზე, რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე საქმეზე. ვიდეოჩანაწერებმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა სავარაუდო მსხვერპლის სანდოობა. მზია ამაღლობელმა მშვიდი და მტკიცე ჩვენება მისცა, გაიხსენა მისი დაპატიმრება და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისადმი – ღირებულებებისადმი, რისთვისაც მას ახლა დევნიან“, – განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ბაჩიაშვილის მიმართ ციხეში განხორციელებული ძალადობა შეიძლება გაუტოლდეს წამებას – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ძალადობა შეიძლება გაუტოლდეს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, რაზეც პასუხისმგებელის სპეციალური პენიტენციური სამსახური.

საიას განცხადებით, მომხდარზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ ჩაითვლება, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოებული, რითაც, ასევე ირღვევა ბრალდებულის პროცედურული უფლებები.

„ამასთან, პრობლემურია მის მიმართ გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის პრაქტიკა“ – მიიჩნევს საია.

„საყურადღებოა, რომ დროში ემთხვევა ბრალდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობა პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის მანკიერი პრაქტიკა, და, ამასთან, მის საქმეზე ახლო პერიოდში სხდომების გადადება / არ ჩატარება.

ზემოთ ხსენებული შემთხვევები გავლენას ახდენს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ სხვა პირთა მდგომარეობაზეც, არასათანადო მოპყრობის შიშსა და დაუცველობის განცდას უმძაფრებს როგორც დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 15 ივლისს გამოაქვეყნა.

საია მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს – მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით პენიტენციურ სამსახურში განახორციელოს რეგულარული ვიზიტები.

ასევე, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურორს,  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაავალოს საქართველოს პროკურატურას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას გამოძიების შედეგების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით.

გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, 11 ივლისს გლდანის ციხის საკანში, სადაც ბოლო ერთი კვირა მარტო იმყოფებოდა, უცნობმა პირმა მას სცემა.

წერილში, რომელიც ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ,,ნეტგაზეთს” მიაწოდა, ის წერს, რომ მის ცემას წინ უძღოდა გლდანის ციხის ხელმძღვანელის, დავით გოგობერიშვილის გაფრთხილება.

ბაჩიაშვილის თქმით, ცემამდე 3 დღით ადრე ის გლდანის ციხის უფროსმა დაიბარა და მას ბიძინა ივანიშვილისთვის მისი საბანკო ანგარიშების, კრიპტოვალუტების ბრუნვების და ანგარიშის მისამართების გახსნა ურჩია.

  • რა ხდება?

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც მარტში გაიქცა ქვეყნიდან, 26 მაისს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26 მაისს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა. თავად ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ სხვა ქვეყანაში დააკავეს და საქართველოში „აირზენას“ თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. „გარდიანის“ ინფორმაციით, იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს.

ბაჩიაშვილმა საქართველო მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში დატოვა. იმ პერიოდში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ორივე შემთხვევაში მას ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. ორივე საქმეზე ბაჩიაშვილი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, ამჯერად – საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ.

ძებნილობის პერიოდში გადაწყვეტილება გამოცხადდა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე – მას 11 წლით პატიმრობა განესაზღვრა. ამის შემდეგ, იმავე, ე.წ. ბიტკოინების საქმის ირგვლივ ივანიშვილმა მის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო. ეს საქმე საქალაქო სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 000 ბიტკოინის ღირებულების თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების მიღებისას ეს თანხა დაახლოებით 850 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ამავე თემაზე: 

ბაჩიაშვილს ჰქონდა სხეულის დაზიანებები სხვადასხვა ადგილზე, ღია ჭრილობები თავის არეში – ჩხაიძე

 

როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – იგი მკურნალობას თურქეთში აგრძელებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის თურქეთში ერთ-ერთ კლინიკაში რჩება და იქ აგრძელებს მკურნალობას.

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად კლინიკაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები, მათ შორის არის მამა დავით რიჟვაძე.

7 ივლისს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ფილტვი ჰქონდა დაზიანებული.

მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილსა და კობახიძეს ოჯახის დაცვას სთხოვდა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში, ბათუმის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი უფროსის, ალექსი ახვლედიანი სახლში სცადა.

სამართალდამცველებმა ახვლედიანი იმავე დღეს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ედავება. 8 ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან ალექსი ახვლედიანი 30 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს.

თორნიკე რიჟვაძეს პირველი სასწრაფო ოპერაცია საგარეჯოს კლინიკაში გაუკეთეს, შემდეგ კი ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან თორნიკე რიჟვაძე, როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა განმარტა, ოჯახის მოთხოვნით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2025 წლის აპრილში დატოვა. მან თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

თანამდებობის დატოვებიდან მალევე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძეს „ფულს სთხოვდნენ“ და არაოფიციალურად დაკავებული ჰყავდათ მამამისიც, დავით რიჟვაძეც.

9 ივლისს არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის სანახავად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა,  იქ მან არაერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობაში ირიბად დაადანაშაულა მედია.

10 ივლისს კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ „მას და მის მეგობრებს“ „არავითარი პრეტენზია არ აქვთ“.

ამავე თემაზე: 

„გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს“ – ინტერვიუ

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ივლისის 21 საათიდან 16 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 17 ივლისს დღისით და მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 036 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230]
  • ტანკი – 11 022 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 22 993 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 30 346 ერთეული [+52]
  • MLRS – 1 440 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 194 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 45 880 ერთეული [+245]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 491 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 55 147 ერთეული [+122]
  • სპეცტექნიკა – 3 932 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 69 593 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 618 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 220 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 394 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 38 192 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

თბილისში 2 ადამიანი დაიღუპა კორპუსის ჩამონგრევის შედეგად

14 ივლისს თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ერთი პირი.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევას უბედური შემთხვევა უწოდა.

მისი თქმით, კორპუსის მოსახლეობას შესთავაზეს ქირით გადასვლა შენობის დემონტაჟისა და მისი ჩანაცვლების პერიოდში, თუმცა კორპუსის ყველა მოსახლე არ იყო ამაზე თანახმა.

კალაძემ აღნიშნა, რომ ჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობის შესახებ მერიაში იცოდნენ და ეს შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.

„თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. შევთავაზეთ, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა. ამას, სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი თქვეს“ – თქვა კალაძემ მედიასთან.

შს მინისტრმა გელა გელაძემ გუშინ მედიასთან განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე“ „მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი“. მოგვიანებით ცნობილი გახდა ნგრევის შედეგად მეორე დაღუპულის შესახებ,.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

___________

ფოტოზე: თბილისი, 14 ივლისი, ჩამონგრეული კორპუსი. ფოტო: ნეტგაზეთი

 

მზია ამაღლობელი დაკითხეს. რა თქვა მან სასამართლოში – რეპორტაჟი

„ვინმე დგებუაძემ დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, – უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა.

14 ივლისს მზია ამაღლობელს მოუსმინა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, მან მზია ამაღლობელს იმის საშუალებაც კი არ მისცა, რომ მოწმეებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან გამოსულიყო.

„ამავე დარბაზში ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულებიც კი გამოიყვანეს აქედან, როცა ისინი ჩვენებას აძლევდნენ“, – უთხრა მოსამართლეს მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

მოსამართლემ მაინც უარი თქვა მზია ამაღლობელს დაეტოვებინა ბრალდებულებისთვის განსაზღვრული, შემინული ადგილი.

დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ შვედეთის, ესტონეთის, ნორვეგიისა და დანიის ელჩები საქართველოში, ასევე გერმანიის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და ევროკავშირის საელჩოების წარმომადგენლები.

„ჩემს თაობაში, მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც შეძლო ზურგი ექცია მაამებლურ, პროპაგანდისტულ, საბჭოთა ჟურნალისტიკაზე… მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან. როცა მე და ჩემი მეგობრები ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა.

კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ, მაგრამ ეს არაა იმდენად საშიში, როცა ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო.

ათამდე გამომძიებელი იყო ჩემს საქმეზე ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი არ გამოიძია.

ვინმე დგებუაძემ (ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი, ვისთვისაც სილის გაწვნის გამოა აღძრული მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე) დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, – დაიწყო თხრობა მზია ამაღლობელმა.

დღეს მზია ამაღლობელს პროცესზე შავი პერანგი ეცვა.

მზია ამაღლობელმა თქვა, რომ ის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ განვითარებასა და მდგრადობაზე ზრუნავდა, როგორც ხელმძღვანელი და იშვიათად ქმნიდა მედიაპროდუქტს.

თუმცა ეს „იშვიათობა“ რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიებებია, მაგალითად, სუს-ის ყოფილი უფროსის, თემურ პატარაძის მხრიდან ბიზნესის მფარველობის შესახებ ან მასალა კონტრდაზვერვის ყოფილ უფროსზე, დავით დევნოზაშვილზე.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – დღეს მეგაფონში გაისმა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ხმა სასამართლოს გარეთ. გელა მთივლიშვილი მოსამართლემ დარბაზიდან იმის გამო გააძევა, რომ ჟურნალისტმა გააპროტესტა, მოსამართლის ხმა არ გვესმისო – პრობლემის მოგვარების ნაცვლად მოსამართლემ პროტესტის ჩახშობა არჩია.

მზია ამაღლობელის თქმით, ის 11 იანვრის აქციაზე მას შემდეგ გავიდა, როცა გაიგო, რომ აქტივისტი ციალა ქათამიძე ასფალტის საფარზე, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

აქციაზე მისული მზია ამაღლობელი იგებს, რომ იქ სხვებთან ერთად მისი თანამშრომლის ძმაც დააკავეს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჯანმრთელობის ანალოგიური პრობლემა მზია ამაღლობელის ძმისშვილს აწუხებდა და დაიღუპა.

მზია ამაღლობელი ცდილობს, ადვოკატმა დაკავებულებთან შესვლა შეძლოს.

„ეს სტიკერი სრულიად კეთილშობილური განაცხადი იყო, ბატონო პროკურორი… როცა იქ მივედი, ჩუმი ხმაური იყო, დათრგუნულები იყვნენ, იმის გამოც დაუკავებიათ ადამიანები, რომ მათ კითხვა დასვეს – „რატომ აკავებთ?“

სტიკერი გავაკარი სოლიდარობის ნიშნად, ეს იყო გამოხატვის თავისუფლება, ცოტა სასაცილოდ არ მყოფნიდა… კარგია, სხვა დაკავებულებსაც ვნახავ-მეთქი, ჩემთვის ვფიქრობდი“, – აღნიშნა მზია ამაღლობელმა.

ვინ დააკავა მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის? – მოწმემ დაადასტურა ის, რაც კადრებში ჩანს – მზია ამაღლობელს გრიგოლ ბესელია აკავებს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. ამ მტკიცებულების მიუხედავად, შსს-ს ვერსიით, მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფისთვის დააკავა გოჩა ვანაძემ – ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილემ.

მზია ამაღლობელმა დეტალურად გაიხსენა, რა ხდებოდა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, როცა იგი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„უხერხული სიჩუმე იყო, ვფიქრობდი, რა მუხლით უნდა გამასამართლონ-მეთქი… მერე ვიხუმრე, ტელევიზორი მაინც ჩართეთ, ოღონდ „პოსტ ტვ“-ის ნუ ჩამირთავთ-მეთქი,“ – გაეღიმა მზია ამაღლობელს.

შემდეგ მზია ამაღლობელთან ადვოკატებს უშვებენ და მალევე პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა უთხრა დაკავებულებს, რომ ხელწერილით ათავისუფლებდნენ.

„არავის უთქვამს, რა მუხლით დამაკავეს, ან როგორ მიშვებდნენ,“ – დასძინა მზია ამაღლობელმა.

გარეთ გამოსული მზია ამაღლობელი თავის ნათესავებს და ახლობლებს ხვდება, მათ შორისაა გიორგი გაბაიძე. ეს ის ახალგაზრდაა, რომელიც პოლიციელებმა უსაფუძვლოდ, აქციაზე მოწყობილი საპოლიციო ჭყლეტის დროს დააკავეს, დაკავების შემდეგ კი, პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„…გაოგნებული ვუსმენდი, როცა პოლიციიდან გამოსული ციალა ქათამიძე ჟურნალისტებს უყვებოდა, როგორ ესმოდა ცემა-ტყეპის ხმები.

რაღაცნაირი ხმაური შეიქმნა უცებ, მანამდე ისმოდა მხოლოდ ის, რომ ჟურნალისტებთან აძლევდნენ კომენტარებს, ასევე ისმოდა შეძახილი: „ციალა!“

წასვლას ვაპირებდით, ფეხზე ძლივს ვიდექი… აქციაც არ იყო ეს. ჭიშკართან ვიდექი, განაპირა მხარეს… უცებ ნიღბიანების და პოლიციელების ალყაში აღმოვჩნდი.

…დავინახე, ყვითელი ქურთუკი როგორ ჩაიკარგა მასაში, მივხვდი, რომ გიორგი გაბაიძე დააკავეს.

იქ მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ჩვენ გვესაუბრებოდა გიორგი, ვისთვის უნდა შეეგინებინა მას?!

ეს იყო ძალის დემონსტრირება, ჭყლეტა შექმნეს… ვერ ვიკავებდი თავს, ვცდილობდი, ვინმეს ჩავჭიდებოდი, ზურგში ძლიერი ბიძგი და დარტყმა ვიგრძენი… ჩავვარდი. პოლიციელების ტალღამ გადამთელა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გონება დავკარგე… არ მახსოვს ვინ წამომაყენა.

ამ დროს მოვიდა ჩემი ძმისშვილი, თავი გავიმხნევე, ვუთხარი, რომ კარგად ვარ… ფეხსაცმლის მოძებნა ვთხოვე – ცალი კეტი გამძვრა ამ ჭყლეტაში.

„ბათუმელების“ რედაქტორს მოვკარი თვალი: ეთერი არის პოლიციელების გარემოცვაში, მქონდა განცდა, რომ მას დააკავებდნენ… მარჯვენა მხრიდან მივედი ჭიშკართან, როგორ გავიკვლიე გზა, არ ვიცი. მინდოდა, ეთერ თურაძე მარტო არ ყოფილიყო. პროვოკაციული გარემო იყო… ეთერი ვიღაცას ეკითხებოდა: რატომ დააკავეთ? ვცდილობდი გამეგო, რატომ დააკავეს გიორგი გაბაიძე. მე სხვა ინტერესი არ მქონდა…

„რომელი, მთვრალი რომ იყო, რომ იგინებოდა?“ – ამ დროს ამას გვპასუხობს პოლიციელი.

რა მთვრალი, მე რომ დამაკავეს, მერე მოვიდა-მეთქი… ეს იყო უპასუხისმგებლო, აგდებული, დამამცირებელი საუბარი შინაარსით – „ვისაც მინდა და როგორც მინდა, დავაკავებ“…

ბრაზის და უმწეობის განცდა მქონდა“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა მზია ამაღლობელმა ეპიზოდი სილის გაწვნამდე.

რაც შეეხება სილის გაწვნას – მზია ამაღლობელმა ამ დროს დარბაზს გამოხედა და იკითხა:

„გქონიათ მომენტი, როცა თქვენი საქციელით გაოცებულხართ? მაშინ ვერ აღვიქვი მკაფიოდ… არ იფიქროთ, რომ სინანულში ჩავვარდი. ეს ასე არაა. ეს რადგან მოხდა, გარდაუვალი იყო – სხვაგვარად არ შეიძლებოდა მოვქცეულიყავი.

ეს იყო იმპულსური რეაქცია შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, თავკერძა და ყეყეჩ კომუნიკაციაზე,“ – თქვა მზია ამაღლობელმა.

მოწმის თქმით, ის აქამდე ირაკლი დგებუაძეს არ იცნობდა. ახსოვს, როგორ აგინებდა იგი დაკავების შემდეგ, ასევე, როგორ აღმოჩნდა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

„მოიწევდა ჩემკენ… რა სიტყვებით მაგინებდა, მაგის აღწერა აქ არ მინდა, თუ გინდათ ციხიდან გამოვუგზავნი წერილს მოსამართლეს და იქ აღვწერ…

შემოვიდნენ, რომ გაეყვანათ. ჩემკენ მოიწევდა. როცა გაიყვანეს, მაშინ ვიკითხე, ვინ არის ეს-მეთქი და როგორ არ იცი, ბათუმის პოლიციის უფროსიაო.

სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინათ, წიხლებით შემდგებოდა…

როცა მაგინებდა, ვცდილობდი, რომ გონება ჩამეკეტა, ახლოს მოვიდა, ავხედე, ვიფიქრე, რომ უნდა დამარტყას. ამ დროს შემაფურთხა. 

იმდენად ცუდად ვიყავი, რაც მოვახერხე, იყო ის, რომ წამოვვარდი, წყალი მომიტანეთ და საპირფარეშოში გამიყვანეთ-მეთქი.

ქალი პოლიციელი წამოდგა, რომ წყალი მოეწოდებინა…

არა, არანაირი წყალი, არც ტუალეტი, ჩაიფსასო – გავიგონე ირაკლი დგებუაძის ხმა.

პოლიციაში ყველა იყო მომართული იქითკენ, რომ არაადამიანურად მოგვქცეოდნენ, კაცი თანამშრომლები განსაკუთრებით…“ – აღნიშნა მზია ამაღლობელმა.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი კი დაინტერესდა, ნახა თუ არა ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელმა ადმინისტრაციული დაკავების დროს.

„იცოდით, რომ ის იყო პოლიციის წარმომადგენელი?“  – მზია ამაღლობელს ჰკითხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

„პასუხისმგებელი პირი იყო თუ არა, არ ვიცი, პასუხისმგებლობიან პოლიციელს მე იქ ვერ ვხედავდი… ღირსეულ საქმეს ნიღაბი არ სჭირდება, იქ ნიღბიანები იყვნენ…

მე ის ვერ აღვიქვი პოლიციელად, სილა ჩემგან კი არა, ზემდგომისგან ეკუთვნის,“ – უპასუხა პროკურორს მზია ამაღლობელმა.

„თქვენთვის კარგად არის ცნობილი გამოხატვის თავისუფლება… სტიკერი იმის გამო მიაკარით პოლიციის შენობას, რომ იქ სხვა ადამიანები დააკავეს…“ – თქვა პროკურორმა.

„სტიკერი გავაკარი პროტესტის და სოლიდარობის ნიშნად… სტიკერის შინაარსს არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს არ იყო პოლიციის შენობაში, ეს იყო ღობე“ –

„გქონდათ მოლოდინი, რომ ამის გამო დაგაკავებდნენ?“- მოწმის გამოჭერა სცადა პროკურორმა.

„მე საიდან უნდა მცოდნოდა, პოლიციელი ჩაიდენდა თუ არა უკანონობას?“ – კითხვა დაუბრუნა პროკურორს მზია ამაღლობელმა.

„თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს იყო იმპულსური ქმედება… როცა ის მოქაჩეთ ქურთუკზე და ხელი გაარტყათ, რა იყო თქვენი მიზანი?“ – მიუბრუნდა მზია ამაღლობელს პროკურორი.

„ეს იყო უმწეობის და ბრაზის ზღვარი, მე მეტს ვერაფერს დავამატებ,“ – მოკლედ უპასუხა პროკურორს მზია ამაღლობელმა.

აქ მოსამართლემ შესვენების გამოცხადება გადაწყვიტა – დარბაზში ისე შემოდიოდა შეძახილები ქუჩიდან, რომ პროკურორის მორიგი შეკითხვა დარბაზში ვეღარავინ გაიგო.

სხდომა იმ დარბაზში გაგრძელდა, რომელიც სასამართლოს ეზოს მხარესაა და ქუჩიდან შეძახილების ხმა არ აღწევს.

ეს დარბაზი პატარაა და მსურველთა დიდი ნაწილი გარეთ დარჩა.

„ნინო სახელაშვილო, გესმით ჩვენი ხმა? არათუ დასანქცირებული იქნები, არამედ შერისხული… თქვენ ხართ განსახიერება უსამართლობის,“ – სასამართლოსთან გარეთ დარჩენილმა მოქალაქეებმა ისევ განაგრძეს ხმამაღალი შეძახილები.

კიდევ რა ხდებოდა დღევანდელ პროცესზე?

ვიდრე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელის მოსმენას დაიწყებდა, პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ არ ეთანხმება არალეგიტიმური პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის დაკითხვას.

ნინო წილოსანის დაკითხვა წინა სხდომაზე საიას იურისტმა ჯუბა ქათამაძემ მოითხოვა, რადგან წილოსანმა მედიასთან განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი თითქოს „ფულის გადახდით“ მოქმედებდა.

მოსამართლემ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, დაუსაბუთებელიაო.

ადვოკატებმა ირაკლი კობახიძის დაკითხვაც მოითხოვეს – „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, რომელმაც მზია ამაღლობელის შესახებ განაცხადა, რომ „კონკრეტული დაკვეთით მოქმედებდა“.

მსგავს ინფორმაციას ამ საქმეში გამომძიებელი ვლადიმერ ჩიტაია აჟღერებს, თუმცა ვერ ასახელებს წყაროს, ვისგან მიიღო ინფორმაცია იმაზე, რომ მზია ამაღლობელი „ინსტრუქციებით მოქმედებდა“. ჩიტაიას პატაკზე დაყრდნობით სასამართლომ გამოძიებას იმის საშუალებაც მისცა, რომ მზია ამაღლობელის პირად მობილურში მონაცემები ენახათ. მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

ამის მიუხედავად პროკურატურამ ვლადიმერ ჩიტაიას სასამართლოში დაკითხვაზე უარი თქვა, მაგრამ საქმეში რჩება ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომლის შინაარსსაც კობახიძე ფაქტობრივად იმეორებს.

„ჯერ ერთი, საიდან გაიგო პრემიერ-მინისტრმა, რა თქვა ვლადიმერ ჩიტაიამ პატაკში? მართალიც რომ იყოს ის, რაც პატაკში წერია, მასზე წვდომა არ უნდა ჰქონოდა პრემიერს“, – აღნიშნა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ადვოკატს მიუბრუნდა, პრემიერი კი არა, მთელმა ქვეყანამ გაიგო, ჟურნალისტები იმდენს საუბრობდნენო.

„მაგრამ ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა 4 მარტს, წინასასამართლო სხდომაზე… ირაკლი კობახიძის განცხადება კი, მანამდე იყო…“ – პროკურორს მიმართა მაია მწარიაშვილმა, შემდეგ კი, მას მადლობაც გადაუხადა:

„პროკურორმა თქვა, ირაკლი კობახიძის განცხადებები პოლიტიკური შეფასება იყოო. ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ შეფასებას სისხლის სამართლის საქმეზე?“ – მოსამართლეს გახედა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ და ევროსასამართლოს ამ დრომდე არაერთ საქმეზე დაუდგენია დარღვევა საქართველოს მთავრობის მიმართ, როცა თანამდებობის პირები კონკრეტულ პირებს დამნაშავეებად აცხადებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე.

როცა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის დაკითხვაზეც უარი თქვა, ეს სხდომათა დარბაზში არავის გაკვირვებია.

დღევანდელ პროცესზე გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებებიც, მათ შორის, ის ვიდეოჩანაწერი, სადაც მკაფიოდ ისმის, როგორ აგინებს და ემუქრება ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს. ამავე კადრში ირაკლი დგებუაძეს სხვა პოლიციელები ბოჭავენ.

კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი ნიღბიანი პირი აჩერებს ირაკლი დგებუაძეს, როცა იგი მზია ამაღლობელისკენ მიიწევს. ვიდეოჩანაწერების დეტალური ანალიზით მტკიცდება, რომ მზია ამაღლობელს ეს ნიღბიანი პირი აკავებს და არა გიორგი ბჟალავა – როგორც ეს პროკურატურის ვერსიაშია წარმოდგენილი.

„შესაძლოა, მისი დაკითხვა არ აწყობდათ, იმიტომ, რომ მას ვკითხავდი ირაკლი დგებუაძის შესახებ, იქ რა ხდებოდა… ის პოლიციელები, რომლებმაც თქვეს, რომ მზია ამაღლობელი გიორგი ბჟალავამ დააკავა, ცრუ მოწმეები არიან,“ – ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მოსამართლეს აჩვენა ვიდეომტკიცებულებები, რაც მის ნათქვამს ადასტურებს.

მოსამართლეს აჩვენეს ის ვიდეოებიც, სადაც კონკრეტული ადამიანები საუბრობენ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.

შემდეგ სხდომაზე სასამართლო „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბოლო მოწმეს მოუსმენს – ექიმ ნათია ხარატს, რომელმაც უნდა თქვას, ხომ არ სიმულანტობს ირაკლი დგებუაძე, როცა ამბობს, რომ სილის გაწვნის დროს ტკივილი განიცადა?

მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 21 ივლისს გაიმართება.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრებიან.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვენ

დღეს, 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე დააყენეს ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა.

2025 წლის 10 ივლისს „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმზე კომენტარის დროს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა.

მზია ამაღლობელის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ კობახიძის განცხადება არ წარმოადგენს პოლიტიკურ შეფასებას და შესაბამისად, ირაკლი კობახიძემ მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა მიაწოდოს სასამართლოს.

ირაკლი კობახიძე და „ოცნების“ სხვა ლიდერები პერიოდულად არღვევენ მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მზია ამაღლობელის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ „ოცნების“ მსგავსი განცხადებების მიზანია მზია ამაღლობელის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობის შექმნა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მზია ამაღლობელის ადვოკატები კობახიძის დაკითხვის შუამდგომლობას აყენებენ. პირველ ჯერზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

განახლება: მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არც ამჯერად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ირაკლი კობახიძის დაკითხვასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე: 

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი | Live განახლებადი ინფორმაცია

ბათუმი, 14 ივლისი – თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში. 

13:20 სთ – ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. დღეს სასამართლო დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს.

მზია ამაღლობელის პროცესს დღეს ესწრება 4 ევროპული ქვეყნის ელჩი. ასევე, პროცესს ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) – წარმომადგენლები, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად.

13:27 სთ – მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა „ოცნების“ პარლამენტარის, ნინო წილოსანის დაკითხვასთან დაკავშირებით. ადვოკატები ნინო წილოსანის დაკითხვას ითხოვდნენ, რადგან წილოსანმა მზია ამაღლობელს ბრალი დასდო, თითქოს მედიამენეჯერმა დაკვეთით გააწნა სილა ბათუმის პოლიციის უფროსს.

13:36 სთ –  მზია ამაღლობელის ადვოკატმა დღეს კიდევ ერთხელ დააყენა მზია ამაღლობელის საქმეზე „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა. კობახიძე დეზინფორმაციას ავრცელებს მზია ამაღლობელის საქმეზე და მან არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია მზია ამაღლობელის მიმართ.

13:50 სთ – მაია მწარიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი: „ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მტკიცებით ფორმაში მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა დაკვეთით. სასამართლომ უნდა მოგვცეს საშუალება გამოვიკვლიოთ, საიდან აქვს ინფორმაცია ირაკლი კობახიძეს, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა დაკვეთით და რა იყო მისი მოტივაცია“.

მეტი ამ თემაზე: მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვენ

14:04 სთ – ირაკლი კობახიძის დაკითხვის შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა.

14:05 სთ – პროცესზე დაიწყო ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა. იმის გამო, რომ მოწმეთა სიიდან ამორიცხეს მოწმე მალხაზ ირემაძე, ბათუმის აქციების მონაწილე, რომელზეც ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ იძალადა, ადვოკატმა პროცესზე წარადგინა ვიდეო,რომელშიც მალხაზ ირემაძე ჰყვება, როგორ იძალადა მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა. მალხაზ ირემაძის ირაკლი დგებუაძის მიერ ცემას ჰყავს თვითმხილველიც.

14:22 სთ – „ყველა პოლიციელი, ვინც ჩვენებაში თქვა, რომ მზია ამაღლობელი დააკავა გიორგი ბჟალავამ, არის ცრუ მოწმე“ – თქვა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და სასამართლო პროცესზე აჩვენა ვიდეო კადრები, სადაც გარკვევით ჩანს, რომ მზია ამაღლობელს აკავებს ბერდია ფერაძე და ჯერჯერობით უცნობი პოლიციელი. ადვოკატის თქმით, პოლიციელმა გიორგი ბჟალავამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ მან დააკავა მზია ამაღლობელი და, ასევე, იცრუეს სხვა პოლიციელებმაც.

15:12 სთ – დაცვის მხარე იძახებს მზია ამაღლობელს. ადვოკატები ითხოვენ მოსამართლემ მისცეს უფლება მზია ამაღლობელს დარბაზიდან მისცეს ჩვენება და და არა შუშებით შემოსაზღვრული კაბინიდან.

15:30 სთ – ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას აძლევს მზია ამაღლობელი. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მზია ამაღლობელის დარბაზში დაკითხვის თაობაზე. მზია ამაღლობელს მიკროფონს სპეციალურ, შუშებით შემოსაზღვრულ კაბინაში მიაწოდებენ და ისე მისცემს ჩვენებას.

„მე ამ დარბაზში ვიყავი პროცესზე, სადაც ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან აძლევდნენ ჩვენებას“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

15:50 სთ – მზია ამაღლობელი: „ჩემს თაობაში მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც უარი თქვა და ზურგი აქცია მაამებლურ საბჭოთა ჟურნალისტიკას.

მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან. როცა მე და ჩემი მეგობრები ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა.

პროფესიულ კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ და ეს არ არის საშიში მაშინ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს.

ათამდე გამომძიებელი იყო ჩემს საქმეზე ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი არ გამოიძია.

ვინმე დგებუაძემ დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“.

17:00 სთ – მზია ამაღლობელმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას თქვა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ შეაფურთხა.

„ირაკლი დგებუაძეს პირველად სახეში როცა შევხედე, შემაფურთხა.

სამმართველოს შენობაში რომ შემიყვანეს, პირველივე ოთახში შემაგდეს. როგორ აგიხსნათ, ოთახის კარი ჩემი შეგდებით გაიხსნა. ვიწრო ოთახი იყო.

ცოტა ხანში ვიღაც ახალგაზრდა შემოვარდა ყვირილით, გინებით. მიყვიროდა – როგორ დამარტყიო.

მეორე შემოვარდნაზე უფრო შემოქმედებითად მაგინებდა, როგორც ქალს, თავი დამცირებულად რომ მეგრძნო. ყველა შემოვარდნაზე დგებუაძეს პოლიციელები მოჰვებოდნენ და აჩერებდნენ, რომ ჩემთვის არ დაერტყა.

ერთ-ერთ შემოვარდნაზე ახლოს მოვიდა ჩემთან, თავი ავწიე, სახეში შევხედე და ამ დროს შემაფურთხა“.

მზია ამაღლობელმა ადვოკატის შეკითხვაზე, დაკავების შემდეგ რა სიტყვებით აყენებდა შეურაცხყოფას მას ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე, თქვა, რომ ამის განმეორება მას არ სურდა საჯაროდ:

„არ მინდა ამაზე საუბარი. ერთადერთი შემიძლია პროკურორებს ვუთხრა, წარმოიდგინონ მათი ოჯახის წევრი ქალები რა შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყვნენ შეურაცყოფილი და მოსამართლეს შემიძლია წერილობით გამოვუგზავნო დგებუაძის ყველა ის სიტყვა, რა სიტყვებითაც მაგინებდა. ამის გახსენებაც კი ძალიან მძიმეა“.

17:50 სთ – მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა შეწყვიტა და უფრო პატარა დარბაზში გადაიტანა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ სასამართლო დარბაზში ისმის შეძახილები ქუჩიდან -„თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“

სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველთა დიდი ნაწილი პროცესზე შესვლას ვერ ახერხებს, მათ შორის: მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სხდომა ახლა 15-20-კაციან დარბაზში მიმდინარეობს.

18:10 სთ – პროკურორი: „გასაგებია, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებით და ამბობთ რომ არაა სილის გაწვნა თავდასხმა…“

მზია ამაღლობელი: „იმიტომ, რომ მე მართლა დამსხმიან თავს და ვიცი, რა არის თავდასხმა“.

პროკურორი: „მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია, როგორც ბრალდებულის. თქვენ თუ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ქმედება [სილის გაწვნა]იყო უკანონო და ნანობთ თუ არა?“

მზია: „სამართლებრივ კვალიფიკაციას ვერ მოვცემ.

რაც შეეხება ფაქტს.

რადგანაც ეს ფაქტი, ე.ი გარდაუვალი იყო, ბევრად ჰარმონიაში ვიქნებოდი საკუთარ თავთან სათანადო სიტყვიერი პასუხი რომ გამეცა [დგებუაძისთვის].

ესაა ჩემი პასუხი“.

18: 50 სთ – მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა დასრულდა. ნახეთ პირველი კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვაში.

________________________________

„ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტმა დაამტკიცა სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილება მედიას ეხება. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, „ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების გადაღებას, ფაქტობრივად, კრძალავს.

მედია ვეღარ შეძლებს სასამართლო სხდომების ფოტო, ვიდეო და აუდიომასალით გაშუქებას, შესაბამისად, ინფორმაციას გთავაზობთ მოკლე, ტექსტური სახით სასამართლო დარბაზიდან, განახლებად რეჟიმში.

ევროპული ქვეყნების ელჩები მზია ამაღლობელის სასამართლოს ესწრებიან ბათუმში

დღეს, 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების ელჩები საქართველოში.

ბათუმის სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად მივიდნენ: შვედეთის ელჩი საქართველოში ანნა ლიბერგი, ესტონეთის ელჩი საქართველოში მარგე მარდისალუ-კაჰარი, ნორვეგიის ელჩი ბერგლიოტ ჰოვლანდი და დანიის ელჩი საქართველოში – ენ ტოფტ სორენსენი. 

დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გერმანიის, ჰოლანდიისა და  პოლონეთის საელჩოების წარმომადგენლები.

მზია ამაღლობელის პროცესს დღეს ასევე ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) – წარმომადგენლები, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 6 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.

მზია ამაღლობელი დააკავეს 2025 წლის 11 იანვარს, ღამით, ჯერ სტიკერის გაკვრისთვის, გათავისუფლებიდან მოკლე ხანში კი, 2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე, იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნის შედეგად ფიზიკური ზიანი არ მიუღია, თუმცა საქმის გამოძიება სწორედ სისხლის სამართლის წესით, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.

35 წლის ირაკლი დგებუაძე, რომელიც პოლიციის ოფიცერია, ამბობს, რომ 50 წლის ქალის, მზია ამაღლობელის სილის შედეგად ლოყა გაუწითლდა და ტკივილი იგრძნო.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

დაკავების დღიდან მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

პატიმრობის პერიოდში, კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების მიხედვით, 6 თებერვლის მდგომარეობით, მზია ამაღლობელი მარცხენა თვალში პრაქტიკულად ვერ ხედავს, ხოლო მარჯვენა თვალში მხედველობა მკვეთრად შემცირდა და მხოლოდ 10%-ია. ამის მიუხედავად, მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, თითქოს მზია ამაღლობელი შეიძლება კვლავ დაესხას თავს პოლიციელს, ან მიიმალოს და ის პატიმრობაში დატოვა.

2025 წლის ივნისის ბოლოს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

2025 წლის 9 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც მოითხოვა მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

Exit mobile version