პროკურატურა თავისი მოწმეების დაკითხვაზე უარს ამბობს – ბრალდების მხარე მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 სამართალდამცველის დაკითხვას აპირებდა, თუმცა დღეს, 16 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, სასამართლო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ირაკლი დგებუაძეს ჯანმრთელობის დაზიანება არ აღენიშნებოდა.
„ექსპერტმა თქვა, რომ ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ ჰქონია, ობიექტურად მან დაზიანების კვალი ირაკლი დგებუაძის სახეზე ვერ იპოვა. ამ შემთხვევამაც დაადასტურა, რომ თავდასხმა გამოგონებულია,“ – ამბობს მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ერთ-ერთი ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე.
რატომ მოხსნა პროკურატურამ დარჩენილი მოწმეები?
„პროკურატურა დაიღალა ცრუ მოწმეების მოყვანით, მოწმეების მეცადინეობით, მერე ჩვენი კითხვებით, ეს ცრუ მოწმეები, ნიღბიანი მოწმეები – „შენ ხარ ნამდვილად“, „არ ხარ ნამდვილად“… მათ შორის იყო ჩიტაია, რომელიც გამოდის, რომ უცხოპლანეტელია და უნდა მოეყოლა მზიას ტელეფონთან დაკავშირებული ამბები“, – გვითხრა სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.
შემდეგ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებულებების დიდი ნაწილი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამ საქმიდან ამორიცხა, მათ შორის, 18 მოწმე.
ამ თემაზე: სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა
- რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.
მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
წინა სხდომაზე, 8 მაისს, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. ის ამ საქმეში სილის გაწვნის გამო დაზარალებულად არის ცნობილი. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლესაც უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.
მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის.
„სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.
ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი არ დაუდგენია. ამ შემთხვევის გარდა, ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.
28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს – 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა. გრიგოლ ბესელია ამჯერად უკვე კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა.
გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
ამჯერად მზია ამაღლობელს ისევ სტიკერის გაკვრის გამო შსს ახალი მუხლით ედავება. ამ ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს განიხილავს.
მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე შეტანილია ევროსასამართლოში.
რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან