„მცირეწლოვანი შვილების პატრონმა, ახალგაზრდა კაცმა თავის მოკვლა რომ გადაწყვიტა, ეს არის უმძიმესი ამბავი და კარგად აჩვენებს სად ვცხოვრობთ. ამიტომ, თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო რეჟიმი და პირადად ბიძინა ივანიშვილი“- ამბობს „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“.
დღეს, 7 ივლისს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძეს საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალში“ შეყვანისას გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე თორნიკე რიჟვაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ დააკავეს.
დღესვე, პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა ტექსტი, რომელიც, ამ მედიების ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე დაწერა და ეს წერილი თითქოს ექიმებმა მიაწოდეს მედიას.
ამავე დროს, რაიმე სახის წერილის მედიისთვის გადაცემის ფაქტს არ ადასტურებენ არც საგარეჯოს საავადმყოფოში და არც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე იმყოფება ახლა.
ნამდვილად სცადა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა და რა ხდება „ქართულ ოცნებაში“? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა გიორგი კირთაძეს.
- ბატონო გიორგი, რას ფიქრობთ თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე და იმ წერილზე, რომელიც თითქოს მან დაწერა?
ჯერ ერთი, არანაირი საფუძველი არ მაქვს რეჟიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას დავუჯერო და რეალურიც რომ იყოს, რა მძიმე მდგომარეობაში ვართ ყველანი, ხომ კარგად ვხედავთ.
ვინ ახორციელებდა რიჟვაძეზე ზეწოლას, „ბათუმელები“, მზია ამაღლობელი, მე თუ ვინ?!
ხომ ცხადია, რა მასშტაბის რთულ სიტუაციაში ვართ. სრულ ქაოსშია ქვეყანა, კრიმინალში და რაღაც მაფიოზურ გარჩევებშია გადასული და ეს ჩანს ძალიან ნათლად.
ასევე ნათლად ჩანს, რომ რეჟიმი არ ინდობს იმ ადამიანებსაც კი, ვინც უსიტყვოდ მსახურობდა მასთან ბევრი წლის განმავლობაში მათ შორის და სამწუხაროდ, თორნიკეც იყო ერთ-ერთი.
ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მასშტაბის ქაოსში და კრიმინალშია შესული რეჟიმი.
ჩემი პირადი შთაბეჭდილება არის, რომ ის, რასაც რეჟიმი ავრცელებს, ყველაფერი არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს.
არავის სჯერა იმის, რომ ეს წერილი ექიმებმა გაავრცელეს. მე არ მჯერა, რომ 36 წლის კაცი, თორნიკე რიჟვაძე თავს იკლავს.
და ასეც რომ იყოს, რატომ ჩათვალა რეჟიმმა, რომ 36 წლის კაცი თავს რომ იკლავს რეჟიმის ზეწოლით, ეს უფრო მარტივად ასახსნელია საზოგადოებისთვის, ვიდრე „გაუვარდა“, ან თუნდაც „ესროლეს“.
იმ მასშტაბის ზეწოლა თუ იყო თორნიკე რიჟვაძეზე, რომ მცირეწლოვანი შვილების პატრონმა, ახალგაზრდა კაცმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, ეს არის უმძიმესი ამბავი და კარგად აჩვენებს, სად ვცხოვრობთ.
- წერილის დეტალებსაც მინდა შევეხოთ, სადაც არის ასეთი ფრაზა: „კორუფციას და ბარიგების მფარველობას მაბრალებენ“. ვინ შეიძლება იყოს ეს „ბრალმდებელი“?
ეს არის ის, რაზეც არაოფიციალურად საუბრობდნენ, მაგრამ ჩვენ ღია ტელეეთერებით ვერ ვისაუბრებდით იმაზე, რისი ფაქტებიც არ გვქონდა. თვითონ პროპაგანდისტულმა არხებმა შეგნებულად გაუვრცელეს მას ეს ინფორმაცია, ეს ხომ ფაქტია.
ძალიან კარგად გამოჩნდა, როგორ მოექცნენ მას – მათი რეჟიმის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი იყო რიჟვაძე წლების განმავლობაში, ის იყო პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარტიის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი.
- პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებულ წერილში წერია – „ბიძინა ივანიშვილს და პრემიერს ვთხოვ ჩემი ოჯახის მფარველობას“. ეს ნიშნავს, რომ თვითმკვლელობის ამბავი არ დაუკავშირონ ივანიშვილს და მის გარემოცვას?
ხომ თეთრი ძაფით არის ყველაფერი ნაკერი და ყველა კარგად ხვდება, რომ თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო რეჟიმი და პირადად ბიძინა ივანიშვილი.
სხვაგვარად, თორნიკე რიჟვაძეზე ვის შეიძლება მოეხდინა იმ მასშტაბის ზეწოლა, რომ კაცი თვითმკვლელობამდე მისულიყო. ეს ხომ ორჯერ ორია.
მე ვერც კი წარმომიდგენია, სხვა საიდან შეიძლება ყოფილიყო ეს ზეწოლა. ხომ ყველასათვის ცხადია, რომ რიჟვაძეზე ზეწოლა ვისაც შეეძლო, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი.
ეს „ბარიგების“ თემაც შემოიტანეს თვითონ პროპაგანდისტულ არხებზე, თვითონვე დაწერეს ეს.
მე არ მჯერა იმის, რასაც რეჟიმი ამბობს, არანაირი ნდობა არ მაქვს ბუნებრივია მათი და არც იმის მჯერა, რომ 36 წლის კაცი, რომელსაც ორი პატარა ელოდებოდა სახლში, თავს იკლავდა. ურთულესი ამბავია პირადად მისთვისაც და განზოგადებულად, ქვეყანაში რა დღეში ვართ, ამ ამბით ყველაზე კარგად გამოჩნდა.
გუშინ ბიზნესმენი დააკავეს იარაღით ასევე, დღეს – ეს ამბავი, მანამდე კიდევ მილიონი ასეთი და რეჟიმი არის სრულ ქაოსში.
- ამ წერილში არის კიდევ ასეთი ფრაზა – „მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს“. ვინ არიან ეს „ძმები“, თქვენი აზრით?
არ ვიცი, რას გულისხმობდა რეჟიმი ამ ფრაზაში.
კიდევ უფრო მძიმე რაღაცებია ამ წერილში. მე პირადად არ მჯერა, რომ ეს რიჟვაძის დაწერილი წერილია, მგონია, რომ ბევრად მძიმე ამბავთან შეიძლება გვქონდეს საქმე.
თუმცა ის, რაც რეჟიმმა თქვა, ესეც არანაკლები სიმძიმისაა.
- როგორც ვიცით, აშშ-სგან დასანქცირებულია ივანიშვილი და ახლა კიდევ ელოდება ბრიტანეთის სანქციებს. თუ „მეგობარი აქტი“ შევა ძალაში, ესეც გამოიწვევს მის დასანქცირებას, ამიტომ როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი ახლა ცდილობს, რომ მისი გარემოცვიდან ამოიღოს ფული, რომელიც შესაძლოა მას სჭირდება თვითმმართველობის არჩევნების მოსაგებად, თუ სხვა პროცესთან გვაქვს საქმე?
მე არ მჯერა, რომ ეს რაიმე ფორმით თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდეს, ეს არჩევნები ივანიშვილს მხოლოდ რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის სჭირდება და მეტი არაფრისთვის. იმ მოცემულობაში, რაშიც ვართ, ის არჩევნებს არ ატარებს, ფარსს და ტყუილს ატარებს და ამაში გამარჯვებისთვის, ჩემი აზრით, ფული არ სჭირდება.
მე მგონია, რომ ივანიშვილმა, რომელმაც ამ სანქციებით დიდი ფული დაკარგა, გადაწყვიტა, რომ იმ ადამიანებისგან ამოიღოს ის ფული, რომლებმაც ამ ქვეყანაში დიდი ფული იშოვეს.
აბა, მოიტანეთ ეგ ფული ბიჭებოო, ალბათ ამას ეუბნება.
- სანქციებით დაკარგული ფულის კომპენსირებას აკეთებს?
ჩემი აზრით, ეგ არის. მთავარი კორუმპირებული ადამიანია ივანიშვილი და როგორ შეიძლება სხვის კორუფციას დასდევდეს. თუ კორუფციასთან ბრძოლას მართლა ვიწყებთ, პირველი ბიძინა ივანიშვილია დასაჭერი. აღარ გავიხსენებ იმ მილიონ ამბავს, რომლებზეც წლებია უკვე ვსაუბრობთ.
ამიტომ მგონია, რომ ივანიშვილი თავისი დაკარგული ფულის კომპენსირებას ცდილობს ახლა.
- სადამდე შეიძლება წავიდეს სიტუაცია, თუკი ეს რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებსაც ჩაატარებს და დარჩება?
უკვე ნათლად ჩანს, რომ ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია და სულ ქაოსში, განუკითხაობასა და კრიმინალში გადადის რეჟიმი, ამიტომ ეს რეჟიმია დასასრულებელი, სხვა გზა უბრალოდ აღარ გვაქვს.
სანამ ადამიანების მკვლელობა იქცა ჩვეულებრივ ამბად (ცემა-ტყეპა უკვე იქცა ჩვეულებრივ ამბად), მანამდე რეჟიმი დასასრულებელია.






