მთავარი,სიახლეები

6 თვე გახდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია

11.07.2025
6 თვე გახდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია

დღეს, 11 ივლისს, ზუსტად 6 თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

მზია ამაღლობელი დააკავეს 2025 წლის 11 იანვარს, ღამით, ჯერ სტიკერის გაკვრისთვის, გათავისუფლებიდან მოკლე ხანში კი, 2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე, იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნის შედეგად ფიზიკური ზიანი არ მიუღია, თუმცა საქმის გამოძიება სწორედ სისხლის სამართლის წესით, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.

35 წლის ირაკლი დგებუაძე, რომელიც პოლიციის ოფიცერია, ამბობს, რომ 50 წლის ქალის, მზია ამაღლობელის სილის შედეგად ლოყა გაუწითლდა და ტკივილი იგრძნო.

დგებუაძის ეს ჩვენება პროკურატურამ შეაფასა, როგორც „თავდასხმა“, ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

საქმეში არსებობს სილის გაწვნის ამსახველი 44-წამიანი ვიდეო კადრი, სადაც ჩანს, როგორ აწნის სილას მზია ამაღლობელი აქციაზე, ჭყლეტაში, სილას ირაკლი დგებუაძეს.

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. დაკავებულს რამდენიმე საათის განმავლობაში მზია ამაღლობელს არ აძლევდნენ სასმელ წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას, სამ საათზე მეტ ხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს.

მზია ამაღლობელის საქმეში არაერთი დარღვევა, სიყალბე და ცრუმოწმეა, რაც ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია.

მზია ამაღლობელის პირველივე დაკავება იყო უკანონო – 11 იანვარს მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს ადმინისტრაციული წესით, პოლიციის სამმართველოს შენობასთან, როგორც თავად აცხადებდნენ, სტიკერის გაკვრის გამო. თუმცა, პოლიციას მისი დაკავების უფლება სტიკერის გაკვრისთვის არ ჰქონდა. შესაბამისად, ბათუმის პოლიციამ კანონი დაარღვია.

მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, როცა პოლიცია მიხვდა, რომ სტიკერის გაკვრა დაკავების საფუძველი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, პოლიციელებმა გააყალბეს დაკავების ოქმი და ოქმში ჩაწერეს, თითქოს მზია ამაღლობელი დააკავეს არა სტიკერის გაკვრის, არამედ იმის გამო, რომ პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა, მათ „ძაღლებსა და ღორებს“ ეძახდა.

11 იანვრის აქცია უწყვეტი ლაივით შუქდებოდა და არ არსებობს არც ერთი კადრი, მათ შორის არც პოლიციის მიერ გადაღებული, რომელიც მსგავს ფაქტს ასახავს. საქმეშია მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნა არ შეიძლება შეფასდეს თავდასხმად – კანონმდებლობის თანახმად, თავდასხმა ქმედებაა, რომელიც ზიანს აყენებს ან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას. აქციაზე მზია ამაღლობელის მიერ პოლიციის უფროსისთვის გაწნული სილით ირაკლი დგებუაძის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ქონებას ზიანი ვერ მიადგებოდა, რასაც ადასტურებს სწორედ ის 44-წამიანი კადრი, რაც საქმეშია წარმოდგენილი.

მეტიც – იურისტებისა და სამედიცინო ექსპერტების აზრით, მზია ამაღლობელის სილა არ იყო იმ ინტენსივობის, რომ ამას ფიზიკური ტკივილი გამოეწვია და არც ირაკლი დგებუაძის გრიმასა არ მიუთითებს იმაზე, რომ მან ნამდვილად განიცადა ტკივილი სილის გაწვნისას.

ადვოკატებისა და იურისტების თქმით, მზია ამაღლობელის მიერ გაწნული სილა არ შეიძლება შეფასდეს როგორც სისხლის სამართლის კვალიფიკაციის მქონე საქმე. სწორედ ეს გარემოება და, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, მიუთითებს, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული და იგი უკანონო პატიმარია.

მზია ამაღლობელი რომ პოლიტიკური პატიმარია, ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მისი მისამართით „ქართული ოცნების“ ლიდერები აწარმოებენ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიას და არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ 38 დღე შიმშილობდა პროტესტის ნიშნად. კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების მიხედვით, 6 თებერვლის მდგომარეობით, მზია ამაღლობელი მარცხენა თვალში პრაქტიკულად ვერ ხედავს, ხოლო მარჯვენა თვალში მხედველობა მკვეთრად შემცირდა და მხოლოდ 10%-ია. ამის მიუხედავად, მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, თითქოს მზია ამაღლობელი შეიძლება კვლავ დაესხას თავს პოლიციელს, ან მიიმალოს და ის პატიმრობაში დატოვა. 

2025 წლის ივნისის ბოლოს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

2025 წლის 9 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც მოითხოვა მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ყველა მასალა მზია ამაღლობელის საქმეზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. 

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: