მთავარი,სიახლეები

ახალი ცათამბჯენი, რომელშიც შესაძლოა „ჰოლიდეი ინნ“ განთავსდეს

26.04.2019
ახალი ცათამბჯენი, რომელშიც შესაძლოა „ჰოლიდეი ინნ“ განთავსდეს

კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ აბუსერიძის #13-ში სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 110-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. პროექტის მიხედვით, შენობა ორ მაღლივ კარკასს გააერთიანებს, ერთი 38-სათულიანი, მეორე კი 41-სართულიანი იქნება.

სამშენებლო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, ახლოსაა საბალეტო სკოლის შენობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს. ამიტომაც სამშენებლო პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ განიხილა.

საკითხის განხილვისას ზონალური საბჭოს ერთ-ერთი წევრი დაინტერესდა – „რა ეშველება „კარფურს“  მას შემდეგ, რაც სავაჭრო ცენტრის წინ ცათამბჯენი აშენდება. სხდომაზე კომპანიის დირექტორმა ბესიკ ბაჯელიძემ განაცხადა, რომ გააკეთებს „კარფურთან“ გადასასვლელ ხიდს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ იდეას დაეთანხმება, კომპანია ნამდვილად მოიაზრებს მომავალში გადასასვლელი ხიდის მოწყობას.

„გავაკეთებთ უსაფრთხოების სრული დაცვით იმისთვის, რომ მომხმარებელი გადავიდეს და იქედანაც გადმოვიდეს აქეთ“,  – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

პროექტის განხილვისას ზონალური საბჭოს წევრმა ნუგზარ ძნელაძემ კომპანიის წარმომადგენელს უთხრა – შენობა მთელ სიბრტყეზე გაქვთ წარმოდგენილი და „კარგი იქნებოდა შუაში ცოტა ჰაერი მიგეცათო“. ამაზე კომპანიის დირექტორმა უპასუხა, რომ ასეთი პროექტი უკვე წარდგენილი ჰქონდა და სწორედ ზონალური საბჭოს წევრების რეკომენდაციით გააერთიანა.

ბესო ბაჯელიძის ინფორმაციით, შენობის ცხრა სართულზე „ჰოლიდეი ინნ“  აპირებს შესვლას – ამაზე მოლაპარაკებები უკვე შედგა. გარდა ამისა, შენობის პირველ ორ სართულზე სავაჭრო ცენტრი განთავსდება, შენობის ნაწილში კი აპარტამენტებს მოაწყობენ და გაყიდიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: