მთავარი,სიახლეები

რა წერია მზია ამაღლობელის მხედველობაზე EU-ს რეზოლუციაში

09.07.2025
რა წერია მზია ამაღლობელის მხედველობაზე EU-ს რეზოლუციაში

ევროპარლამენტმა 490 ხმით, 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტი დაეთანხმა ზეპირ შესწორებას „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მიზანს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის შესახებ. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“, – ჩაიწერა დოკუმენტში.

საქმე ისაა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს 12 იანვარს. მას კვლევები ჩაუტარდა კლინიკა „ვივამედში“, რომლის მიხედვითაც, 6 თებერვლის მდგომარეობით, მზია ამაღლობელი მარცხენა თვალში პრაქტიკულად ვერ ხედავს, ხოლო მარჯვენა თვალში მხედველობა შემცირდა და ის მხოლოდ 10%-ია.

მზია ამაღლობელის მხედველობა მკვეთრად გაუარესდა საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ. ამის დასტურია იმავე „ვივამედში“ 4 თებერვალს ჩატარებული კვლევები, რის მიხედვითაც დაპატიმრებული ჟურნალისტის მხედველობა მარცხენა თვალში 4%-ი, ხოლო მარჯვენა თვალში 30% იყო.

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა და თავად მზია ამაღლობელმაც უკვე მიმართეს პენიტენციურ დაწესებულებას ხელახალი კვლევების ჩასატარებლად. ჯერჯერობით, მზია ამაღლობელს ამ მოთხოვნაზე დასტური არ მიუღია.

რაც შეეხება ევროპარლამენტის პირველ ანგარიშს საქართველოზე, როგორც კანდიდატ ქვეყანაზე – გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიშები წარმოადგენს ევროპარლამენტის პასუხს ევროკომისიის ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების შესახებ.

ამ შემთხვევაში ევროპარლამენტმა შეაფასა საქართველოს პროგრესი კომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშების საფუძველზე და მიიღო რეზოლუცია, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას გაწევრიანების კანდიდატ საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: